პროზა (თარგმანი)

სალი რუნი – წაუკითხავი შეტყობინებები

 

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 

ოთხშაბათს, თორმეტ საათსა და ოც წუთზე, დუბლინის ცენტრში, ოფისში, მაგიდასთან მჯდარი ქალი მონიტორს მისჩერებოდა. უკან გადავარცხნილი შავი თმა კუს ბაკნის სარჭით დაემაგრებინა. მუქი რუხი ფერის სვიტერი შავ შარვალში ჰქონდა ჩატანებული. ხელი გაქონილ „თაგუნაზე“ ედო და ტექსტის ვიწრო სვეტებზე თვალებს აცეცებდა, ზოგჯერ „თაგუნას“ აწკაპუნებდა და ტექსტში სიმბოლოები შეჰქონდა ან შლიდა. ხშირად სვამდა ორ წერტილს სახელში “WH Auden” – მთელ ტექსტში “W. H. Auden“ უნდა ყოფილიყო. როდესაც დოკუმენტი ჩაიკითხა, თავიდან გადაამოწმა. როგორც ჩანს, შედეგმა დააკმაყოფილა. ტექსტი შეინახა და ფაილი დახურა.

დღის პირველ საათზე მან მონიტორებთან მსხდარ კოლეგებს უთხრა, სასადილოდ მივდივარო. მათ გაუღიმეს და ხელი დაუქნიეს. ქურთუკი ჩაიცვა, ოფისის მახლობელ კაფეს მიაშურა და ფანჯარასთან მდგარ მაგიდას მიუჯდა. ცალ ხელში სანდვიჩი ეჭირა, მეორით კი „ძმები კარამაზოვების“ ეგზემპლარს ფურცლავდა. ორს რომ ოცი წუთი დააკლდა, კარისკენ გაიხედა და დაინახა, რომ კაფეში ქერათმიანი მაღალი კაცი შემოვიდა. კოსტიუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. კისერზე ყურსასმენის ზონარი ეკიდა და ტელეფონით ელაპარაკებოდა ვიღაცას. „დიახ“, თქვა მან, „სამშაბათს მაცნობეს. დავრეკავ და ყველაფერს გადავამოწმებ“. როდესაც ფანჯარასთან მჯდარი ქალი დაინახა, გამომეტყველება შეეცვალა, თავისუფალი ხელი სწრაფად ასწია და მიესალმა. შემდეგ ტელეფონზე მიუთითა და საუბარი განაგრძო. „არა მგონია, რომ ასლი გადაეღოთ, არა“. კაცმა კვლავ შეხედა ქალს და ანიშნა, მეტი აღარ შემიძლია, მოთმინება მეწურებაო. ქალს გაეღიმა. წიგნის ფურცელს თითებით ათამაშებდა. „მართალია, მართალია“, თქვა კაცმა. „მისმინე, ახლა ოფისში არ ვარ, მაგრამ როცა მივალ, ყველაფერს დავაზუსტებ. ჰო. კარგი, კარგი. ნახვამდის“.

კაცმა ლაპარაკი დაასრულა და მივიდა ქალთან, რომელმაც ახედ-დახედა და უთხრა, „ოჰ, საიმონ, როგორი ამპარტავნული იერი გაქვს. ამის გამო ვინმემ არ შეგიძულოს“. კაცმა თავისი ტელეფონის ზონარი შეათვალიერა. „ალბათ, ამ ზონარის გამო მაქვს ამპარტავნული იერი“, თქვა მან. „შენთვის ყავა ხომ არ შევუკვეთო“? ქალმა უპასუხა, რომ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო. „კარგი“, თქვა კაცმა, „იქნებ, ყავა თან წავიღოთ და სამსახურამდე მიგაცილო? რჩევა უნდა გკითხო“. ქალმა წიგნი დახურა და კარგიო, დაეთანხმა. კაცი დახლთან მივიდა, ქალი კი წამოდგა და დაიბერტყა შარვალი, რომელზეც სანდვიჩის ნამცეცები მისწებებოდა. კაცმა შეუკვეთა ორი ყავა – ერთი რძიანი, ერთიც შავი, და ხურდა ფული ჩააგდო წვრილმანი გასამრჯელოს ქილაში. ლოლა როგორააო, იკითხა. ქალმა თვალებში შეხედა და უცნაური, ყრუ ხმა გამოსცა. „ოჰ, კარგადაა“, თქვა მან. „ხომ იცი, დედაჩემი ჩამოვიდა. ხვალ საქორწინო ტანსაცმელი უნდა შევიძინოთ“.

კაცმა ალერსიანად გაუღიმა, თან აკვირდებოდა, როგორ ამზადებდნენ ყავას. „წუხელ უსიამოვნო სიზმარი ვნახე, თითქოს თხოვდებოდი“.

„განა ეს უსიამოვნო სიზმარია?“

„ჩემზე კი არა, სხვაზე თხოვდებოდი“.

ქალს გაეცინა. „სამსახურში ქალებს ასე ელაპარაკები ხოლმე?“

კაცი გაოცებით შემობრუნდა მისკენ და უპასუხა, „ღმერთო ჩემო, არა. ასე რომ მოვიქცე, არავინ მაპატიებს. და არც შეცდებიან. ქალებს არასოდეს ვეარშიყები სამსახურში. თუმცა, ზოგჯერ ისინი თვითონ მეარშიყებიან“.

„ალბათ, შუახნის ქალები არიან და სურთ, რომ თავიანთ ქალიშვილებზე დაგაქორწინონ“.

„შუახნის ქალების ასეთ ნეგატიურ დახასიათებას ვერ დავეთანხმები. ამ დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები ყველაზე მეტად მომწონს“.

„ახალგაზრდა ქალებს რას უწუნებ?“

„ისინი რაღაცნაირად“…

კაცი ჰაერში ხელს აქეთ-იქით აქნევდა. მისი ჟესტიკულაცია, ალბათ, ახალგაზრდა ქალების ჭირვეულობაზე, გაუბედაობაზე, სექსუალურ უმწიფრობაზე მიანიშნებდა.

„როგორც ჩანს, შუახნის შეყვარებულები არ გყოლია“, შენიშნა ქალმა.

„არც მე ვარ შუახნისა, ჯერჯერობით მაინც“.

როდესაც კაფედან გადიოდნენ, კაცმა კარი გაუღო ქალს, რისთვისაც ამ უკანასკნელს მადლობა არ უთქვამს. „რა უნდა გეკითხა ჩემთვის?“ მიმართა ქალმა. კაცმა უთხრა, რომ სურდა რჩევა ეკითხა იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც წარმოიშვა მის ორ მეგობარს შორის. ქალი, როგორც ჩანს, კარგად იცნობდა ამ ადამიანებს, რომლებიც თავდაპირველად, უბრალოდ, ერთ ბინაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ერთმანეთთან სექსუალური ურთიერთობაც გააბეს. გარკვეული ხნის შემდეგ ერთ-ერთმა – მამაკაცმა – სხვა საყვარელი გაიჩინა, მიტოვებულ ქალს კი წასვლა სურდა, მაგრამ არც ფული ჰქონდა და არც ბინა ეგულებოდა, სადაც დასახლებას შეძლებდა. ეს პრობლემა უფრო ემოციურ სფეროს უკავშირდება, ვიდრე ბინის ქონა-არქონასო, თქვა ქალმა. კაცი დაეთანხმა, მაგრამ დასძინა: „და მაინც, ჩემი აზრით, ალბათ, მიტოვებული ქალისთვის უმჯობესია დატოვოს ბინა, რათა ღამღამობით მოღალატე სატრფოს სექსუალურ თამაშებს არ შეესწროს.“

ამასობაში ისინი ოფისის შენობას მიუახლოვდნენ. იმ საბრალოს ფულს ხომ არ ასესხებო, ჰკითხა ქალმა. კაცმა მიუგო, რომ უკვე შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. „მართალი გითხრა, გულს მომეშვა“, თქვა მან, „რადგან სულაც არ მსურს მათ ურთიერთობაში ჩარევა“. ქალი დაინტერესდა, თუ რა თქვა მოღალატემ თავის გასამართლებლად, კაცმა კი უპასუხა, რომ მისი მეგობრის თქმით, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. წინა ურთიერთობა თავისთავად დასრულდა და სამუდამოდ მარტო ხომ არ დავრჩებოდიო? „ამ საქმეს მოვაგვარებ“ , თქვა კაცმა ბოლოს.

ოფისის შენობის კიბეზე ისინი ცოტა ხნით შეყოვნდნენ. „სხვათა შორის, ქორწილის მოსაწვევი ბარათი მივიღე“, აცნობა კაცმა. „ჰო, ქორწილს ამ კვირას იხდიან,“ შეეპასუხა ქალი. „იცი, რომ კიდევ ერთი სტუმრის მიყვანის უფლება მომცეს?“ ქალმა ისე შეხედა, თითქოს ვერ გაეგო, ხუმრობდა თუ არა. შემდეგ კი წარბები შეკრა. „რა კარგია“ – თქვა მან. „ჩემთვის ეს არ შემოუთავაზებიათ“. „ხომ არ გსურს, რომ, სოლიდარობის ნიშნად, მარტო წავიდე?“

პაუზის შემდეგ ქალმა ჰკითხა:

„ვინმეს წაყვანა გინდოდა?“

„ალბათ, იმ გოგოს წავიყვან, რომელსაც ახლა ვხვდები. თუკი საწინააღმდეგო არაფერი გაქვს“.

„ჰმ“, ჩაიდუდუნა ქალმა. შემდეგ დასძინა:

„იმედი მაქვს, ქალს გულისხმობ“.

მამაკაცს გაეღიმა.

„ნუ ბრაზობ“.

„ზურგს უკან მეც გოგოს მიწოდებ ხოლმე?“

„რა თქმა უნდა, არა. არაფერს გიწოდებ. როდესაც გახსენებენ, უბრალოდ, ვღელავ ხოლმე და ოთახიდან გავდივარ “.

ქალმა დაუდევრად ჰკითხა:

„როდის გაიცანი?“

„ოჰ, ექვსიოდე კვირის წინ“.

„ახალგაზრდა სკანდინავიელი ქალია, ხომ?“

„არა, სკანდინავიელი არაა“.

ქალმა სახეზე მოჩვენებითად დაღლილი გამომეტყველება აიკრა და ყავის ჭიქა ოფისის კართან, ნაგვის ყუთში ჩააგდო. კაცმა შესთავაზა:

„შემიძლია მარტო წავიდე ქორწილში, თუ ასე გინდა“.

„ყველაფერს არც ისე განვიცდი, როგორც გგონია“, ცივად უპასუხა ქალმა.

„ღმერთო ჩემო, ეს არ მიგულისხმია“.

რამდენიმე წამს ქალს არაფერი უთქვამს, უბრალოდ იდგა და თვალს ადევნებდა ავტომანქანების მოძრაობას. შემდეგ შენიშნა: „ლოლას ძალიან მოუხდა საქორწილო კაბა. შენ ხომ ეს გაინტერესებდა.“

„წარმომიდგენია“.

„გმადლობ ყავისთვის“.

„გმადლობ რჩევისთვის“.

დღის მეორე ნახევარში ქალი კვლავ სხვადასხვა ტექსტის რედაქტირებით იყო გართული. ყოველი ფაილის დახურვისას, სანამ მომდევნოს გახსნიდა, გამუდმებით ამოწმებდა თავის გვერდებს სოციალურ ქსელებში. რა სახის ინფორმაციასაც უნდა გასცნობოდა – რეპორტაჟს სტიქიური უბედურების შესახებ, საყვარელი შინაური ცხოველის ფოტოსურათს, ჟურნალისტი ქალის შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ, თეთრკანიანთა უზენაესობის კრიტიკას ან ტვიტს, რომელიც რეკლამას უწევდა საკვებ დანამატებს მომავალი დედებისთვის – არც გამომეტყველება და არც პოზა არ ეცვლებოდა. გარეგნულად ვერ შეატყობდით, თუ რა განცდებს აღუძრავდა ნანახი და ამოკითხული ინფორმაცია. გარკვეული დროის შემდეგ ბრაუზერის ფანჯარას ხურავდა და ტექსტის რედაქტირებას აგრძელებდა. დროდადრო რომელიმე კოლეგა სამუშაოსთან დაკავშირებით რაღაცას ეკითხებოდა და ქალი პასუხობდა, ზოგჯერ კი სასაცილო ანეკდოტებს ჰყვებოდნენ და ყველა იცინოდა, მაგრამ, ძირითადად, ოფისში სიჩუმე იყო.

საღამოს 5 საათსა და 34 წუთზე ქალმა ისევ ჩაიცვა ქურთუკი და კოლეგებს დაემშვიდობა. კილდარ-სტრიტით ნასაუ-სტრიტისკენ წავიდა, შემდეგ მარცხნივ, დასავლეთისკენ აიღო გეზი. ოცდარვა წუთის შემდეგ ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსთან შეჩერდა (ჩრდილოეთ სანაპიროზე) და შიგ შევიდა, მეორე სართულზე ავიდა და გაცრეცილი თეთრი კარი გააღო. ბინაში არავინ იყო, მაგრამ ავეჯი მიგახვედრებდათ, რომ ქალი აქაურობის ერთადერთი ბინადარი არ იყო. პატარა, ჩაბნელებული სასტუმრო ოთახი ერთადერთი ფარდაჩამოფარებული ფანჯრით, რომლიდანაც მდინარე მოჩანდა, გადიოდა სამზარეულოში, სადაც იდგა ქურა და მომცრო მაცივარი, კედელთან კი – ნიჟარა. მაცივრიდან ქალმა თასი გამოიღო და მიკროტალღურ ღუმელში შედგა.

დანაყრების შემდეგ ის საძინებელ ოთახში შევიდა. ფანჯრიდან ქუჩა და ოდნავ ადიდებული მდინარე მოჩანდა. ქალმა გაიხადა ქურთუკი და ფეხსაცმელი, თმიდან სარჭი მოიძრო და ფარდა ჩამოაფარა; სვიტერი და შარვალიც გაიხადა და იატაკზე დაყარა, ბამბის მაისური და ნაცრისფერი რეიტუზი ჩაიცვა. შავი მბზინვარე თმის კულულები მხრებამდე სწვდებოდა. საწოლზე ჩამოჯდა და ლეპტოპი გახსნა. ერთხანს ეცნობოდა სხვადასხვა მედიაშეტყობინებებს, ზოგჯერ კი ხსნიდა და ზერელედ თვალს ავლებდა სტატიებს საზღვარგარეთ მიმდინარე არჩევნების შესახებ. დაღლილი და ფერმკრთალი სახე ჰქონდა. შემდეგ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე შევიდა და საძიებო ველში ჩაწერა სიტყვები „ეიდან ლავინი”. ეკრანზე გამოჩნდა მამაკაცის თავისა და მხრების ფოტო (ზურგიდან გადაღებული). მამაკაცს სქელი შავი თმა ჰქონდა და ჯინსის ქურთუკი ეცვა. ფოტოს ქვეშ ეწერა: „ადგილობრივი სევდიანი ბიჭი. ერთი ჩვეულებრივი ხულიგანი. შეამოწმეთ soundcloud“. მომხმარებელს სამი საათის წინ გამოექვეყნებინა ფოტოსურათი წყლის მილზე მჯდარი მტრედისა, რომელსაც თავი გადაგდებულ პაკეტში ჩაეყო. ფოტოსურათის ქვემოთ ეწერა: „ასეთივე მდგომარეობაში ვარ“. ფოტოსურათი ას ოცდაშვიდ ადამიანს მოსწონებოდა. ქალმა ამ პოსტზე დააწკაპუნა და კომენტარები გამოჩნდა. ერთ მომხმარებელს, მეტსახელად „სასწაულ გოგოს“, დაეწერა, მტრედი შენ გგავსო. ეიდან ლავინის პასუხი ასეთი იყო: „მართალი ხარ, ძალიან ლამაზია.“ „სასწაულ გოგოს“ ეს პასუხი მოსწონებოდა. ქალი „სასწაული გოგოს“ გვერდზე შევიდა. შემდეგ ოცდათექვსმეტი წუთი მოანდომა ეიდან ლავინის გვერდის თვალიერებას; ბოლოს ლეპტოპი დახურა და ლოგინზე წამოწვა.

საღამოს ცხრა საათი დაწყებულიყო. ქალმა ხელით შუბლი მოისრისა. ოქროს წვრილი სამაჯური ნათურის შუქზე ოდნავ ციმციმებდა. ქალს აილინ ლაიდონი ერქვა. ოცდაცხრა წლისა იყო. მამამისს, პეტს, თავისი ფერმა ჰქონდა გოლუეის საგრაფოში, ხოლო დედა, მერი, გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. აილინს ჰყავდა სამი წლით უფროსი და, ლოლა. ბავშვობაში ლოლა ჯანსაღი, გაბედული, ანცი გოგონა იყო, სუსტი და მგრძნობიარე აილინი კი ხშირად ავადმყოფობდა. დები ერთად ატარებდნენ ხოლმე სასკოლო არდადეგებს და თავს იმით იქცევდნენ, რომ თხზავდნენ და წარმოადგენდნენ ხოლმე ათასგვარ თავგადასავლებს, რომლებიც მათ შეიძლებოდა თავს გადახდენოდათ ზღაპრულ, ფანტასტიკურ ქვეყნებში. ამ ამბებს ლოლა იგონებდა, აილინი კი დას მხარს უბამდა. ზოგჯერ ამ სპექტაკლებში მეორეხარისხოვან როლებს მათი უმცროსი ბიძაშვილები, მეზობლები ან ოჯახის ახლობელთა შვილები ასრულებდნენ, მათ შორის – ბიჭი, სახელად საიმონ კოსტიგანი, რომელიც აილინზე ხუთი წლით უფროსი იყო და მდინარის გადაღმა ცხოვრობდა, იქ, სადაც ოდესღაც მემამულის კარ-მიდამო იყო. საიმონს – ამ კარგად აღზრდილ, თავაზიან ბავშვს – ყოველთვის სუფთად ეცვა. ერთთავად მადლობას უხდიდა ხოლმე უფროსებს. როდესაც ლოლა ან აილინი რამეს აშავებდნენ, დედა საყვედურობდა, რომ ისინი არ ჰბაძავდნენ საიმონ კოსტიგანს, რომელიც არა მხოლოდ სამაგალითოდ იქცეოდა, არამედ დამატებითი ღირსებაც ჰქონდა – „არასოდეს წუწუნებდა, არასოდეს არაფერს ითხოვდა“. ასაკის მატებასთან ერთად, დები აღარ რთავდნენ საიმონს ან სხვა ბავშვებს თავიანთ თამაშებში, არამედ ხატავდნენ გამოგონილ რუკებს, იგონებდნენ საიდუმლო დამწერლობას და ყველაფერს მაგნიტოფონის ფირზე იწერდნენ. მშობლები მათ სიამოვნებით ამარაგებდნენ ქაღალდით, კალმებითა და ცარიელი ფირებით, მაგრამ დიდ ინტერესს როდი იჩენდნენ გამოგონილი ქვეყნების მიმართ.

იმ ზაფხულს, როდესაც აილინს თხუთმეტი წელი შეუსრულდა, საიმონი ჩამოვიდა, რათა პეტს ფერმაში დახმარებოდა. ოცი წლისა იყო. ოქსფორდში ფილოსოფიას სწავლობდა. ლოლას, რომელმაც ახლახან დაამთავრა სკოლა, შინ თითქმის ვერასდროს ნახავდით, მაგრამ როდესაც საიმონი მათთან სადილად რჩებოდა, გოგონა ადრე მოდიოდა სახლში და ახალ მაისურსაც იცვამდა. სკოლაში ლოლა ახლოს არ იკარებდა აილინს, მაგრამ საიმონის თანდასწრებით ალერსიანი და მზრუნველი უფროსი დასავით იქცეოდა, აილინს თმას უვარცხნიდა, ტანსაცმელს უწესრიგებდა, ისე, თითქოს ის პაწაწა ბავშვი ყოფილიყო. მისგან განსხვავებით, საიმონი აილინს მეგობრულად და პატივისცემით ეპყრობოდა. ყოველთვის ყურადღებით უსმენდა მის ლაპარაკს, და მშვიდად ეუბნებოდა, საინტერესოა, ძალიან საინტერესოო. აგვისტოში აილინი დილაობით ადრე დგებოდა ხოლმე და თავისი საძინებლის ფანჯრიდან უთვალთვალებდა, როდის გამოჩნდებოდა საიმონი, თავისი ველოსიპედით. მის დანახვისთანავე ქვევით ჩარბოდა და კართან ეგებებოდა. სანამ საიმონი ჩაიდანს ადუღებდა ან ხელებს იბანდა, აილინი ეკითხებოდა წიგნების, უნივერსიტეტში სწავლისა და ინგლისში მისი ცხოვრების შესახებ. ცოტა ხანს – ათი თუ ოცი წუთის განმავლობაში – საუბრობდნენ, შემდეგ საიმონი ფერმაში მიდიოდა, აილინი კი თავის ოთახში ბრუნდებოდა და საწოლში წვებოდა. ზოგჯერ, საიმონთან საუბრის შემდეგ, ბედნიერი იყო, სახე უვარვარებდა, თვალები უბრწყინავდა. სხვა დროს ტიროდა. ლოლამ დედას უთხრა, აილინი სამარცხვინოდ იქცევაო. იმ დროისთვის ლოლამ თავისი მეგობრებისგან შეიტყო, რომ საიმონი ყოველ კვირა დღეს წირვას ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ეკლესიაში არ დადიოდნენ. ამის შემდეგ ლოლამაც დაიწყო წირვაზე სიარული, როდესაც საიმონი ეკლესიაში ეგულებოდა. ახლა მერი ყოველ დილას სამზარეულოში იჯდა, საუზმობდა და გაზეთებს კითხულობდა. აილინი კვლავ ჩამოდიოდა ქვემოთ და საიმონი, როგორც ყოველთვის, მეგობრულად ესალმებოდა, მაგრამ გოგონა უბღვერდა ვაჟს და მაშინვე ადიოდა თავის ოთახში. ინგლისში დაბრუნების წინა ღამეს საიმონი მათთან დასამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ აილინი თავის ოთახში დაიმალა. საიმონი ზევით ავიდა, აილინმა კი სკამს წიხლი ჰკრა და საიმონს უთხრა, ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისთანაც ლაპარაკი შემიძლიაო. „ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ხარ“, თქვა მან, „და იმის უფლებასაც არ მაძლევენ, გელაპარაკო. ახლა წადი. სიცოცხლე აღარ მინდა!“. საიმონმა, რომელიც გამოღებულ კართან იდგა, წყნარად უთხრა, „აილინ, ამას ნუ ამბობ. ყველაფერი რიგზე იქნება, გპირდები. მე და შენ სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დავრჩებით“.

თვრამეტი წლის ასაკში აილინმა დუბლინის უნივერსიტეტში ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო. პირველ წელს დაუმეგობრდა გოგონას, სახელად ელის კელეჰერს, მომდევნო წელს კი ისინი ერთ ბინაში დასახლდნენ. ელისი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა, ულაზათო ტანისამოსი ეცვა და ყველაფერს სასაცილოდ იგდებდა. მამამისი ავტომექანიკოსი იყო და ბევრს სვამდა. თურმე, ამის გამო ელისს ბავშვობა ჩამწარებოდა. თანაკურსელებს ვერ დაუმეგობრდა, ერთხელ კი უნივერსიტეტის თავკაცებისგან საყვედური მიიღო იმის გამო, რომ ლექტორს „ფაშისტი ღორი“ უწოდა. აილინმა კოლეჯი დაამთავრა. სწავლის დროს მოთმინებით და დროულად ასრულებდა დავალებებს, საგულდაგულოდ ემზადებოდა გამოცდებისთვის. თითქმის ყველა აკადემიური ჯილდო მიიღო და ეროვნული პრიზიც კი მოიპოვა საუკეთესო თხზულებისთვის. უნივერსიტეტში მეგობრები შეიძინა, რომლებთან ერთად ღამის კლუბებში დადიოდა. გულცივად ეპყრობოდა თავის თაყვანისმცემლებს და ყოველ საღამოს ელისთან ერთად ვახშმობდა ხოლმე მათ სასტუმრო ოთახში. როდესაც მეორე კურსზე სწავლობდა, საიმონი დუბლინში დაბრუნდა იურიდიული განათლების მისაღებად. ერთხელ აილინმა ის თავის ბინაში მიიწვია სავახშმოდ და ელისის გასაცნობად. საიმონმა საუკეთესო შოკოლადი და თეთრი ღვინო მიიტანა. ერთ ღამეს, როდესაც ელისი შინ არ იმყოფებოდა, აილინმა მას ჰკითხა, შეყვარებული ხომ არ გყავსო. საიმონმა გაიცინა და უპასუხა: „რატომ მეკითხები ამას? ბრძენი ბერიკაცი ვარ, ხომ იცი.“ დივანზე წამოწოლილმა აილინმა საიმონს ბალიში ესროლა, რომელიც ვაჟმა ჰაერშივე დაიჭირა. „უბრალოდ, ბერიკაცი ხარ“, მიაძახა აილინმა. „ბრძენი სულაც არა ხარ“.

აილინი ოცი წლისა იყო, როდესაც პირველად ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა ინტერნეტში გაცნობილ მამაკაცთან. ამის შემდეგ გოგონა მარტო დაბრუნდა თავის სახლში. გვიანი იყო, ღამის ორი საათი სრულდებოდა. ქუჩებში არავინ ჩანდა. ელისს არ ეძინა – დივანზე იჯდა და ლეპტოპზე რაღაც ტექსტს კრეფდა. აილინი სასტუმრო ოთახის კარის წირთხლს მიეყრდნო და თქვა: „უცნაური რამ გადამხდა თავს“. ელისმა თავი ასწია და ჰკითხა, „სექსს გულისხმობ?“ აილინმა ხელით მხარი მოისრისა. „მთხოვა, მთელი ამ პროცესის დროს ტანსაცმელი არ გაიხადოო“. „სად პოულობ ასეთებს?“ გაიკვირვა ელისმა. აილინმა მხრები აიჩეჩა. ელისი დივანიდან წამოდგა და მეგობარი ანუგეშა: „ეს არაფერია. ორ კვირაში ყველაფერი დაგავიწყდება“. იმ ზაფხულს საიმონი პარიზში მუშაობდა, კლიმატის ცვლილებათა შემსწავლელ საგანგებო ჯგუფში. აილინი მის მოსანახულებლად გაემგზავრა. პირველი შემთხვევა იყო, რომ სადღაც მარტო გაფრინდა. საიმონი აეროპორტში დახვდა. იმ ღამეს ღვინო დალიეს და აილინმა უამბო, როგორ დაკარგა ქალწულობა. საიმონს გაეცინა, მაგრამ მაშინვე ბოდიში მოიხადა ამის გამო. ისინი ერთად დაწვნენ საიმონის ოთახში. აილინმა ვაჟს ჰკითხა, ქალთან ნამყოფი თუ ხარო. არაო, უპასუხა საიმონმა ღიმილით. აილინი რამდენიმე წამი მშვიდად იწვა. „ალბათ, იმიტომ, რომ კათოლიკე ხარ“, თქვა მან. ისინი გვერდიგვერდ იწვნენ, მხრებით ეხებოდნენ ერთმანეთს. „მართალია“, უპასუხა საიმონმა. „მაგრამ გახსოვს, რა თქვა ნეტარმა ავგუსტინემ? ღმერთო მოწყალეო, მომეცი სიწმინდე… მაგრამ ახლა არა, ღმერთო, ჯერ არა!

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აილინმა ირლანდიური ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ელისმა კი კაფეში დაიწყო მუშაობა. თან რომანს წერდა. ჯერ კიდევ ერთ ბინაში ცხოვრობდნენ და საღამოობით, სანამ აილინი სადილს ამზადებდა, ელისი ზოგჯერ ხმამაღლა უკითხავდა მეგობარს მახვილგონიერ გამონათქვამებს თავისი რომანიდან. პარიზში საიმონი თავის შეყვარებულთან, ფრანგ ქალთან, სახელად ნატალისთან ერთად დასახლდა. სამაგისტრო კურსის დასრულების შემდეგ აილინმა წიგნების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც დატვირთულ ურიკებს დაატარებდა და ბესტსელერების ეგზემპლარებზე სტიკერებს აწებებდა. ოცდაოთხი წლისანი რომ გახდნენ, ელისმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ამერიკულ ფირმასთან, რომელმაც ორას ორმოცდაათი ათას დოლარად შეისყიდა მისი რომანის გამოცემის უფლება. ელისი ამბობდა, რომ ამერიკელები ბრიყვნი იყვნენ, რადგან ესოდენ დიდი თანხა გადაიხადეს, თვითონ კი ისეთი ხარბი იყო, რომ უარი ვერ უთხრა მათ. აილინი ხვდებოდა ფილოსოფიის დოქტორანტს, სახელად კევინს, და მისი მეშვეობით მოეწყო დაბალანაზღაურებად, მაგრამ საინტერესო სამუშაოზე – რედაქტორის ასისტენტად ლიტერატურულ ჟურნალში. თავიდან მას მხოლოდ რედაქტირებას ავალებდნენ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ უფლება მისცეს, შეეკვეთა ახალი ნაწარმოებები, წლის ბოლოს კი რედაქტორმა ნება დართო, საკუთარი ნაწარმოებებიც გამოექვეყნებინა. აილინმა უპასუხა, რომ ამისთვის დრო სჭირდებოდა. ლოლა იმხანად კონსალტინგურ ფირმაში მუშაობდა და ჰყავდა შეყვარებული, სახელად მეთიუ. ერთ საღამოს მან აილინს შესთავაზა, ქალაქში ერთად ვისადილოთო. ხუთშაბათ საღამოს სამივე მათგანი ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში იცდიდა ქუჩაში (სადაც სულ უფრო მეტად ბნელოდა და ციოდა), რათა შესულიყვნენ ბურგერების ახალ რესტორანში. როდესაც – ბოლოს და ბოლოს – ბურგერები გასინჯეს, მოეწონათ. ლოლამ აილინი გამოჰკითხა მისი სამომავლო გეგმების შესახებ. აილინმა უპასუხა, რომ რომ მოსწონდა თავისი სამსახური.. „მესმის, რომ ახლა შენი სამსახურით კმაყოფილი ხარ“, თქვა ლოლამ, „მაგრამ მერე რას აპირებ?“ არ ვიციო, უპასუხა აილინმა. ლოლას გაეღიმა . „ოდესმე რეალურ სამყაროში ცხოვრება მოგიწევს“, თქვა მან. შინ დაბრუნებულ აილინს ელისი კვლავ დივანზე მჯდარი დახვდა. თავის წიგნზე მუშაობდა. „ელის“, განწირული ხმით მიმართა მეგობარს, „როგორ ფიქრობ, მომიწევს თუ არა ოდესმე რეალურ სამყაროში ცხოვრება?“ „ოჰ, ღმერთო ჩემო, რასაკვირველია, არა. ვინ გითხრა ეს?“ გაიკვირვა ელისმა.

მომდევნო სექტემბერში აილინმა დედისგან შეიტყო, რომ საიმონი და ნატალი დაშორებულიყვნენ. ერთად ოთხი წლის განმავლობაში ყოფილან. აილინმა ელისს უთხრა, მეგონა, რომ დაქორწინდებოდნენო. „დიახ, ყოველთვის ამას ამბობდი“, უპასუხა ელისმა. აილინმა საიმონს ელექტრონული წერილი გაუგზავნა და მოიკითხა. საიმონმა მოსწერა: „პარიზში ჩამოსვლას ხომ არ აპირებ? ძალიან მინდა შენი ნახვა“. ოქტომბრის ბოლოს – ჰელოუინზე – აილინი რამდენიმე დღით გაემგზავრა პარიზში. იმ დროისათვის საიმონი ოცდაათი წლისა იყო, აილინი კი – ოცდახუთისა. ყოველდღე მუზეუმებში დადიოდნენ და საუბრობდნენ ხელოვნებასა და პოლიტიკაზე. როდესაც აილინი ვაჟს ნატალის შესახებ ეკითხებოდა, ის ორიოდ სიტყვით პასუხობდა და საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა. ერთხელ, როდესაც ორსეს მუზეუმში ისხდნენ, აილინმა საიმონს უთხრა: „შენ ყველაფერი იცი ჩემ შესახებ, მე კი არაფერი ვიცი შენზე“. საიმონმა უკმაყოფილოდ უპასუხა: „ოჰ, ახლა ნატალის მაგონებ“. შემდეგ გაიცინა და პატიება სთხოვა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ყოფილი შეყვარებულის სახელი ახსენა. დილაობით საიმონი ყავას ამზადებდა, ღამით კი აილინს საიმონის ლოგინში ეძინა. თანაყოფის შემდეგ საიმონი დიდხანს იხუტებდა ხოლმე აილინს და ტკბებოდა მისი სიახლოვით. აილინი დუბლინში დაბრუნებისთანავე დაშორდა თავის შეყვარებულს. საიმონისა დიდხანს არაფერი იცოდა. გაოცდა, როდესაც შობადღეს ვაჟი ეწვია, რათა თითო ჭიქა კონიაკი დაელიათ.

ზაფხულში, მეგობარი ქალის, სიერას ბინაში გამართულ წვეულებაზე, აილინმა გაიცნო ახალგაზრდა კაცი, სახელად ეიდანი. სქელი შავი თმა ჰქონდა, ტილოს შარვალი და ბინძური ბოტასები ეცვა. გვიან ღამემდე ერთად ისხდნენ სამზარეულოში და თავიანთ ბავშვობას იხსენებდნენ. „ჩემს ოჯახში არასოდეს არაფერზე არ ვმსჯელობთ“, თქვა ეიდანმა. „ყველაფერს ვმალავთ, ვნიღბავთ. ჭიქა ხომ არ შეგივსოთ?“ – აილინი უყურებდა, როგორ ასხამდა ეიდანი მის ჭიქაში წითელ ღვინოს. „ჩემს ოჯახშიც არ ვსაუბრობთ ხოლმე არსებულ პრობლემებზე“, თქვა მან. „ზოგჯერ მგონია, რომ ვცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის“. გათენებისას ეიდანმა აილინი სახლამდე მიაცილა. „თავს გაუფრთხილდით“ – უთხრა ვაჟმა, სანამ წავიდოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რათა ცოტაოდენი დაელიათ. ეიდანი მუსიკოსი და ხმის რეჟისორი გახლდათ. ის უამბობდა აილინს თავისი საქმიანობის, მეზობლების, დედასთან ურთიერთობის და ბევრი სხვა რამის შესახებ, რაც უყვარდა ან სძულდა. სანამ საუბრობდნენ, აილინი ბევრს იცინოდა. თანამოსაუბრისკენ გადახრილს, სახე უბრწყინავდა. როდესაც შინ დაბრუნდა, ეიდანის შეტყობინება მიიღო: „არაჩვეულებრივი მსმენელი ხართ! მაპატიეთ, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე. შეიძლება თუ არა, რომ კიდევ ვნახოთ ერთმანეთი?“

მომდევნო კვირას ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგ კიდევ შეხვდნენ. ეიდანის ბინის იატაკზე უამრავი შავი კაბელი ეყარა, საწოლის ნაცვლად კი ძირს, უბრალოდ, ლეიბი ეგო. შემოდგომაზე ისინი რამდენიმე დღით ფლორენციაში გაემგზავრნენ და ერთად სეირნობდნენ გრილ ტაძარში. ერთ ღამეს, როდესაც აილინმა ვახშმობისას წაიხუმრა, ეიდანს სიცილისგან ცრემლები წამოსცვივდა და იძულებული გახდა, თვალები მეწამულისფერი ხელსახოცით შეემშრალებინა. აილინს უთხრა, მიყვარხარო. „ცხოვრებაში ყველაფერი წარმოუდგენლად ლამაზია“, მისწერა აილინმა ელისს. „არ მჯერა, რომ შესაძლებელია ასეთი ბედნიერება“. დაახლოებით იმხანად საიმონი დუბლინში დაბრუნდა და მემარცხენე საპარლამენტო ჯგუფში პოლიტიკურ მრჩევლად დაიწყო მუშაობა. აილინი ზოგჯერ ხედავდა მას ავტობუსში ან მაშინ, როდესაც საიმონი ქუჩაზე გადადიოდა და ამა თუ იმ სანდომიანი ქალისთვის ხელი ჰქონდა გადახვეული. შობის წინა დღეებში აილინი და ეიდანი ერთად დასახლდნენ. ეიდანმა მანქანიდან გამოიტანა ყუთები , რომლებშიც აილინის წიგნები ეწყო, და ამაყად თქვა: „აი, რამდენს იწონის შენი ტვინი“.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აილინი და ეიდანი ცხოვრობდნენ ქალაქის სამხრეთ ცენტრში, ერთოთახიან ბინაში, უყურებდნენ უცხოურ ფილმებს, კამათობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაენაწილებინათ ბინის ქირის გადასახადი, რიგრიგობით ამზადებდნენ საჭმელს და რეცხავდნენ ჭურჭელს. ლოლა და მეთიუ დაინიშნნენ. ელისმა ლიტერატურული პრემია მოიპოვა, ნიუ-იორკში დასახლდა და აილინს ელექტრონულ შეტყობინებებს უგზავნიდა ხოლმე. დეკემბერში აილინს საიმონმა დაურეკა და უთხრა, რომ ელისი დუბლინში დაბრუნებულიყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეწვინათ. აილინი დივანზე იჯდა, ტელეფონი ეჭირა, ეიდანი კი ნიჟარასთან იდგა და თეფშს რეცხავდა. საიმონთან საუბრის დამთავრების შემდეგ აილინი ერთხანს მდუმარედ იჯდა. ეიდანიც დუმდა. „დავცილდეთ“, თქვა აილინმა ბოლოს. რამდენიმე კვირის შემდეგ აილინი და ეიდანი მართლაც დასცილდნენ ერთმანეთს. ეიდანმა ქალს უთხრა, რომ ორივესთვის უმჯობესი იქნებოდა, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ეიდანი მშობლებთან დაბრუნდა, აილინი კი ოროთახიან ბინაში ახალდაქორწინებულ წყვილთან ერთად დასახლდა. ლოლამ და მეთიუმ გადაწყვიტეს, ზაფხულში ქორწილი გადაეხადათ. საიმონი კვლავ სწერდა წერილებს აილინს, დროდადრო სადილად პატიჟებდა, მაგრამ პირადი ცხოვრების საიდუმლოებებს არ უზიარებდა. აპრილში აილინის რამდენიმე მეგობარმა დატოვა დუბლინი ან მალე გამგზავრებას აპირებდა. აილინი მუქ მწვანე ან ყვითელ კაბას იცვამდა, შესაფერისი ქამრით, და გამოსამშვიდობებელ წვეულებებზე დადიოდა. დაბალჭერიან ბინაში, სადაც ქაღალდის აბაჟურები ეკიდა, მას უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ელაპარაკებოდნენ. ჩემი და ივნისში ქორწინდებაო, ეუბნებოდა მათ აილინი. „შესანიშნავია“, პასუხობდნენ მას. „ალბათ, როგორ გიხარიათ“. „ჰო, კარგი ამბავია“, ამბობდა აილინი. „მაგრამ ბედნიერებისა რა მოგახსენოთ“.

ერთხელ, ხუთშაბათ დღეს, აილინი დაესწრო ხელოვნების ცენტრში გამართულ პოეზიის საღამოს, რომლის ორგანიზატორიც მისი ჟურნალი იყო. პატარა მაგიდასთან იჯდა და ბოლო ნომრის ეგზემპლარებს ყიდდა. ირგვლივ ხალხი ირეოდა, ხელში ღვინის ჭიქები ეჭირათ და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, ხანდაზმული მამაკაცი მაგიდაზე დაიხარა და უთხრა, პოეტის თვალები გაქვსო. აილინმა გაიღიმა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს ნათქვამი ვერ გაიგო და თქვა, რომ, მისი აზრით, ლექსების დეკლამაცია, საცაა, დაიწყებოდა. როგორც კი ღონისძიება მართლაც დაიწყო, მან ჩაკეტა ყუთი, სადაც ფულს ინახავდა, მაგიდიდან ჭიქა ღვინო აიღო და მთავარ დარბაზში შევიდა. იქ ოცი თუ ოცდახუთი ადამიანი იჯდა. პირველი ორი რიგი სრულიად ცარიელი იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ხუთი პოეტი, რომლებსაც აერთიანებდათ თემა „კრიზისი“. ორი მათგანი კითხულობდა პირად კრიზისთან დაკავშირებულ ნაწარმოებებს, ხოლო ერთი პოლიტიკური ექსტრემიზმით იყო შთაგონებული. სათვალიანი ახალგაზრდის პოეზია იმდენად აბსტრაქტული იყო, რომ ძნელად მიხვდებოდით, ჰქონდა თუ არა რამე საერთო კრიზისის თემასთან. ბოლო გამომსვლელი იყო გრძელ შავ კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელიც ათი წუთის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, თუ რა ძნელია გამომცემლის პოვნა. მან მხოლოდ ერთი ლექსის – გარითმული სონეტის წაკითხვა მოასწრო. აილინმა თავის ტელეფონში ჩაწერა: „მთვარის სხივები ივნისში კოვზზე ეტევა“. მან აჩვენა ჩანაწერი პაულას, აილინის ასაკის ქალს, რომელიც ცენტრში მუშაობდა. პაულამ ბუნდოვნად გაიღიმა და კვლავ დეკლამატორს მიაჩერდა. აილინმა ჩანაწერი წაშალა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, აილინი და სხვა თანამშრომლები ახლომდებარე ბარს ეწვივნენ. აილინი და პაულა ერთად დასხდნენ, პაულა სვამდა გრეიპფრუტიან ჯინ-ტონიკს, რომელიც უზარმაზარ ჭიქაში ესხა, აილინი კი – ყინულიან ვისკის. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ სცილდებიან ხოლმე ერთმანეთს შეყვარებული წყვილები. პაულა აღწერდა ორწლიანი ურთიერთობის გაჭიანურებულ სტადიას, რომლის დროსაც ის და მისი ყოფილი შეყვარებული ლოთობდნენ და ერთმანეთს წერილებს სწერდნენ, რასაც გარდაუვალად მოსდევდა „ცხარე კამათი ან სექსი“.

აილინმა ვისკი მოსვა. „ეს ცუდია“, თქვა მან, „მაგრამ იმ დროს სექსი ხომ გქონდა. გესმის? თქვენი ურთიერთობა დამთავრებული არ იყო. ეიდანმა რომ სიმთვრალის დროს მომწეროს, ამას შეიძლება კინკლაობა მოჰყვეს, მაგრამ ვიგრძნობ, რომ ვახსოვარ“. „დარწმუნებული ვარ, რომ ახსოვხარ, თქვენ ხომ ერთად ცხოვრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში“, უპასუხა პაულამ. „სწორედ ეს მკლავს“, თქვა აილინმა. „ამდენი წელი გავატარე მის გვერდით და, ბოლოს, უკვე ვეღარ მიტანდა. სწორედ ასე მოხდა. მოვბეზრდი. ალბათ, ეს, გარკვეულწილად, ჩემი ბრალია, არა?“ პაულა მოიღუშა და არა, არაო, უპასუხა. აილინმა გაიცინა და პაულას მკლავზე ხელი მოხვია. „ყველაფერი ეს სამწუხაროა“, თქვა მან. „კიდევ დავლევ“.

თერთმეტ საათზე აილინი თავის საწოლში დაწვა. მოიკუნტა. თვალებქვეშ მაკიაჟი ოდნავ გასთხაპნოდა. ტელეფონის ეკრანზე სოციალური მედიის პროგრამა გახსნა, შემდეგ კი უცებ დახურა, თავის კონტაქტებზე გადავიდა, შეარჩია „საიმონი“ და ზარის ღილაკზე დააწკაპუნა. სამჯერ დარეკა. საიმონმა ყურმილი აიღო.

„გამარჯობა, მე ვარ“, თქვა აილინმა. „მარტო ხარ?“

საიმონი იმყოფებოდა სასტუმროს ნომერში, რომლის ფანჯარაზე სქელი კრემისფერი ფარდები იყო ჩამოფარებული. საწოლის მოპირდაპირე კედელზე დიდი ტელევიზორი ეკიდა. საიმონი საზურგეს ეყრდნობოდა და ლეპტოპი მუხლებზე ედო. „მარტო ვარ“, თქვა მან, „დიახ. ხომ იცი, რომ ლონდონში ვიმყოფები? ყველაფერი რიგზეა?

„ოჰ, დამავიწყდა. უხერხულ დროს დავრეკე? შემიძლია ტელეფონი გავთიშო“.

„არა, უხერხული დრო არაა. პოეზიის საღამოზე იყავი?“

აილინმა უამბო, როგორ გაატარა საღამო. ისიც აუწყა, როგორია მთვარე ივნისში. საიმონს გაეცინა. საღამოზე ტრამპის ლექსიც წაიკითხესო, უთხრა აილინმა. საიმონმა თქვა, ამ ლექსის მოსმენას Embrace of Death-ს მოსმენა მირჩევნიაო. აილინმა ჰკითხა, როგორ ჩაიარა კონფერენციამ ლონდონში და საიმონმა დეტალურად აღწერა „თათბირი”, სახელწოდებით „ევროკავშირის მიღმა: ბრიტანეთის საერთაშორისო მომავალი”. „თათბირში მხოლოდ შუახნის ოთხი სათვალიანი მამაკაცი მონაწილეობდა“, თქვა საიმონმა. „ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს“. აილინმა ჰკითხა, ახლა რას აკეთებო და საიმონმა უპასუხა, რომ მუშაობდა.

„ასე გვიან მუშაობა ჯანმრთელობისთვის მავნეა“, თქვა აილინმა. „სად ხარ, სასტუმროს ნომერში?“

„ჰო“, უპასუხა საიმონმა. საწოლზე იჯდა.

აილინმა მუხლები მაღლა ასწია. ტერფები ლეიბზე ეწყო. საბანი კარავივით ეფარა ფეხებზე. „იცი, რა გჭირდება, საიმონ?“ ჰკითხა მან. „გჭირდება სათნო ცოლი. ხომ ასეა? ცოლი, რომელიც შუაღამისას შენთან მოვა, მხარზე ხელს დაგადებს და გეტყვის: გეყო, გეყო. უკვე გვიანაა. დავიძინოთ“.

საიმონმა ტელეფონი მეორე ყურზე მიიდო. „სასიამოვნო პერსპექტივაა“.

„შენი შეყვარებული მივლინებებში დაგყვება ხოლმე??

„ის ჩემი შეყვარებული არაა,“ თქვა საიმონმა. „უბრალოდ, ქალია, რომელსაც ვხვდები“.

„არ მესმის, რა განსხვავებაა. რა განსხვავებაა შეყვარებულსა და იმ ქალს შორის, რომელსაც ხვდები?“

„არავითარი განსაკუთრებული ურთიერთობა არ გვაკავშირებს“.

აილინმა თვალები მოისრისა. ხელზე მუქი ლაქა დააჩნდა. „ესე იგი, სექსისთვის სხვა ვინმე გყავს, ხომ?“

„არა, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ქალი არსებობს“.

აილინს ხელი ძირს ჩამოუვარდა. ნუთუ საიმონი მას გულისხმობდა? „მერედა, რამდენად ლამაზია ის „სხვა“ ქალი?

„წარმოდგენა არ მაქვს. რატომ კითხულობ?“, გაოცებით იკითხა საიმონმა.

„უბრალოდ, იმას ვგულისხმობ, რომ თუ ის შენზე ნაკლებად ლამაზია, არ შევშფოთდები. მაგრამ თუ შენსავით ლამაზია, მაშინ კარგი იქნებოდა, მენახა.“

„და თუ ის ჩემზე უფრო ლამაზია?“

„წარმოუდგენელია. შეუძლებელია.“

საიმონმა თავი უკან გადააგდო. „იმის თქმა გინდა, რომ ძალიან ლამაზი ვარ? .

„დიახ“.

„ეს თვითონაც ვიცი, მაგრამ მაინც მითხარი“.

აილინმა სიცილით ჩასძახა: „ძალიან ლამაზი ხარ“.

„დიდი მადლობა, აილინ. შენ თვითონაც არა გიშავს!

ქალს კვლავ გაეღიმა – ამჯერად ცალყბად, უხალისოდ, და თმა შუბლიდან გადაიწია.

„წევხარ?“, ჰკითხა მან.

„არა, ვზივარ. იქნებ არ გინდა, რომ დავწვე, სანამ ტელეფონით ვლაპარაკობთ?

„სწორია. არ მინდა.“

„კარგი“.

რამდენიმე კვირის შემდეგ, მაისის დასაწყისში, აილინი ტემპლ-ბარის გავლით დამ-სტრიტისკენ მიდიოდა. მშვენიერი, ნათელი შაბათის საღამო იყო. ქალს მოჩითულ ბამბის კაბაზე ტყავის ქურთუკი მოესხა. პლისის ქურთუკებსა და ჩექმებში გამოწყობილ ჭაბუკებსა და შუახნის მამაკაცებს, რომელთაც წელში გამოყვანილი პერანგები ეცვათ, თვალს არიდებდა და ბუნდოვნად იღიმებოდა. რვის ნახევრისთვის მივიდა ავტობუსის გაჩერებაზე, ძველი ცენტრალური ბანკის მოპირდაპირე მხარეს, ხელჩანთიდან პიტნის საღეჭი რეზინი ამოიღო და პირში ჩაიდო. მალე დედამისმა დაურეკა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ აილინმა დედას უთხრა: „მისმინე, ავტობუსს ველოდები. იქნებ, მოგვიანებით დაგირეკო?“

„მამაშენი დეირდრე პრენდგასტის ამბავმა აღაშფოთა“, თქვა მერიმ.

აილინმა თვალები მოჭუტა, რათა მოახლოებული ავტობუსის ნომერი გაერჩია. თან რეზინს ღეჭავდა. „სამართლიანადაც“, თქვა მან.

„ამის თაობაზე ლოლას ხომ ვერ დაელაპარაკები?“

ავტობუსმა ისე ჩაიარა, რომ არ შეჩერებულა. აილინმა შუბლზე ხელი გადაისვა. „მამა გაბრაზებულია ლოლაზე“, თქვა მან, „და შენ შემოგჩივის, შენ კი მე შემომჩივი. ბოლოს გამოდის, რომ ლოლას მე უნდა დაველაპარაკო. შენი აზრით, ეს გონივრულია?

„კარგი, დაივიწყე“.

ახლა სხვა ავტობუსი მოვიდა და აილინმა დედას უთხრა, უნდა წავიდე, ხვალ დაგირეკავო.

როცა ავტობუსი გაჩერდა, აილინი ავიდა და წინა კართან ახლოს დაჯდა. სანამ ავტობუსი ქალაქის ცენტრიდან სამხრეთის მიმართულებით მიდიოდა, ქალმა ტელეფონში, რუკის აპლიკაციაში, ბარის სახელწოდება ჩაწერა. ეკრანზე მოციმციმე ლურჯი წერტილი ამოძრავდა. საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩვიდმეტი წუთის სავალი იყო. აილინმა აპლიკაცია დახურა და ლოლას მისწერა.

აილინი: „გამარჯობა, დეირდრე რატომ არ დაპატიჟე შენს ქორწილში?“

ოცდაათ წამში პასუხი მიიღო.

ლოლა: „ალბათ, დედამ და მამამ ფული გადაგიხადეს, რომ ბინძური სამუშაო მათ ნაცვლად შეასრულო“.

ამ შეტყობინების კითხვისას აილინი შეიჭმუხნა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. შემდეგ დაწერა:

აილინი: „მაშასადამე, ოჯახის წევრებს არ პატიჟებ ქორწილში? ხვდები, რა უგუნურად იქცევი?“

აილინი შეტყობინებების გვერდიდან გამოვიდა და რუკა კვლავ გახსნა. მიხვდა, რომ დანიშნულების ადგილს მიახლოებოდა და ავტობუსიდან ჩამოვიდა. ხშირ-ხშირად უყურებდა ტელეფონს, სანამ ეკრანზე ლურჯი ტექსტი გამოჩნდებოდა: „დანიშნულების ადგილას იმყოფებით“. საღეჭი რეზინი ფოლგაში გაახვია და ნაგვის ურნაში ჩააგდო.

წითელი ნათურებით განათებული, დივნებითა და დაბალი მაგიდებით გაწყობილი ოთახი, რომელშიც აილინი დახურული ვერანდიდან შევიდა, ისეთივე მყუდრო იყო, როგორიც – ძველებური მისაღები დარბაზები. აილინს მაშინვე მიესალმა რამდენიმე მეგობარი და ნაცნობი, რომლებმაც ჭიქები ძირს დააწყეს და დივნებიდან წამოხტნენ. დარაქის დანახვისას აილინმა მხიარულად წარმოთქვა: „გილოცავ დაბადების დღეს!“ ამის შემდეგ სასმელი მოითხოვა და ერთ-ერთ – ოდნავ წებოვან – ტყავის დივანზე, თავისი მეგობრის, პაულას გვერდით დაჯდა. ტელეფონი შეამოწმა და შეამჩნია, რომ ლოლას ახალი შეტყობინება გამოეგზავნა.

მან ცოტა ხანს უყურა ეკრანს. შემდეგ ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო. იქვე მჯდარი ქალი, სახელად როიზინი, ჰყვებოდა ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ გატეხეს მისი ფანჯარა, რომლის შეკეთებაზე სახლის მეპატრონე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. ამის შემდეგ ყველამ დაიწყო თავ-თავიანთი ისტორიების მოყოლა. ასე გავიდა ერთი საათი, ორი საათი. პაულამ კიდევ ერთხელ შეუკვეთა სასმელები. გამოიტანეს ვერცხლის თეფშები ცხელი საჭმლით: კოქტეილის ძეხვეულით, კარტოფილით, მოლაპლაპე წვენში ჩაწყობილი ქათმის ფრთებით. თერთმეტს ათი წუთი რომ დააკლდა, აილინი ადგა, აბაზანისკენ წავიდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ახალი შეტყობინებები არ მოსვლია. მან თვალი გადაავლო წუხანდელ მიწერ-მოწერას საიმონთან.

აილინი: სახლში უსაფრთხოდ ხარ?

საიმონ: ჰო, ახლახან მოგწერე.

საიმონ: შეიძლება საჩუქარი გიძღვნა.

აილინი: მართლა ??

საიმონი: გაგიხარდება.

საიმონი: ხვალ საღამოს დაკავებული ხარ?

აილინი: კი.

აილინი: დარაქის დაბადების დღეა. მაპატიე.

საიმონი: კარგი.

საიმონი: ამ კვირაში გნახავ??

აილინი: დიახ.

ეს ბოლო შეტყობინება იყო. აილინი საპირფარეშოში შევიდა, შემდეგ ხელები დაიბანა, სარკეში ჩაიხედა, ტუჩსაცხი ხელახლა წაისვა. სააბაზანოს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. აილინმა მიაძახა, ერთი წამით მაცადეთო. უაზროდ იყურებოდა სარკეში. ხელებით სახის კანი ჩამოიწია, ისე, რომ თავის ქალას ძვლები გამოკვეთილიყო. მკაცრი და უცნაური გამომეტყველება ჰქონდა თეთრი ფლუორესცენტური სინათლის სხივებში. ის ვიღაც კვლავ აკაკუნებდა კარზე. აილინმა ჩანთა მხარზე გადაიგდო, კარი გამოაღო და ბარში დაბრუნდა.

პაულას გვერდით ჩამოჯდა და ნახევრად ცარიელი ჭიქა აიღო. ყინული გამდნარიყო. „რაზე ვსაუბრობთ?“, ჰკითხა პაულას. პაულამ უპასუხა, რომ კომუნიზმზე საუბრობდნენ. „ახლა ყველა ამაზე ლაპარაკობს“, თქვა აილინმა. „საოცარია. როდესაც პირველად დავინტერესდი მარქსიზმით, ხალხი დამცინოდა. ახლა კი ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა. იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს კომუნიზმი განადიდოს, უბრალოდ, ვეტყვი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ამხანაგებო“. ყოველგვარი წყენის გარეშე. მუშათა კლასს ნათელი მომავალი აქვს“. როიზინმა ჭიქა ასწია. დარაქმაც. აილინი იღიმებოდა. თითქოს ოდნავ მთვრალი იყო. „სად გაქრა თეფშები?“ იკითხა მან. მამაკაცმა, სახელად გერიმ, რომელიც მის პირდაპირ იჯდა, განაცხადა: „სინამდვილეში აქ მუშათა კლასი არ არსებობს“. აილინმა ცხვირი მოისრისა. „ჰო“, თქვა მან, მარქსი არ დაგეთანხმებოდა, მაგრამ მესმის, რასაც გულისხმობ“.

„ადამიანებს სიამოვნებთ იმის მტკიცება, რომ ისინი მუშათა კლასსს მიეკუთვნებიან“, თქვა გერიმ. „მაგრამ აქ მუშათა კლასის წარმომადგენლები ნამდვილად არ არიან“.

„მართალია, მაგრამ ყველა მუშაობს და ბინის ქირას უხდის სახლის მეპატრონეს“, თქვა აილინმა.

გერიმ წარბები ასწია და შეეპასუხა, „ეს არ ნიშნავს, რომ მუშათა კლასი ხართ. მუშაობა მუშათა კლასად არ გაქცევთ. ის, რომ ხელფასის ნახევარს ბინის ქირაზე ხარჯავთ, რომ არ ფლობთ არავითარ ქონებას, რომ ექსპლუატაციას განიცდით თქვენი უფროსის მხრივ, მუშათა კლასად არ გაქცევთ, ხომ ასეა?“ და გაღიზიანებული სიცილით განაგრძო: “როგორ ფიქრობთ, შეიძლება მამათქვენის BMW-თი იაროთ და მერე თქვათ, რომ მუშათა კლასის წარმომადგენელი ხართ, რადგან თქვენს უფროსს ვერ ეგუებით?“

აილინმა სასმელი დალია. „სხვათა შორის, თქვენ არ მიცნობთ. არ ვიცი, რატომ ამბობთ, რომ აქ მუშათა კლასის წარმომადგენლები არ არიან. თქვენ ხომ არაფერი იცით ჩემს შესახებ.“

„ვიცი, რომ ლიტერატურულ ჟურნალში მუშაობთ“, თქვა გერიმ.

„ღმერთო ჩემო, განა ამის გამო ბურჟუაზიას მივეკუთვნები?“.

დარაქმა შენიშნა, რომ, მისი აზრით, ერთსა და იმავე ტერმინს – „მუშათა კლასი“ – ისინი ორი განსხვავებული ჯგუფის აღსაწერად იყენებდნენ: ერთი მათგანია მრავალრიცხოვანი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც შრომითი შემოსავალი აქვთ, ხოლო მეორე – ამ ჯგუფის ღატაკი (ძირითადად, ქალაქში მცხოვრები) ნაწილი, თავისი განსაკუთრებული კულტურული ტრადიციებით. პაულამ განაცხადა, საშუალო კლასის წარმომადგენელი შეიძლება სოციალისტი იყოსო, ხოლო აილინმა თქვა, საშუალო კლასი არ არსებობსო. შემდეგ საყოველთაო კამათი დაიწყო. აილინმა კიდევ ერთხელ შეამოწმა ტელეფონი. ახალი შეტყობინებები არ ჩანდა. 23:21 იყო. მან ჭიქა გამოსცალა და ქურთუკი ჩაიცვა. შემდეგ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა სტუმრებს და მივდივარო, შესძახა. „დაბადების დღეს გილოცავ, დარაქ! მალე ისევ შევხვდებით“. ისეთი ხმაური იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შენიშნა აილინის წასვლა. ათი წუთის შემდეგ აილინი სხვა ავტობუსში ავიდა, რომელიც ქალაქის ცენტრში ბრუნდებოდა. ფანჯარასთან დაჯდა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სოციალური ქსელების გვერდზე ჩაწერა „ეიდან ლავინი“. შემდეგ მექანიკურად, რამდენიმე დაწკაპუნებით გადავიდა „სასწაული გოგოს“ გვერდზე. ავტობუსი სენტ-მერის კოლეჯთან გაჩერდა. კარები გაიღო და მგზავრები ჩავიდნენ. ავტობუსი რომ დაიძრა, აილინის გვერდით ვიღაც დაჯდა. ქალმა შეხედა და თავაზიანად გაუღიმა. შემდეგ ეკრანს ჩააშტერდა. ორი დღით ადრე მომხმარებელმა „სასწაულმა გოგომ“ გამოაქვეყნა ახალი ფოტო, წარწერით: „შეხეთ, რა მოხდა“. ფოტოსურათზე გამოსახული იყო თვით „სასწაული გოგო“, რომელიც შავთმიან კაცს ეხვეოდა. მამაკაცი მონიშნული იყო, როგორც ეიდან ლავინი. აილინმა პირი დააღო, შემდეგ ისევ მოკუმა. ფოტო გაადიდა. მამაკაცს წითელი ველვეტის ქურთუკი ეცვა. ქალი მას ლამაზი, ფაფუკი მკლავებით ეხვეოდა. ფოტოს ოცდაოთხი მოწონება მიეღო. ავტობუსი ახლა სხვა გაჩერებას უახლოვდებოდა. აილინმა ფანჯარაში გაიხედა. წამოდგა და გვერდით მჯდომ მგზავრს ჩაუარა. კარები რომ გაიღო, სწრაფად ჩაიარა ავტობუსის საფეხურები და მძღოლს მადლობა გადაუხადა.

შუაღამე ახლოვდებოდა. ჩაბნელებული ვიტრინების თავზე ბინების ფანჯრებიდან ყვითელი შუქი იფრქვეოდა. აილინმა ქურთუკი შეიკრა და ხელჩანთა მხარზე გადაიკიდა. სიარულისას კიდევ ერთხელ ამოიღო ტელეფონი და ხელახლა დააკვირდა ფოტოს. შემდეგ ჩაახველა. ქუჩაში ჩამიჩუმი არ ისმოდა. აილინმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ხელები ქურთუკზე მოისვა, თითქოს იწმენდდა. ქუჩა გადაჭრა და ნაბიჯს აუჩქარა, ბოლოს მიადგა აგურის მაღალ სახლს, რომლის ჭიშკრის უკან პლასტმასის ექვსი სანაგვე ყუთი იდგა. ზევით აიხედა, უცნაურად გაიცინა და, ჩვეულებისამებრ, შუბლი ხელით მოისრისა. სადარბაზოს კარზე ზარი დარეკა. გავიდა ხუთი წამი. ათი წამი. თხუთმეტი წამი. აილინი თავს აქეთ-იქით აქნევდა და ტუჩებს აცმაცუნებდა, თითქოს წარმოსახულ თანამოსაუბრეს ელაპარაკებოდა. ოცი წამი გავიდა. აილინი წასასვლელად გაემზადა. უეცრად პლასტიკური დინამიკიდან საიმონის ხმა გაისმა: „დიახ?“ აილინი შემოტრიალდა, დინამიკს შეხედა და არაფერი უთქვამს. „დიახ?“, გაიმეორა საიმონმა.. ქალმა ღილაკს თითი დააჭირა.

„გამარჯობა“, თქვა აილინმა. „მე ვარ. მაპატიე“.

„აილინ, შენ ხარ?“

„დიახ, მაპატიე.

„კარგად ხარ“? ჰკითხა საიმონმა. „ამოდი, კარს გაგიღებ“.

კარის გაღების ხმა გაისმა და აილინი სადარბაზოში შევიდა. იქაურობას კაშკაშა ნათურა ანათებდა. ვიღაცას ველოსიპედი საფოსტო ყუთებზე მიეყუდებინა. კიბეზე ასვლისას აილინმა გაჩეჩილი თმა ფრთხილად შეისწორა. შემდეგ დახედა ტელეფონს, რომელიც 23:58-ს აჩვენებდა და ქურთუკი გაიხსნა. საიმონს თავისი ბინის კარი უკვე გაეღო. ფეხშიშველი იდგა. როგორც ჩანს, დერეფნის შუქი თვალს სჭრიდა. ნამძინარევი და ოდნავ შეშუპებული სახე ჰქონდა.

„ღმერთო ჩემო, ბოდიში!“, წამოიძახა აილინმა. „უკვე იწექი?“

„ყველაფერი რიგზეა?“, ჰკითხა საიმონმა.

ეილინმა თავი დახარა, თითქოს დაღლილობის ან დარცხვენის გამო და თვალები დახუჭა. რამდენიმე წამი გავიდა, სანამ თვალებს გაახელდა და უპასუხებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. „დარაქის სახლიდან მოვდიოდი და შენი ნახვა მომინდა. რატომღაც მეგონა, რომ არ გეძინებოდა. ვიცი, რომ გვიანაა.“

„გვიანი სულაც არ არის. შემოხვალ?“

ეილინს თვალები არ აუწევია. დაძაბული ხმით წაილუღლუღა: „არა, არა, წავალ. რა სულელურად მოვიქეცი. მაპატიე“.

საიმონმა ცალი თვალი მოწკურა და კიბის ზედა საფეხურზე მდგარ აილინს შეხედა. „ამას ნუ ამბობ“, თქვა მან. „შემოდი, ცოტა დავლიოთ“.

აილინი მას უკან გაჰყვა. სამზარეულოში მხოლოდ ერთი ნათურა ენთო. აილინმა ქურთუკი და ფეხსაცმელები გაიხადა. შემდეგ საიმონთან მივიდა. შეჩერდა და თავი დახარა.

„საიმონ“, მიმართა მან, „ერთი სათხოვარი მაქვს შენთან. თუ უარს მეტყვი, საწყენად არ დამრჩება“.

„თქვი“.

„შეიძლება შენთან ერთად დავიძინო ამაღამ?“

სანამ პასუხს გასცემდა, საიმონმა წამით თვალი შეავლო. „ჰო“, თქვა მან, „რა თქმა უნდა. დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი რიგზეა?“

აილინმა თავი დაუქნია. საიმონმა ონკანიდან ჭიქაში წყალი დაუსხა და ისინი საძინებელში შევიდნენ. ეს იყო კოპწია ოთახი, მუქი იატაკით. ცენტრში ორადგილიანი საწოლი იდგა. საბანი გადაწეული იყო. საწოლთან ნათურა ენთო. კარის მოპირდაპირე მხარეს, ფანჯარაზე, ფარდა იყო ჩამოფარებული. საიმონმა ნათურა ჩააქრო. აილინმა ღილები გაიხსნა, კაბა გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა. დაწვნენ. აილინმა ცოტა წყალი მოსვა და გვერდზე გადაბრუნდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში დუმდნენ. საიმონი ქალისკენ ზურგშექცეული იწვა. მხოლოდ კეფა და მხარი უჩანდა. „ჩამეხუტები?“, ჰკითხა აილინმა. საიმონი წამით შეყოყმანდა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ შემდეგ შემობრუნდა და მკლავი მოხვია, თან წაიბუტბუტა: „რა თქმა უნდა“. მათი სხეულები ერთმანეთს შეეწებნენ… ის ღამე ერთმანეთის ალერსში გაატარეს.

ტელეფონის მაღვიძარამ დილის რვა საათზე ორივე გააღვიძა. საიმონმა იდაყვზე წამოიწია ზარის გამოსართველად. აილინი ზურგზე იწვა და თვალებს თითებით ისრესდა. ჟალუზის კიდეებქვეშ დღის სინათლე აღწევდა. „რა გეგმები გაქვს ამ დილას?“, ჰკითხა ქალმა. საიმონმა ტელეფონი კვლავ ტუმბოზე დადო. „ცხრა საათზე წირვაზე უნდა წავსულიყავი“, თქვა მან. „მაგრამ შემიძლია მოგვიანებით წავიდე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“. აილინი თვალებდახუჭული იწვა. ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა. გაწეწილი თმა ბალიშზე ეფინა. „შეიძლება, რომ შენთან ერთად წამოვიდე?“ საიმონმა უბრალოდ უპასუხა: „რა თქმა უნდა, შეიძლება“. ისინი ერთად წამოდგნენ საწოლიდან. სანამ აილინი ბანაობდა, საიმონი ყავას ხარშავდა. აბაზანიდან გამოსულ აილინს ტანზე დიდი თეთრი პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. მათ ერთმანეთი გადაკოცნეს. „რა მოხდება, თუ წირვის დროს ცოდვილი აზრები გამიელვებს?“, ჰკითხა აილინმა. საიმონი კეფაზე მოეფერა, იქ, სადაც თმა ჯერ კიდევ სველი იყო. „წუხანდელი ღამის შესახებ? ცუდი არაფერი ჩაგვიდენია“. აილინმა მხარზე აკოცა. სანამ ქალი იცვამდა, საიმონი საუზმეს ამზადებდა. ცხრას რომ რამდენიმე წუთი აკლდა, ისინი სახლიდან გამოვიდნენ და ეკლესიისკენ გაემართნენ. ეკლესიაში გრილოდა. იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ნესტის და საკმევლის სუნი იდგა. მღვდელმა წაიკითხა ნაწყვეტი ლუკას სახარებიდან და დაიწყო ქადაგება თანალმობის შესახებ. ზიარების დროს გუნდი გალობდა: „აჰა, მე მივიდე ძეთა მიმართ ისრაელისათა“. აილინი უყურებდა საიმონს, რომელიც რიგში იდგა მრევლის სხვა წევრებთან ერთად. მრევლის უმრავლესობა მოხუცებულები იყვნენ. გალერეაზე გუნდი გალობდა: „ვყო ბნელი მათი ნათლად“. აილინი ადგილს ინაცვლებდა, რათა დაენახა, როგორ მივიდა საიმონი საკურთხეველთან და ზიარება მიიღო, შემდეგ შეტრიალდა და პირჯვარი გადაიწერა. აილინს ხელები მუხლებზე ეწყო. საიმონი უზარმაზარ გუმბათს აჰყურებდა და უხმოდ ლოცულობდა. ქალი გამომცდელად უმზერდა. საიმონი დაბრუნდა, აილინს გვერდით მიუჯდა და ხელზე ხელი დაადო. მძიმე და ძალზე უძრავი ხელი ჰქონდა. შემდეგ საიმონმა დაიჩოქა. სევდიანი ან სერიოზული გამომეტყველება არ ჰქონია, უბრალოდ, მშვიდი იყო. ტუჩებს აღარ ამოძრავებდა. აილინი ყურადღებით აკვირდებოდა მას. ბოლოს საიმონმა კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და ისევ ქალის გვერდით დაჯდა. აილინმა მისკენ ხელი გასწია, საიმონმა კი ეს ხელი აიღო და ცერა თითით ეფერებოდა. ასე ისხდნენ, სანამ წირვა დასრულდებოდა. ქუჩაში ისინი კვლავ იღიმებოდნენ. იდუმალი ღიმილით. გრილი, ნათელი დილა იყო. შენობების თეთრ ფასადებზე მზის შუქი ირეკლებოდა. გამვლელები ძაღლებს ასეირნებდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. საიმონმა აილინს ლოყაზე აკოცა და ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

 

The New Yorker

5 ივლისი, 2021

© არილი

Facebook Comments Box