ახალი ამბები,  თარგმანი,  ინტერვიუ

ილია კამინსკის ინტერვიუ ლიტერატურასა და ომზე

უკრაინული ლიტერატურით ახლახან დაინტერესებული მკითხველის ყურადღების ცენტრში ილია კამინსკის ლექსი, „ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით ომის დროს“ მოექცა, რომელიც საზღვრებს შიგნით თუ გარეთ ძალადობის მიმართ ამერიკის პასიურ დამოკიდებულებას აღწერს.

ქალაქ ოდესაში დაბადებულმა პოეტმა სმენა 4 წლის ასაკში დაკარგა, 16 წლისამ კი, ანტისემიტური შევიწროების გამო, ოჯახთან ერთად უკრაინა დატოვა და შეერთებულ შტატებს მიაშურა.

CNN-თან ინტერვიუში კამინსკი ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ლექსის განხილვის ფონზე გვიზიარებს უკრაინაში მყოფი მისი ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების გამოცდილებას:

 

როგორი იყო ოდესაში, უკრაინაში ცხოვრება? რა გახსენდებათ?

16-ის ვიყავი, უკრაინა რომ დავტოვე. ყრუ ბავშვმა საბჭოთა კავშირის ნგრევა თვალებით გავიგე.

ოდესა ქალაქია, სადაც სასმელი წყლის უზრუნველყოფამდე ოპერის სახლი ააშენეს. არქიტექტურულად მცირე მასშტაბის, “ადამიანის ზომაზეა” დაყვანილი. მაცხოვრებლებს ხელოვნება და წვეულებები უყვართ. ზაფხულობით ქუჩის ყველა კუთხეში გრილ საზამთროს ჭრიან და მეგობრებთან ერთად შეექცევიან. ლიტერატურა განსაკუთრებით იტაცებთ. ოდესაში იმაზე მეტი მწერლის ძეგლია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქალაქში მინახავს. ავტორები რომ ამოწურეს, ლიტერატურული პერსონაჟებისთვის დაიწყეს მონუმენტების დადგმა.

ქალაქში ყველაზე დიდი სიხარულით შობას კი არა, პირველ აპრილს აღვნიშნავდით, როგორც კეთილი იუმორის დღეს. ახლაც ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩებში. უკრაინელებს იუმორის გრძნობა გვაქვს, რაც განამტკიცებს ჩვენს მედგარ ბუნებას.

თქვენი წიგნი “ყრუ რესპუბლიკა” ოკუპირებულ სამშობლოში ცხოვრების ტრაგედიას აღწერს, თუმცა იწყება ლექსით – “ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით ომის დროს”. ამგვარი გახსნით მკითხველისთვის რისი თქმა გსურდათ?

წიგნი იწყება დამპყრობელი ჯარისკაცის მიერ მოედანზე სმენადაქვეითებული ბიჭის მკვლელობით, რასაც მოჰყვება მთელი საზოგადოების აღშფოთება და პროტესტის ნიშნად მკვლელი ხელისუფლების მოსმენაზე უარის განაცხადი – თანამოქალაქეებთან ურთიერთობას იწყებენ ჟესტების ენით. ამ საერთო დაძაბულობის მიუხედავად კი, მათ მაინც უყვართ, იცინიან და ბავშვებს აჩენენ.

მე საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ვიზრდებოდი, დნესტრისპირეთის ომი რომ მიმდინარეობდა. ეს იყო რუსეთის პირველი ე.წ. “ჰუმანიტარული დახმარების” კამპანია – იგივე, რასაც დღეს ცდილობს უკრაინაში, თუმცა ნაკლებად გახმაურებული. ამის შემდეგ, აშშ-ში ჩამოვედი და 12 წელი მექსიკის საზღვართან ახლოს ვცხოვრობდი. პოლიციის მიერ მანქანის გაჩერების მოთხოვნა, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის სამხილების მოსაძებნად, ჩვეულებრივ ამბად იქცა, ხოლო შავკანიანებისა და ყავისფერკანიანების ჩაგვრის ყურება – ყოველდღიურობად.

ძალაუნებურად დავაკვირდი საბჭოთა კავშირის, ამერიკისა და ამჟამად აღმოსავლეთ ევროპაში გაჩაღებული ძალადობის საერთო ნიშნებს, რომელთა ფონზე ადამიანები ყველგან ერთნაირად იყვარებენ, იცინიან და ბავშვებს აჩენენ.

ჩემი ლექსი ნეტარებას უმეცრებაში ასახავს. ის მაღვიძარასავით უნდა ჩაესმას მკითხველს, რათა დანარჩენი წიგნი წაიკითხოს არა როგორც სადღაც შორს გათამაშებული რიგითი ტრაგედია, არამედ ამოიცნოს მასში საკუთარი “ყრუ რესპუბლიკა”.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ლექსი სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

“ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით ომის დროს“  არც ჟურნალისტური ტექსტია და არც – ფილოსოფიური. აქ არც ფაქტებია მნიშვნელოვანი და არც ეთიკის საკითხები. ლექსმა მკითხველში გამოცდილება უნდა შექმნას და კითხვის აქტითგადაასხვაფერის: ამ შემთხვევაში, საკუთარი თანამონაწილეობის გააზრებაში დაეხმაროს.

ლექსი ერთი და იმავე ფრაზით იწყება და მთავრდება და, ვიმედოვნებ, რომ სანამ მკითხველი ბოლო ხაზს მიაღწევს, ირონიულობა ცხადი გახდება – ლაღად მერამდენეღა ომში უნდა ვიცხოვროთ?

ბოლო სტრიქონი პატიებას ითხოვს [“ჩვენ (მოგვიტევეთ) ბედნიერად ვცხოვრობდით ომის დროს.”] რამდენად შესაძლებელია ბოროტების პირისპირ ნებაყოფლობითი უმოქმედობის პატიება? ასეთ დროს, რას უნდა ველოდოთ უკრაინის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ადამიანებისგან?

ჩემთვის ირონიულია, რომ ამერიკა დიდ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ქმედებების მიმართ და, ამავდროულად, თავად რეგულარულად ბომბავს სხვათა სახლებს და პოლიციის სისტემას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.

თქვენ კითხვას: რა შეიძლება გაკეთდეს, როცა ქვიშაში თავჩაყოფილი ბედნიერად ცხოვრების ნაცვლად, კითხვითვე ვუპასუხებ – დღეს ვისღა ახსოვს ჩეჩნეთი?

საუკუნის დასაწყისში პუტინმა ბალისტიკური რაკეტებით გროზნო მიწასთან გაასწორა. ამის გამო, დასავლეთმა 5 წუთის განმავლობაში იყვირა და აღშფოთება გამოთქვა. მას მერე აღარც გაგვხსენებია. რატომ? ნავთობისა და გაზის კომპანიებთან კონტრაქტები და პუტინთან თანამშრომლობით ფულის კეთების პერსპექტივა გვიბიძგებს, მეხსიერება ამოვიშალოთ. დოლარის კვალს გაჰყევით და პრობლემის სათავესაც შეიცნობთ.

ამჟამად რა ახალ ამბებს ისმენთ მეგობრებისა და ნათესავებისგან?

კოლეგა კიევიდან მწერს, რომ ყველა, შვილებთან ერთად, მოლოტოვის კოქტეილებს აკეთებს. ოდესიდან 80 წლის ჟურნალისტმა მამცნო: “საჰაერო თავდასხმამ გადაიარა. მზიანი დილაა.” ჯეიმს ჯოისის მთარგმნელი თავშესაფარში ძაღლთან ერთად ათენებს ღამეებს.

მეგობარი კიევიდან ტყვიის გარსაცმის ფოტოს მიგზავნის წარწერით: “ჩემი სახლის გვერდით, ერთი წუთის სავალზე ჯარია მობილიზებული. ეს აივანზე ვიპოვე და ფოტოს გიგზავნი – ესაა ომის შედეგი ჩემს ხელებში.

რა დამავიწყებს, ოდესელ უფროს კოლეგასთან საუბარს. ჩემს შეკითხვაზე, რით დაგეხმაროთ-მეთქი, მომწერა: პუტინი ჩაივლის. დახმარება თუ გინდა, რამდენიმე ლექსი და ესეი გამოგვიგზავნე – ახალი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას ვიწყებთო. ომის პირველ დღეებში! წარმოიდგინეთ.

რა გსურთ, რომ ჩვენს მკითხველს უკრაინისა და ომის შესახებ უკეთ ესმოდეს?

უკრაინა იდეალური ქვეყანა არაა. კორუფცია, ოლიგარქები და პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის კანონდარღვევები არსად გამქრალა. პრეზიდენტის ებრაელობის მიუხედავად, ანტისემიტიზმი ჯერაც პრობლემად რჩება.

მაგრამ იმედით მავსებს უკრაინის ახალი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებული თაობა. ისინი ჭეშმარიტად თავისუფლები არიან – ევროპელ და ამერიკელ თანატოლებზე მეტადაც კი, რადგან ჯერ ამ სოციუმში კორპორაციულ აზროვნებას ფესვები არ გაუდგია. მათ კულტურის სწამთ. ფესტივალებით ცხოვრობენ. მაგალითად, ოდესაში მთელი ქალაქი ჯაჭვს კრავს და გვერდზე მდგომს საყვარელი წიგნის მონაკვეთებს უზიარებს. აი, ამ თაობის იმედი მაქვს მე.

© არილი

Facebook Comments Box