პროზა

ტადეუშ ბოროვსკი – ჩვენთან აუშვიცში

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

ტადეუშ ბოროვსკიმ მხოლოდ ოცდაცხრა წელი იცოცხლა. მისი შემოქმედებითი დანატოვარი მწირია, მაგრამ მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მდიდარ და მრავალფეროვან პოლონურ ლიტერატურაში.

ბოროვსკი დაიბადა 1922 წელს ჟიტომირში (ჩრდ. უკრაინა). ოჯახი პოლონეთში საცხოვრებლად 1932 წელს გადავიდა. ოცი წლის ბოროვსკის ლიტერატურული დებიუტი ჰიტლერული რეჟიმის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში 1942 წელს შედგა, სულ მალე კი მისი პირველი პოეტური კრებული – „ყველგან, სადაც მიწაა“ დაიბეჭდა. მწერალი ამ დროს ვარშავაში სამშენებლო ფირმის საწყობში მუშაობდა და ვარშავის იატაქვეშა უნივერსიტეტში პოლონისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

1943 წლის თებერვალში მოულოდნელად გაუჩინარებული საცოლის საძებნელად გასული ბოროვსკი გესტაპოს რეიდში მოყვა. მას აპატიმრებენ  და პავიაკის წინასწარი გამოძიების იზოლატორიდან აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გზავნიან. მკლავზე ამოსვირინგებული ნომრით 119198, ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტი ცდილობს ჩასწვდეს საკონცენტრაციო ბანაკის მუშაობის პრინციპს (ეს იყო ბანაკის შემქმნელთა მიერ წინასწარ კარგად დაგეგმილი და გააზრებული სისტემა), რომელმაც მის თვალში გააცამტვერა ადამიანური იდეალები და დიდი ევროპული კულტურის შესახებ არსებული მითი.

აუშვიცის ნაჩქარევი ლიკვიდაციის გამო, რაც ფრონტის ხაზის მიახლოებით იყო განპირობებული, ბოროვსკი ჯერ დაუთმერგენის, შემდგომ კი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ, სადაც ის თითქმის ერთ წელიწადს ატარებს. 1945 წლის პირველ მაისს მეშვიდე ამერიკულმა დივიზიამ დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა, რის შემდეგაც ბოროვსკი მიუნხენში, ე.წ. „იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში“ ხვდება. ის ლექსების წერას არ წყვეტს და წითელი ჯვრის დახმარებით კვლავ განაგრძობს თავისი საცოლის ძებნას.

გერმანულ გამომცემლობაში იბეჭდება მისი კიდევ ორი პოეტური კრებული. პოლონეთში დაბრუნებული ბოროვსკი ბოლოს და ბოლოს ხვდება შვედეთიდან ჩამოსულ მძიმედ დაავადებულ საცოლეს და მასზე ქორწინდება. ამის შემდეგ ის  თავს ანებებს პოეზიას და პროზაული ნაწარმოებების წერას იწყებს, რომლებშიც თავისი ეპოქის ტრაგედიაზე მოგვითხრობს, იმაზე, რაც თავად განიცადა.

მოთხრობების კრებულში „გამოთხოვება მარიასთან“ ბოროვსკი თვითმხილველის გულწრფელობით, დაუნდობლად და შეულამაზებლად გვიყვება საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე, მათში ყველაფერ ადამიანურის ჩაკვლასა და განადგურებაზე, ტკივილისა და სიკვდილის შიშით მათ იძულებით დამორჩილებაზე, ადამიანის წინააღმდეგ ადამიანის ამხედრებაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არასდროს ამახვილებს ყურადღებს არც ადამიანის მორალური დაცემისა და პიროვნების პათოლოგიური რღვევის მასობრივ შემთხვევებზე და არც ერთეულთა მიერ ჩადენილ გმირობებზე. თავის ნაწერებში ის სიკვდილის ბანაკში ყოველდღიური გადარჩენის მცდელობის მექანიზმს იკვლევს.

1951 წლის 2 ივლისს ტადეუშ ბოროვსკი, რომელიც არაერთხელ გადაურჩა გარდაუვალ სიკვდილს, მოულოდნელად თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ის იმ გამორჩეულ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისთვისაც ცხოვრება და შემოქმედება ერთმანეთისგან განუყოფელი იყო. მისი ნაწერები არის ერთგვარი ხმა, მოწოდება იმის შესახებ, რომ თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობა მეორე ადამიანისა და ზოგადად სამყაროს წინაშე.

დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შორეულ წარსულში დაწერილი მისი სტრიქონები კვლავაც აქტუალურია.

ვრცელი მოთხრობა „ჩვენთან აუშვიცში“ ერთ-ერთია ტადეუშ ბოროვსკის მოთხრობების კრებულიდან „გამოთხოვება მარიასთან“, რომელსაც სულ მალე გამომცემლობა „ბაკმი“ ქართულ ენაზე მცირედი შემოკლებით გამოსცემს. მოთხრობები პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა.

 

I

…სანიტარულ კურსს ვესწრები. მთელი ბირკენაუდან სულ ათი კაცი აგვარჩიეს და ლამისაა ექიმებად გვაქციონ. უნდა ვისწავლოთ, რამდენი ძვალი აქვს ადამიანს, როგორ მოძრაობს სხეულში სისხლი, რა არის პერიტონიუმი, როგორ ვებრძოლოთ სტაფილოკოკებს და სტრეპტოკოკებს, როგორ ჩავატაროთ სტერილურ პირობებში ბრმა ნაწლავის ოპერაცია და რითი ვუმკურნალოთ ემფიზემას.

მიზანიც კეთილშობილურია: ჩვენი განვკურნავთ თანამოძმეებს, რომელთაც „შავი იღბალი“ ხან სნეულებით, ხან აპათიით და ხანაც სიცოცხლის სურვილის დაკარგვით ჩაგრავს. სწორედ ჩვენ, ბირკენაუში ტყვედ მყოფი ოცი ათასი მამაკაციდან ათმა, ბანაკში სიკვდილიანობა უნდა შევამციროთ და ტყვეები გავამხნეოთ. ასე გვითხრა ლაგერარცთმა, ბანაკის ექიმმა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ასაკითა და საქმიანობითაც დაინტერესდა. სტუდენტი ვიყავი-მეთქი, რომ ვუთხარი, გაკვირვებულმა აზიდა წარბები:

– სტუდენტი იყავით? რომელი განხრით?

– ლიტერატურის ისტორიის.

ჩემს პასუხზე იმედგაცრუებულმა გააქნია თავი, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

მოგვიანებით აუშვიცისკენ ავიღეთ გეზი. გზაში მშვენიერი ლანდშაფტით ვატკბებოდით. მერე ვიღაცამ რომელიღაც ჰოსპიტლის ბლოკში სანიტრებად გაგვანაწილა. ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, ამიტომ სტაშეკთან ერთად (აი, იმასთან, თუ გახსოვს, ყავისფერი შარვალი რომ მომცა) ბანაკში წავედი: მე მინდოდა ვინმე ისეთი მენახა, ვინც ამ წერილს მოგიტანდა, სტაშეკმა კი სამზარეულოს და საწყობს მიაშურა, იქნებ ვახშმისთვის თეთრი პური, ერთი შეკვრა მარგარინი და ერთი ძეხვი მაინც ვიშოვოო. ჩვენ აქ ხუთნი ვართ და ჭამა ხომ გვინდა.

ვერავინ ვნახე და ამას ველოდი კიდეც. მე მილიონიანი ნომერი ვარ, იქ კი სულ ძველი ნომრები სხედან და ზევიდან გიყურებენ. მაგრამ მერე სტაშეკი დამპირდა, რომ თავის ნაცნობებს სთხოვდა და წერილს აუცილებლად გამიგზავნიდა, ოღონდ გამაფრთხილა, ძალიან გრძელი არ იყოსო.  „არ გწყინდება, გოგოსთვის ყოველდღე წერილების წერა?“ – გაკვირვებული მეკითხებოდა.

მოკლედ, ვისწავლი თუ არა რამდენი ძვალი აქვს ადამიანს და რა არის პერიტონიუმი, იქნებ შენს პიოდერმიასაც მივხედო და შენი საწოლის მეზობლის სიცხეებსაც. ოღონდ, ulcus duodeni-ს განკურნებაც რომ ვიცოდე, შენთვის მუნის საწინააღმდეგო ვილკინსონის მალამოს  მაინც ვერ ავწაპნი. ახლა ისეთი დროა, ერთ ცალსაც ვერ იპოვი მთელ ბირკენაუში. ჩვენთან მუნით დაავადებულებს პიტნის ჩაის ასხამდნენ კანზე და თან უცნაურ შელოცვებს ამბობდნენ, რომელიც, შენ წარმოიდგინე, მართლა ჭრიდა. დასანანია, რომ ისინი აღარავის ახსოვს.

რაც შეეხება სიკვდილიანობის შემცირებას, ამაზე ერთი შემთხვევა გამახსენდა: ჩემს ბლოკში ერთი პრომინენტი[i] ხშირად ავადმყოფობდა. გამუდმებით სიცხე ჰქონდა. ბოლოს სიკვდილზეც მოუხშირა ლაპარაკს. ერთ დღესაც დამიძახა. საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი მოსასმენად.

– ბანაკში ცნობილი კაცი ვიყავი, ხომ მართალს ვამბობ? – მკითხა და თვალი თვალში გამიყარა.

– არავინ მეგულება ისეთი, რომ არ გიცნობდეს… და არ ახსოვდე,  – მივუგე გულწრფელად.

– შეხედე, – მითხრა და ხელი ცეცხლის ალისგან აელვარებული შუშებისკენ გაიშვირა. ტყის გადაღმა ხანძარი იყო.

– იცი, რა, მინდა, რომ ცალკე დამაწვინონ. სხვებთან ერთად არ მინდა. სხვებთან ერთად არ მინდა, გესმის?

– ნუ გეშინია, ზეწარში გაგახვევ. და გვამების ხალხსაც დაველაპარაკები.

უხმოდ მომიჭირა ხელზე ხელი. თუმცა ჩვენი მაშინდელი ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა: პრომინანტი გამოკეთდა და ბანაკიდან თევზის ქონისგან გაკეთებული ერთი შეკვრა მარგარინიც გამომიგზავნა, რომელსაც ფეხსაცმელზე ვისვამ. აი, ასე მოვახერხე ბანაკში სიკვდილიანობის შემცირება და მეც ვასრულებ ბანაკზე ლაპარაკს.

მთელი თვეა შინიდან წერილი არ მიმიღია…

 

II

საუცხოო დღეები გვიდგას. აპელებისა[ii] და დავალებებისგან თავისუფლები ვართ. მთელი ბანაკი აპელზე დგას, ჩვენ კი თითქოს სხვა სამყაროში ვიყოთ, ამ ყველაფერს შორიდან ვადევნებთ თვალს. ადამიანები გვიღიმიან, ჩვენც ვუღიმით. აქ „ბირკენაუელ კოლეგებს“ გვეძახიან და თან რაღაცნაირი სიბრალულით გვიყურებენ, თითქოს უხერხულობას გრძნობენ იმის გამო, რომ მათთან შედარებით ასეთი მძიმე ხვედრი  გვერგო. ფანჯრიდან თითქმის უზადო ხედი იშლება. კრემო არ ჩანს. ადამიანები შეყვარებულები არიან აუშვიცზე და სიამაყით ამბობენ: „ჩვენთან, აუშვიცში…“

რატომაც არა, სწორედაც რომ თავის მოსაწონებლად აქვთ საქმე. მე შევეცდები, აგიხსნა, როგორია აუშვიცი, შენ შეეცადე, წარმოიდგინო: აიღე პავიაკი – ეს საშინელი ადგილი, დაამატე სერბია[iii], გაამრავლე ოცდარვაზე და ისე ახლო-ახლო დადგი ერთმანეთთან, რომ პავიაკებს შორის ერთი ბეწო მანძილიღა დარჩეს. შემდეგ ორმაგი მავთულხლართი შემოავლე, სამი მხრიდან დამატებით ბეტონის კედლი აუშენე, ჭაობი დააშრე და ქვაფენილი დააგე, აქა-იქ რამდენიმე ჯუჯა ხეც ჩარგე, ამ ყველაფერს შორის კი რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ჩასვი, რომელთაც უკვე არაერთი წელი  აქვთ ბანაკებში გატარებული, ყველაფერი ფანტასტიკურად აიტანეს, ყველაზე საშინელ დროს გადაურჩნენ, ახლა კი საგულდაგულოდ გაუთოებულ-გატკიცინებული შარვლები აცვიათ და რწევა-რწევით დაიარებიან. – გააკეთე ეს ყველაფერი შენს წარმოდგენაში როგორც გითხარი და მიხვდები, თუ რატომ გვიყურებენ სიბრალულით ბირკენაუდან მოსულებს, სადაც ცხენების ბარაკების მეტი არაფერია, ქვაფენილიც კი არ არის დაგებული და აბანოების ნაცვლად, რომლებშიც ცხელი წყალი უნდა მოედინებოდეს, ოთხი კრემატორიუმი დგას.

ფლეგერების შენობიდან, რომელსაც გერმანული ყაიდისთვის მეტისმეტად თეთრი კედლები,  ბეტონის იატაკი და ბევრი სამსართულიანი ნარი აქვს, თავისუფლებისკენ მიმავალი გზის ხედი იშლება. ამ გზაზე ხან ადამიანი ჩაივლის, ხან ავტომობილი, ხან სახანძრო მანქანა, ხან კი ველოსიპედით ვინმე მუშა, რომელიც ალბათ სამსახურიდან შინ ბრუნდება. აქედან შორს, ოღონდ ძალიან შორს (ვერც წარმოიდგენ, როგორი თვალუწვდენელი სივრცე მოჩანს ამ პატარა ფანჯრიდან. ომის შემდეგ მინდა იქ ვიცხოვრო –  თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი დავრჩი –  მაღალ სახლში, რომლის ფანჯრებიც მინდვრებს გადაჰყურებს.), სახლები მოჩანს, სახლების შემდეგ კი ლურჯი ტყე იწყება. იქ მიწა ალბათ, შავია და ნოტიო, როგორც სტაფის სონეტში. გახსოვს, „გასეირნება გაზაფხულზე“?

ფლეგერების ბლოკში, სადაც ჩვენ ვართ, ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთია. აქ ზუსტად ისეთი შორენკეცის ღუმელი დგას, საწყობში რომ გვქონდა, თუმცა ამას ისეთი მოხერხებული შამფური აქვს, უცებ ვერც მიხვდები რა არის, მაგრამ მთლიან გოჭს თავისუფლად შეწვავ. გატკიცინებულ ქათქათა ზეწრებზე ვწევართ და კატის ბეწვივით რბილი და ფუმფულა კანადური[iv] საბნები გვახურავს. მაგიდაც გვაქვს და სუფრაც, ოღონდ სუფრას მარტო დღესასწაულებზე და ჭამის დროს ვაფარებთ ხოლმე.

ფანჯარა ბირკენვეგს გადაჰყურებს.  ცუდია, რომ ზამთარია და „მტირალა“ შიშველ არყებს ტოტები გაფარჩხული ცოცხებივით ჩამოუყრიათ, ძირებთან კი მწვანე ბალახის ნაცვლად წებოვანი ტლაპო უდგათ – ალბათ ისეთივე, როგორიც „იმ ქვეყნად“, გზის გადაღმა.

საღამოობით აპელის შემდეგ არყის ხეების ხეივანში დავსეირნობთ და ნაცნობებს პატივისცემის ნიშნად თავის დაკვრით ვესალმებით. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე გზის მაჩვენებელი დგას, რომელზეც ასეთი რელიეფია დატანილი: ძელსკამზე მჯდარი ორი ადამიანი ერთმანეთისკენ გადახრილა და რაღაცაზე ჩურჩულებს, მათ უკან მდგარი მესამე ადამიანი კი ამ ორის ლაპარაკს აყურადებს. ალბათ ამით ხალხს აფრთხილებენ, ყველა თქვენი ნათქვამი ისმინება, განიხილება და საჭირო ორგანოს ეცნობებაო. აქ ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. იციან, ვინ როდის იყო მუსულმანი[v], ვინ რისი ორგანიზება[vi] შეძლო და ვისი დახმარებით, ვინ ვინ გაგუდა ან დაასმინა და როცა ვინმეს აქებ, ყველას დამცინავად ეღიმება.

მოკლედ, რამდენჯერმე გადიდებული, ორმაგი მავთულხლართით გარშემორტყმული პავიაკი წარმოიდგინე. ისე არა ოღონდ, როგორც ბირკენაუშია, სადაც საგუშაგო კოშკები წეროებივით მაღალ ბოძებზე დგას, ფანრები ყოველ მესამე ბოძთან აყენია და მავთულხლართიც მხოლოდ ერთმაგია. აქ ყველაფერი სხვანაირადაა: ფანრები ყოველ მეორე ბოძზე კიდია, საგუშაგო კოშკებსაც სოლიდური ფუნდამენტი აქვს, მავთულხლართი ორმაგია და სამი მხრიდან ბეტონის კედელი გვაქვს შემოვლებული.

ამიტომ არის, რომ საუნიდან ახალგამოსულები, ახლად პირგაპარსულები და დაბანილები, ბირკენვეგზე უდარდელად დავსეირნობთ სამოქალაქო ტანსაცმლით. ჩვენ ერთადერთი ხუთეული ვართ, რომელიც ბანაკის ზოლიანი შარვალ-ხალათით არ დადის.

ტყვეები ჯგუფ-ჯგუფად დახეტიალებენ მეცხრე ბლოკის წინ, სადაც გისოსებისა და დახშული ფანჯრების იქით გოგონები სხედან – საცდელი კურდღლები. თუმცა უფრო ხშირად ისინი მაინც საკანცელარიო ბლოკთან იყრიან ხოლმე თავს. არა იმიტომ, რომ იქ ორკესტრის დარბაზი, ბიბლიოთეკა და მუზეუმია, არამედ იმიტომ, რომ შენობის მეორე სართულზე პუფია[vii]. თუ რა არის პუფი, სხვა დროს მოგწერ. მანამდე როგორმე დაიოკე ცნობისწადილი.

იცი, რა უცნაური შეგრძნებაა, როცა ამდენი ხნის უნახავ ადამიანს სწერ? შენი სახე მთლად დამემსხვრა და გამეფანტა მეხსიერებაში და როგორც უნდა მოვინდომო, ვეღარ ვახერხებ შეკოწიწებას. სამაგიეროდ სიზმარში გხედავ ცხადად და გარკვევით. სიზმარი მარტო გამოსახულება ხომ არ არის, განცდაცაა, რომელშიც არის სივრცე, და იქ საგნების სიმძიმეს და შენი სხეულის სითბოს ვგრძნობ…

მიჭირს, ბანაკის ნარზე წარმოგიდგინო ტიფის მოხდის შემდეგ გადაპარსული თავით… მე ხომ  ჯერ კიდევ პავიაკიდან მახსოვხარ: მაღალი, ტანწერწეტა გოგონა, მორიდებული ღიმილითა და სევდიანი თვალებით. შუხის პროსპექტზე თავდახრილი რომ იჯექი, მხოლოდ შენს შავ თმას ვხედავდი, რომელიც ახლა აღარ გაქვს.

ეს განცდა ყველა მოგონებაზე ძლიერია, რომელიც „იმქვეყნიდან“ გამომყვა. მერე რა, რომ შენი სახის გახსენება ძალიან მიჭირს. ამიტომაც გწერ ამსიგრძე წერილებს და თანაც ასეთი დადებითი განწყობით. საღამოობით ახლაც ზუსტად ისე გესაუბრები, როგორც მაშინ, სკარიშევსკაზე. ის დადებითი განწყობა მე დღემდე შემოვინახე და მჯერა, რომ არც შენ დაგიკარგავს, მიუხედავად გესტაპოში დახრილი თავისა, ტიფისა, ფილტვების ანთებისა თუ გადაპარსული თმებისა.

ის ადამიანები კი… მათ ამ ბანაკის სასტიკი სკოლა გაიარეს, ოღონდ დაარსების პირველივე დღიდან. მათზე ლეგენდები დადის: რომ იწონიდნენ ოცდაათ კილოს, რომ მათ სასტიკად სცემდნენ, რომ გადარჩევას ექვემდებარებოდნენ. ხომ ხვდები ახლა, რატომ აცვიათ უცნაური გამოყვანილი პიჯაკები, რატომ დადიან თავისებურად, თეძოების რხევით და წამდაუწუმ რატომ აქებენ აუშვიცს.

ჩვენ კი ბირკენვეგზე დავსეირნობთ მოხდენილები, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწკეპილები, მერე რა, რომ მილიონერები! ას სამი ათასი, ას ცხრამეტი ათასი… რა ჩვენი ბრალია, ძველ ნომრებს რომ ვერ მივუსწარით? ვიღაც გამოგვეცხადა ზოლიან სამოსში. ძველი ნომერია – ოცდაშვიდი ათასი. ასეთ ნომერს რომ ხედავ, თავბრუ გეხვევა. ახალგაზრდა კაცია, ონანისტის ამღვრეული მზერით და იმ მხეცის ნაბიჯით, მოახლოებულ საფრთხეს რომ გრძნობს.

– საიდან ხართ, მეგობრებო?

– ბირკენაუდან, მეგობარო.

– ბირკენაუდან? – ეჭვის თვალით გვყურებს. – და ასე კარგად გამოიყურებით? იქ ხომ საშინელი ამბები ხდება… როგორ უძლებთ?

ვიტეკმა, ჩემმა ახმახმა ძმაკაცმა და საუცხოო მუსიკოსმა, პერანგის სახელოები შეისწორა და მიუგო:

– სამწუხაროდ, როიალი არ გვაქვს, თორემ ისე არაფერი გვიჭირს.

ძველმა ნომერმა თითქოს ბურუსიდან გამოგვხედა:

– რა ვიცი. ჩვენ გვეშინია ბირკენაუსი…

 

III

კურსი ჯერ არ დაწყებულა, რადგან ახლომდებარე იანინის, იავოჟნას და ბუნის ბანაკებიდან, ასევე გლივიცედან და მისლოვიცედან, და კიდევ ერთი-ორი შედარებით შორეული ბანაკიდან, რომლებიც აუშვიცს ეკუთვნის, ფლეგერების ჩამოსვლას ველოდებით. თუმცა მანამდე კურსის  ხელმძღვანელის, შავი და ჩია ადოლფის, რამდენიმე მაღალფარდოვანი მოხსენება მოვისმინეთ, რომელიც აუშვიცში დახაუდან ჩამოვიდა და თავიდან ფეხებამდე Kameradschaft[viii]-ითაა გაჟღენთილი. ადოლფი დარწმუნებულია, რომ ფლეგერების განათლებით ბანაკის ტყვეთა ჯანმრთელობა გაუმჯობესდება და სიკვდილიანობა შემცირდება, ამისთვის კი ჯერ ნერვული სისტემის შესწავლაა საჭირო. ადოლფი გონიერი ყმაწვილია, მაგრამ სხვა სამყაროდან არის მოსული. საგნებსა და მოვლენებს შორის არსებულ პროპორციას ის გერმანელის გადმოსახედიდან უყურებს და სიტყვებს იმხელა მნიშვნელობას ანიჭებს, თითქოს რეალობა მხოლოდ მათზე იყოს დამოკიდებული. ამბობს „Kameraden“ და ფიქრობს, რომ ჩვენ მართლაც მისი Kameraden ვართ, ამბობს „შევამციროთ ტანჯვა და ტკივილი“ და სჯერა, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია. ბანაკის კარიბჭეზე რკინის ასოებით აწერია: „შრომა ათავისუფლებს“. შესაძლოა ამ სიტყვებისაც სჯერათ იმ ესესელებს და გერმანელ ტყვეებს, რომლებიც ლუთერს, ფიხტეს, ჰეგელს და ნიცშეს კითხულობდნენ. სანამ კურსი დაიწყება, ბანაკში დავდივარ და ადგილობრივი ლანდშაფტისა და აქაურთა ფსიქოლოგიის შემსწავლელ ექსკურსიებს ვიწყობ. უფრო სწორად, სამნი დავხეტიალებთ: სტაშეკი, ვიტეკი და მე. სტაშეკი ძირითადად სამზარეულოსა და საწყობის სიახლოვეს დასუნსულებს – იმათ დაეძებს, ვისაც ადრე რაღაც მისცა და ახლა თავად ელოდება მათგან რაიმეს. რატომღაც პროცესია საღამოობით იწყება ხოლმე: ვიღაც საეჭვო, სუფთად გაპარსულ ტიპები გაღიმებული სახეებით შემოდიან ბლოკში და წელში გამოყვანილი პიჯაკებიდან რას აღარ იღებენ: ერთ შეკვრა მარგარინს, ჰოსპიტლის თეთრ პურს, ძეხვს, პაპიროსს. ამ ყველაფერს დაბლითა ნარზე ყრიან და ისე ქრებიან, როგორც ფილმებში აჩვენებენ ხოლმე. ჩვენ ძღვენს ვინაწილებთ, საკუთარი ამანათებიდანაც ვამატებთ რაღაცებს და ფერადშორენკეციანი ღუმლისკენ მივდივართ ვახშმის მოსამზადებლად.

ვიტეკი სულ როიალს დაეძებს. ბლოკის მუსიკალურ დარბაზში, იქ, სადაც პუფია, კი დგას ერთი შავი ყუთი, მაგრამ სამუშაო საათებში დაკვრა იკრძალება, აპელის შემდეგ კი ის მუსიკოსები უკრავენ, რომლებიც ყოველ კვირა დღეს სიმფონიურ კონცერტებს აწყობენ. ერთხელ აუცილებლად უნდა წავიდე და მოვუსმინო.

მუსიკალური დარბაზის პირდაპირ რომ ოთახია, კარზე „ბიბლიოთეკა“ აწერია, მაგრამ საქმეში ჩახედულებმა იციან, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე დეტექტიური რომანი დევს და ისიც მხოლოდ გერმანელებისთვის. მე თვითონ არ შემიმოწმებია, რადგან კარს მუდმივად ბოქლომი ადევს.

კულტურის ბლოკში ბიბლიოთეკის გვერდით პოლიტიკური განყოფილებაა, მერე კი სამუზეუმო დარბაზი, სადაც თურმე მხოლოდ ბარათებიდან ამოღებული ფოტოსურათები ინახება და მეტი არაფერი. არადა, დასანანია, რადგან შეეძლოთ, მაგალითად, ადამიანის შემწვარი ღვიძლი გამოფინათ, რომლის ჩაკბეჩისთვისაც ჩემს მეგობარ ბერძენს ოცდახუთი მათრახი მოხვდა.

ყველაზე მთავარი – პუფი – მეორე სართულზეა განთავსებული. პუფის ფანჯრები ზამთარშიც კი მუდამ ნახევრად ღიაა. აპელის შემდეგ ფანჯრებიდან ქალები გამოყოფენ ხოლმე თავებს და ცისფერი, ვარდისფერი, სალათისფერი ხალათებიდან ზღვის ქაფივით თეთრი მკლავები მოუჩანთ. სავარაუდოდოდ, თხუთმეტამდე თავი იქნება და, შესაბამისად, ოცდაათი მკლავი, თუ ბებერ მადამს არ ჩავთვლით თავისი დიდრონი, ეპიკური, ლეგენდარული მკერდით, რომელიც ამ თავებს, კისრებს, მკლავებს და ა.შ. პატრონობს. თავად მადამი ფანჯრიდან არასდროს იყურება, სამაგიეროდ, პუფის შესასვლელში ზის და იქაურობას ცერბერივით სდარაჯობს.

პუფთან ნებისმიერ დროს ბანაკის პრომინენტთა სიმრავლეა. ათ ჯულიეტაზე დაახლოებით ათასი რომეო (თანაც როგორი!) მოდის. ამიტომ თითოეულ ჯულიეტასთან მოსახვედრად მუდმივი ჩოჩქოლი და კონკურენციაა. მოპირდაპირე ბლოკის ფანჯრებთან მდგარი რომეოები, რომელთა შორის ბანაკის უფროსი, ბანაკის კაპო, ჰოსპიტლის ექიმები და კომანდოების კაპოებიც არიან, ცდილობენ ყვირილით, ხელების ქნევითა და სხვადასხვანარი ჟესტით მიიზიდონ ქალები. ბევრ ჯულიეტას მუდმივი თაყვანისმცემელიც ჰყავს და, გარდა მარადიული სიყვარულისა და ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ერთად ცხოვრებისა, რომეოები მათ სრულიად კონკრეტულ ნივთებს: საპონს, სუნამოს, აბრეშუმის საცვლებს და პაპიროსსაც ჰპირდებიან.

კონკურენტები  მეგობრობენ კიდეც და ერთმანეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. ფანჯარასთან მდგარი ქალები კი, მიუხედავად სითბოსი და კეთილგანწყობისა, მაინც ოქროს თევზებივით მოუხელთებლები არიან.

ასე გამოიყურება პუფი გარედან. შიგნით შესვლა აქ მხოლოდ კანცელარიაში აღებული ქაღალდით შეიძლება, რომელიც სანიმუშოდ და ბეჯითად შესრულებული სამუშაოსთვის მიღებული ჯილდოა. ჩვენ, როგორც ბირკენაუდან ჩამოსულ სტუმრებს, შეგვეძლო  გარკვეული პრივილეგიით გვესარგებლა, რაზეც უარი ვთქვით. ასეთი რამეებით ჯობს, ისევ კრიმინალისტებმა ისარგებლონ, ჩვენ წითელი სამკუთხედის[ix] მფლობელები ვართ. ამიტომ ვწუხვარ, რომ მე მხოლოდ სხვისი აღწერილის გადმოცემა მიწევს. სამაგიეროდ ყველაფერი ისეთი სანდო თვითმხილველისა და ძველი ნომრის პირით არის მოყოლილი, როგორიცაა ჩვენი ბლოკის სანიტარი მ. (და რაც მართალია, მართალია, უკვე საპატიო), რომელსაც ჩემი ნომრის ბოლო ორი ციფრის ერთი მესამედი აქვს ნომრად. წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთი პირველთაგანია! სწორედ ამიტომაა, ბატივით რომ დაღერღეტობს. ფართო, ნაკეცებიანი შარვალი აცვია, რომლის სათავეც ქინძისთავებით აქვს შეკრული და საღამოობით მხიარული და აღგზნებულია ხოლმე. მერე კანცელარიაში მიდის, „ნებადართულთა“ სიის ამოკითხვის დროს, ვინმე არმისულის ნაცვლად გაჰყვირის: hier!, საშვს ხელს დაავლებს და მადამთან გარბის. მადამის მოსაქრთამად რამდენიმე კოლოფი პაპიროსი საკმარისია. სანაცვლოდ ის ჰიგიენური ზომების დაცვის წესებს ზედმიწევნით ახსენებს და ამის შემდეგ სანიტარი მკვირცხლად არბის კიბეზე, რომელსაც გოგონებთან მიჰყავს. აქამდე ფანჯარასთან მდგარი ჯულიეტები ახლა დერეფანში დასეირნობენ სხეულზე შემოცმული ხალათებით. ხან რომელიმე მათგანი სანიტარს გვერდით ჩაუვლის და კეკლუცად შეეკითხება:

– რა ნომერი გაქვთ, ჩემო ბატონო?

– რვა, – მიუგებს სანიტარი, ქაღალდს დახედავს და კიდევ ერთხელ გადაამოწმებს დაწერილ ციფრს.

– მაშინ თქვენ ჩემთან არ ხართ, ირმასთან ხართ, აი, იმ ქერა გოგოსთან, – ამოიკნავლებს გაწბილებული და ფანჯრისკენ წაფრატუნდება.

ამის შემდეგ სანიტარი მერვე ოთახში შედის. შესვლამდე კიდევ ერთხელ ჩაიკითხავს კარზე გამოკრულ წესებს: რომ ამა და ამ უწესობის ჩადენის შემთხვევაში ემუქრება ბუნკერი, დასაშვებია მხოლოდ ესა და ეს (ჩამონათვალი დეტალურია) და ამდენი და ამდენი წუთის განმავლობაში. ოთახში შესული სევდიანად გახედავს კარის ჭუჭრუტანას, საიდანაც ხან თანამშრომელი გოგონები, ხან მადამი, ხანაც პუფის კომანდოფიურერი იჭვრიტებიან ხოლმე, მაგიდაზე პაპიროსის კოლოფს დადებს და… ჰო, იმასაც შენიშნავს, რომ საწოლთან მდგარ ტუმბოზე უკვე ორი კოლოფი ინგლისური პაპიროსი დევს, მერე კი ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. გარეთ გამოსვლისას სანიტარი დაბნეულობისგან იმ ორ კოლოფ ინგლისურ პაპიროსსაც ჯიბეში იდებს, დეზინფექციას იტარებს, ბლოკში კმაყოფილი და ბედნიერი ბრუნდება და დაწვრილებით გვიყვება თავის თავგადასავალს.

მაგრამ დეზინფექცია ყოველთვის არ შველის. ერთხელაც პუფში გადამდები დაავადება გავრცელდა. პუფი მაშინვე დაკეტეს, გაცემული ნომრების მიხედვით ბოლოს ნამყოფი სტუმრები გამოიძახეს და უმკურნალეს. თუმცა, რადგან საშვებით ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ძირითადად იმათ უმკურნალეს, ვისაც ეს საერთოდ არ სჭირდებოდა. რას ვიზამთ, ასეა ცხოვრება მოწყობილი. პუფის ქალები ზოგიერთ ბანაკს თავადაც სტუმრობდნენ. ღამღამობით კაცის სამოსში გადაცმულები, პუფის ფანჯრებიდან მისაყუდებელი კიბით ჩამოდიოდნენ და სმასა და ორგიებში იღებდნენ მონაწილეობას. მაგრამ ერთხელაც მეზობელი საგუშაგოს პოსტს ეს ამბავი არ მოეწონა და ამ ესკაპადებსაც ბოლო მოეღო.

ქალები სხვაგანაც არიან. ამბობენ, რომ მეათე საცდელ ბლოკში მათ ხელოვნურად ანაყოფიერებენ, ტიფზე და მალარიაზე ცრიან და ოპერაციებს უკეთებენ. იმ ექიმსაც მოვკარი თვალი, ვინც ამ ცდებს ატარებს: კეთილი სატირის სახე ჰქონდა, მონადირის მწვანე სამოსი ეცვა და ტიროლური ქუდი ეხურა, რომელზეც სპორტული ემბლემები იყო ამოქარგულით. თურმე უნივერსიტეტის პროფესორი ყოფილა.

ქალებს გისოსები და ფანჯრებზე აკრული ფიცრები იცავთ, მაგრამ ზოგიერთი მაინც ახერხებს იქ შეძვრომას და მათი არახელოვნური გზით განაყოფიერებას, რაზეც ის ბებერი პროფესორი, ალბათ, საშინლად ბრაზდება ხოლმე.

მინდა სწორად გაიგო, რასაც ახლა ვიტყვი: ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, გარყვნილები და ავადმყოფები სულაც არ არიან. მთელი ბანაკი, როგორც კი დანაყრდება და გამოიძინებს, მაშინვე ქალებზე იწყებს ლაპარაკს. აქ ყველა ქალებზე ოცნებობს და მათთან მოხვედრას ცდილობს. ფანჯრიდან პუფში ძრომიალის გამო ბანაკის უფროსი კრემატორიუმში გაუშვეს. ერთი ცხრამეტი წლის ესესელი ჰოსპიტლის სერიოზულ და მსუქან კაპელმაისტერს და კიდევ რამდენიმე ექიმს, რომლებიც ვითომ კბილის ამოსაღებად იყვნენ მოსულები ქალებთან, სიამტკბილობის დროს თავზე წამოადგათ და კეტიც გვარიანად უთავაზათ. ასეთი რამის ჩადენის აქ არავის რცხვენია. ამათ, უბრალოდ, არ გაუმართლათ.

ბანაკში მყოფ ქალებში ფსიქოზი გახშირდა. პუფის გოგოები შედარებით ნორმალურებად ითვლებიან და ამის გამოა, მათ საუკუნო სიყვარულს და ცოლად მოყვანას რომ ჰპირდებიან. თუმცა ასეთ გოგოებს თითებზე დაითვლი, ბანაკში კი რამდენიმე ათეული ათასი კაცია.

ამიტომ უნდათ ბირკენაუს FKL[x]-ში. ეს ადამიანები მართლა ავადმყოფები არიან. ნუ დაგავიწყდება, რომ აუშვიცი ერთადერთი ბანაკი არ არის. ასეთი „უკიდეგანო  საკონცენტრაციო ბანაკი“ ასობითაა. გარდა ამისა, ოფლაგები[xi], სტალაგები[xii] და კიდევ…

იცი, რაზე ვფიქრობ, როდესაც ამ ყველაფერს გწერ?

გვიანი ღამეა. დიდი დარბაზიდან, სადაც მძინარე ავადმყოფები წვანან და გაჭირვებით სუნთქავენ, კარადით გამოყოფილ ნიშაში ჩაბნელებულ ფანჯარასთან ვზივარ, რომელშიც ჩემი სახე, ლამფის ღია მწვანე აბაჟური და მაგიდაზე დადებული თეთრი ქაღალდის ფურცელი ირეკლება. აქ ერთი ვენელი ყმაწვილია, ფრანცი. ჩვენ პირველსავე საღამოს გამოვნახეთ ერთმანეთთან საერთო ენა და ახლა სწორედ მის მაგიდას ვუზივარ, მისი ლამფა მინათებს და წერითაც მის ქაღალდზე გწერ, მაგრამ გწერ არა იმაზე, რაზეც დღეს მე და ის ვლაპარკობდით: გერმანულ ლიტერატურაზე, რომანტიკული ფილოსოფიის დანაშაულზე და მატერიალიზმის პრობლემებზე.

როდესაც შენ გწერ, იცი, რაზე ვფიქრობ?

სკარიშევსკაზე ვფიქრობ. ჩაბნელებულ ფანჯარაში ჩემს გამოსახულებას ვხედავ. ფანჯრის იქით ღამეა და საგუშაგო კოშკებიდან რეფლექტორების შუქს წყვდიადში შემალული საგნები რიგრიგობით გამოჰყავს სააშკარაოზე. ვუყურებ ამ ყველაფერს და სკარიშევსკაზე ვფიქრობ. მახსენდება მკრთალად განათებული ცა, დამწვარი სახლი ქუჩის გადაღმა და ფანჯრის ჩარჩო, რომელიც ამ სურათს ვიტრაჟივით პატარ-პატარა ნატეხებად აქუცმაცებს.

მახსოვს, როგორ მენატრებოდა შენი სხეული იმ დღეებში და მეღიმება, როგორც კი გავიფიქრებ, რა ამბავი უნდა ატეხილიყო იქ, სადაც ჩვენი დაპატიმრების შემდეგ, გარდა ჩემი წიგნებისა და ლექსებისა, შენი სუნამო და ველასკესის ტილოებივით მძიმე და გრძელი საღამოს წითელი ხალათი დარჩა (მიყვარდა ეს ხალათი და გშვენოდა კიდეც, რაც შენთვის აქამდე არასდროს მითქვამს).

ვიქრობ, როგორი  კეთილგონიერი და ერთგული იყავი, რამდენი რამ გააკეთე –  მაპატიე, რომ ამას მხოლოდ ახლა გწერ – როგორ გადადე თავი ჩვენი ურთიერთობისთვის; როგორ ღირსეულად მოდიოდი ხოლმე ჩემი მშობლების სახლში, ჩემს მოცუცქნულ უწყლო ოთახში, სადაც გაცივებული ჩაი, დამჭკნარყვავილებიანი რამდენიმე ქოთანი, ნავთის ლამფა და ძაღლი გხვდებოდა,  რომელიც სულ იკბინებოდა.

ღიმილით, შემწყნარებლურად ვფიქრობ ხოლმე ამ ყველაფერზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მორალზე, სამართალზე, ტრადიციებსა და ვალდებულებებზე მელაპარაკებიან… ან როდესაც ყოველგვარ ლმობიერებასა და სენტიმენტალიზმს უარყოფენ, მუშტებზე იყურებიან და მკაცრ საკუნეზე ლაპარაკობენ; ვფიქრობ, რომ ადამიანი ადამიანს სიყვარულში თავიდან აღმოაჩენს ხოლმე და სიყვარული ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და ყველაზე ურყევი  რამაა.

ვფიქრობ და პავიაკის საკანი მახსენდება. პირველი კვირა ძალიან გამიჭირდა. ერთი დღეც ვერ  წარმომედგინა უწიგნოდ, უქაღალდოდ, უშენოდ…

ხედავ, რა ყოფილა ჩვეულება: საკანში ბოლთას ვცემდი და ნაბიჯების რიტმში ლექსებს ვთხზავდი. ერთი მათგანი ჩემს თანასაკნელს ბიბლიაში ჩავუწერე, მაგრამ დანარჩენებიდან – ჰორაციანული სიმღერების ციკლიდან, იმ ლექსივით, თავისუფლებაში მყოფ მეგობრებს რომ მივუძღვენი, მხოლოდ ცალკეული სტროფებიღა მახსოვს:

თავისუფლებაში მყოფო მეგობრებო! ტუსაღის სიმღერით გემშვიდობებით,

მინდა იცოდეთ, რომ სასოწარკვეთილი არ მივდივარ,

რადგან  აქ ვტოვებ ჩემს სიყვარულს, ჩემს პოეზიას და,

სანამ ცოცხლები ხართ  – ხსოვნას თქვენს გულებში.

 

IV

დღეს კვირაა. შუადღემდე სასეირნოდ ვიყავით წასულები, მაღლიდან ქალების საცდელ ბანაკს გადმოვხედეთ (გისოსებიანი ფანჯრებიდან ისინი ზუსტად ისე ყოფდნენ თავებს, როგორც მამაჩემის ბოცვრები. გახსოვს, ჩვენი რუხები ბოცვრები? ერთს ცალი ყური ჩამოვარდნილი ჰქონდა), მერე SK[xiii]-ს ბლოკი დავათვალიერეთ (მის ეზოში, შავ კედელთან, ადრე სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ ხოლმე. ახლა იმავეს კრემატორიუმში აკეთებენ მალულად). გზად რამდენიმე სამოქალაქო პირი შეგვხვდა, ორი ქურქიანი დამფრთხალი ქალი და ერთი გამოუძინებელი, დანაოჭებულსახიანი კაცი. ესესელებს მოჰყავდათ. შენ არ იჯავრო, დროებით ჩასვამდნენ SK-ს ბლოკში განთავსებულ ქალაქის ციხეში. ქალები დაზაფრულები შეჰყურებდნენ ზოლიან ტანსაცმლიანებს, ბანაკის სოლიდურ ორსართულიან სახლებს, ორმაგ მავთულხლართებს, ამ მავთულხლართების უკან აღმართულ ბეტონის კედელს და მტკიცედ ნაგებ საგუშაგო კოშკურებს. წარმოიდგინე, რა დაემართებოდათ, ისიც რომ სცოდნოდათ, რომ გვირაბის გათხრისგან თავის დაზღვევის მიზნით, ეს კედელი (როგორც ამბობენ) მიწის ქვეშ კიდევ ორი მეტრია. ღიმილით ჩავუარეთ მათ, რადგან ვცოდით, რომ ბევრი არაფერი ემუქრებოდათ: რამდენიმე დღე-ღამე აყურყუტებდნენ და გაუშვებდნენ. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაუმტკიცებდნენ, რომ შავ ბაზარზე ვაჭრობდნენ. აი, დადასტურების შემთხვევაში კი კრემატორიუმში უკრავდნენ თავს. სამოქალაქო პირები ძალიან სასაცილოები არიან. ბანაკის ხსენებაზე ზუსტად ისე რეაგირებენ, როგორც გარეული ტახი ცეცხლსასროლი იარაღის დანახვაზე. ჩვენი ცხოვრების ავანჩავანზე წარმოდგენა არა აქვთ და ცდილობენ, ყველაფერი მისტიკური, ზეადამიანური ძალების ზეგავლენით ახსნან. გახსოვს, რომ მომწერე, შიშისგან როგორ მოგეკვეთა მუხლები, როცა დაგაპატიმრეს? მე კიდევ ამ დროს მარიასთან „ტრამალის მგელი“ წავიკითხე (იმასაც ეხერხებოდა, რა, საკითხავის შერჩევა!), მაგრამ დღემდე არ ვიცი, ეს როგორი განცდაა.

ახლა კი ეს დაუჯერებელი და მისტიკური ბუნებრივად გვეჩვენება. კრემატორიუმი, ისევე როგორც ათასობით ფლეგმონიანი და ჭლექიანი, ჩვენს ყოველდღიურობად იქცა; გავიგეთ, რა ყოფილა წვიმა და ქარი, მზე, პური, თალგამის სუპი და ისე მუშაობა, ვინმეს რომ არ მოვხვდეთ თვალში; ურჩხულის ხელში მონობასაც გავუგეთ გემო, ძალაუფლებასაც და, ამიტომაა, რომ სამოქალაქოებს, ცოტა არ იყოს, ზემოდან და დამცინავად ვუყურებთ, ისე, როგორც პროფესიონალი უყურებს მოყვარულს, როგორც გამოცდილი უყურებს ახალბედას.

გამოაცალე ყოველდღიურ მოვლენებს მათი ყოველდღიურობა, განდევნე შენგან შიში, ზიზღი და სიძულვილი, ყველაფერს – გაზს, ოქროს, აპელებს, პუფს, სამოქალაქო პირსა თუ ძველ ნომერს მიუსადაგე რაიმე ფილოსოფიური ფორმულა.

წარმოიდგინე, მაშინ, ჩემს პატარა ოთახში ფორთოხლისფერ შუქზე რომ ვცეკვავდით, შენთვის რომ მეთქვა: მისმინე, აიღე ერთი მილიონი ადამიანი, ან ორი, ან სულაც სამი, დახოცე ისინი ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს, არც თავად მათ, ასიათასობით სხვა დაატყვევე, ყოფა უტირე მათ სოლიდარობას, ადამიანი ადამიანზე დაგეშე და… ხომ იფიქრებდი, რომ ჭკუიდან შევცდი, და ვინ იცის, იქნებ ჩემთან ცეკვაზე უარიც კი გეთქვა. მაგრამ ბანაკის შესახებ მაშინ კიდეც რომ მცოდნოდა, ალბათ, მაინც არაფერს გეტყოდი, ის საუცხოო განწყობა რომ არ გამეფუჭებინა.

დღეს კი, ხომ ხედავ, რაც ხდება: ჯერ სოფლის პატარა საბძელი შეღებეს თეთრად, რომელშიც ადამიანებს გუდავდნენ, მალე მას ოთხი მოზრდილი ნაგებობა მიადგეს და ახლა თვალის დახამხამებაში ოცი ათასს სპობენ ყოველგვარი ჯადოსნობის, საწამლავისა და ჰიპნოზის გარეშე. ამ საქმისთვის სულ რამდენიმე კაცია საჭირო, რომლებიც მოძრაობას აწესრიგებენ და ადამიანებს ონკანის ერთი მოშვებით ისტუმრებენ საიქიოში. ეს ყველაფერი ტყეში ხდება, სადაც ჯუჯა ხეებს შორის კვამლი ბოლქვებად ამოდის. როგორც წესი, სატვირთო მანქანებს მოჰყავთ ადამიანები, თითქოს ესკალატორზე დგანანო, წამში ისევ უკან ბრუნდებიან, მერე ისევ მოდიან და ახლები მოჰყავთ, და ყოველგვარი ჯადოსნობის, საწამლავისა და ჰიპნოზის გარეშე.

რატომაა, რომ არავინ ყვირის, სახეში არავის აფურთხებენ, მკერდზე მუშტებს არ ურტყამენ? ტყიდან დაბრუნებულ ესესელებს სალმით ვეგებებით, თუ ჩვენს გვარებს ამოიკითხავენ, ჩვენც მოვკვდებით და მერე რა? – არც არაფერი. ვშიმშილობთ, წვიმაში ვილუმპებით, უახლოეს ადამიანებთან გვაშორებენ. ხომ ხედავ: ეს მისტიკაა. ერთი ადამიანის მიერ მეორის უცნაური მართვა. ეს არის წარმოუდგენელი უმოქმედობა, რომელსაც ვერაფერი დაამსხვრევს. ჩვენი ერთადერთი იარაღი ჩვენ სიმრავლეა, რომელსაც ერთბაშად ვერანაირი გაზის კამერა ვერ დაიტევს.

სხვა მეთოდიც არსებობს: ნიჩბის ტარზე  დაბჯენილი  ხელი – ამ გზით  დღეში ასამდე ადამიანი კვდება – ან  წყალწყალა ჭინჭრის სუპი და მარგარინგადასმული პური. ამის მერეა ახალგაზრდა ახმახი ესესელი დაჭმუჭნილი ქაღალდით ხელში, მკლავზე ამოსვირინგებული ნომერი, მერე  სატვირთო მანქანა, იმ მანქანებიდან ერთ-ერთი კი…

იცი, ბოლოს გაზის კამერაში გასაშვები „არიელები“ როდის გადაარჩიეს? ოთხ აპრილს. გახსოვს, როდის ჩამოვედით ბანაკში? ოცდაცხრა აპრილს. ხომ ხვდები, რა იქნებოდა მაშინ, შენი ფილტვების ანთების გამო სამი თვით ადრე რომ ჩამოვსულიყავით?

…ვიცი, რომ მეგობრებთან ერთად საერთო ნარზე წევხარ და მათ ალბათ, ძალიან აკვირვებთ ჩემი სიტყვები. „შენ ხომ ამბობდი, რომ ტადეუში ხალისიანი ბიჭიაო, ეს კიდევ სულ სევდიან რაღაცეებს გწერს“, და ალბათ საშინლად ბრაზდებიან ჩემზე. მაგრამ ხომ გვაქვს უფლება, იმ ამბებზე ვილაპარაკოთ, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. ჩვენ ხომ ბოროტებას ტყუილად და უპასუხისმგებლოდ არ ვახსენებთ, ჩვენ ხომ მასში ვცხოვრობთ?!  – და აჰა, უცნაური შემთხვევებით სავსე დღის შემდეგ გვიანი ღამეც დადგა.

ნაშუადღევს კრივის საყურებლად წავედი ვაშრაუმის[xiv] დიდ ბარაკში, საიდანაც თავდაპირველად ტრანსპორტი იგზავნებოდა ხოლმე გაზის კამერაში. დიდი ამბით შეგვიშვეს შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი გადაჭედილი იყო. დიდ მოსაცდელში მოწყობილ ზევიდან განათებულ რინგზე უკვე ასულიყვნენ მსაჯი (პოლონელი ოლიმპიელი მსაჯი) და სახელგანთქმული არიელი მოკრივეები – ებრაელებს ბრძოლა აკრძალული ჰქონდათ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ათობით სხვა ადამიანს ულეწავდნენ კბილებს, და ისინიც, ვისაც თავად თითქმის არც ერთი კბილი აღარ შერჩენოდა, აღტაცებულები ქომაგობდნენ ჩორტეკს, ჰამბურგელ ვალტერს და კიდევ ერთ ყმაწვილს, რომელიც ბანაკში იყო გაწვრთნილი და, როგორც ამბობდნენ, საუკეთესო მოკრივედ ჩამოყალიბდა. აქ ჯერ კიდევ ახსოვდათ 77 ნომერი, რომელიც ოდესღაც გერმანელებს სცემდა და ამით სამუშაო მინდორზე ნაცემი სხვა ადამიანების  ჯავრსაც იყრიდა. დარბაზში პაპიროსის ბუღი იდგა, მოკრივეები კი გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს, სრულიად არაპროფესიონალურად, თუმცა დიდი  მონდომებით.

– ერთი ვალტერს შეხედე, – ამბობდა სტაშეკი, – ნახე, ოღონდაც, რა! კომანდოში, თუ მოინდომა, ერთი დარტყმით აგდებს ნებისმიერ მუსულმანს, აქ კი მესამე რაუნდი დაიწყო და ჯერ არაფერი, ის კი არა, თვითონ უფრო დაბეგვეს. ეტყობა, ბევრი მაყურებელია და იმიტომ, არა?

მაყურებელი ექსტაზში იყო შესული. ჩვენ, როგორც საპატიო სტუმრები, პირველ რიგში დაგვსვეს.

კრივის შემდეგ სრულიად სხვა გარემოში გადავინაცვლე და კონცერტს დავესწარი. თქვენ მანდ, თქვენს ბირკენაუში, წარმოდგენა არა გაქვთ, ღუმლებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით რა საოცრებები ხდება კულტურის სფეროში. ალბათ ძნელი დასაჯერებელია, რომ აქ „ტანკრედის“ უვერტიურას უკრავენ,  ბერლიოზს, და კიდევ რომელიღაც კომპოზიტორის ფინურ ცეკვებს, გვარში ბევრი „ა“ რომ აქვს. ვარშავაში ასეთ ორკესტრს სად მოუსმენდი! მაგრამ მოიცა, აჯობებს, ყველაფერი თანმიმდევრულად მოგიყვე, შენ კი მომისმინე, არ ინანებ. მოკლედ, კრივიდან როგორც კი გამოვედი, აღგზნებულმა მაშინვე პუფის ბლოკს მივაშურე, უფრო სწორად, მუსიკალურ დარბაზს, რომელიც პუფის ქვეშ არის გახსნილი. დარბაზი ხალხით და ხმაურით იყო სავსე. მსმენელები კედელებთან იდგნენ, მუსიკოსები კი დარბაზში მომოფანტულიყვნენ და ინსტრუმენტებს აწყობდნენ. სულ მალე ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, პატარა პულტზე, სამზარეულოს კაპო – ამ შემთხვევაში კაპელმაისტერი – ავიდა და მეკარტოფილეებმა და  როლვაგამაც[xv] – დამავიწყდა მეთქვა, რომ სამუშაო დროს ორკესტრის წევრები კარტოფილს ფცქვნიან და ურიკებს დააგორებენ – დაკვრა დაიწყეს. მეორე კლარინეტსა და ფაგოტს შორის შეძრომა ძლივს მოვასწარი, პირველი კლარინეტის თავისუფალი სკამი დავიკავე და სმენად ვიქეცი. ვერ წარმოიდგენ, როგორ დიდებულად ჟღერს ერთ პატარა ოთახში ოცდაათკაციანი სიმფონიური ორკესტრი! კაპელმაისტერი ზომიერად იქნევდა ხელს, კედლისთვის რომ არ მოეხვედრებინა და, ვინც სუფთად არ უკრავდა, მათი მისამართით ბღვერასაც არ ერიდებოდა. დარწმუნებული ვარ, მეორე დღეს, კარტოფილის გაფცქვნისას აზღვევინებდა. ყველაზე მეტად უკან მდგარი ერთი დაფდაფი და მეორე კონტრაბასი იყვნენ მოწადინებულები, თუმცა ყველა ხმას ფაგოტი ახშობდა, შეიძლება იმიტომაც, რომ გვერდით ვეჯექი. თხუთმეტი მსმენელი (მეტს ოთახი არ იტევდა) კარგი მცოდნესავით ჩაუღრმავდა მუსიკას და ორკესტრი კანტიკუნტი ტაშით დააჯილდოვა.

ვიღაცამ ჩვენს ბანაკს „ბეთრუგსლაგერი“, სიცრუის ბანაკი დაარქვა. დაბალი ცოცხალი ღობე თეთრ შენობასთან, ეზო, რომელიც სოფლის ეზოს მოგაგონებს და აბრა წარწერით – „აბანო“, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მილიონობით ადამიანი გააცურო და სიკვდილამდე ტყუილში აცხოვრო. კრივი, ბლოკების წინ პატარა კოინდარი, ყველაზე მშრომელი ტყვეებისთვის თვეში გადახდილი ორი მარკა, მდოგვი სასადილოში, ყოველკვირეული შემოწმება ტილებზე, „ტანკრედის“ უვერტიურა და მთელ მსოფლიოს – მათთან ერთად ჩვენც – თვალი აქვს ახვეული. გარეთ მყოფნი ფიქრობენ, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ იქნებ მთლად ასეც არაა საქმე, თუ კრივიც გვაქვს, ორკესტრიც, კოინდარიც და საბნებიც?

არადა, ის პურის ულუფაც სიცრუეა, რომელსაც თუ არაფერი დაუმატე, ვერ გადარჩები.

სიცრუეა სამუშაოც, რომლის დროსაც ლაპარაკი, ჩამოჯდომა, სულის მოთქმა გეკრძალება. სიცრუეა მიწით ნახევრად სავსე ყველა ნიჩაბი, რომელსაც ორმოდან ვიღებთ.

ყველაფერს კარგად დააკვირდი და დროს იმაზე ფიქრში ნუ დაკარგავ, რომ ცუდად ხარ.

იქნებ ამ ბანაკის, ამ დიდი სიცრუის, დროზე ცოცხალ ადამიანებს უნდა მოვუთხროთ და ამით გარდაცვლილები დავიცვათ?

ერთხელ კომანდოებად დაყოფილები ბანაკში ვბრუნდებოდით. ორკესტრი ჩვენი ნაბიჯის ტაქტში უკრავდა. მოვიდა DAW[xvi]-ი, ათეულობით კომანდო და კარიბჭესთან ათი ათასი მამაკაცი გაჩერდა. ამის შემდეგ FKL-დან მოვიდა შიშველი ქალებით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა. ქალები ჩვენკენ ხელს იშვერდნენ და გვემუდარებოდნენ:

– გვიშველეთ! გაზის კამერაში მივყავართ! გვიშველეთ! – და ასე ჩაგვიარეს მდუმარედ მდგარ ათი ათას კაცს. არც ერთი ჩვენგანი არ განძრეულა, თითიც კი არავის გაუტოკებია.

ცოცხლები მკვდრებთან ყოველთვის მართლები არიან.

 

V

კარგა ხანია, რაც ეს კურსი დაგვეწყო, მაგრამ შენთვის არ მითქვამს, რადგან მანსარდაშია და ძალიან ცივა. გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ მაგიდებთან დროს მშვენივრად ვატარებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზედ ადამიანის ორგანოების მოდელები აწყვია. დაინტერესებულები ბეჯითად ათვალიერებენ მოდელებს, მე და ვიტეკი კი ერთმანეთს დაფის საწმენდ ღრუბელს ვესვრით და სახაზავებით ვხმალაობთ, რასაც შავი ადოლფი მდგომარეობიდან გამოჰყავს. გაცხარებული ხელების ქნევას იწყებს და ბანაკსა და „კამერადშაფტზე“ გველაპარაკება. ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, ვწყნარდებით და კუთხეში ვსხდებით. ვიტეკი ჯიბიდან ცოლის ფოტოს იღებს და ჩუმად მეუბნება:

– ნეტავ რამდენი ჰყავს დახაუში მოკლული? სურვილი არ გიჩნდება, რომ ეცე და მოახრჩო?

– ვაა… რა ლამაზი ქალია, როგორ მოიხელთე?

– ერთხელ პრუშკოვში ვართ სასეირნოდ. ხომ ხვდები: სიმწვანე,  ვიწრო, განაპირა ქუჩები, პატარა ტყე ჰორიზონტზე… მივდივართ, ერთმანეთს ვეხუტებით და უცბად საიდანღაც ესესელების ძაღლი გამოვარდა…

– ნუ იტყუები. ეს ხომ პრუშკოვში ხდება და არა აუშვიცში.

– გეფიცები! ნამდვილად ესესელის ძაღლი იყო, რადგან იქვე ახლოს, ერთ ვილაში, ესესელი ცხოვრობდა. ჰოდა, ეს მხეცი ჩემს გოგოს არ ეცა? შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? რევოლვერი ამოვიღე და ტყვია დავახალე, მერე ჩემს გოგოს ხელი დავავლე და ვუთხარი: „ირკა, გავიქცეთ!“ ის კიდევ, ადგილიდან არ იძვრის, რევოლვერს დაშტერებია და მეკითხება: „ეს საიდან გაქვს?“ სროლის ხმაზე უკვე ვილაც ახმაურდა. ძლივს წავიყვანე იქიდან. მიდორზე კურდღელებივით გავრბოდით. კარგა ხანი დამჭირდა ირკასთვის იმის ასახსნელად, რომ ეს რკინის საგანი ჩემს პროფესიაში ზოგჯერ ძალიან გამოსადეგია.

ამასობაში ერთ-ერთი ექიმი საყლაპავსა და სხვა შინაგან ორგანოებზე იწყებს ლაპარაკს, ვიტეკი კი არხეინად აგრძელებს მოყოლას:

– ერთხელ ნაცნობს ვეჩხუბე. ან მე, ან ის-მეთქი, ვუთხარი ჩემს თავს. დარწმუნებული ვარ, იმანაც ასე იფიქრა – კარგად ვიცნობ და იმიტომ. ჩუმად ავედევნე და სამიოდ დღე ვდიე, თან ყურადღებით ვიყავი, ვინმე ხომ არ მითვალთვალებს-მეთქი. ბოლოს, ერთ საღამოსაც, ხმელნაზე გამოვიჭირე და ვესროლე, მაგრამ ავაცილე. მეორე დღეს რომ ვნახე, ხელი შეხვეული ჰქონდა და შუბლქვემოდან მიბღვერდა. დავეცი და ხელი ვიტკინეო, მითხრა.

– და შენ რა უთხარი? – ვეკითხები. ჩვეულებრივი ამბავია.

– არა, საერთოდ არაფერი, რადგან მალევე დამიჭირეს.

ეს იმ ნაცნობის მიზეზით მოხდა თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ვიტეკი ბედს არ შეგუებია. ის პავიაკში აბანოს განყოფილებაში მუშაობდა, კრონშმიდტის ერთგვარი პიპელი[xvii] იყო. ეს კრონშმიდტი ერთ უკრაინელთან ერთად ყველა მორიგეობაზე ებრაელებს სცემდა და აწამებდა. ყოფილხარ პავიაკის სარდაფში? გახსოვს მისი რკინის იატაკი? ამ იატაკზე კრონშმიდტის ბრძანებით, დაბანილი, დარბილებული კანით, წინ და უკან დახოხავდნენ შიშველი ებრაელები. ჯარისკაცის ჩექმა გინახავს? იცი, რამდენი ლურსმანია მის ლანჩაზე დაჭედებული? აი, სწორედ ასეთი ჩექმით შედგებოდა ხოლმე კრონშტადტი იატაკზე მხოხავ ადამიანზე. არიელები შედარებით იოლად უძვრებოდნენ ამ განსაცდელს. მეც იმავეს მაკეთებინებდნენ პავიაკის სხვა განყოფილებაში ცუდი ყოფაქცევის გამო, მაგრამ ჩექმებით ზედ არავინ შემდგომია. ჩვენ უფრო გვავარჯიშებდნენ: ყოველ მეორე დღეს, ამ დროს, ერთი საათით ეზოში დაგვარბენინებდნენ. ერთ წრეს რომ დავარტყამდით, დაიყვირებდნენ „დაწექი!“, და მერე აზიდვები უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემი რეკორდი იყო 76 აზიდვა – ერთი ვარჯიშიდან მეორემდე მკლავების ტკივილზე აღარაფერს ვამბობ. ყველაზე კარგი ვარჯიში, რომელიც მახსენდება, ჯგუფური ვარჯიშია: „მფრინავო, დაიმალე!“ ორმწკრივად მოწყობილ, ერთმანეთთან ახლო-ახლოს მდგარ ადამიანებს მხარზე გადებული კიბე მიაქვთ. შეძახილზე „მფრინავო, დაიმალე!“, მიწაზე უნდა გაწვნენ, ოღონდ ისე, რომ კიბეს ხელი არ გაუშვან. ვინც ხელს გაუშვებს, იმას ჯოხებით სცემენ ან ძაღლს უქსევენ დასაგლეჯად. ამის შემდეგ ესესელი ადამიანებზე გადებული კიბის საფეხურებზე  წინ და უკან  გადი-გამოდის. მერე ყველანი ისევ უნდა წამოდგნენ, მერე ისევ მიწაზე უნდა გაერთხან, ისე, რომ მწკრივი არ დაშალონ.

და ქვაღორღიან მიწაზე საათების განმავლობაში გორაობით კილომეტრების გავლა, როგორც ამას საქსენჰაუზენში ითხოვდნენ, ასობით ბუქნის გაკეთება, რამდენიმე დღე-ღამე გადაბმულად ერთ ადგილზე დგომა, ბუნკერში, ბეტონის კუბოში თვეობით ჯდომა, ძელზე ხელებით დაკიდებული გაძლება, ბაყაყივით ხტომა ან გველივით სრიალი, ვედროებით წყლის სმა გასკდომამდე, ათასობით სხვადასხვა ადამიანისგან ცემის ატანა? ეს ყველაფერი ხომ თითქმის დაუჯერებელია? ყურადღებით ვუსმენ მალკინიაში, სუვალკიში, რადომში, ბულავში, ლუბლინში ნამყოფი ყველასთვის უცნობი პროვინციელი ტყვეების მონათხრობს ადამიანთა წამების მეთოდების წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით განვითარების შესახებ და მიჭირს დაჯერება, რომ ის თითქმის ისევე მოულოდნელად იშვა სხვა ადამიანის გონებიდან, როგორც მინერვა იუპიტერის თავიდან. ვერაფრით ამიხსნია მკვლელობის სურვილით ასეთ უეცარი გატაცება, ამ თითქოსდა დავიწყებული ატავიზმის ახალი ამოხეთქვა.

ჰო, და სიკვდილი? ჩემთვის ისეთ ბანაკზეც მოუყოლიათ, სადაც ყოველდღიურად ტყვეთა ახალ-ახალი ტრანსპორტი მოდიოდა, რამდენიმე ათეული ადამიანი ერთად. ბანაკს კი ულუფების დაწესებული რაოდენობა ჰქონდა – აღარ მახსოვს, მგონი, ორი თუ სამი ათასი, და კომენდანტს არ უნდოდა, რომ ტყვეებს ეშიმშილათ – თითოეულ ტყვეს აუცილებლად უნდა მიეღო თავისი დღიური ულუფა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბანაკში ყოველ დღე რამდენიმე ათეული ადამიანით ზედმეტი იყო. ამიტომ საღამოობით, თითოეულ ბლოკში ქაღალდის ნაგლეჯებით ან დაცომებული პურის ბურთულებით წილს იყრიდნენ. ვისაც წილი შეხვდებოდა, მეორე დღეს სამუშაოზე გასვლის ნაცვლად მავთულხლართების იქით გაჰყავდათ და ხვრეტდნენ.

ატავიზმის ამ ახალი ამოხეთქვის შედეგად სრულიად ახალი ტიპის ადამიანი იშვა: ადამიანი, რომელიც შეთქმულებას აწყობს, იმისთვის, რომ ადამიანთა შორის შეთქმულებები აღარ ეწყობოდეს; ადამიანი, რომელიც იპარავს იმისთვის, რომ დედამიწაზე ქურდობა აღიკვეთოს; ადამიანი, რომელიც კლავს იმისთვის, რომ ადამიანებს აღარ კლავდნენ.

ვიტეკიც სწორედ ამ ახალი ტიპის ადამიანად იქცა. ის კრონშმიდტის, პავიაკის უსასტიკესი ჯალათის, პიპელად მუშაობდა. ახლა კი ჩემ გვერდით ზის და უსმენს, რისგან შედგება ადამიანი, რა მოხდება, თუკი მისი რომელიმე ნაწილი მოიშლება და რა არის საჭირო, მისი შინაურული მეთოდებით შეკეთებისთვის. კურსზე ერთი სერიოზული შეხლა-შემოხლაც მოხდა: მეცადინეობის დროს კურსის წამყვანმა ექიმმა სტაშეკს, რომელიც ორგანიზაციის ნამდვილი დიდოსტატი იყო, უთხრა, გაიმეორე, რაც ღვიძლზე ვთქვიო. სტაშეკმა გაიმეორა, მაგრამ არადამაკმაყოფილებლად. მაშინ ექიმმა უთხრა:

– ბრიყვული პასუხი იყო, და გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ფეხზე წამოდგები.

– ბანაკში თუ ვზივარ, კურსზეც მაქვს ჯდომის უფლება, და ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ. – მიუგო სტაშეკმა და წამოჭარხლდა.

– ხმა გაიკმინდეთ. თქვენ კურსზე იმყოფებით.

– რა თქმა უნდა, გინდათ, რომ ხმა გავიკმინდო, ემანდ არ წამომცდეს, რაც ამ ბანაკში გიკეთებიათ.

სტაშეკმა ეს რომ თქვა, ჩვენ მაგიდაზე ხელების ბრახუნი ავტეხეთ და მანამდე გავყვიროდით  „დიახაც! დიახაც!“, სანამ ექიმი გარეთ არ გავარდა. მერე მოვიდა ადოლფი, გაგვიწყრა და კამერადშაფტზე გველაპარაკა, მერე კი ბლოკში წავედით. სტაშეკმა მაშინვე თავის სამეგობროს ჩამოურბინა, რომ იმ ექიმს მისთვის სარმა არ გამოედო. ალბათ მაინც ვერ გამოსდებდა, რადგან სტაშეკს მაგარი ზურგი აქვს და მისთვის სარმის გამოდება იოლი არ არის. რაც შეეხება იმ ექიმს, მართლაც ბევრის ცოდვა ედო კისერზე. ქირურგიას ავადმყოფებზე სწავლობდა. კაცმა არ იცის, საქმის შესწავლისას და მერეც, თავისი უვიცობის გამო რამდენი მათგანი გაისტუმრა საიქიოს. ჰოსპიტალი ხომ მუდმივად გადაჭედილი იყო, მორგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ამის წაკითხვისას ალბათ გაიფიქრებ, რომ ის ძველი სამყარო მე სამუდამოდ დავივიწყე, მიტომ, რომ მარტო ბანაკზე ვწერ; გწერ იმაზე, რაც აქ ხდება და ვცდილობ, მომხდარიდან და გადატანილიდან ის დასკვნა გამოვიტანო, თითქოს ბანაკის გარდა წინ სხვა აღარაფერი გველოდეს.

გახსოვს ჩვენი პატარა ოთახი? ლიტრიანი თერმოსი თუ გახსოვს, მე რომ მიყიდე? ჯიბეში რომ არ მეტეოდა და ბოლოს საწოლის ქვეშ რომ შევაგდე, რაზეც შენ აღშფოდი. და გესტაპოს რეიდები ჟოლიბოჟზე, რომელზეც მთელი დღე სატელეფონო რეპორტაჟებს მიკეთებდი? ტრამვაიდან რომ აჰყავდათ ხალხი და შენ ერთი გაჩერებით ადრე რომ ჩამოხვედი? სახლს რომ ალყა შემოარტყეს და შენ მინდორ-მინდორ ვისლამდე ირბინე? ის თუ გახსოვს, რას მეუბნებოდი ხოლმე, როცა ომზე, ბარბაროსობაზე, უვიცთა და გაუნათლებელთა თაობაზე ვწუწუნებდი:

– ბანაკში მყოფებზე დაფიქრდი. ჩვენ აქ დროს უქმად ვკარგავთ, ისინი კი იქ იტანჯებიან. – ასე იცოდი ხოლმე თქმა.

ჩემს მაშინდელ ნალაპარაკევში ბევრი გულუბრყვილობა, უმწიფრობა და სარგებლის ძებნა იყო. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დრო უქმად არ დაგვიკარგავს. ომის მიუხედავად ჩვენ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდით. იქნებ იმ ცხოვრებითაც კი, რომელიც უნდა მოვიდეს და დამკვიდრდეს. თუ ეს ნათქვამი ზედმეტად გაბედულად მოგეჩვენება, გთხოვ, მაპატიო. ალბათ ის ფაქტიც, რომ ჩვენ ახლა ორივე აქ ვართ, იმ მომავალი ცხოვრებისთვისაა. როგორ ფიქრობ, იმედი რომ არ გვქონდეს, რომ ის ახალი ცხოვრება ნამდვილად მოვა, რომ ადამიანის უფლებები დაბრუნდება, ამ ბანაკში თუნდაც ერთი დღე გადავრჩებოდით? სწორედ ეს იმედის კარნახი, რომ ადამიანებმა მორჩილად შეაბიჯონ გაზის კამერაში, არ გარისკონ და არ აჯანყდნენ, უმოქმედობაში ძირავს მათ. ეს იმედი გლეჯს ოჯახურ კავშირებს, დედებს შვილების უარყოფას კარნახობს, ცოლებს – პურის ნატეხისთვის სხეულის გაყიდვას, ქმრებს კი ადამიანთა მოკვლისკენ უბიძგებს. ეს იმედი კარნახობს მათ, კიდევ ერთი დღის სიცოცხლისთვის იბრძოლონ, იქნებ სწორედ ამ დღეს მოიპოვონ თავისუფლება. ეჰ, თანაც უკეთესი ცხოვრების იმედი კი არა, მხოლოდ იმ ცხოვრებისა, რომელშიც, უბრალოდ, სიმშვიდე და დასვენების უფლება ექნებათ. კაცობრიობის ისტორიაში იმედი ასე ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის არც იმდენი ბოროტების მიზეზი გამხდარა, რამდენიც ამ ომში, ამ ბანაკში. იმედზე უარის თქმა რომ არ გვასწავლეს, ამიტომაც ვიღუპებით გაზის კამერებში.

ნახე, რა ორიგინალურ სამყაროში ვცხოვრობთ: რა ცოტაა ევროპაში ისეთი ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანი არ მოუკლავს! და რა ცოტანი არიან ის ადამიანები, რომელთა მოკვლაზეც სხვები არ ოცნებობენ!

ჩვენ კი ის ცხოვრება გვენატრება, რომელშიც მეორე ადამიანის მიმართ სიყვარული არსებობს, რომელშიც სიმშვიდეს დაუსადგურებია და შეგვიძლია, ინსტინქტებისგან დავისვენოთ. როგორც ჩანს, ასეთია სიყვარული და ახალგაზრდობა.

  1. – ოღონდ მანამდე, ხომ იცი, რამდენიმეს ჩემი ხელით გამოვჭრიდი ყელს, უბრალოდ, ბანაკის კომპლექსის მოსაშორებლად, ქუდის მოხდის, სხვისი ცემისა და მოკვლისათვის უმოქმედოდ ცქერისთვის, ბანაკის შიშის კომპლექსის გამო. ვშიშობ, რომ ამ კომპლექსს ვეღარასოდეს მოვიცილებთ. არ ვიცი, გადავრჩებით თუ არა, მაგრამ თუ ასე იქნება, მინდა, ერთხელაც მოვახერხოთ და მოვლენებს თავისი სახელები დავარქვათ, ისევე, როგორც ამას მამაცი და გაბედული ადამიანები აკეთებენ.

 

VI

რამდენიმე დღეა, შუადღისას მუდმივი გასართობი გამოგვიჩნდა: გერმანელი ტყვეების ბლოკიდან ადამიანების კოლონა გამოდის Morgen nach Heimat-ის სიმღერით და მწყობრი ნაბიჯით ბანაკს რამდენჯერმე ურტყამს წრეს. ბანაკის უფროსი კი დირიჟორობს და ჯოხით Schritt und Tritt-ს კარნახობს.

ესენი კრიმინალისტები, იგივე „მოხალისე“ ჯარისკაცები არიან. ყველა მწვანე სამკუთხედიანს აქ მოუყარეს თავი. ბედის ირონიაა: მსუბუქ დამნაშავეებს ფრონტზე უკრავენ თავს, ხოლო  ცოლსა და სიდედრს რომ ყელი გამოსჭრა და საბრალო კანარის ჩიტი გალიიდან სუფთა ჰაერზე გაუშვა, ისეთი აქ დარჩება. თუმცა ჯერჯერობით ყველანი ერთად არიან.

მათ მწყობრი ნაბიჯით სიარულს ასწავლიან და აკვირდებიან, გამოიჩენენ თუ არა სოციალური ცხოვრების უნარს. ისინიც მცდელობას არ აკლებენ: უკვე მოახერხეს საწყობში შეპარვა და ამანათების მითვისება, სასადილოც გატეხეს და პუფიც თავზე დაიმხეს (ამის გამო ის დროებით დაკეტეს, რამაც დანარჩენი კლიენტურა დაანაღვლიანა). გაიძახიან, რატომ უნდა წავიდეთ საომრად და ესესელებისთვის სიცოცხლე გავწიროთ, როცა აქაც მშვენივრად ვართო; Vaterland-ი უჩვენოდაც დაიღუპება, ჩვენ კი ფრონტზე ან ფეხსაცმელებს ვინ დაგვიწმენდს, ან ასეთ ნორჩ ბიჭებს სადღა ვიშოვითო.

ჰოდა, მიაბიჯებს ახლა ეს მგლების ხროვა და მიიმღერის: „ხვალ სახლისაკენ“. თითოეული მათგანი ერთიმეორეზე ცნობილი და სახელგანთქმული მკვლელია: სეპელი – დახდეკერების[xviii] ძრწოლა, ის, ვინც წვიმაში, თოვლსა და ყინვაში შეუბრალებლად აიძულებს ტყვეებს მუშაობას და არასწორად დაჭედებული ლურსმნისთვის სახურავიდან აგორებს. არნო ბოემი, ნომერი 8 – ბლოკის მრავალწლიანი უფროსი, კაპო, ბანაკის მთავარი კაპო და ის, ვინც შტუბის უფროსებს[xix] ხოცავდა, ჩაის გაყიდვაზე თუ წაასწრებდა და ყოველი წუთი დაგვიანებისა და საღამოს გონგის შემდეგ წარმოთქმული თითოეული სიტყვისთვის, ჯოხს ოცდახუთჯერ  ურტყამდა; იგივე – რომელიც ფრანკფურტში მცხოვრებ მოხუც მშობლებს მოკლე, მაგრამ გულის ამაჩუყებელ წერილებს სწერდა განშორებასა და უკან დაბრუნებაზე. ყველას ვცნობთ: ეს DAW-ში იყო, ის BUNA-ს ურჩხულია, ის ლაჩარია, რომელიც, ბლოკის უფროსი ავად რომ იყო,  ბუდაში[xx] დაძვრებოდა ხოლმე თუთუნის მოსაპარად, მაგრამ ერთხელაც მაგრად სცემეს და საერთო ბანაკში უკრეს თავი, სადაც ყველაზე ხელიდან წასული კომანდო ჩააბარეს. მიდიან მწყობრად ცნობილი პედერასტები, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, სადისტები, სულ ბოლოს კი თვალების ცეცებითა და არეული ნაბიჯით მდუმარე, ელეგანტურად ჩაცმული კურტი მიაბიჯებს. ეს ის კურტია, რომელმაც ჩემი დავალებით გიპოვა, რომელიც ჩვენს წერილებს დაატარებდა. კისრისტეხით ჩავირბინე კიბე, ქეჩოში წავწვდი და ვუთხარი:

– კურტ, შე მოხალისე-კრიმინალისტო, ამოდი ჩვენთან, მშიერი იქნები, – თან მაღლა ავახდე და ჩვენი ფანჯარა დავანახვე.

იმავე საღამოს ამობრძანდა და შორენკეცით მოპირკეთებულ ღუმელში მომზადებულ ვახშამზე დაგვეწვია. კურტი ძალიან საყვარელი ვინმეა (ზედმეტად ეგზოტიკურად კი ჟღერს, მაგრამ ასეა) და თან კარგი მთხრობელი. დრო იყო, მუსიკოსობა უნდოდა, მაგრამ მამამისმა, მდიდარმა ვაჭარმა, სახლიდან გამოაგდო. კურტი ბერლინში წავიდა, იქ ერთი გოგო გაიცნო, ისიც ვაჭრის ქალიშვილი, მასთან ცხოვრობდა და სპორტული გაზეთებისთვის წერდა. მერე ერთ Stahlhelm[xxi]-თან ჩხუბისთვის ერთი თვით ჩასვეს და იქიდან რომ გამოვიდა, იმ გოგოსთან აღარც გამოჩენილა. სპორტულ მანქანას მოაჯდა და დევიზების კონტრაბანდას მიჰყო ხელი. ერთხელ სეირნობისას იმ თავის გოგოს გადაეყარა, მაგრამ ვეღარ გაბედა მისულიყო და თავი შეეხსენებინა. მერე ავსტრიასა და იუგოსლავიაში დადიოდა, სანამ ისევ დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ. და რადგან რეციდივთან ჰქონდათ საქმე (ციხეში გატარებული ის ერთი თვე გაუხსენეს), საკნიდან პირდაპირ ბანაკში უკრეს თავი.

საღამოა. ბანაკში აპელმა უკვე ჩაიარა. მაგიდასთან ვსხედვართ და ვმუსაიფობთ. საერთოდაც,  ჩვენ გამუდმებით რაღაცას ვყვებით. არა აქვს მნიშვნელობა, კომანდოში მივდივართ ამ დროს, ბანაკში ვბრუნდებით, ვმუშაობთ, საღამოობით ნარებზე ვართ მიწოლილები თუ აპელზე ვდგავართ. ვყვებით გამოგონილ და ნამდვილ ამბებს, რომლებიც აქ, ან მავთულხლართების იქით გადაგვხდენია თავს. დღეს ბანაკის ამბებს ვყვებით, ალბათ იმიტომ, რომ კურტი მას მალე დატოვებს.

– სიმართლე ითქვას, ბანაკზე დანამდვილებით არავინ არაფერი იცოდა. უმიზნო და უსარგებლო მუშაობაზე კი გვსმენოდა რაღაც, მაგალითად ასფალტის აყრაზე და თავიდან დაგებაზე. ვიცოდით ის, რომ საშინელი ადგილი იყო, მაგრამ ამ თემით დიდად არასოდეს დავინტერესებულვართ. ისედაც გასაგები იყო, რომ იქ თუ მოხვდებოდი, გარეთ გამოსვლაზე ვეღარც იოცნებებდი.

– ორი წლის წინ რომ მოსულიყავი აქ, შენც ღუმლიდან ამოსულ კვამლად იქცეოდი და ქარი გაგფანტავდა, – სკეპტიკურად მიუგო სტაშეკმა, ორგანიზაციის დიდოსტატმა.

მე უსიამოვნოდ ავიჩეჩე მხრები.

– ეგ არავინ იცის. შენ თუ არ გაგფანტა, იქნებ მეც არ გავეფანტე. იცით, პავიაკში იყო ერთი აუშვიციდან.

– ალბათ სასამართლო პროცესზე ჩამოვიდა.

– ზუსტად. კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. მარტო იმას ამბობდა, ჩამოხვალთ და თქვენი თვალით ნახავთ, გინდა აქ მილაპარაკია და გინდა ბავშვებისთვის მომიყოლიაო.

– გეშინოდა ბანაკის?

– მეშინოდა. პავიაკიდან დილით ადრე გამოვედით. სადგურამდე მანქანებით მიგვიყვანეს. მზე ზურგიდან გვანათებდა, ე.ი. დასავლეთის სადგურზე მივყავდით, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა. ანბანის მიხედვით გაგვანაწილეს და სწრაფად შეგვყარეს ვაგონებში – თითო ვაგონში სამოცი კაცი. ჭყლეტაც კი არ იყო. აუშვიცში მივყავდით.

– ტანსაცმელი წამოიღე?

– რა თქმა უნდა, წამოვიღე. შეყვარებულის ნაჩუქარი პლედი, დილის ხალათი და ორი ზეწარი.

– გამოუცდელი ყოფილხარ. პავიაკში ბიჭებისთვის უნდა დაგეტოვებინა. არ იცოდი, რომ მაინც ყველაფერს ჩამოგართმევდნენ?

– დამენანა. მერე ერთი კედლიდან ყველა ლურსმანი დავაძრეთ, ფიცრები ამოვიღეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. სახურავზე ავტომატიანი მცველი იჯდა და პირველი სამი, გადახტომას რომ აპირებდნენ, ადგილზე გააგორა. ბოლომ ვაგონიდან თავი გამოყო თუ არა, პირდაპირ კეფაში მოხვდა ტყვია. მატარებელი მაშინვე გააჩერეს, ჩვენ კი კუთხეში მივიყუჟეთ! ჯოჯოხეთი დატრიალდა, იყო ერთი ყვირილი, ღრიალი! სად მირბოდით, მხდლებო! ყველას ამოგვხოცავენ!.. და წამოვიდა გინება, მაგრამ როგორი!..

– ქალების ბანაკშიც რომ არ გაგიგონია ისეთი, ხო?

მე სულ უკან, კუთხეში ვიყავი მიკუნჭული. წინიდან სხვები მეფარებოდნენ. ვფიქრობდი, ამას რა სჯობს, თუ ისვრიან, პირველს არ მომხვდება-მეთქი. ისროლეს კიდეც. ერთი ჯერი დაგვაცალეს. ორი ადგილზე მოკლეს, მესამე ფერდში დაჭრეს. მერე კიდევ los, aus! ნივთების გარეშე! ვფიქრობ, ახლა მართლა კაპუტ იქნება, პირდაპირ თავში მესვრიან და გამაგორებენ-მეთქი. ის დილის ხალათი კიდევ ერთხელ დამენანა, ჯიბეში ბიბლია მედო, თანაც შეყვარებულის ნაჩუქარი იყო.

– პლედიც შეყვარებულის ნაჩუქარი არ იყო?

– ჰო. ისიც დამენანა, მაგრამ თან არაფერი წამიღია. კიბიდან პირდაპირ დაბლა ჩამაგდეს. წარმოდგენა არა გაქვთ, რამხელაა სამყარო, როცა დახურული ვაგონიდან გარეთ გაგდებენ. და ცაც როგორი მაღალია…

– მაღალი და ლაჟვარდისფერი…

– ზუსტად. ლაჟვარდისფერი. სურნელოვანი ხეები, ისეთი ტყე, რომ გულში ჩაკვრა მოგინდება. გარშემო კი ავტომატიანი ესესელები. ოთხი გვერდზე გადააყენეს, დანარჩენები სხვა ვაგონში შეგვყარეს. ახლა ერთ ვაგონში ას ოცი ვიყავით, აქედან სამი მოკლული და ერთი დაჭრილი. კინაღამ გავიგუდეთ. ისე ცხელოდა, რომ ჭერიდან წყალი წვეთავდა. არც ერთი სარკმელი, ყველაფერი ფიცრებით იყო აჭედილი. ვყვიროდით, წყალს და ჰაერს ვითხოვდით, მაგრამ სროლა რომ დაიწყეს, ხმა გავიკმინდეთ. მთელი გზა დაკლული ღორებივით ვეყარეთ იატაკზე. ჯერ სვიტერი გავიხადე, მერე პერანგი და მაისური. მთელი ტანი ოფლით მქონდა სველი. ცხვირიდან სისხლი მდიოდა. ყურები მიშუოდა. მეჩქარებოდა აუშვიცში ჩასვლა, რადგან ეს სუფთა ჰაერზე გასვლას ნიშნავდა. რამპაზე ჩამომდგარი ვაგონის კარი რომ გააღეს, პირველივე ჩასუნთქვით აღვიდგინე ძალა. აპრილის ცივი, ვარსკვლავიანი ღამე იყო. ტანზე სველ მაისურს ვიცვამდი, თუმცა ვერ ვგრძნობდი სიცივეს. უკნიდან ვიღაც მომეჭიდა და დაიჩურჩულა: „ძმაო, ძმაო“.  წყვდიადში ბანაკის შუქები კიაფობდა. მათ თავზე კი მოუსვენარი, ჟღალი ალი ანათებდა. მთელი წყვდიადი თითქოს მისკენ მიისწრაფოდა, მას ეკვროდა გარს. თითქოს ცამდე აზიდული მთის მწვერვალზე ენთო. „კრემატორიუმი“! – ჩაირბინა მწკრივებში ჩურჩულმა.

– როგორ აფორმებ! გეტყობა, რომ პოეტი ხარ, – მოწონებით აღნიშნა ვიტეკმა.

– მივდიოდით ბანაკში და გვამები მიგვქონდა. უკან მომავალთა მძიმე სუნთქვა მესმოდა. ვფიქრობდი, რომ ჩემ უკან ჩემი შეყვარებული მოდიოდა. რამდენჯერმე დამარტყეს. ზედ კარიბჭესთან ბარძაყში ბაგინეტი მომხვდა. არ მტკენია, უბრალოდ იმ ადგილას სითბო ვიგრძენი. ბარძაყიდან წვივზე ჩამომდიოდა სისხლი. ცოტა ხნის შემდეგ კუნთები დამიბუჟდა და კოჭლობა დავიწყე. ესესელმა, რომელიც ჩვენს კოლონას მოაცილებდა, ჩემ წინ მდგომებსაც დაარტყა და კარიბჭეში რომ შევდიოდით, თქვა:

– აქ კარგად დაისვენებთ.

ეს იყო ხუთშაბათს, ღამით. ორშაბათს კი კომანდოში წავედი ბუდიში, ტელეგრაფის ბოძების სათრევად. ფეხი საშინლად მტკიოდა, მაგრამ დასვენება გვაქვს, და თანაც როგორი!

– თავს ვერ შეგვაცოდებ, ებრაელები მაგაზე უარეს პირობებში მგზავრობენ. – განსხვავებული აზრი აღმოგვაჩნდა მგზავრობასთან და ებრაელებთან დაკავშირებით.

– თქვენ ებრაელებს არ იცნობთ. აი, ნახავთ, ეგენი ამ თავიანთი ბანაკიდანაც კი სარგებელს ნახავენ. კრემატორიუმშიც და გეტოშიც ერთი თეფში თალგამის სუპისთვის საკუთარ დედას გაყიდიან. ერთხელ, დილაადრიან, არბაითსკომანდოზე ვდგავართ. ჩვენ გვერდით ზონდერკომანდოა. ხარივით ბიჭები არიან, ცხოვრება უხარიათ, აბა, როგორ?! ჩემი მეგობარი მოიშეც იქ არის. მეც მალვიდან ვარ და ისიც. მოკლედ, როგორც არის ხოლმე, ვაჭრები ვართ, მეგობრები, ერთმანეთის ნდობა გვაქვს, ერთმანეთის გატანა ვიცით. „რა გჭირს, მოიშე, რა აჭრილი ხარ?“ „ოჯახის ფოტო მივიღე.“ „მერე მაგას რა სჯობია?“ „უმჯობესი არაფერი გენახოს, ეს წუთია, მამაჩემი ღუმელში გავუშვი!“ „შეუძლებელია!“ „არ არის შეუძლებელი. ეს წუთია გავუშვი-მეთქი! ტრანსპორტს ჩამოყვა. გაზის კამერის წინ ვდგავარ, შიგ ხალხს ვერეკები. დამინახა, მომვარდა, დამიწყო ხვევნა-კოცნა და მეკითხება, რა ბედი გვეწევაო, მშიაო, ორი დღეა პირში არაფერი ჩამსვლიაო. არადა, კომანდოფიურერი დგას და ღრიალებს, გაინძერით, იმუშავეთო! რა უნდა მექნა? ვუთხარი, მიდი, მამი, აბანოში შედი, იბანავე და მერე დავილაპარაკოთ, ხომ ხედავ ახლა არა მცალია-მეთქი.“ ჰოდა, მამაჩემი გაზის კამერაში რომ შევიდა, ეს სურათი მისი ტანსაცმლის ჯიბიდან ამოვიღე. ახლაც მეტყვი, მაგას რა სჯობიაო?“

გავიცინეთ. ერთი მხრივ კარგია, რომ არიელებს გაზის კამერაში არავინ უშვებს. ამას მართლაც ყველაფერი სჯობს.

– გაზით უკვე დიდი ხანია კლავენ, – თქვა „აქაურმა“ სანიტარმა, რომელიც სიამოვნებით მოგვიჯდება ხოლმე გვერდით სალაპარაკოდ ჩამომსხდრებს. – მე ამ ბლოკში დიდი ხანია ვარ და ბევრი მახსოვს. რამდენმა ადამიანმა გაიარა ჩემს ხელში გაზის კამერამდე! მარტო ერთი ქალაქიდან ჩამოსული რამდენი  მეგობარი და ნაცნობი შემხვდა! ადამიანს ყველას სახეც კი აღარ გახსოვს. უბრალოდ ხალხის მასაა და მორჩა. მაგრამ ერთი შემთხვევა, ალბათ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მაშინ ამბულატორიის სანიტარი ვიყავი. შეხვევას მაინცდამაინც დიდი პასუხისმგებლობით არ ვეკიდები, მოგეხსენებათ ფერების დრო არა გვაქვს. ხელს მივუცაცუნებ, მოვუცაცუნებ, მკლავი იქნება, ზურგი, თუ რაც არის. ცოტა ბამბა, ცოტა ბინტი და მორჩა! შემდეგი! ადამიანს სახეში არც უყურებ. მადლობასაც არავინ გეუბნება, იმიტომ, რომ სამადლობელიც არაფერია. მაგრამ ერთხელ ერთი ფლეგმონა შევახვიე და მისი პატრონი კართან მისული მეუბნება: „სპასიბო, ბატონო სანიტარო!“ შევხედე, ერთი ფერმიხდილი, გასაცოდავებული არსებაა. სისუსტისგან ძლივს დგას დასივებულ ფეხებზე.  რამდენჯერმე მოვინახულე ამის მერე, წავედი, სუპი მივუტანე. მარჯვენა დუნდულის ფლეგმონა ჰქონდა, მერე მთელ ბარძაყზე გადაუვიდა, ჩირქი ჩაუდგა. საშინლად იტანჯებოდა. ტიროდა და დედას ახსენებდა. „გაჩუმდი, – ვეუბნებოდი, – ჩვენც გვყავს დედები, მაგრამ არ მივტირით.“ ვანუგეშებდი, როგორც შემეძლო, მაგრამ რა შემეძლო? ერთი ჯამი სუპი მიმქონდა ხოლმე და ნაჭერი პური. ჰოდა, ვმალავდი ამ ჩემს ტოლიჩკას სელექციის[xxii] წინ როგორც შემეძლო, მაგრამ ერთხელაც იპოვეს და მისი ნომერი ჩაიწერეს. მაშინვე მივაკითხე. სიცხე ჰქონდა. მეუბნებოდა:„მე რომ გაზში მიშვებენ, ეგ არაფერი. ეს ალბათ ასეა საჭირო. მაგრამ ომი რომ დამთავრდება და შენ გადარჩები…“ „ეგ არავინ იცის, ტოლიჩკა, გადავრჩები თუ არა“, შევაწყვეტინე. „გადარჩები, – მომიგო ჯიუტად, – „გადარჩები და დედაჩემთან წახვალ. ამ ომის შემდეგ აღარც საზღვრები იქნება, აღარც სახელმწიფოები, აღარც ბანაკები, ადამიანები ერთმანეთს აღარ დახოცავენ. Wied eto poslednij boj, – დაჟინებით მითხრა, – poslednij, ponimajesz?[xxiii] „მესმის, – მივუგე. „წახვალ დედაჩემთან და ეტყვი, რომ გარდავიცვალე. იმიტომ, რომ საზღვრები აღარ იყოს, აღარც ბანაკები, აღარც ომი. ეტყვი?“ „ვეტყვი“. „დაიმახსოვრე: დედაჩემი ცხოვრობს: Dalniewostoczny Kraj, gorod Chabarowsk, ulica Lwa Tolstowo, dwadcat piat“. გაიმეორე! გავიმეორე. მერე ბლოკის უფროსთან წავედი, რომელსაც ტოლიჩკას სიიდან ამოშლა შეეძლო, მაგრამ იმან სილა გამაწნა და ბუდადან გარეთ გამომაგდო. ტოლიჩკა გაზის კამერაში წავიდა. ის ბლოკის უფროსი ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ტრანსპორტით გაუშვეს. წასვლისას პაპიროსი მთხოვა. არ მივეცი და სხვებსაც ვუთხარი, არ მიეცათ და ასეც მოიქცნენ. იქნებ ცუდად მოვიქეცი, რადგან მაუთჰაუზენში[xxiv] მიჰყავდათ, რომ იქ საბოლოოდ ამოეხადათ მისთვის სული. აი, ტოლიჩკას დედის მისამართი კი დღესაც მახსოვს: Dalniewostoczny Kraj, gorod Chabarowsk, ulica Lwa Tolstowo…

სიჩუმე ჩამოვარდა. შეწუხებულმა კურტმა იკითხა, რა მოხდაო, რადგან ჩვენი ლაპარაკიდან მას ბევრი არაფერი ესმის. ვიტეკმა მოკლედ გადაუთარგმნა:

– ბანაკზე ვლაპრაკობთ და იმაზე, ცხოვრება უკეთესი გახდება თუ არა. შენც შეგიძლია რაიმე მოგვიყვე.

კურტმა შეგვათვალიერა, გაგვიცინა და ნელა, ყველას კარგად რომ გაგვეგო, ასეთი რამ გვითხრა:

– მე ძალიან მოკლედ გეტყვით. მაუთჰაუზენში რომ ვიყავი, იქ ორი გაქცეული დაიჭირეს, შობის წინა საღამო იყო. მოედანზე დიდი ნაძვისხის გვერდით სახრჩობელები დადგეს. მათი ჩამოხრჩობის დროს მთელი ბანაკი აპელზე იდგა. ნაძვისხეზე შუქები რომ აანთეს, ლაგერფიურერი წინ გამოვიდა, ტყვეებს მოგვმართა და ბრძანება გასცა:

– Häftlinge, Mützen ab!

ქუდები მოვიხადეთ. ლაგერფიურერმა ტრადიციული საშობაო მიმართვა წაიკითხა:

– ვინც ღორივით იქცევა, მას ჩვენც ღორივით მოვექცევით. Häftlinge, Mützen auf!

ქუდები დავიხურეთ.

– დაიშალეთ!

დავიშალეთ.

პაპიროსს მოვუკიდეთ. გავიყურსეთ. ყველა თავის საფიქრალს ფიქრობდა.

 

 VII

ბარაკების კედლები რომ ჩამოინგრეს, ათასობით ნაცემ-ნაბეგვი და ნარებზე შეჭუჭკნული ადამიანი ჰაერში დაეკიდებოდა. ეს იქნებოდა იმაზე ამაზრზენი სანახაობა, ვიდრე შუა საუკუნეების ნახატებზე უკანასკნელი სამსჯავროა. ყველაზე სულისშემძვრელი სანახაობა მაინც ბუკსაში კუთვნილ მონაკვეთზე მოკუნტული მძინარე  ადამიანია, რომელსაც ეს ადგილი სხეულისთვის სჭირდება, იმ სხეულისთვის, რომელიც უკვე მაქსიმალურად გამოიყენეს: მასზე ნომერი ამოასვირინგეს, საყელურის ფული რომ დაეზოგათ, ღამით ძილისთვის იმდენი დრო დაუტოვეს, რომ მეორე დღეს მუშაობა შეძლოს, დღისით იმდენი თავისუფალი დრო მისცეს, რომ ჭამა მოასწროს, საჭმელი კი იმდენი, რომ არაპროდუქტიულად არ ამოხდეს სული. საცხოვრებლად მას ერთადერთი ადგილიღა აქვს დარჩენილი: ნარის მონაკვეთი, დანარჩენი ყველაფერი ბანაკსა და სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ არც ნარის მცირე ნაწილი, არც პერანგი და არც ნიჩაბი მაინც არ არის ბოლომდე შენი. ავად თუ გახდები, წაგართმევენ ყველაფერს: ტანსაცმელს, ქუდს, გადამალულ თავშალს, ცხვირსახოცსაც კი. როცა მოკვდები, ოქროს კბილებს დაგაძრობენ, რომელიც შენი მოსვლისთანავე შეიტანეს ბანაკის დავთარში, მერე კი დაგწვავენ და შენი ფერფლით ან მინდვრებს გაანაყოფიერებენ, ან ჭაობებს ამოაშრობენ. თუმცა დაწვის დროს დიდი ოდენობით ცხიმი, ძვალი, ხორცი და სითბო ტყულად იკარგება! სხვაგან ადამიანებისგან საპონს აკეთებენ, მათი კანისგან აბაჟურებს, ძვლებისგან კი სამკაულებს. ვინ იცის, იქნებ ზანგებთან საექსპორტოდ, რომელთაც ოდესმე დაიპყრობენ.

ვმუშაობთ მიწის ქვეშ და მიწის ზევით, გადახურულში, წვიმაში… ხელში ნიჩბები, ძალაყინები, წერაქვები გვიჭირავს, ურიკებს დავაგორებთ, ცემენტის ტომრებს დავათრევთ, აგურებს ვაწყობთ, ლიანდაგებს ვაგებთ, ღობეს ვავლებთ, მიწას ვტკეპნით… ახალ, მორიგ ამაზრზენ ცივილიზაციას ვუყრით საძირკველს. ახლაღა გავაცნობიერე ანტიკური სამყაროს ჭეშმარიტი ღირებულება, მივხვდი, თუ რა საშინელი დანაშაულის შედეგია ეგვიპტური პირამიდები, ბერძნული ტაძრები და ქანდაკებები! რამდენი სისხლია დაღვრილი რომაულ გზებზე, სასაზღვრო კედლების აგებასა და ქალაქების მშენებლობაზე. ანტიკური სამყარო ეს იყო უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც მონებს შუბლზე ჰქონდათ ამოშანთული მფლობელის სახელი, სადაც მათ გაქცევის მცდელობისთვის ჯვარზე აკრავდნენ. ეს იყო თავისუფალი ადამიანების დიდი შეთქმულება მონების წინააღმდეგ!

გახსოვს, როგორ მიყვარდა პლატონი? ახლა კი უკვე ვიცი, რომ ცრუობდა, რადგან მიწიერი საგნები იდეალს კი არ განასახიერებს, არამედ ადამიანის სისხლითაა დაცვარული. ჩვენ ვაგებდით პირამიდებს, ჩვენ ვტეხდით მარმარილოს წმინდა ტაძრებისთვის და  ქვას იმპერიის გზებისთვის, ჩვენ ვუსვამდით სამხედრო ხომალდების ნიჩბებს და  ერქვანს ვეწეოდით,  ისინი კი დიალოგებსა და დრამებს წერდნენ, საკუთარ ინტრიგებს სამშობლოს ინტერესებად ასაღებდნენ, საზღვრებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. ჩვენ ჭუჭყი გვჭამდა და ნამდვილი სიკვდილით ვკვდებოდით, ისინი კი ესთეტიკურად გამოიყურებოდნენ და გაუთავებელი დისკუსიებით წყალს ნაყავდნენ.

ფუჭია სილამაზე, თუ ის ადამიანისთვის მიყენებულმა ტკივილმა შვა. არ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც ტკივილს და დამცირებას თვალს არიდებს. არ არსებობს სიკეთე, რომელიც სხვის ტანჯვას დაუშვებს.

რა იცის ანტიკურმა სამყარომ ჩვენზე? ის მხოლოდ ტერენციუსისა და პლაუტის გაქნილ ხელქვეითებს, სახალხო ტრიბუნებს, გრაკხუსებსა და ერთადერთ მონას – სპარტაკს იცნობს.

ისტორიასაც ისინი ქმნიდნენ და ამიტომაა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთადერთ ჩვეულებრივ დამნაშავეს, სციპიონს ვიცნობთ, და ჩვეულებრივ ადვოკატებს – ციცერონსა და დემოსთენეს. ასეთების ხსოვნა ზედმიწევნით კარგად შემოგვინახეს. ეტრუსკები და კართაგენი აღგვაფრთოვანებს! ღალატი, ცბიერება სიხარბე, რომაული სამართალი! რომაული სამართალი დღესაც სამართალია!

ჩვენზე რას შეიტყობს მსოფლიო, თუ გერმანია გაიმარჯვებს? წამოიმართება უზარმაზარი შენობები, ფაბრიკები, ცადაწვდილი ძეგლები, გაიყვანენ ავტომაგისტრალებს. თითოეული აგურის ქვეშ ჩვენი ხელები იქნება ჩამარხული, ჩვენს ზურგზე იქნება დაგებული შპალები და ბეტონის ფილები. ამოგვიჟლეტენ ოჯახებს, დაგვიხოცავენ სნეულებს, მოხუცებს, ბავშვებს.

და ამის შესახებ არავის არაფერი ეცოდინება. ჩვენს ხმებს პოეტები, ადვოკატები, ფილოსოფოსები, მღვდლები გადაფარავენ. სილამაზეს, სიკეთესა და ჭეშმარიტებას შექმნიან. შექმნიან რელიგიას.

სამი წლის წინ აქ სოფლები და დაბები იყო. მინდვრები და ყანები, ყანაში ბილიკები გადიოდა და ყანებს შორის მოუხვნელ მიწაზე მსხლის ხეები იდგა. აქ ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც არც სხვაზე მეტნი იყვნენ და არც სხვაზე ნაკლებნი.

მერე ჩვენ მოვედით. ეს ადამიანები გავყარეთ, მათი სახლები დავანგრიეთ, მიწა დავტკეპნეთ და ზედ ბეტონი დავასხით. დავდგით ბარაკები, ღობეები, კრემატორიუმები. თან მოვიტანეთ მუნი, ფლეგმონა და ტილები.

ფაბრიკებსა და შახტებში ვმუშაობთ. უდიდეს სამუშაოს ვასრულებთ, რომლიდანაც ვიღაცა წარმოუდგენელ მოგებას ნახულობს.

აქაური ფირმის, ლენცის, ისტორიას გადახედეთ: ამ ფირმამ ბანაკი აგვიშენა თავისი ბარაკებით, დარბაზებით, საწყობებით, ბუნკერებით, ღუმელებით. ბანაკი მათ მუშახელად ტყვეებს აძლევდა, სს კი – სამშენებლო მასალას. ფირმამ ბანაკს ისეთი ასტრონომიული ანგარიში წარუდგინა, რომ მარტო აუშვიცმა კი არა, ბერლინმაც თავში შემოირტყა ხელები. ბატონებო, უთხრეს, ეს შეუძლებელია, ძალიან დიდი ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ამდენი და ამდენი მილიონიო! აი, დაწვრილებითი ანგარიშებიო, მიუგო ფირმამ. კი მაგრამ, ჩვენ ამდენის გადახდას ვერ შევძლებთო, უთხრა ბერლინმა. მაშინ ნახევარი გადაიხადეთო, დაუთმო პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულმა ფირმამ. მოდით, ოცდაათ პროცენტზე შევთანხმდეთო, შეევაჭრა ბერლინი. და შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ფირმა ლენცის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები ოცდაათ პროცენტამდე მცირდება, მაგრამ ფირმას ეს დიდად არ ანაღვლებს. როგორც ყველა გერმანული ფირმა, ისიც სააქციო კაპიტალს ზრდის. ოსვენციმით უკვე საკმარისზე მეტი ფული იშოვა და ახლა ომის დამთავრებას ელის. ასე გამდიდრდა წყალგაყვანილობის ფირმა ვაგნერი, კონტინენტალი, საკანალიზაციო ჭების ფირმა რიხტერი, განათებისა და ელექტრომართულების მწარმოებელი ფირმა სიმენსი, აგურის, ცემენტის, რკინის, ხისა და ზოლიანი ტანსაცმლის მწარმოებლები; ასე მოითბეს ხელი უდიდესმა საავტომობილო ქარხანა უნიონმა და ნარჩენების უტილიზაციის საწარმო DAW-მა, შახტების მფლობელებმა მისლოვიცესა და გლივიცეში, იანინსა და იავოჟნაში. ვინც ჩვენგან გადარჩება, მათგან ანაზღაურება უნდა მოითხოვონ, ოღონდ  ფულით და საქონლით კი არა,  გამუდმებული ქანცის გამწყვეტი შრომით.

როდესაც მძიმე მუშაობისგან დაავადებული, არაქათგამოცლილი ადამიანები დასაძინებლად წვებიან, მე მაშინ ვიწყებ ჩემს ფიქრებში შენთან ლაპარაკს. სიბნელეში შენს სახეს ვხედავ და მიუხედავად იმისა, რომ შენთვის წარმოუდგენელი სიძულვილითა და გაცხარებით ვლაპარაკობ, ვიცი, რომ ყურადღებით მისმენ.

ჩვენ ერთნაირი ხვედრი გვერგო: განსხვავება ისაა, რომ, შენი ხელები წერაქვზე მუშაობას ვერ შეძლებს და მუნსაც ჯერ ვერ შეეჩვიე. ჩვენი უსაზღვრო სიყვარულის გარდა ჩვენ ერთმანეთთან  მათი სიყვარულიც გვაკავშირებს, ვინც გარეთ დარჩა. ვინც იქ ჩვენთვის ცოცხლობს და ჩვენი სამყაროს ნაწილია. ეს ჩვენი მშობლების, მეგობრების სახეებია, ასევე ჩვენი  ნივთების სილუეტები. და არის კიდევ ერთი ძვირფასი განძი, რომლის ერთმანეთისთვის გაყოფა-განაწილებაც შეგვიძლია – ჩვენი საერთო განცდები. მარტო სხეულები რომ დაგვიტოვონ და სხვა ყველა და ყველაფერი წაგვართვან, ჩვენს ფიქრებსა და განცდებს მაინც ხომ ვერ წაგვართმევენ.

მე რატომღაც მაინც ასე ვფიქრობ, რომ ადამიანის ღირსება მის ფიქრსა და განცდაშია ჩაბუდებული.

 

VIII

ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ.

ჯერ ერთი, აყლაყუდა ელექტრიკოსის გამო: ყოველ დილით კურტთან ერთად მივდივარ მასთან (იმიტომ, რომ ის მისი ნაცნობია) და შენთან წამოსაღები წერილები მიმაქვს. ელექტრიკოსი – ფანტასტიკური ძველი ნომრით, ათასზე ცოტა ზევით – ძეხვებით, შაქრის ტომსიკებით, ქალის თეთრეულით დაიხუნძლება ხოლმე და ყველაზე ბოლოს, სადღაც, ფეხსაცმლის სიღრმეში,  მოხერხებულად იტენის წერილებს. ელექტრიკოსი მელოტია და ჩვენი სიყვარული მისთვის გამოცანად რჩება. რამდენჯერაც წერილს მივუტან, იმდენჯერ იჯღანება. ჯიბეში პაპიროსის კოლოფის ჩაჩურთვის მცდელობისას კი მეუბნება:

– მეგობარო, ჩვენთან, აუშვიცში, წერილების მიტან-მოტანაში არაფერს ვართმევთ ერთმანეთს. აი, პასუხს კი, თუ შევძელი, მოგიტან.

საღამოობით როცა მივდივარ ხოლმე მასთან, ელექტრიკოსი საპირისპირო თანმიმდევრობით ატარებს პროცედურას: ჯერ ფეხსაცმელს იხდის, შენს ბარათს იღებს, მიწვდის და ისევ უსიამოვნოდ იღმიჭება. მისთვის ხომ ჩვენი სიყვარული გაუგებარია და, ჩვენ გამო, ალბათ, არც ბუნკერში – ერთ ნახევარი კუბური მეტრის  გალიაში – უნდა ჩაჯდომა. ის ხომ ძალიან მაღალია და არა მგონია,  ბუნკერში თავი მოხერხებულად იგრძნოს.

ეს აყლაყუდა ელექტრიკოსის ამბავი. ახლა მეორე ამბავს გეტყვი ესპანელის ქორწილზე: ესპანელი მადრიდს იცავდა, საფრანგეთში გაიქცა და აუშვიცში ჩამოიყვანეს. როგორც ესპანელს შეშვენის, ფრანგი ქალი უყვარდა და იმ ქალთან ბავშვი ჰყავდა. ბავშვი რომ წამოიზარდა, ფრანგმა ქალმა ერთი ამბავი ატეხა, უნდა დავქორწინდეთო. ესპანელიც ადგა და პირდაპირ ჰ.ჰ.-ს დაუწერა განცხადება, რომელიც სასტიკად განრისხდა ახალ ევროპაში ასეთ უწესო ქცევაზე და ბრძანა, დაუყოვნებლივ შემდგარიყო მათი ქორწინება.

ფრანგი ქალი თავისი ბავშვით ბანაკში ჩამოიყვანეს. ესპანელს ლამის ძალით შეამოახიეს ზოლიანი სამოსი ტანზე, სამრეცხაოს კაპოს ხელით ლამაზად დაუთოებული, მოხდენილი შარვალ-კოსტუმი ჩააცვეს, ბანაკის მდიდარი კოლექციიდან წინდები და შესაფერისი ჰალსტუხიც შეურჩიეს და დააქორწინეს.

ახალდაქორწინებულებმა ახლა სურათის გადასაღებად გასწიეს: ესპანელმა ქალისთვის გამოდებული ხელკავით, ქალმა – ბავშვითა და სუმბულების თაიგულით ხელში. მათ უკან ოკესტრი in corpore უკრავდა, ორკესტრს კი უკან განრისხებული სამზარეულოს ესესელის ხმა მოჰყვებოდა:

– თქვენ ნახავთ, თუ მელდუნგი[xxv] არ აგკიდოთ იმისთვის, რომ სამუშაო საათებში კარტოფილის დაფცქვნის მაგივრად უკრავთ! სუპისთვის კარტოფილი მჭირდება, მე თქვენი ქორწილები სულ ფეხებზე მკიდია…

– ჩუმად… აწყნარებდნენ სხვა ჩინოსნები. – ბერლინიდან მოვიდა ბრძანება. სუპი კიდევ იყოს ერთხელ უკარტოფილო, არაფერი დაშავდება!

ამასობაში ახალდაქორწინებულს ფოტოც გადაუღეს და ქორწილის ღამეს პუფის აპარტამენტებიც დაუთმეს, რომლის თანამშრომლებიც ერთი ღამით მეათე ბლოკში შერეკეს. ფრანგი ქალი მეორე დღესვე საფრანგეთში დააბრუნეს, ზოლიან სამოსში გამოწყობილი ესპანელი კი კომანდოში.

მთელი ბანაკი გაბღენძილი დადიოდა.

– ჩვენთან, აუშვიცში, ქორწინებაც კი შეიძლება.

ამიტომ: ჩემი სიხარულის პირველი მიზეზი – გრძელი ელექტრიკოსია, მეორე – ესპანელის ქორწილი და მესამე ის, რომ კურსს ვამთავრებთ. ცოტა ხნის წინ კურსი FKL-ის სანიტარმა ქალებმა დაამთავრეს. მათ კამერული მუსიკით გამოვემშვიდობეთ. ყველანი მეათე ბლოკის ფანჯარასთან ჩამოსხდნენ, ჩვენი ფანჯრებიდან კი მათი ორკესტრის რამდენიმე მუსიკოსი უკრავდა: დაფდაფი, საქსოფონი და ვიოლინო. ყველაზე საოცარი მაინც საქსოფონია: ქვითინი და მოთქმაც შეუძლია და სიცილ-კისკისიც.

დასანანია, რომ სლოვაცკი არ იცნობდა ამ ინსტრუმენტს, თორემ განცდების მრავალფეროვნად გადმოსაცემად, ალბათ, საქსოფონისტი გახდებოდა.

ასე რომ, ჯერ ქალებმა დაამთავრეს კურსი, ახლა კი ჩვენ ვამთავრებთ. სხვენზე მოვიყარეთ თავი. მოვიდა ბანაკის ექიმი როდე (ის, „წესიერი“, ებრაელებს და არიელებს ერთმანეთისგან რომ არ ასხვავებს), ჯერ ჩვენ შეგვათვალიერა, მერე შეამოწმა, როგორ შევახვიეთ ჭრილობები. შეგვაქო, ძალიან კმაყოფილი ვარო და გვითხრა, ამის შემდეგ თქვენთან, აუშვიცში, ყველაფერი უკეთესად იქნებაო. როდემ მალე დატოვა იქაურობა, რადგან სხვენი არ თბება.

ჩვენთან, აუშვიცში, დღეს მთელი დღე გვემშვიდობებიან. ფრანცმა, იმან, ვენიდან რომ არის, ბოლო ლექცია ჩამიტარა ომის არსსა და დანიშნულებაზე. იმ ადამიანებზე ლაპარაკის დროს, რომლებიც მუშაობენ და რომლებიც ამ მომუშავეებს ანადგურებენ,  ცოტა კი დაება ენა.  ყვებოდა პირველთა გამარჯვებასა და მეორეთა დამარცხებაზე; იმაზე, რომ ჩვენთვის ჩვენი თაობის ამხანაგები ლონდონიდან, ურალსკიდან, ჩიკაგოდან, კალკუტადან, ხმელეთიდან და კუნძულებიდანაც კი იბრძვიან. არც იმ ადამიანთა მომავალი ძმობა და ერთობა დავიწყებია, რომლებიც რაღაცას ქმნიან. ვიფიქრე, ეგ არის და, მესიანიზმი იბადება ამ სიკვდილსა და განადგურებას შორის-მეთქი. მერე ფრანცმა თავისი ამანათი გადმოიღო, რომელიც იმ დღეს ვენიდან ჩამოსვლოდა და საღამოს ერთად დავლიეთ ჩაი. ფრანცი ავსტრიულ სიმღერებს მღეროდა, მე კი ლექსებს ვკითხულობდი, რომლებიც მას არ ესმოდა.

ჩვენთან, აუშვიცში, საგზლად რამდენიმე წამალი და წიგნები მომცეს. ყველაფერი საჭმლის ქვეშ შევტენე. წარმოიდგინე, ანგელუს სილეზიუსის შემოქმედება! ამიტომაც ვარ ბედნიერი: აყლაყუდა ელექტრიკოსი, ესპანელის ქორწილი, დამთავრებული კურსი. ამას კიდევ მეოთხე სიხარულიც დაემატა: შინიდან წერილი მივიღე. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ბოლოს მაინც მიპოვეს!

თითქმის ორი თვე ჩემების შესახებ არაფერი ვიცოდი და ძალიან განვიცდიდი, რადგან აქ ვარშავაზე გაუგონარ ამბებს ჰყვებიან. მეც შეშინებული, წერილს წერილზე ვაგზავნიდი და, შენ წარმოიდგინე, გუშინ ორი წერილი მივიღე ერთად: ერთი სტაშეკისგან, მეორე –  ჩემი ძმისგან.

სტაშეკი ძალიან უბრალო სიტყვებით მწერს, იმ ადამიანის ენით, რომელიც თავისი გულისნადების უცხო ენაზე გადმოცემას ცდილობს. „გვიყვარხარ და გვახსოვხარო. ტუსკაც გვახსოვსო, შენი შეყვარებული. ვცოცხლობთ, ვმუშაობთ და ვქმნითო.“ ცოცხლობენ, მუშაობენ და ქმნიან, მაგრამ ანდჟეი დაიღუპა და ვაცეკი „გარდაიცვალა“.

რა საშინელებაა, რომ სწორედ ჩვენი თაობის ეს ორი უნიჭიერესი, შემოქმედებითი ვნებით სავსე ადამიანი დავკარგეთ!

ხომ გახსოვს, რა სასტიკად ვუპირისპირდებოდი ხოლმე გაუმაძღარი სახელმწიფოს აშენების მათეულ იმპერიალისტურ კონცეფციას, მათ უსამართლო დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ, მათ თეორიებს ხალხური ხელოვნების შესახებ, მათ ისეთსავე აბდაუბდა ფილოსოფიას, როგორიც თავად მათი მოძღვარი ბჟოზოვსკი იყო, მათ პოეტურ პრაქტიკას, რომელიც ავანგარდიზმის კედელს შუბლით ეჯახება, მათი თვალთმაქცური ცხოვრების გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ სტილს.

დღეს კი, როდესაც ჩვენ ორი სამყაროს ზღურბლი გვყოფს, რომელსაც ჩვენც გადავაბიჯებთ, მე მათ სამყაროს არსზე, ცხოვრების სტილსა და პოეზიის ფორმაზე კამათში ვიწვევ. მე მათ დღესაც ვამხელ ძლევამოსილი, თავკერძა სახელმწიფოსგან შთაგონებული იდეების წინაშე ქედის მოხრაში, ბოროტებით აღფრთოვანებაში, რომლის ნაკლიც ის არის, რომ რომ ის ჩვენი ბოროტება არ არის. მე მათ დღესაც გავუმეორებ, რომ მათი პოეზია არაიდეურია, რომ მასში ადამიანი იგრძნობა და არც პოეტი!

სხვა სამყაროს ზღურბლზე მდგარი მე მათ სახეებს ვხედავ, ვფიქრობ მათზე, ჩემი თაობის ბიჭებზე, და ვგრძნობ, რომ ჩვენს შორის სულ უფრო და უფრო დიდი სიცარიელე ისადგურებს. წავიდნენ წარმოუდგენლად სიცოცხლით სავსენი და თავიანთი საქმის, რომელსაც ასე რუდუნებით აკეთებდნენ, შუა გზაში მიტოვება მოუხდათ. წავიდნენ, ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილები. მე ვემშვიდობები ჩემს მეგობრებს სხვა ბარიკადებიდან. დაე, მათ სხვა სამყაროში იპოვონ ის სიმართლე და სიყვარული, რომელიც აქ ვერ ნახეს.

…ევაც დახვრიტეს, რომელიც ასე ლამაზად კითხულობდა ლექსებს ჰარმონიასა და ვარსკვლავებზე, იმაზე, რომ „ჯერ მთლად ცუდად არ არის საქმე“. მზარდი სიცარიელე! მიდიან ახლობლები და შორეულები, და ახლა უკვე ბრძოლის არსზე კი არა, ძვირფასი ადამიანების სიცოცხლესა და ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ილოცონ მათ, ვისაც ამის ძალა შესწევს.

ვფიქრობდი, რომ ჩვენს შემდეგ მსხვერპლი აღარ იქნებოდა, რომ თუ დავბრუნდებოდით, ეს იქნებოდა დაბრუნება იმ სამყაროში, რომელსაც ის საშინელი ატმოსფერო არ გამოუცდია, ჩვენ რომ გვახრჩობდა და გვგუდავდა, რომ ეს მხოლოდ ჩვენ დავეშვით ფსკერზე. მაგრამ იქაც მიდიან ადამიანები, რომლებიც შუაგული ცხოვრებიდან, ბრძოლიდან, სიყვარულიდან  მოწყვიტეს.

ხესავით, ქვასავით უგრძნობები ვართ და ისეთივე უტყვნი, როგორც დაჩეხილი ხეები, დაფშვნილი ქვები.

მეორე წერილი ჩემი ძმისგანაა. ხომ იცი, როგორ გულთბილ წერილებს მწერს ხოლმე იულეკი. ახლაც მწერს, რომ ჩვენზე ფიქრობენ, გველოდებიან, წიგნებს და ლექსებს გვინახავენ…

როცა დავბრუნდები, ჩემი ბიბლიოთეკის თაროებზე ჩემი ლექსების ახალი გამოცემა დამხვდება. „მასში შენი სასიყვარულო ლექსებია“, მწერს ჩემი ძმა. ვფიქრობ, რომ ჩემი ლექსების სტრიქონებში სიმბოლურად ერწყმის ერთმანეთს ჩვენი სიყვარული და პოეზია, რომელიც მხოლოდ შენთვის იწერებოდა და რომელიც თან გქონდა, როცა დაგაპატიმრეს. და ეს უკვე გამარჯვების ჩანასახია. ეს კრებული ალბათ ჩვენს სახსოვრად გამოსცეს. მე მადლობელი ვარ ჩვენ მიმართ გამოხატული ასეთი კეთილგანწყობისთვის, იმისთვის, რომ ადამიანები ცდილობენ, პოეზიით და სიყვარულით დაგვიმახსოვრონ.

ჩემი ძმა დედაშენზეც მწერს. მეუბნება, რომ ის ჩვენზე ფიქრობს და სჯერა, რომ დავბრუნდებით და ბოლომდე ერთად ვიქნებით.

…გახსოვს, რას მწერდი შენს პირველ ბარათში, რომელიც ბანაკში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე? მწერდი, რომ ავად ვარ და თან სასოწარკვეთილი იმის გამო, რომ ბანაკში „ჩამაგდე“-ო; შენ რომ არ ყოფილიყავიო და ა.შ.. არადა, იცი, ეს ამბავი სინამდვილეში როგორ მოხდა?

როგორ და… მე გელოდი, მარიასგან როდის დამირეკავდი, როგორც შეთანხმებულები ვიყავით. ოთხშაბათი დღე იყო. ნაშუადღევს კომპლექტი[xxvi] მქონდა, ენის სპეციფიკაზე უნდა მესაუბრა და, მგონი, კარბიდის ნათურა ჩაგვიქრა.

მერე მე ისევ დიდხანს ველოდი შენს ზარს. ვიცოდი, რომ რადგან დამპირდი, დარეკავდი. არ რეკავდი. არ მახსოვს, სავახშმოდ გავედი თუ არა, მაგრამ უკან დაბრუნების შემდეგ მაშინვე ისევ ტელეფონს მივუჯექი, მეშინოდა, ვაითუ, მეზობელ ოთახში ხმა ვერ გავიგონო-მეთქი. ჯერ გაზეთიდან ამოჭრილ სტატიებს ვკითხულობდი, მერე ანდრე მორუას ნოველას იმაზე, როგორ  წონიდა სულს ადამიანი, რომ ჭურჭელში ადამიანის სულის გამომწყვდევა ესწავლა, მერე კი თავისი და საყვარელი ქალის სულიც ჭურჭელში მოეთავსებინა. თუმცა მან იმ ჭურჭელში შემთხვევით ორი ცირკის მასხარას სული გამოამწყვდია, მისი და საყვარელი ქალის სულები კი სამყაროში გაიფანტა. გამთენიისას ჩამეძინა.

დილაადრიან შინისკენ გავწიე, როგორც ყოველთვის, ჩემოდნითა და წიგნებით. ვისაუზმე, დავიბარე, სადილობისთვის დავბრუნდები, ახლა ძალიან მეჩქარება-მეთქი, ძაღლს ყურებზე მივეფერე და დედაშენთან წავედი. დედაშენი ცუდ გუნებაზე დამხვდა. შენზე ნერვიულობდა. იქიდან ტრამვაით მარიასთან წავედი. გზაში დიდხანს ვუყურებდი ლაზენკების ხეებს, რომლებიც ძალიან მიყვარს. რომ დავმშვიდებულიყავი, პულავსკაზე ფეხით გავედი. კიბეებზე უამრავი სიგარეტის ნამწვი ეგდო და, მგონი, საფეხურებზე სისხლის კვალიც შევნიშნე. ან იქნებ მომეჩვენა, არ ვიცი. ზარი წინასწარ შეთანხმებული რიტმით დავრეკე. კარი რევოლვერიანმა კაცებმა გამიღეს.

მას შემდეგ მთელი წელი გავიდა, მაგრამ გწერ იმიტომ, რომ იცოდე: არასოდეს მინანია ჩვენი ერთად ყოფნა და არასოდეს მიფიქრია, რომ შესაძლოა რაიმე სხვაგვარად ყოფილიყო. აი, მომავალზე კი ხშირად ვფიქრობ. ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებთ, თუკი… ვფიქრობ ლექსებზე, რომლებსაც დავწერ, წიგნებზე, რომლებსაც ერთად წავიკითხავთ, ნივთებზე, რომლებიც გვექნება. ვიცი, რომ სისულელეებს ვლაპარაკობ, მაგრამ ასეა. ჩვენი საერთო ექსლიბრისის მონახაზიც კი მაქვს გაკეთებული: შუა საკუნეების ტიპის ბალთით შეკრულ სქელტანიან, მძიმე წიგნზე ვარდი იქნება გამოსახული.

 

IX

დავბრუნდით. ისევ ჩემი ბლოკისკენ გავემართე. მუნით დაავადებულებს ხელებზე პიტნის ჩაი წავუსვი, დილით კი ყველამ ერთად იატაკი მოვრეცხეთ. მერე ჭკვიანური გამომეტყველებით ექიმის გვერდით ვიდექი, რომელიც ამ დროს პუნქციას აკეთებდა. მე პროტონისოლის ბოლო ორი ამპულა ავიღე შენთვის გამოსაგზავნად. ბოლოს ჩვენი ბლოკის დალაქმა (სამოქალაქო ცხოვრებაში კრაკოველი რესტორნის მფლობელი იყო) ჰენეკ ლიბერფროინდმა გამომიცხადა, ლიტერატორებს შორის საუკეთესო სანიტარი ხარო.

გარდა ამისა, მთელი დღე წინ და უკან დავდივარ და ვცდილობ, წერილი გამოგიგზავნო. შენთვის მოწერილ წერილებს ფეხები სჭირდება, შენამდე რომ მოაღწიონ. ჰოდა, მეც სწორედ ამ ფეხებს დავეძებ. ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე ერთი წყვილი – გრძელი და წითელი თასმებით შეკრული ფეხსაცმელებით, რომელთაც შავი სათვალე და განიერი ბეჭებიც თან მოჰყვა. ეს ფეხები ყოველდღე FKL-ში დაიარებიან მამრობითი სქესის ბავშვების გვამების წამოსაღებად, რადგან მათ ჩვენი კანცელარია და მორგი უნდა გაიარონ და ჩვენმა ექიმმაც საკუთარი თვალით უნდა ნახოს და შეამოწმოს ისინი. სამყაროში მთავარია წესრიგი, ანუ სათქმელი. უფრო არაპოეტურად რომ ვთქვათ:  Ordnung muss sein.

როგორც გითხარი, ეს ფეხები FKL-ში დადიან და მეც მწყალობენ. გავიგე, რომ თვითონაც ჰყოლიათ ცოლი ქალების ბანაკში და იციან, რა ძნელია ჩვენს მდგომარეობაში ყოფნა. ამიტომ წერილს ყოველგვარი საფასურის გარეშე, უბრალოდ, სიამოვნებისთვის წამოიღებენ და როცა ხელსაყრელი შემთხვევა ექნებათ, მეც გამომიყოლებენ. მას შემდეგ, რაც ეს გავიგე, თითქმის მოგზაურობისწინა განწყობა დამეუფლა. მეგობრებმა მირჩიეს, პლედი წაიღე, აუცილებლად დაგჭირდება დასაფენადო. მათი ვარაუდით, პირველივე მცდელობაზე უნდა გამომიჭირონ, რაც, ჩემი იღბლისა და მოხერხების ამბავი რომ ვიცი, სიმართლესთან ძალიან ახლოს არის.

გარდა ამისა, შემოგარენს ვათვალიერებ. არაფერი შეცვლილა. ერთი ეგ არის, უფრო მეტი ტალახი დამხვდა. ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებს. ადამიანები ამ ტალახში ჩაიხრჩობიან. ტყიდან ხან ფიჭვის სუნი მოდის, ხან კი ბოლისა. მანქანებსაც, ხან ძონძები მოაქვს, ხან სადილი  ეფექტებისთვის[xxvii], ხან საგუშაგოს ესესელების ახალი ცვლა მოჰყავს, ხან კი – მუსულმანები ბუნიდან.

არაფერიც არ შეცვლილა. რადგან გუშინ კვირადღე იყო, ბანაკში ტილებზე შემოწმება ჩატარდა. ზამთარში ბანაკის ბლოკები საშინელი სანახავია. ჭუჭყიანი ნარები, ბინძური მიწური იატაკი, ჩახუთული ჰაერი და ადამიანების სუნი. ბლოკები ხალხითაა გადაგაჭედილი, თუმცა ტილი ვერ იპოვეს. ტყუილად კი არ ათენებენ ღამეებს ტილების ხილვაში!

კონტროლის დასრულების შემდეგ ბლოკებიდან რომ გამოვდიოდით, ბანაკში კრემოს ზონდერკომანდო დაბრუნდა. ჩაფიქრებულები მოდიოდნენ, მძიმე ფუთების თრევისგან მუხლები ეკეცებოდათ. ოქროს გარდა მათ არაფრის წამოღება არ ეკრძალებათ, მაგრამ ოქროს კონტრაბანდა მაინც ყველაფერს სჭარბობს.

ბლოკებიდან ადამიანები ჯგუფებად გამორბოდნენ, მწყობრად მომავალ ზონდერკომანდოს კოლონაში შერბოდნენ და წინასწარ შეთვალიერებულ ფუთებს ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ. იყო ერთი გნიასი, ყვირილი, წყევლა და გინება. ბოლოს, როგორც იქნა, ზონდერი მხოლოდ მათთვის განკუთვნილ, ბანაკის დანარჩენი ნაწილისგან ბეტონის კედლით გამოყოფილ ეზოში შევიდა, მაგრამ მისმა წევრმა ებრაელებმა მალევე დაიწყეს ჩუმ-ჩუმად გარეთ გამოპარვა სავაჭროდ, ორგანიზაციისთვის და ნაცნობების მოსანახულებლად.

ერთი მათგანი, ჩემი ძველი კომანდოელი მეგობარი ვიცანი და გავაჩერე. მაშინ მე ავად ვიყავი და კრანკენბაუში[xxviii] ამოვყავი თავი, მას კი „ბედმა გაუღიმა“ და ზონდერში მოხვდა. ერთი ჯამი სუპისთვის ნიჩბის ქნევას ხომ ჯობდა? გულითადად გამომიწოდა ხელი.

– ეს შენა ხარ? გჭირდება რამე? ვაშლი თუ გაქვს…

– არა, არა მაქვს შენთვის ვაშლი, – ვუთხარი მეგობრულად. რას შვები, აბრამ, ჯერ არ მომკვდარხარ? რა ისმის შენკენ?

– ისეთი არაფერი. ჩეხები გაუშვეს გაზში.

– ეგ მეც ვიცი. პირადი საქმეები როგორ მიდის?

– რა პირადი საქმეები? პირადი საქმეები საიდან უნდა მქონდეს? ღუმელი, ბლოკი და ისევ ღუმელი. მე აქ არავინ მყავს. ან საიდან უნდა მყავდეს… პირადი თუ გაინტერესებს, პირადად შემიძლია გითხრა, რომ ღუმელში დაწვის ახალი მეთოდი მოიგონეს. იცი, როგორი?

– ცხადია, ძალიან მაინტერესებს, – მივუგე თავაზიანად.

– როგორი და, ოთხ თმიან ბავშვს ვიღებთ, თავებს დანარჩენი გვამების გროვაზე ვადებინებთ და თმებზე ცეცხლს ვუკიდებთ. მერე უკვე ყველაფერი თავისით იწვის და მორჩა, gemacht!

– მომილოცავს, – ვუთხარი ცივად, აღფრთოვანების გარეშე.

უცნაურად ჩაიცინა და თვალი თვალში გამიყარა.

– შენა, სანიტარო, ჩვენთან, აუშვიცში, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გავირთოთ თავი. აბა, სხვანაირად აქაურ ყოფას როგორ გავუძლოთ?

მერე ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და დაუმშვიდობებლად წავიდა.

არადა, ეს ნათქვამიც ისეთივე სიცრუე და გროტესკი იყო, როგორც მთელი ბანაკი, როგორც მთელი სამყარო.

[i] პრომინენტი –იგივე „კარგი ტიპი“, პატიმარი კარგ თანამდებობაზე, რომელსაც ბევრ რამეზე მიუწვდებოდა ხელი. სუფთა, მოწესრიგებული, სარდინებით გამძღარი, „ჩაბანაკებული“. ამ სახელწოდებას დამაკნინებელი ელფერიც ჰქონდა, ამიტომ თავის თავზე არავინ ამბობდა, რომ „პრომინენტი“ იყო.

[ii] აპელი – ყოველ საღამოს ტყვეების აუცილებელი გადათვლა. ყოველდღიური და გადაუდებელი პროცედურა.

[iii] პავიაკი, სერბია – ჰიტლერული ოკუპაციის პერიოდში ვარშავაში გესტაპოს ერთ-ერთი მთავარი საგამოძიებო იზოლატორი. ამ იზოლატორის ქალთა განყოფილებას სერბიას ეძახდნენ.

[iv] კანადა – კეთილდღეობის სიმბოლო ბანაკში, იგივე კომანდო, რომელიც ბანაკში შემომავალ და გაზის კამერებში მიმავალ ტრანსპორტებზე მუშაობდა. „ახლა ბანაკში უკვე კანადაა. თქვენ მანამდე უნდა ჩამოსულიყავით და გენახათ, რა ხდებოდა!“ „კანადა, ჩასატვირთ ბაქანზე!“

[v] მუსულმანი – ფიზიკურად და სულიერად განადგურებული ადამიანი, რომელსაც აღარ ჰქონდა ძალა და ნებისყოფა გადარჩენისთვის საბრძოლველად; ჩვეულებისამებრ ქრონიკული კუჭის აშლილობით, ფლეგმონით ან მუნით დაავადებული და ღუმელში (კრემატორიუმში) დასაღუპად განწირული.

[vi] ორგანიზება – კუთვნილი ულუფის გარდა სხვა საარსებო საშუალებების მოპოვება ნებისმიერი  გზით: პატიოსანი (სს-ის სამზარეულოდან, ეფექტებიდან, ჩასატვირთი ბაქნიდან) თუ არაპატიოსანი (სხვა პატიმართათვის განკუთვნილი ულუფებიდან) გზით. მსგავს საქმეებში გაწაფული ადამიანი, ორგანიზატორი, ხშირად დიდ სიმდიდრეს ფლობდა. ასეთს ბანაკში პატივს სცემდნენ და შურდათ მისი.

[vii] პუფი (გერმ. Puff) – საროსკიპო.

[viii] კამერადშაფტი –სიმპათიის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობა.

[ix] სამკუთხედი –ზოლიან ხალათზე დაკერებული სხვადასხვა ფერის ნიშანი ტყვეების ამოსაცნობად.

[x] FKL –გერმ. Frauen Konzentrationslager – ქალთა საკონცენტრაციო ბანაკი.

[xi] ოფლაგი –გერმ. Offizierslager –საკონცენტრაციო ბანაკები ოფიცრებისთვის.

[xii] სტალაგი – გერმ. Stammlager – სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკების გამაერთიანებელი ცენტრალური საკონცენტრაციო ბანაკის სახელწოდება.

[xiii] ზონდერკომანდო – მხოლოდ ებრაელებისგან შემდგარი საგანგებო რაზმი; მუშაობდა კრემატორიუმში, სადაც ადამიანებს გაზით წამლავდნენ და წვავდნენ.

[xiv] ვაშრაუმი – გერმ. Waschraum – არსებითად აბანო, თუმცა ის ხშირად სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდა. ვაშრაუმი „ძველ“ ოსვენციმში ბოქსისა და ჭიდაობის არენა იყო. ვაშრაუმი ბირკენაუში გარკვეული დროის განმავლობაში ჰოსპიტალში ჩატარებული რევიუების ადგილიც გახლდათ. ამ ჰოსპიტლის არსებობის მანძილზე ის მუსულმანების შეკრების ადგილად რჩებოდა, რომლებიც ვაშრაუმში ჰოსპიტლის ყველა ბლოკიდან  მოჰყავდათ გადარჩევის შემდეგ, რათა საღამოს ტრანსპორტით გაზის კამერაში წაეყვანათ.

[xv] როლვაგა – გერმ.Rollwagen – ოთხთვალა, რომელსაც ადამიანები მიაგორებდნენ. ბანაკის ტერიტორიაზე გამწევი პირუტყვი არ ჰყავდათ და სუპის, პურის, ტანსაცმლის, ნაგვისა და გვამების გადასაზიდად ადამიანებს იყენებდნენ.

[xvi] DAW –Deutsche Abrüstungswerke  (გერმანული განიარაღების საამქროები), მძიმე სამუშაოების შემსრულებელი რაზმი, რომელიც ძირითადად გერმანიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავების შლიდა.

[xvii] პიპელიბლოკის უფროსის ან კაპოს ხელზე მოსამსახურე ბიჭი, ხშირად ებრაელთა ტრანსპორტიდან გადარჩენილი ბიჭუნა.

[xviii] დახდეკერი – გერმ. Dachdecker – სახლის გადახურვის ოსტატი.

[xix] შტუბა – დარბაზი ანუ ბლოკის ნაწილი. „მეექვსე ბლოკში ვარ, მესამე შტუბა, ზედა ნარი.“

[xx] ბუდა – პატარა ოთახები ბლოკის უფროსისა და შრაიბერისთვის, ბლოკის წინა არეალში. როგორც წესი ძალიან კომფორტულად მოწყობილი. მათში შესვლა ბლოკის რიგით ტუსაღს, რაღა თქმა უნდა, ეკრძალებოდა. „მუსულმანო, ნუ ხმაურობ, ბუდაში ბლოკის უფროსს სძინავს.“

[xxi] Stahlhelm – ფოლადის ჩაფხუტი – გერმანული სამხედრო ორგანიზაცია: ომის ვეტერანთა კავშირი.

[xxii] სელექცია, იგივე გადარჩევა – ბანაკის ტყვეთაგან მუსულმანების გამორჩევა გაზის კამერაში წასაყვანად და გასანადგურებლად. ასეთი გადარჩევა რეგულარულად, ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა ხოლმე, თუმცა ბანაკის ისტორიაში არსებობდა პერიოდიც (მაგ. 1944 წლის ზაფხული), როცა გაზის კამერებისა და კრემატორიუმების გადატვირთვის გამო ბანაკში გადარჩევა არ ჩატარებულა.

[xxiii] რუსულიდან: ეს ხომ ბოლო ომია (…) ბოლო, გესმის?

[xxiv] ერთ-ერთი ყველაზე რთული და გაუსაძლისი საკონცენტრაციო ბანაკი ავსტრიაში, დუნაის ნაპირზე, , სადაც ტყვეებს ქვის სამტეხლოში ამუშავებდნენ.

[xxv] მელდუნგი – გერმ. Meldung – დასმენა, საჩივარი, სარჩელი.

[xxvi] კომპლექტი –ჰიტლერული ოკუპაციის დროს საიდუმლო ლექციები სტუდენტთა ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფისთვის.

[xxvii] ეფექტები – თავდაპირველად ცალკეული პატიმრის პირადი საკუთრების საწყობი. მოგვიანებით ბანაკის ცალკე განყოფილება, რომლის ბლოკებშიც ეწყო (და ლპებოდა) ტრანსპორტით კრემატორიუმში გაგზავნილთა ავლადიდება. „ეფექტებში თუ მიდიხარ, ერთი ლამაზი პერანგი წამომიღე.“

[xxviii] კრანკენბაუ – გერმ. Krankenbau, KB – ჰოსპიტალი.

 

© არილი

Facebook Comments Box