• ესე

    თომას სტერნზ ელიოტის ქართველი მეგზური ფლორენციაში

    ელიოტი, დანტე და ევროპული ტრადიციები – ფლორენციის საერთაშორისო კონფერენცია (19-25 იანვარი).

    კოკა ჯიქია

    როცა თანამედროვე ქართულ კულტურაში შექმნილი ვაკუუმი გასაქანს არ გვაძლევს, ლიტერატურული შიმშილი დავიკმაყოფილოთ, მერე უკვე შეძლებისდაგვარად უცხო ქვეყნებს ვეტანებით – მკითხველებიც და მწერლებიც, აქტიური თუ პასიური ლიტერატორები თავისუფალ და გახსნილ სივრცეს ვეძებთ, იდეების, კონცეფციების, ფორმებისა თუ შინაარსების მრავალფეროვან სპექტრს. ალბათ არც ის იქნება გასაკვირი, თუ ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრში ხსენებული ვაკუუმის სწორედ ერთ-ერთი “გარღვევა” აღმოჩნდა – კერძოდ კი, იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარებული საერთაშორისო ლიტერატურული კონფერენცია, რომლის ხელმძღვანელიც და ორგანიზატორიც ქართველი პროფესორი, ფილოლოგი თემურ კობახიძე იყო. თუ ფლორენციის ხსენებაზე ასოციაციები დანტე ალიგიერისკენ გაგექცათ, აქვე აღვნიშნავ, რომ კონფერენციის თემა სწორედ თომას სტერნზ ელიოტისა და დანტეს შემოქმედება იყო, იტალიური რენესანსის გავლენები ანგლო-ამერიკელ პოეტზე. თემურ კობახიძეს დღემდე არაერთი ნაშრომი აქვს მიძღვნილი ელიოტის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო წრეებთან, და საორგანიზაციო მხარემაც სწორედ მას ანდო საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზება.
    კონფერენცია რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ინიციატივით გაიმართა. ფონდი უკვე წლებია, რაც ფლორენციაში საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება, აწყობს საერთაშორისო შეხვედრებს, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმომადგენლებს, ერთმანეთში გაცვალონ თავიანთი შეხედულებები და იდეები, ხელი შეუწყონ მსოფლიო კულტურის სინქრონიზაციას. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის გარდა ელიოტისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებმაც უზრუნველჰყვეს – ესენი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო ფლორენციაში, ფლორენციის უნივერსიტეტი, ქალაქის მერია, ბრიტანეთის ინსტიტუტი ფლორენციაში და ქალაქის ლიტერატურული ინსტიტუტი (Gabinetto Scientifico Letterario G.P. Vieusseux in Florence).
    კონფერენციამ მართლაც რომ გაამართლა “საერთაშორისოს” წოდება – თემურ კობახიძესან ერთან პროექტის თანაორგანიზატორი კალიფორნიის შტატის, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპარატიული ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი პოლ დუგლასი იყო. ორგანიზატორებმა უზრუნველჰყვეს, მომხსენებელთა შეძლებისდაგვარად ფართო და მრავალფეროვანი სურათი შეექმნათ. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ესპანეთისა და იტალიის სხვადასხვა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში – 19-დან 25 იანვრამდე გაგრძელდა და მონაწილეებმაც საინტერესო დაკვირვებები, გამოცდილებები და იდეები გაცვალეს ერთმანეთში. დანტეს გავლენები ელიოტის პოეტიკასა და კრიტიკაზე, იტალიური მოტივები ანგლო-ამერიკელის შემოქმედებაში, ელიოტი და რენესანსის ეპოქის ვიზუალური ხელოვნება, დანტეს ესთეტიკის ელიოტისეული აღქმა – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც კონფრენციის მონაწილეებმა საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო მოხსენებებში გაშალეს. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მიზანიც სწორედ კულტურათა და აზრთა სხვადასხვაობის, კომპენტენციათა მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივობის ერთმანეთთან დაახლოებაა, რაც ყოველთვის უწყობს ხელს შემდგომ ამა თუ იმ კულტურული ტრადიციის ცალკეულ, ინდივიდუალურ განვითარებას.
    ახალი შთაბეჭდილებებით, იდეებითა და მიზნებით დაბრუნდა თემურ კობახიძეც საქართველოში. თუმცა, ალბათ ეს იდეები და მიზნებიც საბოლოოდ ისევ ევროპის რომელიმე ქალაქში ჩაიყვანს ქართველ ფილოლოგს და ჩვენც იქაური მოვლენებისთვის მოგვიწევს თვალის დევნება. ერთია მხოლოდ – იმედს ვიტოვებ, რომ ამ მცირე სტატიის შემდეგ ჩვენი მკითხველიც დაინტერესდება პერსონით, რომელსაც საზღვარგარეთ გაცილებით უკეთ იცნობენ და აფასებენ, ვიდრე – აქ, სამშობლოში. ანგლო-ამერიკელი მწერლისა და იტალიური რენესანსისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან კი, რომელსაც ფლორენციაში ამერიკელი და ქართველი პროფესორები უძღვებოდნენ, დასკვნაც ცალსახაა – ლიტერატურას საზღვრები არა აქვს, როცა ის მოძრაობაშია.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ბელა ჩეკურიშვილი – ლექსები

    ჯამბაზი

    შევკაზმე სიტყვებით
    ფიქრების რაშები,
    სიტყვები ავკიდე
    დარდების აქლემებს,
    ვისწავლე სიტყვების
    ბუშტებად გაშვება,
    ძველი და ახალი
    შევკრიბე სათქმელი,
    სიტყვებით ავიგე
    კოშკი და მაჩუბი,
    სიტყვებით ვაქეზებ
    საფრენად შევარდნებს,
    სიტყვები შევფუთე
    წარსულის საჩუქრად,
    მოხვალთ და სიტყვების
    ფანტელებს შეგაფრქვევთ,
    სიტყვებზე დავკიდე
    რწმენა და იმედი,
    ნატვრა და სურვილიც
    სიტყვებად დავყავი,
    სწორედ იმ სიტყვებით
    თქვენ რომ გამიმეტეთ,
    შევქმენი სიცრუის
    პატარა სამყარო,
    სიტყვებით შემოვქსოვ
    ცდუნების ბადეებს,
    სიტყვებით ვხიბლავ და
    სიტყვებით დავგესლავ,
    ლექსებად გროვდება
    სიტყვების ნადავლი,
    რა უნდა საბრალო
    სიტყვების გალექსვას…
    სიტყვებით ვარიდებ
    თავს ბედის გამრიგეს
    და მიგებს, რამეთუ
    თვითონაც სიტყვაა,
    სიტყვებით მკლავენ და
    სიტყვებით ვნადირობ,
    სიტყვებს მიფენენ და
    სიტყვითვე მივყავარ,
    სიტყვებით შევაღებ
    ედემს და სამოთხეს,
    სიტყვებით შევიტან
    ცოდვას და სიძვასაც,
    სიტყვით მადიდებენ,
    სიტყვით უარმყოფენ,
    სიტყვებად მწერენ და
    მარქმევენ სიტყვასაც,
    სიტყვებით ვაცინებ
    ქუჩებს და დარბაზებს
    სიტყვებად გაგონილს
    ვაბრუნებ სიტყვადვე,
    სიტყვებით გართობთ და
    სიტყვებით გაბრაზებთ,
    უსიტყვოდ ველი რომ
    უსიტყვოდ გიყვარდეთ.

    ნატო ინგოროყვას

    “რა ქნას მოკვდავმა”
    ბესიკ ხარანაული

    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა,
    თანაც პოეტმა,
    თანაც ქალაქში,
    სადაც ქვაც კი სიბერით სცოდავს,
    სადაც ზღვებიდან გადმოსული საღამოები
    ახშობენ დილით დაბადებულ იმედის ნოტებს;
    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა, როცა არსებობს,
    მარტივ დღეებად გაფანტული
    უცხო სიზმრებში,
    როცა სინათლის წყაროა და
    მისი მსგავსები,
    არქმევენ სატრფოს,
    ხან მეგობარს, ხანაც სისხამზე,
    უძღვნიან ლექსებს
    და მოლოდინს უვსებენ სიტყვით,
    როცა ბგერებსაც უწონიან
    მისხალ-მისხალზე
    და ფეხაკრეფით გაურბიან
    უხერხულ კითხვებს;
    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა,
    როცა მარტოა,
    როცა წევს მზესთან
    და მკლავებით აღვივებს ქვიშას,
    როცა სიცოცხლის სურვილებმა
    უკვე დატოვეს
    და წყლის სიმშვიდით ელოდება
    რაიმე ნიშანს;
    და რა ქნას ქალმა,
    უპასუხომ,
    როცა ელიან
    მისგან სამოთხეს
    და არქმევენ გზასა და ჭიშკარს
    იმ სამყაროსკენ,
    სადაც საგნებს სხვა სახელი აქვს,
    სადაც სიყვარულს არ ატანენ
    ქარსა და პირქარს;
    და რა ქნას ქალმა
    მოტივტივემ
    ტალღებზე უხმოდ,
    უძვლოდ, უხორცოდ დარჩენილმა
    ქალაქში, სადაც
    ამინდებია და განწყობა
    თბილი და სულ სხვა
    პასუხებია და სახლები სადაზე სადა.

    * * *

    შენ ის მითხარი,
    ხელში შერჩენილ თიხის ნამსხვრევებს რა მოვუხერხო,
    თორემ კაბაზე ღილის მიკერება დედამ მასწავლა.
    რა მოვუხერხო ჩაის ფინჯანს
    კარადაში რომ გადავმალე,
    მაგრამ ყოველ დილით მაინც მახსენებს,
    რომ ჩაიში შინდის მურაბა არ დამავიწყდეს,
    რა მოვუხერხო ყვავილების ქოთნებს და მიწას,
    ბოტანიკური ბაღიდან რომ ზურგით ვატარეთ
    და მერე დიდხანს, დიდხანს ვაფხვიერებდით,
    წიგნებს რა ვუყო, ან სურათებს,
    ყველაფერს ნაგავს ხომ ვერ გავატან,
    ცარიელი კედლები უკვე შიშისაგან იხორკლებიან,
    ან საახალწლო ნამცხვარს რა ვუყო,
    მისი სუნი ხომ მთელს სახლში დაჰქრის
    და დაჟინებით მიმეორებს,
    რომ ნიგვზიანი რულეტები თბილ-თბილი უფრო გემრიელია…
    შენ ის მითხარი,
    როგორ მოვკრიფო რწმენის მარცვლები
    მდოგვის მინდორზე,
    თორემ სახეზე პუდრის წასმა დედამ მასწავლა…

    წუხელი სიზმარი ვნახე

    “წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?”
    ხალხური

    – რაო და,
    ის წყალი, თავზე თქეშად რომ გადმოგემხო,
    ჩემი ცრემლებია,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ის თევზი, წყალში რომ შემოცურდა,
    შენი ექიმია და
    თევზმა ეშვები რომ ჩაგასო,
    მისი სკალპელი,
    – რაო და,
    აკვანს ღერძი რომ გასტეხია,
    შენი ხერხემალია და
    არტახები რომ დასწყვეტია –
    შენი ხელ-ფეხი,
    – რაო და,
    ავგაროზზე ღილი რომ აუჭრიათ,
    შენი თავია,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ჩიტები რომ მოგეგებნენ,
    შენი და-ძმებია,
    ჟღურტული მიტომ აღარ შეუძლიათ, რომ
    ენა თევზებმა შეუჭამეს,
    ბუმბული მიტომ დასცვენიათ, რომ
    იმქვეყნად ტანსაცმელი არ სჭირდებათ,
    ფრთებით გზას მიტომ განიშნებენ, რომ
    თან უნდა გაგიყოლონ,
    – რაო და,
    თორმეტ ნაწილად გადასერილს
    ერთად აგკინძავენ,
    ეს ერთმანეთით ისწავლეს და
    აღარ შეეშლებათ,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ლეღვის ხეს ნაყოფი რომ უხმება,
    დედაშენის მკერდია და
    საწნახელი სისხლით რომ ავსებულა –
    მისი მუცელი,
    ტყისპირას ტურები რომ გაჰკივიან,
    მისი გოდებაა,
    ვაი აქვს შენს გამწირავს და ნუგეში არ უნდა. . .

    ბარბარობა, 2007

    მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი,
    თუნდაც წარსულიდან, ანდა მომავლიდან,
    ვიღაც ადრე მოდის, ვიღაც იგვიანებს,
    ვიღაც არ გვინდა და ვიღაც სულ არ გვინდა,
    ვიღაც ღმერთია და ჯვარზე გაკვრას ითხოვს,
    ვიღაც ერთგულია, ვიღაც – ეჭვიანი,
    ვიღაც ღალატისთვის სამოთხეს დაგვითმობს,
    ვიღაც ვერცხლის ფულებს ყურთან გვიჩხრიალებს,
    ვიღაც შემოდის და დროებით ჩერდება,
    ვიღაც გამვლელია, პედლებს ატრიალებს,
    ვიღაც გვემუქრება იმქვეყნად შეხვედრით,
    ვიღაც წმინდაა და ვიღაცა – მტვრიანი,
    ვიღაც ჩვენს სხეულთან პირისპირ დაგვტოვებს,
    ვიღაც ბალახია, სველი და შრიალა,
    ვიღაცა ჰაერში აკეთებს სალტოებს,
    ვიღაც ძირს ვარდება, ვიღაც მისრიალებს,
    ვიღაც დაგვიფარავს ფრთებით და კალთებით,
    ვიღაც კოცონია, მწველი და ბრიალებს,
    ვიღაცის გვჯერა და კიდეც ვემსგავსებით,
    ვიღაც იკოცნება, თანაც ვნებიანად,
    ვიღაც იწყება და იკეთებს კონტურებს,
    ვიღაც მთავრდება და ცოტას გვაზიანებს,
    მე კი წარღვნამდელი მზერით შემოგყურებ
    და შენი კიდობნის მტრედებად ვხმიანობ
    და ახლადნანახი მიწის სიხარულით,
    მზე რომ დედა იყო, თბილი და ბრდღვიალა,
    პირველადშეხვედრის რიტუალს ვასრულებ:
    მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი… ……

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    გაგა ლომიძე – ქრისტინე ლავანტის დილემა

    ქრისტინე ლავანტი. ლექსები და მოთხრობები. გერმანულიდან თარგმნეს ნათელა ხუციშვილმა, რუსუდან ბრეგაძემ, თამარ კოტრიკაძემ, შოთა იათაშვილმა. წინასიტყვაობა და კომენტარები თამარ კოტრიკაძისა. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.

    ზაფხულის გრილი საღამო იყო. სურავანდშეყრილი საფენებში გახვეული თვეების გოგონა ფარდით გადატიხრულ საძინებელში ჭირვეულად ტიროდა. მამა ოთახში ბოლთას ცემდა. დედა ცდილობდა რამენაირად დაემშვიდებინა ბავშვი. გოგონა ოჯახის მეცხრე შვილი იყო. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ისიც, სხვა შვილების მსგავსად, ვერ გაუმკლავდებოდა ავადმყოფობას და დათმენილი მწუხარებით ელოდნენ აღსასრულს. მაგრამ განგება სხვაგვარ ბედს უმზადებდა პატარას. შემდგომში ქრისტინე ლავანტის სახელით ცნობილი ქრისტინე ტონჰაუზერი XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ლირიკოსი გახდება…

    * * *
    18 წლის იყო ქრისტინე ლავანტი, როცა სახვევები პირველად მოხსნეს. იარები სამუდამოდ გაჰყვა სახეზე და ტანზე, მასთან ერთად მისი გულიც რომ დასერა და ბედისწერად ექცა. მას არც სიყვარულში გაუმართლა. ახლობლების ძალდატანებით, 24 წლის ქრისტინე ცოლად გაჰყვა 60 წლის მხატვარს, იოზეფ ჰაბერინგს. მას შეუყვარდა მხატვარი ვერნერ ბერგი, მაგრამ მათი სასიყვარულო თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა. ქრისტინე ვერასოდეს გააჩენდა შვილს. იგი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ვერ აღასრულებდა დედის მოვალეობას. მისი ღვთისმოშიში ბუნებისთვის ეს კიდევ უფრო მეტი იყო, ვიდრე ცოდვა. იგი მომავალ თაობას ვერ ტოვებდა. და ასეთ დროს მხსნელად მოევლინა პოეზია – “არსობის პური”, რომელიც დაეხმარებოდა “ცოდვის” გამოსყიდვაში და შეძლებდა თაობებისთვის დაეტოვებინა თავისი შემოქმედება.
    რილკეს პოეზია მისთვის გამოცხადებად იქცა: “როგორც კი რილკე წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, ეს იყო ჩემი ცხოვრება”. მისთვის გამორჩეული მწერლის, დოსტოევსკის ივან კარამაზოვის მსგავსი დანაშაულის შეგრძნებით მიმართავს ქრისტინე ლავანტი ღმერთს: “არ დამიმსახურებია შენი სითბო მზეო,/ არ მომიზღავს სასყიდელი ჩემი სულისა,/ ჩემი სხეულიდან ბავშვი არ გამოსულა/ და ნაქურდალით სულდგმულობს ჩემი ფილტვი”. იგი მზად იყო ამ მსხვერპლშეწირვისთვის, მზად იყო გამხდარიყო “ნებაყოფლობითი ღატაკი”, უარი ეთქვა “ეგოს” ყოველგვარ გამოხატულებაზე და ამ გზით დანახული საკუთარი უიმედობა სხვების გასაჭირთან შედარებით, არარად მოჩვენებოდა, რაც მოთხრობის, “ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავის” წაკითხვისთანავე ნათელი ხდება.
    მეგობრის სახლს შეკედლებულისთვის, მანსარდში, სადაც დეპრესიითა და უძილობით შეპყრობილი პოეტისთვის ბოლთის ცემაც კი თითქმის შეუძლებელი იყო სივრცის სიმცირის გამო, ერთადერთ მეგობრად მარტოობა ქცეულიყო. ამიტომაა, რომ მის ჰერმეტულ სტრიქონებში ხშირად პერსონიფიცირებულია მისივე გრძნობები თუ აბსტრაქტული საგნები: “ბებერო ძილო”, “შიში წამოდგა ჩემში ანაზდად/ მსგავსად ქალისა…” და ა.შ., რაშიც შეიძლება ლავანტის პიროვნების გაორება ან საკუთარი “ეგოდან”გასვლა და გარემოს გასაგნობრივება დავინახოთ. ლავანტისთვის, რომელიც თითქმის არ გადიოდა შინიდან, გარე სამყაროსთან, მატერიალურთან კავშირის ერთადერთი საშუალება ენასთან ურთიერთობა იყო.
    და როგორ შეიძლებოდა წუთით მაინც არ გაჩენოდა პროტესტის გრძნობა ღმერთის მიმართ: “ალბათ ჩემი ბედი დედის მუცელშივე/ უშიშრად დამცილდა/ და ჩემს ნაცვლად გასწია…/ ყველაზე ღვთივმივიწყებულ ვარსკვლავისაკენ”. ქრისტინე ლავანტისთვის ღმერთი კეთილიცაა და ბოროტიც, თავის ღმერთს განადიდებს და ამხობს კიდეც. საკუთარი უბედობის გამო ღმერთისადმი სამდურავით ლავანტი ექსისტენციალისტებს მოგვაგონებს: “… ხშირად ვფიქრობ, უწყის კი უფალმა ჩემს შესახებ”, რადგან “შემინდეთ, მამაღმერთო, ძეო ღვთისაო და სულიწმიდავ!/ თქვენ ხომ სამებად ხართ, მე კი – ასე ეული”. ამიტომ ჩნდება ხშირად მის პოეზიაში ლუციფერის სახე, როგორც ღმერთისადმი ამბოხის გამოვლინება. ხშირად მისი თვითგმობა თვითგვემამდეც მიდის: “ღმერთო, წამართვი თვალის ჩინი!”. “დაწყევლილი ბედის” გამო, ქრისტინე ლავანტის ლირიკული “მე” ხშირად აიგივებს საკუთარ თავს ჯადოქართან და თითქოს თავიც მოაქვს ამით. მასში ღმერთისადმი აგრესია იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ ერთმა სასულიერო პირმა ქრისტინეზე ასეთი რამ თქვა: “იგი ერთი აგრესიული, უღმერთო ადამიანია”. ერთხანს ბევრი ფიქრობდა, რომ ქრისტინე ლავანტის ლირიკული “მე”-ს თვითგვემისკენ სწრაფვა, რითაც იგი წამებულს მოგვაგონებს, მხოლოდ და მხოლოდ პოეტური პოზა იყო. მაგრამ პირადი წერილები ცხადყოფენ, რომ მისი პოეზია მძიმე სულიერი მდგომარეობის ნაყოფია. 1963 წელს ერთ მეგობარს წერდა: “ფიზიკურად ისე ვგრძნობ თავს, თითქოს 48-ის კი არა, 68 წლის ვიყო… ვიცი, ხანგრძლივი ტანჯვისთვის ვარ განწირული”.
    თუმცა ამის მიუხედავად, ქრისტინე ლავანტის შემოქმედებისთვის უცხო როდია ირონია. რით აიხსნება, თუ არა ირონიით, საკუთარი თავის ჯადოქართან გაიგივება, ან პაროქსიზმამდე მისული რელიგიურობა მის მოთხრობაში “ნელი”, რომელიც კიჩის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მასში მაინც მოჩანს ქრისტინე ლავანტის პერსონა.
    ქრისტინე ლავანტის პოეტური ტროპები კელტურ-გერმანული ფოლკლორითაა ნასაზრდოები, რის გამოც მისი ლექსები ხშირად ზღაპრებს მოგვაგონებს. იგი განსხვავდება თავისი დროის პოეტებისგან, იქნება ეს პაულ ცელანი თუ ინგებორგ ბახმანი, თუმცა ისინი ალბათ საერთო წყაროდან, გეორგ თრაკლის პოეზიიდან მომდინარეობენ. მაგრამ ხთონური საწყისებისა და აპოკალიფსური ხილვების მიუხედავად, თრაკლისა და ლავანტის სამყაროც განსხვავებულია, ვინაიდან თრაკლის ღამეულ ბუნებასა და “მე”-ს შორის თითქმის დიალოგი არ არსებობს, ლავანტთან კი ბუნება და “მე” უფრო დაახლოებულია. და თუ თრაკლთან საკუთარ “ვარსკვლავს ლოყით მიკრული” ადამიანი ვერ თავისუფლდება ბედისწერისგან, ლავანტის ლირიკული “მე” მეამბოხეა, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლია.
    ალბათ ძნელია ქრისტინე ლავანტის პოეზიის მოთავსება რომელიმე ერთი მიმდინარეობის ფარგლებში. მასთან ერთმანეთის გვერდით ვხვდებით ვერლიბრს, გარითმულსა და მელოდიურ ლექსებს. ლავანტის პოეზიაში რელიგიურობისა და ნიჰილიზმის თანაარსებობის მსგავსად, არის ლირიკული ჰერმეტიზმიც და ავანგარდული ესთეტიკაც (თავისი შოკისმომგვრელი ეფექტებით). მისი ტექსტების ფაქტურა მოიცავს ექსპრესიონიზმის ელემენტებსაც (სამყაროში ადამიანის მიუსაფრობა და საზღვრულობის გადალახვისკენ სწრაფვა).
    მეორე მხრივ, თავისი მორჩილებით, ტანჯვის უდრეკად ატანის “ოსტატობით”, რითაც ლავანტი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან გადმოსულ წამებულს მოგვაგონებს, იგი მეტრფეა – “ის, ვისაც უყვარს”, სატრფოს საპირისპიროდ – “ის, ვინც უყვართ”. “მეტრფეს ადვილად ამოიცნობთ მარად გახსნილი გულით, რომლის სიღრმეშიც იგი დაუღალავად ცდილობს თავისი სიყვარულის საგნის ჩახატვას” – წერს “ყაყაჩოსკაბიან მზეთუნახავში” და სიყვარულის უნარით ღმერთს უახლოვდება. იგი ერთგვარ კიბეს აგებს მატერიალურსა და სულიერ სფეროებს შორის: “რამდენი რამე აიწევდა ცად ჩემთან ერთად/ რაპუნცელ, ჩემო ვარსკვლავო, დაბლა დაუშვი დალალი!”
    “რა შორი გზაა ღმერთის გულამდე” – წერდა ქრისტინე ლავანტი, მაგრამ მას სულ ერთი ნაბიჯი აშორებდა იქამდე. ქრისტინე, ისევე, როგორც ბავშვობისას, ღია ფანჯარასთან იჯდა და “ფიქრებს” ელოდებოდა. ოთახში წამლის და ექიმის სუნი იყო, როგორც ერთ დროს მომაკვდავ დეიდასთან. სადღაც მამლაყინწამ “მეტისმეტად მჭახედ” დაიყივლა. საგნები თავიანთ ჩრდილებს კარგავდნენ. თენდებოდა. სარკმელს მიღმა სითეთრე დაინახა. კაცმა არ იცის, რა იყო ეს – თოვლი თუ “ბაბუაწვერების მოლი”. როცა წამოდგა, უწონადობის სივრცეში იმყოფებოდა და ანთებული ლამპარით ხელში გვერდით ისე ჩაუარა მორიგე ექიმებს, რომ ვერც კი შეამჩნიეს. მოლზე ლამაზი გვირგვინოსანი დაინახა, რომლის გვირგვინსაც ერთი ქვა აკლდა და მაშინვე საყრდენი იგრძნო ფეხქვეშ. მაგრამ ეს ალბათ ერთ წამს გაგრძელდა. “რა კარგია, რომ ვარ დამალული” – გაიფიქრა მერე და გაეღიმა. მალე ცის კარიბჭეს მიუახლოვდა და მასზე მოკრძალებით, ორჯერ დააკაკუნა.
    მეორე დღეს გაზეთები წერდნენ პოეტზე. მაგრამ ამას მისთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მას უკვე ჰყავდა შვილები და ისინი სიცოცხლეს ათასობით წიგნის ფურცლებზე განაგრძობდნენ.

    © “წიგნები – 24 საათი”