ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პოლემიკა

,,ქართულად ნათარგმანები”

პრემია ,,საბას’’ წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციის მიმოხილვა

 რევაზ ერისთავისეული ,,შეშლილის’’ თარგმანის კრიტიკისას ილია ჭავჭავაძე წერდა: ,,თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისამე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა, მერე ნეტავ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოერჩივა თავად ერისთავს. ეს ,,შეშლილი’’- მართლა რომ შეშლილი – რა სათარგმნელია?’’ ამდენად, სათარგმნი ტექსტის შერჩევის პროცესი პირდაპირ ,,მიბმულია’’ მთარგმნელის გემოვნებასა და ინტელექტზე.

,,საბას’’ ნომინაციებიდან ყველაზე მრავალფეროვანი (და შესარჩევადაც რთული!) სწორედ წლის საუკეთესო თარგმანია. რეტროსპექტიული ანალიზით ცხადი ხდება, რომ ამ ნომინაციაში გამარჯვებული მთარგმნელები ბრწყინვალე კულტურტრეგერებიც  არიან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ 2003 წლის პირველი გამარჯვებული ვახუშტი კოტეტიშვილია.

ცნობილი ფოლკლორისტის, ირანისტისა და პოეტის თარგმანების რჩეული ,,აღმოსავლურ-დასავლური დივანი’’ ოთხ კონცეპტუალურ ნაწილადაა დაყოფილი და წინასიტყვაობას, სპარსულ, ავსტრო-გერმანულ და რუსულ პოეზიას აერთიანებს.

,,კლასიკური ლიტერატურის თარგმანისას, ვაი, რომ, მხოლოდ ენის ცოდნა არ არის საკმარისი. თარგმანი თავისთავად, უპირველეს ყოვლისა, ჰერმანევტიკული პროცესია, ანუ მხატვრული ტექსტის სწორად წაკითხვასა და ინტერპრეტაციის ხელოვნება’’– წერს ვახუშტი კოტეტიშვილი. სწორედ ამ მოსაზრებას ადასტურებს რაინერ მარია რილკეს პოეტიკის და რთული მეტაფორული სამყაროს ინტერპრეტაციის წარმატებული ნიმუშები: ,,დუინური ელეგიები, ,,სონეტები ორფევსისადმი’’, ,,ჟამნი’’…

აღმოსავლური პოეზიის კითხვისას კი გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ,,ვახუშტი კოტეტიშვილს, როგორც სიტყვის ოსტატს, პოეტს და მთარგმნელს აქვს უნარი, ირაციონალური ნიჭი, სიტყვიერ მასალაში მძაფრი სიცოცხლის შეტანისა. სწორედ ეს თვისება გამოვლინდა ყველაზე მეტად აღმოსავლური პოეზიის თარგმანებში. მისი თარგმანების უმრავლესობამ ისეთი მკაფიოება, ემოციური სისავსე და სინატიფე შეიძინა, რომ მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა მკითხველის მახსოვრობაში არ აღბეჭდილიყო.’’- ანდრო ბუაჩიძე.

2004 წელს საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში ,,საბა’’ ზეზვა მედულაშვილს მიანიჭეს. ,,ქოროღლი’’ მსოფლიო ფოლკლორისტიკის შედევრადაა აღიარებული. საინტერესოა, რომ არსებობს ამ ეპოსის თურქული, არაბული, ტაჯიკური, უზბეკური, ყაზახური, სომხური და აზერბაიჯანული ვარიანტები. ზეზვა მედულაშვილმა, ცხადია, ყველაზე სრული ვერსია შეარჩია.

აზერბაიჯანული ენის გარდა ის თარგმნიდა: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული და გერმანული ენებიდან.

,,საბას’’რიგით მესამე მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილია. მისი თარგმანების რჩეული ,,ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა’’ დანტე ალიგიერის, ფრანჩესკო პეტრარკას, მიქელანჯელო ბუონაროტის სონეტებთან ერთად შექსპირის, ჩიკამაცუს, რაინერ მარია რილკეს, ნელი ზაქსის, პეტერ ჰუხელის, ვლადიმირ მაიაკოვსკის, ოსიპ მანდელშტამის, ბორის პასტერნაკის ლექსებს მოიცავს. ჯემალ აჯიაშვილის მთარგმნელობითი მეთოდის დახასიათებისას ლიტერატორი ანდრო ბუაჩიძე აღნიშნავს: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მთარგმნელისთვის ბგერწერული ჟღერადობა, ბგერწერულ-რიტმული რხევა, ჟღერადი რითმა ანიჭებდა პოეზიას აზრს. ასეც იყო. ებრაული პოეზიის მისტიკური მუსიკალობა ჯემალის სულის მოძრაობას ემთხვეოდა. ეს მისი გულისცემის, მისი სუნთქვის რიტმი იყო, ამიტომ, მისეული დეკლამაცია შთამბეჭდავად გადმოსცემდა ავტორის ღაღადისს.’’

მართალია, დიამეტრულად განსხვავებული ავტორების თარგმნა არაერთი სირთულის წინაშე აყენებს მთარგმნელს, თუმცა ჯემალ აჯიაშვილი (ვახუშტი კოტეტიშვილის მსგავსად!) ოსტატურად ახერხებს მათთვის ინდივიდუალური ენობრივი არსენალის მორგებას. ამიტომაც, კითხვისას სწორედ დანტეს, რილკეს, მანდელშტამის ხმები ისმის და არა მთარგმნელის.

2006  წლის ,,საბა’’ ლევან რამიშვილის თარგმანმა მიიღო. ,,ბჰაგავადგიტას’’ წინასიტყვაობაში მთარგმნელი ამ ტექსტის მნიშვნელობაზეც საუბრობს: ,,ინდოეთში გავრცელებული აზრით, მასში თავს იყრის და მთელი სისავსით ვლინდება ძველი ინდური ფილოსოფიის ყველა მიმართულება.’’

მართლაც, ამ უნიკალური ტექსტის პოეტური თარგმანი იმდენად შთამბეჭდავია, რომ  პირველად კითხვისას უმალ რიტმის მაგიით უფრო იხიბლები, ვიდრე უშუალოდ ამბით.

***

ბაჩანა ბრეგვაძე იმ რანგის მოაზროვნეა, რომელმაც ქართულ კულტურაში არსებული ყველა საგანგაშო ,,ვაკუუმი’’ თავისი  თარგმანების, ფილოსოფიური ტექსტებისა და  ვეებერთელა კომენტარების მეშვეობით ამოავსო. პლატონის დიალოგების, ბლეზ პასკალის ,,აზრების’’, მარკუს ავრელიუსის ,,ფიქრების’’, სერვანტესის უკვდავი ,,დონ კიხოტის’’, პოლ ვალერის ჩანაწერების, ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწულის’’, ჰენრიკ იბსენის დრამების, ევრიპიდეს ,,მედეას’’, ნეტარი ავგუსტინეს ,,აღსარებანის’’, ნიკოლო მაკიაველის, ი გასეტის, ახალი აღთქმის და სხვათა და სხვათა მთარგმნელმა ახალი სააზროვნო სივრცის რეკონსტრუქცია შეძლო.

ერთ-ერთ ინტერვიუში საბჭოთა პერიოდში არსებულ სირთულეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დეფიციტის გამო წიგნების გამოწერა ჯერ მოსკოვის  ბიბლიოთეკიდან უწევდა და შემდეგ ხელით გადაიწერდა. ,,ნელ-ნელა იმნაირი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ ასე წერდნენ ბერები შუა საუკუნეებში ხელნაწერ წიგნებს და ვფიქრობდი, რომ არ ვყოფილიყავი მეოცე საუკუნის მოქალაქე, ალბათ, გადამწერი ვიქნებოდი წიგნებისა’’.

ბაჩანა ბრეგვაძის ,,ახალი თარგმანები’’,,საბას’’ პრემიით  2007 წელს დაჯილდოვდა.

***

გიორგი ეკიზაშვილის სახელი მკითხველთა ფართო წრისთვის ალბერ კამიუსთანაა დაკავშირებული. ქართულ მთარგმნელობით სკოლას ახსოვს სხვა მსგავსი ტანდემებიც: მაჩაბლისა და შექსპირის, ნიკო ყიასაშვილისა და ჯოისის, ნანა ტონიას და ევრიპიდეს, დალი ფანჯიკიძისა და თომას მანის, ხათუნა ცხადაძისა და უმბერტო ეკოს, დავით წერედიანისა და გოეთეს, ელზა ახვლედიანისა და მარკესის, ლანა კალანდიას და მარიო ვარგას ლიოსას, ნაირა გელაშვილისა და რაინერ მარია რილკეს, ზაზა ჭილაძისა და უილიამ ფოლკნერის, ანდრო ბუაჩიძისა და ხოდასევიჩის… სწორედ გიორგი ეკიზაშვილის დამსახურებით ქართველ მკითხველს შესაძლებლობა აქვს, წაიკითხოს ალბერ კამიუს შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ტექსტები: მოთხრობების კრებული ,,გადასახლება და სამეფო’’, პიესა ,,კალიგულა’’, ,,რეკვიემი მონაზონისთვის’’, დაუსრულებელი რომანი ,,პირველი ადამიანი’’, ესეების კრებული ,,სარჩული და პირი’’ და ,,ბედნიერი სიკვდილი’’. მანვე თარგმნა სარტრის პიესა ,,ცხრაკლიტული’’, ბომარშეს ,,ფიგაროს ქორწინება’’, ეგზიუპერის ,,პატარა პრინცი’’, ბეკეტის ,,თამაშის დასასრული’’, დანიელ პენაკის რამდენიმე საბავშვო რომანი, მიშელ უელბეკის ,,ბრძოლის ველის განვრცობა’’ და ,,ელემენტარული ნაწილაკები’’. ერთ წიგნად გამოქვეყნდა საუკეთესო ფრანგი პოეტების ლექსების ქართული თარგმანები.

ერთ-ერთი საჯარო ლექციისას გიორგი ეკიზაშვილმა თარგმანს სამმაგი პასუხისმგებლობა უწოდა: ავტორის, მკითხველის და საკუთარი თავის წინაშე. მისი თარგმანები ამ პრინციპის ერთგულების დადასტურებაა.

დანიელ პენაკი ქართველი მკითხველის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია. ,,პენაკის სტილი საოცრად ხალასია, საამო ლექსიკური აღმოჩენებით და ზოგჯერ გმირების ცინიკური შენიშვნებით ყველაზე მტკივნეულ მხარეებს ავლენს, მაგრამ ზოგჯერ მწერალმა ყველგან, თვით ბანალურ ყოველდღიურობაშიც კი ჩადო პოეზია. პერსონაჟები სასაცილო და ექსცენტრულები, გულთბილნი და საოცრად მომხიბვლელნი არიან.’’ – წერს მანანა ბოსტოღანაშვილი.

2009 წელს ,,საბა’’ გიორგი ეკიზაშვილს დანიელ პენაკის ,,ძაღლი, ძაღლის’’ თარგმანისათვის მიენიჭა.

***

,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რა შეგრძნებაც მისი კითხვისას გიჩნდება, ეს არის განცდა, რომ იგი შენი თანამედროვეა. რა იწვევს ამ ემოციას? პოეტის განსაკუთრებული თვისება უშუალო აღქმებით და განცდებით დამუხტოს ლექსი, აერიდოს ტრაფაფრეტებს და საერთო ადგილებს. შექმნას ინტიმური გარემო და ცოცხალი ინტონაციებით გაათბოს სტრიქონი. იგი არამხოლოდ გამოხატავს იმ სამყაროს, რომელიც მას გარს აკრავს, არამედ  ცდილობს თანამონაწილე გაგხადოს ამ ყველაფრისა, გეახლობლება. (…) აქ ნაჩვენებია ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთებს შორის, ადამიანთა შორის, ადამიანებსა და საგნებს შორის. სიყვარული, ეჭვიანობა, ღალატი… ესენი მისთვის აბსტრაქტული, განყენებული ცნებები კი არ არის, არამედ ცხოვრებისეული სტიქიებია.’’ – ასე საუბრობს მანანა ღარიბაშვილი გაიუს ვალერიუს კატულუსზე. 2010 წლის ,,საბას’’ ლაურეატმა კატულუსის გარდა პუბლიუს ვერგილიუს მარონი, ჰორაციუს ფლაკუსი, პროპერციუსი, ოვიდიუსი და მარციალისი თარგმნა.

 

***

2011 წელს გიორგი ლობჟანიძეს  მეორე ,,საბა’’ საადი შირაზელის ,,გოლესთანისთვის’’ მიენიჭა (პირველი ჯილდო ,,ყურანის’’ თარგმანის გამო მიიღო). ერთ-ერთ ინტერვიუში სპარსული ლიტერატურის შედევრზე საუბრისას თქვა: ,,მე მსგავსი ნაწარმოები ძალიან ცოტა მახსენდება, სადაც ამდენი ლიტერატურული ხერხი იყოს გამოყენებული და ასე ერწყმოდეს ეს ხერხები ერთმანეთს და ერთ მთლიანობად იკვრებოდეს. როგორც წესი, ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის დიდაქტიკური თხზულება. კი ბატონო, სწორია, მაგრამ ეს არის, ამავე დროს, ძალიან მაღალი დონის ლირიკული თხზულება და ყველა ეს პლასტი ერთმანეთში გადადის და შერწყმულია’’.

აღსანიშნავია, რომ ,,გოლესთანი’’ პირველად 1948 წელს ითარგმნა ამბაკო ჭელიძის მიერ, თუმცა კომუნისტური ცენზურის პირობებში გარკვეული ცვლილებები შეეხო რელიგიურ და ჰომოსექსუალურ მოტივებს.

***

მალხაზ ხარბედია თავის ვრცელ წერილში ,,გაგება და გამორჩევა’’ აღნიშნავს:

ქართულად ,,ფაუსტის’’ მოკლე ისტორია ასეთია: იგი პირველად 1908 წელს გამოიცა სრულად, პეტრე მირიანაშვილის თარგმანი. შემდეგი, დავით ონიაშვილის თარგმანი, 1927 წელს დაბეჭდა ,,სახელგამმა’’, რომელიც 1962 წელს ხელახლა გამოსცა ,,საბჭოთა საქართველომ’’, დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობითა და კომენტარებით. არსებობს კონსტანტინე გამსახურდიას, ალექსანდრე ქუთათელის, სანდრო შანშიაშვილის, აკაკი გელოვანის, იორამ ქემერტელიძის, გივი გაჩეჩილაძის და სხვების ფრაგმენტული თუ სრული თარგმანები. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გიორგი ჯორჯანელის მიერ შესრულებული პირველი ნაწილის გამოსვლა 1987 წელს – ეს წიგნი ,,მერანმა’’ გამოსცა და მას ირაკლი ფარჯიანის ბრწყინვალე ილუსტრაციები ახლდა თან. ამ დროს დავით წერედიანი ალბათ უკვე მუშაობდა ფაუსტზე.’’

მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ითარგმნებოდა, წიგნად 2011 და 2017 წლებში დაიბეჭდა და ორივე ნაწილისთვის დავით წერედიანს ,,საბა’’ მიენიჭა.

,,ფაუსტი პოლილოგია, უთვალავ ხმათა ორკესტრირებით შექმნილი სიმფონიაა, და საჭიროა, ყველა ხმისთვის შეირჩეს სათანადო ინსტრუმენტი, ანუ – სალექსო ფორმა, ლექსიკა და ინტონაცია’’ (ლევან ბრეგაძე). დავით წერედიანის გენიალური თარგმანის კითხვისას კი პირდაპირ გვაოგნებს ქართული ენის შესაძლებლობის მაქსიმუმი, სიტყვის ემოციური ენერგია, ფერი, გემო, ტონალობა. ამბობს კიდეც ,,ფაუსტის’’ წინასიტყვაობაში: ,,მოსინჯულია ყველა დაბალი ხმა, ყველა მაღალი ხმა, მეფისტოფელის ცინიკური სკაბრეზიდან გრეტხენის მთრთოლავ ლირიზმამდე. ალბათ უმჯობესია, წინასწარვე გარკვევით ითქვას: მას, ვინც ლირიკული პოეზიის მიმართ რამდენადმე მაინც გახსნილი არ არის, ,,ფაუსტის’’, როგორც მხატვრული ფენომენის, ჯეროვანი დაფასება გაუჭირდება.’’

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში დავით წერედიანის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი წიგნი დაიბეჭდა:  საუბრების, წერილებისა და თარგმანების კრებული ,,ანარეკლი’’, პოეტური კრებული ,,პარაპეტი’’, ჩანაწერების წიგნი ,,თემა და ვარიაციები’’ და ,,თვალი თვალში’’. ბოლო მათგანი დავით წერედიანის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლიტერატურისმცოდნის, მხარეს წარმოაჩენს. სხვათა შორის, ინტერვიუების ფორმატიც მისთვის კვლევის,  დაეჭვებების, ძიებების, უკან მიბრუნებების და განსჯის ინსტრუმენტია.

შეკითხვაზე: ,,ფაუსტის პროზად თარგმნა რამდენად გამართლებული გეჩვენებათ’’, ასე პასუხობს: ,,პროზაული თარგმანიდან უფრო ზუსტად გაიგებ, დედანში რა წერია, მაგრამ ვერ გაიგებ როგორ წერია. პოეზიაში კი ალბათ მაინც უმთავრესია – როგორ. ამდენად, პოეტური თარგმანი უფრო სრულფასოვანია…’’

პოეზიაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით თავად დავით წერედიანის ლექსებსაც: მისი პოეტიკის ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს ენის შრეების გამაოგნებლად სიღრმისეულ, უტყუარ შეგრძნებაში. ამბობს კიდეც მანანა ღარიბაშვილი: ,,ზოგჯერ იმასაც ვერ მიხვდებოდი, თვითონ იგონებდა სიტყვებს, თუ საიდანღაც ენის სიღრმიდან ამოჰქონდა და ახალ სიცოცხლეს ანიჭებდა.’’ ეს ნაცნობი განცდა ,,პარაპეტის’’ პირველად გადაშლის დროსაც დამეუფლა. მართალია, თავიდან შეიძლება ვერ მიიჩვიო, ვერ მოათვინიერო მისი ენა და ვერ ჩასწვდე ენის ბნელ ხვეულებში მიძინებულ ქიმერას, თუმცა შეუძლებელია არ იგრძნო, არ ეზიარო დავით წერედიანისეული სევდის მეტაფიზიკას. ეს მარადიული, დროის მიღმიერი პოეზიაა.

 

***

ზაზა ჭილაძე  თანამედროვე ანგლო-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი და მკვლევარია. წლების მანძილზე სწორედ მან თარგმნა ჯულიან ბარნსის, უილიამ ფოლკნერის, ფილიპ როთის, მარგარეტ ლორენსის, ტიმ ო’ ბრაიენის, სალმან რუშდის, ჯონ აპდაიკის, სემუელ ბეკეტის, ჯონ ბენვილის, ჩესტერტონის, კენ კიზის, ჰაროლდ პინტერის, პიტერ ბრუკის და სხვათა ნაწარმოებები.

“მის მიერ თარგმნილი ფოლკნერის კითხვისას გრძნობ, როგორ იღვრება მუსიკა ტექსტში. ზოგჯერ იმდენად, რომ მხოლოდ ბგერწერას უსმენ და შინაარსი გვერდზე გრჩება. რა არის ეს – მთარგმნელის ოსტატობა თუ ფოლკნერის ეფექტი? თავად ფოლკნერს ,,აბრალებს’’ – შედარებაც არ შეიძლება, იმდენად მელოდიურია ორიგინალიო. ფოლკნერის ინგლისურად კითხვის სიამოვნებაზე არავინ დავობს, თუმცა ის, რომ ტექსტის სილამაზე თარგმანშიც ასე გხიბლავს, მთარგმნელის ოსტატობაზე მეტყველებს’’ – წერს ნანა კობაიძე.

უილიამ ფოლკნერის რომანი ,,დროშები მტვერში’’ პირველად ,,სარტორისის’’ სახელით დაიბეჭდა. საქმე ისაა, რომ ეს გახლდათ გამომცემლის მიერ შემოკლებული ვერსია, რომელმაც რომანიდან 40 000 სიტყვა ამოიღო. ტექსტის სრული ვერსია კი მხოლოდ 1973 წელს გამოვიდა.

ზაზა ჭილაძემ პრემია ,,საბა’’ სწორედ ფოლკნერის ამ რომანის თარგმნისთვის მიიღო.

უილიამ ფოლკნერისგან გროტესკულად დიამეტრული ავტორია ლუის კეროლი. ზურაბ ქარუმიძე ასე აფასებს 2014 წლის საუკეთესო თარგმანის ,,ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში’’ მნიშვნელობას:

,,გია გოკიელმა ნაწილობრივ გაიზიარა ნიკო ყიასაშვილის ბედი, რომელიც ,,ულისეს’’ თარგმნიდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, და ეს ბუნებრივია, რადგან ,,ულისეც’’ ასეთი ტიპის წიგნია, რომელსაც ასე, ერთი ჩაჯდომით ვერ თარგმნი. ამას უნდა შეალიო, ფაქტობრივად, ცხოვრების ნაწილი. (…) არის იქ რამდენიმე პასაჟი, ცნობილი ძალიან, მაგალითად ,,ჯაბერუოკი’’, რომელიც ხელოვნურად შექმნილი ენაა, თვითონ ლუის კეროლის  გამოგონილი ენაა, რომელიც ახდენს ენის იმიტაციას. ამიტომ შენც უნდა აიღო და, ფაქტობრივად, ხელოვნური რაღაც ენა შექმნა, ქართულზე დაყრდნობით, რაც წარმოუდგენლად რთული ამოცანაა.’’

მართლაც, გია გოკიელის მიერ თარგმნილი შედევრი დღემდე არაერთი ხელოვანის შთაგონების მთავარი ,,გამღიზიანებელია’’. კრიტიკოსები მასში პოსტმოდერნისტული ესთეტიკისთვის დამახასიათებელ ყველა ძირითად კომპონენტს პოულობენ. ამდენად, ის კარგა ხნის წინ გასცდა საბავშვო ლიტერატურის კონტექსტს და სრულფასოვან პოსტმოდერნისტულ რომანად იქცა.

2015 წელს ,,საბას’’ თარგმანის ნომინაცია პირველად გაიყო. ჟიურის გადაწყვეტილებით ,,საბა’’ ლელა დუმბაძეს  და ხათუნა ცხადაძეს გადაეცათ. ვირჯინია ვულფის რომანი ,,გზა შუქურისკენ’’ 1927 წელს გამოქვეყნდა და მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად მიიჩნევა. ლირიკული პროზის შედევრად წოდებული რომანის სამოქმედო არეალი ჰებრიდის კუნძულია, სადაც რემზების ოჯახის აგარაკი მდებარეობს. სიუჟეტი პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდეგომ პერიოდს მოიცავს.

რომანის პრეზენტაციაზე ლელა დუმბაძემ ერთი მეტად საგულისხმო დაკვირვება გააჟღერა: ,,თარგმნის პროცესში მე მივხვდი, რომ მივადექი პოეზიის ზღვარს პროზაში, სადაც არ შეიძლებოდა ჩვეულებრივად ისე გამეგრძელებინა თარგმნა, როგორც მანამდე. ამას მკარნახობდა: რიტმი, ალიტერაციები, მეტაფორებით გაჯერებული ტექსტი და მოუხელთებელი სიფაქიზით აღბეჭდილი პასაჟები. მეც უნდა მეგრძნო ეს ყველაფერი, რომ შემძლებოდა ამის ქართულად გადმოცემა. ისე მოხდა, რომ ავყევი ამ გრძნობას, ამიტაცა მუსიკალურობამ, რიტმმა, ხატოვანებამ და სწორედ ეს იყო ამ თარგმანში ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ძვირფასი.’’

აქვე უნდა ითქვას, რომ ლელა დუმბაძის თარგმანებით ტკბობისას მიღებული შთაბეჭდილება ორიგინალის კითხვისას წარმოქმნილი შეგრძნებების და განწყობების ტოლფასია.

ხათუნა ცხადაძე პირველია, ვინც უმბერტო ეკოს რომანი თარგმნა ქართულად. ჯერ იყო საკულტო ,,ვარდის სახელი’’, შემდეგ დანარჩენები: ,,პრაღის სასაფლაო’’, ,,ფუკოს ქანქარა’’ და ესეისტიკა (ეკოს ბოლო რომანი ,,საცდელი ნომერი’’კი დარეჯან კიკოლიაშვილმა თარგმნა). აქვე უნდა ითქვას, რომ ,,საბა’’ ორჯერ სწორედ ეკოს რომანების თარგმნისთვის მიენიჭა (2015-2017).

უმბერტო ეკოს ქართული თარგმანების შესახებ საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა: ,,ხათუნა ცხადაძე არის მთარგმნელი, რომელიც ისე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ მისი ხელიდან გამოსულს სხვას არაფერს არ ველით, თუ არა შედევრებს.’’

მართლაც, ეკოს ლაბირინთული რომანების ქართული თარგმანის სახით ჩვენ სწორედ ,,უბორძიკო’’, ყოველგვარი ლინგვისტური პარაზიტებისგან დაცლილ ტექსტებს ვკითხულობთ.

,,პრაღის სასაფლაო’’ ყველაზე შთამბეჭდავი რომანია სიძულვილზე, სიძულვილის ანატომიაზე, ხოლო ,,ფუკოს ქანქარა’’ კი არის ,,საშიში წიგნი მსოფლიო შეთქმულებებზე და იმაზე, როგორ შეიძლება მოიფიქრო რაღაც გეგმა, რომელი გეგმის მიხედვითაც სამყარო რატომღაც ,,ამოქმედდება’’. წიგნი გვაფრთხილებს, რომ არსებობს მიღმური ამბები და ამ ამბებმა შეიძლება ისე გაგვიტაცოს, რომ ნამდვილი ცოდნა აქციოს არარაობად.’’- ლევან ბერძენიშვილი.

***

,,ახლა უკვე კრიტიკული წერილები წარმოსადგენზე გაცილებით ნაკლებ ტკივილს მაყენებს. ეს უფრო საღი რეაქცია მგონია – დაავადებულ კულტურაში სჯობს უარგყონ, ვიდრე გაღიარონ. სიამოვნება თვითონ წერას მოაქვს. მართლა ასეა, მაგრამ კიდევ ერთი განცდა, რომელიც ამ ბოლოს დროს ხშირად მიჩნდება, ისაა, რომ რასაც მე ვწერ, შინაარსს და ღირებულებას იმის გამო იძენს, რომ ჩემი დაწერილია – ეს სიყალბეც იმავე სიმართლითაა განპირობებული.’’ – ეს ფრაგმენტი ჯონ ფაულზის დღიურიდანაა.  ბრიტანელი პროზაიკოსი, რომელსაც ცნობადობა არ იზიდავდა და მიმდინარე ლიტერატურული პროცესებისგანაც დისტანცირდა, ქართველმა მკითხველმა ორი რომანით გაიცნო. ,,კოლექციონერი’’ გია ბერაძემ თარგმნა, ხოლო პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკა ,,ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი’’ კი – თამარ ჯაფარიძემ.

1969 წელს გამოქვეყნებულ რომანს კრიტიკოსი კრისტოფერ ლემან-ჰაუპტი ასე ახასიათებს: ,,ჯონ ფაულზის ნაწარმოები იმდენად ,,რომანულია’’, რომ ავტორმა ის სწორედ ამ მიზეზით შენიღბა ვიქტორიანული რომანტიკითო, იფიქრებს ზოგიერთი მკითხველი. მოქმედება ვითარდება 1867 წელს. რომანის მთავარი გმირი, ჩარლზ სმითსონი მალე უნდა დაქორწინდეს მდიდარი კომერსანტის მშვენიერ ასულზე, ერნესტინა ფრიმენზე. ჩარლზი შუახნის (32 წლის) ძალ-ღონით აღსავსე მამაკაცია. ის წარჩინებული ოჯახიდანაა (იმედოვნებს, რომ მემკვიდრებით მიიღებს ბარონეტის ტიტულს) და, როგორც მრავალმხრივ განათლებული და პროგრესული მეცნიერი, დარვინის თეორიის მიმდევარია.’’

ერთ დღესაც ჩარლზი სარა ვუდრაფს, ფრანგი ლეიტენანტის ყოფილ საცოლეს გადააწყდება. მიუხედავად იმისა, რომ სარა ნამდვილად არ გამოირჩევა ფიზიკური შარმით, მკითხველი გრძნობს, რომ მათი ბედისწერები აუცილებლად გადაიკვეთება. ასეც ხდება. ეს ყოველივე კი ვიქტორიანული რომანის ,,საბურველშია’’ გახვეული, თუმცა ჟანრული მახასიათებლების გათვალისწინებით, ,,ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი’’ კლასიკური ბრიტანული რომანის დეკონსტრუქციას სწორედ პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების მეშვეობით ახორციელებს. ამის ნათელი მაგალითია რომანის ორი ალტერნატიული ფინალი და ასევე ავტორისეული ჩანართი თხრობის მსვლელობისას, სადაც ის უმართავ პერსონაჟებსა და თავისი ეპოქის ლიტერატურულ თეორიებზე საუბრობს.

2016 წლის ჟიურის გადაწყვეტილებით ,,საბა’’ თამარ ჯაფარიძეს ,,ფრანგი ლეიტენანტის საყვარლის’’ გამო გადაეცა.

 

***

2019 წელს ,,საბას’’ თარგმანის ნომინაცია მეორედ გაიყო. დაჯილდოვდნენ ანტიკური ტრაგედიისა და მოდერნისტული რომანის მთარგმნელები: ნანა ტონია – ევრიპიდეს ,,ჰეკაბესათვის’’, ხოლო ლელა დუმბაძე – ,,ორლანდოსთვის’’.

,,ჰეკაბეს’’ წინასიტყვაობაში ნანა ტონია ევრიპიდეს ტრაგედიის სტრუქტურულ თავისებურებებზეც საუბრობს: ევრიპიდემ ,,ჰეკაბეში’’ ტრადიციული კომპოზიციის ნორმა დაარღვია, რითაც უფრო თვალსაჩინო და ტრაგიკული გახადა თავისი გმირის სახე. ტრაგედია ორნაწილიანია: პოლიქსენეს მსხვერპლად შეწირვა და პოლიდოროსის სიკვდილი. ეს ორი სიუჟეტი ერთმანეთს არაფრით უკავშირდება, მაგრამ ისინი ქმნიან ისეთ შინაგან ერთიანობას, რაც ჰეკაბეს ხასიათს განუმეორებელ ტრაგიზმს ანიჭებს.’’

გასათვალისწინებელია ერთი მეტად საგულისხმო გარემოებაც: ბერძნულ ტრაგედიათა ნანა ტონიასეული თარგმანები პოეტურია. ამდენად, ის მთელი ,,დატვირთვით’’ ზემოქმედებს მკითხველზე. კათარტული ზემოქმედების ხარისხი იმდენად შთამბეჭდავი და დაუვიწყარია, გავიწყდება კიდევაც, რომ თარგმანს ეცნობი და არა ორიგინალს.

ბოლო წლებში ნანა ტონიას არაერთი ბრწყინვალე თარგმანი დაიბეჭდა: ევრიპიდეს ,,მედეა’’, ,,ფინიკიელი ქალები’’, ,,ჰიპოლიტოსი’’, ,,ბაკხი ქალები’’, ,,ტროელი ქალები’’, სოფოკლეს ,,ფილოქტეტესი’’…

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გია ხომერიკთან და გიგლა სარიშვილთან ერთად ნანა ტონია ბერძნული ტრაგედიის საუკეთესო მთარგმნელი და მკვლევარია.

ამ წლის მეორე ლაურეატმა ,,ორლანდოს’’ 90 წლის აღსანიშნავად გამართულ ლექციაზე აღნიშნა: ,,ამ ნაწარმოებში არსებობს ისტორიული ხაზი. ასევე ფსიქოლოგია, ფილოსოფია… ცნობილი ინგლისელი მწერლები და ლიტერატორები გამოყავს აქ ირონიით და სატირითაც. მათ პატივმოყვარეობაზე გვესაუბრება.  საოცრად გვესაუბრება დროზე: როგორ შეიძლება ერთი წამი იყოს ერთი საუკუნე, ხოლო ერთი საუკუნე იყოს ერთი წამი.’’

,,ორლანდო’’ ფანტასმაგორიული რომანია, რომელიც ერთი დიდგვაროვანი ბიჭის უცნაური გარდასახვების (მას რამდენჯერმე ეცვლება სქესი) და დროში მოგზაურობის ისტორიას გვიამბობს. შეიძლება ითქვას ასეც: ორლანდო მარადიული პერსონაჟია, მარადიული ცნობიერების მქონე პერსონაჟი, რომელიც ლიტერატურის, მშვენიერების, გენდერის, დროის ვულფისეულ აღქმებს აერთიანებს.

***

ემა ვიგოდსკაიას ,,ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი’’ 2020 წელს საუკეთესო თარგმანის პრემიით დაჯილდოვდა. ქართველი მკითხველისთვის ელზა ახვლედიანი ესპანურენოვანი მწერლების გენიალური თარგმანებითაა ცნობილი. ესენია: მარკესის ,,მარტოობის ასი წელიწადი’’, ,,პატრიარქის შემოდგომა’’, ,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა’’, ხუან გოიტისოლის ,,ცირკი’’ და ,,კუნძული’’, ,,ანა-მარია მატუტეს ,,ჯარისკაცები ტირიან ღამით’’ და ა.შ.

ერთ-ერთ გადაცემაში ელზა ახვლედიანი თარგმანის პროცესზე საუბრობს: ,,მე საერთოდ ნელა ვთარგმნი. მუსიკას ვეძებ. (…) ვიღაცის წერილი იყო ჩემზე, სადაც ეწერა, რომ მუსიკა ჩანს მარკესის წიგნშიო. ,,მარტოობის ასი წელიწადი’’ მართლაც რიტმული პროზაა. ასე გგონია, თუ ამოიღებ რომელიმე სიტყვას –  ჩამოიშლება სულ.’’

ემა ვიგოდსკაიას საბავშვო წიგნი კი მიგელ დე სერვანტესის ამბავს გვიყვება და ეგზიუპერის ,,პატარა პრინცივით’’ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

 

***

2021 წელს თარგმანის ნომინაციაში ორი დამოუკიდებელი ჯილდო გაიცა. გიორგი ლობჟანიძემ  მესამე, ხოლო ანი კოპალიანმა თავისი პირველი საბა აიღო.

ჯალალ ედ-დინ რუმის ,,სპარსულ ყურანად’’ წოდებული ,,არსთა მესნევი’’ ექვსი ნაწილისგან შედგება. ქართულად ჯერ მხოლოდ ორი წიგნი ითარგმნა, თუმცა დართული კომენტარების დახმარებით კითხვისას აღმოსავლური მისტიციზმისა და პოეზიის მთელ ხიბლსა და მაგიას შევიგრძნობთ.

ტომას სტერნზ ელიოტის ,,მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ’’ 1939 წელს დაიბეჭდა. ,,ამ სალაღობო წიგნშიც არ უღალატებდა ელიოტი თავის პრინციპს, ცოცხალი ტრადიციისა, და გაითვალისწინებდა ინგლისურ ლიტერატურაში დაგროვილ გამოცდილებას, უძველესი დროის სალაღობო და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე. ინტონაციები, რიტმი და რითმები შეეძლო აქედან წამოეღო. (…)  ტომას ელიოტი თამაშობს ,,კატებში’’, სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე. თუ ვერ აჰყვებოდა, ხელი მოეცარებოდა მთარგმნელს და მთარგმნელმაც გაბედა და მიაგნო ემოციურ დარტყმებს და ოსტატობა ეყო.’’ (პაატა ჩხეიძე).

***

,,საბას’’ წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ქართველ მკითხველს არაერთი გენიალური თარგმანის გაცნობის საშუალება აქვს. გამარჯვებული მთარგმნელები კი ვეებერთელა კულტუროლოგიური ველის შექმნის პრეცედენტს ქმნიან.

სწორედ ,,საბა’’ ქმნის იმ ლიტერატურულ ველს, სადაც განსაზღვრული და დადგენილია უცხოური ლიტერატურის თარგმანის ხარისხის ნიშნული.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი ,,საბა’’ კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოეზიას, მის პოპულარიზაციას.

პოეზიის თარგმანთან დაკავშირებით კი დავით წერედიანის სიტყვები მახსენდება: ,,სრულფასოვანმა თარგმანმა შეიძლება სიტყვები ზუსტად არ გაიმეოროს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიმეოროს დედნისეული ეფექტი’’.

© არილი

Facebook Comments Box