ცარიელ ცაზე ერთადერთი თვითმფრინავი გამოჩნდა და თბილისის აეროპორტში დაეშვა. მას ჩამოჰყვა პიერი ნუარი. აეროპორტიდან წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროსკენ გაემართა, რათა თავისი მცირე ბარგი დაეტოვებინა, რის შემდეგაც, ისე რომ ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობისგან არ დაუსვენია – ქუჩაში გავიდა. კითხვა-კითხვით მიაგნო ქუჩას, სადაც შეხვედრა იყო დათქმული და ცოტა გაუკვირდა, რადგან საქმეზე შესახვედრად თვითონ არასოდეს ამოარჩევდა ასეთ ხალხმრავალ ადგილს, პირდაპირ ქალაქის ცენტრში; მაგრამ შეხვედრა გაბურძგნულმა დაუნიშნა, პიერი ნუარის კი არასოდეს მოუვიდოდა თავში მისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვის შეტანა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქუჩა, რომელიც მანქანებით იყო სავსე და უცნაური, ყავისფერი კორპუსები; ცალი მხრით კედელს მიეყრდნო; ცრიდა და გამჭოლი, ცივი ქარი ქროდა. ნუარი პიერიმ კისერი რაც შეეძლო ღრმად ჩამალა პალტოს აკეცილ საყელოში.
არკაში იდგა – ჭრელაჭრულა, სხვადასხვა ზომისა და ფერის აბრებთან – აქ იყო ქსეროქსი, პონჩიკები და ასევე ფოტოგადაღება – ნუარი პიერიმ მათაც შეავლო გულგრილად თვალი, მაგრამ ინტერესი არ გამოუჩენია – უცნაურ რკინის ყუთებში დატანებულმა ვიწრო ფანჯრებმა უფრო მიიქცია მისი ყურადღება, საიდანაც დროდადრო ერთი-ორი წყვილი თვალი აკვირდებოდა; მაგრამ ამას დიდად არ შეუწუხებია – გაბურძგნულის დარიგებისამებრ, გადაწყვიტა ცნობისმოყვარეებისთვის ყურადღება არ მიექცია.
ნუარი პიერი უკვე საფუძვლიანად ჰყავდათ შესწავლილი პონჩიკებისა და ქსეროქსის წერტილების მფლობელებს. როდესაც გაბურძგნული გამოჩნდა – ერთმანეთს მეგობრულად, თუმცა თავშეკავებულად მიესალმნენ. გაბურძგნულიც იბუზებოდა და ცდილობდა კისერი საყელოში ჩაემალა, მაგრამ პიერი ნუარივით მაღალი საყელო არ ჰქონდა. პიერი ნუარიმ ახლაც დაიჭირა საკუთარი თავი – თუ როგორ ცდილობდა გაბურძგნულის ფიზიონომიაში, თაფლისფერი თვალების გამოხედვაში ან თავდაჭერაში დაენახა მისი ძალაუფლების ნაწილი მაინც – მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა. გაბურძგნული დაიჭყანა და ამინდს შეაგინა.
მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობის მიუხედავად, რომელიც მეგობრობასაც კი ჰგავდა, არცერთს არ ავიწყდებოდა, რომ პროფესიული ურთიერთობის საზღვრები მკაცრად უნდა დაეცვათ. რამდენიმე სიტყვა გაცვალეს, მისალმების, მოკითხვისა და მცირე პაუზის შემდეგ კი გაბურძგნულმა მიიხედ-მოიხედა და ისე, რომ მოთვალთვალეები სათვალავში არ ჩაუგდია, ჯიბიდან უჯრებიან, უხეშ ქაღალდში არცთუ ისე მარჯვედ გახვეული ნივთი ამოიღო და ნუარი პიერის გადასცა; ბუნებრივია, მოთვალთვალეებს ამანათის დანახვამ ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაუღვივა – ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ქაღალდში დამალული, დაწყებული პონჩიკებიდან, დამთავრებული – თუკი ისინი საკუთარ ფანტაზიას გასაქანს მისცემდნენ – რაიმე კანონსაწინააღმდეგო სუბსტანციით ან ნივთით, მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღით. და ასეც იყო. გაბურძგნულმა პიერი ნუარის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის ინსტრუმენტი გადასცა – იმან კი სწრაფად გაიქანა ჯიბეში – მისთვის უცნაური იყო იარაღის მიღება ასეთ ხალხმრავლობაში, მაგრამ გაბურძგნულის გადაწყვეტილებაში არც ახლა შეუტანია ეჭვი.
არკაში ცოტა უფრო ღრმად შეიწიეს, რათა ცივი ჟინჟლისთვის, რომელიც ქალაქს თხელ ლიბრად გადაჰკვროდა, თავი აერიდებინათ. საუბარი ერთხანს კიდევ გააგრძელეს – გაბურძგნული რაღაცას უხსნიდა მოკლე, ერთმნიშვნელოვანი ფრაზებით, პიერი ნუარი კი მთელი ყურადღებით უსმენდა და დროდადრო მოკლე თავის დაკვრით უდასტურებდა, რომ ყველაფერი გაიგო.
შეხვედრა დამთავრდა – ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაბურძგნული პირველი გამოვიდა არკიდან – ქვემოთ გაემართა, საითაც მანქანების ნაკადი მიიზლაზნებოდა. ნუარი პიერი ცოტა შეყოვნდა, ყალბი ინტერესით კიდევ ერთხელ შეავლო თვალი პონჩიკებისა და ქსეროქსის ფანჯრებს, შემდეგ კი ისიც დაიძრა – გზა უნდა გადაეჭრა თავის სასტუმროში მოსახვედრად – სასტუმროში მისვლა ეჩქარებოდა, უნდა მომზადებულიყო და იქნებ დასვენებაც მოესწრო – არ ელოდა, თუ ჩამოსვლის საღამოსვე მიეცემოდა შურისძიების ის უტყუარი შანსი, რომელსაც გაბურძგნული დაჰპირდა – იგი ელოდა ხანგრძლივ სამოქმედო გეგმას, მოსამზადებელ სამუშაოებს, დეტალურ გათვლებს – მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მარტივად იყო – ცარიელი შენობა; პირისპირ მოსისხლე მტერთან.
ეს ზუსტად ის იყო, რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდა. გაბურძგნულზე მართლაც ვერავინ იტყოდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა.
სასტუმროში შევიდა – შემოსასვლელში არავინ იჯდა; პირდაპირ გაემართა კიბისკენ. ხელი პალტოს პისტოლეტით ჩამომძიმებულ ჯიბეზე მოიკიდა, რომ იარაღი მოაჯირს არ მიჯახებულიყო.
წყალი სწრაფად გადაივლო – ახლა საწოლზე იჯდა და თვალი კედლისთვის გაეშტერებინა. სასტუმროს უღიმღამო კედლები, სიჩუმე, რომელსაც აბაზანის ღიად დატოვებული კარიდან წვეთების მონოტონური ტკაპუნი არღვევდა – ეს არის, რითაც ნუარი პიერის ბოლო რამდენიმე წლის ცხოვრება შეიძლება შეჯამდეს – მარტოობა, სასტუმროების დაუსრულებელი მონაცვლეობა და მათი მრავალფეროვნების ერთფეროვნება. ნუარი პიერი საწოლიდან, რომელზეც პირსახოცის ამარა იჯდა, წამოდგა, პალტოს ჯიბიდან პისტოლეტს ამოიღო და ქაღალდისგან გაათავისუფლა – ესიამოვნა მისი სიმძიმე, ხელში შეატრიალა და შემდეგ მაგიდაზე დადო.
ნუარი პიერი კვლავ საწოლის კიდეზე ჩამოჯდა – წვეთი, რომელიც მისი შუბლიდან ჩამოგორდა, შხაპიდან შემორჩენილი წვეთი შეიძლება ყოფილიყო, ან საზარელი მოგონებით მოგვრილი ცივი ოფლის წვეთი. საწოლის ბოლოზეგადაკეცილი შავრლის ჯიბეში საფულე და საფულეში კი ფოტო მოძებნა.ფოტოზე ბლანში ჩანდა – ნუარი პიერის ხუჭუჭა შეყვარებული; მაგრამ ოდესღაც ძვირფას სახეს უკვე დაჰკრაგვოდა საყვარელი ადამიანის ჯადო, ვერც უდარდელი დღეების გასახსენებლად გამოდგებოდა – ეს ყველაფერი გაცრეცილიყო თვითონ ფოტოსავით რომელიც ახლა მხოლოდ ერთ, ბუნდოვან და ამავდროულად ყოვლისმომცველ რამეს აღნიშნავდა – შურისძიებას.იმ ვერაგი მკვლელობის შემდეგ ხუთი, ან თხუთმეტი, ან ცამეტი (კარგად აღარ ახსოვდა რამდენი იყო გასული) წლის მანძილზე ფოტო ყოველთვის თან დაჰქონდა ნუარი პიერის და ყველაზე მძიმე დროს, როდესაც ეჩვენებოდა, რომ ვერასოდეს მოიხელთებდა მტერს, ძალას აძლევდა; და ახლაც, სიხარულიცა და უცნაური, სიმსუბუქემდე მისული მღელვარებაც, რომელიც აქამდე არასოდეს უგრძვნია, გაუმძაფრა – დღეს უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი და ნუარი პიერიც თავისუფალი იქნებოდა. ყოველთვის, როდესაც გაბურძგნულის უსასრულო კავშირების წყალობით მიღებულ კვალზე დამდგარს ეგონა, რომ იდუმალი და დაუნდობელი დამნაშავე უკვე მომწყვდეული ჰყავდა, იგი ხელიდან უსხლტებოდა; ერთი ნაბიჯით მუდამ წინ იყო მასზე – მისი სახეც კი არ უნახავს ნუარი პიერის, მხოლოდ ერთხელ მოჰკრა თვალი მის ზურგს იაპონიაში, ცუკიჯის თევზის ბაზარში, და მეორედ მთელი ტანით დაინახა მილანში, ახალი ჩეხური ოპერის პრემიერაზე – მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოიხელთა, რომ მტკიცე ხელით ბოლო მოეღო მისთვის.
მაგრამ დღეს, გაბურძგნულის სამშობლოში მტერი ვეღარსად წაუვა. ნუარი პიერი საწოლზე წვება, მისი ლამაზი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა სხეული დუნდება და ნუარი პიერის მშფოთვარე თვლემა მოიცავს.
სწორედ ამ დროს იწრთობა მისი ბედი. შეხვედრის ადგილი მზადდება, გადამწყვეტი ბრძოლის არენა – ცივი, ნესტიანი სივრციდან დახურული სპორტული დარბაზის მახინჯი შენობა ამოიზრდება, მის ირგვლივ კი იხლართება ვიწრო, ოკრობოკრო ქუჩების ლაბირინთი – მათი მიგნება სულაც არ არის ადვილი და ღამით სხვა ქუჩებივით არ ჩახჩახდება ლამპიონებით.
* * *
მშფოთვარე თვლემას თავს აღწევს ნუარი პიერი – თავი დამძიმებია და რამდენიმე წამით ვერ ხვდება სად არის – შემდეგ კი უარესი – ვერ ხვდება ვინ არის. საკუთარი თავის შეგრძნება კიდევ უფრო მოსუსტებია – დაღლილობის ბრალი იქნება, ან კლიმატის, რომელსაც მიჩვეული არ არის. მაგრამ ის არცერთ კლიმატს არ არის მიჩვეული. სარკეში იხედება და საკუთარი გამოსახულება უცხოდ ეჩვენება – და თან ძალიან ფერმკრთალი ჩანს. მაგრამ ახლა სიფერმკრთალის და ყოყმანის დრო არ არის. ნუარი პიერი უნდა მოემზადოს.
მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება, იცვამს, პისტოლეტს ჯიბეში იდებს და გარეთ გამოდის, სადაც ქალაქის ხმაური ცოტა ამშვიდებს კიდეც – მაგრამ არც სიმშვიდის დრო არ არის. ტაქსის აჩერებს და პატარა ფურცელს, რომელზეც მისამართი აქვს დაწერილი, ტაქსისტს უჩვენებს.
მგზავრობას დაახლოებით ორმოცი წუთი სჭირდება – ნუარი პიერი უმოძრაოდ ზის უკანა სავარძელში და სველი ფანჯრის მიღმა ქალაქს გაჰყურებს – ოღონდ ვერაფერს ხედავს – ყველა მისი შეგრძნება და ფიქრი ახლა ერთი რამისკენ – მოსალოდნელი შეხვედრისკენ არის მიმართული.
როგორც იქნა ადგილზე არიან; ოკრობოკრო ქუჩებით მიადგებიან სპორტულ დარბაზს, ქალაქის გარეუბნის მიყრუებულ ნაწილში – ირგვლივ ხეები დგას, რომელთა წვრილი, სველი ტანები ბუნდოვნად იკვეთებიან დღის უკანასკნელ, უღიმღამო შუქში. შორიახლოს დგება. ულაზათო სპორტული დარბაზი ამ პირქუშ გარემოში კიდევ უფრო მახინჯი ჩანს. სანამ დღის სინათლე ბოლომდე არ გამქრალა, უმჯობესია თუ შენობას გარედან დაათვალიერებს -ერთხელ დაარტყამს წრეს, აკვირდება მასიურ, ყრუ კედლებს, ყოველ ვიწრო, ჭუჭყიან ფანჯარას, დალუქულ უკანა კარს.
ახლა კი ისღა დარჩენია დაელოდოს – როგორ შევლენ მოთამაშეები დარბაზში და როგორ გამოვა იქიდან ყველა – ერთის გარდა. ქუჩის კუთხეში დგება, ისე რომ თვალში არავის მოხვდეს და თან სპორტული კომპლექსის კარი სულ თვალწინ ჰქონდეს. შემოვლის გამო გატალახიანებული ფეხსაცმლის ძირს ქვაზე შეაწმენდს – პალტოს საყელოს კვლავ აიკეცავს და ხელთათმანიან ხელებს გრძელი პალტოს ჯიბეებში იყოფს.
სულ მალე სიბნელე მალავს ნუარი პიერის, მისი ფეტრის ქუდში კი დროდადრო წყალი გროვდება. მაგრამ სიბნელეზე, რომელსაც ის მოუცავს, კიდევ უფრო შავია მისი ფიქრები – ერთადერთი ლამპიონის შუქი ძლივს სწვდება სპორტული დარბაზის კარს, კედელში მაღლა დატანებული ვიწრო ფანჯრებიდან გამოღწეული შუქი სუსტ ნაკადებად ეშვება ტალახში.
ნუარი პიერი კიდევ ერთხელ გადაღვრის ფეტრის ქუდში დაგროვებულ წყალს და ამ დროს ფეხის ხმასა და ხმადაბალ საუბარსაც გაარჩევს წვიმის შრიალში.
ნუარი პიერის ცისფერი თვალები სიბნელეს გამსჭვალავს – ისინი დიდი სპორტული ჩანთებით, მხიარულ საუბარში გართულები ვერ გრძნობენ ნუარი პიერის არაკეთილმოსურნე მზერას და სპორტული დარბაზისკენ უხვევენ – ნაწილ-ნაწილ მოდიან, ჯგუფებად და ნუარი პიერი თითოეულ მათგანს გაფაციცებით აკვირდება სანამ თვალს მიეფარებიან, მაგრამ არაფერს ეუბნება მათი ბუნდოვანი კონტურები, ბგერების ფაფად გადაქცეული მათი სიტყვები. ნუარი პიერის წამით ეჭვიც კი უჩნდება – ნუთუ მართლა ამ მოყვარულ სპორტსმენებში იქნება მისი უძლიერესი მეტოქე, დაუძინებელი მტერი, რომელიც თავისი ცბიერებისა და მოხერხებულობის წყალობით წლების მანძილზე უსხლტებოდა ხელიდან?
მაგრამ ეს ეჭვის მხოლოდ ერთი წამია – რომლის შემდეგაც კვლავ შეურყევლად სჯერა იმისა, რასაც გაბურძგნული დაპირდა – ამ საღამოს ყველაფერი დამთავრდება.
სპორტსმენები შედიან, ცოტა ხანი სიჩუმე ისადგურებს, მაგრამ მალევე მთელი დარბაზი თამაშის ხმებით გამოცოცხლდება – მოთამაშეთა შეძახილები, იატაკზე მათი სპორტული ფეხსაცმლის ჭრაჭუნი და ბურთის ხეთქების ხმები ნუარი პიერიმდეც აღწევს. შემდეგ კი საბოლოო ნიშანი იმისათვის, რომ შეუძლია იმოქმედოს – შენობიდან მთლიანად შეფუთნული ფიგურა გამოდის და იმ სიბნელეში იკარგება, საიდანაც მოთამაშეები მოვიდნენ – ეს დაცვა უნდა იყოს, რომელიც გაბურძგნულის მიერ არის მოსყიდული – ახლა დარბაზი მთლიანად ნუარი პიერის განკარგულებაშია – კიდევ რამდენიმე წუთი მოიცდის, რათა დარწმუნდეს, რომ მეტი არც შემსვლელი და არც გამომსვლელი აღარ დარჩა – შემდეგ კი შენობისკენ წავა – კართან კიდევ ერთხელ მივა, რათა ირგვლივ მიმოიხედოს – მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა.
ვრცელ შემოსასვლელში პირველ რიგში ჩამრთველს მოძებნის და შუქს გამორთავს. ხედავს სათამაშო მოედანზე შესასვლელ კარს შენობის სიღრმეში, ფართე კიბის თავზე. შემდეგ კარის გასწვრივ, კუთხეში ჯდება – კვლავ უნდა დაელოდოს, ამჯერად თამაშის დასრულებას. შურისძიების დეტალებზე ფიქრობს და მშვენიერი ბლანში ახსენდება, მისი ხელები, შუბლზე ჩამოშლილი კულულები, მისი ზურგი და ასე შემდეგ. მექანიკურად იკიდებს ხელს ჯიბეზე – სადაც ბლანშის ფოტო ეგულება.
უკუნ სიბნელეში ზის ნუარი პიერი – გახურებული თამაშის ხმებს უსმენს – მისი პალტოდან და ფეტრის ქუდიდან წყალი წვეთავს, ცივ ფილებზე ტკაპუნით ეცემა. ნუარი პიერის ცისფერი თვალები ნამდვილი მტაცებლის თვალებივით ელავენ სიბნელეში. მაგრამ ამ გარინდებასა და ლოდინში ნუარი პიერის ნაკლებად მტაცებლური აზრი ეწვევა – სულ ცოტაც, და ნუარი პიერი ჩვეულებრივ ადამიანად გადაიქცევა.
ეს ფიქრი ცოტა არ იყოს ყურადღებას უფანტავს – იმაზე ჩაფიქრდება, თუ რა უნდა ქნას მას შემდეგ, რაც ნამდვილი ადამიანი გახდება – როგორი იქნება ამ ცვლილების მომდევნო დღეები, წლები – და ამ ფიქრებში თვალების მტაცებლური ელვარება იკლებს – მომავლის იმ ნაწილზე ფიქრობს, როდესაც აღარ ექნება ერთადერთი წმინდა მიზანი. ვითომ შეიძლება, რომ ამ დროზე ფიქრში ნუარი პიერის დაავიწყდეს, რომ ეს დრო ჯერ არ დამდგარა? სულ რაღაც წამის მეასედით ასეც ხდება და ეს საკმარისია, რომ როდესაც გამოერკვევა და კვლავ მთელი სიმძაფრით დაუბრუნდება მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობა, ძლიერი მღელვარებაც დაუბრუნდეს.
მაგრამ გარდამტეხი მომენტის მოახლოებისას ყველა ადამიანისთვის ბუნებრივია აღელვება. მით უმეტეს, რომ კალათბურთის დარბაზიდან ხმაური იკლებს. თამაში წყდება – ახლა ნუარი პიერამდე მხოლოდ ხმადაბალი საუბრის ხმა აღწევს და აქა-იქ -ფეხის ხმა, როდესაც მოთამაშეები თავიანთ ნივთების ასაკრეფად ტრიბუნებს მოედებიან – სასიამოვნოდ დაღლილები არ ჩქარობენ, საუბრობენ და ხუმრობენ. ნელ-ნელა ეს ხმებიც იკლებს – პირველი მოთამაშე გამოდის დარბაზიდან და სანამ ვრცელ შემოსასვლელს გადაკვეთს და შენობას დატოვებს, ნუარი პიერის მისი არცერთი მოძრაობა არ რჩება უყურადღებოდ.
ნუარი პიერის ძალიან ფრთხილად მიაქვს პისტოლეტისკენ ხელი – ნუთუ მართლა ღელავს? მაგრამ ვინ არ აღელდებოდა მის ადგილას – ვინ გაუძლებს ცდუნებას, რომ კიდევ ერთხელ გადასინჯოს გონებაში გეგმის ყველა დეტალი. დარბაზიდან სხვა მოთამაშეებიც გამოდიან – ჯგუფ-ჯგუფად კვეთენ შემოსასვლელს და ბოლოს იცლება კიდეც შენობა. საბოლოოდ ისადგურებს სიჩუმე. ამ სიჩუმესა და თითქმის უკუნ სიბნელეში (თუ არ ჩავთვლით სინათლეს, რომელიც კალათბურთის დარბაზის კარიდან გამოდის, მაგრამ ნუარი პიერის კუთხემდე ვერ აღწევს) ნუარი პიერის ეჩვენება რომ ტივტივებს. მის ფეტრის ქუდის კიდეზე კიდევ ერთი წვეთი ფორმირდება და ნუარი პიერი სუნთქვას იკრავს – თითქოს ეს წვეთის ჩამოვარდნას ხელს შეუშლიდეს. ვერც უშლის – წვეთი ქუდს მოწყდება და მის ფილაზე დაცემას მთელ შენობაში გავრცელებული გრუხუნის ხმა ემთხვევა – დარბაზის იატაკზე ბურთის ერთადერთხელ დაცემის ხმა, რომელიც ცოტა ხნით მთელ შენობას ავსებს და მერე ისევ სიჩუმეს უთმობს ადგილს.
ეს ნიშანია და ნუარი პიერი მაშინვე ფხიზლდება, სამოქმედოდ დაეჭიმება ყოველი ძარღვი. უნდა გამოერკვეს თავისი ეჭვებიდან, უადგილო ჩაფიქრებიდან – და მართლაც დაძლევს საკუთარ თავს – კიბეებისკენ ნელა დაიძვრება – შავი, დახვეწილი ფეხსაცმელები ვრცელ ფილებზე კაკუნებენ, მაგრამ აღარც სიფრთხილეა საჭირო – ნუარი პიერი სასწრაფოდ მტაცებლად უნდა გადაიქცეს. მაგრამ ამის საპირისპიროდ, რაც უფრო უახლოვდება დარბაზს, მით უფრო ღრმავდება მისი ეჭვი და მღელვარება – მით უფრო უძლიერდებოდა შეგრძნება – რომ მახეში თავისი ნებით ებმება.
მაგრამ დარბაზში შეაბიჯებს თუ არა, მაღალი ჭერიდან დაფრქვეულ სინათლეში მის ქუდსა და პალტოზე შერჩენილი წვეთები აბრჭყვიალდებიან და ამ სინათლეში ყოყმანისა და მღელვარების ყველანაირი კვალი ქრება – ერთბაშად აუჩქარებს ნაბიჯს – ჯერ დარბაზის მხოლოდ უკაცრიელ ნაწილს ხედავს, მაგრამ იცის, რომ აქ ვიღაცაა – მარჯვნივ მაღალი კედელი აქვს, რომელიც თანდათან დაბლდება და ბოლოს პლატფორმის ოდნავ ამაღლებული კიდეღა რჩება მისგან – ტრიბუნებზე მოხვედრა აქედან შეიძლება – ნუარი პიერი ერთი ხელით პისტოლეტს ჩააფრინდება პალტოს ჯიბეში, მეორეს კი მოაჯირს ჩაავლებს და კიბეებს აირბენს, დარბაზისკენ ზურგშექცეული – უნდა სწრაფად მოიპოვოს უპირატესობა და მთელი მოედანი თვალწინ ჰქონდეს – როდესაც ჩათვლის, რომ საკმარისად მაღლაა, მარცხნივ უხვევს, სკამების რიგებს შორის მიდის, რათა მოედნის შუა ხაზს გაუსწორდეს.
ხედავს დარბაზის შუაგულში დამდგარ კაცს, რომელსაც კარისა და ტრიბუნებისთვის ზურგი შეუქცევია – ნუარი პიერის ასეთი თავხედობა არ უკვირს; მაგრამ ამ უზარმაზარი ბოროტების, თვითონ ეშმაკის უმოძრაო, გამხდარ ფიგურაში სიმშვიდე და თავდაჯერება იგრძნობა. ნუარი პიერი პალტოში პისტოლეტის ტარს წამით ხელს უშვებს რათა ჯიბეშივე შეიმშრალოს – ახლაღა ამჩნევს, რომ უცნობს ხელში ბურთი უჭირავს, თავი კი ჩაუხრია, თითქოს ძალიან საინტერესო დაკვირვებას აწარმოებს კალათბურთის დარბაზის ცუდად შეღებილ იატაკზე. ნუარი პიერი ჩერდება და თითქოს ამას ელოდებოდა, უცნობი ბურთს ხელს უშვებს – მსუბუქი მოძრაობით მოისვრის მოედნის საპირისპირო მხარეს და აუჩქარებლად შემობრუნდება.
ნუარი პიერი შეხედავს და პისტოლეტს შემართავს. მას არ აქვს განზრახული, სანამ მოკლავდეს მტერს თვალი გაუსწოროს ან ღვარძლით სავსე მონოლოგი წაიკითხოს, რომლითაც ბოროტმოქმედს სიკვდილის წინ მიწასთან გაასწორებდა – უბრალოდ უნდა, რომ ესროლოს და მოკლას და ამითი დაასრულოს ყველაფერი. მაგრამ მის სახეს ხედავს და თვალი თვალს უსწორდება. ნუარი პიერი შეშდება – დევნასა და შურისძიებაზე ოცნებაში გასული წლების მანძილზე რა ფორმა აღარ მიუღია მტრის სახეს მის წარმოსახვაში – და არცერთი მათგანი არ გააკვირვებდა; ისეთი სახეც რომ ენახა, რაც მხოლოდ ყველაზე ველური და აღგზნებული ფანტაზიის ნაყოფი შეიძლება იყოს, წამით არ შეყოყმანდებოდა – მაგრამ რასაც ახლა ხედავს, ყველაზე საზარელია და რაც უფრო დიდხანს უყურებს, მით უფრო ლოგიკურადაც ეჩვენება. მთელი ძალით ცდილობს თავი დააღწიოს ამ მოულოდნელი დარტყმის შოკს – რისთვისაც მოვიდა, უნდა გააკეთოს – პისტოლეტს კარგად დაუმიზნებს მტერს, რომელიც არ ინძრევა. ნუარი პიერი მის სახეს პრიალა ლულის ზემოდან უყურებს – ცდილობს გაბურძგნულის გამომეტყველებაში რამე აზრი დაიჭიროს, რაც მის აქ ყოფნას ახსნიდა – და პოულობს კიდეც. ფეტრის ქუდის მიუხედავად სინათლე თვალებს სჭრის – იქნებ სწორედ ამის გამო ეჩვენება, თითქოს გაბურძგნულს სახეზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებდეს? რაც არ უნდა იყოს, გაბურძგნულის ღიმილში ისეთ რამეს ხედავს, რასაც ვერაფრით გადათარგმნის სხვანაირად – ის მისი მტერია, საძულველი მტერი, რომლის მეგობრულად დაგებულ მახეში ფართხალებდა მრავალი წელი, რომელიც ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა თავისივე შექმნილ ლაბირინთში და რომელიც ახლა თვითონ დაეწია ნუარი პიერის.
ყველაფერი გადაწყვეტილია – პირდაპირ თავში უმიზნებს გაბურძგნულს და შემდეგ შიგ გულში. კბილების ორი მწყობრი მწკრივი ერთმანეთს მთელი ძალით აწვება – ნუარი პიერი ჩახმახს გამოჰკრავს და ჭახანი მთელ დარბაზს გააყრუებს – მაგრამ გაბურძგნული ისევ გაუნძრევლად დგას და ნუარი პიერის დამცინავი ღიმილით თვალს არ აცილებს – ჭახანი გარედან შემოჭრილა დარბაზში, ნუარი პიერი ხვდება, სადღაც კარი გაჯახუნდა – მართლაც მახეში გაება, ახდა მისი წინათგრძნობა. კიდევ ორჯერ გამოჰკრავს ჩახმახს და პისტოლეტის ჩხაკუნი იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ გაბურძგნულს თვალები დაახამხამებინოს. ნუარი პიერის, რომელსაც პისტოლეტი ჯერ კიდევ შემართული აქვს, უფრო ძლიერი შიში ეუფლება, ვიდრე ბუნებრივი შიშია დაუნდობელი და ცბიერი მოწინააღმდეგის წინაშე. ახლაც, როგორც სასტუმროში, როდესაც მძიმე ძილისგან გამოფხიზლდა – უცნაური შეგრძნება იპყრობს, თითქოს ეს-ეს არის უნდა გაილიოს ან კვამლივით გაიხსნას ჯერ კიდევ ოფლის სუნით გაჟღენთილ ჰაერში.
მაგრამ არა, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ყველაფერი – ნუარი პიერი გადაწყვეტს უკანასკნელად გაიბრძოლოს. იარაღს დაუშვებს და ბორძიკით გარბის გასასვლელისკენ – რაც უფრო ჩქარა ცდილობს გაიქცეს, მით უფრო ეძალება შიში და ალბათ ამ შიშის გამოა, რომ სხეული მოუქნელი და მსუბუქი უხდება – კიბეებს ფარფატით ჩალევს – წინააღმდეგობას ელოდება გაბურძგნულისგან, ან მისი ხალხისგან, მაგრამ კართან დაუბრკოლებლად მიაღწევს, კარში გასვლისთანავე კი ჩერდება – სიბნელეს უკვე გადაჩვეულა და ახლა ეს სიშავე ყრუ კედელივით აღიმართება მის წინ, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი შეყოყმანებაა – ისევ გარბის, ოღონდ ალალბედზე და ერთხანს მდევარის აუჩქარებელი ნაბიჯების ხმაც ესმის; შემდეგ კი იკარგება შენობაში, რომელიც ლაბირინთს დამსგავსებია – სიბნელემ დააბნია თუ სადაც კარი უნდა ყოფილიყო, იქ ცივი კედელი დახვდა? ამას მნიშვნელობა არ აქვს – ხელის ცეცებით გაჰყვება ამ კედელს – გრძელ დერეფანში აღმოჩნდება, რომელიც დროდადრო უხვევს. ნუარი პიერი სრულიად კარგავს ორიენტაციის შეგრძნებას მაგრამ სირბილს აგრძელებს – დროდადრო მდევრის ფეხის ხმა იკარგება, მაგრამ არც წინ ჩანს რამე. დროდადრო იატაკიდან ამოყრილ ფილებზე წაიბორძიკებს. მისი ფეხსაცმელები არათანაბრად კაკუნებენ და შავბნელ დერეფანს პირქუში ექოთი ავსებენ.
ერთხელაც გალევს დერეფანს და მორიგი მოსახვევის შემდეგ, შორს, ახალი დერეფნის ბოლოში, მბჟუტავ სინათლე შენიშნავს. ეს უკანასკნელი იმედის სინათლეა – ფეხს კიდევ უფრო აუჩქარებს და ამ დროს კვლავ გაიგონებს მდევრის ნაბიჯების ხმას. მოტრიალდება, სიბნელეს დაუმიზნებს და ორჯერ ზედიზედ გამოჰკრავს ჩახმახს – და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ნამდვილი გასროლის ხმა გააყრუებს დერეფანს, ეს ყოვლად უაზრო ქმედებაა. ამ ხმას მაშინვე შეერევა ნუარი პიერის ფეხსაცმელების ნერვული კაკუნი.
რაც უფრო უახლოვდება მბჟუტავ სინათლეს – მით უფრო ეცლება ძალა; ნელ-ნელა ჭუჭყიანი კედლების ტექსტურაც გაარჩევს – თითქოს შენობა ახლა ფორმირდება – მის თვალწინ. ლამაზ ცხვირში ოფლისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მძაფრი სუნი დაეტაკება. სინათლე დერეფნის ბოლოს ღია კარიდან გამოდის – ტუალეტი იქნება, ან გასახდელი. პირქუში სიკვდილი ელოდება პიერი ნუარის. კარში მაინც შედის, რადგან სხვა არაფერია. აქ, სიმყრალის თავზე ერთადერთი ნათურა ბჟუტავს. მისი სინათლე მხოლოდ ბუნდოვნად გამოკვეთს რაღაც უჯრებს, პატარა, მონჯღრეულ კარადებს – მარჯვნივ კი ჭუჭყიან კედლებზე დაკიდებულ დაბზარულ სარკეებში ირეკლება – ოთახის ბოლოს – გასასვლელია კიდევ სადღაც, სხვა ოთახში ან დერეფანში. იქით გადადგამს რამდენიმე ნაბიჯს, მაგრამ წაბარბაცდება და მარჯვენა ხელით კედელს მიეყრდნობა, ასე მიიწევს წინ – კედლის ნაცვლად მალე პირსაბანს დაებჯინება და ამ დროს სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრავს თვალს. ეს ბოლო დარტყმაა – მორიგი ელდისგან ხელი უსხლტება და მთელი ტანით ეხეთქება ნიჟარას – სინამდვილეში სულაც არ ყოფილა მსუბუქი – პირსაბანს ამტვრევს და მსხვილ ნატეხთან ერთად ძირს ეცემა.
ძლიერი ტკივილის მიუხედავად ზურგზე გადატრიალდება – ფეხის ხმა ახლა მკაფიოდ ესმის – ცოტა დროღა აქვს დარჩენილი. იდაყვებს ეყრდნობა და წამოდგომას ცდილობს – მაგრამ არა იმიტომ, რომ გაიქცეს, ან წინააღმდეგობა გასწიოს – მხოლოდ სარკეში ჩახედვა უნდა კიდევ ერთხელ, მაგრამ ადგომა აღარ შეუძლია.
უცებ ფოტო ახსენდება – იქნებ იმან მაინც გასწიოს სარკის მაგივრობა. აკანკალებული ხელით ჯიბიდან საფულეს ამოაძვრენს და ფოტოს მოძებნის – იდაყვს კიდევ ერთხელ დაეყრდნობა და ცდილობს, ფოტო სინათლეში მოაქციოს – ისღა თუ დაუდასტურებს, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გადახდომია, მართლა იყო. და რაც ახლა ხდება – მართლა არის. რამდენიმე წამით ასე უჭირავს – იძულებულია საკუთარ თვალებს დაუჯეროს რადგან სხვა არაფერი აქვს – თანდათან მასში ქრება შიში და ბრაზი და დანარჩენიც, თითქმის ყველაფერი; თავს დაბნეული მოატრიალებს, რათა ოთახში შემოსულს შეხედოს, რომელიც მოშორებით ჩერდება, იქ, სადაც მხოლოდ ნაწილობრივ ექცევა სინათლეში; კარგად შეათვალიერებს და მერე სახეზე აკვირდება, როგორც უყურებენ უცხო ნაკვთებს – ნაცნობი სახის ამოსაცნობად. ესეც იგივე სახეა, რაც არკაში, რაც კალათბურთის მოედანზე, სარკეში, ფოტოზე. მაგრამ მის გამომეტყველებაში დაცინვა ან მტრობა კი აღარ ჩანს, არამედ, ასე ეჩვენება ნუარი პიერის – რაღაც ალერსიანი, გამომშვიდობების მსგავსი რამ. შემდეგ პიერი ნუარი ხუჭავს გამჭოლ ცისფერ თვალებს, რათა კვლავ სიცარიელემ დაისადგუროს.
© არილი