ესე (თარგმანი),  კრიტიკა

ჯეი მაკინერნი – გამონაგონის მნიშვნელობა

jei makinerni-54

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

თავს აქედანვე ვიზღვევ: ეს წერილი არ არის მხატვრული ნაწარმოები. ამიტომაც ვერ იქნება ისეთი მეტყველი, ისეთი ცოცხალი და ვერც ავტორის სიღრმისეულ მრწამსსა და გრძნობებს გამოხატავს ისე, როგორც მხატვრული პროზა; ვერც ენობრივი მიგნებებით დაიტრაბახებს და არც სალმან რუშდისა და ზედი სმიტის ბოლო რომანებისთვის დამახასიათებელი ემოციური რეფლექსიურობით გამოირჩევა. მე რომანისტი ვარ. სულ ახლახანს დავამთავრე ერთი რომანი და, სიმართლე გითხრათ, თავზარი დამცა “ნიუ იორკ ტაიმსში” ვ. ს. ნაიპოლის ამასწინანდელმა განცხადებამ – თურმე ნუ იტყვით, რომანს ყავლი გასვლია. გამოდის, ნეკროფილი ვყოფილვარ და სხვა არაფერი! ნაიპოლი ძირითად იმას გვიმტკიცებს (ადრე თუ ასეთი რამ სხვისგანაც გაგიგონიათ, მითხარით და კრინტსაც აღარ დავძრავ), რომ დოკუმენტური პროზა, ნებისმიერი ნარკვევი გაცილებით უკეთ ავლენს ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს და თანამედროვე ყოფასაც უფრო სრულყოფილად ასახავს. თავის ესეში “ჭეშმარიტება გამონაგონზე მეტია” ნაიპოლი ავრცობს ზემოხსენებულ თემას და სინანულით ასკვნის: “იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ არც ერთ რომანში ჯეროვნად არ ასახულა 11 სექტემბრის შემდგომი პერიოდი.” ახლა მოდით, ის ვიკითხოთ, რომელ ფილმსა თუ ნარკვევში ნახა ეს ჯეროვნად ასახული!

ისე კი, რომანის მიცვალებას დონ კიხოტის დაწერის დღიდან დასტირიან. ამ ოციოდე წლის წინ ამერიკულ საგამომცემლო წრეებში საყოველთაოდ მიღებული აზრი გახლდათ, რომ რომანმა საკუთარი თავი ამოწურა. “რენდომ ჰაუზის” მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯეისონ ეპშტაინმა კი შემიქო ჩემი პირველი რომანი, რომელიც გამოსაცემად შეიძინა, მაგრამ ლანჩზე მეგობრულად გამაფრთხილა, ხომ იცი, რომანს მკითხველი აღარ ჰყავს და შენივე ასაკის ხალხს მხატვრული ლიტერატურა დიდად აღარ აინტერესებსო. ერთი სიტყვით, მოსალოდნელ მარცხთან შესაგუებლად მამზადებდა.

1970-იან წლებში, როცა კოლეჯში ვსწავლობდი, ტომ ვულფი დიდ რეკლამას უწევდა რაღაცას, რასაც “ახალ ჟურნალიზმს” უწოდებდა. გრგვინავდა, რომანმა ჩვენი ჭირი წაიღოო და დაჟინებით გვიმტკიცებდა, მხატვრული პროზა ვერა და ვერ ასახავს თანამედროვე ბობოქარ ყოფასო. და მართლაც, ტელევიზიით გადაცემული ვიეტნამის საშინელებანი, მემფისსა და უოტსში დატრიალებული ამბები, როკ-ბენდების წივილ-კივილი და პაციფისტთა ღაღადი… გვიანდელი 60-იანი და ადრეული 70-იანი წლების მთელი საგიჟეთი თითქოს სავსებით სარწმუნოს ხდიდა მის აზრს. ტრუმენ კეპოტი გაექცა მხატვრულ პროზას, რათა უაზრო მკვლელობების არსში გარკვეულიყო; მანვე გამოიგონა რაღაც, რასაც დოკუმენტური რომანი უწოდა. ნორმან მეილერმაც დამარცხებულად აღიარა მხატვრული პროზა და ფრიად გონივრულად აუწყო ფეხი დროს. “Armies of the Night” (“ღამის ლაშქარი”), ეს დოკუმენტური რომანის სათაურიანი ნაწარმოები, აღწერს მის საკუთარ გალაშქრებას პენტაგონის წინააღმდეგ. ახალმა ჟურნალისტებმა – ვულფმა, გაი ტალესმა და ჰანტერ ს. ტომპსონმა “მიიტაცეს” რა რომანის გარკვეული ტექნიკა და მხატვრული ხერხები, თითქოს უფრო ოსტატურად მოიხელთეს დროის მაჯისცემა, მისი სული, ვიდრე აპდაიკმა და ბელოუმ (მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდის მხატვრული ორიენტირი “შიში და სიძულვილი ლას ვეგასში” (ჰანტერ ს. ტომპსონი), რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც რომანია). ბილ ბაფორდი თავის ესეში (“Granta”-ს I ნომერი, 1979 წ.) ჩიოდა, ბრიტანული რომანი სულს ღაფავსო. ოთხი წლის შემდეგ კი გამოცემამ “ორმოც წლამდე ასაკის 20 საუკეთესო ბრიტანელი რომანისტი” ერთ ყდაში მოაქცია მარტინ ემისი, ჯულიან ბარნსი, სალმან რუშდი, იან მაკიუენი, გრემ სვიფტი, ტიმ ლაზარუსი.

მისტერ ვულფი საკმაოდ გვიან მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომანი იმაზე უფრო ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი და მოქნილი ყოფილა, ვიდრე მას მიაჩნდა: მან ხომ რომანის გამოტირებიდან კარგა ხნის შემდეგ “ურცხვად” გააბათილა თავისივე არგუმენტები, ანუ დაწერა “Bonfire of the Vanities” (“ამაოებათა კოცონი”), რომანი, რომელმაც გაცილებით მეტი გვითხრა იმდროინდელ ამერიკაზე, ვიდრე იმ პერიოდში გამოქვეყნებულმა რომელიმე დოკუმენტურმა ნარკვევმა. მისი შერმან მაკკოი სიმბოლურ ფიგურად იქცა და საზოგადოების ლექსიკაში დამკვიდრდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა “სამყაროს მბრძანებლები” და “სოციალური რენტგენის სხივები”. ვულფმა ეპოქის მითი შექმნა – მისმა რომანმა წარმოაჩინა, თუ როგორ აღვიქვამდით ჩვენ იმ პერიოდს და ეს რომანი უფრო მგზნებარე და დამატყვევებელია, ვიდრე 80-იან წლებზე დაწერილი ათასობით ესე თუ სტატია.

“როცა რომანს წერ, ზიხარ შენთვის არხეინად და რაღაცებს თხზავ”, – უთხრა რეიჩელ დონადიოს ნაიპოლმა (“New York Times Book Reveiw”) – “კი ბატონო, ამით ქვეყანა არ იქცევა, მაგრამ დიდიც არაფერია. თუ რომანტიკოსი მწერალი ბრძანდები, წერ რომანებს ქალებსა და მამაკაცებზე, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდებათ და ა. შ., შიგადაშიგ ფანტაზიასაც მისცემ გასაქანს და მორჩა. მაგრამ მერე რა? დიდი არაფერი”. არაფერი? ამ “შენთვის ჯდომას” და “გამოგონებას” უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქვეყნად არსებობს “ანა კარენინა”, “მადამ ბოვარი”, “დიდი იმედები” და კიდევ ამ გზით შექმნილი უამრავი შედევრი. “დიდი რამე”,  ნაიპოლის აზრით, “ისლამის საკითხის”, “დასავლეთისა და აღმოსავლეთის პრობლემის”, რწმენისა და ურწმუნოების შეჯახების დოკუმენტური გამოკვლევა ყოფილა. ვისაც ნაიპოლის ბოლო რომანები წაუკითხავს (დარწმუნებული ვარ, ერთობ ვიწრო წრეს), ალბათ არ გაუჭირდება იმის შემჩნევა, რომ ეს კაცი ამ ჟანრს უდავოდ გადაუღლია. სიცოცხლის ბოლოს ტოლსტოიც კი ეჭვით ეკიდებოდა მხატვრულ პროზას, მაგრამ პირადად მე გაცილებით მჯერა ტოლსტოი-რომანისტის, ვიდრე ახირებული, სკლეროტიკი ტოლსტოი-პოლემისტისა. ნაიპოლის მოსმენა კი მხოლოდ იმით გახლავთ გამართლებული, რომ სწორედ მან დაწერა “სახლი მისტერ ბისვოზისთვის” და “მდინარის კლაკნილი.” და თუ მისი აზრით, რომანს ყავლი გასვლია, მაშინ მისსა და ჩემი კარისკაცის აზრს ერთი ფასი ჰქონია.

დონადიო თავის წერილში მაკიუენის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუზე გვესაუბრება. მაკიუენის აზრით, 11 სექტემბრის აფეთქებამ განაჩენი გამოუტანა მხატვრულ ლიტერატურას. “რაღაც მომენტში უაზრობად მომეჩვენა გამოგონილ პერსონაჟებთან პირისპირ დარჩენა; მინდოდა სამყაროზე გამეგო რამე. ინფორმაცია მჭირდებოდა. ვგრძნობდი, რომ თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა ყველაფერი და სწორედ რომ შესაფერისი დრო გვქონდა სკოლაში მიბრუნებისა და სწავლის დაწყებისთვის”. გამოთქმა “რაღაც მომენტში” აქ ერთობ ბევრს უნდა ნიშნავდეს.

თითქმის ყველას, ვისაც კი ვიცნობ, ზუსტად ისეთივე რეაქცია ჰქონდა 11 სექტემბრის მოვლენებზე, მაკიუენი რომ აღწერს (ალბათ 7 ივლისის მოვლენებმაც მსგავსი ემოციები და რეაქცია გამოიწვია). სავაჭრო ცენტრზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ჩემს ნაცნობ რომანისტთა უმრავლესობამ თვითგამორკვევისა და თვითკრიტიკის უმძიმესი, დაძაბული პერიოდი გაიარა. მერწმუნეთ, მეც ასე დამემართა: რაღაც დროის მანძილზე “გამოგონილ პერსონაჟთა” და ალტერნატიული რეალობის ცნება ტრივიალურ-ფრივოლურად და ერთობ დრომოჭმულად მომეჩვენა. რაღაც დროის მანძილზე, მცირე ხნით მივატოვე რომანი, რომელზეც ვმუშაობდი და ნახევარი წელი კალამი არ ამიღია ხელში. ეგ რა არის, ისეთი ტრავმირებული ვიყავი და გონებაც ისე მქონდა დაფანტული, რომ თვეების განმავლობაში, რომანს ვინ ჩივის, “ნიუ იორკ ტაიმსის” სტანდარტულ სტატიებზე ოდნავ ვრცელ ნაწარმოებსაც კი ვერ ვკითხულობდი. თანაც, არ დაგავიწყდეთ, ბედმა ბოლომდე არ გამწირა და იმ ტერაქტს ჩემს ახლო მეგობართაგან არც ერთი არ უმსხვერპლია.

რამდენიმე თვე მოხალისედ ვმუშაობდი “გრაუნდ ზეროს” ტერიტორიაზე. საჭმელს ვუმზადებდი ეროვნულ გვარდიელებსა და მაშველებს. იქ, ცხადია, ჭორ-მართალის მოსმენა მიხდებოდა; ახსენებდნენ არაბებს, რომლებიც კამერებით გვითვალთვალებდნენ, ლაპარაკობდნენ ქვის გროვაში ჩამარხულ ათას საშინელებაზე. მე ღამის ცვლაში მიწევდა მუშაობა და მეჩვენება, რომ მიწასთან გასწორებული შენობის პირქუში სულისა და პოლიციის ბარიკადების მიღმა მდებარე ნეკროპოლისისთვის სწორედ სიბნელე იყო შესაფერისი. სახლში როცა ვბრუნდებოდი, შეპყრობილივით მივჩერებოდი ტელევიზორს: არაფერი უნდა გამომრჩენოდა ახალი ამბების რეპორტაჟიდან. ჩემმა მეგობარმა ექიმმა კიპროფლოქსაცინიც კი გამომიწერა ანთრაკოზისგან თავის დასაზღვევად. იმ ხანებში ჩვეულებრივზე მეტს ვსვამდი. როცა ღამით თვალებდაჭყეტილი ვიწექი და ცხვირში “გრაუნდ ზეროს” ნახანძრალის მძაფრი სუნი მცემდა, პროფესიის შეცვლაზეც კი ვფიქრობდი. ვინაიდან მე იქ სამზარეულო საქმე მებარა (კერძოდ, წვნიანის მომზადება), ერთი-ორჯერ ისიც კი გავიფიქრე, საკულინარო სასწავლებლისთვის ხომ არ მიმეკითხა-მეთქი. ხალხის გამოკვებაც საპატიო საქმეა! როცა თვალს ვადევნებდი იქაურ მუშებსა და მაშველებს, როცა ვუყურებდი ჩემს ხელოსან მეგობარს, რომელიც ლამპიონის ბოძს ელექტროდაფას ხსნიდა და მას ყავის მადუღარას უერთებდა, მახსენდებოდა, რომ ჰალსტუხის განასკვისა და მარტინის შეზავების გარდა, არანაირ პროფესიას არ ვფლობდი. მოკლედ, ნებისმიერი პროფესია რომანისტობაზე უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა.

რომანი, რომელიც 2000 წლის გაზაფხულზე მივყიდე ჩემს გამომცემელს (ის მხოლოდ პირველ თავს გაეცნო), იწყებოდა ბომბის აფეთქებით ნიუ-იორკის იმ დარბაზში, სადაც ჰოლივუდის ფილმის საპრეზენტაციო ბანკეტი მიმდინარეობდა. რამდენადაც ახლა მახსოვს, სწორედ ეს აფეთქება უნდა დასდებოდა საფუძვლად რომანის სიუჟეტს. ბოროტმოქმედი მუსულმანი ფანატიკოსი უნდა ყოფილიყო – ღრმად შეურაცხყოფილი, ზოგადად, დასავლეთის კულტურული იმპერიალიზმითა და ამერიკული კაპიტალიზმის დეკადანსით და კერძოდ, ჰოლივუდის გასართობი პროდუქციით. საუკეთესო შემთხვევაში, ტერორისტი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იქნებოდა, ემიგრანტი, ელიტარული საზოგადოების აპათიასა და მის საეჭვო ბრწყინვალებას რომ გადაეყვანა ჭკუიდან. რაღაც ამდაგვარს ვგეგმავდი. ახლა ეს ყველაფერი საზიზღრად ჟღერს და ალბათ უკვე მიხვდით, თუ რატომ მივატოვე იმ რომანზე მუშაობა. იმასაც ვფიქრობ, იქნებ სულაც 11 სექტემბრამდე ავიღე ხელი ჩემ განზრახვაზე-მეთქი. იმდენი რაღაც მოხდა მას შემდეგ, რომ ბევრი რამ ხეირიანად არც კი მახსოვს. უცნაურია, მაგრამ თითქოს მიმავიწყდა, ანდა ვცდილობდი საერთოდ არ მეფიქრა ამაზე იქამდე, ვიდრე ამ ნარკვევის წერას შევუდგებოდი.

არც თუ ისე მცირე პერიოდის მანძილზე მხატვრული პროზა იმ დროისთვის არაადეკვატურად აღიქმებოდა. ყველა ჩვენგანის სათქმელს მაკიუენი ამბობდა. მართალია, მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ მაკიუენმა, აპდაიკმა და ემისმა დაწერეს ჯეროვნად იმ ავბედით დღეზე. ბოლოს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაკიუენი მხატვრულ პროზას მიუბრუნდა – როგორც მწერალი და ალბათ, როგორც მკითხველიც. “ნიუ იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, მისი “შაბათი” მართლაც გამონაკლისი უნდა იყოს, თუკი გავიზიარებთ იმ აზრს, რომ რომანისტებს ყურადღების მიღმა დარჩათ 11 სექტემბრის შემდგომი პერიოდი: “მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აქ შესანიშნავად არის წარმოჩენილი ხალხის რეაქცია ტერორიზმსა და ძალადობაზე, გეოპოლიტიკური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ფონად რჩება”. მართლა ასეა? მე ვიტყოდი, რომ ამერიკელი მკითხველისთვის რომანის დასასრულს აღწერილი ძალადობა იმ აგრესიის სიმბოლოა, რომელიც 11 სექტემბრის შედეგად დაგვეუფლა.

მას, ვისაც მხოლოდ ამ რომანის კრიტიკული განხილვა წაუკითხავს და დრო ვერ გამოუნახავს თავად რომანის გასაცნობად, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ “შაბათის” ძირითადი თემა 11 სექტემბერია და რომ სიუჟეტის ამოსავალი წერტილი რომანის დასაწყისში გამოჩენილი ალმოდებული თვითმფრინავია, რომელსაც ერთიანად გაუკაშკაშებია გარიჟრაჟის ცა. აშკარაა ამ მომენტის წინ წამოწევისა და გაზვიადების მიზეზი. საქმე ის არის, რომ 2001 წლის 11 სექტემბრისა და 2005 წლის 7 ივლისის მოვლენების შემდეგ დიდი მწერლებისგან მოველით რწმენის დაბრუნებას, სამყაროს არსებობის გამართლებას. საბოლოო ჯამში, საკუთარი გრძნობა-განწყობისა და ემოციების გასამყარებლად რომანს მივმართავთ; რომანისგან ველით მხარდაჭერას, მან უნდა ახადოს ფარდა იმას, თუ რას განვიცდით და როგორ ვცხოვრობთ ახლა: გაგვიმხილოს ის ემოციური ჭეშმარიტება, რომელიც, შესაძლოა, მუსიკას უფრო მოგვაგონებს. ძალიან გვინდა, რომ ისეთმა რომანისტებმა, როგორებიც გახლავთ მაკიუენი, დელილო და როტი, ჩვენს მაგივრად მართონ ჩვენივე განცდები. ასეთი რამ მართლა ხდება ახლა: დაიწყო და გაგრძელდება კიდეც. დანამდვილებით ვიცი, რომ მომავალშიც გაგრძელდება.

როდესაც მეილერს ვახარე, ჩემი ახალი რომანი 2001 წლის შემოდგომაზე გამოვა-მეთქი, მან სკეპტიკურად გააქნია თავი: “ათი წელი მაინც მოგეცადა! ეს დრო ნამდვილად დაგჭირდება, ყველაფერი ბოლომდე რომ გაიაზრო”-ო. მაგრამ მე ამდენ ხანს ვერაფრით მოვიცდიდი. როგორც რომანისტს, რომელსაც ნიუ-იორკი თავის თემად მიაჩნია, არ მესმოდა, როგორ უნდა მექცია ზურგი ამ ქალაქის უმნიშვნელოვანესი და სულის შემძვრელი მოვლენისთვის… სხვა საქმეა, თუ ისტორიული რომანების წერა მინდოდა. რამდენჯერმე კინაღამ საერთოდ ავიღე ხელი ამ რომანზე და ისიც ხშირად მიფიქრია, სისულელე ხომ არ იყო გამოგონილი სამყაროს აღწერა, სადაც ეს რეალური მოვლენა ხდებოდა და ჩემი გამონაგონიც ხომ არ ჩაინთქმებოდა ამ რეალურ კატასტროფაში. ყოველ შემთხვევაში, ირონიისა და სოციალური სატირის ზოგიერთი ფორმა, რომლითაც მკითხველის გულის მოგებას ვცდილობდი, ახლა უკვე ზედმეტად მეჩვენებოდა. თითქოს ვიწყებდი რაღაცის წერას, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ბოლომდე გავართმევდი თავს. დიახ, მართლა არ მქონდა წარმოდგენა, როგორ უნდა დამეწერა იმ საშინელ დღეზე, მაგრამ სხვა რამესაც რომ ვერ ვწერდი! არაფერია გასაოცარი იმაში, რომანისტები სულაც რომ არ ჩქარობდნენ და მხოლოდ ახლა რომ ჩაუღრმავდნენ 11 სექტემბრის მოვლენებს.

წლის ამერიკული რომანი, რომელსაც ალბათ ყველაზე მოუთმენლად ელოდა მკითხველი, არის ჯონათან საფრან ფოერის “ძალიან ხმამაღალი და დაუჯერებლად ახლობელი”. აქ მთხრობელი ცხრა წლის ადრე დაბრძენებული ბიჭუნაა, რომლის მამაც 11 სექტემბრის ტრაგედიამ შეიწირა. ფოერის ღრმად შთამბეჭდავი და აღტაცებით მიღებული დებიუტი “ყველაფერი განათებულია” ის იშვიათი მოვლენა იყო, რომელიც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს მხატვრული პროზის მნიშვნელობას – ამ მხატვრული რომანის რამდენიმე ასეული ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და მან ავტორი შემოქმედ-ვარსკვლავად აქცია. ლიტერატურას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჭირდება “ადრე დაბრძენებული” რომანისტები – ამის საუკეთესო მაგალითი კი ჩვენში ბენჯამინ კუნკელია. ამერიკელ მკითხველს სჩვევია მათი განდიდება, შემდეგ კი, მეტაფორას თუ მოვიშველიებ, მოკვდინება. ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ საზოგადოება მათგან ძალიან ბევრს მოელის (ეს საკუთარ ტყავზე გამომიცდია). მკითხველს მათგან სურს გაიგოს, როგორ იცხოვროს.

კრიტიკული გამოძახილი ფოერის მეორე რომანზე, მისი აშკარა ღირსებების მიუხედავად, მაინც ნიშნის მოგებით იყო შეფერილი. რა ვქნა, მიხაროდა, მას რომ შეუტიეს კრიტიკოსებმა და არა მე. უნდა გამოგიტყდეთ, რომ პატიოსნად ავარიდე თავი მისი რომანის წაკითხვას, ვიდრე ჩემი საკუთარი უჯრაში იყო გამოკეტილი. ობიექტურობა მაიძულებს ვაღიარო, რომ თუკი “ძალიან ხმამაღალი და დაუჯერებლად ახლობელი” არ არის ის რომანი, რომელიც სრულყოფილად ახასიათებს იმჟამინდელ ნიუ-იორკს, ის მაინც გაცილებით შთამბეჭდავია და მეტი ფსიქოლოგიური სიმწვავით გამოირჩევა, ვიდრე 11 სექტემბრის ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ნარკვევები. პატარა მთხრობელი, ოსკარ შელი, ხშირად მქადაგებელს უფრო გვაგონებს, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ ბიჭუნას და იმდენად გონიერია, რომ ანტიპათიასაც კი იწვევს. მგონი, ძალიან ღრმად შევტოპე, თუმც თავად ფოერმა უწოდა საკუთარ  თავს ამასწინდელ ინტერვიუში “ამერიკის ყველაზე საძულველი მწერალი” (მითქმა-მოთქმამ იმაზე, რომ მან ბრუკლინში 7 მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა – ვინ იფიქრებდა, რომ ბრუკლინში ამდენის დახარჯვის უფლებას მისცემდა თავს – დიდად არ შეუწყო ხელი მის პოპულარობას) და გასაგებიც არის მისი ეს გაოცება: ფოერის ორივე წიგნი მკითხველის მონუსხვის მცდელობაა. ის ხომ ძალას არ იშურებს, რომ თავისი პატარა მთხრობელის საშუალებით საყოველთაო აღტაცება და სიყვარული მოიპოვოს.

ისევე როგორც მის წინა წიგნში, აქაც გვხვდება პარალელი ძველ სამყაროსთან – ოსკარის ბებია-ბაბუა დრეზდენის დაბომბვის ცოცხლად გადარჩენილი მოწმენი არიან. მაგრამ ის მაშინდელი ტრაგედია და სავაჭრო ცენტრის განადგურება ერთმანეთს სულაც არ ჰფენს ნათელს, და პატარა ოსკარის მცდელობანი, ამოხსნას მამამისის ნივთებში ნაპოვნი გასაღების საიდუმლო, ცოტა არ იყოს, უადგილოდ მეჩვენება. მაგრამ აქ გვხვდება ბრწყინვალე სტილისტური მიგნებები, ძლიერი ემოციით დამუხტული პასაჟები, რისთვისაც მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ. შესანიშნავია, როცა ოსკარი გვიყვება, თუ როგორ ამობეჭდა ვიდეო-კადრები პორტუგალიური ვებსაიტიდან (აშშ-ში ეს კადრები აკრძალული იყო ცენზურის მიერ) და როგორ აკვირდება შენობიდან ჩამოვარდნილ სხეულებს იმ იმედით, რომ მათში მამამისს ამოიცნობს, რომელიც მაშინ სავაჭრო ცენტრის სახურავზე იმყოფებოდა. “არის ერთი სხეული, მამაჩემისას რომ ჰგავს. მასავით აცვია და როდესაც გამოსახულებას ვადიდებ, ვადიდებ იქამდე, ვიდრე ადამიანის სხეულთან მსგავსებას დაკარგავდეს, სათვალეს ვხედავ. ვარჩევ, ვხედავ… ან მგონია, რომ ვხედავ. მაგრამ ხომ ვიცი, რომ ვერ ვხედავ. უბრალოდ მინდა, ის კაცი მამაჩემი იყოს”.

ნიკ მაკდონელი კიდევ ერთი ლიტერატურული ვუნდერკინდია, რომელმაც თავის მეორე რომანში “მესამე ძმა” 11 სექტემბრის თემას შეჰბედა. მაკდონელის დებიუტი 2002 წელს შედგა, როდესაც მისი “თორმეტი” გამოვიდა – ერთობ ლაკონური და, შეიძლება ითქვას, დიდაქტიკური რომანი მანჰეტენის “ოქროს ახალგაზრდებზე”. “მესამე ძმა” კი ერთდროულად უფრო ამბიციურია და ნაკლებად გაწონასწორებული, მაგრამ შუა, საკმაოდ ვრცელი ნაწილი, სადაც მთავარი გმირი 11 სექტემბერს მთელ მანჰეტენს მოივლის თავისი ძმის საპოვნელად, საუკეთესო და მაღალმხატვრული შემოქმედების ნიმუშია მათ შორის, რაც კი ოდესმე იმ წყეულ დღეზე წამიკითხავს. “ნიუ-იორკ-ტაიმსში” გამოქვეყნებულმა ორმა კრიტიკულმა წერილმა მაკდონელის მიერ 11 სექტემბრის თემის არჩევას ავტორისთვის მომგებიანი უწოდა. ეს კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ როგორი თავდასხმები ელის ამ თემას აშშ-ში და განსაკუთრებით ნიუ-იორკში. ფოერის ზოგიერთმა კრიტიკოსმაც წამოჭრა “მომგებიანობის” საკითხი, თითქოსდა ის კი არ იყოს მთავარი, “შეუძლიათ თუ არა რომანისტებს სათანადოდ შეაფასონ ეს მოვლენა”, არამედ – “შეიძლება თუ არა ეს სცადონ”. რომანისტ ფრედერიკ ბეგბედერსაც გააგონეს მსგავსი რამ, როცა მან “მსოფლიო საფრანგეთის ფანჯრებიდან” დაწერა. “ბევრი ფრანგი კრიტიკოსი მეკითხებოდა, განა ეს თემა აქტუალურიაო და ერთმა ისიც კი მითხრა, უხამსობაა და მეტი არაფერიო”, შემომჩივლა ამას წინათ ბეგბედერმა. წიგნში ერთმანეთს ენაცვლება დეტალური და ამაღელვებელი ეპიზოდები სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე რესტორანში ჩარჩენილ კაცსა და მის ორ ვაჟზე და ვრცელი ავტობიოგრაფიული გადახვევები, რომლებშიც ავტორი ბევრ მტკივნეულ საკითხს ეხება, მათ შორის ტერორისტული აქტების რაობას და იმის დასაბუთებასაც ესწრაფვის, თუ რატომ აირჩია ეს თემა – თითქოს გრძნობს, რომ თავის მართლება მოუწევს.

ზოგიერთმა კრიტიკოსმა თრილერ “ტერორისტის” ავტორს, კრის კლივს გემოვნება დაუწუნა. ამ თრილერს ღია ბარათის ფორმა აქვს: უსამა ბინ ლადენს წერილს უგზავნის აღმოსავლეთ ლონდონელი ქალი, რომელსაც ქმარ-შვილი არსენალის სტადიონზე ტერორისტული აქტის (გამოგონილის) დროს დაეღუპა. ეს წიგნი კარგად მოგვითხრობს დიდ მწუხარებასა და სასოწარკვეთაზე. ერთი ეგ არის, ლონდონი სამხედრო-პოლიციურ ქალაქად რომ გადაიქცა, სახალისოდ და საინტერესოდ კი მომეჩვენა, მაგრამ, ვფიქრობ, ნაკლებ დამაჯერებლია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ 11 სექტემბრისა და 7 ივლისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

პატრიკ მაკგრატის “გრაუნდ ზერომ” საბოლოოდ გამიფანტა ეჭვები იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა მხატვრულ პროზას ჩვენი ამასწინდელი ტრავმის ემოციური სიმართლის გადმოცემა და მისი მეტაფორული ეკვივალენტების პოვნა. ეს ნოველა შედის კრებულში “მოჩვენებათა ქალაქი” და მე ის 11 სექტემბრის ტრაგედიის ყველაზე უფრო საინტერესო და წარმატებულ მხატვრულ გააზრებად მიმაჩნია. ნოველა მოგვითხრობს ნიუ-იორკელ ფსიქიატრ ქალზე, რომელიც იმ უბედურების დროს ქალაქიდან იყო გასული და უკან მობრუნებული გამაღიზიანებელი სიბეჯითით ცდილობს საკუთარ თავზე აიღოს თანამოქალაქეთა მთელი ტკივილი. ნოველის ცენტრალური თემა ასეთია: ფსიქიატრის ერთ-ერთ პაციენტს გული შევარდნია მეძავზე, რომლის საყვარელიც ტრაგედიას უმსხვერპლია. ახლა თურმე დაღუპულის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევს ამ მეძავს. ფსიქიატრი თანდათანობით ლამის ჭკუიდან გადაჰყავს იმ ამბებს, რასაც ისმენს და რისი მოწმეც თავად არ ყოფილა. მთელი გონება თავისი პაციენტითა და მისი მეძავით აქვს დაკავებული. ნოველის დასაწყისში ეს ქალი ერთგვარი ლიბერალური ჰუმანისტი და მორალური რელატივისტია, რომელსაც სჯერა, რომ ცუდი საქციელი ცუდი აღზრდისა და ბავშვობაში გადატანილი მოუშუშებელი ტრავმების შედეგია, მაგრამ როცა ხედავს, როგორ ეჭიდება სიცოცხლეს მისი პაციენტი გასაჭირში ჩავარდნილი მეძავის მეშვეობით, ნელ-ნელა რწმუნდება, რომ ბოროტება ამ თავდასხმებსაც შეიძლება წარმოეშვა. მაკგრატმა მითხრა, ახლა სხვა რომანზე ვმუშაობ და ისიც ამ თემას ეხებაო: “ჩვენ, რომანისტებს, ერთი რამის გაკეთებაღა შეგვიძლია – უნდა გადმოვცეთ ის, თუ როგორ აღიქვა ხალხმა ეს უბედურება”.

დასასრულ, ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო: პარასკევს, 2001 წლის 15 სექტემბერს, მეგობართან ერთად ცენტრალურ პარკში ვსეირნობდი. ახალი წამოსული ვიყავი “გრაუნდ ზეროდან” და ფრიად გამაოცა იმან, რაც პარკში ხდებოდა. “გრეით ლონზე” ბეისბოლი გაეჩაღებინათ, იყო ერთი “ფრისბის” სროლა და პლედებზე მონებივრე წყვილების კოცნა-ალერსი. უეცრად რომანისტ ჯონათან ფრანზენს შევეჯახე (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), რომელიც აგრეთვე თავის მეგობართან ერთად მოსეირნობდა. მისალმების შემდეგ მოკლედ ვაუწყეთ ერთმანეთს, თუ სად ვიყავით სამშაბათ დილას, როგორ შევიტყვეთ აფეთქების შესახებ და რა ვიხილეთ საკუთარი თვალით. აღარც კი მახსოვს, მივულოცე მისი რომანის (“Corrections”) გამოსვლა, თუ სულაც უადგილოდ მივიჩნიე ამის აღნიშვნა. ის კი მახსოვს, წიგნის პრეზენტაციაზე რომ დამპატიჟა იმ კვირას. მერე, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ჩემს მეგობარს ვუთხარი: “საბრალო ბრიყვი, ნუთუ ჰგონია, რომ წელს ვინმე რომანებს წაიკითხავს?”

სიხარულით მიმაქვს უკან ჩემი სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბრის შემდგომ დღეებსა და თვეებში CNN განუწყვეტლივ ატრიალებდა ჩამოქცეული კოშკებისა და ავღანეთის დაბომბვის კადრებს, ხოლო “ნიუ იორკ ტაიმსი” სულ ერთთავად დაღუპულთა ნეკროლოგებს აქვეყნებდა, დიდი ამერიკული ლიტერატურის ასპარეზზე ფრანზენის პანორამული რომანის გამოჩენამ კრიტიკის ცხოველი ინტერესი გამოიწვია და თავად ფრანზენმა ასობით ათასი მკითხველი მოიპოვა. და თუ ნაიპოლს ჯერ არ წაუკითხავს ეს რომანი, ვურჩევდი როგორმე საამისო დრო გამოენახა.

The Guardian, 2005, 17 სექტემბერი

Facebook Comments Box