ანა კორძაია–სამადაშვილი, “ვინ მოკლა ჩაიკა“, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2013.
„ვინ მოკლა ჩაიკა“ ანა კორძაია-სამადაშვილის ჯერჯერობით ბოლო რომანია, რომელმაც კარგა გვარიანად ამირია ტვინი, რაც, ცხადია, მომწონს.
არ შემეძლო ამ წიგნზე საუბარი მისი მთავარი ღირსებიდან – სიუჟეტური ქსოვილიდან არ დამეწყო. დასაწყისი, ბოლო და მათ შორის მოქცეული ჩახლართული ამბავი იმდენად კარგადაა შეკრული, რომ შეუძლებელია კმაყოფილების განცდა არ დაგიტოვოს, მით უმეტეს, თუ ლიტერატურაში გამოუსწორებელი ფორმალისტი, ან თუნდაც მანიაკი პერფექციონისტი, ან პირწავარდნილი ესთეტი ხარ. ავტორი მეტ-ნაკლები წარმატებით (და უფრო წარმატებით, ვიდრე წარუმატებლად) გაუმკლავდა საკმაოდ რთულ პრობლემას – მოქმედების მცირე არეალში უამრავი პერსონაჟის მოთავსებას. საერთოდ, ბევრი პერსონაჟი მკითხველს ყოველთვის აბნევს, მით უმეტეს, თუ წიგნიც არაა სქელტანიანი და მასში განვითარებული მოქმედებაც კომპაქტურია. თუ ავტორი შემთხვევითად არჩევს პერსონაჟებს, არ იხარჯება მათ სრულყოფაზე და უსახურ „ნიკუშკებს“ უბრალოდ ყრის სიუჟეტში, მკითხველებიც დიდად თავს არ ვიკლავთ მათ დამახსოვრებაზე და მეტიც, თუ ავტორი ამ უსახურ გმირებს არ გვაკმარებს და სიუჟეტის ხლართვასაც ეცდება, საერთოდაც გული გვიცრუვდება წიგნზე, რომელიც ან ეგოისტი, ან უნიჭო ავტორის დაწერილი უნდა იყოს. ეჰეი, მანდ, მკითხველზე იფიქრე და ეს კონვეიერში გამოყვანილი მილიონი უსახური ფიგურა, რომლებიც უაზროდ დაბორიალობენ გვერდიდან გვერდზე, მოგვაცილე აქედან!
ანამ ამ პოტენციურ საფრთხეს საკმაოდ ოსტატურად აუარა გვერდი და მოახერხა, რომ თეზოდან დაწყებული (რომელიც მხოლოდ თავში და ბოლოში ჩანს და დიდად არც არავის არაფერში სჭირდება სიუჟეტის სტრუქტურის გარდა) თვით ჩაიკით დამთავრებული, ყველა პერსონაჟისთვის ისეთი დიდი თუ მცირე სახასიათო შტრიხი მიეცა, რომ მკითხველს არ დავიწყებოდა ისინი, მეტიც – ყურადღება მიექცია მათთვის და ნერვებიც არ მოშლოდა. ანას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა – არ მიაფუჩეჩა საქმე და, როგორც ჩანს, ყველა სიტყვაზე ბოლომდე დაიხარჯა.
თხრობა არითმიულია, ტექსტი – ტაქიკარდიული, ბევრი ამოვარდნები აქვს. ზოგჯერ ისე დახტის ავტორი, რომ გადევნება გიჭირს კიდეც, ბუნებრივია – მკითხველის ტვინი კითხვისას ვერ იქნება მწერლის ტვინის სინქრონული, ცოტათი ჩამორჩება მას. ზოგან ეს „ხტუნაობები“ შეიძლება ტექსტის ერთგვარ ნაკლადაც კი მოგვეხსენიებინა, თუმცა ბოლო აბზაცის წაკითხვის შემდეგღა ხვდები, რომ არაფერი ზედმეტი არ ყოფილა. ამ ტექსტისთვის არითმია ორგანული და ბუნებრივი რამაა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. აბა, ვის რაში სჭირდება დასაწყისიდან დასასრულამდე გაწერილად და დალაგებულად მოყოლილი ჩაიკას ისტორია? არც არავის.
სათაურიდანვე ჩანს, რომ წიგნი ერთ დიდ ინტრიგას ეძღვნება, თუმცა რაღა დაგიმალოთ და, იმაზე საინტერესო, თუ ვინ მოკლა ჩაიკა, არის – რატომ მოკლა ჩაიკა? ჩაიკა, რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, მეგობრებს იყო გადაგებული, თავის გეი მეგობართან ერთად მოგზაურობდა ბევრს და, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ერთი პიროვნება (მამაკაცი) არ უყვარდა და ხალხში გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით შეიძლება „შინაბერა ბოზანდარაც“ კი ეთქმოდა, მაინც დიდ სითბოს ასხივებდა. მაგდა, ყანჩა, ჩაიკა, კარალევა, სანდრო – ავტორს ეს სამეგობრო ისე ჰყავს აღწერილი, რომ სულ რომ უკანასკნელი ჰომოფობი იყო დედამიწის ზურგზე, შეძლება გულის სიღრმეში მაინც მოგინდეს ამ წრეში ყოფნა, მცირე ხნით მაინც.
ჰომოფობი ტყუილად არ ვახსენე. ბოლო დროს ქართულ ხელოვნებაში სადაც კი გეი შემხვედრია, ყველგან უცნაურადაა გამოყვანილი – თითქოს ხიჭვია, რომელიც უნდა ამოიღო ან რაღაც საზიზღარი ეგზოტიკა. პრინციპში, სანდროზე და მით უმეტეს, კარალევაზე დიდი „ეგზოტიკა“ ვინაა, მაგრამ ეს პერსონაჟები ისე ორგანულად სხედან სიუჟეტში, იმდენად სრულყოფილად არიან დამუშავებულები, რომ ავტორს აშკარად ეტყობა, მათ ხიჭვებად სულაც არ მიიჩნევს და მკითხველსაც იმავე გრძნობას უჩენს. თურმე შესაძლებელი ყოფილა პერსონაჟი იყოს გეი, მეტიც – სასაცილოდაც კი გამოიყურებოდეს რიგ შემთხვევებში, მაგრამ მკითხველს არ უჩენდეს შეგრძნებას, რომ ის ძალითაა შეტენილი და სინამდვილეში მას იქ არაფერი ესაქმება. ავტორის ოსტატობასა და ხედვის კუთხეზეა ეს დამოკიდებული, რაც ანას არ დაეწუნება.
ჰო, და მაინც – რატომ მოკლა ჩაიკა? ფული მას არ ჰქონდა და რაიმე განსაკუთრებული ნივთები, ვის რად უნდოდა მისი მოკვლა? ბაბი ესაკიას აფიორის გამო მოკლეს? როგორ, ჩაიკა აფერისტი იყო? ნწნწნწ, რამდენადაც თავისი მეგობრები უყვარდა, იმდენად ფეხებზე ეკიდა სხვები, არა?
ჩემი აზრით, ჩაიკა უბრალოდ ზედმეტი იყო, არც მეტი, არც ნაკლები. ჩაიკები ყოველთვის „ზედმეტები“ არიან საზოგადოებისთვის. აფიორაა თუ რაცაა, ჩაიკებს ვერ განვსჯით „კარგისა“ და „ცუდის“ კატეგორიებით. მათ მიწასთან არც არაფერი ესაქმებათ და შესაბამისად არც ამ მიწის სტანდარტებთან აქვთ რაიმე საერთო. ზღვებისა და მდინარეების თავზე დალივლივებენ მთელი ცხოვრება, არაფერი განსაკუთრებული გააჩნიათ ნისკარტისა და ფრთების გარდა, ჰო, არაფერი განსაკუთრებული.
© “არილი”