ინგლისურიდან თარგმნა დათა ხარაიშვილმა
I
1961 წელს მსოფლიოს ექვსი წამყვანი გამომცემლობის (Gallimard, Einaudi, Rowohlt, Seix Barral, Grove, და Weidenfeld & Nicolson) დირექტორები ბალეარის კუნძულებზე შეიკრიბნენ, რათა ახალი ლიტერატურული პრემიის დაწესებაზე ემსჯელათ, მათი სურვილი იმ ავტორთა გამორჩევა იყო, რომლებიც აქტიურად ცვლიდნენ მსოფლიოს ლიტერატურულ ლანდშაფტს, ხოლო საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ნობელის პრემიის პრესტიჟთან გაჯიბრება. გამომცემელთა პირველი საერთაშორისო პრემია (ასევე ცნობილი, როგორც Prix Formentor) სემუელ ბეკეტსა და ხორხე ლუის ბორხესს ერგო. იმავე წელს ნობელის პრემია მიენიჭა იუგოსლავიელ მწერალ ივო ანდრიჩს – მნიშვნელოვან, თუმცა არც მთლად ნოვატორ რომანისტს (ბეკეტმა ნობელი 1969-ში მიიღო. ბორხესი კი ამ ჯილდოს ვერასოდეს ეღირსა; როგორც მისი თაყვანისმცემლები ამტკიცებენ – პოლიტიკურ შეხედულებათა მიზეზით).
Prix Formentor-ის მიღებით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ბორხესი მსოფლიო სცენაზე გადაისროლა. შეერთებულ შტატებში „გროუვ პრესმა“ კრებულ „ფიქციებში“ თავმოყრილი ჩვიდმეტი მოთხრობა შეიძინა. ხელახლა გამოიცა „ლაბირინთები” – ოცდასამი მოთხრობა – მათგან რამდენიმე „ფიქციებში” დაბეჭდილი, თუმცა ალტერნატიული თარგმანით – ასევე, ესეები და არაკები. დაჩქარდა სხვა ენებზე თარგმნის პროცესიც.
მშობლიური არგენტინის გარდა, ბორხესს სხვა ქვეყნებში ნაკლებად იცნობდნენ. ფრანგი კრიტიკოსი და რედაქტორი, როჟერ კაიუა 1939-45 წლებში სამშობლოსგან შორს, ბუენოს-აირესში იყო გადახვეწილი. მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბორხესის პოპულარიზაციას ომისშემდგომ საფრანგეთში, სადაც 1951 წელს „ფიქციები“, 1953-ში კი „ლაბირინთები“ გამოსცა (ესაა გვიან გამოსული კრებული, რომელიც არსებითად განსხვავდება „ლაბირინთების” ახალი გამოცემებისაგან, – ბორხესის ბიბლიოგრაფია ხომ თავადვეა ერთი დიდი ლაბირინთი). 1950-იან წლებში, საფრანგეთში ბორხესს კიდევ უფრო დიდ პატივს მიაგებდნენ და შეიძლება ითქვას, უფრო ხშირადაც კითხულობდნენ, ვიდრე მშობლიურ არგენტინაში. ამ მხრივ, არგენტინელი მწერლის ლიტერატურული კარიერა გასაოცრად ჰგავს ედგარ ალან პოსას – მისი წინამორბედისას ინტელექტუალურ-სპეკულაციურ პროზაში, აღიარებულს ბოდლერის მიერ და ენთუზიაზმით ატაცებულს ფრანგულ საზოგადოებაში.
1961 წელს ბორხესს სამოცი წელი უკან მოეტოვებინა. დიდების მომხვეჭი მოთხრობები კი 1930-იან და 1940-იან წლებში შეექმნა. ამ დროისათვის მას უკვე დაეკარგა შემოქმედებითი იმპულსი და, იმავდროულად, ეჭვის თვალით შესცქეროდა ადრეულ, „ბაროკოს ხანაში” დაწერილ ტექსტებსაც. მიუხედავად იმისა, რომ 1986 წლამდე იცოცხლა, იგი მხოლოდ შიგადაშიგ თუ ახერხებდა ძველებური ინტელექტუალური გაბედულებისა და ძალის რეპროდუქციას.
1960 წლისათვის არგენტინაში ერნესტო საბატოსა და ხულიო კორტასართან ერთად ბორხესი უკვე ეღიარებინათ როგორც თანადროული ლიტერატურული თაობის მანათობელი ლამპარი. ხუან პერონის[1] პირველი რეჟიმის დროს (1946-55) იგი პრესაში თითქოს მტირალა ბავშვად იყო წარმოჩენილი, რომელსაც აბრალებდნენ extranjerizante-ს (უცხოელთა სიყვარულს), საერთაშორისო კაპიტალისა და მიწათმფლობელთა ლაქიაობას. პერონის ინაუგურაციიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა იგი საჩვენებლად დაითხოვეს სამსახურიდან და ქალაქის ბიბლიოთეკიდან მუნიციპალურ ბაზარში შინაური ფრინველებისა და კურდღლების მეთვალყურის პოზიციაზე „დააწინაურეს”. პერონის დაცემის შემდეგ, ბორხესის კითხვა კვლავ მოდური გახდა, თუმცა არც თუ ისე პოპულარული მოვლენებისადმი მხარდაჭერის გამო (ვთქვათ, „ღორების ყურის ოპერაცია“[2] კუბაზე) ბორხესი კვლავ ბრალდებებისა და თავდასხმების სამიზნედ იქცა, როგორც მემარცხენეების, ისე ნაციონალისტებისა და პოპულისტების მხრიდან. ძალზე ფართოა მისი გავლენა ლათინოამერიკულ მწერლობაზე, სადაც ავტორებმა შთაგონების საძიებლად ტრადიციულად ევროპას მიაპყრეს მზერა. მან შეუდარებლად განაახლა ფიქციის ენა და ახალი გზები გაუკაფა ესპანელ-ამერიკელ რომანისტთა შესანიშნავ თაობას. გაბრიელ გარსია მარკესს, კარლოს ფუენტესს, ხოსე დონოსოსა და მარიო ვარგას ლიოსას – ყველა მათგანს აქვს გაცნობიერებული ის ვალი, რომელიც ბორხესისა მართებთ. „ერთადერთი რამ, რაც ბუენოს აიერსში თან წამოვიღე, ბორხესის „სრული კრებულია“ – თქვა ერთხელ გაბრიელ გარსია მარკესმა – „მუდამ თან დავატარებ; ვაპირებ, რომ ყოველ დღე ვიკითხო, რაც შეეხება თავად ავტორს, მე მას ვერ ვიტან (ცხადია, პოლიტიკური შეხედულებების გამო)”.
ბორხესის სიკვდილიდან ათი წლის განმავლობაში მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გაურკვევლობის ბურუსს მოეცვა; საქმე ის იყო, რომ ანდერძზე პრეტენზიას რამდენიმე მხარე აცხადებდა. საბედნიეროდ, ეს გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია და ინგლისურ ენაზე პირველი ნაყოფიც გამოჩნდა: ესაა „რჩეული ფიქციები”, ახლახან თარგმნილი ენდრიუ ჰარლის მიერ. ეს ტომი ბორხესის ადრეულ მოთხრობებს უყრის თავს, მათ შორის: “მსოფლიო მზაკვრობის ისტორიას” (1935), 1944 წლის „ფიქციებს” (რომელიც მოიცავს მოთხრობებს “განშტოებულ ბილიკთა ბაღიდან” 1941), „ალეფს“ (1949), პროზის რამდენიმე ნიმუშს „შემქმნელიდან” (იგივე El Hacedor, მოგვიანებით თარგმნილი, როგორც „სიზმრის ვეფხვები“. 1960), ხუთ მოკლე პროზაულ ტექსტს კრებულიდან „ქებათა ქება წყვდიადს“ (1969), „ბროდის ანგარიშს“ (1970), “ქვიშის წიგნს” (1975) და ოთხ გვიანდელ მოთხრობას, განთავსებულს “შექსპირის მეხსიერებად” სახელდებულ ცნობილ კრებულში.
ამ გამოცემაში თავმოყრილი ასზე მეტი მოთხრობიდან აქამდე მხოლოდ ბოლო ოთხი მათგანი არ იყო თარგმნილი ინგლისურ ენაზე. კომენტარები, რომლებიც ინგლისურენოვან გამოცემას ჰარლიმ დაურთო, რამდენადაც ღირებული, იმდენად შეზღუდულია თავისი მნიშვნელობით: „იგი, ძირითადად, მოიცავს იმ ცნობებს, რომლებიც ლათინოამერიკელი მკითხველისათვის (განსაკუთრებით არგენტინელებისა და ურუგვაელებისთვის) ისედაც ცნობილია და, შესაძლოა, მათ მხოლოდ გარკვეული ელფერი ან სულაც მიმართულება შესძინონ კითხვის პროცესს“. ხოლო რაც შეეხება იმ მკითხველებს, რომლებისთვისაც ისედაც რთულია ამ ალუზიური და მრავლის მცოდნე მწერლის სამყაროში შეღწევა, მათ ეველინ ფიშბერნისა და სიქ ჰიუზის „ბორხესის ლექსიკონს“ უნდა მიმართონ, რომელიც, თუმცა შესანიშნავი ნაშრომია, იგი მაინც ვერ ახერხებს სათანადოდ გააცნოს მკითხველს ბორხესი, როგორც პერსონაჟი (გამოგონილია იგი თუ ნამდვილი), მწერლის არაერთ მოთხრობაში რომ გვხვდება.
„რჩეული თხზულებები” – პირველი იმ სამი ტომიდან, რომელიც 1999 წელს „ვიკინგმა“ გამოსცა, 1989 წლის ესპანურ გამოცემას „Obras Completas“ ეყრდნობა. ეს გამოცემა, რომელსაც არავითარი მეცნიერული ცნობები არ ახლავს, ვერ შეედრება ფრანგულ Oeuvres complètes-ს, სკრუპულოზურად რედაქტირებულს ჟან პიერ ბერნეს მიერ გალიმარის Bibliothèque de la Pléiade-სთვის, ეს გამოცემა არა მხოლოდ ცდილობს, რომ თავი მოუყაროს ბორხესის მთელ შემოქმედებას (მათ შორის ჟურნალისტურ სტატიებს, განხილვებს და სხვა მცირე ტექსტებს), არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საფუძვლიანად შეისწავლის იმ ცვლილებებს, რომლებიც ბორხესმა – თავად პედანტმა რედაქტორმა – შეიტანა თავისი ნაწერების ახალ გამოცემებში. „ბორხესის ჩვევა – შეეცვალა ტექსტები გამოცემიდან გამოცემამდე, შეემცირებინა ან სულაც შეეკვეცა, ზოგჯერ ჩაენაცვლებინა და განეახლებინა ფორმისეულად, ლექსიკით, ფრაზეოლოგიითა და მონახაზებით… ნებისმიერ ბიბლიოგრაფს საუკუნო შრომისათვის გაწირავს“ – შენიშნავს ბორხესის ბიოგრაფი, ჯეიმს ვუდალი.
II
ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს ბუენოს აირესში, ერთ შეძლებულ ოჯახში დაიბადა – ქალაქში, სადაც ესპანური წარმომავლობა – იტალიურზე რომ არაფერი ვთქვათ – სულაც არ მიიჩნეოდა სოციალურ უპირატესობად. რახან მისი ბებია წარმოშობით ინგლისიდან იყო, ოჯახმა გადაწყვიტა, გაეთვალისწინებინა ბავშვის ინგლისური ფესვები და მომავალი მწერლისთვის ესპანურთან ერთად ინგლისურიც შეესწავლებინათ. ბორხესი ცხოვრების ბოლომდე ანგლოფილად დარჩა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ავანგარდული რეპუტაციის მქონე მწერლის საკითხავი არეალი 1920 წლით შემოიფარგლებოდა. ინგლისურენოვან მწერლობაში მის გემოვნებას ყველაზე მეტად სტივენსონი, ჩესტერტონი, კიპლინგი და უელსი შეეფერებოდნენ, იგი საკუთარ თავს ხშირად მოიხსენიებდა, როგორც un ser victoriano, ანუ ვიქტორიანელად (ვუდალი).
ინგლისელობა ბორხესის მედიდურობის ერთი მიზეზი იყო, ებრაელობა კი – მეორე.
იგი ხშირად იშველიებდა დედამისის მეტად სავარაუდო სეფარდიკულ წარმომავლობას, რათა ნათელი მოეფინა კაბალას მიმართ გაჩენილი ინტერესებისათვის და, რაც უფრო საინტერესოა, საკუთარი თავი დასავლური კულტურისაგან განდგომილად წარმოეჩინა. 1914 წელს ბორხესის ოჯახი შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა უფროსი ბორხესის თვალის მდგომარეობა გამოეკვლიათ (თვალის ბადურის ჩამოშლა, რაც მემკვიდრეობით ერგო მის ვაჟსაც). ომის პერიოდში ევროპაში ჩარჩენილმა ბავშვებმა ფრანგულენოვანი განათლება მიიღეს. ბორხესი დამოუკიდებლად სწავლობდა გერმანულს და ეცნობოდა შოპენჰაუერს, რომელმაც მის აზროვნებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. გერმანულმა ენამ ბორხესს აღმოაჩენინა ახალი ექსპრესიონისტი პოეტები, მხატვრები და რეჟისორები, იმავდროულად კი, გზა გაუკაფა მისტიციზმის, ორმაგი იდენტობისა და მეოთხე განზომილებისაკენ. ბორხესმა მცირე ხანს დაჰყო ესპანეთში და 1921 წელს ultraismo-ით (იმაჟიზმის ესპანური ბიძაშვილი) შეპყრობილი არგენტინაში დაბრუნდა. მიუხედავად მისი მეტად მოჩვენებითი, ახალგაზრდული რადიკალიზმისა, მას მაინც ჰქონდა ორიგინალურობის გამონათებები, ვთქვათ, მაშინ, როცა ოცნებობდა იმგვარი ენის შექმნაზე, რომელშიც ერთი სიტყვა ერთდროულად გამოხატავდა მზის ჩასვლასა და საქონლის ზარების წკარუნს.
1931 წელს არგენტინული ხელოვნების შეძლებულმა მფარველმა, ვიქტორია ოკამპომ დააარსა გაზეთი „Sur“, მისი კარი კი ფართოდ გაუღო ხორხე ლუის ბორხესს. ოკამპოს მიდრეკილებები მკვეთრად ევროპული და ინტერნაციონალური იყო, სწორედ ამიტომ, გაზეთში მოღვაწეობის წლებში ბორხესი განერიდა არგენტინულ ლიტერატურაში იმხანად არსებულ მეტად მომქანცველ დისკუსიას (ნატურალიზმისა და მოდერნიზმის, ევროპულობისა და ნეიტივიზმის დაპირისპირების შესახებ) და საკუთარი გზით სვლა არჩია. მოთხრობები, რომელთაგანაც შედგება კრებული „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“ – და რომლებიც ბორხესის კარიერის მთავარ პერიოდს უკავშირდება – 1939-1941 წლებში სწორედ გაზეთ „Sur“-ის ფურცლებზე იბეჭდებოდა.
„პიერ მენარი“ – კრებულის ყველაზე ადრეული მოთხრობა – ძნელად თუ აღაფრთოვანებს მკითხველს – ის რაღაც სამეცნიერო ესესა და conte philosophique-ის[3] მსგავსია. ბორხესმა მოთხრობა 1968 წლის პერსონალური ანთოლოგიიდანაც ამოიღო. მიუხედავად ამისა, მაინც აღსანიშნავია მისი ინტელექტუალური გამბედაობა. პიერ მენარი, პოლ ვალერის მეტად ახალგაზრდა, თანამედროვე, სერვანტესის სამყაროში გადაინაცვლებს, რათა ხელახლა, სიტყვა-სიტყვით დაწეროს (და არა გადაწეროს) „დონ კიხოტე“.
იდეები, რომელთა მიხედვითაც, „პიერ მენარია“ აგებული, დევიდ ჰიუმს ეკუთვნის („წარსული, სერვანტესის ეპოქის ჩათვლით, არ არსებობს, იგი მხოლოდ ამჟამინდელ გონებრივ მდგომარეობას აქვს შემონახული”). ბორხესის მთავარი მიღწევა იმ ხერხების (მართალია, არც თუ სრულყოფილი, ამ შემთხვევაში, თუმცა სრულქმნილნი მომდევნო მოთხრობებში) გამოგონებაა, რომელთა საშუალებითაც ფილოსოფიური სკეპტიციზმის პარადოქსები შეიძლება მოხდენილად გათამაშდეს და წინ უსწრებდეს ნაწარმოებთა თავბრუდამხვევ დასასრულს.
„განშტოებულ ბილიკთა ბაღიდან“ საუკეთესო მოთხრობებია „ტლონი, უქბარი, ორბის ტეტრიუსი“ და „ბაბილონის ბიბლიოთეკა“ – საუკეთესოებია იმ გაგებით, რომ ფილოსოფიური მსჯელობა ფრთხილად იჭრება თხრობაში, ნაწარმოები კი გრძელდება ჭადრაკისათვის დამახასიათებელი თვისებით – მთხრობელი მკითხველს ერთი სვლით მუდამ წინ უსწრებს. ტექნიკურ სიახლეს, რომლის მიხედვითაც აგებულია ეს მოთხრობები და რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მოვლენათა სწრაფ განვითარებაში (მწერალი აცურებს და აოგნებს მკითხველს), წარმოადგენს ის, რომ მათში გამოყენებულია არა მხატვრული ნაწარმოების, არამედ კრიტიკული ესეს ანატომიის მოდელი: მინიმუმამდე მცირდება თხრობის ექსპოზიცია, მოქმედება კი ჰიპოთეზური მდგომარეობის მნიშვნელობის გარჩევამდე დაიყვანება (მაგ. უსასრულო ბიბლიოთეკა).
1960-იან წლებში ბორხესი ინტერვიუებში მიანიშნებდა, რომ სამყაროს გამოგონების ინტელექტუალური შესაძლებლობების გარდა, რაც მისი სრულყოფილი აღწერითაა შესაძლებელი, ტლონი, იკვლევს მთხრობლის „ძრწოლას“, რომელსაც თავისი ყოველდღიური ყოფის… წარსულის… წინაპართა წარსულის… ხელიდან გასხლტომა ჰგვრის. ამრიგად, ამ მოთხრობის ფარული თემაა “ადამიანი, რომელიც იძირება ახალ, თვალუწვდენელ სამყაროში და რომლის გააზრების ძალაც არ შესწევს“. სხვა მწერალთა მსგავსად, საკუთარი ნაწარმოების კითხვისას, ბორხესსაც აქვს თავისი ინტერესი. თუმცა „ტლონი“ მოკლებულია რაღაც მნიშვნელოვანს: მღელვარებას, თუნდაც შემოქმედებით ტრიუმფს, თუმცა როგორი მუქიც უნდა იყოს ის ჩრდილები, რომლებითაც მთხრობელი აგებს სცენებს და რომლებითაც იდეალური სამყარო ერწყმის ნამდვილს, ეს შერწყმაც ბორხესის ხასიათის პარადოქსთან ერთად სრულდება, სრულდება იმის გაცნობიერებით, რომ სამყარო, რომლის ნაწილიც ვართ, უფრო მეტია, ვიდრე სიმულაკრუმი, ეს უფრო უსასრულობაში დანთქმული სიმულაკრის სიმულაკრუმია. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1940 წელს დაწერილი მოთხრობის გადახედვისას, ბორხესი მასში აღმოაჩენს იმ ემოციურ საღებავს, რომელიც მასზე უფრო ხნიერ, უფრო პესიმისტ „მე“-ს ეკუთვნის.
მიუხედავად ამისა, ბორხესის მიერ თავისივე ტექსტის არასწორად წაკითხვა თავად ბორხესის (ან მენარის) მთავარი სათქმელის არასწორად წაკითხვასაც ნიშნავს. არ არსებობს ტლონი, ისევე, როგორც არ არსებობს 1940, ერთიცა და მეორეც კონცეფციებს მიღმა, კაცობრიობის კოლექტიურ აწმყოში არსებობს (გნოსტიკური კოსმოლოგია, რომელსაც ბორხესი ჩინებულად იცნობდა, ამტკიცებს, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენი რწმენით ვარსებობთ, მეორეხარისხოვანი შემოქმედის ქმნილებაა და ჩაბუდებულია იმ სამყაროში, რომელიც ოდნავ უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი შემოქმედის ხელთქმნილია და რომელიც თავისთავად არსებობს სხვა სამყაროში, და ასე 365-ჯერ).
1944 წელს გამოქვეყნებულ კრებულ „ფიქციებიდან“ „ფუნესი, მისი მეხსიერება“ ყველაზე გამაოგნებელია. ირენეო ფუნესი უსასრულო მეხსიერების მქონე უსწავლელი სოფლელი ბიჭია. მის გონებას არაფერი უსხლტება, მთელი თავისი გრძნობისმიერი გამოცდილება, წარსული და მომავალი, მუდმივად აგრძელებს არსებობას მის გონებაში; დეტალებში ჩაძირული ფუნესი ღრუბელთა ფორმების ცვლილებასაც ვერ ივიწყებს, თუმცა მნიშვნელოვან აზრებს ვერ აყალიბებს და მაშასადამე – რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, არსებას, რომელიც წმინდა გონებადაა ქცეული – დაკარგული აქვს ფიქრის უნარი.
„ფუნესი“ მიჰყვება ამჟამად ყველასათვის კარგად ნაცნობ ბორხესულ მოდელს – რომლის თანახმადაც, donnée[4] მის თავბრუდამხვევ დასკვნებად იქცევა. მთელ ამ ამბავში მთავარი სიახლე არის საკუთარი თავის ის რწმენა, რომლითაც ბორხესი ფუნესს არგენტინის კარგად ნაცნობი სოციალური რეალობის ნაწილად აქცევს, თან კი ავლენს ადამიანურ სიბრალულს ამ გაუბედურებული ბიჭის – „მრავალფეროვანი და უსიამოვნოდ ზუსტი სამყაროს მარტოხელა, უცოდველი მჭვრეტელის მიმართ“.
მარტივად შესამჩნევია ის, თუ რატომ ჰპოვა ბორხესის მიერ შექმნილმა გაბედულად იდეალისტურმა სამყაროებმა აღიარება ფრანგ ინტელექტუალთა იმ თაობაში, რომელსაც ის იყო აღმოეჩინა ფერდინანდ დე სოსიურის ლინგვისტიკა – თეორია, რომლის მიხედვითაც, ენა ადამიანური ძალაუფლებისაგან თავისუფალი, თვითრეგულირებადი სფეროა და რომ ადამიანი კი არ მეტყველებს ენით, არამედ ენა საუბრობს ადამიანის საშუალებით. ბორხესის ფრანგი მკითხველებისთვის უჩვეულო – ან პიკანტური – იყო ის, რომ არგენტინელ მწერალს ნაპოვნი ჰქონდა გზა, რომელიც აძლევდა textualité-ს[5] საშუალებას თავის გამონაგონში. მართლაც, საკმარისი მიზეზი არსებობს იმაში დასარწმუნებლად, რომ ბორხესს გზა შოპენჰაუერმა და, რაღა თქმა უნდა, ფრიც მაუტნერმა (1849—1923) გაუკვალეს. მაუტნერს დღეს იშვიათადღა კითხულობენ; ფიშბერნისა და ჰიუზის „ბორხესის ლექსიკონში“ მის შესახებ არაფერი წერია; მიუხედავად იმისა, რომ ბორხესი გერმანელ ფილოსოფოსს არაერთხელ იმოწმებს.
სამ კრებულს – „განშტოებულ ბილიკთა ბაღს“, „ფიქციებსა” და „ალეფს“, რომლებიც ბორხესის შემოქმედებითი ცხოვრების უმთავრეს პერიოდს უკავშირდება – 1952 წელს მოჰყვა „ინკვიზიციები“, მისი კრიტიკული ნაშრომებიდან ამოზრდილი მოზაიკური ქმნილება. ფაქტი, რომ ამ ფართო ერუდიციით გამორჩეულ ნაწარმოებთაგან მრავალი პირველად ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა, ბევრს ამბობს ბუენოს-აიერსის პრესის მნიშვნელოვან მიღწევებზე. ბორხესის მიერ თავის მოთხრობებში გაჟღერებული სანახევროდ სრულქმნილი იდეები პირველად სწორედ პრესის ფურცლებზე გამოჩნდა.
მისი ესეებისა და მხატვრული ნაწარმოებების ერთსა და იმავე დროს წაკითხვისას შესაძლოა დაისვას ბორხესთან დაკავშირებული მთავარი შეკითხვა: ეს ინტელექტუალი მწერალი მხატვრულ-ლიტერატურული მანიპულაციებით რა განსაკუთრებულ მიზანს ესწრაფვის, რომლის მიღწევაშიც ღალატობს არგუმენტირებული ესე – როგორც წერის ერთ-ერთი ხერხი? ბორხესი – კოლრიჯით შთაგონებული – უპასუხებდა, რომ პოეტური წარმოსახვა მწერალს საშუალებას აძლევს, უნივერსალური შემოქმედებითი პრინციპების ნაწილად იქცეს; შოპენჰაუერის გავლენით კი დასძენდა, რომ ამ პრინციპებს საფუძვლად უდევს ნება და არა – მიზეზი. „განვლილი წლების განმავლობაში, რომლის უდიდესი ნაწილიც ცხოვრების ნაცვლად კითხვას დავუთმე, ხშირად ვახერხებდი მემტკიცებინა, რომ მთელი ეს ლიტერატურული თეორიები სხვა არაფერია, თუ არა სტიმული; სრულქმნილი ნაწარმოებები ხშირად უგულებელყოფენ ან სულაც ეწინააღმდეგებიან მათ.“[6]
ძნელია, ამგვარ განცხადებაში არ ამოიკითხო პაროდიისა და თვითპაროდიის ნიშნები. ხმები, რომლებიც „სხვა ინკვიზიციებიდან“ მოისმის, ძალიან ჰგავს ფიქციების ავტორის ხმას; ესეების უკან არის პერსონა, რომლისთვისაც ბორხესს უკვე ეწოდებინა „ბორხესი“. მეტად ბუნდოვანია განსხვავება ნამდვილ და სარკეში არეკლილ ბორხესს შორის. ესეები ერთ ბორხესს საშუალებას აძლევს, დრამის გმირად აქციოს მეორე. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს გარემოება ბორხესის ამერიკელი გამომცემლების მიერ გამოყენებულ მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს შორის განსხვავებას კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებს.
პროზისა და პოეზიის ნაზავია El hacedor, რომელიც „Viking“-ის „რჩეული ფიქციებში“ ლექსების გარეშე დაიბეჭდა. სათაური – განსაკუთრებით ესპანური აუდიტორიისათვის – მეტად ფარულად მიანიშნებს არქაულ ინგლისურში არსებულ „შემოქმედზე“, ან პოეტზე – სიტყვაზე, რომლითაც ჰარლიმ თავისი თარგმანი დაასათაურა; მილდრედ ბოიერმა და ჰაროლდ მორლანდმა 1964 წლის თარგმანში წიგნს ახალი სახელი – „სიზმრის ვეფხვები“ უწოდეს. „ეს არის ჩემი ყველაზე პირადული ქმნილება, და ჩემი გემოვნებით, ალბათ, საუკეთესოც“. – ამბობდა მასზე ბორხესი. ეს განცხადება გარკვეულწილად პროვოკაციულია, რადგან ამ კრებულში წარმოდგენილი ნაწარმოებები ვერაფრით შეედრება 1939-49 წლებში შექმნილ მოთხრობებს. თუმცა 1960 წელს ბორხესი უკვე გარკვეული მანძილით დაშორდა იმას, რასაც მოგვიანებით ცინიკურად უწოდა „მთელი ეს ლაბირინთები, სარკეები, ვეფხვები და სხვა დანარჩენი“.
საქმე ისაა, რომ Prix Formentor ბორხესმა 1961 წელს, გრძელი შემოქმედებითი კრიზისის დროს მიიღო. მოხვეჭილი დიდების გამო ბორხესი ლექციების წასაკითხად მიიწვიეს, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. იმხანად დედასთან ერთად ბევრი იმოგზაურა. ლექციების ციკლით, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მოაწყო, სტაბილური შემოსავალიც გაუჩნდა. ინტერვიუებზე უარს იშვიათად ამბობდა, მეტად ენამჭევრი გახდა. აქტიურად ეძებდა მეუღლესაც, იპოვა კიდეც და სამოც წელს გადაცილებული სამი წლის განმავლობაში უიღბლო ქორწინებით იტანჯებოდა.
1967 წელს ბორხესი ამერიკელ მთარგმნელსა და რედაქტორს, ნორმან თომას დი ჯიოვანის შეხვდა. ურთიერთთანამშრომლობა შედგა: დი ჯიოვანი ბორხესთან ერთად შეუდგა არგენტინელი მწერლის ნაწარმოებების თარგმნას, იმავდროულად კი აგვარებდა მის წვრილმან საქმეებს და, რაც ყველაზე მთავარია, ჯიოვანიმ ბორხესი კვლავ მწერლობას დაუბრუნა.
ამ თანამშრომლობას შედეგად მოჰყვა 1970 წელს გამოქვეყნებული მოთხრობების კრებული – „ბროდის ანგარიში“. სარკეები და ლაბირინთები წარსულს ჩაბარდა. ამ ნაწარმოებთა სიუჟეტი არგენტინული პამპასები და ბუენოს-აირესის გარეუბნებია, ენა გამარტივებულია, სიუჟეტი -უფრო წინააღმდეგობრივი (წინასიტყვაობაში ბორხესი კიპლინგის გავლენაზე მიანიშნებს). ბორხესი ყველაზე მეტად „შემოჭრილით“ ამაყობდა, თუმცა მას არაფრით ჩამოუვარდება „მარკოზის სახარება“, მოთხრობაში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი სახარებას აცნობს სოფლად მოსახლე გაუჩოებს, რომლებიც სტუდენტს მესიად მიიჩნევენ, საბოლოოდ კი სახლის უკანა ეზოში ჯვარზე აცვამენ.
„ქვიშის წიგნი“ და „შექსპირის მეხსიერება“ ხელახლა ამუშავებს ძველ თემებს და, ამავდროულად, იკვლევს გერმანულ მითოლოგიას – ბორხესის ინტერესის ახალ საგანს. შეიძლება ითქვას, მათში ახალი არაფერია, არგენტინელის სიდიადეს ისინი არაფერს მატებს.
III
ბორხესთან ღრმად იგრძნობა გნოსტიციზმი – განცდა იმისა, რომ სრულყოფილი ღმერთი კეთილსა და ბოროტს მიღმაა და რომ იგი სრულიად დაშორებულია ქმნადობის პროცესს. თუმცა ის შიშის განცდა, რომლითაც განმსჭვალულია მისი ნაწარმოებები, ბუნებით უფრო მეტაფიზიკურია, ვიდრე რელიგიური: მას საფუძვლად უდევს მნიშვნელობების სტრუქტურათა ჩამოშლა (ენის ჩათვლით) და წამიერი მინიშნებები იმაზე, რომ „მე“, რომელიც საუბრობს, სულაც არ არსებობს.
იმ მოთხრობებში, რომლებიც ამ შიშს ეხმიანება, ეთიკა და ესთეტიკა მჭიდროდ არიან შერწყმულნი: მისი იგავების ლოგიკის მსუბუქი, თუმც კი ულმობელი სვლა, მისი ენის სხარტი ლაკონიურობა, პარადოქსების თანდათანობითი გაძლიერება, ყოველივე ეს სტოიკური თვითკონტროლის სტილისტური ანარეკლია, რომელიც აზრის უფსკრულს პოს გოთიკური ისტერიის გარეშე დასცქერის.
ბორხესს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან საკუთარი თავის ხსნისათვის ესთეტიკასთან მიბრუნება არჩია. მაგალითად, ჰაროლდ ბლუმი შენიშნავდა, რომ ბორხესი გაცილებით უკეთესი მწერალი იქნებოდა, თავისი შემოქმედებითი იმპულსი ნაკლებად რომ გაეკონტროლებინა – კონტროლი, რომლის მიზანი, ბლუმის სიტყვებით, საკუთარი თავის ხსნა იყო. „ბორხესს, მიუხედავად მისი ლაბირინთების ილუზიური ცბიერებისა, სწორედ მწერლური ექსცენტრულობა აკლია… ჩვენთვის და, ალბათ, მისთვისაც სამწუხაროა, რომ იგი არასდროს ყოფილა საკმარისად წინდაუხედავი, რათა ჩანთქმულიყო თავისივე გამონაგონში.“
დარწმუნებული არ ვარ, რომ ბლუმის ეს მეტისმეტად მკაცრი კრიტიკა სათანადოდ ითვალისწინებს ბორხესის იმ მოთხრობებს, რომლებიც სიკვდილთან კონფრონტაციას ეხება.
ძალზე შთამბეჭდავია „სამხრეთი“- რომლის ფინალშიც გმირი დანების დუელში მონაწილეობას ისე თანხმდება, რომ დარწმუნებულია თავის დამარცხებაში. თუმცა არის სხვა რეალისტური მოთხრობები გაუჩოებისა და ავაზაკების ცხოვრების შესახებ, ამ ნაწარმოებთა პერსონაჟებს ახასიათებთ ენით გამოუთქმელი სტოიკური ეთიკა, ისინი ღირსების დაკარგვას სიკვდილს ამჯობინებენ და თავიანთ თავს სირცხვილისაგან იხსნიან ისე, რომ საკუთარ სიმართლეში ეჭვი წამითაც არ შეაქვთ. ეს მოთხრობები – ლაკონიური თავისი ფორმით, შინაარსით კი მეტად სასტიკი, ავლენს მისი წიგნიერი და მეტად მორცხვი ავტორის ლტოლვას ბობოქარი ცხოვრებისაკენ. ისიც აშკარაა, რომ ამ მოთხრობებით ბორხესი ცდილობს თავი დაიმკვიდროს არგენტინულ ლიტერატურულ ტრადიციაში და ხელი შეუწყოს არგენტინული ნაციონალური მითოსის ჩამოყალიბებას.
1953 წელს წაკითხულ ლექციაში, სახელწოდებით – „არგენტინელი მწერალი და ტრადიცია“ – ბორხესი ამბობს, რომ სიტყვა „აქლემი“ ყურანში არ გვხვდება. რას ვსწავლობთ ამ მაგალითით? იმას, რომ „ადგილობრივი ფერების უხვად ათვისების გარეშეც შეიძლება ვიყოთ არგენტინელი“. თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებულ მოთხრობებში – განსაკუთრებით „ბროდის ანგარიშში“ – ბორხესი ადგილობრივ ფერებს უხვად ითვისებს. ამ ნაწარმოებებში ავტორი ჯიუტად ცდილობს, რომ მიუბრუნდეს იმ ამოცანას, რომელიც მან 1920-იან წლებში ბუენოს აიერსში დაბრუნებისას დაისახა: როგორმე ჩაჰბღაუჭებოდა იმ კულტურას, რომელიც მისი თაობის კრეოლური მემკვიდრეობის ნაწილი იყო. თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ მას აუცილებლად უნდა გადაელახა რეგიონალიზმისა და პროვინციალიზმის საზღვრები. 1926 წელს იგი წერდა: „ამ მიწების შესახებ არავითარი ლეგენდა არ გვაქვს, ეს კი ჩვენი სირცხვილია. რეალობა, რომლითაც ვცხოვრობთ, გრანდიოზულია, ჩვენს წარმოსახვაში არსებული ცხოვრება კი მეტისმეტად უფერული… როგორმე უნდა აღმოვაჩინოთ ის პოეზია, მუსიკა, ფერწერა, რელიგია და მეტაფიზიკა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ბუენოს აირესის დიდებულებას.“
გვიანდელი მოთხრობები, რომელთა მოქმედების ადგილი გასული საუკუნის გარიჟრაჟის ბუენოს-აირესის საზიზღარი უბნები ან, სულაც, კიდევ უფრო ადრინდელი არგენტინული პამპასებია, ძნელად თუ ასახავს თანამედროვე არგენტინის რეალობას.
ისინი აძლიერებს არგენტინული ნაციონალიზმის რომანტიკულ, ნეიტივისტურ ხაზს და ზურგს აქცევს როგორც განმანათლებლურ ლიბერალიზმს იმ კლასისას, რომელსაც ბორხესი წარმოადგენდა, ისე ახალ მასობრივ პოლიტიკასა და კულტურას, რომელმაც ფართოდ გაშალა ფრთები პერონიზმის დროს და რომელიც ასე სძაგდა თავად ბორხესს.
IV
ბორხესის პროზა გაწონასწორებული, ზუსტი და ეკონომიის თვალსაზრისით ესპანურენოვანი ამერიკისათვის უჩვეულოა. იგი თავიდან ირიდებს (როგორც თავად სიამაყით შენიშნავს) „ესპანიზმს, არგენტინიზმს, არქაიზმსა და ნეოლოგიზმებს, ვულგარული ენის ნაცვლად კი იყენებს ყოველდღიური მეტყველების ელემენტებს. ბორხესი თავის ზოგიერთ ნაწარმოებში, მათ შორის „ალეფში“, პროზის წმინდა ზედაპირს დროდადრო არხევს უჩვეულო, ზოგჯერ კი ფრაზების შემაწუხებელი განლაგებით. მის გვიანდელ ნაწერებში მსგავსი შემთხვევები იშვიათია.
ამასთან, ნებისმიერ მთარგმნელს გაუჭირდება ერთმანეთს შეუთავსოს ბორხესის ესპანურის ლაკონიურობა და ძალა, ამავდროულად კი, იპოვოს ზოგიერთი ბუნდოვანი მეტაფორის სათანადო შესატყვისი. ბორხესის ენას არ ახასიათებს გადაუჭრელი პრობლემები, იმ შემთხვევის გარდა, როცა იგი წინასწარგანსაზღვრულადაა შეზავებული ინგლისურ ზმნურ მოდელებთან (ამგვარი მოდელები, როგორც კი გადაინაცვლებენ ინგლისურ თარგმანში, რა თქმა უნდა, ბუნდოვანების ბურუსით შეიმოსებიან).
სირთულეები, უმეტესწილად, პრაქტიკული ხასიათისაა და ისინი გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მოგვიანებით ბორხესი თავად გახდა საკუთარი ნაწარმოებების (თანა)მთარგმნელი („ალეფისა“ და „ბროდის ანგარიშის“, ასევე ლექსების მნიშვნელოვანი ნაწილის), თარგმნისას კი საკუთარ თავს არაერთი შესწორების ნებას აძლევდა. ამ შესწორებებს შეიძლება მეტად მასშტაბურიც ეთქმოდეს: მაგალითისთვის, „ალეფიდან“ ნახევარი გვერდი ამოღებულია. ბორხესი განსაკუთრებულ თავისუფლებას გრძნობდა მაშინაც, როცა თავის ინგლისურ თარგმანში ტექსტშივე შეჰქონდა ის ინფორმაცია, რომელიც, ამ საქმის პროტოკოლის მიხედვით, სქოლიოში უნდა მოექცეს. მაგალითისთვის, „La revolucion de aparacio“-ს[7] იქვე განმარტავს: „სამოქალაქო ომი….. „კოლორადოს“, ანუ ხელისუფლებაში მყოფ წითლებსა და აპარასიოს „ბლანკოს“, ანუ თეთრებს შორის“.
ბორხესის მიერ შეტანილ ცვლილებებს დამატებითი მნიშვნელობაც აქვს, მას სურს, როგორმე შეამსუბუქოს ესპანური ენა. ბორხესი და დი ჯიოვანი ენის შემსუბუქებას ამართლებენ იმ ფაქტით, რომ ესპანური და ინგლისური ენები წარმოადგენენ სამყაროს ჭვრეტის ორ განსხვავებულ მოდელს. მათი მტკიცებით, ისინი ერიდებიან ესპანური ენის მახასიათებლების ინგლისურ ენაში გადატანას, მიზნად ისახავენ ინგლისურ სიტყვებში წინადადებების ხელახლა გადააზრებას და ამ გზით იმგვარი პროზის შექმნას, რომელიც თითქოს ინგლისურად არის დაწერილი.
ჩემი წარმოდგენით, ჰარლი სავსებით სამართლიანად უგულებელყოფს ბორხესის მიდგომას. ცვლილებები, რომლებიც ბორხესმა (შემოქმედებით პარტნიორთან ერთად) შეიტანა თავის თარგმანში, შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც საავტორო შესწორებები, რომლებიც, თეორიულად, შეიძლება ხელახლა შეიტანოს ორიგინალურ ტექსტში და თანაც ისე, როგორც ინგლისურენოვანი გამოცემის ავტორისეული შესწორებები.
ჰარლი თავისი „თარგმანის მოკლე შენიშვნაში“ ამ საკითხს არ ეხმაურება. თუმცა რაც შეიძლება ეთქვა, არის ის, რომ ზოგჯერ რედაქტორებისა და მთარგმნელების პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვან ბორხესი თავისი თავისგან. აცნობეთ ავტორს, რომ სულაც არაა აუცილებელი, მისი მოთხრობები ისე იკითხებოდეს, თითქოს ინგლისურ ენაზე იყოს დაწერილი. თუკი ორიგინალის ტექსტს მართლაც ახასიათებს გარკვეული მაღალფარდოვნება, ეგებ მკითხველს მაინც სურდეს ამ მაღალფარდოვნების მოსმენა და იმის გარკვევა, ტექსტის რა ნაწილია ჭეშმარიტად ბორხესული, რა არის მასში ბუნებრივად ესპანური, ნაცვლად იმისა, რომ ენა ავტორის სურვილით დადუმდეს.
ბორხესს წარსულში სხვადასხვა მთარგმნელი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ ენტონი კერიგანი, დონალდ იეითსი და ჯეიმს ირბი, რომ არაფერი ვთქვათ დი ჯიოვანისთან თანამშრომლობით შესრულებულ თარგმანებზე. გარდა ამისა, ბევრის თქმა შეიძლება ბორხესის სრულად თარგმნილ შემოქმედებაზე, რომელიც „ვიკინგმა“ გამოსცა. ჰარლისეული თარგმანები, ძირითადად, უზადოა – მოხდენილად შერჩეული სიტყვების სიზუსტითა და მთხრობლის სტილის უბადლო შეგრძნებით. თუმცა მასში მაინც მოიპოვება ერთი ზოგადი სისუსტე, ეს, ალბათ, ჰარლის მიერ ინგლისური ლექსიკის ფორმალობის მასშტაბის არასათანადო შეგრძნებაა. ამას, გარკვეულწილად, მაღალ რეგისტრში აჰყავს სამეტყველო ეფექტი, რაც ორიგინალს არ ახასიათებს. მოვუხმოთ მაგალითებს: „განთიადის დაცარიელებული სინათლე“, სადაც „შემპარავი“ უფრო მართებული ზედსართავი იქნებოდა; მღვდლები, რომლებიც „აბრიყვებენ“ (ნაცვლად „მოტყუებისა“) მონანულებს; გარდა ამისა, ზოგჯერ ჰარლი თვითნებურად ცვლის ტექსტს. „წრიულ ნანგრევებში“, სადაც მამაკაცური ძალის წარმოქმნა და მამაკაცის დაბადებაა აღწერილი, ბორხესი წერს: A todo padre le interesan los hijos que ha procreado, „ნებისმიერი მამა ზრუნავს თავის ჭაბუკზე“, ჰარლი კი თარგმნის: „ნებისმიერი მშობელი ზრუნავს თავის შვილებზე“.
[1] ხუან დომინგო პერონი (1895-1974) – არგენტინელი გენერალი და პოლიტიკოსი, ორჯერ იქნა არჩეული არგენტინის პრეზიდენტად, ერთხელ ვიცე-პრეზიდენტად. პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 1946-55 და 1973-74 წლებში.
[2] 1961 წელს კუბის რევოლუციის მოწინააღმდეგეთა მიერ განხორციელებული წარუმატებელი ოპერაცია ფიდელ კასტროს რეჟიმის წინააღმდეგ.
[3] ფილოსოფიური თხზულება (ფრან.) – მე-18 საუკუნეში აღმოცენებული ლიტერატურული ჟანრი, შეთხზული ამბავი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების კრიტიკას, არკვევს მორალისა და ეთიკის როლსა და ფუნქციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ხშირად სასაცილოდ იგდებს რელიგიურ ცრუმორწმუნეობას. ჟანრის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია მე-18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, ფრანსუა მარი ანუე, იგივე ვოლტერი.
[4] მოცემულობა (ფრ.)
[5] ტექსტუალიზმი, ტექსტში გამოხატული პრინციპების მკაცრი დაცვა.
[6] „Nathaniel Hawthorne“, in Other Inquisitions, 1937–52 (New York: Simon & Schuster, 1968), p. 60
[7] „აპარასიოს რევოლუცია“(ესპ.) 1904 წელს ურუგვაიში პარტია „ბლანკოს“ ლიდერის, აპარასიო სარავიას მიერ ორგანიზებული რევოლუცია. კუტზეეს მხედველობაში აქვს ბორხესის მოთხრობა „სხვა დუელი“.
© არილი