9 ივლისს, 19 საათზე, „შაქრო ბაბუაში“ ესპანელმა მწერალმა და გამომცემელმა ნიკოლას მელინიმ ქართველ მწერლებთან ლიტერატურული დისკუსია გამართა.
ნიკოლას მელინი, ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. წერს კინოსცენარებსა და სტატიებსაც. ასევე, ის ესპანურ-ამერიკელი მწერლების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია.
აქვე შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ნიკოლას მელინის რომანის პრეზენტაცია იგეგმება.
რომანი „დაზაფრული ატლანტები“ მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც ერთად არიან, თუმცა მათი ურთიერთობა ტკივილიანია. ერთი მათგანი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება, რომლებიც დიდი ტანჯვით აღწევენ ევროპის ნაპირებს, სადაც მაინცდამაინც დიდი სტუმართმოყვარეობით არ ეგებებიან. ლუსიას ლტოლვილებზე ზრუნვაში ეხმარება იზაბელიც.სამწუხაროდ, სხვათა ტანჯვის გამზიარებლები, თავად ვერ აღწევენ მას თავს. ლუსიას წარსული, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ჭრილობები არ აძლევს საშუალებას, თავისუფლება მოიპოვოს სიყვარულში, რაც ტკივილს აყენებს მის პარტნიორს და მის სიყვარულში ეჭვს უჩენს. იზაბელი, თავის მხრივ, დაზაფრულია ყოველ წამს ცხოვრებაში შემოჭრილი რეკლამებით და თავდაუზოგავად ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი კი მათს ურთიერთობას ბზარს უჩენს.
ნიკოლას მელინის რომანი გამომცემლობა ,,ინტელექტმა’’ დაბეჭდა.
© არილი