• პორტრეტი

    მო­გო­ნე­ბე­ბი რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვილ­ზე

    მე­რი ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი

    * * *

    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი “დი­ლის” რე­დაქ­ტო­რია. მე მას კარ­დე­ნა­ხე­ლი პო­ე­ტი ქა­ლის, მე­რი ბი­წა­ძის ლექ­სე­ბი მი­ვუ­ტა­ნე. მითხ­რა, შე­ნი სა­ბავ­შ­ვო ლექ­სე­ბიც მო­ი­ტა­ნე, და­გი­ბეჭ­და­ვო. მე ვე­უბ­ნე­ბი, სა­ბავ­შ­ვო ლექ­სებს არ ვწერ-მეთ­ქი. რას ამ­ბობ კა­ცო, რო­გორ თუ არ წერ, გა­ზაფხულ­ზე ლექ­სი არ და­გი­წე­რიაო? მე მივ­ხ­ვ­დი, მის­თ­ვის რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო მწერ­ლის­გან ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლით სამ­ყა­როს აღქ­მის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ღაც აკლ­და ყვე­ლას, ვი­საც არ შე­ეძ­ლო ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლით შე­ე­ხე­და ბუ­ნე­ბის­თ­ვის, ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, მცე­ნა­რე­თა და ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს­თ­ვის. ის ბუ­ნე­ბის დი­დი შვი­ლი იყო და ეს რა გა­საკ­ვი­რია, მი­სი “კა­ცე­ბის”, “ბი­ბოს”, შიო პა­პა­სა და უშ­ი­შა პა­პას შემ­დეგ.
    ად­ა­მი­ა­ნის სმე­ნა­საც, მხედ­ვე­ლო­ბა­საც აქვს თა­ვი­სი საზ­ღ­ვ­რე­ბი, რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვილს კი მემ­გო­ნი ეს არ ეხ­ე­ბო­და, ის ყო­ველ­გ­ვა­რი ინს­ტ­რუ­მენ­ტა­რი­ე­ბის გა­რე­შე ახ­ერ­ხებ­და ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და სამ­ყა­როს ყო­ველ­გ­ვარ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში წვდო­მას. იგი რა­ღაც ზეგ­რ­ძ­ნო­ბა­დი გამ­ტა­რი იყო სამ­ყა­რო­სი და შე­ეძ­ლო გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო ყვე­ლა ას­ა­კის ად­ა­მი­ა­ნად და ყვე­ლა­ნა­ირ სუ­ლი­ერ და უს­უ­ლო არ­სე­ბად.

    * * *

    ზოგ­ჯერ, ამა თუ იმ მწერ­ლის წა­კითხ­ვი­სას, ვფიქ­რობ, რა ტყუ­ი­ლი გარ­ჯაა მწერ­ლო­ბა, რა გა­მოს­წორ­და გე­ნი­ო­სე­ბის არ­სე­ბო­ბით. ძალ­მომ­რე­ო­ბა, ომი, ჩაგ­ვ­რა და ყო­ველ­გ­ვა­რი ად­ა­მი­ა­ნუ­რი მან­კი­ე­რე­ბა ის­ევ არ­სე­ბობს-მეთ­ქი.
    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილ­თან ეს არ­ა­სო­დეს მომ­ს­ვ­ლია თავ­ში. რა­ტომ? გა­ნა ის კი გა­მო­ას­წო­რებს და აღგ­ვის პი­რი­სა­გან მი­წი­სა ყო­ველ­გ­ვარ მან­კი­ე­რე­ბას? რო­გორც ვერ იტყ­ვი, რა სა­ჭი­როა წელს მარ­ტი ან აპ­რი­ლი რომ მო­ვი­დაო, ასე არ გეთ­ქ­მე­ბა – რა სა­ჭი­როა მი­სი ესა თუ ის მოთხ­რო­ბაო. ეს მოთხ­რო­ბე­ბი ბუ­ნე­ბის ქმნი­ლე­ბებს გავს და შენ­თან ერ­თად, შენს გვერ­დით მი­ე­დი­ნე­ბა ბუ­ნე­ბის შე­უ­ჩე­რე­ბელ ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა­ში.

    * * *

    დი­დი ხელ­მოკ­ლე­ო­ბის ჟამს, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, რო­დე­საც ავ­ად მყავ­და და, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის კა­რებ­თან ჩემს ფიქ­რებ­სა და მწუ­ხა­რე­ბას მი­ცე­მუ­ლი გა­მო­მაფხიზ­ლა ძა­ლი­ან ყუ­რად­ღე­ბი­ან­მა შე­მო­ხედ­ვამ, არა ის­ეთ­მა, შე­უ­რაცხ­ყო­ფად რომ მი­ვი­ღებ­დი, ეს იყო შე­მო­ხედ­ვა ად­ა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც იც­ის ტკი­ვი­ლის ფა­სი და აკრ­თობს სხვი­სი მწუ­ხა­რე­ბა.
    ეს ად­ა­მი­ა­ნი რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი იყო.

    * * *

    1992 წლის 1 იან­ვარს სიღ­ნა­ღის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­რი­გე­ო­ბის დროს გა­ვი­გე რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ეს იყო მძი­მე, ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბლო­კა­დის პე­რი­ო­დი, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, შიმ­ში­ლი, გა­თი­შუ­ლი ქვე­ყა­ნა, უტ­რან­ს­პორ­ტო­ბა. ამ სა­ყო­ველ­თაო უბ­ე­დუ­რე­ბის ჟამს, კი­დევ ერ­თი შა­ვი დღე ჩა­მოდ­გა. რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლის სიკ­ვ­დი­ლი იქ­ნებ იმ­ი­ტომ და­ამ­თხ­ვია გან­გე­ბამ იმ დიდ სა­ერ­თო გლო­ვას, რომ შე­და­რე­ბით ჩუ­მად გა­დაგ­ვე­ტა­ნა ზა­რი, მის სიკ­ვ­დილს სხვა დროს რომ მოყ­ვე­ბო­და, რა­თა ჩუ­მად, ცალ-ცალ­კე, სახ­ლებ­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე გა­მო­კე­ტი­ლებს გვეგ­ლო­ვა და ისე, მის პი­როვ­ნე­ბას რომ შე­ე­ფე­რე­ბო­და.
    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი მთელ სამ­ყა­როს მო­უკ­ვ­და. არა მგო­ნია მი­სი სიკ­ვ­დი­ლი არ ეგრ­ძ­ნოთ მცე­ნა­რე­ებს, ფრინ­ვე­ლებს, ჯერ კი­დევ გონ­ში ჩა­უგ­დებ ბავ­შ­ვებს. იგი თით­ქოს სულ არ­სე­ბობ­და და სულ უნ­და ეარ­სე­ბა მთელ ცოცხალ სამ­ყა­როს­თან ერ­თად. მას­ში იყო რა­ღაც ის­ე­თი, ბუ­ნე­ბი­სა­გან კე­თი­ლად ბო­ძე­ბუ­ლი, რაც ამს­გავ­სებ­და ტყე­ებს, ვე­ლებს, მინ­დ­ვ­რებს, მზე­სა და მთვა­რეს: მას­ზე ად­რე­ვე უნ­და დაგ­ვეწყო წე­რა; მაგ­რამ იგი ჩემ­თ­ვის უკ­ი­დე­გა­ნო რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი იყო და და­კონ­კ­რე­ტე­ბა არ­ას­დ­როს მომ­ნ­დო­მე­ბია. თუმ­ცა ის თა­ვი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბი­თაც მთელ სამ­ყა­როს მო­ი­ცავ­და.

    * * *

    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი მე სკო­ლი­დან ვი­ცო­დი, რო­ცა ის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო. იმდ­რო­ინ­დე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მას­ზე ბევრს ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. ჩვენს სო­ფელ­ში მოჰ­ქონ­დათ მი­სი ამ­ბა­ვი. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ერ­თი პე­რი­ო­დი სამ­გორ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და ნი­კო კეცხო­ველს, ძა­ლი­ან აფ­ა­სებ­დ­ნენ ამ­ხა­ნა­გე­ბი. წერ­და ძა­ლი­ან კარ­გად. აკი არ­ჩილ სუ­ლა­კა­ურ­მაც თქვა, რომ უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის პე­რი­ოდ­ში რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლის მეტ­მა წე­რა არ­ა­ვინ ვი­ცო­დი­თო. და აი უკ­ვე, რო­ცა თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ­დი, მახ­სოვს მის წიგ­ნებს – “მე­გობ­რი­სად­მი მი­ნა­წე­რი წე­რი­ლე­ბი­დან” და შემ­დეგ “წვე­თე­ბი ფოთ­ლებ­ზე”, რო­გორ იტ­ა­ცებ­და ხალ­ხი.
    რ. ინ­ა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შია შე­ტა­ნი­ლი. “იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა?”, “თი­ნას ლე­კუ­რის”, “მაგ­და­ნას ლურ­ჯას”, “ღვი­ნია გა­და­ი­ჩე­ხას”, “ყა­ყი­ტას ქურ­დის”, “შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბის”, “მთის წყა­როს”, “ქუ­ჩის”, “ხმე­ლი წი­ფე­ლის” გვერ­დით უს­ა­თუ­ოდ უნ­და ის­წავ­ლონ ქარ­თ­ველ­მა ბავ­შ­ვებ­მა “კა­ცე­ბი”, “ბი­ბო”, შიო პა­პა­სა და უშ­ი­შა პა­პას ამ­ბე­ბი, “ლა­მა­ზი ცრემ­ლე­ბი”, “ხე­ლის­გუ­ლე­ბით ნა­ლე­სი ქო­ხი” და სხვა.
    ეს მოთხ­რო­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბე­ბის ნე­ბის­მი­ერ ან­თო­ლო­გი­ას და­ამ­შ­ვე­ნებ­და. რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილს სურს, რომ სტრი­ქო­ნე­ბი, რო­მე­ლიც ყრუ, გამ­წ­მენდ ტკი­ვი­ლე­ბად შე­დის მას­ში, ელ­ექ­ტ­რო­დე­ნი­ვით გა­დას­ცეს სხვა­საც, რა­თა ამ­ით ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მო­ვი­ხა­დოთ სას­ჯე­ლი, დი­დი ად­ა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბუ­ლი სუ­ლე­ბის წი­ნა­შე.

    * * *

    რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილს პირ­ვე­ლად 1955 წლის აგ­ვის­ტო­ში შევ­ხ­ვ­დი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა “ნა­კა­დუ­ლის” ერთ-ერთ ოთ­ახ­ში იჯ­და, კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი სიღ­ნა­ღის დი­დი ფო­ტოს წინ. რო­ცა იქ მყოფ­მა ლიტ­მუ­შა­კებ­მა მკითხეს, აბა შენ სად ცხოვ­რო­ბო, მე ფო­ტო­ზე მი­ვუ­თი­თე, აი, აქა-მეთ­ქი. რე­ზომ მკითხა: შენ მე­რი ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი ხა­რო? (მა­შინ ახ­ა­ლი და­ბეჭ­დი­ლი ვი­ყა­ვი “ცის­კარ­ში”).
    1973 წელს სიღ­ნაღ­ში დავ­პა­ტი­ჟეთ. მოხ­სე­ნე­ბის და­წე­რი­სას სულ მა­წუ­ხებ­და ფიქ­რი, რა უნ­და მეთ­ქ­ვა რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვილ­ზე ის­ე­თი, რა­საც ის ამ­ბობს თა­ვი­სი მოთხ­რო­ბე­ბით. მაგ­რამ ეტ­ყო­ბა რა­ღა­ცა მა­ინც უნ­და ვთქვათ.
    ერ­თი წლის მე­რე რე­ზო ინ­ა­ნიშ­ვი­ლი 6-7 დღე ცხოვ­რობ­და სიღ­ნა­ღის სას­ტუმ­რო­ში. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სახ­ლ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ და ჩემს 5-6 მე­გო­ბარ­თან ერ­თად შევ­ხ­ვ­დით მას. იგი გა­ტა­ცე­ბით ლა­პა­რა­კობ­და პა­ტა­რა რუ­სუ­დან ფეტ­ვი­აშ­ვილ­ზე, მხატ­ვ­რო­ბა­ზე სა­ერ­თოდ; თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილ­ზე, სალ­ვა­დორ და­ლი­ზე, მოყ­ვა სოლ­ჟე­ნი­ცინ­ზე. ძა­ლი­ან მო­წონ­და ა. ახ­მა­ტო­ვას მი­ერ წა­კითხუ­ლი “კლე­ო­პატ­რა”. რო­ცა მწერ­ლებს ად­ა­რებ­დ­ნენ ერ­თი­მე­ო­რეს, რე­ვაზ ინ­ა­ნიშ­ვილ­მა ბრძა­ნა, გან­გე­ბამ ყვე­ლა ად­ა­მი­ანს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რიტ­მი უბ­ო­ძა და მა­თი ერთ­მა­ნეთ­თან პირ­და­პი­რი შე­და­რე­ბა არ გა­მოდ­გე­ბაო. რამ­დე­ნი მწე­რა­ლი­ცაა, იმ­დე­ნი­ვე შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ძა­ლი­ან დი­დი მწე­რა­ლი, მთა­ვა­რი ნი­ჭი­ე­რე­ბააო.

    © “არილი”
  • კრიტიკა,  რეცენზია

    "ახალი დროება", №2

    შოთა იათაშვილი
    “ახალი დროების” მეორე ჩქამის ჰიპერთამაშები და სურნელებანი
    “ახალი დროება”, №2. მთავარი რედაქტორი გია ჭუმბურიძე, გარეკანის გაფორმება შალვა ლეჟავასი. თბ. “აზრი”, 2002.

    ახალი დროების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი ხომ ძველ დროებასთან შედარებით მისი თავბრუდახვევამდე აჩქარებული რიტმია (ჩარლის “ახალი დროება” გავიხსენოთ თუნდაც), ჰოდა, 1994 წელს ალმანახი “ახალი დროება” რომ გამოვიდა ნუმერაციის ელექტრონული ვერსიით: 00:01, რაიც სასტარტო პირველ წამს აღნიშნავდა, ოპტიმისტნი, მორწმუნენი და ნეტარნი ელოდნენ ალბათ, რომ მართლა სეკუნდებივით წაეწყობოდა ალმანახის ახალ-ახალი ნუმრები და ეგ კი არა, “რომელი საათიაო” – იკითხავდნენ სულ მალე ალმანახის ფურცლებიდან დავით და ზურაბ, გია და ზაზა, მაგრამ, “ვაჰ, დრონი, დრონი”, პერვერსიულ ნიშან-თვისებათა მქონე ჩვენებური “ახალი დროების” გაუგონარი სიზანტე იმაში გამოიხატა, რომ მისი ელექტრონული მეორე წამი (00:02) მხოლოდ რვა წლის შემდეგ დადგა – კალენდარული თვალსაზრისით უკვე ნამდვილად ახალ ეპოქაში, ახალ მილენიუმში – ახალი დროების 02-ში…
    “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!” – ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უპოპულარულესი ფრაზა ამ ალმანახშიცაა მოხვედრილი (გვ. 13. თფუ, თფუ, ჯვარი აქაურობასა!) და ვფიქრობ, მისტიური ღრმა კანონზომიერება ძევს ამაში, ვინაიდან 00:02-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟის, კაკაბსონას პირით ნათქვამი ეს სიტყვები გულზე უნდა ამოვიჭრათ ჩვენც და შევუდგეთ “ახალი დროების” მეორე შეჩერებული წამის გაანალიზებას. ამ საქმეს კი ყველაზე უკეთ მისტერ ზაზა თვარაძესთან ერთად მოვახერხებთ, ვინაიდან მას ამ ფრაზის საკუთარი ბრწყინვალე ვარიანტი გააჩნია და ჰორიზონტის ხაზზე გამოჩენილ ნაცნობ-მეგობრებს ასე შესძახებს ხოლმე: “შეჩერდი, წამო, ხინკალი ვჭამოთ!” 00:02-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ბატონმა კურიეროვმა ეს პერიფრაზი მშვენივრად უწყის და წვერის ქიცინითა და განუმეორებელი იუმორით გაზავებული კულტუროლოგიური სხაპასხუპით მუდამ მზადაა დროის ამგვარ შეჩერებაზე; რა თქმა უნდა, არც სულით რაბლეზიანელი და მოდერნიზმის ერთგულებით ვერდაქანცული მაგისტრი იქნება წინააღმდეგი ჩაღლიოს მკითხველთან ერთად ღვინო მუქი ან თუნდაც ღია (ფონდ სოროსივით) და ისე იმასლაათოს “ახალი დროების” ავ-კარგზე; ერთი სკოტლანდიური ვისკი და საფეხბურთო გუნდი და აღა-მორჩილ-ხანიც ჩვენთან გაჩნდება, მერე davzur-საც აღარ მოუთმენს გული, მოსწყდება Rotmail-ს და შემოგვიერთდება. მოკლედ, შევიკრიბებით და მისტერ ზაზა თვარაძე თავის ცნობილ ფუნაგორიებსაც იტყვის აუცილებლად.
    მაგალითად, ამას:
    “თუ გინდა გქონდეს ბოდრი იერი,
    უნდა იკითხო ბოდრიიარი”.

    ან ამას:
    “თუ არ იცი დერიდა,
    ვერ ამოხვალ მძღნერიდან”.

    ეს ფუნაგორიები პირდაპირ მიმართებაშია “ახალ დროებასთან”, ვინაიდან ქართული თარგმანების პრობლემაზე დარდობს ეს ალმანახი, თანამედროვე ლიტერატურისადმი არასტერეოტიპულ მიდგომებს ავითარებს, აქვეყნებს კიდეც ბოლო-ბოლო ნათარგმნ ტექსტებს… და პრინციპში, იმას ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანას “ბოდრი იერი” ვერ ექნება და “მძღნერიდან” ვერ ამოვა, თუ კულტუროლოგიური ენა და თარგმნის ხელობა ვერ ისწავლა კარგად. ხელოვნება კი არა, ხელობა, მაგრამ ისეთი, “დასაოსტატებლად 10 წელი მაინც რომაა საჭირო” (გია ჭუმბურიძე, 00:02-ის მთ. რედაქტორი). სხვათა შორის, ალბათ ამ კონცეპციამ განაპირობა, რომ 00:01-სგან განსხვავებით, 00:02-ში ნათარგმნი ტექსტები ანონიმურად, მთარგმნელთა მითითების გარეშეა დაბეჭდილი. რაღაი ხელობაა, ხელოსანი რაღა აღსანიშნავიაო – ეტყობა დაასკვნა გ.ჭ.&Co-მ. ვითომ სწორი პოზიციაა? იმას თუ ვჩივით, კარგი ხელოსნები სანთლით საძებარნი არიანო, იმ ერთ-ორ კარგს რაღას ვუმალავთ საზოგადოებას?
    ჩაღლიეთ, ჩაღლიეთ მთარგმნელობით პროცესზე მჭმუნვარენო, მოამზადეთ კონტრარგუმენტები, მე კი მანამდე, იცით, რასა ვიქმ? თქვენი “ახალი დროების” პირველ სეკუნდს მეორეს შევადრი. თანაც არ მივკიბ-მოვკიბავ და პირდაპირ ვიტყვი: პირველი ჩემთვის გაცილებით საინტერესო გამოდგა. იგი უფრო მრავალფეროვანია, დინამიურია და, რაც მთავარია, უფრო მეტად პრობლემატურია! პირველში დაბეჭდილი დავით ზურაბიშვილის წერილი “ჯეიმს ბონდის რეაბილიტაცია ანუ პოლემიკური შენიშვნები თვითრეკლამის ელემენტებით” ჩემი აზრით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერილია ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში, ვინაიდან იგი ცდილობს სრულიად სხვა კუთხით დაანახოს წინასწარ ქედმაღლურად განწყობილ ქართველ მკითხველს და რაც მთავარია, მთარგმნელთა კორპუსს, მასკულტურა და ის დადებითი შედეგები, რაც მასკულტურის ხარისხიან თარგმნას შეიძლება მოჰყვეს. ერთი საეტაპო, პროგრამული ხასიათის წერილი 00:02-ში არ მოიძიება. გარდა ამისა, პირველ ალმანახში იყო მრგვალი მაგიდა თემაზე “მარგინალური საზოგადოება და ლიტერატურული პროცესი”, სადაც მწერლობისადმი დამოკიდებულების გადაფასების მტკივნეულ პროცესზე ცოცხლად და საქმიანად ბჭობდნენ ჭკვიანი ლიტერატორები. ამ მრგვალი მაგიდის შემდეგ რვა წელი გავიდა, მაჩანჩალობის მიუხედავად, მაინც ბევრი რამ შეიცვალა ლიტ.საქართველოში და ვფიქრობ, პრობლემატურობის გრადაციის შესანარჩუნებლად და ვინ იცის, ასამაღლებლადაც კი, რედაქციას არ უნდა დაზარებოდა ჭკვიანი ლიტერატორების კიდევ ერთხელ შეკრება და ამჭევრმეტყველება ამ მომენტისათვის ყველაზე აქტუალურ თემებზე.
    “ახალი დროების” 300-ზე ოდნავ მეტი გვერდიდან 200 გასული საუკუნის 80-იანი წლების შედევრისა და დღემდე ბესტსელერის – პატრიკ ზიუსკინდის “ნელსურნელებითაა” გაჟღენთილი. ამ რომანს თავის დროზე “Иностранка”-თი გავეცანი, ისევე როგორც ალბათ ბევრი სხვა, ამიტომაც ამჟამად თავიდან ბოლომდე აღარ გადამიბულბულებია, მხოლოდ ალაგ-ალაგ მიმოვიკითხე, გავიხსენე XVIII საუკუნის გენიალური ურჩხულის, ჟან-ბატისტ გრენუის ისტორია და ისიც ვიგრძენი, რომ თარგმანს აშკარად კარგი სუნი უდიოდა. ასე რომ, ერთი შეხედვით, რაა საპრეტენზიო? ბრწყინვალე ნაწარმოები, კარგი თარგმანი… ეჰ! როგორც წერილის დასაწყისში წარმოვიდგინეთ, ამ ალმანახის ახალ-ახალი ნუმრები მიწყობილად რომ გამოდიოდეს, ვთქვათ, იმავე “Иностранка”-სავით, მაგაზე უკეთესი რა იქნებოდა, მაგრამ როცა პირველ და მეორე წამს შორის 8 წელია?.. გამართლებულია ვითომ მაშინ, ალმანახის ორი მესამედი ერთ ნაწარმოებს დაეთმოს?.. ამ შემთხვევაში ძალიან ხომ არ “ჭამს” იგი “ახალ დროებას”?.. თანაც, “ნელსურნელება” ადრე გაგრძელებებით “ახალ 7 დღეში” იბეჭდებოდა (ვერ დავიჩემებ, რომ ზუსტად ეს თარგმანია, რადგან მთარგმნელი არ წერია, თუმც მეეჭვება დღეს საქართველოში ამ რომანის ორი თარგმანი არსებობდეს). ასე რომ, პირველი, საგაზეთო პუბლიკაცია უკვე არსებობდა, გამომცემლობა “დიოგენეს” საავტორო უფლება ამ ნაწარმოებზე აღებული აქვს და საფიქრალია, რომ არცთუ ტყუილუბრალოდ, – ანუ რომანის წიგნად გამოცემა, ფაქტობრივად უკვე გარდუვალია, – ჰოდა, ამ მიზეზთა გამო, ვფიქრობ, აღარ ღირდა თარგმანის კიდევ ერთი საშუალედო პუბლიკაცია, – აჯობებდა მის ხარჯზე მასალათა სხვა სპექტრით გამდიდრება ალმანახისა.
    შევხედოთ ახლა, “ნელსურნელების” გარდა რაა დაბეჭდილი 00:02-ში.
    ყველაზე პრობლემატური კვლავაც დავით ზურაბიშვილის მასალა აღმოჩნდა – ავტორისეული წინათქმითა და ბოლოთქმით შეკრული ეპისტოლარული კოლაჟი, შედგენილი 4 რეალური პერსონაჟის ინტერნეტ-მიმოწერიდან. ამ ოთხიდან ერთი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლია, ცნობილი ამერიკელი გამომცემელი და ლიტერატურის კრიტიკოსი ედვარდ გოლდმან უმცროსი, “ახალი დროების” პირველი ჩქამის სტუმარი რომ იყო და მერე იმეილის საშუალებით რომ ემუსაიფებოდა ხოლმე თავის ქართველ მეგობრებს საგამომცემლო და საერთოდ, ლიტერატურულ საკითხებზე. დავით ზურაბიშვილმა ედვარდ გოლდმან უმცროსის ტრაგიკულ აღსასრულს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა და “ახალი დროების” მეორე ჩქამი გადაწყვიტა ამ მიმოწერის საშუალებით შეეჯერებინა მიმოწერის მოქმედი გმირები. გარდა გოლდმანისა და ზურაბიშვილისა, არიან ამერიკაში მცხოვრები “პოეტი-ავანგარდისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ესეისტი და ბიზნესმენი” ზაზა კაკაბაძე და ავსტრიაში მცხოვრები “მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი” ზვიად შამანაური (ეს განსაზღვრებები მასალის სქოლიოდანაა ამოღებული).
    მიმოწერა შეუნელებელი ინტერესით იკითხება. ამას წამოჭრილი საკითხების პრობლემატურობის გარდა ისიც განაპირობებს, რომ მოკამათენი პრინციპულად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და ამ პოზიციებიდან გამომდინარე, ერთმანეთს კიდეც “ამკობენ” შესატყვისი ტერმინებით. მაგალითად, გოლდმანის აზრით ზაზა კაკაბაძე (იგივე კაკაბსონა) მემარცხენე ინტელექტუალია, ზვიად შამანაური (იგივე ზვიადაური) კი მემარჯვენე ტრადიციონალისტი. სამაგიეროდ ზვიადაური გოლდმანს კოსმოპოლიტ ჟიდომასონს უწოდებს, თუმც ისეთს, რაღაც-რაღაცებში 100%-ით მართალი რომაა. დავით (იგივე დევიდ) ზურაბიშვილი პოზიციით ყველაზე ახლოს კოსმოპოლიტ ჟიდომასონთან დგას და ალბათ ამიტომაც არაა სხვა მოქმედ პირთა მიერ სახელდებული, თუმც მე უმაგისობას მაინც ვერ მოვითმენ და “ჯეიმს ბონდის რეაბილიტაციისა” და ამ კოლაჟის შემდგომ “მასკულუტურის ადვოკატს” ვუწოდებ თქვენის ნებართვით მას.
    ერთი სიტყვით, კაი გიჟმაჟი კვარტეტია (სამწუხაროდ, დღეს უკვე ტრიოდ ქცეული) და გირჩევთ, მათ “საბაჩკიან” დისკურსს delete არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ.
    ზაზა შათირიშვილი, რომელსაც საკუთარი გვარიც კი აქვს ნათარგმანები და შინაურულ-სახუმარო სიტუაციებში კურიეროვად იწოდების (შათირ-ი [არაბ.] (ძვ.) – იგივეა, რაც შიკრიკი; კურიერ-ი [ფრ. courrier] – დაწესებულების შიკრიკი), ალმანახში კულტუროლოგიურ წერილს “თარგმანების ხელოვნებას” გვთავაზობს, ოღონდაც ამ წერილში იგი მხატვრული ტექსტის თარგმანებაზე კი არ საუბრობს, არამედ მხატვრულ ტექსტად თარგმანებაზე ისეთი ტექსტისა, რომელსაც ქალაქი, ამ შემთხვევაში კი თბილისი (ტფილისი) ეწოდება. თბილისის მთარგმნელთა შორის განიხილებიან და მოიხსენიებიან ზურაბ ქარუმიძე, აკა მორჩილაძე, ვასილ ბარნოვი, იოსებ გრიშაშვილი, სერგო ფარაჯანოვი…
    თუმც ავტორი მხოლოდ თბილისით არ იფარგლება და კავკასიურ (თუ ამიერკავკასიურ?) დისკურსზე გადადის. საქართველოს და სომხეთს განიხილავს (აზერბაიჯანზე კრინტსაც კი არ ძრავს. რატომ?) და ასკვნის, რომ კავკასიურ დისკურსს ორი ძირითადი მეტაფორა გააჩნია – საზღვრის და სამოთხის.
    წერილი მოცულობით პატარაა და თან, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი თემაა მასში მონიშნული. ამიტომაცაა, რომ იგი ესკიზის, მონახაზის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ავტორმა თავისთვის დააფიქსირა ის თემატიკა და ის ძირითადი კონცეპციები, რომლებზეც სამომავლოდ უფრო დეტალურად და თანმიმდევრულად აპირებს მუშაობას. ალბათ ამიტომაცაა, რომ აუცილებელი ყველა სივრცე ჯერ არაა შესწავლილი (იგივე აზერბაიჯანი) და არაა “ნათარგმანები”, ყველა მოსაზრება არაა არგუმენტირებული. ერთი სიტყვით, ბატონი კურიერისაგან ამ მიმართულებით წესით სერიოზულ ნაშრომს უნდა ველოდოთ, ბოლომდე წესიერი და სერიოზული ადამიანი რომ იყოს იგი.
    ახლა ორიგინალურ მხატვრულ ტექსტებზეც გადავიდეთ. 00:02-ში ასეთი ორია. ორივე ფრაგმენტი. ერთია აკა მორჩილაძის “ჯერეთ გამოუქვეყნებელი რომანიდან” “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” და მეორე ზურაბ ქარუმიძის “დიდი სონატადან” “თხა და გიგო” (სხვათა შორის, ალმანახის უკანა ყდაზე ავტორთა ფოტოებია და ისინი იქ ერთ ფოტოზე, ტანდემში არიან გამოსახულნი).
    “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” ჯერ იყო და “ქომაგში” იბეჭდებოდა, მერე “24 საათში” გაგრძელდა მისი პუბლიკაცია, ახლა კიდევ “ახალ დროებაშიც” რომ ვნახე ფრაგმენტები, სიმინდის მარცვლებივით დამეფანტა თავში ყველაფერი. ასე რომ, ნება მიბოძეთ, ერთ წიგნად (სიმინდის ერთ ტაროდ) გაერთიანებამდე ანალიზს მოვერიდო, თუმც ზოგად შთაბეჭდილებას მაინც გაგიმხელთ, შეკოწიწებულს ჩემი დაკუწული შთაბეჭდილებებისაგან: მეჩვენება, რომ მას ის შთამბეჭდაობა აკლია, რაც ამ ავტორის ტექსტების დიდ ნაწილს აქვს (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!).
    ზურაბ ქარუმიძის მკითხველს რომ გიგოობაში გადავარდნის დიდი შანსი აქვს, ამას თავად ზურაბ ქარუმიძეც კარგად აცნობიერებს, ამიტომაცაა ალბათ მისთვის “თხა და გიგო”-ს თემა ასე აქტუალური. მეტიც, ავტორი მაქსიმალურად ცდილობს, გიგოდ აქციოს მკითხველი, ამის შესაძლებლობა კი თითქმის 100%-ანია, თუკი მას საკუთარი სიბრიყვისდა გამო აქამდე შვეიცარული “გლასპერლენის” გემო არ გაუსინჯავს, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჰერმან ჰესეს “თამაში რიოში მარგალიტებით” (“Игра в бисер”) არ წაუკითხავს.
    გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი კორპუსი “ჰიპერშპილის” აღწერას ეთმობა. კასტილური უნივერსალური თამაში ქარუმიძესთან რთველის სახეს იღებს, ოღონდ მისი გლობალსოფლელები ორღან-კომპიუტერ-საწნახელში ნამდვილი კი არა, ვირტუალური ყურძნის “რიოშ მარგალიტებს” წურავენ. ციფრულ-დიგიტალური მარცვლები რომ იწურება, ორღანი გუგუნებს და ტექსტებს გამოსცემს, ჩემი აზრით, არც მაინცდამაინც გემოვნებიანს მხატვრული თვალსაზრისით, ოღონდ ამას ავტორი შეგნებულად აკეთებს თუ ძალაუნებურად გამოუდის, უკვე ვეღარ ვხვდები. იმიტომ, რომ ეს უკვე პაროდია კი არა, პირდაპირი გამეორებაა იმ კიჩური ესთეტიკის, იმ ვითომ თანამედროვე პოეზიისა, უახლესი ტერმინოლოგიით რომაა გამოტენილი და მხოლოდ ამის ხარჯზე ცდილობს კონტექსტუალობის მოპოვებას. რომ მიხვდეთ, რაზეა ლაპარაკი, რამდენიმე სტრიქონი აქაც მოვიყვანოთ:
    “და on-line ერთობა ჩვენი ამ კვარკთაგან წარმოშობს
    ულტრა მაღალი სიხშირის ელექტრო-საკრამენტულ ტალღებს
    Info-Pleroma-დან რომ მოემartებიან,
    რომლის თაობაზეც სალვიფიკურ-მაცხონებელი message
    დაგვიტოვეს: სეთმა (მესამე ძემან ადამისამან), სოტერ-იესომ და
    ქადაგმა მანიმ (მანიპულატორმა)!”
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავისთავად, თუნდაც ტრანსკრიფციის ისეთი ფორმების გამოყენება, როგორიცაა: მიემartებიან, საკრაmentalურ, Soupევა და ა.შ. დიდი ვერაფერი მიგნებაა, ისევე როგორც “ენათა აღრევის ბაბილონის გოდოლისეული ტრადიციისადმი პატივისცემის ნიშნად” სხვადასხვა ეტიმოლოგიისა და გენეზისის მქონე სახელ-გვარების ბავშვური ჰიბრიდიზაციით თავის გართობა. თუ ჰესეს ზემოხსენებული რომანი წაკითხული გაქვთ, აქ ბევრ პერსონაჟს იპოვით იმ რომანის პერსონაჟებზე დამყნილს: ნაომი ტეგულარიუსს, დიროლ ციხენგალსს, ტაისონ კნეხტს, ბრიუს ფონ დე ტრევეს, თუ არადა პეპსი ნაბოკოვით, ჰომეროს სიმფსონ ეკოთი, კონფუციუს სპილბერგით, ბორხეს მერდოკით, პლეიბოი ჰოიზინგათი შეიქცევთ თავს და შეიძლება საკუთარი თავიც სცადოთ ამ იოლ ვარჯიშობაში: ერთმა თქვას გარინჩა პავიჩი, მეორემ მარკიზ დე გალაკტიონი, მესამემ გოგოლ დიდი მოგოლი, მეოთხემ კასპაროვ თაგორი, მეხუთემ ჯეოსელ დანტე და ა.შ. და ასეთი ბრწყინვალე შედეგების მიღწევის გამო ყველამ ლიტერატორად წარმოიდგინოს თავი.
    მოკლედ, არ ვიცი, მაგისტრ ქარუმიძეს გულში რა ედო (იქნებ ჰიპერშპილში ჩვენი რამენაირად ჩართვა და აი, ახლა, გარინჩა პავიჩები რომ გვათქმევინა, უზომოდ კმაყოფილია და ხელებს იფშვნეტს), მაგრამ მისი დიდი ნიჭისა და ცოდნის ასეთ რაღაცებზე დახურდავება, ვფიქრობ, რომ მაინც არ ღირს. ჰესეს თამაში კია ორიგინალურად გათამაშებული ქართულ ყაიდაზე, მაგრამ მთლიანობაში “თხა და გიგო” მაინც ვერ მივა მის “ღვინომუქ ზღვამდე”. ცხადია, ეს დასკვნა მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექსტი წერა-კითხვის მცოდნე მკითხველივით სწორად მიჭირავს ხელში და არა გიგოსავით.
    “ჰესეც ჰესეეე!” როგორც იტყოდა თავად ზურაბი და ბარეღამ დავასრულოთ რეფლექსია მის ამ დიდ სონატაზე, რომელსაც მე, ჩემი ნება რომ იყოს, დიდ სონატს კი არა, დიდ ჰესეს (ჰესეისტიკას) ვუწოდებდი.
    კიდევ რა დაგვრჩა სახსენებელი? სამი თარგმანი. აქედან ერთი თარგმანის პრობლემებს ეხება (უმბერტო ეკო), მეორე რელიგიის საკითხებს (ფრანსის ბეკონი), მესამე კი ართურ კონან დოილის მოთხრობაა, სახელად “კარამაზოვების საქმე”. ცხვირი არ აიბზუოთ, აღარ გვინდა ისევ შერლოკ ჰოლმსი და უოტსონიო (თუ გსურთ, ეჭვი გამოთქვით, რომ ეს მოთხრობა მათი ფანის, აკა მორჩილაძის გაშანსულია). თავიდან მეც თქვენსავით ცხვირი ავწიე, აკა მორჩილაძის მიმართაც იგივე ეჭვები გამიჩნდა (სინამდვილეში ახლაც არ ვიცი, რაიმე ხელი ურევია თუ არა ამ საქმეში მას), მაგრამ იმის ინტერესით, თუ რა შუაში იყო აქ დიდი რუსის დიდი რომანი, თვალი მაინც გამეპარა მოთხრობისაკენ… და მოულოდნელად ისეთი რამ დამხვდა, რასაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, მიუხედავად ართურ კონან დოილისადმი ჩემი ღრმა პატივისცემისა.
    მეტს აღარაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ეს მოთხრობა ყველა დოსტოევსკისტმა და დოსტოევსკოლოგმა უნდა წაიკითხოს.
    მთლიანობაში კი, როგორც ხედავთ, ისე გამოდის, რომ ალმანახ “ახალი დროების” მეორე წამი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ხამუშ-ხამუშ კი ვაკრიტიკე იგი, სასტარტო ალმანახთან პარალელური ანალიზისას ნაკლებად პრობლემატურობაც დავწამე, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ქართველნი იტყვიან ხოლმე, “დონე არის!”… არ არის მხოლოდ ახალი დროებისათვის შესაფერი რეგულარულობა, ის პულსაცია (ფულსაცია), აუცილებელ დინამიკას რომ გააჩენს ამ ალმანახშიც და მთლიანად, ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაშიც…

    რეცენზია დაიწერა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კულტურა/ლიტ.თეორია

    მეტაფორა, მსგავსება და "უმშვენიერესი კავშირი"

    DOWNLOAD

    ირაკლი მჭედლიშვილი
    მეტაფორა, მსგავსება და “უმშვენიერესი კავშირი”, რომელიც სამყაროს სხეულს სრულყოფილად აერთებს…
    © სემიოტიკა

  • კულტურა/ლიტ.თეორია

    თარგმანთან დაკავშირებული პრობლემების ფუნქციონალიზაცია…

    ნინო დობორჯგინიძე
    თარგმანთან დაკავშირებული პრობლემების ფუნქციონალიზაცია
    სხვადასხვა ენაში
    © სემიოტიკა
  • პოეზია,  პროზა

    ბესიკ ხარანაული – სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი

    ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა

    ფრაგმენტი წიგნიდან
    გამომცემლობა “სეზანის” მიერ გამოცემული ეს წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში.

    ჩიტის სკინტლზე აშენებული ქალაქი

    იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკინტლზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკინტლზე ქალაქი აშენდებაო. ქალაქი კი ოდითგანვე ქვეყანას და სიცოცხლეს ნიშნავდა, სადაც ცა და მიწა წისქვილის ქვებივით ფქვავენ ყველაფერს, რასაც ძვალი და ხორცი გააჩნია: ნაფქვავი ქარს მიაქვს, ნაწური კი მიწაში ჩადის.
    ამ ადგილას, ოდითგან, საკვირველებისკენ მიმავალი შარაგზა იყო, ქვაღორღიანი და მტვრიანი. გზის ორივე ნაპირი ბალახითა და ეკალ-ბარდებით იყო დაფარული, რომლებიც სულ შარა-გზაზე გადასვლას და მის დაპყრობას ცდილობდნენ. მაგრამ, ფეხი – კაცისა, საქონლისა, ცხენისა, ჯორისა, თხებისა და ბავშვებისა ბალახს სინსილას უქრობდა და არ აძლევდა გზის დაპყრობის საშუალებას. დაუდიოდათ ამ გზაზე ნახირი, მიდიოდნენ ტყეში ხეების მოსაჭრელად და უღელში შებმული კამეჩებით ხის ნალოებს მოათრევდნენ. დადიოდნენ პანტა-მაჟალოს ხეების დასაბერტყად, – არაყს გამოხდიდნენ, საზამთროდ შეინახავდნენ, დადიოდნენ მაყვლზე და ასკილიზე, კვრინჩხზე და ტყემალზე. მოკლედ, შარა-გზას ფეხი არ აკლდა, მაგრამ ამით ქვა-ღორღი არ ცვდებოდა, მტვერი არ თავდებოდა.
    სიტყვა უნდა ასრულებულიყო: ჩიტის სკინტლზე ქვეყანა აშენდებაო!
    სწორედ ამიტომ, გზის ერთ ნაპირზე, წვრილ, ძაფივით აბურდულ ტოტებიან ბუჩქში, ხარის ბუზზე ცოტად მოზრდილი ჩიტი ცხოვრობდა, სახელად – მალულა, ნემსივით წაწვეტებულ ცხვირზე ჩამოცოცებული თვალებით ზვერავდა სამყაროს, თუმცა კი, ყოველი ფრთოსანი ფიქრობდა, რა მშვიდი ცხოვრება აქვს ამ მამაძაღლსაო! დიახაც, ასე იფიქრებდნენ, რადგან ყველამ როდი იცოდა ჩიტ-არწივას არსებობა, რომელიც თვითონაც არაა საშუალო ფრინველის ზომის, მაგრამ ბუჩქების წვრილი ბინადრებისთვის, რომელთა სუსტი ბგერებიც ერთი ბუჩქიდან მეორემდე ძლივს აღწევს, ნამდვილი ურჩხულია, ანუ თვალებ-გადმოკარკლული არწივი, რომლის საშინელი ძალა კურდღლებს, მინდვრის თაგვებს და ფრინველებს საკუთარ ბურტყლზე აქვთ გამოცდილი.
    ჰოდა, ამ ბუჩქების ბინადარმა ცეროდენა მალულიკამ თავისი ბუჩქიდან გზის იქითა მხარეს გადაფრენა რომ მოინდომა, ჰაერის რხევამ ჩიტ-არწივას განზრახვა აცნობა და მოუმატა განწირულად სიჩქარეს და რომ უფრო დამსუბუქებულიყო, ზედმეტი ტვირთი მოიშორა, ანუ მოსკინტლა. სკინტლი შარა-გზაზე დავარდა. გეგონება ქაოსიდან იშვაო, გაბრწყინდა მზით, რომლისთვისაც სულ ერთია, რას გაანათებს, გაშრა, გამაგრდა, მთის კორტოხს ემსგავსა და სულ მალე ზედ სოფელი გაშენდა. სოფელი მალევე იქცა ქალაქად, ქალაქი – ქვეყნად და ადამიანებისთვის ყოვლად გამოსადეგი ადგილი შეიქნა, თუმცა კი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, მისი არსებობა განუწყვეტლივ ბეწვზე ეკიდა. ადამიანები, ძროხები, ხბოები, თხები… ყველაზე საშიში მაინც ფეხმურგვალები იყვნენ, რომლებიც ორჩლიქოსნებისგან განსხვავებით, ხმაურით, მტვრის საშინელი ღრუბლით და მწყობრი სვლით გამოირჩეოდნენ. ისინი ცას მთლიანად ფარავდნენ, და ქვა-ღორღს ნაპერწკლებს აყრევინებდნენ, რაც სკინტლზე აშენებული ქვეყნისთვის ელვა-ქუხილზე საშიში იყო.
    ასეთი განსაცდელი წელიწადშო ორჯერ ეწვეოდათ ხოლმე: როცა სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი საკვირველებისკენ მიიმტვერებოდა და როცა უკან ბრუნდებოდა, ანუ, როცა ყველაფერს ზანზარი გაჰქონდა.
    წარმოგდგენიათ, როდის დაწყებულა ეს ამბავი! – XIII საუკუნეში, როცა ულუ დავითის მეუღლემ ჯიგთახათუნმა “ფხოველნი მეხარკე ყვნა, და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მხეცისა ბუნებანი”.
    ჰოდა, რა გასაკვრია, რომ მათი შიშით სკინტლის მაცხოვრებლები დედაწულიანად მიწაში ამოთხრილ დარანებში აფარებდნენ თავს და იქ კვირისტავებზე დაყრილნი შველას შესთხოვდნენ დამბადებელს. ქურდები, ბოზები და ლოთები იფიცებოდნენ, რომ შესწყვეტდნენ უზნეობას, თუმცა გრძნობდნენ, რომ ფუჭად ჩაუვლიდათ აღთქმა: ძნელია კაცმა ანდაზას აჯობოს! აკი თქმულა: ქურდი, ბოზი და ლოთი – ფიცილისააო!
    ადამიანის არსებაზეც, როგორც მარად განვითარბად და ცვალებად სისტემაზე, მანამ არაფერი ითქმის, ვიდრე ის პლანეტიდან პლანეტაზე ფრენას არ ისწავლის. ვიდრე მას არ შეეძლება ადგილის შეცვლა, ვიდრე შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე ღმერთი ის ეგონება, ვისაც ხსნისთვის კვირისტავებზე დავარდნილმა უნდა ეხვეწო.
    მერე რა, რომ მალულიკა დაუსხლტა ჩიტ-არწივას, მერე რა, რომ ლმობიერია ჯორის ტერფი სკინტლზე აშენებული სოფელ-ქვეყნისთვის, ხოლო ძროხები და თხები რძით გატენილ ცურებსა და ჯიქნებს სურნელოვანი ღრუბლებივით თავზე რომ გადაატარებენ, ნეტარება და მადლიერება იპყრობთ სკინტლზე აშენებული ქვეყნის მცხოვრებლებს…
    ამ სკინტლზე აშენებულ სოფელზე ისე გემრივლად მეწერება, მეშინია, სხვებსაც არ დააინტერესდეთ და არ მომთხოვონ, ის კი არ გვიამბე, რასაც აპირებ, სკინტლზე აშენებულ სოფელზე მოგვიყევიო.

    ფეხსალაგის ორმოების ჟამი

    ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა სოფელში ფეხსალაგის ორმოების თხრა დაიწყეს.
    მანამდე სოფელში ყველას თავისი სარიოშო კუთხე ჰქონდა. კაცს რომ გაუჭირდებოდა, სადაც გინდა ყოფილიყო, უტყუარი ისარი იქ წაიყვანდა. მაგრამ შემდგომში სოფელი გაიზარდა, რაც იმან გამოიწვია, რომ ახლომახლო ხევებში ცხოვრება დაკნინდა და მიწა გამოიფიტა და ქერისა და დიკის ნაცვლად ბაბუაწვერა ამოდიოდა. ესენი კი, მოგეხსენებათ არ იფქვიან…
    სოფელი წარღვნისდროინდელ ტენზე იდგა ჯერ კიდევ და ცისა და მიწის ურთიერთხახუნის რიტუალურ ჰანგს გამოსცემდა. ბუნებისთვისაც ეს იყო მთავარი. ის ხომ ნარიყივით გასპეტაკებული მკვდარი ძაღლის კბილებზეც ისეთივე ეშხით გადარბის, როგორც კაცისგან მდინარეში სამშრალოდ ჩალაგებულ ქვებზე.
    ამიტომაც, ნუ გაგვიკვირდება ცივილიზაციის წინსვლა. პროგრესი დედამიწაზე უჟამო ხანიდან მიმდინარეობს, ისევე, როგორც სექსუალური რევოლუციები. და არ არის გასაკვირვი, რომ ეს უკანასკნელი წინ უსწრებდა ფეხსალაგის ორმოების თხრას.
    უცნაური ექო გააჩნია ცივილიზაციას: სადღაც, შორს, დილასისხამს აგუგუნებული ორთქლმავალის ხმა ნაშუადღევსვე გაიგონეს მივარდნილი კავკასიის პიტალო მთების კალთებზე და ოცნებამ აიტანა მეოცნებენი, – და ხალხიც ხომ იმათ კვალზე დის: ნეტა როდის გამოსჩხვერს ამ გრანიტის თეთრ მწვერვალებსაც ორთქლმავალიო და ლაღად დაემართება დაღმა ხეობაში, სადაც ჯერ კიდევ მშვილდ-ისრობამდე გველეშაპმა ჩაიხრიგინა და ისე მოასუფთავა ჭალის გარშემო ტყეები (თითქოს წარსულმა მომავალზე იოცნებაო), რომ ერთი ორთქლმავალი კი არა, ორიც აუქცევს ერთმანეთს გვერდს.
    პროგრესი ყველგან შეუქცევადი და ყოვლისმომცველია. მეც კი ვარ შესწრებული მისი წყალობით მომხდარ შესანიშნავ მოვლენას: ქალის ტრიკოები ნელა-ნელა, მაგრამ არა კაცისთვის შეუმჩნევლად, თვალსა და ხელს შუა ისე დაპატარავდა, რომ ფიწლითაც ვერ აიღებს კაცი.
    ეს ამბავიც, როგორც უკვე გამცნეთ, მაშინდელია, როცა სოფელში ფეხსალაგის ორმოების თხრა დაიწყეს. გაეჯიბრა ხალხი ერთი-მეორეს, გამოჩნდა ვინ იყო პროგრესული და ვინ ჩამორჩენილი, თუმცა სახელს თავდაპირველს უწოდებდნენ, ანუ “სარიოშოს”, ანუ სასაძაგლოს, მაგრამ მერე ისიც საგანძურად ჩაითვალა, ანუ ბანკად, ანუ სეიფად, და ეწოდა მას ფეხსალაგი.
    ასე იყო სოფელში, სხვაგან კი არ ვიცი, რა როგორ მოხდა. ჩემთვის დღემდის ფეხსალაგია მხოლოდ “ფეხსალაგი”.
    მალევე დაიხვეწა ფეხსალაგის დიზაინიც. კლიმატოლოგები არჩევდნენ ქარის მიმართულებას, ეკოლოგები ადგენდნენ ფეხსალაგის ადგილმდებარეობას, არკვევდნენ საით უნდა ექნათ პირი, კარი საით უნდა გაღებულიყო, რა მანძილზე უნდა ყოფილიყო დაცილებული ქლიავებისგან… საქმე წინ წავიდა. გაშალაშინებული ფიცრით შეკრულ ფეხსალაგს, ზოგი, უფრო მგრძნობიარე, კარის თავზე გულის ფორმის საჰაეროებს ატანდა. სამწუხაროდ ბეტონზე ჯერ არაფერი სმენოდათ სოფელში, ამიტომაც ფიცრის იატაკს აგებდნენ მუხის ძველი ნასახლარების კოჭებზე. მარცხის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო: სოფელი რატომღაც სტრატეგიულ ადგილად ითვლებოდა და იქვე, ლელოვანში, ყოველთვის იდგა სამხედრო ნაწილი, იმის მემკვიდრე, 1812 წელს რომ ამოწყვიტეს აჯანყებულმა გლეხებმა. მაგრამ ახლა მშვიდობა იყო და მთვრალ ინტენდანტს ფართო ჩასაჯმელ ხვრელში ნაგანი ჩაუვარდა, მაგრამ დაათრო არყით სხვა ოფიცერი და იმან ამოუღო. ეს იყო და ეს! ამის მერე ხვრელი დაავიწროვეს და ოფიცრებმა აღარ იცოდნენ რითი გაერთოთ თვალი.
    იმ ხანებში მე სრულიად ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ძალზე გამაკვირვა, რომ, თურმე იმერეთში ფეხსალაგების ორმოები არ იყო მოდაში, ზეზეულ დგამდნენ და “ჩეჩმას” ეძახდნენ და, რომ, როგორც კი კაცი ჩეჩმისკენ გაემართებოდა, ღორებიც შორიდან მორბოდნენ წინასწარულად კმაყოფილ ღრუტუნით, და, რომ იქაც ყოფილა უსიამოვნოსავით შემთხვევა, როცა ვიღაცას ლამის მიწამდე ჩაკიდვია ყვერები და ღორებს ისიც საჭმელი ჰგონებიათ… მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ჭორი რომელიღაც უღვთო საუკუნეშია შექმნილი.
    მაშ ასე: სოფელში ფეხსალაგის ორმოებზე შემდგარ კოშკებში სხვა და სხვა გრძნობები ღვიოდა. ზოგი სიხარულით მსუბუქდებოდა, ყიჟინებდა, რომ უკან მოუხედავად ეთხოვებოდა სიმძიმეს, ზოგს სწყინდა, რომ არ შეეძლო ნაქნავისთვის თვალის შევლება, ზოგი გულგატეხილი იყო, რომ გუშინდელი ტკბილი სადილ-ვახშამი დღეს სიმყრალით სწვავდა ნესტოებს; ისინი, ვისაც ყოველგვარი გაცემა შიშის ზარს სცემს, გეგონება თავზე დამდგარმა ყაჩაღებმა ხელიდან სეიფის კლიტე გამოგლიჯესო, ცრემლებს ღვრიდნენ და ისე ეთხოვებოდნენ განძს. ზოგიც სიმძიმის დაკარგვას წუხდა, – როგორღა გავიდრიცებიო? იყო სხვა განცდებიც: ზოგი კვირტის ნართივით ნელად ართავდა, ზოგიც ქვემეხივით აქუხებდა.
    და მხოლოდ ერთადერთ უკმარისობას განიცდიდა ყველა სხვადასხვა: ციხეში ეგონათ თავი ფეხსალაგის ორმოებზე შემდგარ უშუქო და უჭუჭრუტანო კოშკებში. ჭვრეტა ერჩიათ გარესამყაროსი, სინათლის, სივრცის, მზის ბრჭყვიალების, ვარსკვლავთა კაშკაშის…

    სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი

    რიცხვითი სახელი სამოცი, თამამად რომ ზის წიგნის სათაურში და მეტყველების სხვა ნაწილებს თვალზე ხელისმოჩრდილვით გაჰყურებს მხარსუკან, არც ისე იოლად მოხვედრილა ამ ადგილას, თვითონ რომ ჰგონია, რადგან ახლაც ვეკითხები ჩემს თავს – სწორად დავითვალე?
    – მგონი რომ სწორად!.. რადგან სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი იმ ხნისამ ვნახე, როცა ადამიანი ახლადაა გარკვეული რიცხვებში და თუ დაითვალა, არ შეეშლება, მით უმეტეს, რომ მერე, შეშინებული, თითქმის ორი კვირის მანძილზე, გულმოდგინედ ითვლის და ითვლის…
    ეს რომ მაგონდება, ახლაც მეჩვენება, რომ გონებაში, უბრალოდ, მაინცდამაინც, ეს რიცხვი მაქვს აღბეჭდილი და არა სხვა რამე.
    იმის ეჭვიც მიჩნდება, იყო თუ არა ეს ყველაფერი სინამდვილეში, მაგრამ რომ გამახსენდება, როგორ მაძლევდა სიცხეებს ამ ამბების გამო და როგორ სამარცხვინოდ ვისველებდი ღამღამობით, რის გამოც იძულებული გახდა დედაჩემი, ცალთვალა მკითხავთან წავეყვანე გამოსალოცად (ასეთი შემთხვევა ერთი და ორი როდი ყოფილა), ვამჯობინებ დავიჯერო, რომ სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ნამდვილად ვნახე.
    თანაც, ვ. ფ.-საც სწორედ ამ რაოდენობითა აქვს ისინი ნახსენები თავის “მთის სურათებში,” – კორესპონდენციებში, რომელთაც გაზეთ “დროებაში” აქვეყნებდა ლ. რ.-ს ფსევდონიმით. და ვიღას უნდა დაუჯეროს კაცმა, თუ არა მას?
    ფაქტების მიმართ შემდეგშიც ასე სათუთად მოვიქცევი; საკუთარი წარმოსახვით კი არ ვიჭენავებ, თვითმხილველის მონათხრობს მივანიჭებ უპირატესობას, რათა მკითხველისთვის სარწმუნო იყოს ყოველი ფაქტი.
    აკი მოსამართლეც თვითმხილველის მონათხრობს ეყრდნობა ხოლმე და არა დამნაშავის შეთხზულს. გარდასული დროის ამბავი ან ფაქტი წინაპრების ნამოწმებიდან უნდა აიღო: უყვართ ძველი დროის ნაწერებს, როცა შთამომავლის ხელი ეხება… უყვართ, როცა სულს უხსენებენ, როცა მათ სამოსს მოირგებენ… ადამიანების მოდგმა თაობებად ტყუილად არ დამარცვლა ღმერთმა. იმიტომ არ ვიშვით ყველა ერთად, დროში რომ გაგვეძლო.
    გარდასული დროის მწერლთა ნაწერები ჩემთვის როგორც დედის ძმის სახლია: – სკამს უკითხავად დავჯდები.
    საკუთარი გმირობა კაცისთვის ძნელი საამბობელია, ისევე, როგორც სხვისი გმირობაა ადამიანისთვის ძნელი მოსანელებელი და რაკი არც მოგონებებს სწყენთ ხოლმე გამოცდა, სჯობია, რომ რაც მახსოვს, მოვყვე. მაშინ გაირკვევა სიმართლეც და ისიც, თქვენც შეგეშინდებოდათ თუ არა ჩემსავით.
    სამი ბიჭი ვიყავით წასული ყინტორაზე (Chaerophyllum), ჯეჯილში დავდიოდით ფეხმორიდებით, ვთხრიდით ბარულებით და პარკებს ვავსებდით. ყინტორა, იგივე ხიფხოლა, გემრიელია საჭმელად, ხილის მაგივრობას ისიცა სწევს უხილო ქვეყანაში, ისევე, როგორც მთისა და ველის სხვა მრავალი მცენარე მწვანე ფერისა, საჭმელად რომ ვარგისია და ბარელებს წარმოდგენაც არა აქვთ. ყინტვრის მწნილი ყველა ოჯახში სადილ-ვახშმის დამამშვენებელია და ჩვენც, გუდებსა და პარკებს რომ გავივსებდით, კმაყოფილები და ვალმოხდილნი, სულელური ლაზღანდარით ვბრუნდებოდით შინ. ამიტომაც იყო, რომ, როგორც კი თვალი მოვკარით, მაშინვე ავცეტდით და ყროყინი დავიწყეთ. ვიცოდით, რომ დაყროყინება, ისევე, როგორც “ციცას” დაძახება, რაინდებისთვის საწყენი იქნებოდა. მაგრამ ასეთს არ მოველოდით.

    თვალი მაშინვე მოვკარით, საავდრო ღრუბელივით დასავლეთის მხრიდან გორზე რომ გადმოდგნენ და გზას დაეღირნენ. კარგა გრძელი გზა ჰქონდათ გამოვლილი, თვალწინ რუკა მოუძღოდათ უხილავად გაშლილი, რომელზეც ეს სოფელიც იყო აღნიშნული, მაგრამ მთავარი შემდეგი პუნქტები იყო… ჰოდა, როგორც კი ცოტა ესიამოვნათ, პირველ სოფელში უკვე ვართო, ამ ძაღლის დაყრილებმა არ აიგდეს საცინლად!.. გასწყდეს ამათი ჯიში: ამათი პაპები ჩვენს პაპებს უყროყინებდნენ, ამათი მამები ჩვენს მამებს და ესენი ჩვენ!.. – აცა, ბალღებო, თქვე მამა-ციციანებოო, ეხლა ვნახავთ თქვენს გალაღებასა!.. – ეს აზრი გამოვიტანეთ რაინდების რისხვიანი შეძახილებიდან და ეტყობა ერთსულოვნადაც, რადგან ერთახმით გავჭენდით მდინარისაკენ.
    საოცარი მხედრები მთელი ფრონტით წამოვიდნენ ჩვენსკენ, თითქოს ჭენება მონატრებოდათ, ცოცხებით დატვირთული ჯორები ურჩხულებივით მოქანავდნენ.
    ამათ მხარეში არყის ხის ტოტებისგან ცოცხებს აკეთებდნენ და ძირითადად კახეთში ყიდიდნენ, ძირითადად იმიტომ, რომ, გზადაგზა, ასე ოსტატურად აწყობილ ჯორის ბარგს ერთი-ორი ცოცხისთვის არ დაშლიდნენ, რაც არ უნდა შეეძლიათ.
    არყის ხის ცოცხებს დიდი გასავალი აქვს ყველგან, სადაც კალოს ლეწავენ, თონეს ახურებენ, ან სადაც ოჯახის დიასახლისი მარჯვე და სისუფთავის მოყვარეა. ისე ოსტატურად აკიდებენ ხოლმე ჯორს მსუბუქ, მაგრამ უხერხულ ბარგს, რომ ჯორს თვალები და პეპლებივით მოუსვენარი ყურის წვერებიღა მოუჩანს, წვრილ წვივებთან და ჩლიქებთან ერთად. მთელი ბარგი კოშკის პრინციპზეა აგებული, ზედ ამხედრებულ ფარ-ხმალ-ხანჯალ-თოფ-იარაღიან რაინდიანად.
    შორიდან, მშვიდობიან სვლას თავმიცემული მხედრობა იყო. მოჩოქჩოქობდა საქმიანად თავის გზაზე და როგორ წარმოვიდგენდით, თუ ასე სულელურად აპრიალდებოდა ჩვენს ყროყინზე. სამ-ოთხჯერ თუ დავუყროყინეთ და ნუთუ ეს უნდა ყოფილიყო მათი გადარევის მიზეზი? ნუთუ ვერ გვამჩნევდნენ, რომ ფეხშიშველი, სულელი ბალღები ვიყავით, თვითონ კი სერიოზული და საპატიო აღკაზმულობით პატივდებული რაინდები ბრძანდებოდნენ, რომლებსაც დაცინვას ვერავინ გაუბედავდა…
    არადა, როგორც ნამდვილ მტერს, ისეთი შემართებითა და ყიჟინით დაგვეტიენ. – არა ხუმრობენ! – ვაცნობე ჩემს თავს და მივუთარგმნე ამხანაგებსაც და გავკურცხლე რაც კი ძალა მქონდა, ზურგზე მოკიდებული გუდა გადამძვრა მხრიდან, – იმისთვის მეცალა! მივრბოდი და ღმერთს ვეხვეწებოდი შველას და ვერ წარმომედგინა, რამე თუ გადამარჩენდა.
    შეიძლება ცოტად ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ მოსაზრებული სულ არა! თუკი რაიმეს ხიფათი ჰქონდა, უშუალოდ უნდა გამომეცადა. მდინარეც ასე იყო: სულ ჩემს თავზე გამოვცადე, სად რა სიღრმის და რა ზნე-ჩვევების მორევები ჰქონდა, სულ იმის მიხედვით განვისწავლე, სად როგორ მაყლაპინა წყალი და სად მაღრჩობდა. სხვების ნასწავლი თავში არ მიჩერდებოდა. ახლაც, ამ საბედისწერო ჟამს, იმ ადგილას მოგვიწია მდინარეში გადახტომა, სადაც მორევები იცოდა. აქეთ-იქით ყველგან თავთხელი იყო, სირბილით თავისუფლად გავტყლაპუნდებოდით, მაგრამ ყველაზე დიდ მორევში შევვარდით. ახალმა შიშმა ისე დამაძლევინა ძველი შიში, რომ მერეც საამაყოდ მქონდა, როცა ტალღებს თავზე ხელს წამოვუტყაპუნებდი ხოლმე, შინაურულად, როგორც შეძმობილებულ ნაგაზს.
    რომც ეხუმრათ, თავს ვერ გაუმხელდნენ – ვიხუმრეთო, აქაურები ხომ არ იყვნენ, ხუმრობა-ლაზღანდარობაში რომ ამოსდით სული და ბალღი ქვეშაფსია ჰგონიათ, ბებერი კიდევ – მკუანა; მათ მხარეში ბალღიც და მოხუციც პატივდებულია და ჭკუაც მსგავსად მოეკითხებათ. ამიტომაც, ამაოდ გვეგონა, ბალღები ვართ და დაგვინდობენო. სინამდვილეში, რაინდებმა, შესაძლოა პატარა წაუვარჯიშეს: ბარში ხომ, საერთოდ, ფრთხილები და ხმაჩაწეულებია და მინდვრებიც სადა აქვთ თავის ქვეყანაში საჭენაოდ; აქ კი, გაშლილ სივრცეს დანატრებულები გაჰკიოდნენ და მოაგელვებდნენ თავგანწირვით ცოცხებით აღკაზმულ ჯორ-ულაყებს. თეთრი ჯორი ჰყავ თანგულასაო, თეთრ ფაფარს მიაბიბინებსაო….”
    ამათმა მოდგმამ დაწალიკებით სვლა იცოდა მთის ბილიკებზე, ახლა კი, წყეული ცოცხებით დატვირთულნი, ჯგუფებად დაყოფილნი მიდიოდნენ გზობას, რომ ორიოდ შაური ეშოვნათ და ჯორებისთვის სანაცვლოდ ნაყიდი ხორბლის ტომრები აეკიდათ. არა მგონია, თავი მოსწონებოდათ ამ ვაჭრობით. სჩანს, ჩვენი დარბევით რაღაც დაძაბულობა მოიხსნეს, თავისდაუნებურად.
    ისევ ყანამ გვიშველა, მგონია, მოერიდნენ იმის გათელვას; ან მდინარემ, რომ შევვარდით და გავცვივდით გაღმა სოფლისკენ, ისინი კიდევ ცოცხიანი ჯორებით მდინარეში ვერ შემოვიდოდნენ… გვიყურებდნენ წყალს იქით გადასულებს და იცინოდნენ… ისე ვიყავი შიშით შეპყრობილი, რომ მათი სიცილი სრულიად გამომრჩა. საწყენია ძლიერ! ისინი ხომ საუკუნეში ერთხელ იცინიან.
    მესამე დღეს წავედით თავგადასავლიანი ბიჭები ბრძოლის ველის კვლავ მოსანახულებლად, შეგვხვდა მეველე: – ბალღებო, გუშინწინებში თქვენ ხო არ გამოგიდგნენ აქ ჯორებზე შემსხდარი ცოცხებიო, – არაო, – ვიუარეთ. – ძალიანაც კარგი, ისეთი ტრაწის სუნი დაეყენებინათ ვიღაცეებს, რომ ამ დილას ძლივს წაიღო ქარმა კახეთისკეო…
    დიდი, მთის ძირას გართხმული მინდორი იყო, ეხლა სახლებით როა დაფარული. სანაქებო ხორბალი ითესებოდა, გაზაფხულიდან მწვანე და ყაყაჩოებით წითლად აჭორფლილი. ზაფხულში დაყვითლდებოდა, ყანას მომკიდნენ და ნამკალში საქონელს შეუშვებდნენ… ჩვენ მაინც სულ იქ დავდიოდით, მაშინაც, მწყრობა რომ გათავდებოდა, ნამკალში ბუდეებივით საქონლის მონეხვილი რომ გაჩნდებოდა, მერე მოიხვნებოდა, შემოდგომის ცა ჟინჟღლვას დაიწყებდა, მიწა გათავისუფლდებოდა ყოველგვარი მოვალეობისგან, თავის თავს დაემსგავსებოდა; ბურუსის ფარდა, ხან დაფარავდა ჰორიზონტს, ხან კი სივრცეს გასწევდა და უსაზღვროდ დაგანახებდა თავს… ამ დროს თითქოს ტყეც იცლიდა საკუთარი თავისთვის, რაკი ყველასთან გასწორებული და პირნათელი იყო, რაკი ყველაფერი წაღებული ჰქონდათ, რაცკი გააჩნდა და ისიც ახლაღა რჩებოდა მარტო.
    დავდიოდით უაზროდ. რატომ დავდიოდით?..

    მტვერი აიშალა

    ამასობაში კი რაინდები დიდი ხანია გასცდნენ სოფელს და თავიანთი ძუაგამოკვართული ჯორებით ალბათ უკვე ბარის წყლებსაც მიაჩქაფუნებენ. და მე კვლავ ფიქრებმა დამამძიმა. შევიბერტყე, რომ დავმსუბუქებულიყავი. გეგონება მტვრით მევსო თავი.
    მტვერი რომ აიშალოს, ხომ რაღაცა უნდა მოხდეს, ძაღლმა მაინც უნდა გაიქნიოს კუდი, თუ რაღაცის საძებრად სხვენში არ ახვალ. ეს ამბავიც იმან აშალა, რომ თავიდან ეს სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი იმისთვის მინდოდა, რომ ბავშვობაში რომ დავიკარგე თ უ რ მ ე, ის ბიჭი, ანუ ის ჩემი თავი, ნაგავსაყარის ქვეყანაში ჰყოლიათ ტყვედ და ვ ი თ ო მ ამ სამოც რაინდსაც შეუტყვია ეს ამბავი და სინანულში ჩავარდილა, – ვ ა ი თ უ, ოდესღაც ჩვენ რომ შევაშინეთ, ის იყოს მიზეზიო… ზ ო გ ი ბ ა ვ შ ვ ი ისეთი გულისაა, რომ ერთხელ განცდილი შიში მთელი ცხოვრება აღარ გასდისო. ჩვენ თვითონ ხომ საკუთარ ბავშვებს, პირველ რიგში შიშს ვარიდებთო, ვასწავლით, რომ შიშიბელა კაცი დღეში ასჯერა კვდება, რომ ამქვეყნიდან წასვლაც იმიტომ არ არის დასაზარებელი, რომ აქ ყოველ ნაბიჯზე შიშია, როგორც ჯაგებზე გაბმული მგლის ბეწვი. ხოლო დანარჩენი, – ცუდი სიზმარიო, რომ ამბობენ და ავი მხარიო, – სულ გულთხელთა მოგონილია.
    მეც, ამ ამბის მთხრობელს, რა მექნა, გულზე ხელდაკრეფილი ხომ არ ვიჯდებოდი, სანამ ესენი ცოცხებს გაყიდიდნენ (იქნებ ცოცხებაკიდებული ჯორებით ჯობდა საბრძოლო ოპერაციის ჩატარება, უფრო საშიშნი იქნებოდნენ).
    ასე აიშალა წიგნში მტვერი. მერე კიდევ ახალი ამბავი გამოტყვრა და დიდ ბუქში გავეხვიეთ მეც და ჩემი სამოცი რაინდიც.
    თურმე ნუ იტყვით და, ნაგავსაყარის ქვეყნის მკვიდრთათვის ვიღაც პატიოსან ქალაქელ კაცებს თავშესაფარი უთხოვიათ და მათში რაინდების სისხლით ნათესავიც რეულა, უჭკნობი სახელის დიდი გმირის ჩამომავალი. მეორეც ყოფილა ჩვენი მხრისა, ოღონდ შვილიშვილი იმ მელექსისა, რომელმაც ოდესღაც რაინდების კუთხის ქალზე ძალზე უხამსი ლექსი გამოთქვა (ცალკე გეტყვით იმ სტროფს, ესენი რომ არ იქნებიან) და კარატის ჯვარის ხუცესმა ხატის პირით დაწყევლა: – ეს რა აკადრა ჩემი საყმოს ვერცხლის ღილსაო (იცით ალბათ, რომ კარატის ჯვარი ერთადერთი ხატი იყო, რომელიც სპეციალურად ურჯულოებსა და სულით სნეულებს ემსახურებოდა)!
    აბა, გავიმეორო, რას ვაპირებ, რომ დავრწმუნდე, რომ სწორ გზას ვადგავარ: ნაწერი, საინტერესო რომ გამოვიდეს, საჭიროა, რომ მოქმედი გმირი რამეზე იჯდეს, – ცხენზე, ჯორზე, ჯოხზე… სულ ერთია! მთავარია, რომ გმირს ჭენება შეეძლოს და ერქვას მხედარი… ამას ლიტერატურის ისტორიაზე დაკვირვება გვასწავლის.
    ცხოვრებაზე დაკვირვება კი გვასწავლის, რომ მხედრის ფიქრები მაშინაც კი უფრო საინტერესოა, როცა ჩამოიქვეითებს და ჯორს მიაბამს ბაზრის ღობეზე, ან სასამართლოს წინ…
    ავტორსაც უადვილდება საქმე, როცა ამხედრებულ გმირს მისდევს უკან, ვერავინ დასწამებს, რომ მტვერი მისი აშლილია. ბუქის დაყენება ყველგან შეიძლება, მიწაზეც, ბუხრის კალთაზე გაშლილ ნაცარშიც და საკლასო ოთახშიც, სადაც ბავშვები წარამარა რვეულებსა და წიგნებს აშრიალებენ… ისე, ორი კატეგორიაა ადამიანისა, ზოგი საერთოდ ვერ ამჩნევს მტვერს, ზოგიც ყველაფერში მხოლოდ მტვერს ხედავს… და ორივე გაცუცურაკებულია. ეს ეხება მკითხველსაც, რომელსაც ჰგონია, რომ ნაკლი მხოლოდ ნაწერს გააჩნია. ამ დროს კი ოდნავადაც რომ შეიბერტყოს, მხოლოდ ნაკლი დასცვივა, რადგან თანაბრად ყველასია ნაკლიც და მტვერიც, უნაკლო და უმტვერო მარტო სანების წმინდა გიორგის ჯვარია, – ყინვარის ლოგინიანი, ნისლის კოტორში გახვეული, ზღვის დონიდან ხუთიათას მეტრზე დავანებული.
    მოკლედ, რაკი ჯორებმა კუდები გააბიბინეს, რაკი გაჭენდნენ და რაკი ერთი-ორი ვიღაცაც გამოჩნდა, აიშალა მტვერი აწმყო-წარსულისა და ჩემს ნაწერს მშვიდად დაეფინა. ამასობაში მეც მომწყენოდა ჩემი სახე, სარკეში სულ ერთი და იგივეს რომ ვხედავდი და წარსულს მივაპყარ თვალი.
    კარგია, როცა იყურები და ვერაფერს ხედავ. და ამიტომ სათქმელი უფრო მეტი გიჩნდება და ლაპარაკობ და გისმენს მთელი საპატიმრო…

    ხომ გეუბნებოდით, ავადმყოფი ვარ-მეთქი,
    ხომ გეუბნებოდით…
    მართალია, არ გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ დ ი თ,
    – ანკი რატომ უნდა გამეფრთხილებინეთ,
    მაგრამ ხომ გეუბნებოდით, ავადმყოფი ვარ-მეთქი,
    ხომ გეუბნებოდით…

    მე ასეთი ვარ და ასე ვწერ, რადგან გავრბივარ დამწვარ სახლიდან (სახლის დაწვას, სჯობია – გაყიდო,
    დააგრიალო და უარო გარშემო – დამწვარს რაღას გარეშემოუვლი –
    და იოცნებო გამოსყიდვაზე).
    მაშინ არც ის გამოგეტოვება, რაც აქ იგრძენი, რაც ვარსკვლავთა რიცხვზე მეტია და დილის ნამზე აურაცხელი (ან ზუსტად იმდენი).

    მე ასეთი ვარ და ასე ვწერდი, შესწორებები მერე იქნება, რადგან ბევრსა აქვს გასაყოფელი, ერთმა, მითხარი, ვისთან გაიყოს?

    მე ასეთი ვარ და ასე ვწერდი. ეს არის ჩემი შურისძიება.
    სიყვარულიც ისე მამცირებს, როგორც სიძულვლი.

    ჩვენ მონები ვართ და მონობის მეტი არაფერი არ შეგვიძლია; ვეფხვებივით არ დადივართ სანადიროდ, მინდვრის თაგვებივით დავიპარებით.
    ჩვენი დღე – გამოწეული ჩახმახია,
    ღამე – თოფია მიყუდებული.
    ვინ ამოგვართვა ენა, ნეტა (ცხადია, ამაზე ჩვენ არ გვიზრუნია),
    ქალმა გაგვლანძღა, ჭინჭრებით გამოგვრეცხა?..
    – მაინც გვაქვს სათქმელი.
    გვინდა, გვწყურია, რომ რამე ვიყოთ.
    შვილმა გაგვლანძღა? მაინც ვიყურებით, – გვინდა, რომ შეგვაქონ.
    არ არის თოვლი, არ არის წვიმა,
    ძნელია ცოცხლებში, ძნელია მკვდრებში, ძნელია მიწაზე…
    ვინ უნდა შეგვაქოს?^

    უძებნი შვილი

    ცხენები, ჯორები რომ აბიან ბაზრის ღობეებზე, – მშვიდობაა, მაგრამ თუ ცხენი სასამართლოს წინ აბია, ავის მომასწავებელია, და რაკი იქ სოფლის ცენტრიცაა, სასტუმროც იქაა, სასადილოც, აფთიაქიც, ეკლესიაც და შეძლებული ხალხის უბანია, – ვაჭრების, მღვდლის, მოხელეების, – მოკლედ სოფლის ყველაზე შეძლებული ხალხისა, – ისე, რომ ერთი საუკუნის შემდეგ ამ სახლებზე დაფებს დაკიდებენ: “ამ სახლში მოდიოდა ვ.ფ.” – მოკლედ აქ ყოველთვის ტრიალებდა ისეთი ხალხი, ვისაც დააინტერესებდა, ვისი ცხენი ება სასამართლოს წინ და რატომ. ერთხელ მეც შევესწარი: კაცი გამოვიდა სასამართლოდან, თვალები ცრემლში უბრუნავდა, ისე შეჯდა ცხენზე, გეგონება ზედ უნდა გადავლებოდა. შემნანდა!
    მეც ვხდები, რომ ეს ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვს, მეც გამართობდა. მაგრამ მერე, რამდენიმე კაცმა, რომლებიც სამუდამოდ დამამახსოვრდნენ, ზოგმა ბაზრის კართან, ზოგმა სოფლის ცენტრში, – სასამართლოს წინ სხვა უსაქმურ ბავშვებთან ერთად რომ ვიდექი, – დაცინვით, როგორც მომეჩვენა, რომ მკითხეს, “ვისი შვილი ხარო”? – გამიჩნდა ეჭვი, რომ ამ ზღაპარს იქნებ მართლაც ჰქონდა კავშირი სინამდვილესთან.
    ასეთ პატარა სოფელში ხბოზეც კი არ იკითხავდნენ, – ვისიაო? და მეც შემკითხველებს, სხვადასხვა ფორმით, მახსოვს, ვალში არ დავრჩენილვარ. ამაზე გული არა მწყდება. მე უფრო ის მაინტერესებს, ამ ბოლო ხანებში კითხვა რომ ამეკვიატა: “განა ღმერთს ჩვენს შორის შვილი არა ჰყავს”? “განა ღმერთი არ ეძებს თავის შვილს”?
    და, აი, ერთ დილას, აზრისა და გრძნობის ერთდროულმა დარტყმამ გამომაღვიძა: “ღმერთი ეძებს შვილს და პოულობს მას ნაგავსაყრელზე”. უკეთეს პასუხს არც ველოდი.
    ძალიან ხშირად სიმართლეს იმიტომ არ ეუბნები ადამიანს, რომ გიყვარს. ეტყობა, ძალიან დიდ ხანს ასე ვექცეოდი მეც ჩემს თავს. მაგრამ ახლა ჩემთვის სიმართლე აღარაფერს ნიშნავს, ის გაფუჭებულ ბუდეში გასაღების უნუგეშო ტრიალია მხოლოდ, რითაც კარი არც გაიღება და არც დაიკეტება.
    ამ განცდით ვტოვებდი ჩემს ოთახს, ჩემს მაგიდას, როცა კედლის კუთხეში მიყუდებული გრძელი ურძნის ჯოხი დავინახე. სხივივით სწორი, ორი საუკუნის წინანდელი, წერა-კითხვის უცოდნელი პოეტის, მერცხალას ნაქონი, – ურძნის ჯოხივით ლიტაო ვარო, რომ ირწმუნებოდა, ანუ ლექსის მეტი არაფერი გამაჩნიაო. მეც ჩემი ჯოხი, რომელიც მერცხალას ჯოხს განასახიერებდა, ყველგან თან მქონდა, სადაც მიცხოვრია, მაგრამ არ დამჭირვებია არასოდეს, წვერ-ულვაშისა არ იყოს, ეტყობა ვინახავდი რომელიღაც მომავლისთვის, რომელიც დღეს დადგა.
    ავიღე ჯოხი, გამოვიხურე კარი, გარეთ გამოვედი. დარწმუნებული, რომ დანარჩენი გზა ჯოხმა იცოდა.

    როგორ არ ავიწყდება ადამიანს, ოდესღაც რომ ერთი იყო. მას შემდეგაა, რომ გაურბის მეორეს. აი, ახლაც, არავინ რომ არ იცის და მე რომ ვეთხოვები სახლს, თითქოს სადმე კი არა, იმ ერთთან მივდიოდე, როგორ განსაცდელში მიტოვებულივით მიყურებს ჩემი მაგიდა, მოცარიელებული, ყველაფერი რომ გავაცალე და წავართვი და თან მიმაქვს.
    – უშენოდ? – მეკითხება.
    ცოტა ხანს კიდევ ვჯდები და ვუხსნი. მისმენს, სჯერა ჩემი საბუთების და, მაინც, მეკითხება წასვლისას: – უშენოდ?
    – უძებნი შვილი ვარ, გაიგე? უნდა ყველაფერში დავიხატო და უნდა გავცდე! რომ გავჩერდე, ზედ დამაბეჭდავენ.
    აქ დროებით ვიყავ, არ გეწყინოს, უძებნი შვილი ვარ, რომ გავჩერდე, სარკესავით კი არ ვივლი დედამიწაზე, არამედ – ვინმედ. არ გეწყინოს, არ გამიჯავრდე, – “უშენოდო?” ნუ მეუბნები. ყველაფერი უჩემოდაა! უძებნი შვილი ვარ, ასეთია ბუნების სურვილი, – უძებნი შვილი უნდა რომ ჰყავდეს, თორემ არავინ მოძებნის თავს და იქნებიან სრულყოფილები. არავისთვის არ მითქვამს ამდენი… ხომ გრჩება შენი მაგიდობა, ხომ არ ვაჩნივარ…
    ეჰ, უამრავი საღი აზრი მომისმენია, მაგრამ გულს არ გამკარებია. ამიტომაც უკანვე ვუბრუნებ წართმეულს და ფურცლებით ისევა ვმოსავ. სად ვივლი მე ერთგულის გარეშე! ძნელია, ვერ ვატარებ ამ მზერას ზურგით, ვერც ამ კითხვას გავუძლებ. ასე ადამიანიც ვერ მოგექცევა.
    ძნელია ადამიანისთვის რომ იყოს ერთგული, ლამის ანუგეშო: – ნუ იქნები ერთგული, უბრალოდ – იყავი.
    მოწყენილობა, ეტყობა, სიცოცხლედ არ ეთვლება ადამიანს. ამიტომაცაა, დიდხანს რომ ცოცხლობენ მოწყენილები. სიკვდილს კი ზეიმი უყვარს. ამიტომაც ავიღე ჩემი სხივივით მართალი ჯოხი და მიწას დავკარი: ჯოხი სახეა. მიეთრევა, მოეთრევა, მიეყუდება, მოეყუდება, დავარდება, ადგება…
    გუმანიც ჯოხივით არსებაა ადამიანში.

    მეც ბარულა, ანუ ყინტორას სათხრელი ჯოხი მეჭირა ხელში. სამოცნი იყვნენ. ვინ დაითვლიდა უკეთესად! თვლაც რომ სცოდნოდათ, თავს არ შეიწუხებდნენ. იტყოდნენ, – გუნდ-გუნდად მიდიოდნენო, ფარა-ფარაო, გროვა-გროვაო… თუმცა ხორბლეულისა და საქონლის ანგარიში მარცვლობრივ და ფეხობრივ იცოდნენ. სარქალს შეეძლო ჯოხი დაეშვირა ცხვრის ფარაზე და ეთქვა თუ რამდენი უნდა მოესხლიტა: – აჰა, წაიყვათ, სამასია! და სამიც კიდევ თქვენი ფეშქეშიო…

    – ღმერთო, ნუთუ უკვე დაიწყო წიგნი?
    – მაგრამ რატომ არ მემეტება?
    ხომ არ ჩავიდო ჯიბეში ნაწერი და გადავიკარგო?

    თქვენ არ შეგყრიათ ქორწილიდან გამოქცეული პატარძალი?
    თქვენ არ გინახავთ რიგითიდან ამომხტარი ერთეული?
    თავის სახლის წინ მოყოყმანე კაცი არ გინახავთ?
    გრძნობა არ გქონიათ, აზრში რომ არ უნდა,
    სტრიქონი, ლექსი რომ ეცოტავება?..

    რაც იყო თამაში, წაშლით დასრულდა.

    აჰა, სიტყვა, და წერტილი მისი – ცრემლია!
    ისედაც ბევრი ვილაპარაკე: ყველამ ასე რომ ამოუშვას პირის ქარი, ჰაერი ხომ დაიფხრიწება!

    წარმოიდგინეთ, დედამიწის სფეროზე რამდენი ენაა; იმ ენებში რამდენი სიტყვაა და იმ სიტყვებში რამდენი ბგერა!..

    დედამიწა მექორწილეების ეტლივით დაქრის სამყაროში.

    ძნელია სიბრძნე…

    ყოველი ნაწერი ჯერ გრძნობაა და მხოლოდ მერე ხდება წინადადება. ამ ორივეს კი კაცის შესაბამისობა სჭირდება: ბრძენიც იმას ჰქვია, ვისაც გრძნობაზე ენა არ დაებმის და ხელები არ აუცახცახდება, ან გარეთ არ გავარდება ცეცხლმოდებულივით.
    ძნელია ბრძენი კაცის ცხოვრება: სძინავს – ბრძენია, ღვიძავს – ბრძენია, ფიქრობს – ბრძენია, ამბობს – ბრძენია… და თუ წერაც მოისურვა ამგვარმა ბრძენმა, აუცილებლად უნდა მხოლოდ მარცხენით წეროს. მარჯვენით წერა ღმერთისაგან აკრძალული აქვს, რადგან ბრძენის მარჯვენით ნაწერი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. ხომ დასამალი არაა, რომ ახლა ადამიანებს აღარც წაღმართი გრძნობა უნდათ და აღარც წაღმართზე წარმტაცად ნაწერი. ამიტომაც გაუქმებული აქვს ბრძენს მარჯვენა ხელი, სარტყელში აქვს ჩატანებული, მარცხენა ხელით წეროს უნდა, რომ მკითხველს მისი შესაბამისი ძალით შეებას.
    რა ქნას?
    სულ სარტყელში ხომ არ ექნება მარჯვენა ხელი?.. ისედაც ათას რამეს აბრალებენ.

    და, აი, ღმერთმა ასეთი ბრძენისთვის რა მოიმოქმედა: კი არ ინანა იმ უნარისთვის, რაც მიენიჭა, ადგა და მის სიბრძნეს საფარველი დაადო. მისცა დრეკადობა და ტყუპის ცალად უშვა სისულელე. ყველა განძს ხომ მისივე ბადალი ძალა იცავს…

    მას მერეა, რომ ადამიანი ყოველ დილას ჭკუა-გონების მოკრებას ცდილობს, სისულელის ძებნა კი არა სჭირდება.

    მაგრამ, როგორც სიბრძნეს უჭირს ამქვეყანაზე, ისე სისულელეც დაქანცულია ძაღლებისთვის ჯოხის ქნევისგან.

    ისიც ეგრე არის, ვისაც ლექსობის ზნენი აუჩნდება. თუმც წერის დროს თავს ვერ ხედავს, რომ შეიჯავროს, წერას რომ მორჩება, აღარ იცის რად იგრძნოს თავი, – ბრძენად თუ სულელად? და ამის გამო სინანულში ვარდება:
    ცოდვაა ადამიანი მასზე მეტი ტვირთისთვის.
    ხან მთვრალია, ხან ფხიზელი, ხან ბრძენია, ხან სულელი და მხოლოდ მათ პირშესაყარზეა – თვითონ. მიდის, მიაბიჯებს კალმის წვერით გაკვალულ ბილიკზე და თამამია, რადგან გვერდს ჰყვანან ტანის დამჭერნი, – ერთი იმის ნახევარი სიბრძნეს უჭირავს, მეორე სისულელეს, და რაკი მესამე ძალა არსადაა, ქალებისთვის დიახაც რომ, არა სცალია.
    და ოთახის მარადმწვანე ხვიარა ბუჩქი კი, ამასობაში ისე გაზრდილა და ისე გადმოღვრილა-გამოწვდილა თავისი ქოთნიდან საწერი მაგიდისკენ, რომ ერთი ტოტით სხეულზე ეხება – იმ ადგილას, სადაც შარვალს იკრავს.
    და არსებობს სტრიქონი ასეთ სულელურ მიზეზისთვისაც კი, ჟამამდელი: იცინოდიან ქალები, საცინარ თურმე ჩემდ იყო, საწელე ჩამომჩენოდა, საბელზე უფრო გრძელ იყო…

    გარეთაც მკვდარი სოფლის ღამე იყო და შიგნითაც ოთახის მკვდარი ღამე იწვა. გახედვა არ მინდოდა არც ერთი მკვდრისკენ.
    მკვდარივით ეძინა ბებოჩემს და დადაჩემიც ღმერთს ამას შესთხოვდა,
    თუმცა, – ამოყავი ხელები საბნიდანო! – არ დაავიწყდა. და შევიდა ისიც თავის სიმკვდარეში.

    ალბათ თუ ჭუჭუას ვეთამაშებოდი. რადგან არაფერი ცოცხალი არ იყო ირგვლივ:
    ბნელოდა, ქარს თუ მოუხვდებოდა ფრთა რამეზე, ფანჯარაზე, კენჭზე, მავთულზე… ან ძაღლი თუ დაიყეფებდა… ჭუჭუა კი იყო და, თანაც მე მება, – ჩვენ ორნი ვიყავით სიცოცხლის მოსურნენი მთელ მკვდარ დუნიაზე.

    ადმიანებს ბევრი სისულელე სმენიათ, არეულიც და მოწესრიგებულიც.
    შენ უნდა დაწერო ისე იოლად გასაგები წიგნი, რომ მკითხველმა ფეხზემდგომელამაც კი წაიკითხოს – სხვა რამეს როგორც აკეთებდა ყმაწვილკაცობაში…

    იმღერე სისულელე, დაე სიბრძნეს ედოს საფარველი! სისულელე ვერ გაძლებს უმღერლად, სიბრძნე კიდევ დუმილის გარეშე, შენ იქნები მათ პირშესაყარზე როგორც მთვრალი მიწისმზომელი, და სინამდვილეს აურ-დაურევ.

    ჩვენ ყველა, სწორად დაწყობილი რიგიდან გამობურცულები, – ავანტიურისტები ვართ. ეს იმ ფოტოდან მივხვდი, ოდესღაც, საზაფხულო ბანაკში, დილის ხაზზე რომ დაგვამწკრივეს ბავშვები და გადაგვიღეს… იმ ფოტოზე, მე ფეხები და მხრები დანარჩენების თანაბრად მიჭირავს, მაგრამ გულ-მკერდით მაინც წინ ვარ გამობურცული.

    სადაც დავიბადე, ისეთი დრო და ადგილი იყო, რომ თუ ცხოვრების მცირე შემოთავაზებებს დიდად თუ არ ჩათვლიდი, შეგეძლო დილიდან საღამომდე მჯდარიყავ და ფეხებზე დადებული ბორკილი გეხერხა. არც გზა იყო, არც ზღვა, არც განძი…
    ლექსიღა იყო ავანტიურისთვის დარჩენილი, თითქოს უნდა ამხდარიყო დედაჩემის სურვილი: – შენ უნდა ციხეში ჩაგსვას კაცმა და მარტო კალამი და ქაღალდი მოგცეს!

    სამაგიეროდ ძაბრივით უფსკრულის ფსკერზე აღმოვჩნდი.
    იქ რომ წავსულიყავ, სადაც გული მიმწევდა, გადავრჩებოდი. მაგრამ არ ინდომა ბედმა და შემთხვევამ: ხან მე ვერ დავიძარი, ხან სხვა გამიმტყუნდა და მესამე ცდაც რომ ჩამეშალა, ჩემს თავს შევუწყერი:
    – ცრუმორწმუნეც კი არა ხარ-მეთქი?!
    ბედი სინამდვილის პირით გითვლის, არ წახვიდეო!
    დადექი, ოცნებასა და წიგნებს დასჯერდი; გამოცარიელებულ-გაუქმებული ნასოფლარებია, შამბში და ჭინჭარშია ჩანთქმული გზაც და ბილიკიც, ნაციხარიც და ნასახლარიც. როგორც მოლოდინი სჯობია მოსვლას, შენც ისე, – ნახვას ნატვრა გერჩიოს…
    ტყუილად ხომ არ გიდგას საწოლის წინ მუხის კარადა, ტყუილად ხომ არ მიარჭობ ხოლმე თვალებს ზედ გამოსახულ ათასნაირ ნაჭრელა სურათებს, რომ რაც მოგინდება, იმის თამაშით გაირთო თავი: ციხეც იქაა, მთაც და სოფელიც, გზაც, ბილიკიც, ტყეც და ნახირიც… ერთგან გაქცეული ცხენ-მხედრის მიერ ამოჩქეფილი გუბეც კი მოჩანს, სინამდვილეში ასკილის გამხმარი ბუჩქი თუ არ არის.
    ჰოდა, ხან ისინი აგაგზნებენ, ხან შენ იმათ წარმოისახავ. გულისგასატეხად სად უნდა გევლო!

    ოჰოჰოჰოჰ… როგორ მიქრიან ჯორ-ულაყები!.. ეგენი რომ არ ანიავებდნენ ჰაერს, ძალიან ძნელი იქნებოდა ამ ქვეყნად გაძლება.
    რა სურათები ნახეს ჩვენმა ჯოროსნებმა გზაზე? – რა უნდა ენახათ, წიგნი
    ეფურცლებოდათ წარსულისა და იმას მისდევდნენ.
    ასეთები ცნობისმოყვარეებადაც კი არ ივარგებენ… დუგ-დუგ-დუგ-დუგ… ჩემი გული და გონება ამათთან ერთად მიჩოქჩოქებს, მებერებიან საფეთქლები და სისხლი გულის კედლებს აწყდება. მე არარსებული ვარ, მე მხოლოდ
    ისინი ვარ, იმათ ვუჭერივარ და ისინი მაწონასწორებენ. რომ ჰქონდეს ჩემს
    გრძნობებს დაფასება, მაშინ სახლშიც ტაშს დამიკრავდნენ, არათუ გარეთ, ახლა
    კი გიჟი ვარ, უცნაური და ახირებული. რასაც სხვა გამორჩეულებს სიამოვნებით
    პატიობენ, ის ჩემგან არ ეთვისებათ, ვერ მოურგიათ ჩემი ახირება, თუმცა
    ირგვლივ ყველა სხვის ხუშტურსა ბაძავს… მაგიდაზე თავდახრილი გიჟი კი
    ვინ არის? – რომელიც სამოც ჯოროსანთან ერთად სადღაც მიჩოქჩოქობს
    უმისამართოდ.

    მე თქვენ გაჩვენებთ მისამართს, მსხვილი ასოებით რომ დავაწერ! მაშინ გაიგებთ, რამდენს ვამუხრუჭებ, რომ ბოლომდის არ გავუტიო! გაიგებთ, როგორი ტკბილია ასეთი სიგიჟე… ისევე ტკბილი, როგორც სინამდვილე, რომელშიც გავცვალე: წინაპრები თქვენ სზმარშიც არ გინახავთ, მე კი მათ ვხედავ, როგორც სარკეში, ცხვირი-ცხვირს მიდებული.
    მათი წეკოს მწარე სუნი მცემს, იმათი ნაცვამი ტალავარისა… მე ბედნიერი ვარ, ისინი კი მეგუებიან, თითქოს ვირწმუნეთ: გიყვარდეს ახლობელი და პატივი ეცი დანარჩენ ყარტა-ყურტათა… თითქოს სიხარულით გავეყარე ცხოვრებას, როგორც ერთხელ, ამ წიგნის ხანდაზმულმა პერსონაჟმა უცებ იგრძნო, რომ ყველა სურვილს აქამდის საკუთარ თავს თვითონ უგონებდა და სინამდვილეში კი უფრო დიდი სურვილი სუფევდა მასში და ინტიმური ქალიდან უმალ ჩამომხდარმა, როგორც ჯორიდან, ბედნიერის ხმით შესძახა:
    – ვაშაა, აღარ მიდგება!..
    სცოცხლე იმიტომაა კარგი, რომ წიო წეკო, სვა ცხარე არაყი და წერო და
    წერო
    (აღარც თქვენი სიყვარული მინდა აღარც თქვენი ბოქვენის მოჭერა)…

    აგე, რაები მიწერია ფურცლებზე!
    დავიწყო ჩემი აბზაცები და მერე ნახავთ!

    აბზაცი არა მარტო ჩემი შესაძლებლობების მანძილია, ჩემი კვალიც არის, ძაღლ-რიტუალური. მერე მიმრუდდება ხნული, შრომის ოფლის სუნსაც ვერ ვიტან: – მიწის მწერელი ხომ არა ვარ! – შევუწყრები ჩემს თავს და დავახლი მაგიდას კავ-საწერს.
    რადგან:
    დაუკოდავი ცხენივით იწევს კაცი სიხარულისკენ!
    წაეტანება, წაავლებს ხელს და მოხვდება კიდევაც იმ ადგილას, რითიც იამა. და წავა დარდისკენ, შევა დარდში, მაგრამ ვერც ის გაუჩენს სამართალს, ანუ სიხარულს ვერ მოუპოვებს და მოიწყენს და მიატოვებს… იტყვის: არც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, ისევე მარგო სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა! – და შვიდი დღის ნადარდს ერთ წამში გადაიყრის.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“