ახალი ამბები,  ახალი წიგნები

შირლი ჯექსონის აქამდე უცნობი ორი მოთხრობა გამოქვეყნდა

 

ჟურნალ Strand-მა საშინელებათა ჟანრის გამოჩენილი მწერლის, შირლი ჯექსონის, ორი, აქამდე უცნობი მოთხრობა „ჩარლი რობერტსი“ და „მხოლოდ იდექი და ელოდე“ გამოაქვეყნა.

„ჩარლი რობერტსში“ წყვილი ვახშამს გეგმავს და მოსაპატიჟებელი სტუმრების სიას ადგენს. შეხუმრებულ დიალოგში მკითხველი ნელ-ნელა გამოუთქმელი დაძაბულობის კვალს ამჩნევს. ჩარლი რობერტსი კი ერთი კაცია, რომელმაც მათ სახლში ჯიბის დანა დატოვა და რომელსაც, აშკარად, რაღაც დაემართა. „მე და ჩარლი აქ კარგ დროს ვატარებდით ხოლმე,“ – ღიმილით ეუბნება ქმარი ცოლს.

Strand-ის რედაქტორის თქმით, მოთხრობა ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს და გამუდმებით მუქარაზე მიგვანიშნებს.

„მხოლოდ იდექი და ელოდე“ იზოლაციის, ინტუიციისა და უარყოფის პრობლემებს ეხება. თემატურად ჯექსონის ცნობილ რომან „ჰილჰაუსის მოჩვენებას“ ჰგავს. მოგვითხრობს ერთ პაციენტისა და მისი ექიმის ისტორიას, როცა ოპერაცია უკვე დასრულებულია და ახლა სახვევების მოხსნის დრო დგება.

ორივე მოთხრობა ძალიან მოკლეა, “ჩარლი რობერტსი” – 500, ხოლო “მხოლოდ იდექი და ელოდე” 400 სიტყვა თუ იქნება.

ჟურნალ Strand-მა 2020 წელსაც გამოაქვეყნა შირლი ჯექსონის სხვა უცნობი მოთხრობა „ცუდი ღამის თავგადასავალი“, რომელიც მწერლის ვაჟმა დედის საქაღალდე ყუთში შემთხვევით იპოვა.

© არილი

Facebook Comments Box