„არავინ უსმენს, არქმევენ
ამგვარს მის ქცევას ბოდვასა.
„- ღმერთს ჩვენთვის გაუჩენაო
სარგოდა, მოსახმარადა!“
და დღესაც არავინ ჰზოგავს
ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა.“
ვაჟა-ფშაველა. „გველის მჭამელი“
„ჩიტ რო იძახს, წიავ,
რო მი-მოდის ნიავ,
რო ამოდის იაა…
სრულ წუსვლელა წინავ –
ჲახლ სიდ გამიქრ, სიდ?“
ეთერ თათარაიძე. „ჩიტ რო იძახს, წიავ“
2012 წელს ეთერ თათარაიძემ თავისი რიგით მეექვსე პოეტური კრებულით – „ჩიტ რო იძახს, წიავ“ – მკითხველს კომუნიკაციის გულწრფელი და უშუალო ფორმა შესთავაზა – ხელნაწერი ტექსტები. საერთოდ, იმ დროებაში, როცა მკითხველსა და ტექსტს, ავტორსა და მკითხველს და ავტორსა და ტექსტს შორისაც კი კომუნიკაცია გაშუალებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებით, გამოცემის ამგვარი ფორმა მკითხველისთვის ნამდვილი ფუფუნებაა. წიგნის ვიზუალური კონცეფციის ნაწილია გრაფემები, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს ეთერ თათარაიძის ტექსტებსა და მარიამ (თუთი) არაბულის ილუსტრაციებში გაბნეულ სხვადასხვა ხასიათისა და სახეობის ფრინველებს. ამ რომანტიკულ ჟესტში ჩანს ეთერ თათარაიძის დამოკიდებულება, რომ მკითხველს საკუთარი შემოქმედება შესთავაზოს არა მხოლოდ პოეტური ტექსტის ფორმით, არამედ, როგორც ჩაგვირისტებული ასო-ნიშნები – ხელსაქმე, რასაც ის ვერ ელევა მარადიულ თემებზე წერისას, მარადიული ტკივილების გააზრებისას.
საერთოდ, ეთერ თათარაიძის პოეტურ ტექსტებს ახასიათებს გულწრფელი, გულახდილი ლირიზმი (“არაფერ მაქვს დასამალ, – / ტრიალ მინდორს ვღგევარ“), რაც კრებულის ფორმამაც საინტერესოდ შეითავსა. ეს განსაკუთრებით ღირებულია მაშინ, როდესაც ადამიანის განცდები, ინდივიდუალიზმი, მისი უნიკალურობა ჩაკარგულია სოციალური ჰაბიტუსებისა და ნარატივების ბალაგანში, და განსაკუთრებით – საქართველოში, სადაც მუდმივი სოციალური, პოლიტიკური კონფიგურაციების ლოგიკიდან გამომდინარე, ცნებები „ღირსება“, „მარადიული ღირებულებები“ (საპირისპიროდ, ცნებებისა „წარმატებული“, „მოტივირებული“) იქცა ინფანტილიზმის და მარგინალიზმის ერთგვარ ენობრივ აღმნიშვნელებად. ეთერ თათარაიძის ეს პოეტური კრებული კი, როგორც დანარჩენი ხუთი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში – სხვადასხვა პოლიტიკური და კულტურული კონიუნქტურის პირობებში გამოცემულები, ჯიუტად გვთავაზობს ალტერნატიულ ტექსტს და სოციოკულტურული პროტექსტის უნიკალურ ფორმას – ეს არის ენობრივი პროტესტი – როცა პოეტი დიალექტის ბუნდოვან საბურველში ახვევს საკუთარ პოეზიას, სამოქალაქო პროტესტი – იგი მთლიანად უარს ამბობს სოციალური და პოლიტიკური რეალობის რეფლექსიაზე, არ აღწერს მათ თუნდაც იგავის, ან პაროდიის ენითაც კი. შეიძლება ითქვას, თათარაიძე იმ პოეტთა შორისაა, რომელთა არსებობა მთლიანად ენობრივი მოვლენაა – ისინი ენაში „ცოცხლობენ“. ქართული ენის, როგორც მისი პოეტური სამშობლოს მიმართ, მადლიერი დამოკიდებულება იგრძნობა იმ ფაქტში, რომ ენის თითოეულ პლასტს, რომელსაც ის პოეტური ტექსტის „საშენ მასალად“ იყენებს, თავისებური ესთეტიკური დატვირთვა აქვს – გრამატიკას, ლექსიკას, კალიგრაფიას, ფონოლოგიას.
თათარაიძის ლექსი, უპირველეს ყოვლისა, ამოზრდილია ადგილობრივი ხალხური პოეტური ტრადიციებიდან, სადაც ტექსტის სტრუქტურულ და მის ვერსიფიკაციულ თავისებურებას განაპირობებს სახეთა პარალელიზმი და ფრაზის შინაგანი რიტმიკა. თუმცა თითოეული ხმა – ბიბლიურ-ქრისტიანული და მითოლოგიური პლასტი, პასტორალური მოტივები, პრიმიტივისტული და ნაივური მხატვრობა, რომანტიზმის მეტა-ნარატივები და სხვ. მის ლექსებში სრულიად ორგანულია, ეს არ არის ინგრედიენტების (მითოსი + კიტჩი + ენობრივი ექსპერიმენტი) მიქსით დამზადებული პოეზია, არამედ ეს ინტუიტიური, ირაციონალური წვდომაა ენის წიაღში იქ დავანებული საბადოების (დიალექტი, ძველი ენა – უამრავი გრამატიკული, ლექსიკური, ფონოლოგიური ფაქტი) მოსაპოვებლად. ასეთი პოეტური არქეოლოგია ყოველთვის წარმოაჩენს ახალი პოეზიის ძალიან საინტერესო რელიეფს, რაც სწორედ პოეტური ენის განახლების წინაპირობა ხდება. ენის შესაძლებლობებით ასეთი თავისუფალი „თამაში“ და „მღერა“ არის ის, რაც სალიტერატურო ქართულზე ხშირად ბანალურად წარმოთქმულს ახალ ჟღერადობას ანიჭებს ეთერ თათარაიძის პოეზიაში. სწორედ ამიტომ არამართებული იქნება, თუკი მის ტექსტებს ახალქართულად „ვთარგმნით“.
ამ ავტორის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ინდივიდუალიზმია, რამაც თავის დროზე მის პოეზიას აღიარებაც მოუტანა და აგრესიული განხილვების საგნადაც აქცია ნომენკლატურულ წრეებში, რადგან ინდივიდუალიზმია ის ღირებულება, რასაც ასე ებრძოდა კოლექტივიზებული საბჭოთა ყოფა, კულტურა და კლანურ-ნათესაური სამხრეთული ტემპერამენტი. მისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო მკითხველი, თენგიზ მირზაშვილი ამბობდა – ის „ჩამოყალიბებული აზრის, მრწამსისა და თვალთახედვის პოეტია“. საბჭოთა კრიტიკოსები კი ბრაზს ვერ მალავდნენ – „ის ჯიუტად აგრძელებს თავის ძველ გზას“.
როგორც გვახსოვს, საბჭოთა ლიტერატურული კონიუნქტურა უმთავრესად პატრიოტული ლირიკის სხვადასხვა მოდალობებში მერყეობდა. ჯერ კიდევ 30-იან წლებში „ნაკურთხი“ ნაციონალური ნარატივი ხშირად, ზოგადად, პატრიოტიზმის იდეის პროფანიზებულ მაგალითსაც კი ქმნიდა და ყალბი პათოსის ინსტრუმენტად რჩებოდა. ამ ფონზე ეთერ თათარაიძის სადა, მჭვრეტელობითი და მშვიდი პატრიოტიზმი განსაკუთრებულ ღირებულებას იძენდა მაშინაც და დღესაც, როცა აღმოსავლეთის მთიანეთის პოეტური და სასიმღერო კიტჩი საკუთარი მასკულინური ენერგიისა და ხორციელი ვნებების ოხშივარში იცხრობს შემოქმედებით წყურვილს.
თათარაიძეების სიმღერაში (ეთერის ტექსტსა და ლელას მღერაში) უმეტესი სილაღეა, სივრცე და ფერადოვნება, რაც თუშეთის რელიეფისა და თუშური ხასიათების თავისებურ მხატვრულ ვერსიას ქმნის. აქ უნებლიეთ მახსენდება ინდიელ ხალხთა ერთი ძალიან ნიშანდობლივი ზღაპარი, რომლის მიხედვითაც ფლეიტას (მუსიკას, ინტუიციურ ჭვრეტას და სულიერი ძიების პოტენციას) ოდითგან ქალები ფლობდნენ. მამაკაცებმა მათ ეს ინსტრუმენტი ძალით წაართვეს და ბუნების პატრიარქალური კონტროლის ფუნქცია მოიპოვეს.
ეთერ თათარაიძის დეკლამაციის მანერა ჩიტის გალობას მოგვაგონებს, რის შესახებაც არაერთხელ აღნიშნავდა მიხო მოსულიშვილი. ლელა თათარაიძის სასიმღერო სტილი კი ჩიტის ლაღ ფრენას ჰგავს. მომღერალი წარბებს აზიდავს და შეკრავს სიმაღლეში აჭრილი ფრინველის ფრთებივით; მერე გაამღერებს ფრაზას, რომელიც თითქოს საგანგებო მიზნისკენ, ერთი ნოტისკენ არის მიმართული და ამ ბგერაში შეღწევის შემდეგ სივრცეში წინასწორობას მოიპოვებს, უწონადო მდგომარეობაში ერთ ბგერაში ლივლივებს. ალბათ, ამ დროს ის წარმოსახვით მოიფრენს მშობლიურ მთებსა და გადაშლილ მინდვრებს. ეთერის ლექსებსა და ლელას სიმღერებში, სწორედ ფრინველის სილაღე, სიმაღლისა და მჭვრეტელობისადმი ბავშვური ლტოლვა და ჯიუტი სწრაფვა ჩანს, რაც, როგორც ინდიელთა ზღაპრის წმინდა ფლეიტის ქალური ჟღერადობა, ერთგვარად ჩაიკარგა აღმოსავლეთის მთიანეთის ფანდურის მასკულინურ ჩხრიალსა და ლომისობის ცხვრების ბღავილში.
ეთერ თათარაიძის პოეზია თითქოს ყოველთვის იმ ხელში ხვდებოდა, სადაც უნდა მოხვედრილიყო (ვახუშტი კოტეტიშვილი, თენგიზ მირზაშვილი, ზურაბ კიკნაძე, თამაზ ჩხენკელი, როსტომ ჩხეიძე და სხვები). თუმცა ამგვარი პოეზიის მკითხველი ყოველთვის უფრო ცოტაა. მიუხედავად ამისა, ის იდეოლოგიურ ან ესთეტიკურ ხარკს არასდროს იხდიდა და, შეიძლება ითქვას, უკომპრომისო იყო ყოველთვის, შემოქმედების პირველი ნაბიჯებიდან. მას არ ახასიათებს ტროპებით, როგორც აქსესუარებით, კეკლუცობა, არამედ მისი თითოეული სახე ლექსის ფორმალური და შინაარსობრივი სხეულის ფუნდამენტური ნაწილია. ის ინტროვერტი, ანაქორეტი პოეტია და არა კენობიტი, მისი პერსპექტივა მიმართულია საკუთარ სულიერ სამყაროში და არა გარეთ, სოციალურ ინტერაქციებში. ამიტომ არ ახასიათებს ისეთი ლიტერატურული ხერხებით მანიპულირება, რომლებიც ხშირად სოციალურ კონტექსტთან ადაპტირების ინსტრუმენტი ხდება (მაგალითად, მიძღვნა (ეთერ თათარაიძე უიშვიათესად უძღვნის ვინმეს ლექსს და ამ მიძღვნასაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს), ესთეტიკური კლიშე, ციტატა). მისი პოეზია ინდივიდუალური სულიერი გამოცდილების პოეზიაა და ნაკლებ – სოციალური პრაქტიკების.
ეთერ თათარაიძე გაბრიელა მისტრალს პირველად, თუ არ ვცდები, ნაირა გელაშვილმა შეადარა. მისტრალს 1945 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ხვდა „ძლიერი განცდებით შთაგონებული ლირიკული პოეზიისთვის, რომელმაც პოეტის სახელი აქცია მთელი ლათინოამერიკული სამყაროს ამაღლებული მისწრაფებების სიმბოლოდ“. უნდა გავიხსენოთ 2007 წლის ბერლინის კინოფესტივალიც, სადაც ოქროს დათვი ჩინელი რეჟისორის, ვან ჩუანანიას ფილმს „ტუის ქორწინება“ ხვდა წილად. ქართველ კინოკრიტიკოსებს ამ ფილმმა სოსო ჩხაიძის „თუში მეცხვარე“ გაახსენა. უცნაურია, რომ საქართველოში 2013 წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“, რომელიც ქართული ლიტერატურის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს, საფინალო პროდუქციაშიც კი ვერ მოხვდა ეთერ თათარაიძის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური კრებული, თუმცა მისით აუცილებლად ვიამაყებდით, თუკი ის ამგვარ შეფასებას დაიმსახურებდა რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე: „ძლიერი განცდით შთაგონებული ლირიკული პოეზიისთვის, რომელმაც პოეტის სახელი აქცია ქართული და საერთოკავკასიური სამყაროს ამაღლებული მისწრაფებების სიმბოლოდ“. სამწუხაროა. ვფიქრობთ, „საბას“ ისტორიაში უხერხულ და გაუგებარ ფაქტად დარჩება ეთერ თათარაიძის ამ კრებულის შეუფასებლობა.
სიმბოლურად მენიშნა ის სიტყვაც, რომლითაც მწერალი ნაირა გელაშვილი წარდგა „საბას“ დაჯილდოებაზე მისულთა წინაშე. მწერალი საუბრობდა საქართველოს ერთ სოფელზე – სოფ. ხაიშზე, რომელიც „ოც წელიწადზე მეტია კლდესავით დგას და როცა ირგვლიც ამდენმა გაყიდა ყველანაირი სულიერი ღირებულება, როცა არავის აღარ უნდა ეს საქართველო, როცა აქედან გარბიან… ეს სოფელი დგას მარტო, მიტოვებულია ფაქტობრივად მთელი საქართველოსაგან, მწერლებისგანაც და დედაქალაქისგანაც…” მართალს ამბობდა ნაირა გელაშვილი – საქართველოში თითქმის ყველაფერი ავთენტიკური მიტოვებულია, ინტერესს მიღმაა დარჩენილი ხალხისგანაც და კიდევ უფრო ხშირად, იმ საზოგადოებისგანაც, ვისაც მისი კულტურული და პოლიტიკური ღირებულება ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს. შეუძლებელია ვერ დაინახო პოეტი ქალის, ეთერ თათარაიძის 2012 წლის პოეტური კრებული „ჩიტ რო იძახს, წიავ“, რომელიც კლდესავით დგას, ცოცხალი მუზეუმივით ინახავს საქართველოსა და კავკასიის არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობას – ენას (გრამატიკა, ლექსიკა, დიალექტი, ფონოლოგია), ფოლკლორს, წეს-ჩვეულებებს, ისტორიულ ფაქტებს, ყოფას, ღირებულებებს (ჰუმანიზმს, ბუნებისადმი ეთიკურ დამოკიდებულებას, უცხოს პატივისცემას და სხვ.) – ყველაფერ იმას, რასაც დღეს მსოფლიოში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც ფასდაუდებელ საგანძურს.
ეთერ თათარაიძის პოეზიაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ რეზო ინანიშვილის, გიორგი ცოცანიძის, ნაწილობრივ, ნუგზარ შატაიძის პროზა. მწერლები, რომელთაც პოეტთან აახლოებთ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი ლიტერატურული პოლიტიკა – ისინი უმეტესად წერენ სოფელზე, მხატვრულად გარდაქმნიან თითოეულ ემპირიულ დეტალს, მათი ენობრივი მასალა ქართული ენის დიალექტებიდან საზრდოობს; რაც მთავარია, ზუსტად განსაზღვრავენ საკუთარ ადგილს ქართული ლიტერატურის ისტორიაში და საკუთარ ფუნქციას, ხელოვნებად აქციონ ის, რისგანაც მომხმარებლური, ტექნოკრატიული ცივილიზაცია რუინებს ქმნის. სხვათა შორის, რევაზ ინანიშვილიცა და ეთერ თათარაიძეც, თავის დროზე აღმოაჩინა და მკითხველს წარუდგინა თენგიზ მირზაშვილმა.
ამ თვალსაზრისით არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ნაირა გელაშვილის პროზასა და მის საზოგადოებრივ საქმიანობას, განსაკუთრებით მის მცირე რომანს – „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, რომელშიც წარმოჩენილია ის საფრთხე, რასაც საქართველოში კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას უქადის 80-იანი წლების ენერგეტიკული პოლიტიკა და ზოგადად, ინდუსტრიული საზოგადოება. მისი ნარკვევი – „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“, რომელიც „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოქვეყნდა 1989 წელს, ამ საკითხებს ეთმობა. პრობლემა ჯერ კიდევ ვაჟა-ფშაველამ წარმოაჩინა მთელი სისავსით. „გველის მჭამელი“ (და საერთოდ ვაჟა-ფშაველას თითქმის ყოველი ტექსტი) ერთგვარი მანიფესტია ბუნებისადმი ეთიკური დამოკიდებულებისა, რაც დღესდღეობით ეკოპოეზიის ფილოსოფიის ერთ-ერთი საყრდენი დებულებაა.
ეკოპოეტიკა, რომელიც ქართულ ლიტერატურაში გამოკვეთილ სახეს იძენს სწორედ ვაჟა-ფშაველას ტექსტებში, იმ ეთიკური კითხვებით არის გარემოცული, რაც თავის დროზე ინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებამ მოიტანა. დღეს ეკოპოეტიკა აღარ არის თუნდაც, პასტორალური ლირიკა, სადაც ბუნებას მხოლოდ ანტურაჟის როლი ეკისრება, არამედ ის ფორმალურადაც და შინაარსობრივადაც წარმოაჩენს დამოკიდებულებას ბუნებასა და კულტურას, ენასა და აღქმას შორის. ის სულიერ გამოცდილებასაც ითავსებს და პოლიტიკურ აქტივობასაც. ეკოპოეზიის ფესვები შორეული რომანტიკული და კიდევ უფრო შორეული ანტიკური ლიტერატურიდანაა ამოზრდილი. მე-20 საუკუნეში კი ის ყველაზე ფართოდ განვითარდა ამერიკაში, 50-70-იანი წლების არტისტული სკოლების, განსაკუთრებით – ბიტნიკების გავლენით.
დღეს საქართველო მართლაც ძალიან პრინციპული დილემის წინაშე დგას. როგორც ვიცით, სახელმწიფოს მხრიდან იგეგმება მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების ამოქმედება, რაც ქვეყნის უძველეს მხარეებში – სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში – გიგანტური ჰესების მშენებლობას გულისხმობს. ეს საქართველოს ისტორიულ თემებში არა მარტო ჰუმანიტარულ პრობლემებს შექმნის, არამედ საფრთხის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ამიტომ დღეს სწორედაც ეს ტექსტია ყველაზე ახალი – ვაჟა-ფშაველას, ეთერ თათარაიძის, ნუგზარ შატაიძის, რევაზ ინანიშვილის, გიორგი ცოცანიძის, ნაირა გელაშვილისა და სხვების. ეს ენა ძალიან ფასეული რესურსია ჩვენთვის იმიტომ, რომ ის დაგვეხმარება ბუნებრივი და კულტურული გარემოსადმი ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებაში, ღირებულებების ლოკალურ კონტექსტში გაანალიზებასა და ადგილობრივი კოლორიტების თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
© “არილი”