ინგლისურიდან თარგმნა მარიამ მჭედლიძემ
თარგმანის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი მანანა მათიაშვილი
პოემა „შაშვზე დაკვირვების ცამეტი ხერხი“ ამერიკელი მოდერნისტი პოეტის, პულიცერის პრემიის ლაურეატის (1955), უოლეს სტივენსის (1879-1955) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.
პოეტის შემოქმედების უმთავრესი მოტივი ფაქტობრივი რეალობისა და ადამიანის გონებაში მისი გარდასახვის ურთიერთკავშირის კვლევა იყო და, შესაბამისად, ამ ნაწარმოებშიც შაშვის სიმბოლური სახე, როგორც ბუნების განსახიერება, გამოყენებულია ადამიანებს, ბუნებასა და განცდებს შორის მიმართებების წარმოსაჩენად. თავად ავტორი პოემას „შეგრძნებების“ კრებულს უწოდებდა მასში ასახული სწრაფწარმავალი შთაბეჭდილებების გამო, რომელთა მიღმა, სულ არ თვლიდა აუცილებლად, მკითხველს კონკრეტული შინაარსი და მნიშვნელობები მოეძიებინა.
„შაშვი“ პირველად 1917 წელს დაიბეჭდა ანთოლოგიაში Others: An Anthology of the New Verse. მოგვიანებით, პოემა შევიდა უოლეს სტივენსის პირველ პოეტურ კრებულში Harmonium (1923). ნაწარმოების შთაგონების წყარო გახდა ჰაიკუს ჟანრი, მაგრამ მისი არც ერთი სტროფი არ მიჰყვება ჰაიკუს ტრადიციულ სქემას.
პოემის კონცეფციას ატყვია როგორც კუბიზმის, ისე იმაჟიზმის ესთეტიკის კვალი და შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ რა როლს თამაშობდა ლინგვისტიკა სტივენსის შემოქმედებაში. მაგ. საგულისხმოა, თუ რამდენჯერ იყენებს მწერალი ინგლისურ ზმნას „to be“ ტექსტში; რომ შაშვი აღწერილია გრამატიკული დროის ყველა კატეგორიით და წარმოდგენილია მრავალგვარ სიტუაციაში. პოემის 13 სტროფში შაშვის წარმოდგენა სხვადასხვა მაკრო თუ მიკრო-სამყაროს განუყოფელ ნაწილად, ობიექტს სხვადასხვა პერსპექტივიდან გვიხატავს; შესაბამისად, თითოეული სტროფი სავსეა განსხვავებული ესთეტიკური სილამაზით, მინიშნებებით, მოულოდნელობითა და მხატვრული სახის განვითარების ყველა შესაძლო ვერსიის მაქსიმალური ვერბალური გამომსახველობით.
პოემის სათაურში ფიგურირებს სიტყვა „დაკვირვება“, როგორც ავტორის „მე“-სგან წამოსული მიმართება კონკრეტული ობიექტისკენ, მაგრამ პოემის ბოლოს ირკვევა, რომ ეს ორმხრივი პროცესი ყოფილა – ბოლო სტროფში კედარის ტოტზე მჯდარი შაშვი, ანუ ობიექტიც აკვირდება ლირიკულ სუბიექტს – ამ ხერხით გამოიხატება ურთიერთმიმართება რეალურსა და ინდივიდის მიერ აღქმულ სამყაროებს შორის და იკვრება წრე 13 სტროფის გარშემო. პოემის მიხედვით, რეალობა სუბიექტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ სინგულარული, ე. წ. ნამდვილი რეალობა არ არსებობს და მისი რაგვარობა იცვლება ინდივიდუალური აღქმის მიხედვით.
ამგვარად, პოემა რეალურობა-ირეალურობის ზღვარზე ყოფნის გამოცდილების გადმოცემით მნიშვნელოვან მოდერნისტულ მხატვრულ ქსოვილს ქმნის, რაც, ვფიქრობ, დედნის ადეკვატურად გამოიყურება ქართულ ენაზე დებიუტანტი მთარგმნელის ნამუშევარში.
I
ოც მთას, დათოვლილს,
დასტრიალებდა
ერთი შაშვის მახვილი თვალი.
II
სამად გაჭრილი ჩემი გონებით
იმ ხეს ვგავდი,
სამი შაშვი რომ შეაფრინდა.
III
შავი შაშვი შემოდგომის ქარებში მოჰყვა.
ეს იყო ერთი მცირე სცენა პანტომიმიდან.
IV
კაცი და ქალი
ერთნი არიან.
კაცი, ქალი და შაშვიც
ერთია.
V
არ ვიცი, რომელი რომელს მირჩევნია:
ინტონაციის ცვლის სილამაზე
თუ მინიშნების სილამაზენი.
შაშვის გალობა
თუ მას შემდეგ დამდგარი წამი.
VI
პატარ-პატარა ლოლოების უხეში მინით
ავსებულიყო გრძელი ფანჯარა,
ყინულზე ჩანდა წინ და უკან მოძრავი
ჩრდილი – მოფრთხიალე შაშვის ფიგურა.
განწყობა:
ჩრდილში მოხელთებული
ამოუცნობი მიზეზი ყოვლის.
VII
ჰეი, ადამის ქალაქის კაცნო,
რად გელანდებათ ოქროს ჩიტები?
ნუთუ ვერ ხედავთ, გარს რომ უვლის
შაშვი თქვენს ქალებს?
ზედ ფეხებთან, სწორედ თქვენ თვალწინ.
VIII
კარგად ვიცნობ დახვეწილ აქცენტს,
და იმ რიტმებს, თავიდან რომ ვერ მოიცილებ;
ისიც ვიცი,
სწორედ შაშვია გარეული იმ საქმეში,
კარგად რომ ვიცი.
IX
როცა შაშვი გაუჩინარდა ხედვის არიდან,
მან გადაკვეთა
მრავალთაგან ერთი წრის კიდე.
X
მწვანე შუქზე აფრენილი
შაშვების ფონზე
ტკბილხმოვანების მაჭანკლებსაც
აღმოხდებოდათ მჭახე ბგერები.
XI
ერთმა კაცმა მინის ტახტრევნით
გადასერა კონექტიკუტი.
როგორღაც გზაში შიშმა გამსჭვალა;
თურმე მისივე ეტლის აჩრდილი
მოეჩვენა შაშვების გუნდად.
XII
ქვემოთ მდინარე მიედინება
სადღაც ალბათ შაშვი მიფრინავს.
XIII
საღამო იყო მთელი შუადღე.
თოვდა და მაინც
ფიქრობდა თოვას.
შაშვი იქ იჯდა,
კედრის კიდურზე.
© არილი