ესე,  პროზა

ტარიელ დათიაშვილი – არსებული და არარსებული სივრცეები

 

ილიას უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ შემოთავაზებული საიუბილეო კონფერენციის თემა („სივრცის სემიოტიკა“) სიხარულით მივიღე. კარგა ხანია ვუტრიალებ ამ საკითხს და როგორც იქნა, მოტივაციაც გამიჩდა. უნდა ვაღიარო, რომ თავდაპირველი სივრცე ჩემთვის ცარიელი ფურცელია, რომლის გავსებასაც ზუსტად ისე ვესწრაფვი, როგორც ფიზიკური სივრცის საკუთარი ყოფიერებით გადაფარვას (წერის დაწყებამდე ხილულია, მაგრამ პირველივე სიტყვის მიღმა ის ქრება, აღარ არსებობს, როგორც ცარიელი ფურცელი, მისი ყოფიერი ფორმა ხდება არარსებულობა, რომლითაც ის იწყებს წინააღმდეგობაში ჩართვას. წინააღმდეგობაში კი, რომელიც დაურღვეველია, მნიშვნელობა აღარ აქვს, არსებულია თუ არარსებული, ის ისევ ცარიელი ფურცელია, სხვანაირად ხომ განფენილობაც აღარ იარსებებდა). ამიტომ სულმოუთქმელად დავეწაფე წერას, ვრცელი ტრაქტატი დავწერე, ზუსტად ისეთი, ჩვენი ბრძენი წინაპრები რომ იამაყებდნენ. სივრცის ყველა სახეობა, არსებობის წესი და ფორმა მიმოვიხილე. პარალელურად ის კონცეფციაც განვავითარე, რომლითაც ერთ დროს სამყაროს აფეთქებას ვაპირებდი. მახსოვს, ერთხელ რეპეტიციაც კი გავიარე წარმოსახვაში, ჩემს შინაგან სივრცეში მთელი სცენა მოვაწყე ნამდვილი დიდი აფეთქებისთვის. ჩემი უსასრულო არარსებობიდან გამოტყორცნილ ხმას ჯერაც არ მოუღწევია ჩემამდე, რადგან ის არ ჰგავდა ყურით მოთრეულ იმ აფეთქებას, ფიზიკა რომ მთელს ადამიანურ ცნობიერებაზე მენტორის ტახტის შესანარჩუნებლად იყენებს. მართლაც, საკუთარ სისუსტეზე თვალის დახუჭვა და ადამიანურ შესაძლებლობებზე განხორციელებული მიზანმიმართული აგრესიაა, რომ ორიათასწლოვანი მეტაფიზიკური გულუბრყვილობით ის გამორიცხავს პირველი აფეთქების მომენტში სივრცის არსებობას მაშინ, როცა ეს უკანასკნელი უპირობო (ობიექტურ) მოცემულობად აქვს გაგებული, როგორც მაგალითად პლატონის „ტიმაიოსში“ უსაგნოდ განფენილი ცარიელი ფურცელი (ქართულ თარგმანში მას ორიგინალური სახელი აქვს: „მიმრქმელი“), რომელზეც მთელი სამყარო აღისახება. სამყაროს ერთ სხეულად არსებობა სასაცილოს ხდის სივრცის ობიექტურ ხასიათს. ჩემი კონცეფციის ცენტრალურული ცნება კი სინამდვილეა; არა სამყარო, არა მატერია, არა ობიექტური თუ სუბიექტური რეალობა, არამედ სინამდვილე – არსებულისა და არარსებულის დაურღვეველი მიმართება. სივრცე არ არსებობს, და ჩვენც ამ არარსებულში არა მხოლოდ ვარსებობთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვცხოვრობთ კიდეც. მოკლედ, შთაგონებული ვიყავი, ვბორგავდი კონფერენციის მოლოდინში. მაგრამ ბოლო მომენტში, კონფერენციის გახსნამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, ქუთაისიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, მოხსენების მორიგი კითხვისას, ზუსტად ის დამემართა, რაზეც იტყვიან: „სივრცე არავის მისცემს მარტოობის საშუალებას“; თვალწინ ბატონი ზურაბის სანდომიანი, გაღიმებული სახე დამიდგა, მერე იმ ხელფეხდაჭრილ ბიჭებს გადავხედე, რომლებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ მივემგზავრებოდი და უცბად, მართლაც იფეთქა რაღაცამ ჩემში, ხმაურიანი მეცნიერული თეზისებით სავსე ფურცლები დავყარე, ბლოკნოტი გადავშალე და დავწერე ახალი სათაური: „ლიტერატურული სივრცე“. სიტყვა „ლიტერატურის“ ხსენებამ ჩემში შორეულ წარსულთან დაკავშირებული მოგონებები აღძრა, ან თვითონ ჩემს ზურგსუკან მოჩურჩულე დრომ დაბადა წმინდა ლიტერატურული ემოცია და თვითონ ცნებაც. ეს ბუნებრივია, სივრცე, რომელიც ყოველ წამიერად მახვევს ხოლმე თავს საკუთარ არარსებობას, ჩემი წარსულია, ჩემი ცხოვრების სივრცე, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე ხშირად, ყველაზე იოლად ლიტერატურაში პოულობს. ცარიელ ფურცელზე თვალი გამიშტერდა, ჩემი ცხოვრების ის ღიმისმომგვრელი მომენტი გამახსენდა, პირველად რომ ავიღე ხელში კალამი… თექვსმეტი წლის ვიყავი, წერის ცხოველი ინტერესი რომ გამიჩნდა. პოეზიით დავიწყე და რა თქმა უნდა, კალმის ხელში აღებისთანავე შევუტიე გალაკტიონს. რამდენიმეთვიანი ღამის თევები ფილტვების ანთებით, ჰალუცინაციებით და ზალიკო ებანოიძის მამაშვილური დარიგებით დასრულდა, რომელმაც ლექსებით სავსე ჩემს ასფურცლიან რვეულში ერთადერთი იმედისმომცემი ფრაზა აღმოაჩინა: „იმრავლეთ ჩემო ნანგრევებო!“ პოეზიას თავი მივანებე და გადავედი პროზაზე. უკვე ჯარში ვიყავი. მწერალი რომ ჩემში ისევ ცოცხალი იყო, მეგობარ გოგონასთან სენტიმენტალური მიმოწერისას შევამჩნიე. სიშორემ, უდაბნომ და მარტოობამ ისევ გააცხოველა ჩემში ლიტერატურული სივრცის სრული ანექსირების წყურვილი. ამჯერად დოსტოევსკი მყავდა მიზანში ამოღებული. ერთ დღესაც ჩემი ნაწერები მეგობარს წავაკითხე. როგორია-მეთქი? კარგიაო, – დაფიქრდა, – მაგრამ რაზე წერ, ვერ გავიგეო… ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ჯერ კიდევ არ არსებობს სივრცე და შესაბამისად, არც არსად არაფერი ხდება. არ არის დრო, არ არის ადგილი, სადაც შეიძლება რაიმე მოხდეს, ყველაფერი წყალია, როგორც დაბადების წიგნში წერია. საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ რასაც მე თეთრ, სუფთა ფურცელთან ვაკეთებდი, წერა კი არა, ერთგვარი „წერის გადადება“ იყო, წერისათვის გვერდის ავლა, არ შეხება. სიტყვები მოდიოდნენ, ცვიოდნენ, ვერ ავუდიოდი, მაგრამ ყველაფერი იყო წყალი. ყველაფერი ხდებოდა ჩემს გარეშე, არ ვიღლებოდი, ხელები არ მესვრებოდა. ჩემი პიროვნული, სასიცოცხლო ძალისხმევა არ იხარჯებოდა ქმნის პროცესში, არადა შემოქმედება ზუსტად ამ ძალისხმევის ხარჯვის რიტუალია. დიდი ოლიმპიელი ჰეფესტო გამახსენდა, ხელოვნების ღმერთი, ერთერთი თორმეტთაგანი, რომელსაც უბრალოდ ნების გამოვლენით (სიტყვით) ცოცხალი არსებების შექმნა შეეძლო, მაგრამ ის ერთადერთი ხელებდაკოჟრილი ღმერთია, ვისაც კი როდესმე ადამიანის ილუზია შეხებია, საკუთარი შრომით რომ ქმნის ხელოვნების ნიმუშებს, ეტნის ძირში მჭვარტლში ამოგვარგნილი დაუღალავად მუშაობს (მისი სიმახინჯეც სწორედ ამ შრომის სიმძიმის გამომხატველია). იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა სიტყვით ცაზე გაფინო ვარსკვლავები, ზღვას საზღვრები დაუდგინო, მაგრამ ხელოვნების ნიმუში მხოლოდ სიტყვით არ იქმნება, ის არ დაიბადება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ასე გსურს, მას ხელი სჭირდება, ქმნაში დაღლას ითხოვს…ზუსტად ამ ძალისხმევას ვერ ვდებდი წერაში. ძალა არ მენანებოდა, არც შრომას გავურბოდი, უბრალოდ არ მქონდა გახელილი თვალი, არ მქონდა სივრცის აღქმისა და საგანთან მისვლის ძალა. როდესაც სივრცეს იაზრებ, საკუთარ მყოფობას აფიქსირებ, სივრცე ჩნდება შენშიც, მანამდე კი ხარ ქვა, შეუვალი კლდე, სიტყვების უძრავი სვეტი. მეც ვწერდი, მაგრამ საკუთარ თავში ვერ შევდიოდი, იმ სიტყვების გამოსატანად, რომელსაც შეეძლო სურათად ექცია, რისი დანახვაც ასე მწყუროდა. რაღაც არ მაძლევდა საშუალებას, წერა საკუთარი თავის ამ კლდიდან გამომკვეთ ძალად, თავისუფლების იარაღად მექცია… და ეს „რაღაც“ იყო – ცოდნა, უფრო ზუსტად, არცოდნა, ცოდნის არარსებობა; და კიდევ უფრო ზუსტად, სამყაროში ამ ცოდნის ჩემს გარეშე არსებობა. ის თითქოს ცხვირწინ მედო, მაგრამ ვერ ვხედავდი… არადა როგორი მიამიტური წყურვილით მწყუროდა, მელაპარაკა ადამიანებთან, მეთქვა მათთვის რამე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შემეცვალა მათი ცხოვრება. მაშინ წერას ზუსტად იმ მისიას ვაკისრებდი, უჩემოდაც რომ ჰქონდა მას ისტორიულად მინიჭებული. ჩემი ემოციების თარგმანიც აქედან მოდიოდა და ის სულაც არ იყო ჩემი საკუთარი, თუმცა, ეს ჯერ არ ვიცოდი, არ ვიცოდი, თარგმანი და ემოცია თუ ერთი და იგივე არ იყო. ვწერდი, მაგრამ ფურცელზე არაფერი ეწერა, ლაკმუსის ქაღალდივით იყო. ჩემი სიტყვები არაფერს ამბობდნენ, არაფერს აჩვენებდნენ, არაფერზე მიუთითებდნენ. აღარ მიყოყმანია, დავდე კალამი და მივაკითხე ჩვენი ნაწილის ბიბლიოთეკას, რომელიც მხოლოდ რუსული წიგნებით იყო გამოტენილი. ასე აღმოვჩნდი აზროვნების უსასრულო სივრცეში. ეს რაღაც დიალექტიკურ ქმნადობას ჰგავს. შეიძლება მთელი ცხოვრება წერო, მაგრამ ლიტერატურულ სივრცეში ვერ მოხვდე. ვიდრე მასში ფეხს გადადგამდე, ბუნებრივია, ჯერ ის უნდა შეამჩნიო, აუცილებელია მისი დანახვა გარედან, მასში საგნების შეტანა და განფენა. როდესაც პირველად აღმოვჩნდი აზროვნების წიაღში, გავიფიქრე: „მე აქ ოდესღაც ვყოფილვარ“ და ეს „ყოფნა“ ზუსტად სივრცის განცდას, განფენილობის პრობლემას უკავშირდებოდა. პირველად მე ზუსტად სივრცე შევიცანი, შეცნობაში ვგულისხმობ ფიქრის დაწყებას. პირველად ზუსტად სივრცეში საკუთარმა ყოფნამ დამაფიქრა. ნებისმიერ მოძრაობას სჭირდება სიცარიელე, აზროვნებისთვის სივრცე არის კითხვა ან კითხვათა სისტემა, რომლის საზღვრებშიც მან უნდა იმოძრაოს და განფენა მოახერხოს. ეს კითხვები იყო: „ვინ ვარ?“, „რატომ ვარ აქ“, „რისთვის მოვედი?“, „რატომ ვარ მე მაინცდამაინც მე და არ ვარ სხვა?“ და ა. შ. მოკლედ თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, საკუთარ თავში. აქედან დაიწყო სამყაროს ქმნა, სვლა არაფრიდან საკუთარი შექმნილის მოწონებამდე.თუ თქვენ ოდესმე თვალს მოკრავთ სივრცეს, თუ როდესმე სივრცის დანახვას შეძლებთ, იცოდეთ, ეს სიკვდილია. სივრცის დანახვა ისევე შეუძლებელია, როგორც სემიოტიკის განდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. უბრალოდ, ის არ არსებობს, ის ჩვენი სინამდვილის განუყოფელი, მაგრამ არარსებული ნაწილია. ჩვენი ცოდნა მოძრაობს იმ სივრცეში, რომელსაც თვითონ ქმნის და აფართოვებს, შესაბამისად, ლიტერატურის გარედან დანახვის შესაძლებლობაც მთლიანად საკუთარი ცოდნის საზღვრებში ყოფნა-მოქმედებაა (ყოფნა საკუთარ მოქმედებაში კი არის განცდა, რომელსაც არავითარი ცოდნა არ ახასიათებს და არანაირი სივრცე არ გააჩნია). მოკლედ რომ ვთქვათ, სივრცე მთლიანად ცოდნის სივრცეა. მაგრამ ცოდნას მუდამ თან სდევს არცოდნა. რამდენადაც არცოდნა მისწრაფების ინსპირატორი, ცოდნის განუყოფელია. ამიტომ რამდენადაც იზრდებოდა ცოდნა, იმდენად იზრდებოდა არცოდნაც. აზროვნებაში ჩვენ ჰერაკლეს მსგავს გმირს ვხედავთ ხოლმე, მას ყოველთვის ისეთ დავალებებზე ვგზავნით, რომლის შესრულებისთვისაც ნორმალური ადამიანური ძალა საკმარისი არ არის. არცოდნის სივრცეში გადასვლაც, რაღაც აზრით, ზებუნებრივ მოვლენასთან გვაზიარებს, უფრო მეტი ხარ, ვიდრე ადამიანი. ამიტომ მისი ენაც უახლოვდება ღმერთის ენას და როდესაც სივრცე მთლიანად შენით ივსება, როდესაც საკუთარი ძალისხმევა სამყაროს იმ ფორმას შეიცნობს, რომელშიც რაღაც შეიძლება აღმოჩნდეს შეუძლებელი, სახეზე გვაქვს შემოქმედებითი ქმნადობა. ქმნადობა არ არის პროცესი, კლასიკური გაგებით, ყველაფერი ერთ წამში ხდება. მე სწორედ ეს წამი შევიყვარე ყველაზე მეტად, რომელიც სულ რამდენიმეჯერ განმეორდა ჩემს ცხოვრებაში. უკანასკნელად ამ სამი წლის წინ, როდესაც წამი თითქმის წელიწადი გაგრძელდა და საბოლოოდ მივხვდი, რომ აზროვნების წიაღიდან გამოვედი. აზროვნების სივრცე დავტოვე, აღარ მჭირდებოდა ლიტერატურის გარედან ყურება, რაც თავისთავად, ნიშნავდა, რომ ლიტერატურის სივრცეში ვიყავი. ლიტერატურას ხშირად, იმ სამყაროს დავიწყებას ვეძახი, რომელიც ცოდნითა მაქვს შეძენილი, შექმნილი თუ აგებული. რა თქმა უნდა, აქაც არის სვლა, სვლა სიბნელიდან სინათლისკენ, მაგრამ ეს ყოველივე მაინც ყოველგვარი დიალექტიკური მოდელის მიღმა იძენს თავს, სადაც ხდომილებაც კი არასოდეს არის ბოლომდე მიყვანილი. თუ აზროვნებას ღვთაებრივი ძლევამოსილება სჭირდება, თუ მას შეუძლია გაიდოს მხარზე კომბალი და სამყაროს კიდეები მოიაროს, პირდაპირ დალაშქროს ჰადესი, ლიტერატურა მუდამ ადამიანურ სივრცეში რჩება. ის არასოდეს არ არის საშუალების მოპოვება, არამედ ყოფნის შესაძლებლობაა, მასში სამყაროს კიდეს ვერასოდეს მიაღწევ, რადგან უსაზღვრობა საკუთარი არსებობით გაქვს მოცემული. ეს წყვდიადში შესვლა და იქედან იმის გამოყვანაა, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გინდა ყოფნა, თუმცა, უფრო ადამიანური ვიქნებოდი, თუ ვიტყოდი: გამოყვანა კიარა, ვერ გამოყვანა, სიბნელეში მისი სამუდამოდ დატოვებაა. ვიდრე აზროვნებას მივატოვებდი, ვფიქრობდი, რომ ორფევსი შეცდა. მიმაჩნდა, რომ შეუცნობელი სიღრმიდან სიტყვის ამოტანას სჭირდება ურყევი ნება. შედიხარ ჰადესში, გარეთ ტოვებ ყოველგვარ იმედს… მერე მოაბიჯებ უკუნეთ ბნელში, მოუძღვები უსაგნო სიტყვებს. არ იცი, მოგყვებიან თუ არა ისინი, არ გესმის მათი ნაბიჯების ხმა, მათ სუნთქვას ვერ გრძნობ, მაგრამ უკან არ უნდა მოიხედო, ბოლომდე უნდა იარო, ბრმად, ყოველგვარი რწმენის გარეშე, ეჭვებით დამძიმებულმა გამოიარო  დიდი კარიბჭე. მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ, რეალურ მოვლენათა მეტაფიზიკური მწკრივიდან გამოსვლა მნიშვნელობათა გაათასებისგან თავის დაღწევა აღმოჩნდა. ახლა აღარა აქვს მნიშვნელობა, ის შეცდა თუ არა, ორფევსმა უბრალოდ მოიხედა, წმინდა ადამიანური მგრძნობელობა, სენტიმენტალობა და მოუთმენლობა გამოიჩინა. სხვანაირი არც შეიძლება იყოს პოეტი, შეუძლებელია ამ ღიაობაში იქცე ქვად, გახდე ურყევი, პრაგმატული და მიზანმიმართული.მეც თითქოს ევრიდიკესავით დავკარგე აზროვნების შესაძლებლობა, დავიწყე ყველაფრის დავიწყება, საკუთარი ცოდნის თავიდან მოცილება, რომ დავბრუნებულიყავი ლიტერატურასთან და ისევ ადამიანური ენით მელაპარაკა ჩემს გვერდით მყოფებთან. ზუსტად ორი დღის წინ მივხვდი, რომ ეს უკვე მომხდარია, ან თითქმის მომხდარია. რა თქმა უნდა, იოლი არ არის, მიატოვო სამყარო, რომელშიც თვალი გაახილე, აღიზარდე, ჩამოყალიბდი… ალბათ, მომენატრება, მაგრამ ნამდვილად არ გამჭირვებია უარი მეთქვა სივრცის ფენომენის ყოვლად მეცნიერულ ახსნაზე და უყოყმანოდ გადამეხაზა მსგავსი ხმაურიანი სიტყვები, როგორიც არის მაგალითად: „ისევე როგორც დროის არსებობის შესახებ ვასკვნით მოძრაობის მიხედვით, სივრცის შესახებ მხოლოდ ყოფიერების მიხედვით დავასკვნით. დრო ლაპარაკობს მხოლოდ საკუთარ თავზე, სივრცე კი – საგანზე. რელიგია სივრცული ფენომენია! დრო თუ აზროვნების პროცესია, სივრცე მხოლოდ სურათია. ნებისმიერი კულტურული სივრცე დროის გარკვეული წესით მდინარებაა, რომელშიც გამოიყოფა მიმართების ფორმები: დაპირისპირება და წინააღმდეგობა. წმინდა სემიოტიკურ ენაზე ლიტერატურული სივრცის ნებისმიერი აღნიშვნა, როგორც ვიცით, დროის მოქმედების ფიქსირებაა. ლაპარაკობს მხოლოდ დრო. ლაპარაკი უკვე არის დრო, და ამდენად, ეს არის ლაპარაკი მხოლოდ საკუთარ თავზე. სივრცეზე მითითებით დრო აჩვენებს მხოლოდ საკუთარ თავს. ამიტომ სივრცე მხოლოდ მასში იკითხება, რაც პროცესის მიღმაა – ურთიერთობის წესებში, პრინციპებში, ფორმებში“… და ა. შ. და ა. შ.ასეთ ლაპარაკს არასოდეს აქვს დასასრული, რადგან ის მარადისობას, მუდმივ მდინარებას გამოხატავს. მეც ამოსუნთქვის გარეშე შემეძლო ეს მეკეთებინა, მაგრამ ახლა არა, ახლა აღარ შემიძლია. რაზეც არ უნდა ვლაპარაკობდე, მთავარი ყოველთვის ადამიანთან შეხებაა და როდესაც ამას ვაღწევ ხოლმე, როდესაც ვახერხებ მის ყურებში ბუდის გაკეთებას, მაშინვე სადღაც იკარგება საგანი და სიტყვები პეპლებივით იწყებენ ფარფატს თიხის ყვავილებს შორის. უბრალოდ ვლაპარაკობ და ეს არის ლაპარაკი არაფერზე. ზუსტად ამიტომ ლიტერატურას ყველაფრის დავიწყებას ვეძახი. რა თქმა უნდა, ეს იმასთან დაბრუნებას ჰგავს, საიდანაც დავიწყე. მე ხომ ლიტერატურიდან მოვდივარ, ისევე როგორც დასავლური კულტურა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიტერატურულ სივრცეში! ასე შესაძლოა მინოსი მისალმებოდა თეზევსს, ლაბირინთის კართან. მართლაც, დასავლური ისტორიული ანგლობა ათენელი თეზევსის მიერ ლაბირინთში ძაფის შეტანით იწყება; იქედან, საიდანაც ლაბირინთული კულტურიდან (ლიტერატურული სივრციდან) აზრის გამოტანის, ლოგიკური, ეშმაკური გამოსავლის მანამდე უცხო მოთხოვნილება ჩნდება. მანამდე ადამიანები შედიოდნენ ლაბირინთში და რჩებოდნენ, ცდილობდნენ გამოსვლას, მაგრამ ეს თვითონ ლაბირინთის თვისება იყო და არა ლაბირინთის გარეთ არსებული სამყაროს ზემოქმედების შედეგი.სივრცის არსებობის შესახებ ილუზიას ქმნის მოძრაობა, რომელიც საგანთა ურთიერთმიმართებებით განისაზღვრება. აზროვნებაში ეს მიმართებები, როგორც უკვე ვთქვი, წარმოდგენილია ურთიერთობის წესების: დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის სახით. ისტორიულად ამ წესებზეა დამყარებული ყველა ფუნდამენტური მსოფლმხედველობრივი სტრუქტურა. დასავლურ კულტურაში გამოიყოფა საგანთა ფუნდამენტური მიმართების (ურთიერთობის) ორი პირობითი ფორმა: ე. წ. პლატონური და ჰეგელიანური. სამყაროს პლატონური გახლეჩა, მაგალითად, აისახა ღმერთისა და ეშმაკის დაპირისპირებაში, რომელმაც ქრისტედან კლასიკური ირაციონალისტური მსოფლმხედველობის უკანასკნელ ეტაპამდე, ყველა სახის ურთიერთობა მართა, ყველა სახის მიმართება მის წიაღში ჩაისახა და განადგურდა. მიმართებათა ტრადიციული წესის ცვლის ნიშნები ჩნდება ჰეგელის დიალექტიკაში (დაპირისპირებულთა ერთიანობაში), სადაც მსოფლმხედველობრივი სხეულის ღერძია არა ღმერთისა და ეშმაკის დაპირისპირება, არამედ მამასა და ძეს შორის წინააღმდეგობა (თუმცა მისი გააზრების დასაწყისად მეორე მსოფლიო ომის დასასრული უნდა ჩავთვალოთ). ეს ზუსტად ის წესია, რასაც ლიტერატურის გარედან დანახვის აუცილებლობა დავარქვი. აქ წინააღმდეგობა არ არის სამყაროს განუყოფელი მთლიანობისაკენ მიმავალი გონიერი პროცესი, იგივე დაპირისპირება, არამედ ურთიერთქმნის განუვრცობელი ყოფიერება, იგივე ლიტერატურული ლაბირინთი…მოკლედ, ძალიან ხშირად მე არ ვიცი ხოლმე (და ალბათ, არც არასოდეს მცოდნია), რას ვგულისხმობ ლიტერატურაში. როდესაც ვამბობ: „ლიტერატურა“, ხან მთელი სამყარო წარმომიდგება, ხან ერთი ადამიანი, რომელმაც ვერაფრით ადგილი ვერ იპოვა ამ სამყაროში, ან იპოვა, დაბადებით, მაგრამ სიკვდილამდე მას ამის შესახებ არ გააგებინეს; ხან – რაღაც ისტორიული პროცესი, ხან ქალის სურნელება და ასე დაუსრულებლად. მოკლედ რომ ვთქვა, ნებისმიერი სიტყვის მაგივრად, რომელსაც უბრალოდ საუბრის დროს ვერ გავიხსენებ, შემიძლია გამოვიყენო სიტყვა: „ლიტერატურა“. მაგალითად, თუ მინდა ვთქვა: „უკვე, ნელნელა, ვუახლოვდები სიბერეს“ და დამავიწყდა სიტყვა: „სიბერე“, მე ვიტყვი: „ვუახლოვდები ლიტერატურას“. ასე მოვიქცევი, რადგან ვიცი, ის არაფერში არ არის, ლიტერატურას არანაირი კონკრეტული სახე, არანაირი სიტყვიერი გამოხატულება არ გააჩნია და ამავე დროს ის ყველაფერში, ყველა სიტყვაშია.შესაძლოა, ეს წმინდა თეოლოგიურ განსაზღვრებას ჰგავს და ვინმეს ახლა ფსევდოდიონისე არეოპაგელიც გაახსენდა, მაგრამ სხვაგვარად ჯერ არც მე ვიცი, როგორ გავათავისუფლო ლიტერატურა ისტორიული დანიშნულებებისგან. შესაძლოა, ეს უბრალოდ ლაპარაკით, უბრალოდ წერით, არაფერზე წერით შეიძლება, მაგრამ წერას თუ ასეთ მძიმე ისტორიულ მისიას დააკისრებ, ის ხომ უბრალოდ წერა, უბრალოდ ლაპარაკი აღარ იქნება? რა თქმა უნდა, ლაპარაკი და არაფრის თქმა, უბრალოდ ლაპარაკი, ლაპარაკი ადამიანთან იოლი არ არის. ვოლტერი ამბობდა: „ისინი უძღვნიან ღმერთს ვრცელ მონოლოგებს, რადგან არ იციან ადამიანთან ლაპარაკი“. დიდი ხანი იცხოვრა ადამიანმა ამ მონოლოგებით, ტრადიცია რაციონალიზმმა გააგრძელა, რომელმაც თითქოს შეიყვარა ეს „დიდებული“ არსება, მაგრამ ზუსტად ამ დიდებულებამ, მგრძნობელობის ადამიანური გონების მწვერვალზე ატანამ ისევ მიუწვდომელი დატოვა ის თბილი, უსაგნო სიტყვებისთვის. ის მისაწვდომი შეიქნა თვითმფრინავების და ხელოვნური თანამგზავრებისთვის, ხალხისთვის, კაცობრიობისთვის, მაგრამ არა ადამიანისთვის. ჩვენ დღესაც ვსაუბრობთ სისტემატიზებულად, ლოგიკურად, კონცეპტუალურად, ვსაუბრობთ ტერმინებით და ყოვლად გაუგებარი ფრაზეოლოგიით, რაც თითქოს სამყაროს ფორმების ცოდნაზე მიუთითებს, და ეს ლაპარაკი ისეთი „ადამიანური“ ხდება, რომ ტერმინების გარეშე სიყვარულის ახსნაც წარმოუდგენელია თითქოს. რაციონალიზმმა ყველა სიტყვა გახადა ტერმინი, უკეთეს შემთხვევაში ცნება და ჩვენც ხშირად გვრცხვენია კიდეც ადამიანური ენით ლაპარაკი. ლიტერატურის სივრცეში არასდროს არაფერი არ ხდება და იქ გაჩერება, ადგილის პოვნა, მეტაფიზიკური მისწრაფებებით დამძიმებული ცივილიზაციის შვილებისთვის ძალიან ძნელია. შესაძლოა, არაფერზე ლაპარაკით ლიტერატურის გათავისუფლება მართლაც ჩვეულებრივი მორიგი ისტორიული მისიაა, შესაძლოა ის თავისთავად პოულობს ჩვენს ენაში საკუთარ თავს და მისიაც ამ ყოფიერების გამოხატულებაა, შესაძლოა, ლაბირინთში დაბრუნება გარდუვალობაა და კულტურამ უკვე გარდაგვქმნა პრედასავლურ არსებებად, ან შესაძლოა, მართლაც ვბერდები და ნაკლებად მინდება თანდათან რაიმეს ახსნა, რაიმეს თქმა, უბრალოდ ადამიანთან ლაპარაკი მწყურია, ბაღში სკამზე ჩამოჯდომა, თუთუნის გაბოლება და ლაპარაკი.

© არილი

Facebook Comments Box