პორტრეტი

საიდან დავიწყოთ – კაზუო იშიგურო

წაიკითხეთ სტატია კაზუო იშიგუროს წიგნების შესახებ, რომლებიც ავტორის გაცნობაში დაგეხმარებათ.

ხუთივე ხსენებული წიგნი უკვე თარგმნილია ქართულად.

არასოდეს გამიშვა

არასოდეს გამიშვა კარგი დასაწყისი იქნება, თუ კაზუო იშიგუროს შემოქმედების გაცნობა გინდათ. ეს დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკა 2005 წელს გამოიცა და ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა, მომდევნო წელს კი ართურ კლარკის სახელობის ჯილდო გადაეცა. 2010 წელს გადაიღეს წიგნის ეკრანიზაცია, რომელშიც ენდრიუ გარფილდი, კირა ნაითლი და კერი მალიგანი მონაწილეობენ.

რომანი მოგვითხრობს სამი ჰეილშემელის – რუთის, ქეითისა და ტომის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელოვან რამეს უმალავენ. მოქმედება კი ალტერნატიულ ინგლისში, გვიან 90-იანებში ვითარდება. მაშინ, როცა კლონირება დაშვებულია. წიგნს თავდაპირველად „სტუდენტის რომანი“ ერქვა, თუმცა, საბოლოოდ, სახელი შეეცვალა.

„სევდიანი, კომპლექსური, ჩამთრევი რომანი, რომელიც უამრავ შეკითხვას აჩენს“ – ასე აფასებენ რომანს, რომელიც მოგონებების, ოჯახის, „განსხვავებულის“ ცნების, მეგობრობისა და დიდი სიყვარულის შესახებაა. ამიტომაც აღნიშნავენ ხშირად, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა მხოლოდ ჩარჩოა, რომელშიც ადამიანების ჩვეულებრივი ყოფა და ყველაზე რეალისტური ამბებია მოთავსებული.

როგორც ჟურნალი Time წერს, არასოდეს გამიშვა, შეიძლება, პოლიტიკურ რომანად ან ტრილერად მოგვეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეგზისტენციალური იგავია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ ბედნიერების პოვნას მანამ, სანამ ირგვლივ სიბნელე ჩამოწვება.

დღის მიწურულს

1989 წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოებული დღის მიწურულს იშიგუროს კიდევ ერთი გამორჩეული რომანია. როგორც არასოდეს გამიშვა, ასევე ეს წიგნიც იქცა ცნობილ ფილმად. 1993 წელს გადაღებულ კინოადაპტაციაში მთავარ როლს ენტონი ჰოპკინსი ასრულებს.

იშიგურომ ინტერვიუში სწორედ ამ რომანის შესახებ თქვა: ძალიან მინდოდა, საერთაშორისო აუდიტორიისთვის დამეწერა წიგნი, ამისთვის კი გამოვიყენე ინგლისში გავრცელებული მითი ინგლისელი მსახურების შესახებო.

სალმან რუშდის თქმით, ამ ნაწარმოებით დაამტკიცა იშიგურომ, რომ მხოლოდ იაპონურ გარემოს არ იცნობს კარგად და ერთ სივრცესთან არაა მიჯაჭვული, ესე იგი, შეუძლია მოგზაურობა და გარდასახვა.

როგორია ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვის მსახურებას მიუძღვნა? რას აღმოაჩენს ის, როცა საკუთარ ცხოვრებას განსხვავებულად შეხედავს? და იქნება მზად იმასთან გასამკლავებლად, რასაც აღმოაჩენს? – იშიგურო საინტერესოდ ხატავს კაცის პორტრეტს, რომელიც იძულებულია, იპოვოს პასუხები ამ შეკითხვებისთვის.

როცა ობლები ვიყავით

პრუსტის კითხვარის ერთ-ერთ შეკითხვას – რას მიიჩნევდა თავის უდიდეს მიღწევად – იშიგურომ ასე უპასუხა: არასოდეს გამიშვა და დღის მიწურულს. როცა ობლები ვიყავით, როგორც ჩანს, დიდად არ მოსწონდა, რადგან გამოცემიდან მალევე აღნიშნა, ეს ჩემი საუკეთესო რომანი ნამდვილად არ არისო.

რომანი გვიყვება დაობლებული ქრისტოფერ ბენქსის შესახებ, რომელიც მომავალში ცნობილი დეტექტივი ხდება და მშობლიურ ადგილებს თავისი მშობლების გაუჩინარების საიდუმლოს ამოსახსნელად უბრუნდება. აქ იშიგურო კვლავ იმ თემებზე წერს, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებს: წარსულის გავლენა, პირადი ტრავმები და იდენტობის შექმნა/შენება ამ ტრავმებთან ერთად.

კლარა და მზე

კლარა და მზე იშიგუროს მერვე რომანია. როგორც იშიგურომ თქვა, ერთი „ბინძური საიდუმლო აქვს“ – სინამდვილეში, გამუდმებით ერთი წიგნის დაწერას ცდილობს, რაც უცნაურად მოგვეჩვენება, თუ მისი რომანების მრავალფეროვნებას გავითვალისწინებთ. თუმცა კლარა და მზე, ამ მხრივ, გამონაკლისია და ნამდვილად ახსენებს მკითხველს იშიგუროს სხვა ტექსტს.

კლარა ხელოვნური მეგობარია, რომელიც მშობლებს თინეიჯერი შვილის თანამგზავრად სჭირდებათ. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კლარას ხმა ქეითის (რომანიდან არასოდეს გამიშვა) ხმას მოგვაგონებს, რადგან მასშიც შერწყმულია გონიერება და გულუბრყვილობა. კლარა და მზე ორი განსხვავებული სიყვარულის სახეს გვიჩვენებს – ერთი ეგოისტურია, მეტისმეტი მზრუნველობითა და მესაკუთრეობით გამოხატული, მეორე კი – უანგარო და თავისუფალი.

The Guardian წერს, რომ ამ რომანმა გამოკვეთა მსგავსებები იშიგუროს ორ სხვა რომანს (არასოდეს გამიშვა და დაფლული გოლიათი) შორის. „ეს სამი წიგნი ლამის ტრილოგიად შეგვიძლია წავიკითხოთ.“ – ვკითხულობთ რეცენზიაში.

დაფლული გოლიათი

იშიგურომ ახალი რომანის 50 გვერდი დაწერა და ეჭვებმა შეაჩერა. რომანი, მითური ამბით, განსხვავებული გარემოთი და უჩვეულო სიუჟეტით, თავისი სხვა ტექსტებისგან განსხვავდებოდა. ცოლს სთხოვა, დასაწყისი წაეკითხა, მან კი იშიგუროს ახალ რომანს სასტიკი „განაჩენი“ გამოუტანა: „ეს არ გამოდგება. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ უნდა შეასწორო. არა, თავიდან უნდა დაიწყო.“

იშიგურომ წიგნი გვერდზე გადადო და მის ნაცვლად მოთხრობების კრებულზე მუშაობას შეუდგა. რომანს მხოლოდ 6 წლის შემდეგ დაუბრუნდა და მოხუცი წყვილის, მათი გაბუნდოვანებული მეხსიერებისა და დაკარგული ვაჟის ამბავი, საბოლოოდ, მაინც დაწერა.

„მეშინოდა, რომ ხალხი იტყოდა: „ოჰ, ისევ იგივე წიგნი მოხუც კაცზე, რომელიც იხსენებს წარსულს და სინანულს განიცდის მაშინ, როცა უკვე გვიანია რამის შეცვლა. ამის ნაცვლად კი ამბობდნენ, რომ წიგნების მოქმედება ყოველთვის იაპონიაში მიმდინარეობს“ – ჰყვებოდა იშიგურო.

 ამ მხრივ, ეს რომანი ნამდვილად ძალიან განსხვავებულია და ამას მკითხველი პირველივე გვერდებიდან შენიშნავს.

© არილი

Facebook Comments Box