ლიტერატურული კონკურსი “წერო”
კოკა ჯიქია
ლიტერატურული კონკურსი “წერო” უკვე მეოთხედ ჩატარდა და ერთგვარ ტრადიციადაც დამკვიდრდა – კონკურსი პროზასა და პოეზიაში ყოველი წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე იმართება. მიუხედავად იმისა, რომ “წერო” ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს და მონაწილეობის მიღების ყველა მსურველს შეიძლება არ მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტ-სივრცესთან, თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ვაკუუმში ნებისმიერ წამახალისებელ მოვლენას სიხარულით ვხვდებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ვანიჭებთ – ასე თუ ისე, კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებები ლიტერატურული პროცესების გარკვეული ნაწილის ამსახველია და კრებულის სახით საკმაოდ საინტერესო სურათსაც ვიღებთ ხოლმე შემდგომი დაკვირვებებისა და ჩვენთვის სხვადასხვა სასიკეთო თუ საჭირბოროტო დასკვნების გამოტანისათვის.
ამჯერად საუბარი პოეზიის კონკურსზე გვექნება, რომლის დაჯილდოების ცერემონიაც 31 მაისს, წიგნის მაღაზია “პროსპერო ბუქსის” ეზოში გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებთან ერთან სამი ძირითადი პრიზის მფლობელი – საუკეთესო პოეტური ნაწარმობების ავტორებიც გამოვლინდნენ. რა თქმა უნდა, შეფასება “საუკეთესო”, ისევე როგორც ყველა კონკურსის შემთხვევაში, აქაც პირობითია. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში ტიტულის მიმნიჭებლის ამპლუაში ინტერნეტ-მკითხველები იყვნენ, ხმის მიცემა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა.
ლიტერატურული კონკურსი „წეროს“ ორგანიზატორები ლიტერატურული პორტალი www.literatura.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC არიან. პირველი პრემია – ვერცხლის ფრინველი “წერო” და ფულადი ჯილდო – 2000 ლარია (შესაბამისად, მეორე და მესამე პრემიები – 1000 და 500 ლარი). კონკურსის პირობების მიხედვით ამ მსუყე თანხის მოსაპოვებლად მსურველებმა 100 სტრიქონიანი პოეტური ნაწარმოები (ან ნაწარმოებები) უნდა გამოაქვეყნონ ლიტერატურულ პორტალზე, რომელთაგან 15 საუკეთესო ტექსტსაც უკვე კომპენტენტური ჟიური შეარჩევს და მკითხველს წარუდგენს შესაფასებლად. ავტორთა ვინაობა კონკურსის მსვლელობის პეროდში ანონიმური რჩება. რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ მსგავსი ფორმატის ლიტერატურული მარათონი, მით უმეტეს, როცა ფინალში გასულ ნაწარმოებებს შორის ჟანრობრივ-ფორმობრივად განსხვავებული ტექსტები (ლექსების ციკლი, ტექნიკურად ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული ლექსები, უბრალოდ 100 სტრიქონიანი ლექსი ან სულაც საბავშვო პოეზია) ხვდება, ამჯერად ჩვენი განსჯის საგანი არ არის, ავტორ-მკითხველებისგან განსხვავებით არც კონკურსის შედეგებისა და ერთის მეორეზე უკეთესობა-უარესობის გარჩევას დავიწყებთ, სამაგიეროდ საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა “წეროს” საკონკურსო ლექსების ახალი პოეტური კრებული, რომელიც თანამედროვე ქართულ პოეზიის რაობა-როგორობასა და მასში მომძლავრებულ ტენდენციებზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.
ნაკლებად საინტერესო და უკვე პროგნოზირებადი გახდა მკითხველთა უმრავლესობის გემოვნება და არჩევანიც. გამარჯვებული ტექსტების მიხედვით ( I ადგილი – დიანა ანფიმიადი, “გრამატიკის გაკვეთილები”; II ადგილი – ნატო ინგოროყვა, “დედები”; III ადგილი – ეკა ქევანიშვილი, “აქ ნუ დადგებით”) მხოლოდ იმაზე შეიძლება მსჯელობა, რომ მკითხველი იმას იღებს, რასაც აჩვევენ, ცუდსა და უარესს შორის არჩევანისას იმ გაუწაფავ გემოვნებას ენდობა, რომელიც მიჩვეულისა და ბევრჯერ გადამღერებულისკენ უბიძგებს და რომელიც შედარებით კარგის და განსხვავებულის დანახვისაკენ გასაქანს არ აძლევს. თუ კრებულს 2007 წლის “წეროს” საკონკურსო ლექსებს შევადარებთ, აშკარად დავინახავთ ძირითად განმასხვავებელ ნიშანს – რატომღაც წლევანდელი კონკურსზე თემატურად ერთფეროვანმა ლექსებმა იმძლავრა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფორმაზე – არსებითად თვითკმარი პოეტებისა და მათი მიმბაძველობით შექმნილი (უფრო გაკეთებული) პოეტური სახეების ტირაჟირებაზე. რამდენიმე საერთო ნიშნის გამოყოფაც შეიძლება – მაგალითად, განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალაქის თემა, როგორც მატერიისა თუ სიმბოლოს, რომელიც ან ცარიელია, ან სავსე, სახლებით, ადამიანებით ან მათ გარეშე: “ქალაქი სავსეა / თვითმკვლელი სახლებით. / ლექსიკონში გადაბარგებულ / სიტყვა-კრამიტით გადახურულებს /არ ემუქრებათ გადარჩენის შესაძლებლობა” (თამთა დოლიძე, “ქალაქი”), “იყო ქალაქი, /სადაც შენ იყავი ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდა /და შენზე ზურგით მიყრდნობილი სკამის ნეკნებს ითვლიდი” (დიანა ანფიმიადი, “გრამატიკის გაკვეთილები”), “აი ჰაერში გაქვავებული მონუმენტების ქალაქი, /სადაც ჩვენ ყველას გვერგო ჩვენი წილი უძილობა /და სიცარიელე ჩვენს ოთახებში” (ლევან ცაგარეიშვილი, “urbs”), “ვითარცა ცის ფრინველმა ფრთები გავშალე და ჩემი ქალაქისკენ გამოვფრინდი, /ქალაქში, რომელიც ქარის სიზმრებში ცხოვრობდა” (ხათუნა თავდგირიძე, “ქ ა ლ ღ მ ე რ თ ი ს გ ო დ ე ბ ი დ ა ნ. ძილის წინ ღმერთების საკითხავი”).
ცარიელი თუ სავსე ქალაქებიდან ოთახებში გადმოვიბარგეთ, სადაც მრავლადაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები, რომლებიც ბოლო დროს ხშირად ხდებიან პოეტური სახეების შთამაგონებელი ობიექტები: “ერთხელ ვიყავი დედაშენი, / სუპში ჩემს თითებს პურთან ერთად/ უხვად გიფშვნიდი/”, “ერთხელ ვიყავი მაცივარი/ და მხოლოდ შენთვის საყინულეში / მიფეთქავდა მარწყვის ნაყინი” (დიანა ანფიმიადი, “გრამატიკის გაკვეთილები”), “ეს მიწა – კრემიანი ნამცხვრის შუა ნაჭერი ჩვენ გვეკუთვნის. / ხიდის აქეთ ხალხს. /აქ ნუ. თქვენ ყუა. / თქვენ ნაფშვენები. თქვენ ცარიელი ქილა გატლიკეთ.” (ეკა ქევანიშვილი, “აქ ნუ დადგებით”). “…”ნაიკის” დახეული ბოტასი თუ გაქვს /და შავი ჯინსის შარვალი /და ყველა ჩამქრალი ფარანი /სიმდის მოცეკვავე გგონია, /წერ.” (რობერტ მესხი, “ნიჟარები”).
თუმცა, გაცვეთილ ფორმა-შინაარსებს, შეუკვრელ თემატიკასა და ნაძალადევად შექმნილ პოეტურ სახეებს შორის რამდენიმე საინტერესო ლექსიც ამოირჩა. შალვა ბაკურაძის “ანკეოსის არგონავტიკა” საკონკურსოებს შორის არაერთი ნიშნით იყო გამორჩეული. ლექს-პოემა მითოლოგიურ მოტივებზე ავტორმა კონვენციური ლექსის ფორმებში გააცხადა და მიუხედავად რამდენიმე უმნიშვნელო ენობრივ-მხატვრული გაუმართაობისა, საკმაოდ საინტერესო საკითხავი შექმნა. საყურადღებო პოეტური ექსპერიმენტი იყო გიორგი კეკელიძის “ემბიენტიც”. მართალია, ავტორი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და საკუთარი პოეტური ხმის ძიებაშია, მაგრამ ამ ძიების პროცესმაც საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა მისი საკონკურსო ნაწარმოების სახით. “ანკეოსის არგონავტიკაც” და “ემბიენტიც” ლიტერატურული პრემიის გარეშე დარჩნენ და ინტერნეტ-მკითხველების გარდა ვერც სხვა ნომინაციებში დააკმაყოფილეს ე.წ. “გარემკითხველების” გემოვნება. წიგნის მაღაზია “სანტა-ესპერანსას” პრიზი დათო ყანჩაშვილს გადაეცა ლექსისათვის “სიფხიზლის გამო”, ჟურნალმა “ცხელი შოკოლადი” კი ჟურნალზე ერთთვიანი ხელმოწერით დიანა ანფიმიადი (“გრამატიკის გაკვეთილები”) დააჯილდოვა. ჟიურის წევრებმაც (ლექსო იმედაძე, გიორგი ლობჟანიძე, მაკა ლდოკონენი, თეონა ბექიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი, ქეთევან ყანჩაშვილი, ლევან ბრეგაძე) გამოაცხადეს თავიანთი სიმპათია – მათი ფავორიტი კონკურსში ეკა ქევანიშვილი (“აქ ნუ დადგებით”) აღმოჩნდა.
ასეა თუ ისე, პოეტური “წერო” უკვე თბილი ქვეყნებისკენ გაფრინდა და ქართულ ლიტერატურულ სივრცეს მხოლოდ შემოდგომაზე დაუბრუნდება, ამჯერად ისევ პროზაული შინაარსით. მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგვიძლია გადავხედოთ საკონკურსო ლექსების კრებულს და დავრწმუნდეთ, რომ დღესდღეობით ლიტერატურული კონკურსები კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა, ახალი სახეები და ახალი ტექსტები გამოვლინდეს, და რაც უფრო ხშირი და მეტი წახალისება ექნებათ ავტორებს, მით უფრო გაიზრდება მათი მუშაობისა, და შესაბამისად, ნაწარმოებების ხარისხიც.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“