სერიაში „მსოფლიო კლასიკა“ გამოიცა ანდრეი პლატონოვის ორი წიგნი – „ჩევენგური“ და „რჩეული მოთხრობები“, გივი კიკილაშვილის თარგმანით.
მწერალი, ფილოსოფოსი, დრამატურგი და პოეტი ანდრეი პლატონოვი 1899 წელს დაიბადა. პლატონოვს შემოქმედებითად ყველაზე აქტიური პერიოდი 1918-21 წლებში ჰქონდა, როცა ათობით ლექსი, რამდენიმე მოთხრობა და ასობით სტატია და ესე დაწერა. ამ დროს აიღო სამწერლო ფსევდონიმად პლატონოვი (მისი ნამდვილი სახელი ანდრეი პლატონოვიჩ კლიმენტოვია).
იგი წერდა ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურული ცხოვრების, მეცნიერების, ფილოსოფიის, რელიგიის, პოლიტიკის, სამოქალაქო ომის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, ტექნოლოგიების შესახებ. პერიოდიკაში ძალიან ხშირად ჩნდებოდა მისი ტექსტები, რომლებშიც ამ საკითხებს განიხილავდა.
პლატონოვის ლიტერატურული ნიჭი უფრო ხილვადი და აშკარა რუსეთის სამოქალაქო ომისას გახდა, როცა გაზეთში მუშაობდა კორესპონდენტად. 1921 წელს მან პირველი წიგნი გამოსცა, შემდეგ, 1922 წელს – ლექსების კრებული, რომელსაც კრიტიკოსებისგან კარგი შეფასებები მოჰყვა.
თუმცა მისი ყველაზე წინააღმდეგობრივი და მნიშვნელოვანი ტექსტები 1927-1930 წლებშია დაწერილი („ჩევენგური“, „ქვაბული“ და სხვა მოთხრობები). იქ ღიად გამოხატავდა თავის სკეპტიციზმს კოლექტივიზაციისა და სტალინის პოლიტიკის შესახებ.
ანდრეი პლატონოვი სიღარიბეში გარდაიცვალა 1951 წელს. პლატონოვის ნაწარმოებების დიდი ნაწილი მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, ავტორის სკეპტიკური შეხედულებებისა და ასევე ნაწარმოებების ექსპერიმენტული ფორმის გამო. წარმატება და აღიარება მოგვიანებით მოვიდა, სიკვდილის შემდეგ. ამიტომაც აღნიშნავდნენ კრიტიკოსები, რომ მკითხველებს პლატონოვი სიცოცხლეში გამორჩათ.
„ჩევენგური“, რომლის თარგმანის წაკითხვაც მკითხველებს უკვე შეუძლიათ, 1928 წელს დაიწერა და ხშირად მიიჩნევენ ავტორის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად. მიუხედავად იმისა, რომ „ჩევენგურის“ ფრაგმენტები ერთ-ერთ საბჭოთა ჟურნალში ქვეყნდებოდა, რომანი 1988 წლამდე საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. „ჩევენგურის“ სრული ტექსტი პირველად Ardis Publishing-მა დაბეჭდა 1972 წელს, ინგლისურად კი 1978 წელს ითარგმნა.
პიერ პაოლო პაზოლინი წერდა: „როგორ მინდა, პლატონოვს ვგავდე, შერისხვის, სიღატაკისა და უბედურებათა უფსკრულის პირას მდგომიც რომ წერდა, აყრილი ჰქონდა შემოქმედებისა და არსებობის უფლება და მაინც წერდა“.
იოსიფ ბროდსკის სიტყვებით კი, „იგი ამ უტოპიის ენაზე წერდა, თავისი ეპოქის ენაზე; და ყოფიერების არცერთი ფორმა არ ახდენს ცნობიერების დეტერმინირებას ისე, როგორც ენა. მაგრამ თანამედროვეთაგან განსხვავებით – ბაბელი, პილნიაკი, ოლეშა, ზამიატინი, ბულგაკოვი, ზოშჩენკო, რომლებიც მეტ-ნაკლებად სტილისტური გურმანობით იყვნენ დაკავებული, ანუ ყოველი მათგანი ენას თავისი წესებით ეთამაშებოდა (ეს კი, ბოლოს და ბოლოს, ესკაპიზმის ერთგვარი ფორმაა) – პლატონოვმა თავი დაუმორჩილა ეპოქის ენას, ერთხელ ჩაიხედა მასში და ისეთი სიღრმეები დაინახა, რომ აღარ შეეძლო ლიტერატურის ზედაპირზე ელივლივა, ეხლართა სიუჟეტი ან გატაცებულიყო ტიპოგრაფიული ძიებებითა და სტილისტური მაქმანებით.“
პლატონოვის ტექსტების ცენტრალური საკითხები ადამიანის ბუნებასა და სამყაროში მის ადგილას უკავშირდება. იგი ცდილობს, ასახოს ადამიანების არსებობა რთულ სიტუაციებში და აღწერს, როგორ უმკლავდებიან ან ვერ უმკლავდებიან ისინი სამყაროს წნეხს. მისი ისტორიები ფოკუსირებულია კონკრეტული ინდივიდების ადგილსა და როლზე საბჭოთა სოციალურ ექსპერიმენტებში. ასე ახერხებს იგი თავისი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თუ ეთიკური პრობლემების მოხელთებას. მისი ცხოვრება და ტექსტები მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი სოციალისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან და გვიჩვენებს ურთიერთობებს საზოგადოებასა და მის წევრებს შორის საბჭოთა პერიოდის რუსეთში. აღსანიშნავია, რომ პლატონოვი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც კოლექტივიზაციის გეგმის არაჰუმანურობა გააკრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ სჯეროდა, სოციალისტური სისტემა დაიცავდა სამყარო ფაშისტური მმართველობისგან (1920-იან წლებში იგი კომუნისტური პარტიის წევრიც კი იყო, თუმცა „არასტაბილური შეხედულებების“ გამო პარტიიდან გარიცხეს).
მეორე წიგნი, რომელიც ითარგმნა და გამოიცა, „რჩეული მოთხრობებია“ და მოიცავს მოთხრობებს: ქვაბული, ჯანი, ეპიფანის რაბები, დაბრუნება, მშვენიერ და ულმობელ წუთისოფელში, აფროდიტა, მარკუნი, დაეჭვებული მაკარი, ბინდით მოცული ყრმობის გარიჟრაჟზე, სემიონი, ძროხა, ფრო.
მისი მოთხრობების შესახებ სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემა წერდა. მაგალითად, როგორც New Statesman აფასებს, პლატონოვის ტექსტების უმრავლესობაში მოქმედების დრო და ადგილი განსაზღვრულია და ძნელია, გაიხსენო სხვა მწერალი, რომელმაც ასე ზუსტად შეძლო საბჭოთა პერიოდის სევდისა და უსიამოვნების გაცოცხლება. The Irish Times-მა მის „ქვაბულს“ უწოდა ისტერიკული სიცილისა და დამზაფვრელი სიჩუმის ჰალუცინაციური და კოშმარული იგავი. The Independent კი წერდა, რომ პლატონოვი ყველაზე გასაოცარი რუსი მწერალია, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მკითხველებმა ხელახლა აღმოაჩინეს.
© არილი