ესე (თარგმანი)

დინ ფლაუერი – “მობი დიკი” ეკოლოგის თვალსაზრისით

moby dick 3344

უტყვ ცხოველზე იძიებ შურს, აქაბ?[1]

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

თოვლისა და ნისლთა მეუფის

საყვარელ ფრინველს უყვარდა ადამიანი,

რომელმაც მოკლა ის თავისი მშვილდ-ისრით.

    სემუელ კოლრიჯი, “პოემა ძველი მეზღვაურის შესახებ” (1798)


 გვინდა, ჩვენშივე არსებული ზღვრების ნგრევა და მოშლა ვიხილოთ, სიცოცხლე, რომელიც თავაწყვეტით ფეთქავს იქ, სადაც ჯერ ფეხი არ დაგვიდგამს.

        ჰენრი დევიდ თორო, “უოლდენი” (1854)

როდესაც რაიმე ელემენტს გამოვყოფთ და მის გააზრებას ვცდილობთ, ვხვდებით, რომ ის დაკავშირებულია ყოველივე დანარჩენთან სამყაროში.

   ჯონ მიუირი, “ჩემი პირველი ზაფხული სიერას მთებში” (1911)

ქიმიური იარაღი, რომელიც ისეთივე მომაკვდინებელია, როგორც პირველყოფილი ადამიანის კომბალი, გამოიყენეს სიცოცხლის ქსოვილის წინააღმდეგ – ქსოვილისა, რომელიც, ერთი მხრივ, ნაზი და მყიფეა, მეორე მხრივ კი – საოცრად ხისტი და დრეკადი და შეუძლია, სრულიად მოულოდნელად, უკუდარტყმით დაგვაზარალოს.

      რეიჩელ კარსონი, “უტყვი გაზაფხული” (1962)

მინდა დავაკვირდე ღვიის ბუჩქს, კვარცის ნატეხს, გრიფს, ობობას და ვნახო როგორია თითოეული მათგანი თავისთავად, ისე, რომ უკუვაგდო წინასწარი წარმოდგენები მათი თვისებების შესახებ… პირისპირ შევხვდე ღმერთს ან მედუზას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საფრთხეს შეუქმნის ყოველივე ადამიანურს ჩემში.

      ედვარდ ები, “უდაბნოს განდეგილი” (1968)

“მობი დიკი” საუკეთესო წიგნია, რომელიც ოდესმე დაწერილა ბუნების შესახებ.

      ენი დილარდი, “ბუნება როგორც წიგნი” (1996)

თავდაპირველად ვისაუბროთ კოლრიჯის დიდებულ პოემაზე ძველი მეზღვაურის შესახებ. ის შეიძლება მივიჩნიოთ მითად ჩვენი თანამედროვე გარემოს შესახებ და, ვფიქრობ, მელვილის მიერ სწორედ ამგვარად იყო ჩაფიქრებული თავისი რომანიც. ძველი მეზღვაური სრულიად უმიზეზოდ კლავს ალბატროსს – “ღვთისგან მოგზავნილ” ფრინველს, რომელსაც ეკიპაჟის წევრები კვებავდნენ, რომელმაც იხსნა ხომალდი პოლარული აისბერგებისგან და სამშვიდობოს გაიყვანა, შემდეგ კი ანძაზე ეძინა. ალბატროსის მოკვლის შემდეგ ხომალდმა უნდა გაუძლოს მცხუნვარე მზეს, უქარო ამინდს, აუტანელ სიცხეს, მთვარის პირქუშ შუქს, მოჩვენებებს – ჩაძირული გემების ადევნებულ აჩრდილებს, ლორწოვან არსებებს ლორწოვანი ზღვის ზედაპირზე, “შმორის აუტანელ სუნს” და შიმშილს, სანამ ყველა არ დაიხოცება. ხომალდზე მარტო დარჩენილ მთხრობელს ეჩვენება ანძებზე ჩამომსხდარ მეზღვაურთა ლანდები, რომლებიც ბრალს სდებენ მას; საბედნიეროდ, კვლავ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ის დახედავს ზღვაში გემის ჩრდილს და დაინახავს წყლის გველების ჯადოსნურ, ენით აუწერელ სილამაზეს. მეზღვაურის გულიდან “სიყვარულის წყარო ამოხეთქავს” და ის “ლოცავს მათ”. წყევლა ეხსნება, მაგრამ იწყება ხანგრძლივი განსაცდელისა და მონანიების პერიოდი, იმ მომენტის ჩათვლით, როდესაც ცასა და ოკეანეს შეძრავს ,,მჭექარე, შემზარავი ხმა” და ხომალდი “ტყვიასავით იძირება”. მთხრობელი “შვიდი დღის წინ დამხრჩვალი” გვამივით ტივტივებს ზღვაში და შემდეგ მესაჭის ნავში აღმოჩნდება:

მორევში, სადაც დაიღუპა ხომალდი,

ნავი ტრიალებდა ციბრუტივით;

შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა,

მხოლოდ გორაკი გუგუნებდა.

 

როდესაც ძველი მეზღვაური ლაპარაკს იწყებს, მესაჭე უეცრად ყვირის და ძირს ეცემა, ხოლო მისი შვილი გიჟდება. ამიტომ მეზღვაურმა თვითონ უნდა მართოს ნავი. ის ფიქრობს, რომ ეშმაკს წააგავს და შიშობს, რომ შესაძლოა, მართლაც ეშმაკია. მეზღვაურს არ ძალუძს ერთდროულად უყვარდეს “ადამიანიც, ფრინველიც და ცხოველიც”; ვერ შეუგნია, რომ ალბატროსს ისეთივე უფლება აქვს იცოცხლოს, როგორც თვით მას – მეზღვაურს; ვერ ხედავს, რომ ალბატროსის გადარჩენას რაიმე საერთო აქვს მის საკუთარ გადარჩენასთან, არ აღიარებს მათი სულიერი კავშირის რაიმე შესაძლებლობას.

 გასაოცარია, რამდენი მზა სახე და მოტივი გადმოაქვს მელვილს კოლრიჯის პოემიდან "მობი დიკში". იუნგა, რომელიც გიჟდება, მორევი, რომელშიც იძირება ხომალდი ერთადერთი გადარჩენილი ადამიანით, აჩრდილებითა და სიკვდილით დატვირთული ხომალდი, რომელიც კარგად ვერ აცნობიერებს მოუნანიებელ დანაშაულს, სილამაზისა და შიშის, ან სიმშვიდისა და ძრწოლის ურთიერთშენაცვლება ბუნებაში, ალეგორიულად ასახული და იდუმალებით აღსავსე მოგზაურობა ზღვაზე. როდესაც "პეკოდი" ხვდება ალბატროსს (42-ე თავი), უცნაური ხომალდი "თეთრი" და "არარეალურია", თითქოს შეთრთვილული, ხოლო მისი ფერწასული ეკიპაჟი "საცოდავ მდგომარეობაშია" და ხმის ამოღების უნარი არ შესწევს. "ალბატროსის" დაჟანგული სითეთრე და მისი უცნაური ამბავი თითქოს პირდაპირ კოლრიჯის პოემიდანაა გადმოტანილი. ასეთივეა პიპის ზღვაში გადავარდნის ეპიზოდი: ბიჭუნა იხილავს ღმერთის ფეხს საქსოვი დაზგის პედალზე" და სურს მოჰყვეს ამის შესახებ. ის გონს მოვა, მაგრამ არ ძალუძს დაასრულოს თავისი ამბავი, არ ძალუძს აუწეროს დანარჩენებს თავისი შემზარავი ხილვა. როდესაც აქაბი მიმართავს ვეშაპის თავს "სფინქსში" (თავი 70), ის ნამდვილად უტყვი არსებაა. მელვილი, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ ვეშაპები უტყვნი არიან, ასევე ფიქრობდა სტარბეკი, რომელიც მას უტყვ ცხოველს" უწოდებს: "ილაპარაკე, უზარმაზარო და პატივცემულო თავო [ამბობს აქაბი]... ილაპარაკე, მძლავრო თავო და გვაუწყე შენი საიდუმლო... ო, თავო!... საკმარისად ბევრი რამ იხილე, რომ დალეწო პლანეტები და თვით აბრაამსაც კი ურწმუნოება შთააგონო, მაგრამ ერთ ბგერასაც კი არ წარმოთქვამ". შუადღეს, როდესაც "უკაცრიელ გემბანზე... სიჩუმე სუფევს" და ატმოსფერო თითქოს უჩვეულო და საშიშია: "ბრინჯაოსებრი მტკიცე მდუმარება უზარმაზარი ყვითელი ლოტოსივით სულ უფრო ფართოდ შლიდა თავის უჩუმარ ვეება ფოთლებს ზღვის თავზე". ეს პასაჟიც შთაგონებულია კოლრიჯით, როდესაც მის პოემაში ხომალდი შტილში მოხვდება და უმოძრაოდ გახევდება მდუმარე ზღვაზე:

 

გავარვარებულ სპილენძის ცაზე
შუადღეს, ანძის თავზე
სისხლიანი მზე
შეჩერდა
და მთვარისხელა იყო.
 კოლრიჯისგან ნასესხები სახეები მელვილთან გადამუშავებულია, მაგრამ მისი სტიმული უეჭველად გასათვალისწინებელია. ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ პოემის უღრმესი მორალი - არა მარტო ის, რომ მეზღვაურს არ სურს, უყვარდეს ყველა (დიდი თუ პატარა) სულიერი; არა მარტო უაზრო სისასტიკე, რომლითაც მოკლა ალბატროსი, არამედ - ქედმაღლობა ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ თავს სხვა არსებებზე მაღლა აყენებენ - სწორედ მობი დიკში გატარებული და განვრცობილი მორალია?
 "უოლდენის" ბოლოს, თავში, რომელსაც "გაზაფხული" ეწოდება, თორო ამბობს: "ჩვენშივე არსებული ზღვრების მოშლა და ნგრევა უნდა ვიხილოთ". მთელი პასაჟი, რომელსაც აქამდე მივყავართ, არის ბუნების დაცვის სურვილი - ჯონ მიუირით და ჯონ ბეროუზით (მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი) დაწყებული ვიდრე თანამედროვე ეპოქამდე. ის რჩება locus classicus-ად ჩვენი ეროვნული პარკების სისტემისა და მისი ფილოსოფიისთვის, ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა "უდაბნოთა დაცვის საზოგადოება", "ბუნების დაცვა" და "სიერა-კლუბი", ბიოლოგებისა და პოეტებისთვის, არსებითად, ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ცივილიზაციის ულმობელი აგრესიისგან ცოცხალ არსებათა სახეობებისა და მათი საარსებო გარემოს - ტყეების, ჭაობების, სანაპიროების, მთების გადარჩენით.

ჩვენ ველური ბუნება გვჭირდება, – დროდადრო უნდა ვიხეტიალოთ ჭაობებში, სადაც ბინადრობენ წყლის ბუღა და ქათამურა, მივაყურადოთ ჩიბუხას ყმუყუნს და ვიყნოსოთ მოშრიალე ისლის სურნელი; აქ ველური ფრინველები ბუდეებს იგებენ, ხოლო წაულა მიწაზე დაცოცავს. ყველაფრის გამოკვლევასა და შესწავლას ვცდილობთ, მაგრამ, ამასთანავე, გვსურს, რომ ყველა საგანი – მთელი ზღვა და ხმელეთი – იდუმალი და მიუწვდომელი იყოს. ბუნება არასოდეს გვყოფნის. ჩვენზე მაცოცხლებელ ზეგავლენას ახდენს ბუნების უშრეტი, უდიდესი ენერგია, ზღვის სანაპირო – მისი ნანგრევებით, უდაბნო – მისი ცოცხალი და გამხმარი ხეებით, მეხის გრგვინვა და წვიმა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდება და წყალდიდობებს იწვევს. გვინდა, ჩვენშივე არსებული ზღვრების ნგრევა და მოშლა ვიხილოთ, სიცოცხლე, რომელიც თავაწყვეტით ფეთქავს იქ, სადაც ჯერ ფეხი არ დაგვიდგამს.

ჭაობში ხეტიალის, მიყურადებისა და ველური ბუნებით ტკბობის გარდა შეიძლება – უხიფათო მანძილზე – დავაკვირდეთ ბუნების ტიტანური ძალების გამოვლინებებს და განვიცადოთ “განახლების” გრძნობას, რომელიც ჩვენში არსებულ ზღვრებში დაგვაბრუნებს. თოროს არასოდეს უხილავს რაიმე ტიტანური უოლდენის ტბაზე; ის ასევე, არ შესწრებია არავითარ რეალურ ნგრევასა და მოშლას. ახლა დავუბრუნდეთ “მობი დიკს”, სადაც ისმაელი ფიქრობს ზღვის “მარადიული terra incognita”-ს შესახებ (“პლანქტონი”, თავი 58-ე):

“უხსოვარი დროიდან ზღვა საშინელ განსაცდელში აგდებდა მრავალ ათას ადამიანს; როგორც უნდა ეტრაბახა ყრმა-ადამიანს თავისი ცოდნითა და უნარებით, და როგორც უნდა გაზრდილიყო ეს ცოდნა და უნარები პირმოთნე დროის განმავლობაში, – მაინც ყოველთვის, განკითხვის დღემდე, ზღვა გაანადგურებს ადამიანებს და გააცამტვერებს დიდებულ, მყარ ფრეგატებს; მიუხედავად ამისა, ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიცდიდა ერთსა და იმავე შთაბეჭდილებებს, აღარ ძრწის ზღვის წინაშე ისე, როგორც – უწინ”.

აქ ნამდვილად შეინიშნება რღვევა და მოშლა. ზღვის წინაშე ძრწოლის ზეგავლენით ჩვილი-ადამიანი დაზარალდება და მოკვდება, მისი უბადრუკი მცდელობები გაცამტვერდება. ისმაელი კიდევ უფრო პირქუშ ჭეშმარიტებებსაც აღიარებს: ზღვა ანადგურებს არა მარტო ადამიანს, არამედ – თვით მასში მობინადრე ძალზე მძლავრ არსებებსაც:

“როგორც მძვინვარე ძუ ვეფხვი, რომელიც ჯუნგლებში დაძრწის და შეუძლია შემთხვევით გასრისოს საკუთარი ბოკვრები, ზღვაც კლდეებზე გამოყრის ხოლმე ყველაზე მძლავრ ვეშაპებს და დაღუპული ხომალდების ნანგრევებთან ტოვებს. ზღვისთვის უცხოა ლმობიერება. მისთვის არ არსებობს არავითარი ძალაუფლება, მისი საკუთარი ძალაუფლების გარდა. გაგიჟებული საბრძოლო ცხენის მსგავსად, რომელმაც თავისი მხედარი გადმოაგდო, თვითმპყრობელი ოკეანე ხვნეშითა და ფრუტუნით ეხეთქება ჩვენს პლანეტას”.

 იმ დროს, როდესაც დარვინმა გაავრცელა თავისი საშიშარი ახალი თეორიები ბუნებრივი შერჩევის შესახებ, ხოლო ტენისონი შეძრული იყო ხილვებით ბუნებისა, რომელსაც "სისხლიანი კბილები და ბრჭყალები ჰქონდა" და გულგრილი იყო ცოცხალ არსებათა სახეობების გადარჩენის მიმართ, მელვილი ხედავდა "ყოველისმომცველ კანიბალიზმს ზღვისა, რომლის ყველა მობინადრე ერთმანეთზე ნადირობს და მარადიულ ომს აწარმოებს ქვყნიერების დასაწყისიდან". "დაკრძალვაში" (თავი 69-ე), როდესაც ზღვის მტაცებელი გრიფები სხდებიან ვეშაპის ლეშზე და მშიერ ზვიგენებთან ერთად შეექცევიან მას, ისმაელი წამოიძახებს: "ო, დედამიწის ამაზრზენო მტაცებლებო! თვით ყველაზე ძლიერი ვეშაპიც კი ვერ გადაურჩება მათ". მაგრამ მელვილის მიზანი არაა ღმერთის გარეშე დარჩენილი ქვეყნიერების გამოტირება. ეს უფრო ყოვლისშემძლე ბუნების დიდებულებისა და პირველადობის აღიარებაა, - ედმუნდ ბერკმა მას "უზენაესი" უწოდა თავის 1756 წელს დაწერილ ესეში - ზღვის "საზარელ" ძალას ხელეწიფება, დაანგრიოს და მოშალოს ჩვენი ეგოტიზმი, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ზღვარსგადასული რწმენა მეცნიერებისა და საკუთარი თავისა. "ვინ არის ჩემზე აღმატებული?" - კითხულობს აქაბი, რაზეც რომანი პასუხობს: "თვით ბუნების ბუნება". ჩვენ ყველანი, ამბობს ისმაელი, დავფარფატებთ დეკარტეს გრიგალების თავზე, რომლებიც სრულიად გულგრილია ჩვენი გადარჩენა-არგადარჩენის მიმართ. დედა-ბუნება ჩვენზე არ ზრუნავს. "გაითვალისწინეთ ეს, პანთეისტებო!"

მიუხედავად ამისა, ოკეანე “მობი დიკში” – ბუნება, როგორც ასეთი P- მხოლოდ უზენაესი და თვითმპყრობელი მტერი როდია, არც “ყრმა-ადამიანისთვის” და არც ლევიათანისთვის. რომანის მიხედვით, ჩვენ, სხვა არსებებთან ერთად, სხვადასხვაგვარად ვექვემდებარებით მას, მაგრამ ამ ურთიერთდამოკიდებულებებს ვერ ვიცნობიერებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვვარაუდობ, რომ “მობი დიკი” განჭვრეტს ეკოლოგიის თანამედროვე კონცეფციას, მაშინაც კი – და განსაკუთრებით მაშინ – როდესაც ეს კონცეფცია ბუნების ელემენტთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ირღვევა. ჯონ მიუირის შენიშვნაL(რომელსაც ხშირად იმოწმებენ ხოლმე) – “როდესაც რაიმე ელემენტს გამოვყოფთ და მის გააზრებას ვცდილობთ, ვხვდებით, რომ ის დაკავშირებულია ყოველივე დანარჩენთან სამყაროში”, – მელვილისას წააგავს, იმ გაგებით, რომ რომანში ნებისმიერმა პროზაულმა ელემენტმა – ღონიერმა თევზმა თუ მძვინვარე თევზმა, ჰარპუნის თავმა, ანძამ, კასრიდან წყლის ამოხაპვამ -Pშეიძლება მიგვიყვანოს პლატონამდე ან ეგვიპტურ პირამიდებამდე, ან საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე, ან კიდევ ნებისმიერი რაოდენობის მეტაფორებამდე და აბსტრაქციებამდე. ისმაელის თქმით, “ო, ბუნებავ, ო, ადამიანის სულო! რამდენი რამ გაკავშირებთ; ბუნების მატერიის ყოველ უმცირეს ატომს თავისი ორეული ჰყავს სულში”. ჯონ მიუირი ფიქრობდა სიერაში მიღებული მდიდარი გამოცდილების შესახებ, როდესაც აცხადებდა, რომ ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან. ის იყო პირველ თანამედროვე ეკოლოგთა შორის, თუ ეკოლოგიას გავიაზრებთ, როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებას და არა მარტო როგორც ბიოლოგიურ მეცნიერებათა ერთ-ერთ დარგს. ეკოლოგიის ცნება, ბერძნული სიტყვებიდან ekos – სახლი, სამყოფელი, და logos – კვლევა, მეცნიერება, 1866 წელს ერნსტ ჰეკელმა შემოიტანა, მაგრამ ის კარლ ლინეისთან (მეთვრამეტე საუკუნეში) და უფრო ადრე, ძველ ბერძნებთანაც გვხვდება. დარვინს ეს, რასაკვირველია, ესმოდა, როდესაც 1859 წელს წერდა თავის “სახეობათა წარმოშობის” სახელგანთქმულ დასკვნებს.

საინტერესოა დაკვირვება ცოცხალ არსებათა რთულ ერთობლიობაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახეობის მრავალ მცენარეს, მგალობელ ფრინველებს, მწერებსა და ჭიებს და ა.შ. ეს ურთულესი აგებულების არსებები, რომლებიც ესოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და, ამავე დროს, დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე, ექვემდებარებიან იმ კანონზომიერებებს, რომლებიც ახლაც მოქმედებს ჩვენ გარშემო. აი ეკოლოგიის თანამედროვე განსაზღვრა, რომელიც ედვარდ უილსონმა ჩამოაყალიბა “სიცოცხლის მომავალში” (2002):

 "ყოველი სახეობა დაკავშირებულია თავის ოჯახთან უნიკალური წესით, რომლის ძალითაც ის იკვებება სხვა არსებებით (ან თვითონ იქცევა საკვებად სხვებისთვის), კონკურენციას უწევს და, ამასთან, თანაარსებობს მათთან... ეკოლოგი განიხილავს მთლიანობას, როგორც ენერგიისა და ნივთიერების გამუდმებულ შედინებას ოჯახში გარემომცველი ფიზიკური გარემოდან და პირუკუ, რათა შეიქმნას უწყვეტი ეკოსისტემის ციკლები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი არსებობა".
 ახლა განვიხილოთ რამდენიმე ხატი მელვილის რომანში, რომლებსაც სიამოვნებით გამოიყენებდა თანამედროვე ეკოლოგი. "ზღვის უნივერსალური კანიბალიზმი" სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთდამოკიდებულება კვებით ჯაჭვში; "მძორის ჭამა", უბრალოდ, ბუნების ეკონომიკაა - განა კარგი იქნება, რომ არ არსებობდნენ ყბადაღებული დამასუფთავებელი ბრიგადები - ყვავები, ყორნები, სვავები და კონდორები? გავითვალისწინოთ, აგრეთვე, ის ხერხი, რომლითაც ადამიანები ერთვებიან მელვილის ეკოლოგიაში. 66-ე თავში ("ზვიგენების სასაკლაო") ვკითხულობთ, რომ ვეშაპებზე მონადირეები ხშირად იყენებენ საგანგებოდ ალესილ ნიჩბებს ვეშაპების ლეშებზე მონადირე ზვიგენთა დასახოცად. ქვიქეგი ამბობს, რომ, "ნეტავ, რომელმა ღმერთმა შექმნა ზვიგენი". მაგრამ ვინ ხოცავდა ინდიელებს, ზვიგენი თუ ადამიანი? რასაკვირველია, ეს ანალოგია გასათვალისწინებელია.

ახლა განვიხილოთ – იმავე კონტექსტში – “ზღვის კანიბალიზმი”. მელვილი საუბრობს კაშალოტის მძვინვარებისა და მისი ბასრი კბილების შესახებ. მის დროს ითვლებოდა, რომ ესაა უდიდესი მტაცებელი ვეშაპი, ახლა კი ვიცით, რომ კაშალოტის ყველაზე საშიში მტერი (ადამიანის გარდა) არის გიგანტური კალმარი, რომელიც მასზე ნადირობს, მაგრამ ხომ არაა “პეკოდიც” მტაცებელი ცხოველი, მისი ძველთაძველი გრძელი ბასრი კბილებით, რომლებიც გამოიყენება თოკის მისაბმელად, ხოლო უზარმაზარი ყბის ძვალი – რუმპელად? “მთელი ხომალდი ნადავლით იყო მოფენილი – ეს გახლდათ (ამბობს ისმაელი) ნამდვილი კანიბალი გემებს შორის, რომელიც თავს იწონებდა მოკლული მტრების ძვლებით”. “სტაბის ვახშამში” (თავი 64-ე) ანალოგია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, როდესაც კაპიტნის მეორე თანაშემწე მის მიერ მოკლული ვეშაპის ხორცის ბიფშტექსს შეექცევა:

“მხოლოდ სტაბი როდი იტკბარუნებდა პირს იმ ღამით ვეშაპის ხორცით. მისი ყბების ჭრაჭუნს ბანს აძლევდა წკლაპუნი ათასობით ზვიგენისა, რომლებიც მკვდარ ლევიათანს გარს ეხვეოდნენ და მის ნოყიერ ხორცს ნთქავდნენ”.

ყურადღება მივაქციოთ, ვინ იმყოფება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამ კვებითი ჯაჭვის სათავეში. როდესაც ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს საზღვაო შეტაკების დროს, ფიქრობს ისმაელი, “ზვიგენები, იმ მაგიდის გარშემო შეგროვილი მშიერი ძაღლების მსგავსად, სადაც უმ ხორცს ქნიან, ყოველთვის ხარბად უთვალთვალებენ გემბანებს და მზად არიან, მყისვე შესანსლონ ყოველი მოკლული კაცის ზღვაში გადაგდებული გვამი”. მომდევნო ფსევდოკომიკურ ეპიზოდში სტაბი უმოწყალოდ დასცინის ფლისს (მოხუც შავკანიან მზარეულს); მაგრამ ფლისი ასკვნის: “ღმერთმანი, ჯობია, ვეშაპმა შეჭამოს ის, ვიდრე მან შეჭამოს ვეშაპი. ეშმაკმა დალახვროს, ეგ ყველა ზვიგენს აჯობებს, მისტერ სტაბ”. შემდეგ თავში (“ვეშაპი როგორც კერძი”), მელვილი ფიქრობს, აგრეთვე, ადამიანთა მტაცებლობის შესახებ, რისი აღიარებაც მათ არ სურთ:

“მიდით შაბათს ყასბებთან და დატკბით სანახაობით ცოცხალი ორფეხა არსებებისა, მკვდარ ოთხფეხა არსებებს რომ მისჩერებიან. ამგვარი სანახაობა ხომ კანიბალიზმზე უარესია? კანიბალები? განა რომელი ჩვენგანი არაა კანიბალი?… შეხედეთ თქვენი დანის ტარს, ჩემო ცივილიზებულო და განათლებულო გურმანო, როდესაც როსტბიფს მიირთმევთ: რისგანაა ის დამზადებული? განა იმ ხარის ძვლისგან არა, რომელიც ღვიძლი ძმაა იმ ხარისა, რომელსაც ახლა შეექცევით?”

გასაოცარია ეს ტერმინები: ხარი ძმა არის, ხოლო ხორცის მჭამელი კანიბალია. ჩვენ თანამოძმეების ხორცით ვიკვებებით. ისმაელი არ ამბობს, რომ ვეშაპები არ უნდა დავხოცოთ, ყოველ შემთხვევაში – ამ ეპიზოდში. მელვილის ეკოლოგიაში ჩვენ ფატალურად დაკავშირებულნი ვართ სხვა არსებებთან, რომლებითაც ვიკვებებით, რომლებსაც ვეჯიბრებით და რომელთაგან ზოგიერთმა შეიძლება სასიკვდილო საფრთხე შეგვიქმნას – ასეთ შემთხვევაში მათ ურჩხულებს ვუწოდებთ.

თანამედროვე ეკოლოგისთვის საინტერესო იქნება გადასვლა თეთრი ვეშაპების პასტორალური სიმშვიდიდან (58-ე თავში) (“ეს ურჩხულები დინჯად მიცურავდნენ და დილაადრიან სამუშაოდ გამოსული მთიბავებს ჰგავდნენ, ნელ-ნელა რომ იკაფავენ გზას მაღალ ნამიან ბალახში”) გიგანტური შემზარავი რვაფეხას გამოჩენაზე (თავი 59-ე), რომელიც ზღვის სიღრმიდან ამოცურდება და თავდაპირველად მობი დიკი ჰგონიათ. რვაფეხა, რა თქმა უნდა, უზარმაზარია, უსახო, უფორმო და თეთრი, მაგრამ ის არაა ბალახის მჭამელი თვინიერი არსება: “ცენტრიდან გამოდიოდა აურაცხელი გრძელი ხელი, რომლებიც ანაკონდების გორგალივით იკლაკნებოდა და თითქოს მზად იყო, განურჩევლად ჩაბღაუჭებოდა ყველაფერს, რასაც კი მისწვდებოდა”. რა მოხდებოდა, კოლრიჯის მეზღვაურს ეს რომ დაენახა მშვენიერი პატარა წყლის გველების ნაცვლად? არავითარ შემთხვევაში არ დალოცავდა ამ გიგანტურ ანაკონდებს… თუმცა ისმაელი რვაფეხას “სიცოცხლის გამოვლინებას” უწოდებს. და არა სიკვდილისას. მომდევნო თავში (“ბაწარი”) ის ამბობს, რომ ჩვენ დაკავშირებულნი და მიჯაჭვულნიც კი ვართ მასთან წარმოსახვის მეშვეობით:

“ჰარპუნის ბაწარი გარს ევლება ველბოტს და ყველა მენიჩბეს ეხვევა თავისი ამაზრზენი კლაკნებით. გამოუცდელი მეზღვაურის მფრთხალ თვალებს ეჩვენება, თითქოს მის წინაშე ინდოელი ფაკირები არიან, ხალხის გასართობად კიდურებზე შხამიანი გველები რომ დაუხვევიათ. ვერც ერთი შეუჩვეველი მოკვდავი ვერ გაუძლებს ბაწრის უთავბოლო კლაკვნას, როდესაც ის მთელი ძალით აწვება ნიჩაბს და ფიქრობს, ჰარპუნი შეიძლება ნებისმიერ წამს ისროლონ და მაშინ ეს საშინელი ხვეულები მყისიერად გაცოცხლდებაო”.

და, ამავე თავის დასასრულს: “ყველა ადამიანს ყელზე ამგვარი ბაწარი აქვს შემოხვეული”. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მელვილი აზვიადებს, მაგრამ – მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურს გვიჩვენოს, როგორ გვახრჩობს ამაზრზენი ხვეულებით ცხოვრებისეული სირთულეები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ბედი – სირთულეები, რომლებიც შეგვიძლია უკუვაგდოთ ან არად ჩავთვალოთ, მაგრამ მათ, მიუხედავად ამისა, ძალუძთ, ანაკონდების მსგავსად, მოგვახრჩონ. ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ეკოლოგები დღეს მშვიდად მსჯელობენ სახეობათა რაოდენობისა ან ეკოსისტემების ჰარმონიისა და ბალანსის შესახებ, მაგრამ ისევე შფოთავენ, როგორც მელვილი, რადგან ამ საბედისწერო ხვეულებს ძალუძთ გაგვაძლიერონ ან დაგვღუპონ.

თანამედროვე ეკოლოგიამ თავისი ყველაზე მძლავრი მხარდაჭერა მიიღო რეიჩელ კარსონის “უტყვი გაზაფხულიდან” (1962). მისი გამოქვეყნების შემდეგ ყველამ იცოდა ეს ტერმინი. კარსონმა დაინახა “ქიმიური ქარტეხილი [პესტიციდებისა], რომლებიც დაუმიზნეს სიცოცხლის ქსოვილს”, და მასთან ბრძოლა დამარცხებისთვისაა განწირული. “საქმე ისაა, შეუძლია თუ არა ნებისმიერ ცივილიზაციას აწარმოოს დაუნდობელი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ისე, რომ თვითონ არ განადგურდეს, რომ ცივილიზაციად დარჩეს”. ფაქტობრივად, ნებისმიერი თანამედროვე ეკოლოგი ეთანხმება კარსონისეულ წარმოდგენას ამ ბრძოლის შესახებ და მის აპოკალიფსიზმს. ედვარდ ების წიგნში “უდაბნოს განდეგილი” (1968) საუბარია “ინდუსტრიული ტურიზმის” შესახებ, რომელიც ანადგურებს უდაბნოს გზების გაყვანის, ავტომანქანებისა და ბრბოების მეშვეობით. უენდელ ბერი თხზულებაში “მშფოთვარე ამერიკელი” (1977) მსჯელობს “აგრობიზნესის” შესახებ – უზარმაზარი მექანიზმები და კორპორაციები აპარტახებენ პატარა ფერმებს და სასოფლო თემებს, რომლებიც ესოდენ კარგად გვემსახურებიან. ლესლი მარმონ სილკოს წინასწარმეტყველურ რომანში “ცერემონია” (1977) და ტერი ტემპესტ უილიამსის ეკოფემინისტურ მოთხრობაში “თავშესაფარი” (1991) საუბარია ბირთვულ იარაღზე, რომლის დანიშნულებაა – თუკი რაიმეს დავაშავებთ – ჩვენი განადგურება. იმგვარ ორგანიზაციებში, როგორებიცაა “დედამიწა – პირველ ყოვლისა!” და “გრინპისი”, მოგვიწოდებენ ვებრძოლოთ იმათ, ვინც (ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად) ომებს აჩაღებს დედამიწაზე.

მაგრამ არის თუ არა დედამიწის წინააღმდეგ მიმართული ომი მართებული მეტაფორა “მობი დიკისთვის”? ხომ არ განადიდებს მელვილი ვეშაპებზე მონადირეებსა და ვეშაპებზე ნადირობას? “ადვოკატში” (თავი 24-ე) ისმაელი ამტკიცებს, რომ ვეშაპებზე ნადირობა, უბრალოდ, ცხოველთა ხოცვა როდია; ის უფრო მეტ სიმამაცეს მოითხოვს, ვიდრე – ომი, და გაცილებით უფრო კეთილშობილური მიზნები აქვს:

“უკვე მრავალი წელია, რაც ვეშაპმჭერი გემი პირველად პოულობს მთელს დედამიწაზე შორეულ, უცნობ ადგილებს… თუკი ამერიკული და ევროპული სამხედრო ხომალდები ახლა მშვიდობიანად შედიან ოდესღაც მტრულ ნავსადგურებში, დაე, მათ გაისროლონ ყველა თავიანთი ქვემეხიდან იმ სახელოვანი ვეშაპმჭერის პატივსაცემად, რომელმაც მათ გზა აჩვენა ამ ნავსადგურებისკენ და პირველი თარჯიმანი იყო მათსა და ადგილობრივ ველურებს შორის”.

ისმაელი იმასაც ამტკიცებს, რომ სწორედ ვეშაპებზე მონადირეების წყალობით “განთავისუფლდნენ პერუ, ჩილე და ბოლივია ძველი ესპანეთის უღლისგან” და “ამ ქვეყნებში მტკიცე დემოკრატიული წყობა დაამყარეს”. “ავსტრალია ველური მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ცივილიზებულ სამყაროს აზიარეს სწორედ ვეშაპებზე მონადირეებმა”. პოლინეზიის კუნძულებზე მათ გზა გაუკვალეს მისიონერებსა და ვაჭრებს”, დაYთვით “კარჩაკეტილ იაპონიაში, – აცხადებს ისმაელი – “ვეშაპებზე მონადირეებმა გადალახეს ეს ზღურბლი და სტუმართმოყვარეობა ასწავლეს ხალხს”. “რაინდებსა და მეაბჯრეებში” (თავი 27-ე) ქვიქეგი, თეშტიგო და დეგუ – მეჰარპუნეები – ჭეშმარიტი რაინდები გახლავან. მელვილი პატივს მიაგებს მათ 1621 წლის დროინდელი არქაული ორთოგრაფიით, ხოლო დეგუ გაიგივებულია ბიბლიურ მეფესთან და პატრიარქთან. მართლაც, ეკიპაჟი – რომელიც ახლა ერთი კილითაა გაერთიანებულიP- მთელ მსოფლიოს მოიცავს. ესაა “ანაქარსის კლოოტსის დეპუტაცია დედამიწის ყველა კუნძულიდან და ყველა კუთხიდან…”. კლოოტსი იყო გერმანელი კაცი, რომელმაც 1790 წელს საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე მიიყვანა განსხვავებული რასებისა და ეროვნებების წარმომადგენლები, რაც სიმბოლურად განასახიერებდა საფრანგეთის რევოლუციის მხარდაჭერას მთელი კაცობრიობის მიერ.

რაც შეეხება ვეშაპებზე ნადირობის მიზანშეწონილებას, მელვილი მას მიიჩნევდა არა მკვლელობად, არა უთანასწორო ბრძოლად და სასაკლაოდ, არამედ – ძნელ და საშიშ შეტაკებად ნადავლთან, რომელიც შეიძლება გასხლტეს და თავი დაიხსნას, ან მოატყუოს, დაასახიჩროს, დახოცოს თავდამსხმელები. თუმცა მელვილს “არასოდეს უსროლია ჰარპუნი”, როგორც ერთხელ განაცხადა ბარი ლოპესმა (მიუხედავად იმისა, რომ რომანისტმა აცნობა გამომცემელს, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეჰარპუნედ ვმუშაობდიო), მაგრამ მან კარგად იცოდა, რას ნიშნავს ველბოტზე მენიჩბედ მუშაობა. ნახეთ მისეული (1847 წლის) მიმოხილვა ჯ. როს ბრაუნის წიგნისა “ჩანახატები ვეშაპებზე მონადირე გემით ცურვის დროს”, სადაც ის იხსენებს მენიჩბეობის საშინელ გამოცდილებას: “ვეშაპმა წყალი ააქაფა. შუბები და ბაწრები ტალღებში დაცურავდნენ. “ნისლი, გრუხუნი, – ბგერებისა და ხატების საშინელი ნაზავი…”. ჩვენ არ გვთხოვენ შევიბრალოთ ვეშაპი. არც აქ და არც რომანში. დაიღუპება თუ არა ის? არა, ამბობს ისმაელი (თავი 105), “მარადიული ვეშაპი გადარჩება, ეკვატორული ტალღის ქიმზე აცურდება და თავის აქაფებულ გამოწვევას პირდაპირ ცაში ატყორცნის”.

მაგრამ ცოტათი ქვემოთ (96-ე თავში), გულგრილად ვერ აღვიქვამთ ბუნების წინააღმდეგ წარმოებულ ომს, რომელსაც “პეკოდი” ეწევა. ის, რაც უწინ გვეჩვენებოდა ნადირობის ეპიკურ აღწერად – ორივე მოწინააღმდეგის მძვინვარე, სისხლისმღვრელ, უმოწყალო ბრძოლად, მაგრამ ამასთანავე, სახელოვან და ღირსეულ საქმიანობად – ინდუსტრიული ჯოჯოხეთის, ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვის შემზარავ სურათად იქცევა. ვეშაპის ქონის გადამუშავება საშინელ დაბინძურებას იწვევს:

“სამწუხაროა, რომ ვეშაპს არ ძალუძს საკუთარი კვამლის დაყნოსვა! რადგან ამ კვამლის დაყნოსვა საშინელებაა! და მაინც, ამ კვამლით სუნთქვა გვიხდება. რა გაეწყობა! გარკვეული დროის განმავლობაში მასში იმყოფებით… ისეთი სუნი აქვს, როგორც განკითხვის დღის მარცხენა ფრთას და იგი ჯოჯოხეთის არსებობას ადასტურებს.” ეს სურათი ეხება არა მარტო ვეშაპის ქონის გადამუშავების ტექნოლოგიას, არამედ – ზოგადად, ორთქლით მოძრაობას, ნავთობის წვას, სასიკვდილო საფრთხის შემცველ ინდუსტრიებს, რომელთა კვამლი და ჭვარტლი მომწამვლელია. ისმაელი საჭესთან დგას და ამ ჯოჯოხეთში არც კი ახსენდება აქაბი: “აალებული გემი წინ მიიწევდა, თითქოს უმოწყალო ძალა გაეგზავნა შურის საძიებლად”.  ვფიქრობთ, რომ ორი მომჭირნე კომერსანტი, ვილდადი და ფალეკი, რომლებმაც ეს გემი გაგზავნეს, “შურისმაძიებელი კვაკერები” იყვნენ. მელვილმა იცის, რომ ახალი ინგლისის კალვინიზმი, თავისი სიმკაცრის მიუხედავად, არ ეწინააღმდეგებოდა კაპიტალიზმის ულმობლობას: წინ, ქრისტეს მეომრებო, საბრძოლველად გაეშურეთ! “ქარს კვამლის პირქუში ბოლქვები მიჰქონდა”, – ამბობს ისმაელი და ხედავს ყველა მეზღვაურის – მამაცი მეჰარპუნეების ჩათვლითP – ჭვარტლითა და ოფლით დაფარულ სახეებს. ეს აპოკალიფსური ხილვაა:

“ქარი ყმუოდა, ზღვა ღელავდა, ხომალდი ტალღებში ყვინთავდა და კვნესოდა, მაგრამ განუწყვეტლივ მიჰქონდა წინ თავისი წითელი ჯოჯოხეთი ზღვისა და ღამის წყვდიადში, აგდებით ღეჭავდა თეთრ ძვალს და მრისხანედ ისროდა ხახიდან თეთრ ქაფს, – და მაშინ ცეცხლითა და დამწვარი ლეშით დამძიმებული “პეკოდი”, რომელსაც წყვდიადის სიშავეში მიჰყავდა ველურები, თითქოს მისი შეშლილი მეთაურის სულის მატერიალური ხორცშესხმა იყო”.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ ენაცვლება ხომალდი ლევიათანს, აგდებით ღრღნის თეთრ ძვალს – გაუმაძღარი ვეშაპი, ნაცვლად პატარა ველბოტისა – და გაბოროტებით ისვრის ხახიდან იმას, რასაც ანადგურებს. აქედან შეიძლება დავინახოთ აქაბი ინდუსტრიული და მექანიზებული სურათების თვალსაზრისით: თუჯის მოაჯირი, სხეულის ხელოვნურად დამზადებული ნაწილები, ხისგან გამოთლილი ნივთები, ჩაქუჩი და სამჭედლო.

ამ (96-ე) თავში ასახული წინასწარმეტყველებები გარდუვალია, თანამედროვე ინდუსტრიული კაპიტალიზმი საკუთარი ულმობელი ძალაუფლებით იკვებება. მას წარმართავს თვითგანადგურებისკენ ლტოლვა, რომელიც ჩვენც გაგვანადგურებს. ყველაზე გავლენიანი ეკოლოგიური ნაშრომებიც ამჟამად აპოკალიფსური ხასიათისაა – “ბუნების დასასრული” (მაკკიბენი), “სიცოცხლის მომავალი” (უილსონი), “მზის სრული დაბნელება” (დილარდი), “უტყვი გაზაფხული” (კარსონი), “სამყაროს განსაცდელი” (ბუელი) – და ამავე მიზეზებით.

რა შეიძლება ითქვას თვით მობი დიკის შესახებ? შეიძლება თუ არა, რომ რეალური ცხოველი განვიხილოთ ყოელგვარი ალეგორიების და სიმბოლიკის, ცრურწმენებისა და დემონიზების, იმ მნიშვნელობათა გარეშე, რომელთაც ადამიანის ემოციები – მაგალითად, აქაბის მრისხანება – მიაწერს მას? ეს პრობლემა გონივრულადაა შეჯამებული პიპის კომენტარში, “დუბლონში” (თავი 99-ე): “მე ვხედავ, შენ ხედავ, ის ხედავს: ჩვენ ვხედავთ, თქვენ ხედავთ, ისინი ხედავენ”. ყოველ ადამიანს მოვლენების საკუთარი ხედვა და საკუთარი გაგება აქვს, და არ არსებობს არავითარი ობიექტური ჭეშმარიტება. მიუხედავად ამისა, რა შეიძლება გავიგოთ თვით ცხოველის შესახებ? როდესაც იწყება თხრობა მობი დიკის შესახებ (41-ე თავში), ისმაელი ხაზგასმით აღნიშნავს ცხოველის შემაძრწუნებელ გონიერებას:

“ეს ვეშაპი უჩვეულო ზომებით, საოცარი ფერით და დეფორმირებული ქვედა ყბით კი არ იწვევდა შიშს, არამედ უმაგალითო, ჭკვიანური ბოროტებით, რომელსაც იჩენდა ადამიანებზე თავდასხმისას. განსაკუთრებულად საშიში იყო, როდესაც მზაკვრულად უკან იხევდა. თავდაპირველად თავს ისე იკატუნებდა, თითქოს, შეშინებული, თავის მოზეიმე მდევარს გაურბოდა, მაგრამ შემდეგ უეცრად ბრუნდებოდა, მის შესახვედრად მოჰქროდა და ან სრულიად ანაფოტებდა მდევართა ველბოტს, ან გემისკენ მიათრევდა, რაც ეკიპაჟს პანიკაში აგდებდა”.

ვეშაპის მზაკვრობა და ბოროტება კვლავ მჟღავნდება, როდესაც ვგებულობთ, რაოდენ იოლად წააცალა მან აქაბს ფეხი: “არც ერთი რიდემოხვეული ოსმალო, არც ერთი დაქირავებული მკვლელი-ვენეციელი ან მალაელი არ დაესხმოდა თავს უფრო მეტი ბოროტებით”. მაგრამ ამგვარი დახასიათება აშკარად გვაიძულებს, გადავიაზროთ ბოროტების ცნება. შეცვალეთ ათვლის წერტილი და ეს ნათელი გახდება. განა შეიძლება არ გაბოროტდე, თუკი – წლიდან წლამდე – ბოროტი ადამიანები წვეტიან შუბებს გესვრიან და ცდილობენ მოგკლან? განა შეიძლება, თუ გონიერი ხარ, არ ეძებო საშუალებები მტრების მოსატყუებლად? მოკლედ, განა შეიძლება, არ გამოიყენო საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები? მელვილი ხაზს უსვამს ამ ირონიას ფარული ალუზიით შექსპირზე, “თავს რიდემოხვეულ ოსმალოზე”, რომელსაც ოტელო ახსენებს თვითმკვლელობამდე:

 

როცა ალეპოში ოსმალი ვინმე

თავს რიდე-დგმული, სიამაყით გულზედ მოსული

ვენეციელსა სცემდა ერთსა და მის ქვეყანას

უშვერის სიტყვით აგინებდა –

მივწვდი მე ყელში იმ ქოფაკს ძაღლსა

წინ-დაცვეთილსა და დავკალ ასე…

 

ბოროტი მტერი – ბარბაროსი ოსმალო – მობი დიკი კი არაა, არამედ – აქაბი, რომელიც პირველად გადავიდა შეტევაზე.

სტარბეკი რომანის ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც (რა თქმა უნდა, სამართლიანად) ედავება აქაბს მის შურისძიებასთან დაკავშირებით, (“შუაგემბანი”, თავი 36). განვიხილოთ როგორ მსჯელობს ის მობი დიკის შესახებ:

“უტყვ ცხოველზე იძიებ შურს, აქაბ?… არსებაზე, რომელიც ბრმა ინსტინქტის კარნახით დაგესხა თავს? რა სისულელეა! უტყვ ცხოველზე განრისხება მკრეხელობაა”.

განმეორებული უტყვი (dumb) – მეტყველების უნარის არმქონე – თავისი მნიშვნელობით ახლოსააP “stupid”-თან ან “slow-witted”-თან. აშკარაა, რომ სტარბეკი ქედმაღლურად მოიხსენიებს ცხოველს, როგორც “უგუნურ არსებას”, რომელსაც მხოლოდ “ბრმა ინსტინქტი” ამოძრავებს. მაგრამ რომანში სხვა თვალსაზრისია წარმმართველი. ისმაელმა უკვე აღიარა მობი დიკის “უმაგალითო” ინტელექტი და ბოროტება 41-ე თავში; ის ამ თემას უფრო დეტალურად უბრუნდება 45-ე თავში (“ფიცის დადება”), სადაც წინასწარ განჭვრეტს რომანის კულმინაციას. ისმაელი აცხადებს, რომ კაშალოტს “საკმარისი ძალა, საკმარისი უნარი და ავად მომართული გონიერება აქვს, რათა განზრახ შეანგრიოს, გაანადგუროს და ჩაძიროს დიდი ხომალდი…”. ის ხშირად თავს ესხმის და მისდევს ველბოტებს ხომალდამდე და ხომალდებსაც მისდევს. “თვით დაჭრილი კაშალოტიც, – ამბობს ისმაელი, – როდესაც გონს მოდის, ბრმა რისხვის ზეგავლენით კი არ მოქმედებს, არამედ გააზრებულად, ბოროტი განზრახვით და ცდილობს დაღუპოს მოწინააღმდეგე; დამახასიათებელია, აგრეთვე, რომ როდესაც კაშალოტს თავს ესხმიან, ის ხახას აფჩენს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე გამოხატავს თავის მუქარას”.

ველური ცხოველების თანამედროვე მკვლევრებმა მძვინვარების ეს გამოვლინება შეიძლება წინასწარ გათვლილ სტრატეგიად მიიჩნიონ – შეაშინეთ თქვენი მტერი და შეძლებთ თავიდან აიცილოთ თავდასხმა და დაზარალების რისკი. მელვილს შენიშვნაში მოჰყავს ნაწყვეტი ოუენ ჩეიზის წიგნიდან “ამბავი ვეშაპმჭერი “ესექსისა” (1821), რომელშიც აღწერილია, როგორ გაანადგურა კაშალოტმა გემი:

“აშკარა იყო, რომ კაშალოტი გააზრებულად მოქმედებდა. ის ორჯერ – მოკლე პაუზებით – თავს დაესხა ხომალდს და ორივეჯერ მისი დარტყმების მიმართულება იმგვარად იყო გათვლილი, რომ ჩვენთვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ზიანი მოეყენებინა… საზარელი შესახედავი გახლდათ და ეტყობოდა, რომ გააფთრებული და აღშფოთებული იყო. ის ჩამოშორდა თავის გუნდს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დავეწიეთ და სამ ვეშაპს ჰარპუნი ვტყორცნეთ. თითქოს შურს იძიებდა მათი ტანჯვის გამო”.

ჩეიზს კარგად ესმის, ვინ გამოიწვია მრისხანება და რატომაა ის სამართლიანი. ის იმდენად იღბლიანი არ გახლდათ, როგორც ისმაელი იყო და ვეშაპის თავდასხმის შემდეგ ნავში, ღია ზღვაში რამდენიმე კვირა გაატარა, ისე, რომ ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობდა, ვეშაპის საშინელი გამომეტყველებისა და მისი შურისძიების გარდა” – აი კიდევ ერთი ძველი მეზღვაური.

შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ვეშაპის თავის დამანგრეველი ძალა აღემატება მისი თავის ქალის მოცულობას. თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს იმას, რაც მელვილმა ემპირიულად იცოდა: კაშალოტს უზარმაზარი ტვინი აქვს, დედამიწის მკვიდრთა შორის ყველაზე დიდი. დაფიქრდით, “მობი დიკის” რამდენი თავი ეძღვნება ვეშაპის ტვინს, რომელიც მოიცავს მისი სხეულის მესამედს – ესაა სფინქსი, ეგვიპტური პირამიდა, პრერია, უფსკრული, რომელშიც ვიძირებით და წიაღი, საიდანაც გამოვდივართ, ძვირფასი ამბრის წყარო, თვით ბუნების ტვინი. მისი შუბლის ნაოჭები ზუსტად შეესაბამება აქაბის წარბებს. ის, ერთგვარად, მისტიკურად უპირისპირდება აქაბს, ან, უფრო ზუსტად, შეურაცხყოფს მას თავისი გასაოცარი ინტელექტითა და სრული იდუმალებით.

მაგრამ დევნის უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ისმაელს არავინ შეურაცხყოფს. ბოლოსO(თავი 133-ე) ის ახლოდან ხედავს მობი დიკს ვეშაპთან მეჰარპუნეთა შეუმჩნეველი პირველი მიახლოებისას და განცვიფრებულია უშფოთველი სილამაზითა და ჰარმონიით: მის ირგვლივ ყველაფერი “თვალისმომჭრელია”, “ჟღურტულებს”, ნაზია, ხალისიანი და ანცი. “მხიარულად და ლაღად – ძლიერი არსებისთვის დამახასიათებელი სიზანტით, რომელიც ელვისებრ სწრაფ მოძრაობაშიც კი იჩენდა თავს – მისრიალებდა ტალღებზე ვეშაპი”. ესაა ისმაელის მიერ აღქმული მხიარულება ცხოველისა და არა საკუთრივ მობი დიკის მხიარულება. “ის არ იყო ზევსი, არც უზენაესი მეუფე! მაგრამ სახელგანთქმული ღვთაებრივი თეთრი ვეშაპი არანაკლებ დიდებული იყო!”

მელვილის ენა იმგვარია, რომ მწერალი უთუოდ უნდა მივაკუთვნოთY უდიდეს პოეტებს, რომელთაც კი ხოტბა შეუსხამთ ბუნებისთვის. ესთეტიკური რეაქცია, აღტაცება – იქნება ის გამოხატული პოეტური ფორმით თუ არა – მთელი თანამედროვე ეკოლოგიის არსებითი კომპონენტია, რომელიც მარტოოდენ ესთეტიზმად არ უნდა მივიჩნიოთ. ბუნებრივი მშვენიერებისკენ ლტოლვა თვითგადარჩენის ინსტინქტია, და არა მხოლოდ პოეზია. აი ორი არსებითი მაგალითი არაპოეტური სფეროდან: ოლდო ლეოპოლდი ამტკიცებს, რომ მიწის გამოყენებასთან დაკავშირებული არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება წარმატებული, თუკი უგულებელვყოფთ მის ესთეტიკურ ასპექტს. ი. ო. უილსონის თქმით, ადამიანის სწრაფვა სილამაზისკენ წარმოადგენს ჩვენი დნკ-ს ნაწილს, არსებითს იმის შესაცნობად, რის მეშვეობითაც შევძლებთ გადარჩენას. უილსონს შემოაქვს ტერმინი “ბიოფილია”, მაგრამ ისმაელსა და სხვებს მისი მნიშვნელობა გაცილებით ადრე ჰქონდათ გააზრებული. მაგალითად, დარვინი, თავის დასკვნაში, რომელიც “სახეობათა წარმოშობას” ერთვის, წერს:

“დიდებულია შეხედულება, რომლის თანახმად, სიცოცხლე მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებებით სამყაროს შემოქმედმა თავდაპირველად შთაბერა ერთ ფორმას ან ფორმათა გარკვეულ რაოდენობას; და იმ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენი პლანეტა ბრუნავს მიზიდულობის ურყევი კანონების შესაბამისად, ამგვარი მარტივი საწყისიდან განვითარდა და ახლაც ვითარდება აურაცხელი მშვენიერი და გასაოცარი ფორმა”.

თუ ასეა, მელვილის ვეშაპი აბსოლუტურად მშვენიერია.

მობი დიკი, მისი დევნის პირველ დღეს სიღრმიდან ამოცურდება პირდაპირ აქაბის ნავის ქვეშ, თავისი ვეება დაფჩენილი ხახით. როდესაც აქაბი საფრთხისგან თავს იხსნის, მობი დიკი… კვლავ აიტაცებს ველბოტს და ისე მოიქნევს, როგორც მზაკვარი კატა – დაჭერილ თაგვს”, შემდეგ კი ორ ნაწილად გადაკვნეტს. გასაგებია? ბოლომდე ვერა. მობი დიკი დაცურავს ნავის ნამსხვრევების ირგვლივ და კუდით აქაფებს წყლის მორევს, რომლის ცენტრს აქაბის თავი წარმოადგენს. როდესაც “პეკოდი” მათ შორის მოექცევა, მობი დიკი შეტრიალდება და განზე გაცურდება.

მეორე დღეს მობი დიკი “სწრაფად ამოდის წყლის ბნელი სიღრმიდან, მთელი სხეულით ხტება მაღლა, ჰაერში, თვალისმომჭრელი ქაფის მთელ მთას აღმართავს”. სანამ სამი ნავი თავს დაესხმება, ის თვითონ გაექანება მათკენ და ჰარპუნების თოკებს აბურდავს. დაჭიმული თოკები ახლა ნავებს აქაფებული მორევისკენ ეზიდებიან. შემდეგ ის კვლავ ამოცურდება აქაბის გადარჩენილ ნავთან და ქვემოდან თავს ისე აარტყამს, რომ ნავი რამდენჯერმე გადატრიალდება ჰაერში, სანამ ფსკერით კვლავ დაეცემა წყალზე. აქაბი და მეზღვაურები წყალში აღმოჩნდებიან. საინტერესოა, რომ მობი დიკის მრისხანება ახლა უკვე ჩამცხრალია – “ის კმაყოფილია, რომ თავისი სამუშაო დაასრულა”. ვეშაპი, მოგზაურისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, დინჯად მიცურავს შორს. აშკარაა, რომ მან არც ისე რაციონალური არჩევანი გააკეთა, მაგრამ – კეთილშობილური.

 მესამე დღეს - მაგრამ უკვე ვიცით, როგორ მოიქცა მობი დიკი მესამე დღეს, როდესაც გემის გვერდით ამოხტა და წყლის ზედაპირზე, თავისი "მარმარილოსებრი სხეულის ირგვლივ, რძისებრ თეთრი წრეები დატოვა". ის თითქოს "უჩვეულოდ გულგრილი" იყო, როდესაც აქაბმა "საძულველ ვეშაპს თავისი უმოწყალო კაუჭი და კიდევ უფრო მწარე წყევლა" ესროლა. მობი დიკი აქ რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს - თავს ესხმის თვით გემს, შეანგრევს მის მარჯვენა ბორტს, - ისმაელის თქმით, "ეტყობოდა, რომ სამაგიეროს მიზღვის, სწრაფი შურისძიების სურვილი და მარადიული ბოროტება ამოძრავებდა". კვლავ უძრავად დაწვა ტალღებზე. დამშვიდდა? მაგრამ როდესაც აქაბმა ვეშაპს უკანასკნელი კაუჭი და უკანასკნელი წყევლა სტყორცნა, მოხუც კაპიტანს თოკის მარყუჟი კისერზე შემოეხვია და უფსკრულში ჩაათრია. გაუჩინარდა მობი დიკიც. თავდამსხმელთა უმოწყალო ბოროტების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგად იქცეოდა.
 შეიძლება თუ არა, რაიმენაირად განვმარტოთ აქაბის ქცევა თანამედროვე ეკოლოგიის თვალსაზრისით, ან უფრო ღრმად ჩავწვდეთ ბუნებას? განვიხილოთ ედვარდ ების არგუმენტი. ის, "უდაბნოს განდეგილის" წერისას (1968) მიზნად ისახავდა რადიკალური ექსპერიმენტის ჩატარებას.
 "აქ [ნევადის უდაბნოში] ვიმყოფები არა მარტო იმისთვის, რომ გავექცე კულტურული საზოგადოების ხმაურსა და სიბინძურეს, არამედ - იმისთვისაც, რომ პირისპირ წარვუდგე - დაუყოვნებლივ და უშუალოდ, თუკი ეს შესაძლებელია - ყოფიერების შიშველ სხეულს, ელემენტარულსა და ფუნდამენტურს, საფუძველს, რომელიც ჩვენ უზრუნველგვყოფს. მინდა დავაკვირდე ღვიის ბუჩქს, კვარცის ნატეხს, გრიფს, ობობას და ვნახო როგორია თითოეული მათგანი თავისთავად, ისე, რომ უკუვაგდო წინასწარი წარმოდგენები მათი თვისებების შესახებ... პირისპირ შევხვდე ღმერთს ან მედუზას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საფრთხეს შეუქმნის ყოველივე ადამიანურს ჩემში".

მას სურდა ჩასწვდომოდა ბუნებას ისევე ღრმად, როგორც მელვილი ჩასწვდა, პირისპირ წარსდგომოდა ისე, რომ სიყვარულს ან სიძულვილს არ გაებუნდოვანებინა მისი თვალთახედვა. განურჩევლად იმისა, იხილა თუ არა ღმერთი ან მედუზა, ის აცხადებს თავის “მზადყოფნას საფრთხე შეექმნას ყოველივე ადამიანურს ჩემში”. ეს, ჩემი აზრით, აქაბის პოზიციას წააგავს, მაგრამ ების წყარო იყო პასაჟი “უოლდენის” მეორე თავიდან:

“მინდოდა, ცხოვრებას ღრმად ჩავწვდომოდი და მისი გულისგული ხელში მომეგდო, მკაცრად და სპარტანულად მეცხოვრა, რაც სიცოცხლე არ იყო, მისგან გამომერიდებინა, თავად კი კუთხეში მიმემწყვდია, მისი ყველაზე უშლელი არსი გამომერჩია, ხოლო თუ ხელში რამ უბადრუკი შემრჩებოდა – მისი სრული და შეულამაზებელი უაზრობისთვის თვალი გამესწორებინა, და ეს აზრგაცლილობა სამყაროსთვის მეცნობებინა; მაგრამ თუ მის სიდიადეს მივადგებოდი, ცდით და სინჯვით შემეცნო და ჩემს სხვა ნაწერებში აღმეწერა”.

 თორო არ ფიქრობდა, რომ უშლელ არსამდე დაყვანილი ადამიანის სიცოცხლე გამოერჩია, მაგრამ სურდა ემპირიულად გამოეცადა ის. თუ ექსპერიმენტი დაადასტურებდა ბუნების უბადრუკობას, მაშინ ის ამას "მთელს ქვეყნიერებასაც ამცნობდა". თუ ბუნება სრულყოფილი აღმოჩნდებოდა, როგორც თორო ფიქრობდა (ემერსონის ზეგავლენით), ამასაც გაუცხადებდა ყველას. ახლა მივუბრუნდეთ აქაბს. მასაც სურს გაიაზროს, რა არის არსობრივად ჭეშმარიტი იდეაში ღვთიური შემოქმედების შესახებ. შუაგემბანზე ის ეუბნება სტარბაკს, რომ ხილული საგნები ოდენ მუყაოს ნიღბებია, რომელთა მიღმა ის გრძნობს მიუწვდომელ, მაგრამ გონიერ საწყისს". მას აღიზიანებს იდეა მიუწვდომელი გონების შესახებ. მაგრამ რაც კიდევ უფრო უარესია, აქაბი ხედავს ამ საწყისში - სულ ერთია, რას ვუწოდებთ მას, Eღმერთს, ბუნებას თუ მობი დიკსP- "მრისხანე ძალას, რომელსაც იდუმალი ბოროტება სჩვევია". ამ ბოროტებას აქაბი წინ აღუდგება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საფრთხეს შეუქმნის ყოველივე ადამიანურს მასში. 41-ე თავში ისმაელი აგვიწერს აქაბის სულიერ ძიებებს და ადასტურებს, რომ აღიარებს და, შესაძლოა, იწონებს კიდეც მათ მოტივებს:
 "თეთრი ვეშაპი ედგა თვალწინ, როგორც ბოროტი ძალა, რომელიც სულს უღრღნის ზოგიერთ ღრმად მგრძნობიარე ადამიანს, სანამ ნახევარი გულისა და ნახევარი ფილტვის ამარა დარჩებიან. ეს იდუმალი ბოროტება, რომელიც ოდითგან არსებობს... ყოველივე, რაც აბრუებს და აწამებს გონებას; რაც ამღვრევს და აბუნდოვანებს საგანთა არსს; ყველა მავნე ჭეშმარიტება, ყოველივე, რაც წყვეტს ძარღვებს და ახმობს ტვინს; სიცოცხლისა და აზროვნების მთელი ეს ფარული დემონიზმი; მთელი ბოროტება შეშლილი აქაბის ცნობიერებაში ხილული და შურისძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მობი დიკის სახით".
 ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მელვილი თოროზე უფრო შორს მიდის: სააშკარაოზე გამოაქვს როგორც ბუნების უბადრუკობა, ისე მისი სრულყოფილებაც. რა იქნებოდა, თოროს რომ ეპოვა ჭეშმარიტება, რომელშიც ბოროტება იქნებოდა? არის თუ არა ბოროტება ან სიკეთე ბუნებაში? რაიმენაირი ბოროტება? რა იქნებოდა, მას რომ აეტანა იობისებრი განსაცდელი ან დაუმსახურებლად ეტანჯა, რომ არაფერი ვთქვათ შინაური და გარეული ცხოველების ხვედრის შესახებ? აქაბისთვის "ჭეშმარიტებას საზღვრები არა აქვს" და, შესაძლოა, ეს მოკრძალებული საყვედურია ჭეშმარიტების უფრო მარტივი მაძიებლებისთვის, მაგალითად, ებისა და თოროსთვის. "მობი დიკი" არ გვარწმუნებს, რომ ბუნება მხარს დაგვიჭერს, განგვკურნავს ან გვანუგეშებს; ამ წიგნის მიხედვით, ბუნება შეიძლება ბოროტად მოგვეჩვენოს, თუმცა მას არასოდეს არავითარი მიზანი არა აქვს. ამიტომ, შესაძლოა, "მობი დიკი" მართლაც არის, ენი დილარდის თქმით, საუკეთესო წიგნი, რომელიც კი დაწერილა ბუნების შესახებ.
 ახლა დასკვნის სახით ამერიკული სიბრძნის შესახებ, რომელიც რომანის ეპილოგშია მოცემული. რა სვირინგები გადაჰქონდა ქვიქეგს ესოდენ გულმოდგინედ თავის კუბოში, რომლითაც ისმაელმა თავი დაიხსნა? "გროტესკული ფიგურები და ნახატები", შესაძლოა, რომელიმე "აწ გარდაცვლილი წინასწარმეტყველისა და ნათელმხილველის" ნამუშევარი, ფიქრობს ისმაელი. შესაძლოა, ეს იყო "კოსმოგონიური თეორია", ამოუხსნელი ამოცანა, რომლის წაკითხვა "თვით ქვიქეგსაც არ შეეძლო". თანამედროვე ეკოლოგიას აქვს პასუხი ამ კითხვაზე, რომელიც, ჩემი აზრით, მელვილისთვის გასაგები იქნებოდა. მას შემდეგ, რაც თორო 1842 წელს საუბრობდა "ინდიელთა უფრო სრულყოფილი სიბრძნის შესახებ", ამერიკელი ბუნებისმეტყველნი მიუბრუნდნენ ალტერნატიულ ენებსა და ეგრეთ წოდებულ "პრიმიტიულ" კულტურებს სიბრძნის მოსაპოვებლად. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ უკანასკნელი ათწლეულების ორი ავტორიტეტული მოაზროვნე - ლესლი მარმონ სილკო და ბარი ლოპესი. სილკო თავის ესეებსა და მხატვრულ ნაწარმოებებში ამტკიცებს, რომ თქმულებები პუებლოს ტომის ინდიელთა შესახებ აკავშირებს მათ მიწასთან და მათივე ტომის ისტორიასთან - ხშირად ძალზე სპეციფიკურად, რომელიმე კონკრეტულ მთასთან ან მდინარესთან, იმ ცოდნის შენახვის მეშვეობით, რომელსაც ნაყოფიერად იყენებდა მათი მრავალი თაობა. "ოცნებებში არქტიკის შესახებ" ლოპესი წერს კანადელი ესკიმოსების "ადგილთან დაკავშირებულ" თქმულებებზე: "ამ მითოლოგიურ გადმოცემებს, ჩვეულებრივ, საგულდაგულოდ უფრთხილდებოდნენ. (შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ მთხრობელი ბოლომდე ვერ ჩასწვდომოდა იმ ამბის სიბრძნეს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი ღირებულება.)". ახლა განვიხილოთ წყარო, რომელიც უფრო ახლოა ქვიქეგის წარმომავლობასთან: მოკენის ტომის მომთაბარე მეთევზეები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ კუნძულებზე ტაილანდისა და ბირმის სანაპიროებთან. 2004 წლის 26 დეკემბერს, მძლავრი ცუნამის დროს, არც ერთი ადგილობრივი მოკენი არ დაღუპულა. ხმელეთზე მყოფნი მყისვე მიხვდნენ, რომ უფრო მაღალი ადგილი უნდა ეპოვათ და ასეც მოიქცნენ. ზღვაში მყოფებმა დაუყოვნებლივ იცნეს უცნაური ამონაბურცი და უფრო ღრმა წყალში შევიდნენ თავის გადასარჩენად. "ჩვენ დიდი ხნიდან ვყვებით ტალღის ამბავს", აუხსნა ერთ-ერთმა მათგანმა სი-ბი-ესის რეპორტიორს, თითქოს აქ არაფერიაო. "დიდ ტალღას დიდი ხნის განმავლობაში არაფერი უჭამია და ახლა უნდა დანაყრდეს". მოკენის ტომის ადამიანებიდან არც ერთს არ ენახა ცუნამი, მაგრამ თქმულებებიდან იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ამგვარი თქმულება ამოჭრილი იყო ქვიქეგის კუბოზე, რამაც ისმაელს გადარჩენის საშუალება მისცა.
წერილი ეძღვნება ბენჯამინ პ. ფლაუერის (1962-2012), საზღვაო გეოლოგისა და პალეოოკეანოლოგის ხსოვნას

© არილი


[1] გამოქვეყნდა 2013 წელს The Hudson Review-ში.

Facebook Comments Box