ახალი ამბები,  ინტერვიუ

ინტერვიუ ნესტან კვინიკაძესთან – “საბა” და ჟიურის წევრობის გამოცდილება

არილი გაესაუბრა მწერალ ნესტან კვინიკაძეს, რომელიც 2021 წელს “საბას” ჟიურის წევრი იყო.

 

როგორ შეაფასებთ „საბასდა მის ოცწლიან ისტორიას?

პოსტრევოლუციურ საქართველოში, მაშინ, როდესაც ყველაფრის მსგავსად, საგამომცემლო ბიზნესიც რთულ მოცემულობაში იყო, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წიგნისა და ლიტერატურის ცენტრში მოქცევას: ეს განაპირობებდა მოტივაციას სფეროში ჩართული ყველა ადამიანისთვის; მოიზიდავდა მკითხველს და, სწორი მუშაობის შემთხვევაში, ერთი მხრივ, მომგებიანი ბიზნესი გახდებოდა, მეორე მხრივ კი, დამოუკიდებელი საქართველოს ლიტერატურის პოტენციალს გამოკვეთდა და მკითხველს თანამედროვე ავტორებთან მიიყვანდა. ასეც მოხდა.

„საბა“ წლიდან-წლამდე ვითარდებოდა, მრავალფეროვნების, გენდერული ბალანსისა თუ დაჯილდოების ცერემონიის ფორმის მიმართულებით.

„საბასთან“ ჩემი, როგორც ავტორის, საგულისხმო ამბავი ისაა, რომ, რეალურად, მხოლოდ ერთხელ დამწყდა გული: 24 წლის ვიყავი და 2005 წელს სადებიუტო რომანით “ისპაჰანის ბულბულები” ლიტერატურული დებიუტის მოკლე სიაში აღმოვჩნდი, რატომღაც, გამარჯვებასაც ველოდი. ალბათ, მეგონა, ის უნდა დამფასებოდა, იმხანად გამეფებულ გამოწვევას რომ არ ავყევი და გათხოვებას რომანის წერა ვარჩიე, მაგრამ ასე არ მოხდა. მართლა სხვა დრო იყო. ნახეთ 2005 წლის გამარჯვებულთა სია. არცერთი ქალი!

დღეს რადიკალურად შეცვლილია სურათი. გადაჭარბების გარეშე, ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებში ყველა ჩვენგანს მცირე და დიდი წვლილი მიუძღვის.

რას ფიქრობთ წლევანდელ გამარჯვებულებზე, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები? სხვა ფავორიტები ხომ არ გყავდათ?

წლევანდელ სელექციას სრულფასოვნად არ ვიცნობ, თუმცა, ჩემი მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა.

ხომ არ ყოფილა ისეთი წიგნები ან ავტორები, რომლებიც მოკლე სიის მიღმა დარჩნენ, თუმცა, თქვენი აზრით, ფინალისტობას იმსახურებდნენ?

პირველი, ვინც მახსენდება, დებიუტში ნომინირებული ვალერი ოთხოზორიაა, რომელმაც ქართულენოვან მკითხველს მარკიზ დე სადის ცნობილი “ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი” ფრანგულიდან უთარგმნა. ავტორი სულ რაღაც  34 წლისაა, ბრწყინვალედ თარგმნა სადის სპეციფიკური, მოუხელთებელი და ცეცხლმოკიდებული წიგნი. უცნაური იყო მისი მოკლე სიის მიღმა დარჩენა. თუმცა, ასეც ხდება ხოლმე…

ჩემი წიგნიც მოკლე სიის მიღმა აღმოჩნდა. „პულოვერში” ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში წარადგინა გამომცემლობა „ინტელექტმა”. თუმცა შედეგი აბსოლუტურად ჯანსაღად მივიღე. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ჟიურის წევრთა შეძულებისა და მათი ლანძღვის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ გამხდარა. ზოგადად, ვფიქრობ, გასული წლის კატაკლიზმებმა, ჟიურის წევრებზე თავდასხმამ, მათ მიმართ მოკლე სიის მიღმა დარჩენილთა უხამსმა და უსამართლო შეფასებებმა, რაღაც ტიპის ცვლილებაც მოიყოლა და წელს, ამ თვალსაზრისით, თავშეკავებამ დაისადგურა. როგორც ჩანს, საკუთარი თავი განრისხებული ავტორის ფორმაში არავის მოეწონა.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში გასულ წელს დაემატა ნომინაციათა სიას. თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი წარსულის ანალიზი და  საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილებების ტექსტად ქცევა?

დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვების შემდეგ იდენტობის სხვაგვარი პრობლემები ჩნდება. ამ მხრივ, ჩვენ დღემდე ურთულესი გამოწვევები გვაქვს. ხსოვნის ტყუილისაგან გათავისუფლების ერთადერთი შანსი საბჭოთა წარსულის კვლევა, სხვა პერსპექტივის პოვნა და ამის ფურცელზე ოსტატურად გადატანა მგონია. არამხოლოდ ავტორებისა და მკითხველის – ეს ჩვენი, საზოგადოების საერთო, უკეთესი ცხოვრების აუცილებელი სავარჯიშოა. მხოლოდ ასე გავთავისუფლდებით.

2021 წელს „საბასჟიურის წევრი იყავით. რამდენად რთული იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა? როგორ შეთანხმდით გამარჯვებულთა ვინაობაზე?

“ლიტერატურული სამკუთხედის” დისციპლინიდან გამომდინარე, წიგნების დიდი ნაწილი უკვე წაკითხული მქონდა, რაც ჩემთვის საქმეს აიოლებდა.

ვმუშაობდით ისე, როგორც საკუთარი თავმოყვარეობა და გამოცდილება გვაძლევდა ამის საშუალებას. განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციით დებიუტის მასალას ვეცნობოდით.

პრინციპულები ვიყავით, როცა პოეზიის ნომინაციაში ჩვენ მიერ უკვე ლაურეატად დასახელებული, მოულოდნელად გარდაცვლილი ნუგზარ ზაზანაშვილი მაინც გამარჯვებულად დავასახელეთ.

ჩვენზე ამბობდნენ, მეტისმეტად მოკლე სია ჰქონდათო. ახლა გაგიმხელთ, ერთ-ორ შემთხვევაში უფრო მოკლეც იგეგმებოდა…

ყველაზე რთული იმ მოკლე სიისთვის თვალის გასწორებაა, სადაც შენი მეგობრები არ არიან. ესეც გამოვცადე.

ყველაზე უსამართლო კი – თარგმანის ნომინაციაში, ნამდვილ ტიტანებში მხოლოდ ერთის ან მაქსიმუმ ორი წიგნის გამორჩევა.

ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულები ზოგჯერ უმარტივესად ვთანხმდებოდით, რაღაც საკითხებზე კი ამ დრომდე ვერ შევთანხმდით. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ესაა ცოცხალი პროცესი. გასულ წელს “საბას” ჟიურის წევრებთან ერთად მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებაა.

© არილი

Facebook Comments Box