სტატიაში გამოყენებულია ფოტოები წალენჯიხის ფესტივალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
17-19 ივნისს წალენჯიხაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართა.
ფესტივალი, თავისი შინაარსითა და მასშტაბურობით, გასცდა ლიტერატურის საზღვრებს და მთელი კულტურის სფერო მოიცვა. დატვირთულ პროგრამაში შედიოდა ლექციები, დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, პოეტურ-მუსიკალურ პერფორმანსები და კინო ჩვენებები, ძირითადად, „ომისა და მშვიდობის“ თემებზე.
„წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი დიდი და კარგი ამბავია, ასეთი მოვლენები საწვავივითაა ლიტერატურული პროცესისთვის. აი, შოთა იათაშვილმა უკვე დაწერა ლექსი „წალენჯიხური“ და პოეტური სიმსუბუქით ასახა პირველი დილა – მდინარე, რომელიც ადიდებული და თიხისფრად შეღებილი დაგვხვდა, ქანები ჩამოუშლია და წითლად ღვიოდა: “გადაქცევა ჭანისწყლის აგურისფერ მორევად, მერე ისევ დაცხრობა, ისევ წყნარი ბანდალი, დაჯერება იმისი, რომ არა გყავს ბადალი…“ ეს ბოლო ფრაზა ალბათ საუკეთესოდ აღწერს წალენჯიხურ აუდიტორიას, არსად შემხვედრია მსგავსი მსმენელი და მკითხველი. ისეთი გულისყურით გვისმენდნენ, ისე ჰქონდათ ჩვენი წიგნები წაკითხულ-გააზრებული, როგორც მართლა უბადლო რამ და ეს უნიკალურობის განცდა ნამდვილი საჩუქარია ავტორისთვის,“ – ეკატერინე ტოგონიძე, პროზაიკოსი.
17 ივნისს ფესტივალი ტერენტი გრანელის სახელობის პარკში წიგნის ბაზრობით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას 15-მდე გამომცემლობა იღებდა. ორგანიზატორებმა სწორედ ახალგაზრდა პოეტის სახელი შეარჩიეს ახლად დაარსებული ლიტერატურული ფესტივალის სახელწოდებად, როგორც სიმბოლო რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ხელოვანისა.
ეკატერინე ტოგონიძეს თქმით, ფესტივალზე „ბევრჯერ ვახსენეთ ტერენტი გრანელი და ვახსენეთ იმაზე უფრო ღრმად, ვიდრე მისი სახელობის ფესტივალის ფარგლები მოითხოვდა. ტერენტის ფიქრი: „რატომ არ შეიძლება ერთსა და იმავე დროს ვიყო ყველგან“ თითქოს მართლა მიუახლოვდა სინამდვილეს, რადგან ის იყო აწმყოში, ჩვენს სიტყვებში და აღქმებში და მგონია, რომ ახალი ძალით გადავიდა მომავალში, ჭანისწყლის ადიდებული მდინარესავით. ზუსტად ასეთი ორიენტირი გვჭირდება დღეს და კარგი იქნება, თუ ნონკონფორმისტი პოეტი, რომელსაც სიტყვა არ მიუძღვნია რეჟიმისთვის, არც ერთი ლუკმა არ გადაუგდია იმპერიისთვის, ჩვენი არჩევანის, ჩვენი მომავლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცევა.“
წიგნის გამოფენა-გაყიდვას ღონისძიების ოფიციალური გახსნა და ლერი ალიმონაკის წიგნის – „ჩემი გვარი – გრანელი…“, პრეზენტაცია მოჰყვა. ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციალური რომანისა და მემუარული ხასიათის ტექსტიდან შემდგარი წიგნი მთლიანად გრანელის პიროვნების კვლევასა და მისი სახელის აღორძინებას, საბჭოთა კავშირის დამახინჯებული ნარატივებისგან გათავისუფლებას ეძღვნება.
ფესტივალის პირველი დღე ბესო სოლომონაშვილის ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენებით დასრულდა, რომელიც მწერალ თამარ ფხაკაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ჩვენებას წინ უძღოდა ლექსია-დისკუსიები როგორც აფხაზეთის, ისე ევროინტეგრაციის თემებზე. „იყო ლაპარაკი კულტურაზე, ლიტერატურაზე, კინოზე და იმ დიდ სატკივარზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის – ოკუპაცია,“ – აღნიშნა ბესო სოლომონაშვილმა.
18 ივნისს ღონისძიებამ წალენჯიხიდან – ჯვარში, ტერენტი გრანელის პარკიდან კი კულტურის სახლში გადაინაცვლა. მეორე დღის ლექციები თუ პანელ დისკუსიები ძირითადად პოეზიას მიეძღვნა, თანამედროვე ქართველი პოეტების: დიანა ანფიმიადის, ნატო ინგოროყვას, თეა თოფურიას, რატი ამაღლობელის, შოთა იათაშვილის, პაატა შამუგიას, გიორგი შონიას, ნიკა ლაშხიასა და სხვათა მონაწილეობით.
საღამოს გაიმართა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის, მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდებას“, ჩვენება.
19 ივნისს ქალაქ წალენჯიხაში ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების გალერეის და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდია გაიხსნა, რომელსაც მალევე წალენჯიხის რეგიონული სამხატვრო სასწავლებლის სამხატვრო სკოლის “ფრესკა” გახსნა მოჰყვება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი“ უფრო მასშტაბური პროექტისა თუ წამოწყების დასაწყისია.
ღონისძიება სიმბოლურად საოკუპაციო გამყოფ ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფახულანში დასრულდა, სადაც ლერი ალიმონაკს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის საზეიმოდ „გრანელის“ ფესტივალის პირველი სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი მომავალ წელს კვლავ ჩატარდება, რაც, თავისთავად, კულტურის დეცენტრალიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
© არილი