პოეზია (თარგმანი)

სილვია პლათი – ტიტები

sylvia plath 35

ინგლისურიდან თარგმნა გია გოკიელმა

ეს ტიტები მეტისმეტად აღმგზნებია, ჩვენთან ხომ ზამთარია.

შეხე, რა თეთრია ირგვლივ ყველაფერი, რა წყნარი, დათოვლილი.

სიმშვიდეს ვსწავლობ, ვწევარ ჩემთვის, ისე უშფოთველად,

როგორც შუქი აწევს ამ თეთრ კედლებსა და საწოლს, ამ  ხელებს.

აღარავინ ვარ; წარსულს მივაბარე ჩემი აფეთქებანი,

სახელი და დღიური ტანსაცმელი – მედდებს,

ცხოვრების ისტორია – ანესთეზიოლოგს, და სხეულიც – ქირურგებს.

 

ჩემს თავს გასაქანი აღარ აქვს, უძრავად გამოამწყვდიეს ბალიშსა და ზეწრის თასმებს  შორის.

როგორც თვალი, სამუდამოდ გახელილ ორ თეთრ ქუთუთოს შუა –

ეს უაზრო გუგა, ყველაფერი რომ თავის ფსკერზე უნდა აირეკლოს.

მედდები მიდი-მოდიან, თუმცა არ მაწუხებენ,

დაფარფატებენ თავიანთი თეთრი ჩაჩებით, ხმელეთისკენ შემოფრენილი ზღვის თოლიებივით.

ხელებით სულ რაღაცას საქმიანობენ, სახით იმდენად ერთნაირები,

რომ ვერც კი დათვლი, რამდენნი არიან.

 

ჩემი სხეული ზღვის კენჭია მათთვის და ისე უვლიან, როგორც წყალი

გადაუვლის ხოლმე კენჭებს და ნაზად აპრიალებს:

ბრჭყვიალა ნემსებით მოაქვთ ჩემთვის დაბუჟება, მოაქვთ ძილი.

ახლა თავგზა მაქვს დაკარგული, მძიმედ მაწვება ბარგი –

ჩემი ლაკირებული ტყავის სამგზავრო ჩანთა – აბების შესანახ შავ კოლოფს რომ ჰგავს,

და საოჯახო ფოტო,  საიდანც ჩემი ქმარ-შვილი შემომცინის.

კანში მერჭობა მათი ღიმილი, ეს ორი ბაგეგახსნილი პატარა კაუჭი.

 

დინებას მივანდე რაღაც-რაღაცები. ოცდაათი წლის სატვირთო გემი

ჯიუტად ეტმასნება ჩემს სახელსა და მისამართს.

მედდებმა, როგორც გემბანი შვაბრით, სრულად გამწმინდეს ემოციური კავშირებისგან.

დამფრთხალი და შიშველი ვწევარ ურიკაზე, პლასტიკის მწვანე ბალიშზე თავმისვენებული.

თვალს ვადევნებ ჩემს საჩაიე მოწყობილობას, თეთრეულის კომოდს, ჩემს წიგნებს,

თანდათან რომ დაინთქნენ სადღაც შორს. წყალმა მეც გადამიარა თავზე და გადამფარა.

და ახლა მონაზონი ვარ: არასდროს ვყოფილვარ ესოდენ წმინდა.

 

მე ყვავილები არ მინატრია. უბრალოდ, თავსუკან ხელებგადაყრილს

წოლა მსურდა, ყველაფრისგან სრულიად დაცლილს;

თავისუფალს, შენ არ იცი, რარიგ თავისუფალს –

უკიდეგანო, განმაცვიფრებელ სიმშვიდეში; როცა არაფერი მოგეთხოვება სანაცვლოდ,

შენი სახელიანი იარლიყის – უბრალო შესამკობლის გარდა.

ალბათ ამ სიმშვიდეს იზიარებენ საბოლოოდ მკვდრებიც.  წარმომიდგენია, როგორ კუმავენ პირს,

რათა თავიანთ შიგნით ჩაიტოვონ იგი, ზიარების სეფისკვერივით.

 

უპირველესად, ტიტები მეტისმეტად წითელია,  თვალს მატკივებს მათი სიხასხასე.

სასაჩუქრე ქაღალდის მიღმაც კი მესმის, როგორ სუნთქავენ,

თეთრ სახვევებში გამოკრული, აუტანელი ჩვილი  ბავშვივით.

მათი სიწითლე ჩემს ჭრილობას შეესატყვისება, საუბარს  უბამს.

რა მზაკვრები არიან: თითქოს ლივლივებენ, მაგრამ თან ფსკერზე მექაჩებიან,

მთრგუნავენ თავიანთი უეცარი ფერებითა და ენებით, –

მძივებივით კისერზე შემოხვეული ეს ტყვიის საძირავები.

 

უწინ არავინ მითვალთვალებდა, ახლა მაკვირდებიან;

ტიტები ჩემკენ იბრუნებენ პირს, მიცქერენ მე და ჩემ  უკან ფანჯარას,

სადაც დღეში ერთხელ შუქი ნელ-ნელა მატულობს და  ნელ-ნელავე ილევა.

და მე ვხედავ ჩემს თავს, ღონემიხდილს, სასაცილოს,  ქაღალდისგან გამოჭრილ აჩრდილს,

გამომწყვდეულს მზის თვალსა და ტიტების თვალებს შუა.

სახე აღარ გამაჩნია, მე ხომ გაქრობა ვისურვე.

ცოცხალი ტიტები კი ჩემს ჟანგბადს შთანთქავენ.

 

მათ მოსვლამდე ჰაერი არ ფორიაქობდა;

მიედინ-მოედინებოდა, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასთან ერთად, მდოვრედ, აუღელვებლად.

შემდეგ კი ტიტებმა გადაავსეს ერთბაშად ყურთასმენის  წამღები ხმებით.

ახლა  ჰაერი მორევში ჩათრეულივით ბრუნავს და ტრიალებს მათ გარშემო, როგორც

მდინარის ნაკადი ბრუნავს და ტრიალებს  ჩაძირული, ჟანგიანი ძრავის ირგვლივ.

ყვავილებმა მიიტაცეს ჩემი ყურადღება, ნეტარად რომ ლაღობდა

და ისვენებდა ვალდებულებებით  დაუმძიმებელი.

 

კედლებსაც თითქოს მხურვალება მოემატათ.

ტიტები კი გალიაშია გამოსამწყვდევი საშიში მხეცებივით.

ისე დაუღიათ პირი, როგორც უზარმაზარ აფრიკელ კატებს.

მე კი ჩემს გულს ვაყურადებ: ხსნის და ხურავს  თავის ბარძიმს,

სავსეს წითელი ყვავილებით, და ამას მხოლოდ ჩემი სიყვარულის გამო შვრება.

წყალი, გემოს რომ ვუსინჯავ, ზღვასავით თბილი და მლაშეა,

ქვეყანა კი, საიდანაც ის მოედინება, ისევე შორეულია,  როგორც ჯანმრთელობა.

© არილი

Facebook Comments Box