ახალი ამბები,  თარგმანი

ფრედერიკ ბეგბედერის ვიდეომიმართვა – Putin has to be Putout

არ არსებობს ამ ომის ლოგიკური და გონივრული ახსნა.

ამ ომს არ აქვს გამართლება და მიზანი, უაზროა.

რუსეთმა რომც მოიგოს, კიევი ან ხარკოვი რომც აიღოს, მაინც წაგებული დარჩება, რადგან უკრაინელი ხალხი არასდროს შეწყვეტს წინააღმდეგობის გაწევას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გმირები არიან, უბრალოდ, ისინი დიქტატორის ბრძანებებს არ დაემორჩილებიან, არასდროს დანებდებიან.

ჯარმა შეიძლება ათასობით ადამიანი დახოცოს და მოიგოს, მაგრამ ამას პასიური წინააღმდეგობა მოჰყვება – ხალხი არ ივლის სამსახურში. ქვეყანა გაჩერდება, მოკვდება, მაგრამ ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

ვფიქრობ, საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდა – რუსეთს ვერ მიუღია თავისუფლება და დემოკრატია. 2014 წლის „მაიდანის რევოლუციას“ ყირიმში დაუყოვნებლივ მათი შეჭრა მოჰყვა. რუსებს რევოლუციები არ მოსწონთ, თავისუფლება არ მოსწონთ, რაც სრული სისულელეა, რადგან თავად ძალიან კარგი რევოლუციონერები არიან.

დღესვე უნდა წამოიწყონ რუსეთში სისტემის წინააღმდეგ ახალი რევოლუცია!

ძალიან რთულია, რეჟიმის შეცვლის იდეა რუსეთში გააჟღერო. მე პარიზში ვარ, არაფერი მემუქრება, ამიტომ, ამაზე საუბარი გმირად არ მაქცევს. მაგრამ იმავე რომ ვინმემ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გაიმეოროს, დააპატიმრებენ, აწამებენ და მრავალი წლით ციხეში ჩასვამენ. ამიტომ, მოვუწოდებ რუს ხალხს, რეჟიმის წინააღმდეგ პასიური პროტესტით გაერთიანდნენ: არ გარისკოთ – ჩუმად, ძალადობის გარეშე შეწყვიტეთ სამსახურში სიარული, გააჩერეთ ქვეყანა, მოიშორეთ პუტინი, ახლავე!

ის დაღუპავს თქვენს ქვეყანას!

სიგიჟეა!

ეს კაცი უნდა შეაჩეროთ!

არ გარისკოთ, მაგრამ შეაჩერეთ ქვეყანა. თუ ავტობუსის მძღოლი ხარ, ნუღარ ივლი სამსახურში. თქვი, რომ კოვიდი გაქვს, ხანგრძლივი კოვიდი და ვეღარ იმუშავებ.

ქვეყანა გაჩერდება.

„ეფესბე“ ვერ დააკავებს თითოეულ მოქალაქეს, პოლიცია ვერ მოკლავს უკლებლივ ყველა რუსსა თუ უკრაინელს.

ესაა მარტივი, პასიური და მშვიდობიანი რევოლუციის იდეა.

მხოლოდ მე რომ ვწყვეტდე, ვიტყოდი –  დავეხმაროთ უკრაინელებს! რადგან მჯერა, უკრაინა ევროპის ნაწილია. ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით. ჩემზე რომ იყოს, უკრაინა უკვე იქნებოდა ევროკავშირის წევრი. საქართველოც!

რუსებზეც ამავეს ვიტყოდი – თქვენ არ ხართ მტრები.

უკრაინელები და რუსები ძმები ხართ და არა – მტრები.

ჩვენ ორივეს პატივს გცემთ, გვიყვარს თქვენი მუსიკა, კინო, წიგნები, ხელოვნება… ვერ ვხდებით, ეს ყველაფერი რატომ ხდება… უნდა შეწყდეს.

რუსეთსაც ევროპა მეტად უნდა იზიდავდეს ვიდრე ჩინეთი. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ და მშვიდობა დავამყაროთ.

ეს ომი რუს ხალხს არ წამოუწყია, მათ ნაცვლად გადაწყვეტილება ხელისუფლებაში მყოფმა ძალაუფლების მქონე ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო.

ძალიან აღელვებული და გაოგნებული ვარ.

მხოლოდ იმასღა ვიტყვი, რომ Putin has to be Putout.

© არილი

Facebook Comments Box