პოეზია

შოთა იათაშვილი – სანტექნიკოსების სევდა და სხვ. ლექსები

shota iatashvili 929299

პოეზია და მწვანე კალბასები

სულ ეზოში იდგა.

მზერა ზემოთ გაურბოდა და

სახეზე ღიმილი უციმციმებდა.

იდგა და თითქოს თავის ანგელოზს ელაპარაკებოდა.

ელაპარაკებოდა გამვლელ-გამომვლელსაც.

ყელი მაღლა შემართული რჩებოდა,

მხოლოდ მზერას თუ დაუშვებდა ოდნავ დაბლა და

მეზობელს, ნაცნობს თუ უცნობს შეაგებებდა.

ოდნავ შენელებული ტემპით და თბილი ტემბრით

რაღაცას იტყოდა და

სახე კიდევ უფრო აუციმციმდებოდა.

იდგა სოსო ბაძაღუა ეზოში სულ და

მე ავუვლიდი, ჩავუვლიდი,

გამოველაპარაკებოდი და ვიზრდებოდი.

მერე ჩემი ბავშვებიც იზრდებოდნენ.

გადაუსვამდა მათ თავზე ხელს სოსო და

თავის ანგელოზს დააჯენდა კინკრიხოზე,

გააყოლებდა სკოლაში, ვერის ბაღში…

გადავიდა მერე ჩვენი სახლიდან –

უფრო სწორად, ჩვენი ეზოდან.

ეზოც უკვე აღარაფერს ჰგავდა –

გარაჟების საგიჟეთი იყო მხოლოდ და მხოლოდ.

რამდენიმე დღის წინ მეზობლის მამა გარდაიცვალა.

90 წლის.

იმაზე უფრო ლამაზად მოკვდა,

არტისტები რომ კვდებიან ხოლმე ხანდახან სცენაზე.

თავის ვენახში ვაზს სხლავდა და დაეცა,

განუტევა სული.

მოვიდა სოსო ბაძაღუა გასვენებაზე.

მოიყვანა თან თავისი ანგელოზი.

ვიდექით ბევრნი ეზოში.

მაგრამ მე მარტო სოსოს ვხედავდი და მის ანგელოზს,

რომელსაც ძველებურად უღიმოდა.

ისევ ადრინდელი დამიწყო:

სადაა შენი წიგნები,

რატომ არ მჩუქნიო.

რაც კალამს მოვკიდე ხელი

და ამის შესახებ შეიტყო,

სულ წიგნებს მთხოვდა.

ვაჩუქე კიდეც ერთი-ორჯერ,

მაგრამ არ აკმაყოფილებდა –

სადაა შენი ახალი წიგნი, რატომ არ მჩუქნიო,

ყოველდღე მეკითხებოდა ხოლმე.

წავედით დასაფლავებაზე, მერე ქელეხში ძველი მეზობლები –

მე, სოსო ბაძაღუა, გოგა ხუნწარია, თენგო მანუჩაროვი…

ერთადაც ვისხედით…

ერთად გამოვედით გარეთ.

სადაა შენი ახალი წიგნი, რატომ არ მჩუქნიო –

ისევ გამიჩმახა სახეზე მოციმციმე ღიმილით.

ცოტა ნასვამმა შევუბრუნე –

არ კითხულობ მაინც ამ ჩემს წიგნებს

და რად გინდა-მეთქი.

აი, თენგო, ვიცი, წაიკითხავს, იმას ვაჩუქებ

და თუ გინდა მერე გამოართვი-მეთქი.

უცინა სოსო ბაძაღუამ რამდენიმე წამი თავის ანგელოზს,

მერე შემომხედა და მითხრა:

ის შენი ძველი ლექსები კი ვიცი,

მწვანე კალბასებზე რომ წერდი,

ახლა რას წერ, ის მაინტერესებსო.

არასდროს დამიწერია თითქოს ლექსი მწვანე კალბასებზე,

მაგრამ უცებ მივხვდი,

იცოდა სოსომ ჩემი ლექსები

და ძალიან ზუსტადაც ხვდებოდა,

რაზე იყო.

რაღაც ეგეთზე – მწვანე კალბასების მსგავსზე.

და ახლაც ეგეთია.

ასეც ვუთხარი.

რომ არაფერი შეცვლილა.

რომ ახალ წიგნში ზღვის კომბოსტოს კონსერვებზეა ლექსი.

გზის პირას ვიდექით უკვე.

დავიშალეთ.

და წავიდა სოსო ბაძაღუა,

გაიყოლა თავისი მოციმციმე ღიმილი

და თავისი ანგელოზი.

და დამიტოვა განმარტება საკუთარი პოეზიის –

პოეზიის – მწვანე კალბასებზე.

სანტექნიკოსების სევდა

მე და საშა კორნილოვი
ქუთაისიდან გამოგზავნილ
საბარძიმე ღვინოსა ვსვამთ –
ქრისტეს სისხლი მის თავადურ სისხლს ერევა –
და შუქი მოდის.
უნიტაზი ამუშავდა,
გაიწმინდა გაჭედილი მილები და
შხაპიც შეკეთდა –
უხარიათ ბავშვებს.
საშას შვილი არა ჰყავს.
3 წლის წინ ცოლი მოუკვდა.
3 წლის წინ ცოლი მოუკვდა ტარიელსაც –
ჩემს მეორე სანტექნიკოსსაც.
ტარიელი (თხინვალელი) შინაურია,
საშა კი მაინც ჯერჯერობით უხერხულად ზის.
სიბინძურეებს რომ ებრძოდა,
აღარც ეტყობა.
ოდნავჭაღარაშეპარული, დავარცხნილი თმა,
შარვალ-კოსტუმი,
დახვეწილი სახის ნაკვთები…
გაირკვა, რომ ტოლები ვართ.
ტარიელზე ვუყვები –
საქმეს რომ მორჩება,
როგორ წამოყრის ბავშვებს კომპიუტერიდან
და ფსონებს დებს,
და როგორც წესი, იგებს ხოლმე.
თქვენს სახლში მუდამ მიმართლებსო, – ამბობს,
მე კი ვეხუმრები, მოგების წილს ვთხოვ.
მე და საშა კორნილოვი
კოტე კიკნაძის გამოგზავნილ
საბარძიმე ღვინოს ვსვამთ და
ზარმაცებზე ვლაპარაკობთ.
ყველაზე უფრო ზარმაცებს უჭირთ –
მეუბნება საშა, ჩუმდება, მერე ამატებს –
და იციან, რის გამოც უჭირთ…
შეგვიანდა. დროა გაუყვეს სახლისკენ გზას –
მარტო ცხოვრობს ვაზისუბანში.
მარტო ცხოვრობს ტარიელიც:
„Ах, как не охота уйти!“ –
რუსულ ფრაზას ურთავს საშა.
ვაჩერებ და დოქი გამაქვს,
ისევ ვავსებ.
არ უნდა საშას თავის სევდასთან მარტო დარჩენა.
არ უნდა ტარიელს თავის სევდასთან მარტო დარჩენა.
სანტექნიკოსის სევდა მაინც სხვანაირია –
სუფთა და მძიმე.

ანტისამოტივაციო წერილი
ხიდის მოაჯირზე რომ შევდგები მდინარე დაშრება
ღრმად რომ შევცურავ ზღვაში წყალი გაიპობა
კარნიზზე რომ დავეკიდები თოკი გაწყდება
წამალს რომ ჩავიყრი პირში დარიშხანი გატკბილდება
გაზქურაში თავს რომ შევყოფ „გაზპრომი“ გაზს გათიშავს
სახურავიდან რომ გადმოვხტები ზურგსუკან მოულოდნელად პარაშუტი გაიშლება
საფეთქელზე პისტოლეტს რომ მივიდებ ტყვია გაიჭედება
ვენების გადაჭრას რომ დავიწყებ სამართებელი დაბლაგვდება
ხოლო რელსებზე რომ დავწვები
მეისრე მატარებელს სხვა ლიანდაგზე გადაიყვანს

აი ასეთი უიღბლო ვარ
ამიტომ მიმიღეთ სამსახურში
ბატონო დირექტორო

მილიარდერი მესაფლავე

62 წლის ბრაზილიელმა მილიარდერმა გადაწყვიტა საყვარელი ნივთები საიქიოში გაიყოლოს.  მან საკუთარი „ბენტლი“ თავისი სახლის უკანა ეზოში ჩამარხა, სადაც სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ აპირებს დამკვიდრებას.

ჩემი სახლის წინ დიდი ხანი მე საფლავს ვთხრიდი,
კოსტუმი მეცვა საკუბოე, მზე დამნათოდა.
ფაფუკ ხელისგულს მიტყავებდა ხის ტარი ნიჩბის,
ვიტანჯებოდი, და ეგონათ, რომ ეს მართობდა.

მწვანე კოინდარს, მოხასხასეს, კოხტად გაკრეჭილს,
ვებრძოდი ისე გაშმაგებით, საიდან გაჩნდა –
ვერც კი ვხვდებოდი – უცებ ჩემში ასეთი ღონე.
თეთრ მანჟეტებს კი უკვე სისხლის ლაქები აჩნდა.

თეთრი პერანგი ოფლისაგან იწურებოდა,
მდიოდა ხვითქი, ვქოშინებდი, შემეძლო ხელი
დამექნია და მყის შემცვლიდნენ ჩემი მუშები,
მაგრამ ვიღაცა ჩამძახოდა, ეგ შენი მხრწნელი

სხეული მალე ამ კოინდრის ქვემოთ რომ ჩავა,
რას იზამ მერე, რომ დარჩები იმის გარეშე,
რასთან ერთადაც იცხოვრე და ისიამოვნე!
ეგ შენი “ბენტლი” თუ იდგება ისევ გარაჟში,

ხომ გაგიჟდები მარტოსული, რომ ვეღარ იგრძნობ
ტყავის სავარძელს ტრაკქვეშ, ხოლო ხელებში – საჭეს!
ამიტომ ვთხრიდი, წითელ ბელტებს ვჭრიდი, ვისროდი,
დაბლა და დაბლა ჩავდიოდი, ჭიების საჭმელს

ვემსგავსებოდი, კოსტუმიც ხომ ასეთი მეცვა –
საკუბოე – და ჩემი “ბენტლიც” შავკოსტუმიან
მამაკაცს ჰგავდა, თავმომწონეს, ყველაფრის შემძლეს,
სასახლეებში მცხოვრებსა და მუდამ სტუმრიანს.

კაცის საფლავი ორ მეტრაზე უნდა გაიჭრას,
ეგეც რთულია, მაგრამ როცა მანქანის საფლავს
ჭრი, მაშინ ხვდები, რა მძიმეა მდიდრის ცხოვრება,
რამდენი ტანჯვა-წამება და სიმუხთლე ახლავს.

ექსკავატორი ბოლოს მაინც დავიხმარიე,
ასეთ მასშტაბებს შემართება ჩემი არ ეყო.
მერე დავდექი გულმომკვდარი, დამწუხრებული,
და დაველოდე, რომ ჩემს “ბენტლის” ცხვირი ჩაეყო

ამ გრძელ საფლავში, და ნელ-ნელა, სრიალ-სრიალით
ჩაშვებულიყო ჩემზე ცოტა ადრე იქ, სადაც
მექაჩებიან ბრმა ძალები ასეთ უძლეველს,
და ჩამძახიან, გაგივაო შენც მალე ვადა.

მიწას აყრიდნენ, გრუხუნებდა მისი კაპოტი
და საბარგული. მე ვტიროდი, თეთრ ცხვირსახოცზე
ვაშრობდი ცრემლებს და ვფიქრობდი, რატოა, ღმერთო,
ამდენი კარგი კაცი, ნივთი – ამოსახოცი.

მე ჩემი “ბენტლი” გავისტუმრე ახალ გარაჟში
საიქიოსი, იქ დამხვდება, დამიპიპინებს,
გაგვეხარდება ერთმანეთის ისევ დანახვა,
გაგვეხარდება, რომ კვლავ ვბზინავთ და კვლავ ვსლიპინებთ.

© არილი

Facebook Comments Box