ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  რეცენზია (თარგმანი)

ჯონ აპდაიკი – გლასების ოჯახის ვნებანი

ჯერომ სელინჯერის, მკითხველისათვის კარგად ცნობილი მწერლის შემოქმედებამ სულ ახლახან გადაინაცვლა ძველი “ნიუ-იორკერის” ფურცლებიდან მაგარყდიან გამოცემებში. “მაღლა ასწიეთ, დურგლებო, ჭერი” შარშან დაიბეჭდა კრებულში “მოთხრობები 1950-1960 წლების “ნიუ-იორკერიდან”, წელს კი მისი ორი ნაწარმოები, შედარებით მცირე ზომის “ფრენი” და საკმაოდ ვრცელი “ზუ” ცალკე წიგნად გამოიცა. ორივე მოთხრობა ჩვენი დღეების უშუალო გამოძახილია და ერთი თემა უდევს საფუძვლად – ფრენის სულიერი კრიზისი და ემოციები.
პირველ მოთხრობაში ფრენი, ერთი ჩვეულებრივი “კოლეჯელი” გოგონა, უიქ-ენდზე ხვდება თავის მეგობარ ყმაწვილს, ლეინ ქოთელს და მასთან ერთად რესტორანს მიაშურებს. იქ კი აღმოჩნდება, რომ იგი არა მარტო სულიერ დისკომფორტს განიცდის, არამედ ფიზიკურადაც იტანჯება. გოგონა ცდილობს როგორმე აუხსნას ყმაწვილს თავისი სავალალო მდგომარეობა, ის კიდევ ამ დროს სამარცხვინო ნიშნების ფურცლით ტრაბახობს, მადიანად შეექცევა ბაყაყის თათებს და არად დაგიდევთ სხვის უბედობას თუ ავადმყოფობას. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ბოლოს გოგონას გული წაუვა. უკანასკნელად მას რესტორნის მეპატრონის ოფისში ვხედავთ, დივანზე გაშოტილსა და ჭერისაკენ თვალაპყრობილს.
მეორე მოთხრობაში კი, ფრენი კოლეჯიდან შინ ბრუნდება. მისი უიღბლო უიქ-ენდის მომდევნო ორშაბათია, მხოლოდ დედამისი, ბესი და უმცროსი ძმა, ზუ არიან სახლში. ძილგატეხილი გოგონა სასტუმრო ოთახის დივანზე შესჭიდებია საკუთარ განცდებს, მშობელი დედა კი ენას არ აჩერებს და ენერგიულად გამოხატავს ზუსადმი თავის სიყვარულსა და აღტაცებას. შთამბეჭდავია ნაწარმოების დასასრული: და-ძმას შორის ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ ზუ ახერხებს მანუგეშებელი სიტყვების პოვნას და გოგონას დაამშვიდებს, და ფრენიც თითქოს “მუჭში მოიქცევს ამქვეყნად არსებულ ყველა მცირე და უსაზღვრო სიბრძნეს”, გაღიმებული მიშტერებია ჭერს და მშვიდ ძილს ეძლევა.
ჯოისის შემდეგ ერთეულ მწერლებს თუ გაუბედავთ ამდენი სიტყვის დახარჯვა ადამიანის შინაგანი, უაღრესად გრძნობიერი სამყაროს აღსაწერად. ისეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება თანამედროვე ადამიანებს, რომ არავინ იცის, რა მოჰყვება ზედმეტად გაბედულ მოქმედებას. სელინჯერს კი ეს სულ არ აშინებს და მიაჩნია, რომ უმთავრესი სწორედ შინაგანი სამყაროა. ამიტომაც ბედავს ასე თამამად უმღეროს ამერიკას, მაშინ როცა ჩვენ მხოლოდ შევიგრძნობთ მას, მაგრამ განცდები სიტყვიერად ვერ გამოგვითქვამს. საკუთარ სამყაროში ჩაძირვას ვერ გავექცევით: ჩვენ თავს დაგვატყდა ნიუანსების და გაურკვეველ, აუხსნელ მოქმედებათა საუკუნე, მივეჩვიეთ ყოველივე პირადულისა თუ ეროვნულის განქიქებას. ამ საკითხებზე ფიქრი და თავისმტვრევა აქცევს სელინჯერს გამორჩეულ, რელევანტურ შემოქმედად, ისეთ ხელოვანად, საგრძნობლად რომ განსხვავდება უამრავი მთხზველისა თუ მეკალმისაგან. ჰემინგუეი ეძებდა სახელებს უშუალოდ საგნებისა და მოვლენებისთვის, სელინჯერი კი, სუბიექტური აღქმით გარდასახულ ცნებათა სახელდებას ამჯობინებს. მის ნაწერებში იუმორსაც წააწყდებით და ბრავადასაც, უმართებულოდ წარმოჩენილ, მაგრამ მაინც შეუპოვარ და დაჟინებულ იმედს… ეს ყველაფერი საოცარი სიზუსტით ესადაგება თანამედროვე ამერიკული ცხოვრების ფორმას, შინაარსს და თუნდაც ელფერს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუხედავად ასეთი წარმატებისა, მის ნაწერებს დინამიკური საფრთხე ჩასაფრებია. ამასთან ერთად, კომპოზიციის შეგრძნებითაც ვერ დაიკვეხნის, მისთვის უცხოა სიუჟეტების შეხამება და დაკავშირება: ასე აშკარად ურთიერთშემავსებელი ორი მოთხრობა ვერა და ვერ აღვიქვი ერთი წიგნის კომპონენტებად.
“ფრენის” ფრენი და “ზუს” ფრენი სულაც არ არის ერთი და იგივე პიროვნება. “ფრენის” გმირი ერთი ლამაზი კოლეჯელი გოგონაა, სულიერი კრიზისის სტადიაში რომ იმყოფება. შედარებით მოგვიანებით ხვდება მკითხველი, როგორ აწამებს მას ადამიანის “ეგოში” აღმოჩენილი სისაძაგლე და კოლეჯის დამთრგუნველი ატმოსფერო. ის მაინც ცდილობს იპოვოს რაიმე გამოსავალი და პროფესორის მიერ ბედად ნახსენებ “პილიგრიმის გზას” გამოიტანს ბიბლიოთეკიდან…
ფრენის ოჯახი, წამიერად რომ გაიელვებს მისივე წერილის პოსტსკრიპტუმში, ალბათ, სტანდარტულ საშუალო ფენას განეკუთვნება; ამ მოთხრობაში არც მათი გვარი, გლასია, სადმე ნახსენები (არც ფრენი გვიყვება რაიმეს თავისი ძმების შესახებ); მისი ყმაწვილი, ლეინ ქოთელიც, ცოტა არ იყოს, ბრიყვ და თავკერძა ჯეელად გვევლინება, თუმცა არც მთლად წყალწაღებული ეთქმის, თავისებურად ცდილობს გაუგოს ფრენის, რომლის გაგებაც არც ისე ადვილია. ბოლოს კი იმაზეც მიგვანიშნებენ, თუმცა ზერელედ, რომ ეს გოგონა ფეხმძიმედაა…
აი, “ზუს” ფრენი კი ნამდვილი ფრენი გლასია, უმრწემესი გლასების ოჯახის შვიდ სახელგანთქმულ მემკვიდრეს შორის. ყველა მათგანი იღებს მონაწილეობას რადიოვიქტორინაში, “აი, გონიერი ბავშვი” რომ რგებია სათაურად, მათი მშობლები კი, ებრაელისა და ირლანდიელის უდავოდ არასტანდარტული კომბინაცია, ძველი ვოდევილების სცენიდან გადმომხტარ წყვილს მოგვაგონებს. ბავშვობიდანვე ჩასჩიჩინებენ საბრალო ფრენის უფროსი ძმები, ბადი და სეიმორი, აღმოსავლურ რელიგიათა სიბრძნეს და “პილიგრიმის გზა”, რომელზეც უკვე კოლეჯშიც აღარ კამათობენ, სეიმორის ბნელი უჯრიდან ოჯახის მაგიდაზე გადაინაცვლებს. საოცარია, როგორ ეწვია სულიერი კრიზისი ასე ნაგვიანებად ლამაზ გოგონას, რომელიც ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც ბუდიზმი და საერთოდ აღმოსავლური რელიგია “სამაგიდო კამათის” საგნად ქცეულა… მაგრამ ამ კრიზისის სიღრმეც საოცარია… “ზუ”-ში გამორიცხულია ფრენის ფეხმძიმობა, ასეთი რამის გაფიქრებაც კი შეურაცხყოფდა ღვთისმოშიშ ოჯახს. ლეინ ქოთელი, უამრავი ნაკლის მიუხედავად, ფრენის ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ამას მაინც ვერავინ წაართმევდა… აქ კი მილიონთაგან ერთ-ერთ უხეშ და გაურანდავ არსებად გვევლინება, გლასების ოჯახს გარეთ დაბადება რომ არგუნა ბედმა.
რაც უფრო მეტს წერს სელინჯერი გლასების შვიდივე მემკვიდრეზე, მით უფრო მეტად ინთქმებიან ეს საბრალონი სილამაზისა და ერუდიციის გაუსაძლის ბრწყინვალებაში. მაგალითად, ფრენი ასეა აღწერილი: “მშვენიერი კანი ჰქონდა, დახვეწილი და ნატიფი სახის ნაკვთები. ზუსი არ იყოს, მისი თვალებიც საოცარ სილურჯეს ასხივებდა… ერთი ეგ იყო, ცოტა უფრო შორიშორ ჰქონდა ჩამჯდარი, ისე როგორც ეს ქალს მოეთხოვება”. ზუს შესახებ კი იმას ვიტყობთ, რომ ეს ყმაწვილი “ციტირების უჩვეულო ნიჭით გამოირჩევა. მას შეუძლია სიტყვა-სიტყვით, დაუფიქრებლად მოგაყაროთ ყველაფერი, რაც კი ოდესმე წაუკითხავს ან მოუსმენია”. ვფიქრობ, სელინჯერს ასეთი პასაჟები მოთხრობის გმირთა მხოლოდ ჩამოთვლა-აღწერისათვის არ შეუქმნია… ის უფრო ჩვენში შურის ელფერით გაჯერებული თაყვანისცემის ჩანერგვას ელტვის… ქიშპობის გრძნობით შეზავებული ბრმა სიყვარულის გამოწვევას.
“მაღლა ასწიეთ, დურგლებო, ჭერი” გლასების ციკლის პირველი და საუკეთესო მოთხრობაა, ცინცხალი, მხიარული, ხალისიანი. მე მას პროზად დაწერილ პოემასაც კი ვუწოდებდი. ფრიად ორიგინალურად განმარტავს აქ სეიმორი სენტიმენტალიზმს: “ეს არის საგნებისადმი იმაზე მეტი სინაზის გამოვლენა, ვიდრე ამას თვით უფალი გამოავლენდა”. საქმეც ამაშია… აი, რა უფიქრია მწერალს, თავად მასაც ხომ გლასები იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე უფალი შეიყვარებდა! ერთგვარ თავშესაფრად იქცა სელინჯერისთვის ეს ოჯახი, მართლაც გამორჩეულად უყვარს ისინი და ასეთი ბრმა გაღმერთებით ზიანს აყენებს ხელოვნებას: მას უკვე ზომიერების გრძნობა ღალატობს, იგი არ იღლება საკუთარი ქმნილებების “ცირკულირებით”, სულ ერთთავად ამხნევებს და ეფერება, იმდენად უყვარს თავისი პერსონაჟები, რომ ჩვენ უკვე ვერ ვბედავთ მათ შეყვარებას. თვით “ფრენი”-შიც კი, რომელიც აშკარად “პრე-გლასური” ნაწარმოებია, სელინჯერი გულგრილ დამკვირვებლად არ გვევლინება, ის უფრო შემართულ მიჯნურს წააგავს, ნიშნის მოგებით მოზეიმეს ლეინ ქოთელის თითოეულ უტაქტო გამოხდომაზე. და ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მეორე მამაკაციც ფიგურირებს ამ მოთხრობაში და, ცოტა არ იყოს, ვიბნევით კიდეც, როცა ავტორი რესტორნის ტუალეტში “მიჰყვება” ფრენის.
“ფრენის” მოქმედება შეცნობად სამყაროში მიმდინარეობს, “ზუ” კი, მოჩვენებით, ილუზიურ სამყოფელში გადაგვისვრის, რომლის გულმოდგინედ გაცოცხლებული დეტალებიც უფრო ამძაფრებს ირეალურის განცდა-შეგრძნებას. როდესაც ზუ ფრენის ეუბნება, “დიახ, წყლული მაქვს, ის ჩემშია… ასეთია, ძმაკაც, რკინის საუკუნე”, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია “ძმაკაც”, “რკინის საუკუნის” ხსენებით კი, “ორატორი” ამ გამოთქმის უზურპაციას ახდენს… ასე მგონია, გლასები მხოლოდ იმიტომ გმობენ სამყაროს, რომ თავად დამდაბლდნენ სამყარომდე და რათა ამით ბევრი რამის პატიებაც გაუადვილდეთ: აქ აღშფოთებას შემწყნარებლობის ღირსეული გრძნობა ამარცხებს.
სელინჯერის გვიანდელი პროზა გართულებულია ექსტრავაგანტული თვითშეცნობით და ამიტომ ზემოთქმულიც, გარკვეულწილად, ძნელი გასაგებია. ისე კი, ამ რთულ პროზაში გამოთქმულია ყველა ის პროტესტი, რაც კი შეიძლება გამოთქვას ნებისმიერმა ადამიანმა.
წიგნის გარეკანზე ავტორს ასეთი რამ წაუწერია: “არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ადრე თუ გვიან ჩემსავე მეთოდებში, მხატვრულ ხერხებსა და იდიომებში შთავინთქა და ჩავიკარგო. მაგრამ იმედგადაწყვეტილი ნუ გეგონებით”. ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი სიხარული იმის გამო, რომ მწერალს იმედი არ დაუკარგავს. ახლა კი უნდა ვაღიარო, რომ ვარ ერთ-ერთი იმათთაგანი, ვისთვისაც აღმოჩენად იქცა სელინჯერის შემოქმედება. ისღა დაგვრჩენია, ახალ აღმოჩენებს დაველოდოთ.
გლასების საგის წინასწარი მონახაზი პოტენციურად უძლიერესი ლიტერატურის შემცველია. მას შემდეგ, რაც დიდი სიფრთხილით და შემპარავად შევაფასე სელინჯერის მიერ არჩეული მიმართულება, იმასღა დავძენ, რომ იგი ნამდვილად არის გარკვეული მიმართულება და რომ ხელოვანს, ანუ თავგადასავალთა მაძიებელს, კონფერანსიესაგან რისკიანობა და აკვიატებული იდეის ერთგულება განასხვავებს.

The New York Book Review
17 სექტემბერი, 1961
ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

Facebook Comments Box