Uncategorized

შოთა იათაშვილი – ლექსის წერის მეთოდი და სხვ. ლექსები

shota iatashvili

ლექსის წერის მეოდი

აურიე ადამიანები ნივთებში,

მერე გამოაცალკევე.

სანამ გამოაცალკევებ,

ერთმანეთის თვისებები გადაედებათ.

ჰოდა, მერე წერე ადამიანებზე, როგორც ნივთებზე და

რაც მთავარია – პირიქითაც.

 

აურიე ლურჯი და ყვითელი ერთმანეთში,

მიიღებ მწვანეს.

ან ლურჯი და წითელი –

მიიღებ იასამნისფერს.

ბევრ პოეტს უყვარდა ფერები.

განსაკუთრებით თრაკლს.

სულ ერთმანეთში ურევდა,

თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც,

ფერები რომ სძულდათ.

 

აურიე სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთმანეთში –

მიიღებ ბლეიკს.

ან მინიმუმ – მილტონს.

თუმცა თუ აურევ, იცოდე,

მერე გაგიჭირდება გამოცალკევება.

 

აურიე. ერთი სიტყვით – აურიე.

კარგად, ბოლომდე აურიე.

და მერე შეეცადე გამოაცალკევო.

 

ეგაა, მეტი არაფერი

პოეზია.

 

ცვლილება

გაჩერებაზე მდგომმა ავიხედე და

ჩემი უსახური რვასართულიანი კორპუსი,

სადაც 40 წელზე მეტია ვცხოვრობ,

საოცრად ლამაზი მომეჩვენა.

ვუყურებდი…

ვუყურებდი…

თვალი ვერ მოვწყვიტე,

სანამ ნომერმა 15-მა “მარშრუტკამ”

არ ჩამოიარა და

საქმეებისკენ არ დამიძახა.

 

ოდა სანთებელებს

სანთებელები ცეცხლის ანთებით იღლებიან

და მალე კვდებიან.

ადრე სხვანაირად იყო –

ძალაგამოცლილი სანთებელები

პატარა, გაქუცულ ჯიხურებში მიჰქონდათ

და მათ თავიდან ტენიდნენ

მინიმალური ქართული ვალუტის გადახდის ფასად,

და სანთებელები კვლავ ცოცხლდებოდნენ,

და ჩვენც შეგვეძლო

სხეულში თავიდან ცეცხლჩამდგარი ამ სანთებელებით

ისევ მოგვეკიდა ჩვენი ცხოვრების მაშინდელი მწარე თუთუნისთვის

და არც კი გვეფიქრა,

თუ რა კარგია, როცა დაღლილ სანთებელებს

ნაგვის ყუთში კი არ ყრიან,

არამედ მკვდრეთით აღადგენენ

და ისინიც აგრძელებენ პრომეთეს მისიას…

 

როცა ძალიან დათვრები,

მეორე დილით ჯიბეში

სავარაუდოდ აღმოაჩენ

ხუთიდან ათამდე სანთებელას,

ისინი შარვლის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებიდან,

ქურთუკის შიდა და გარე ჯიბეებიდან ამოდიან,

ინთებიან, ინთებიან

და ცდილობენ რაღაც მნიშვნელოვანი გითხრან,

მაგრამ სათქმელს პასუხი არა აქვს,

რადგან ვერცერთ ჯიბეში ვერ პოულობ

ვერცერთ ღერ სიგარეტს…

და ეს სანთებელები,

როგორც ოლიმპიადის უხეირო ჩირაღდნები,

ინთებიან და ქვრებიან და წვალობენ,

შენ კი უცებ დაგიძახებს მოხუცი დედა,

რომელიც დილაადრიან, სიცივეში ადგა და უნდა,

ჩაი აადუღოს და დალიოს,

მაგრამ ასანთს ვერ პოულობს ვერანაირად.

ის გეკითხება: შვილო, ცეცხლი ხომ არა გაქვს?

და აი, ამ დროს ცოცხლდებიან

შენი მთვრალი სანთებელები,

პრომეთეს იდეა ცოცხლდება მათში.

შენ მიდიხარ, მიბანცალებ გაზქურასთან,

და ყველაფერი უკვე წესრიგშია:

სამყარო ლაგდება,

ცეცხლი თავისას აკეთებს,

შენ შენსას აკეთებ,

ჩაი დუღს და

მწარე ცხოვრებაც მიედინება…

 

აივნის ლექსები

სამყაროს საყვედური

აივანზე გავედი და მოვუკიდე.

ადრინდელივით იყო თითქოს ყველაფერი:

განწყობაც, ხედიც…

მანქანებიც ძველებურად დაქროდნენ და

არღვევდნენ ხმაურს.

მაგრამ უცებ შემომომესმა:

“რა ცუდი ბიჭი ხარ!

რამდენი ხანია, ჩემზე ლექსი არ დაგიწერია!

ჩემზე კი არა და, ჩემზე მდგომსაც არ დაგიწერია

ვინმე ან რამე სხვაზე ლექსი…”

ამას ჩემი ძველისძველი მეგობარი –

აივანი მეუბნებოდა.

და მივხვდი, რომ

დღის ბოლოსკენ ჩემდამი დაგროვილ

უთვალავ საყვედურს

ის კიდევ ერთს ტყუილად არ ამატებდა.

 

მოვისროლე სიგარეტი,

შემოვედი სახლში,

დავჯექი,

და დავწერე ეს სტრიქონები.

 

მერე ისევ გარეთ გავედი.

დიდი ხანი ველოდი, რას მეტყოდა იგი.

ველოდი, რომ მეტყოდა: “ბიჭო,

ადრე უფრო კარგ ლექსებს წერდი,

რა დაგემართა…”

 

ვიდექი და ველოდებოდი…

 

აივანი ჩუმად იყო, ძალიან ჩუმად.

 

მაგრამ უცებ ერთი მანქანა გაჩერდა, აღმუვლდა,

და სულ სხვა რამ მისაყვედურა…

 

ციმციმი

ადამიანები არჩევდნენ საქმეს.

პატრულის მანქანა ციმციმებდა.

 

ადამიანები არჩევდნენ

საქმეს.

პატრულის მანქანა

ციმციმებდა.

 

ადამიანები

არჩევდნენ

საქმეს.

პატრულის

მანქანა

ციმციმებდა.

 

ადამიანები ციმციმებდნენ.

პატრულის მანქანა კი არჩევდა საქმეს.

 

ადამიანები

ციმციმებდნენ.

პატრულის მანქანა კი

არჩევდა საქმეს.

 

ადამიანები

ციმციმებდნენ.

პატრულის

მანქანა კი

არჩევდა საქმეს.

 

ადამიანები

ციმციმებდნენ.

პატრულის

მანქანა კი

ციმციმებდა.

 

ადამიანებები ციმციმებდნენ.

პატრულის მანქანა კი

ციმციმებდა

და ციმციმებდა.

 

ადამიანებები

ციმციმებდნენ.

და მანქანაც

ციმციმებდა.

 

ადამიანებები ციმციმებდნენ.

და მანქანაც ციმციმებდა.

 

მე კი ვიდექი აივანზე

და ვციმციმებდი.

 

მე ვიდექი

აივანზე და

ვციმციმებდი.

 

მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი.

 

მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი.

 

ანუ:

 

ადამიანები ციმციმებდნენ.

მანქანა ციმციმებდა.

მე ვციმციმებდი.

 

ხოლო ზემოთ

ვარსკვლავები წვალობდნენ

რომ ეციმციმათ

 

ისე

როგორც

ჩვენ.

 

ჯოხი ცაში

ვიჯექი და ვუყურებდი –

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

გაკვირვებული ვუყურებდი,

მზერას ვძაბავდი.

არაფერი იცვლებოდა –

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

დილა იყო.

აივანზე ვიჯექი და,

როგორც წესი, ვეწეოდი.

ნაწვიმარზე, სიჩუმეში,

ჟივჟივებდნენ ჩიტები და –

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

რა უნდოდა ჯოხს ზეცაში,

ან ზემოდან რანაირად ჩამოდიოდა

ვერ ვხვდებოდი –

მზერას ვძაბავდი,

და ვძაბავდი გონებას, მაგრამ

არაფერი იცვლებოდა,

არც პასუხი მოდიოდა,

ჩიტები ფრენდნენ, ჭიკჭიკებდნენ,

მეზობლები ფუთფუთს იწყებდნენ,

ციდან კი ჯოხი კვლავ ჯიუტად ჩამოდიოდა.

 

„ფანქარი ცაში“ რომ დავწერე,

ალბათ ამიტომ მამასხარავებს

ახლა ღმერთი (თუ ეშმაკი)

უნდა რომ „ჯოხი ცაში“ დავწერო

და საბოლოოდ გადავგვარდე, როგორც პოეტი –

დავასკვენი.

გავედი, ფურცელი და კალამი ვიპოვე და

უკან დავბრუნდი.

მოვემზადე, ხელი შევუწყვე

საბოლოო გადაგვარებას.

 

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა –

დავწერე ერთხელ.

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა –

დავწერე კიდევ.

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა… –

აი, ფრაზა, რაც ადასტურებს

ჩემს საბოლოო შემოქმედებით გადაგვარებას.

 

ამასობაში ჯოხის სიგრძეც გაიზარდა.

ჩამოეშვა.

წამონაზარდიც გაუჩნდა: რგოლი.

მერე ფეხებიც.

ანუ ნისლი გაიფანტა.

 

და ვიჯექი მოწყენილი,

დათრგუნული,

ანძას ვუმზერდი მთაწმინდაზე.

ჩიტები ფრენდნენ,

მეზობლები ყაყანებდნენ,

პოეზიის ბოლო ნასახი –

ჯოხი ცაში –

უცებ მოკვდა.

 

მე გადავგვარდი?

თუ პოეზია გადაგვარდა?

თუ ერთდროულად გადავგვარდით?

თუ გადავრჩით?

თუ უბრალოდ ნისლი ჰაერში გაიფანტა? –

ვერაფერს მივხვდი.

 

იმას კი მივხვდი,

მაინც რა კარგი იყო, როცა

 

ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

 

ცალმხრივი მოძრაობა

ორმხრივი იყო მოძრაობა ჩემს ქუჩაზე ჩემს ბავშვობაში.
ზოგი “ჟიგული”
გმირთა მოედნიდან
ფილარმონიისკენ ამოუხვევდა.
ზოგი “ვოლგა” ჩაუხვევდა ფილარმონიიდან
ქვემოთ,
გმირთა მოედნისაკენ.

მოძრაობდნენ, გვამოძრავებდნენ:
აქედან – იქით, იქიდან – აქეთ…
ზემოდანაც დავყურებდი, აივნიდან,
ამ მისვლა-მოსვლას.

ახლაც დავყურებ…
დაუხატავთ შუაგზაზე ვექტორები
მხოლოდ ერთი მიმართულების.
ყველა მანქანამ ასე უნდა იმოძრაოს – გვეუბნებიან.

მანქანებიც უჯერებენ ახალ წესებს –
რახრახებენ მშვიდად, ტკბილად,
ახალი წესი სისხლში გაუჯდათ
(თუ ბენზინში).

ცალმხრივია მოძრაობა უკვე ახლა.
ცალმხრივია მოძრაობა ჩემს უბანში,
ჩემს ქალაქში,
ქვეყანაში,
დედამიწაზე…

მოწყენილი აივანზე ვდგავარ და ვფიქრობ:
რაც მეტია მოძრაობის საშუალება,
რატომ ჩნდება უფრო მეტი ვექტორი გზებზე?
მხოლოდ აქედან იქით, მხოლოდ იქიდან – აქეთ…

იმოძრავე, მაგრამ წესები დაიცავი აუცილებლად!
წესი კი ამბობს:
მოძრაობა ცალმხრივია,
მარჯვნიდან მარცხნივ ვერ ჩაუხვევ,
ან მარცხნიდან ვერ აუხვევ მარჯვნისაკენ –

რაც გინდა ქენი!
იყავი ბოლომდე თავისუფალი!
მაგრამ ცალმხრივ მოძრაობას
დაექვემდებარე
აუცილებლად!

© “არილი

Facebook Comments Box