Uncategorized

ჩარლზ სიმიკი – ლექსები

simic-c11

იღრუბლება

თითქოს ასეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდით.

ველური მარწყვი და ნაღები დილით.

მზე ყველა ოთახში.

მე და შენ შიშვლები ვსეირნობთ ნაპირზე.

მაგრამ მაინც, საღამოობით,

გვიპყრობს შფოთვა მომავლის გამო.

როგორც გადამწვარი თეატრის არტისტებს.

ჩიტები დაგვტრიალებენ თავზე,

ბნელი ფიჭვები საეჭვოდ სდუმან.

ქვაფენილი. და ყოველი ქვის კუთხეში

მზის სისხლი ჟონავს, როცა ვაბიჯებთ.

ვბრუნდებოდით ტერასაზე, ღვინოს ვწრუპავდით.

საიდან მოდის ეს სურნელი კარსმომდგარი უბედურების?

თითქმის ადამიანური ფორმის ღრუბლები

გროვდებიან ჰორიზონტზე, სხვა ყველაფერი

კარგადაა. სიმშვიდეა ზღვაშიც, ჰაერშიც.

შემდეგ ღამეა, უვარსკვლავო ღამეა ირგვლივ.

შენ სანთელს ანთებ და შიშველი შემოდიხარ

საძინებელში, და სასწრაფოდ აქრობ სანთელს.

საეჭვოდ სდუმან ბალახები, ბნელი ფიჭვები.

მკითხველს

ნუთუ არ გესმის,

როგორ მაშინებს

შენს კედელზე თავის რახუნი?

ეჭვი არაა, კარგად გესმის,

მაგრამ რატომ,

რატომ არ მპასუხობ?

შენც ურახუნე ერთხელ თავი

შენი მხრიდან საერთო კედელს,

ერთხელ მაინც შემომიერთდი.

საფრთხობელა

ღმერთი არ არსებობს. რაც შეეხება ეშმაკს, ჯერ არ ვიცით.

რა კარგი გემო აქვს წლევანდელ პომიდორს!

ჩაკბიჩე, მართა, მწიფე ვაშლივით.

მარილის მოყრა არ დაგავიწყდეს.

და თუ წვენი ნიკაპისკენ ჩაგეღვარა,

ნიკაპიდან ძუძუებში,

ხელსაბანისკენ უნდა გაიქცე.

იქიდანაც ჩანს შენი ქმარი.

ის დგას და ეფლობა მოწეულ ყანაში

მის მიერვე მოგონილი, საშიში ეჭვის წინ,

ხელებგაფარჩხული, როგორც საფრთხობელა.

ქუჩაში

ქუჩაში ჩია უსინათლო

მკერდზე მიბნეული მუყაოს პლაკატით.

ბიჭი ზედმეტად პატარაა,

რათა მარტომ იმათხოვროს,

მაგრამ მაინც ატუზულა

გაწვდილი ხელით.

უცნაური საუკუნეა –

უდანაშაულო ხალხის მკვლელობები,

გაფრენა მთვარეზე

და ესეც, ბიჭუნა,

რომელიც მიცდის უცხო ქალაქში,

სადაც გზა ამებნა.

როგორც კი ჩემი ნაბიჯის ხმა გაიგონა,

პირიდან გამოიღო რეზინის თოჯინა.

თითქოს უნდოდა, რაღაც ეთქვა,

მაგრამ ვერ მითხრა.

თოჯინის თავი,

ნაღეჭი და დანერწყვილი,

ასწია და გააქნია, რომ დამანახოს.

თვალწინ მიდგას ორი მომცრო,

დამცინავი, ნაღეჭი სახე,

მაგრამ რომელი რომლის იყო, ვეღარ ვიხსენებ.

შიში

შიში გადადის კაციდან კაცში

უნებლიეთ,

როგორც ფოთოლი გადასცემს რხევას

მეორე ფოთოლს.

და აი, უცებ მთელი ხე ცახცახებს.

მაგრამ ქარი? – რა შუაშია ქარი!

მოხუცი წყვილი

მათ ეჩვენებათ, რომ მოკლავენ.

ან გაასახლებენ. მათი ვარაუდით,

მალე არაფერი ექნებათ საჭმელი.

როგორც ვიცი, არასოდეს გადიან გარეთ.

მოვა გაუსაძლისი ტკივილი, ფიქრობენ ისინი,

რომელიც დაიწყება თავის არეში

და ჩაუყვება სხეულს ქვემოთ –

ნაწლავებისკენ.

საკაცეებით გაგვიტანენ აღმუვლებულებს, ფიქრობენ ისინი,

და მეხუთე სართულის ფანჯრიდან

დაჰყურებენ ცარიელ ქუჩას,

სადაც თოვა წვიმაში გადადის.

მე ვუყურებ: კაცი დგება, ფარდას აფარებს.

სიბნელეა მათ ფანჯარაში.

ვგრძნობ: კაცის ხელი შეეხო ქალისას,

როცა ქალმა დააპირა შუქის ანთება.

საყასბო

ზოგჯერ, ღამით, სეირნობისას,

მე ვჩერდები საყასბოს ფანჯრებთან.

ერთი ნათურა ბჟუტავს ფარდულში,

როგორც პატიმრის გამოთხრილი გვირაბის ბოლოს –

სინათლე.

წინსაფარი ჰკიდია კავზე.

ლაქები მასზე – თითქოს რუკაა

სისხლიანი კონტინენტების.

სისხლის ზღვები, მდინარეები.

დანები ბრწყინავენ,

როგორც ტაძარში საკურთხეველი,

სადაც მიჰყავთ ხეიბრები და შეშლილები

განსაკურნებლად.

და კუნძი, სადაც ძვლებს ჩეხავენ.

ცულისპირის ნაჭდევები: კალაპოტები

სისხლის ჩამშრალი მდინარეების.

მათში ვცხოვრობ და ვიკვებები.

მათში მძინავს და ჩამესმის ხმები.

დეკემბერი

თოვს

და ჯერ კიდევ დაძრწიან საბრალო

ადამიანი-სენდვიჩები

ორი პლაკატით ზურგზე და მკერდზე:

ერთი გამაცნობს

სამყაროს აღსასრულს,

ხოლო მეორე –

ფასდაკლებას მიმდებარე სადალაქოში.

ყრუ კედლების ამგები

ბავშვობაშიც ეს გინდოდა, უხილავობა.

როცა ვახშმის დრო მოდიოდა,

გარბოდი და საწოლის ქვეშ იმალებოდი.

აბა, გიპოვონ!

და სკოლაშიც საშლელები უფრო გიყვარდა,

ვიდრე ფანქრები.

შენთვის ბევრად მეტს ნიშნავდა ცარიელი, ბნელი ოთახი,

ვიდრე, მაგალითად, კინოში წაყვანა.

პირველი გოგო შებინდებულ პარკში გელოდა,

შენ კი იჯექი სამზარეულოში

და საკუთარ სახეებს ჭრიდი

საოჯახო ფოტოებიდან.

ახლა შენ თავს ბავშვობინდელ სახეს უბრუნებ,

იმ ბიჭის სახეს, ვინც თოვაში, საღამოობით,

მშობლების სახლში ბრუნდებოდა…

როცა შენი თმა და წარბები

თეთრი იყო; ამაზე თეთრი.

ჩაწვდი შენს იღბალს

სამყარო ქრება.

პატარა ქუჩავ,

შენ იყავი ზედმეტად ვიწრო.

განსაკუთრებით, როცა შებინდდა.

შენ გყავდა მხოლოდ ერთი ძაღლი

და ერთიც ბავშვი, ისიც უსახლკარო.

შენ მალავდი მთავარსა და ერთადერთ სარკეს

და შენს შიშველ შეყვარებულებს.

ბოლოს ისინიც წაიყვანეს,

მანქანის ღია საბარგულზე შეყრილები,

შიშვლები, ამხედრებულები

საწოლზე და ერთმანეთზე,

და გაიტაცეს უდაბნოში

რომელიღაც კანზასისკენ ან ნებრასკასკენ,

არადა უკვე წვიმდებოდა,

ქალი შლიდა წითელ ქოლგას

საბარგულზე. ბავშვი და ძაღლი

მათ მისდევდნენ, როგორც მამალს,

ეს-ესაა თავწაწყვეტილს

და აფრენილს, და უარაფროს.

ზამთრის ღამე

ტაძარი, ანუ აისბერგი.

ეს ქარია. შესაძლოა, ის დღეს უბერავს

გალაქტიკური ხეხილის ბაღიდან.

კოპერნიკული ძვლები-თესლები.

ურჩხული, შექმნილი

ექიმ ფრანკენშტეინის მიერ,

თითქოს მიცურავდა ახალი მიწისკენ,

სინამდვილეში – რომელიღაც ნიუ-ჰემპშირისკენ.

სინამდვილეში, უბრალო ლოთია,

ფანჯარას რომ უკაკუნებს სათოვლე ნიჩაბს,

შემოსვლა უნდა, და გათბობა.

აისბერგი, ამბობს წიგნი, ყინულის დიდი ნამტვრევია,

რომელიც მოწყდა საკუთარ თავს

და საკუთარ თავში გაცურდა.

ალბომი

მამაჩემმა დაუსწრებლად შეისწავლა თეოლოგია.

საგამოცდო საკითხავებს ფოსტით იღებდა.

დედა ქსოვდა. მე კი დავყურებდი

ილუსტრირებულ ალბომს. ბინდდებოდა.

ჩემი თითები, რომლებიც მკვდარი მეფეების

და დედოფლების სახეებზე დაცოცავდნენ,

იქცნენ ყინულის ლოლუებად.

ისევ ბინდდებოდა.

ზემოთ, საძინებელში, ჭერქვეშ

ირწეოდა ობობა. რატომ?

დედაჩემის ყაისნაღები

იკვეთებოდნენ ჯვარედინად, და წამიერად.

ორი შავი ყაისნაღი. მეჩვენებოდა,

მსგავსი ლითონით, გადამდნარით,

ივსებოდა ჩემი ხოხრხი.

და ესეც წამით.

გადაფურცლული გვერდები კი

ტკაცუნობდნენ, როგორც ფრთები.

“სული” – მას ერთხელ წამოცდა – “ჩიტია”.

ჩემს წიგნში კი, რახანია, ბრძოლა მძვინვარებს:

ხმლების და შუბების უფოთლო ტყეები

შუაზამთარში; ხოლო გული,

განგმირული, სისხლისგან იცლება

მათ არარსებულ ტოტებში.

ბინდდება.

ცრის

განთიადის ბნელი წვიმა.

წვეთები, რომლებიც უნდა წკარუნობდნენ

საპატიმროს სახურავზე

ან სკოლის ეზოში.

მაგრამ წვიმაში, მათ ნაცვლად, სველდება

დედაჩემი

ბებერი ძაღლით.

ის ისე ნელა დაფლატუნობს

მამაჩემის საშინაო ფეხსაცმელებით.

მის გვერდით ძაღლიც სულ კანკალებს

და დგომას წოლა ურჩევნია.

კუთხეში ვდგავარ,

თავგადახოტრილი.

ფიქრები დახტიან, როგორც ბეღურები,

რომლებიც წვიმას არ ელოდნენ.

მივჩერებივარ მათ და ვღელავ.

ალბათ ესეც მაგიური რიტუალია,

თაროზე შემოდებული ფილმი:

როგორ მიდის ფანჯარასთან,

და ორიოდ საათის შემდეგ

აწყობს ვახშამს –

ცარიელი თეფში და კოვზი.

შემდეგ გადის ოთახიდან,

რათა დღემ შეძლოს აორთქლება

და, სწორედ ამის მომლოდინე, დაეშვას ღამე

ცარიელ თეფშში,

ცარიელ ოთახში,

ცარიელ სახლში,

მოასწროს,

ვიდრე

წვიმა კარზეც მოგვიკაკუნებს.

 

ნაწილობრივი განმარტება

თითქოს დიდი დრო გავიდა,

რაც მიმტანმა მიიღო შეკვეთა.

პატარა, ბნელი სასადილო,

ფანჯრიდან – თოვა.

თითქოს შებინდდა,

რაც ბოლოჯერ გავიგონე

სამზარეულოს კარის ჭრიალი,

რაც ფანჯრიდან ბოლო გამვლელს

მოვკარი თვალი.

წყლით სავსე ჭიქა ყინულებით

ისევ რჩება მაგიდაზე,

რომელიც თვალით შევარჩიე

შემოსვლისთანავე.

მაგრამ საიდან ეს სურვილი,

მოუთოკავი, მზარდი სურვილი –

მივაყურადო

მზარეულების

ლაქლაქს.

მეოთხე წლისთავზე

ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ მოვიდა ჰერმესი.

არაფერი უჩვეულო.

ფოსტალიონის დაძენძილი მოსასხამი,

თაგვებით სავსე ჯიბეები

და ტყვიებით დახვრეტილი ქუდის ფარფლები.

განთქმული არგანი,

რომლითაც თვალებს უხუჭავდა მიცვალებულებს,

ისევ ხელთ ეპყრა, მაგრამ ბევრგან ემჩნეოდა ნაკბილარები.

ნუთუ ასე მკვდრებმა დაღრღნეს?

ეს ნაკლებად გვაინტერესებს.

მთავარია, მას არ ჰქონდა წერილი ჩვენთვის.

”ქურდების ღმერთო” – მივაძახეთ,

ოღონდ – როცა შორს იყო და აღარ ესმოდა.

ჩანგალი

ეს უცნაური ნივთი, როგორც ჩანს,

ჯოჯოხეთიდან შემოგვაპარეს.

ფრინველის კლანჭი – აი, რას ჰგავს,

კანიბალის ყელში ჩასობილს.

როცა შენ ის ხელში გიჭირავს,

როცა მას ასობ ხორცის ნაჭერს,

ადვილია დანარჩენის წარმოდგენა – ფრინველის სხეული

და თავი, ბუმბულგაცვენილი, შენი მუშტივით:

დიდი, უნისკარტო, ბრმა.

ჩურჩულით

ჩემი მეზობელი, საავადმყოფოს დალაქი,

პარსავს პარალიზებულებს,

პარსავს მომაკვდავებს,

პარსავს საწოლზე მიბმულ გიჟებს.

ბებერი, ფეხათრეული ქვრივი.

სახლში ელიან ჭიანჭველები.

სახლში ელის ლობიოს კონსერვი,

რომელსაც ჭამს ჩაის კოვზით, გაუცხელებელს.

ის ჩურჩულებს: სად წავიდნენ ჩემი წლები?

ღმერთო ჩემო, მე ვიდექი, მე ვიხრებოდი,

და ხელი, სამართებლიანი, ამიკანკალდა.

პირველად და უკანასკნელად.

სასტუმრო “სამოთხე”

მილიონები მოკვდნენ; არცერთი იყო დამნაშავე.

მე დავრჩი ნომერში. პრეზიდენტი

ლაპარაკობდა ომზე, როგორც სამიჯნურო ელექსირზე.

თვალები, გაფართოებული გაოგნებისგან.

ჩემი სახის ანარეკლი სარკეში ჰგავდა

ორგზის გაქვითულ საფოსტო მარკას.

მე კარგად ვცხოვრობდი, მაგრამ ცხოვრება იყო საზარელი.

იმ დღეს იმდენი ჯარისკაცი ირეოდა,

იმდენი ლტოლვილი მოაწყდა ქუჩას.

ბუნებრივია, ყველანი გაქრნენ.

და გაქრნენ ხელის ერთი მოსმით.

ისტორიამ მოილოკა სისხლიანი ბაგეები.

ფასიან არხზე ქალი და კაცი

ნერვიულად კოცნიდა ერთმანეთს,

ნერვიულად აშიშვლებდა ერთმანეთს; მე კი

ხმა გავუთიშე ტელევიზორს, შუქი ჩავაქრე

და მივაჩერდი სიბნელეში მოციმციმე ტელეეკრანს,

რომელიც იყო ძალიან წითელი, ზედმეტად წითელი.

მოტაცებული

მე ბოშებმა მომიტაცეს.

შემდეგ მშობლებმა მომიტაცეს ბოშებისგან

და შინ დამაბრუნეს.

შემდეგ ბოშებმა ისევ მომიტაცეს.

ასე გრძელდებოდა.

საღამოს ვწოვდი ბოშა-დედის ყავისფერ ძუძუს,

დილით კი ვჭამდი ვერცხლის კოვზით

გრძელ მაგიდასთან სასტუმრო ოთახში.

ძლივს მოვიდაგაზაფხულის პირველი დღე.

ერთი მამა ღიღინებდა აბაზანაში,

ხოლო მეორე ბეღურებს ღებავდა

და გალიაში მრავლდებოდნენ თუთიყუშები.

უსათაურო ლექსი

მე ვეკითხები ტყვიას:

რატომ დართე შენ თავს ნება,

ქცეულიყავი გილზად?

ნუთუ დაგავიწყდა ალქიმიკოსები?

ნუთუ დაკარგე იმედი,

ქცეულიყავი ოქროდ?

არავინ მპასუხობს.

ტყვია. გილზი. მსგავსი სახელებით

ძილი არის და უნდა იყოს

ხანგრძლივი,

ღრმა.

გათვლა

ყველაფრის გათვლა შესაძლებელია.

ყველაფერი უკვე გათვლილია.

რაც უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს.

ეს ეხება ამ მოხარშულ კარტოფილსაც.

ჩანგალსაც.

პურსაც.

და ამ აზრსაც,

ბოლოს და ბოლოს…

ბებიაჩემმა,

რომელიც სახლის წინ

ყოველდღიურად ხვეტდა ტროტუარს,

ეს იცოდა.

არავითარი ღმერთი არ არსებობს,

არსებობს მხოლოდ თვალი,

რომელიც ყველგან ყველაფერს ხედავს.

რომ არა ტელევიზორები,

რომლებმაც შთანთქეს მეზობლები,

მას დაწვავდნენ, როგორც ალქაჯს.

ანუ – როგორც იყო გათვლილი.

მტრედები განთიადისას

რამდენი ძალისხმევა დაჭირდა

ჩვენგან ამ ყველაფრის დამალვას, ძმობილო.

ზოგიერთებს დილამდე ღვიძავთ

და საკუთარ სულს ეძებენ,

სხვები ერთმანეთს აშიშვლებენ ბნელ სარდაფებში.

ხოლო ძველი, ჭრიალა ლიფტი

მხოლოდ იმიტომ ჩაგვიყვანს სარდაფში,

რათა დავინახოთ ცოცხი და ვედრო,

რათა სიმწრით ამოვიოხროთ

და ზემოთ ავეშვათ.

განთიადის ცეცხლოვანი ცის განაპირას

ქალაქი ჩუმად შიშვლდება ჩვენ წინ.

ყველაფერი რაღაცას ელის:

სახურავები, საწვიმარები,

ღრუბლები და თეთრი კვამლები.

უნდა ვიყოთ მომთმენები, ვუთხარით ჩვენ თავს,

ვიდრე წამოიშლებიან რუხი მტრედები

გოგოსკენ, რომელიც მივა ფანჯარასთან

და ანგელოზების ულუფას გაუწვდის

თვითონ თითქმის უხილავი –

თუ არ ჩავთვლით კლანჭივით ხელს.

იმის წინააღმდეგ, რაც გეპარება, სულერთია, რაც გინდა იყოს

იზარმაცო – ყველაფერს ჯობია.

განსაკუთრებით – ხუთშაბათობით.

ღვინის გადასხმისას უყურო სხივს:

როგორ ბერდება და ყვითლდება,

და ფუვდება, როგორც ფერფლი,

როგორ ყოყმანობს და შეშდება

ღამის ზღურბლთან,

და, შესაძლოა, ასეც დარჩეს

პირველ ყინვამდე.

ამ დროს კარგია,

თუ შენს გვერდით არის ქალი.

უკეთესია – თუკი ორი.

დაე, იჩურჩულონ

და სულელურად გაგიღიმონ.

აიკაპიწონ სახელოები

და შეიხსნან ზედა ღილები.

ასეთი კარგი შებინდება

ამას ნამდვილად იმსახურებს.

და ბიჭი, მოწაფე,

სახლში გვიან მობრუნებული,

როცა ოთახში თითქმის ბნელა,

გაფართოებული თვალებით უყურებს

უფროსებს, რომლებიც ცაზე მაღლა სწევენ სასმისებს,

მწითურ ქალბატონს, თავბრუ რომ ეხვევა,

რომელსაც თვალები ისე დაუხუჭავს,

თითქოს ტირილს აპირებდეს,

ანდა სიმღერას.

სიყვარულის გვირაბი

ახალი ატრაქციონი

ჩვენი ქალაქის ლუნაპარკში.

ორკესტრი მარშირებს.

მაღალფეხება ქალი დოლით.

კენჭი ფეხსაცმელში.

ბეღურები სადენებზე.

სასტუმრო “დიდი საიდუმლო”.

ნოტებაშლილი პიანინო.

სიკვდილი – მოწესრიგებული ოფიციანტი.

ლინჩის მომხრენი ან რიგითი უსაქმურები.

ბოშაქალის უსარგებლო, ბრძნული რჩევები.

მთვარე ცარიელ ავტოსადგომზე.

დაკარგული ხელთათმანი

ქალის შავი ხელთათმანი.

ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს.

ჩაფიქრებულ უცხოს თუ დარჩა

წითელ საფოსტო ყუთზე, კუთხეში.

ცა სამი დღე იქუფრებოდა.

დღეს რამდენიმე ფიფქი დაეცა

შავ ხელთათმანზე, რომელიც ვიღაცამ

ამოატრიალა, და სათითურები

დარჩა მოხრილი,

ოღონდ ოდნავ, არა მუშტივით!

ვიცდიდი და ღამდებოდა.

რაღაც ჩამძახოდა, დავრჩენილიყავი

აქ, სადაც ცეცხლი ამოიჭრა ურნებიდან

და მიუსაფარი ძილი გააღვივა.

სიზმრების სამეფო

სიზმრების წიგნის პირველ გვერდზე –

მარადიული საღამო

ოკუპირებულ ქვეყანაში.

კომენდანტის საათის ლოდინი.

პროვინციული პატარა ქალაქი.

შენობების დაბზარული ფასადები.

ბნელი ფანჯრები.

არ უნდა ვიდგე იმ კუთხეში,

სადაც ვდგავარ.

მარტოსული, სანახევროდ შიშველი, მივდივარ

შავი ძაღლის მოსაძებნად,

რომელიც მპასუხობს, როდესაც ვუსტვენ.

ხელში მიჭირავს საკარნავალო,

მახინჯი ნიღაბი.

მინდა სახეზე ავიფარო,

მაგრამ მეშინია.

თარგმნა ზვიად რატიანმა

© “არილი

Facebook Comments Box