„პატი სმითი არ არის ის ხელოვანი, რომლის კატეგორიზაციაც იოლად შეიძლება. მისი ნამუშევრები და კარიერა არღვევს ხელოვნებისა და მუსიკის სამყაროების ტრადიციულ საზღვრებს“ – ასე აფასებენ პატი სმითს, მუსიკოსს, მწერალს, ვიზუალურ არტისტს, მხატვარსა და ფოტოგრაფს, რომელმაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გზა გაიარა.
19 წლის იყო, როცა ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ხელოვანი გამხდარიყო. ჯერ მაღაზიაში მუშაობდა, პარალელურად წერდა და ხატავდა, ინსპირირებული იყო და თავადაც შთააგონებდა რობერტ მეპლთორპს, მის საუკეთესო მეგობარს, სიყვარულსა და შემოქმედებით პარტნიორს.
მისი პირველი საჯარო გამოსვლა 1971 წელს, ერთ-ერთ ეკლესიაში შედგა. ეს დასამახსოვრებელი შოუ პატი სმითის ლეგენდარული სიტყვებით დაიწყო: „იესო ვიღაცის ცოდვებისთვის მოკვდა, მაგრამ არა ჩემი ცოდვებისთვის“, რის შემდეგაც ის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. მისი საკულტო სადებიუტო ალბომი „ცხენები“ გამოვიდა და მსოფლიოს გარშემო დაიწყო მოგზაურობა.
სწორედ ასეთი ორიგინალური ბიოგრაფიის ავტორს ეკუთვნის „უბრალოდ ბავშვები“. დოკუმენტური პროზის ეს გამორჩეული ტექსტი პირველად 2010 წლის იანვარში გამოქვეყნდა და მედიამ შეაფასა, როგორც ნაწარმოები, რომელსაც შეუძლია, გაგრძნობინოს ტკივილი იმ დროისა და ადგილის, სადაც, შესაძლოა, არასოდეს ყოფილხარ. „უბრალოდ ბავშვები“ „New York Times“-ის ბესტსელერი იყო, წიგნის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა და მკითხველების განსაკუთრებული სიყვარულიც დაიმსახურა.
„ეს წიგნი თავს უყრის ყველა იმ ელემენტს, რომლებიც 1970-იან წლებში ნიუ-იორკს გასაოცარ ქალაქად აქცევდა – საფრთხე და სიღარიბე, არტისტული სერიოზულობა და ოპტიმიზმი, შეგრძნება, რომ ვიღაც კვლავ დაკავშირებულია წარსულის დიდი ხელოვანების მთელ ისტორიასთან“ – ვკითხულობთ წიგნის შესახებ “The Guardian“-ის სტატიაში.
„სმითი იხსენებს, რომ 1967 წლის შემოდგომაზე ვაშინგტონ პარკში ის და მეპლთორფი ტურისტი ცოლ-ქმრის შეკამათების მიზეზად იქცნენ. ცოლ-ქმარს ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა ამ უცნაური წყვილის ფოტოზე აღბეჭდვა. ქალის თქმით, ახალგაზრდები ნამდვილ არტისტებს ჰგავდნენ, რაზეც კაცმა უკმეხად მიუგო, ეგენი, უბრალოდ, ბავშვები არიანო“.
ამ „უბრალო ბავშვებს“ შეეხება ტექსტი, რომელიც იწყება, როგორც სასიყვარულო ისტორია და ელეგიის მსგავსად სრულდება. „უბრალოდ ბავშვები“ ღრმა და საინტერესო პორტრეტია ორი ახალგაზრდა ხელოვანისა, ხშირად მშივრები და მხოლოდ ხელოვნებით სავსენი რომ იყვნენ. აქ მკითხველს საშუალება ეძლევა, თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ურთიერთობის დეტალები შეიტყოს. თუმცა, მთავარი მაინც ის ამბებია, რომლებსაც პატი სმითი საკუთარ თავზე გვიყვება.
„სანამ რობერტი მოკვდებოდა, შევპირდი, რომ ერთ დღეს ჩვენი ისტორიის შესახებ დავწერდი“, აღნიშნავს ავტორი და რომანიც ამ პირობის მანიფესტაციაა. რეცენზიებში აღნიშნავენ, რომ პატი წარმომადგენელია იმ თაობის, რომელსაც შეეძლო, პერსონალური ისტორია უნივერსალურ განცდად ექცია და კონკრეტული ამბების დეტალებიდან გამომდინარე უფრო ღრმა სიმართლის შესახებ ელაპარაკა. პატი სმითი აღწერს სიყვარულს, დანაკარგს, ამბიციებს, შიშს, ეჭვიანობას… და ამას გულწრფელი სენტიმენტალიზმით აკეთებს. ამბობს, რომ სურს, ისე მიიღოს მისი წიგნი მკითხველმა, თითქოს „ფილმს კითხულობს“.
ერთ-ერთ ინტერვიუში პატი სმითი საკუთარ ბავშვობას იხსენებდა და აღნიშნავდა, ყოველთვის ვხვდებოდი, რომ წინ დიდებული მომავალი მელოდაო: „როცა პატარა ვიყავი, ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემში. მომხიბვლელი არ ვყოფილვარ, არც ჭკუით გამოვირჩეოდი სკოლაში. არაფერი მსგავსი, რაც სამყაროს აჩვენებდა, რომ განსაკუთრებული ვარ. მაგრამ მთელი ეს დრო უზარმაზარი იმედი მქონდა. უზარმაზარი სულიერი ენერგია, რომელიც მიბიძგებდა, რომ გამეგრძელებინა… ბედნიერი ბავშვი ვიყავი, რადგან ამას ვგრძნობდი“.
„უბრალოდ ბავშვები“ „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.
„პატი სმითის „უბრალოდ ბავშვების“ თარგმნა გამომცემლობამ შემომთავაზა. იცოდნენ, რომ მუსიკით დაინტერესებული ვიყავი. სწორი არჩევანი იყო, პატი სმითი ძალიან საინტერესო ქალია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა თაობის წარმომადგენელია, თანამედროვე ახალგაზრდები მისით მაინც ძალიან დაინტერესებულნი არიან. კულტურაში აქტიურად ჩართული ქალია, აქტიური მოღვაწე. ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. აქ აღწერილი პერიოდი, 60-70-იანი წლები, ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქაა კულტუროლოგიური თვალსაზრისით, როგორც მუსიკალურად, ასევე სახვითი ხელოვნების მხრივაც. ავტორს ურთიერთობები ჰქონდა ცნობილ ხელოვანებთან, მუსიკოსებთან, მათ შორის ენდი უორჰოლთანაც იყო ახლოს. ამ ყველაფერს ძალიან გულახდილად გვიამბობს, თანაც თავისი სიყვარულის ფონზე. ჰყვება, თუ როგორ ვითარდებოდა ეს მოვლენები მისი პირადი ურთიერთობების პარალელურად. თარგმნა არ გაგვძნელებია, რადგან ძალიან ადამიანური ენითაა დაწერილი, ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე. ტექსტზე მე და ჩემმა შვილმა, ანა მაყაშვილმა ვიმუშავეთ, ის უკეთ თარგმნის ინგლისურიდან, მე ის პერიოდი ვიცი კარგად და ასე გამოვიდა, ერთად ვთარგმნეთ“ – ამბობს „უბრალოდ ბავშვების“ მთარგმნელი ბიძინა მაყაშვილი „არილთან“ საუბრისას.
© არილი