თარგმანი

ჰარუკი მურაკამი – როგორ ვწერ რომანებს

ჰარუკი მურაკამი თავისი ახალი წიგნის ერთ-ერთ თავში, რომელიც დასათაურებულია როგორც „აქციე დრო შენს მოკავშირედ: რომანის წერის შესახებ“, აღწერს მნიშვნელოვან ეტაპებს, რომლებსაც წერისას გადის.

„ჩემი რომანების სიუჟეტები განსხვავდება ერთმანეთისგან, ისევე როგორც მათი კომპოზიცია, სად იწერება, რამდენი ხანი სჭირდება დასასრულებლად… მიუხედავად ამისა, შემიძლია, გითხრათ, რომ საბოლოო ნიშნები – საბაზისო ნაბიჯების მიმდევრობა, წესები, რომლებსაც მივყვები და ასე შემდეგ – დიდად არ განსხვავდება. ეს ფორმულა, თუ შეგვიძლია, ასე ვუწოდოთ, მიბიძგებს, რომ ჩამოვაყალიბო განსაზღვრული რუტინა ცხოვრებასა და საქმეში – მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება რომანის სრულად დაწერა შესაძლებელი. თუ რომანი ხანგრძლივი პროექტია, რომელიც უზომო ენერგიას მოითხოვს, მტკიცე საფუძვლის შექმნა გადამწყვეტია. ასე თუ არ მოვიქცევი, ჩემი ენერგია მის დასრულებამდე ამოიწურება.

პირველი ნაბიჯი რომანის წერის პროცესში, მეტაფორულად, არის მაგიდის გასუფთავება.  ჩემი პოზიციაა, რომ რომანის დასრულებამდე სხვა არაფერზე არ უნდა ვიმუშაო, ასე რომ, მომზადება მჭირდება. თუ ისე ხდება, რომ, მაგალითად, ესეების წერა მიწევს, იძულებული ვარ, შევწყვიტო. სულ მცირე, მუშაობისას მაინც. სანამ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდება, ყველა ახალი პროექტი შეწყვეტილია. მე იმ ტიპის ადამიანი ვარ, რომელსაც სხვა რამის კეთება არ შეუძლია, როცა ერთ საქმეში ეფლობა. მართალია, ხანდახან ვთარგმნი რომანის წერისას, მაგრამ თარგმანებზე ყოველგვარი დედლაინების გარეშე, ჩემს ტემპში ვმუშაობ და მათ წერისას შესვენებისთვის ვიყენებ. თარგმნა ტექნიკური პროცესია, ამიტომ ტვინის განსხვავებული ნაწილი სჭირდება. ხელის შეშლაზე მეტად, წერის პარალელურად თარგმანზე მუშაობა, სინამდვილეში, მენტალური ბალანსის შენარჩუნებაში მეხმარება, ვარჯიშის დაწყებამდე გაჭიმვების მსგავსად.

როცა რომანს ვწერ, ჩემი წესია, რომ მოვამზადო 10 იაპონური მანუსკრიპტის გვერდი (1600 ინგლისური სიტყვის ეკვივალენტი) ყოველდღე. ეს გამოდის დაახლოებით ორ-ნახევარი გვერდი ჩემს კომპიუტერში, მაგრამ ჩვევის გამო ძველი სისტემის მიხედვით ვითვლი. იმ დღეებში, როცა მეტის წერა მინდა, 10 გვერდის მერე მაინც ვჩერდები. როცა წერის განწყობა არ მაქვს, საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ როგორმე შევავსო კვოტა. რატომ ვიქცევი ასე? იმიტომ, რომ როცა დიდ პროექტს ეჭიდები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტაბილური ტემპი შეინარჩუნო. არაფერი გამოვა, თუ ერთ დღეს ძალიან ბევრს დაწერ და მერე აღარაფერს. ამიტომაც ჩავრთავ დროს, დავწერ ჩემს ათ გვერდს, გამოვრთავ, თითქოს აღვრიცხავ.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, ხელოვანები ასე არ მუშაობენო. ეს უფრო ისე ჟღერს, თითქოს ქარხანაში მუშაობ. და მე ვეთანხმები – ხელოვანები ასე არ მუშაობენ. მაგრამ რატომ უნდა იყოს რომანისტი ხელოვანი? ვინ დააწესა? არავინ, არა? ასე რომ, რატომაც არ უნდა წერო ისე, როგორც ყველაზე ბუნებრივია შენთვის? მეტიც, თუ საკუთარ თავს ხელოვანად არ თვლი, ეს დიდ სტრესს გაშორებს. ხელოვანად ყოფნაზე მეტად, რომანისტებმა საკუთარ თავზე ისე უნდა იფიქრონ, როგორც თავისუფალ ადამიანებზე – თავისუფალი ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ის გავაკეთოთ, რაც გვინდა, როცა გვინდა და ისე, რომ არ ვიღელვოთ, როგორ ხედავს ამას სამყარო, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე ხელოვანის მჭიდრო და ფორმალური მოსასხამი.

აისაკ დინესენმა ერთხელ თქვა: „ყოველდღე ვწერ ცოტას, იმედისა და სასოწარკვეთის გარეშე“. მეც ასე ვწერ ათ გვერდს. დამშვიდებული და გულგრილი. „იმედისა და სასოწარკვეთის გარეშე“, იდეალურად ამბობს. ადრიანად ვდგები ყოველ დილით, ვიმზადებ ყავას და ვმუშაობ ოთხი ან ხუთი საათი უწყვეტად. ათი გვერდი დღეში ნიშნავს სამას გვერდს თვეში და ათას რვაას გვერდს ექვს თვეში.

პირველი ჩანაწერის დასრულებისთანავე ახალი თავი იწყება: გადაწერა. იმ დროზე უკეთესი და მხიარული, რომელსაც გადაწერაში ვხარჯავ, არაფერია.  

ცოტა ხნით ვისვენებ (სიტუაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ, ჩვეულებრივ, ერთი კვირა), სანამ პირველად დავიწყებდე გადაწერას. მერე ვიწყებ დასაწყისიდან და ვმუშაობ დასასრულამდე. ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად ვცვლი, არაფერს ვტოვებ ხელშეუხებელს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გრძელია რომანი ან რამდენად კომპლექსურია მისი სტრუქტურა, მას ყოველგვარი ფიქსირებული მონახაზისა და იმის ცოდნის გარეშე ვქმნი, როგორ განვითარდება ან დასრულდება; ვაცდი მოვლენებს, მიჰყვნენ თავიანთ კურსს და იმპროვიზაცია განაგრძონ. ეს წერის ყველაზე სახალისო გზაა. შედეგად, ამბავი სავსეა ყველანაირი წინააღმდეგობითა და შეუსაბამობებით. პერსონაჟები რადიკალურად იცვლებიან დასასრულამდე. სიუჟეტი  შესაძლოა ჩაიხლართოს. ეს ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, რომანმა შეუფერხებლად რომ იდინოს და გასაგები გახდეს. ამ პროცესში ზოგიერთი გრძელი ნაწილი შეიძლება შემოკლდეს, დანარჩენები კი გაფართოვდეს. შესაძლოა, სრულიად ახალი ეპიზოდებიც დაემატოს.

„მოსამართი ჩიტის ქრონიკების“ შემთხვევაში, გადავწყვიტე, რომ დიდი ნაწილი იმისა, რაც დავწერე, მთლიანობას არ ერგებოდა, ამიტომაც ამოვიღე და შემდეგი რომანის ბაზად გამოვიყენე – „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“.  ეს არის უკიდურესი შემთხვევა, მაგრამ, ძირითადად, ამოჭრილი ნაწილები სამუდამოდ იკარგება.

გადაწერას, ჩვეულებრივ, ერთი-ორი თვე მიაქვს. როცა ვასრულებ, ისევ ვისვენებ დაახლოებით ერთი კვირა და მეორედ ვიწყებ გადაწერას. როგორც პირველ ჯერზე, ვიწყებ დასაწყისით და თანმიმდევრულად განვაგრძობ მუშაობას. განსხვავება ისაა, რომ ახლა ჩანაწერის დეტალებზე ვარ ფოკუსირებული, ვაუმჯობესებ პასაჟებს, სადაც აღწერებია, ვცვლი დიალოგების ტონს; ვამოწმებ, რომ არაფერია შინაარსიდან ამოვარდნილი და ამბავი შეუფერხებლად და ბუნებრივად მიედინება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა არ ხორციელდება, მხოლოდ ბევრი კოსმეტიკური ოპერაცია. დასრულების შემდეგ კვლავ ვისვენებ, სანამ მესამედ დავიწყებდე გადაწერას.

[…]

თამაშის ამ ეტაპზე უფრო დიდხანს ვისვენებ, ორი კვირიდან ერთ თვემდე, თუ შესაძლებელია. ხელნაწერს მაგიდის უჯრაში ვინახავ და ვივიწყებ. სულ მცირე, ვცდილობ მაინც. ამასობაში, შეიძლება, ვიმოგზაურო ან ჩემს თარგმანებზე ვკონცენტრირდე. ვრცელ ტექსტზე მუშაობის დრო მნიშვნელოვანია, მაგრამ, მერწმუნეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია დრო, რომელსაც არაფრის კეთებაში ატარებ. იგივე პრინციპი მუშაობს ქარხანაში ან სამშენებლო მოედანზე: მანუფაქტურული საქონელი გაგზავნამდე უნდა გააჩერო, ბეტონი კი ჰაერზე შრება, სანამ ზედ რამეს დააშენებენ. რომანების შემთხვევაშიც ასეა. თუ რომანს არ გადადებ დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში, ნაწილები არ შეიკვრება ან ვერ გაშრება და ამიტომაც დასუსტდება.

როცა რომანი დაღვინდება და საბოლოო ფორმას მიიღებს, ახალი, დეტალიზებული და დამღლელი საქმის დროა. მადლობა ჩემს განვლილ დროს, ჩემი წარმოდგენები მუშაობის შესახებ ძალიან რომ შეცვალა. სისუსტეები მანამ ვერ შევნიშნე, სანამ თავს არ დამატყდა. ახლა შემიძლია, ვიცოდე, რას აქვს სიღრმე და რას – არა. სამუშაოს დაბოლოებასთან ერთად ჩემი გონებაც მშვიდდება.

დაღვინების პერიოდისა და კვლავ გადაწერის დასრულების შემდეგ, ახალ ნაბიჯს ვდგამ. ამ დროს რომანი მეტნაკლებად ისაა, რადაც ჩამოყალიბდება საბოლოოდ. ასე რომ, შემიძლია, პირველ მკითხველს ვაჩვენო – კერძოდ, ჩემს ცოლს“.

© არილი

Facebook Comments Box