წაიკითხეთ სტატია ჯულიან ბარნსის რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის შესახებ, რომლებიც ავტორის გაცნობაში დაგეხმარებათ:
ფლობერის თუთიყუში
რომანი, რომლის მთავარი გმირი გუსტავ ფლობერია, გამოგონილისა და რეალურის კომბინაციაა. “ფლობერის თუთიყუში” დიდი იუმორითა და არანაკლებ დიდი სერიოზულობით დაწერილი წიგნია, რომელშიც ბარნსი გვიყვება ხელოვნების, ლიტერატურის, ლიტერატურის კრიტიკისა და კრიტიკოსების, ბიოგრაფიებისა და ბიოგრაფების შესახებ. ვინ იყო სინამდვილეში გუსტავ ფლობერი? ვინ არის სინამდვილეში „ფლობერის თუთიყუშის“ მთხრობელი? – ამ კითხვებზე პასუხებს პროტაგონისტი და მკითხველები ეძებენ ბიოგრაფიულ მონაცემებში, ციტატებში, ტექსტებში…
როცა გააანალიზებ, რომ პირის გაღება შეიცავს რისკს, იქცე თუთიყუშად, სიამოვნებითა და ირონიით თავადვე მიამსგავსებ საკუთარ ხმას თუთიყუშისას, რადგან ენა მეორეულია, არა შენი, არამედ უკვე მრავალჯერ გამოყენებული სხვების მიერ და ამის აღიარება ბევრ რამეში გეხმარება.
და მაინც, „რიგი მოვლენების მერე რაღა რჩება გამეორებისა და გაუარესების გარდა?“
ელიზაბეთ ფინჩი
ელიზაბეთ ფინჩი ბარნსის ჯერჯერობით ბოლო რომანია, რომელიც 2022 წელს გამოიცა. წიგნი მოგვითხრობს შთამაგონებელი მასწავლებლის, ელიზაბეთ ფინჩის შესახებ, მთხრობელი კი ელიზაბეთით მოხიბლული ნილია, მისი სტუდენტი, რომელიც კურსის დასრულების შემდეგ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხვდება მასწავლებელს.
ელიზაბეთის გარდაცვალების შემდეგ, ადვოკატი ნილს უკავშირდება და გადასცემს წიგნებსა და ქაღალდებს, რომლებიც ელიზაბეთმა მას დაუტოვა. აღმოჩნდება, რომ ელიზაბეთის ინტერესის სფერო რომაელი იმპერატორი იულიანე განდგომილია, რომელიც მკვლევარი და ქრისტიანობის მოწინააღმდეგე იყო.
ბარნსი კვლავ უბრუნდება თემას, რომელიც მას, როგორც ავტორს, განსაკუთრებით აინტერესებს – რამდენად სანდოა ნილის მონათხრობი და შთაბეჭდილებები? იქნებ, სინამდვილეში, მის არცერთ მოგონებას არ უნდა ვენდოთ? შეიძლება, წიგნის დასასრულს ისიც კი ვიფიქროთ, რომ ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ინტერპრეტაცია და სპეკულაცია.
დასასრულის განცდა
2011 წელს ჯულიან ბარნსი ამ რომანისთვის ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა.
რომანი დროზე საუბრით იწყება – ჩვეულებრივ, ყოველდღიურ დროზე ლაპარაკით. იმ დროზე, რომელსაც უმცირესი სიხარული თუ მწუხარება აჩქარებს ან ანალებს. დროზე, რომლის არსებობას მაჯის საათები გვიდასტურებენ, მაგრამ ხანდახან ისე იკარგება, რომ მხოლოდ მაშინ თუ აღმოაჩენ მის გაუჩინარებას, როცა უკვე მართლა საბოლოოდ გამქრალია.
ჯერ დაწყებით სკოლაზე მოგვითხრობს ტონი – სამნი არიან, მეგობრები. მეგობრობის ნიშნად, საათებს შებრუნებულად ატარებენ. ხშირად ხუმრობენ და შიგადაშიგ სერიოზულები არიან. მოგვიანებით სამეულს ედრიენ ფინიც შეუერთდება. დიდად მონდომებული არ ჩანს, მაგრამ როგორღაც მაინც იქცევა სამეგობროს ლიდერად.
როგორც ედრიენი ამბობს, „ისტორია იმ წერტილში გაჩენილი სიცხადეა, სადაც მახსოვრობის არასრულყოფილება და დოკუმენტური მტკიცებულებების სიმწირე იკვეთება“. ტონი კი დიდხანს ფიქრობს ედრიენზეც და იმაზეც, რა არის ზოგადად ისტორია და რა – კონკრეტული ადამიანის ისტორია.
ბიჭები იზრდებიან, მეტ-ნაკლებად იცვლებიან და ნელ-ნელა ტონის მთავარ პრობლემამდეც მივდივართ – ტონი საკუთარ თავს არ იცნობს. ჯერ კიდევ ვერ გაუგია, მშიშარაა თუ მშვიდობისმოყვარე. გაუბედავია თუ, უბრალოდ, ფრთხილი…
რომანში „დასასრულის განცდა“ ჯულიან ბარნსი იმ სიმართლეების შესახებ წერს, რომელთაც გამუდმებით გავურბივართ, მანამ, სანამ იძულებულნი არ გავხდებით, თვალი გავუსწოროთ და პირისპირ შევხვდეთ.
ინგლისი, ინგლისი
New statesman-ში წერდნენ – „ინგლისი, ინგლისი“ ბარნსის მერვე და უდავოდ ყველაზე ცუდი რომანია. მაგრამ საინტერესო მარცხია“.
ჯულიან ბარნსის ამ რომანში, ამ „საინტერესო მარცხში“, ორი ინგლისია: ერთი ძველი, მეტ-ნაკლებად ისეთი, ჩვენ რომ ვიცნობთ. მეორე კი გასართობი პარკი ინგლისი, რომელიც ტურისტებს ათასგვარ სანახაობას სთავაზობს და, რაც მთავარია, ყველაფერს ერთ სივრცეში განთავსებულსა და თავმოყრილს. ესაა სატირა ინგლისზე, მსოფლიოზე, ადამიანებზე. იგი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და ამ ნაწილებს ერთმანეთთან მართა კოკრინი, ხელფასიანი ცინიკოსი აკავშირებს, დამოუკიდებელი, ჯიუტი ქალი, რომელსაც საკუთარი თავისა და ადგილის პოვნა სურს. მართას ტრავმები აკავშირებს წარსულთან – პატარა იყო, როცა მამამისი სახლიდან წავიდა და აღარასოდეს დაბრუნებულა უკან. მოგვიანებით შეიტყო, რომ სხვა ქალის გამო მიატოვა ოჯახი. მომავალი კი საინტერესო თავგადასავალს უმზადებს – მართა ჭკვიან, გონებაგახსნილ ადამიანად ყალიბდება, ლონდონში ჩადის სამუშაოდ და უცნაურ და ორიგინალურ პროექტში იღებს მონაწილეობას. პროექტი კი ასეთია: „ინგლისი, ინგლისი“ უნდა ააშენონ კუნძულზე. მისი უფროსი, ჯეკი, რომელიც თავს ბეთჰოვენს ადარებს, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი გეგმის განხორციელებას სწორედ მართასთან ერთად იწყებს.
ხელოვნების ნიმუშის რეპროდუქცია ხელოვნებაა? ნამდვილად ურჩევნიათ ადამიანებს ასლი ორიგინალს?
ბარნსი ახალი ინგლისის შენების ამბავს გვიყვება და საინტერესოდ აკავშირებს ერთმანეთთან ერის მიერ – საკუთარი მითოლოგიისა და ისტორიის და ადამიანის მიერ საკუთარი თავის გამოგონებას.
ერთადერთი ამბავი
„რას აირჩევდით, მეტ სიყვარულს და მეტ ტანჯვას, თუ ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას? ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთადერთი საკითხავიც ესაა“.
როგორც უნდა პასუხობდეთ ამ კითხვას, ჯულიან ბარნსის რომანი „ერთადერთი ამბავი“ მაინც ძალიან საინტერესო საკითხავი აღმოჩნდება – ეს მთავარი გმირის ერთადერთი ამბავია, ერთადერთი სიყვარულის ერთადერთი ამბავი.
როგორც თავად წერს, „უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევთ, მაგრამ მთავარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც, საბოლოო ჯამში, მოსაყოლად ღირს“. მისი ამბავიც ასეთია, მოსაყოლად ღირებული და მთხრობლის ცხოვრების განმსაზღვრელი.
როგორ შეუყვარდა პოლს სიუზენი და როგორ შეცვალა ამ სიყვარულმა – სწორედ ესაა რომანის მთავარი თემა.
და მაინც, „გაახლოებს ამდენჯერ მოყოლა მომხდარის სიმართლესთან თუ უფრო გაშორებს?“ რამდენად უცხო და შორეული შეიძლება გახდეს ამბავი, რომელიც შენი მთავარი ამბავია?
დროის ხმაური
დროის ხმაური ცნობილი რუსი კომპოზიტორის, შოსტაკოვიჩის ფიქციური ბიოგრაფიაა.
The guradian-ის შეფასებით, „დიდებული რომანი“ და „ბარნსის შედევრი“ სტალინის ეპოქაში მცხოვრები ხელოვანის რთულ და გამუდმებული საფრთხის განცდით დაღდასმულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დროზე, როცა მუსიკის შექმნაც კი შეიძლება სახიფათო იყოს. ეპოქაზე, როცა ხელოვანი იძულებულია, სიკვდილის გვერდით იცხოვროს, გაუძლოს მუქარას, შიშსა და დაპატიმრების მოლოდინს.
რომანში კარგადაა ნაჩვენები, რომ ფიზიკური გადარჩენა სულაც არ ნიშნავს გადარჩენას და რეჟიმს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება და კარიერა დაანგრიოს.
ბარნსს სურს, აალაპარაკოს ადამიანი, რომელსაც სტალინის რეჟიმი აჩუმებდა. ამიტომ დროის ხმაური მხოლოდ მშრალი ფაქტების კრებული კი არა, შოსტაკოვიჩის შინაგანი მდგომარეობის ასახვის მცდელობაა.
ამიტომაც არის ეს სურათი ასეთი მკვეთრი – დიდი კომპოზიტორი დგას ლიფტთან და დაპატიმრებას ელოდება.
© არილი