• პროზა

    ვახო მოსიაშვილი – მეხუმრე რა

    ეს არის ამბავი ადამიანებზე, ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებზე, მაგრამ მე ისინი სწორედ ამის გამო მიყვარს. არაფერია ჩვეულებრივ ადამიანზე მშვენიერი.

    1.

    პირველი კადრი, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ეს არის ერთ ოთახიანი სახლის ჭერი, რომელიც ნელ-ნელა მომიახლოვდა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ფრენა სიამოვნებაა, ოღონდ რა თქმა უნდა არა ზევიდან ქვევით. ეს ალბათ ასე ორი თვის რომ ვიყავი, მაშინდელი ამბავია. აი მერე კი ისაო, ესაო და აი, კიდეც ვიქეცი რაღაც ასაკში მყოფ ადამიანად. თუმცა რა თქმა უნდა, ბავშვობის მოსაყოლად არ მცალია. ალბათ ვერც მოვიცლი კარგა ხანს. პირველადი პრობლემებია გადასჭრელი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ათას შარში გავყავი და ზოგიერთიდან მაინც უმტკივნეულოდ უნდა გამოვიდე. მაგალითად… არა არ მიყვარს მაგალითები, მე ხომ შეგონებებისთვისაც არ მცალია. ახლა უნდა გავიდე სახლიდან, არადა გარეთ ძვალსა და რბილში გამტანი ნესტია და ვერაფრით ვთბები. სიამოვნებით ვიწვებოდი ასე, ვუყურებდი ჭერს, რომელიც ორი თვის რომ ვიყავი, პირველად მაშინ მომიახლოვდა, და ვიფიქრებდი ათას რამეზე. თუნდაც გუშინდელ საღამოზე. რა მოხდა გუშინ.
    ისეთი არაფერი, კედის დავურეკე. მოვიდა ჩერჩილის თუთიყუშივით აჭრელებული. აბა გამართეო. რომელი გამრთობი მე ვარ, მაგრამ მაინც. სულ ესე ხდება ხოლმე. დარეკავ შუა ღამისას, მერე მუსიკა, არაყი და ღამეული ორთაბრძოლა ორ სქესს შორის, რომლის მერეც ყოველთვის სინანული მიპყრობს. რატომ, თუ ვიცოდე, მე ვიყო ჩვენ რო ვიცით ის. პურიტანული აღზრდის შედეგებს ვიმკი? ჰო, ნუ დროა ალბათ ასეთი. სხვა რა უნდა ვიფიქრო. მერე ვარსკვლავებს ვუყურებდი ფანჯრიდან, მერე რა რო ციოდა. დილის 6 საათზე წავიდა. გაერთო? ალბათ. მე რომელი გამრთობი ვარ, მაგრამ მაინც. კედი კარგი გოგოა, თუმცა გართობის გულისთვის ყველაფერზე წავა. მეც. ოღონდ ჩვენს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ მე მერე ყოველთვის გული მერევა საკუთარ თავზე. არაფრით მტოვებს იმის შეგრძნება, რომ რაღაცას ვუშვებ ხელიდან. ჰო, რაღაცას, რაღაც მთავარს. გარეთ ცივა და ძალიან მეზარება ადგომა და სახლიდან გასვლა, არადა გვერდს ვერ ავუვლი საჭიროებებს.
    სამსახურში, ”როგორც ყოველთვის” სიტუაციაა. სიჩუმე და საქმე. თავჩარგული ვუზივარ ციფრებს. ბუღალტერი. ჩიფ ექაუნთენთ. მოკვდები კაცი სიცილით. სახელები, სახელები, სახელები. და რა არის სახელების უკან? არა, არ ვიცი რა დგას ამ სახელების უკან, ან ამ ციფრების უკან. მონაცემები, მონაცემები, მონაცემები, ჰოდა დამუშავება, დამუშავება, დამუშავება. მერე შედეგები, შედეგები, შედეგები. ბალანსები, მოგება-წაგების თვლა, უწყისები, ბრუნვები, გადარიცხვები. მერე ისევ სახლი, ისევ მუსიკა, ისევ არაყი, ისევ კედი, ისევ ვარსკვლავები, მერე ისევ ჭერი. ჭერი. ჰო, ჭერი. რამე მაინც იყოს განსაკუთრებული ამ ჭერში. მგონი ადგომის დროა. კარგია, რომ არსებობს კეთილგონიერება. ეხლა უბრალოდ რამის აღწერის განწყობაზე ვარ, აი მაგალითად… ჰო მაგალითად ჩემი სამსახურის.

    2

    – დილა მშვიდობის – შევდივარ და ტრადიციულად ვესალმები დაცვის ავტომატიან, სერიოზულსახიან ბიჭებს. ვისურვებდი გენდერული ბალანსი დაცული ყოფილიყო და დაცვის სამსახურშიც ემუშავა რამოდენიმე მანდილოსანს.
    – გაუმარჯოს – ეს ტრადიციული მისალმებაა, რომელიც არასოდეს იცვლება. ალბათ ვერც ვერასდროს შეცვლით.
    ნუ მერე კიდევ რამდენიმე ასეთი სალამ-ქალამი და მერე სამუშაო ოთახს მივაშურებთ. სამსახური თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ის რაც გევალება, არის კარგად შეასრულო შენი ფუნქცია. თუ ფუნქცია არ გაქვს, მაშინ დრო უნდა გაიყვანო, იმიტომ რომ შენ ყიდი დროს და არა შრომას. უცნაურია, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ თვის ბოლოს შრომის კი არა, დროის საფასურს გვიხდიან, მე და ერთ თანამშრომელს გვაქვს მხოლოდდამხოლოდ. მე და კედის. ჰო, კედი ჩემი ხშირი სტუმარია, ოღონდ არა ბუღალტერიაში. საერთოდაც სამსახურში მე ”ჩიფ ექაუნთენთ” ვარ. უსქესო ნაცრისფერი ადამიანი. მარტო ვცხოვრობ ერთ ოთახიან კომუნალურ ბინაში, სადაც როგორც უკვე მოგახსენეთ, აგერ მთელი ცხოვრება გავატარე და… თუმცა სულ ესე არ ყოფილა. უბრალოდ სახლი ნელ-ნელა დაცარიელდა და ბოლოს მე დავრჩი… არა, მარტო არა. ალბათ კედისთან ერთად, რომელიც საღამოობით მოდის და ხან დილით მიდის გამთენიისას, ხან შუაღამეს და მოკლედ, როცა როგორ მოუხერხდება. 9-დან 6-მდე გარიგება მაქვს დადებული ეშმასთან. ”პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს” – ღმერთს ვთხოვ, ის კი ეშმას საშუალებით მიგზავნის სამოთხიდან. ეს ნამდვილად არაა საგანგაშო.
    სხვათაშორის, ეხლა სახლში ვინმე რომ იყოს, შემახსენებდა რომ წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სამსახურში მაგვიანდება და დროა ავწიო ერთი ადგილი ამ საწოლიდან. არადა რა ფართოა ეს დალოცვლი, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაეტეოდა. სწორედ ამ საწოლზე შემქმნეს მე ჩემმა მშობლებმა და აი ამ კოსმიური აქტიდან 38 წლის შემდეგ მე აქ ვწევარ და სამსახურში წასვლა მეზარება. ჭეშმარიტად უზნეო საქციელია.
    კარზე ზარი გაისმა. ნუთუ ვინმე შეიძლება ამ დროს მესტუმროს? კარი გავაღე. კედი იდგა. ერთი რეაქცია მქონდა მხოლოდ, თვალები გადმოვკარკლე გაკვირვებისგან. ჩვენ ხომ პატიოსანი ადამიანები ვართ და აგერ უკვე ორი წელია ერთ რეჟიმში ვცხოვრობთ, ის კი ახლა ამ დილაადრიან მოსვლით ყველაფერს ანგრევს.
    – გიო მე… იქნებ შემომიშვა?
    – მოდი! მოხდა რამე? – ვკითხე და ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ… რომ არ შემიძლია ეხლა აღვწერო.
    – იცი? მოხდა. ნუ თან მოხდა, თან არ მოხდა.
    – ნუ მაბნევ. – გამაღიზიანა. ვერ ვიტან ასე ქარაგმებით ლაპარაკს. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვერ ვიტან პირველად რომ მომიახლოვდა ამ სახლის ჭერი. კედი კი შემომეხვია, ტუჩებზე მომეკრო და საწოლისკენ მიბიძგა. გაოცებისგან დავყევი, თუმცა გახდა რომ დაიწყო აზრზე მოვედი.
    – გაგიჟდი? სამსახურში გვაგვიანდება.
    – გავარტყი სამსახურს. აქ მინდა, შენთან.
    – კედ, სულ გადაირიე ხო? ადექი ახლავე. – კი გავბრაზდი, მაგრამ თან გამეფიქრა, განა ის ადამიანი არ ვიყავი, ორი წუთის წინ საწოლიდან რომ ვერ წევდა ერთ ადგილს.
    – ჰო, გადავირიე, მომბეზრდა, არ შეიძლება, რომ ერთხელ რამე ისე გავაკეთოთ როგორც… – ჰოდა აქვითინდა. ოღონდ ეს არა. ბავშვობიდან არაფერი მამტვრევს ისე წელში, როგორც ცრემლები. მომკალით და ესეა. ჩემს წინ ადამიანი რომ ატირდეს და მთხოვოს თავი მოიკალიო, ალბათ არ დავფიქრდები ისე მოვიკლავ. ჰოდა რაღა უნდა მექნა. იმას კიდე ისტერიკა დაემართა. ყვიროდა, ჰო ყვიროდა, სულ დამპალ, უგრძნობ, ციფრებით თავგამოტენილ ღორს მეძახდა. ასეა, რა ვქნა. ბუნებით ვარ პედანტი. ესეც შენი გართობის მოყვარული კედი. ჩამოიხსნა ბოლომდე ნიღაბი. ამოალაგა სენტიმენტები, მაგრამ რა. ეს ხომ ისედაც ვიცოდი, რომ მისი გართობა მხოლოდდამხოლოდ სწრაფვა იყო თავდავიწყებისკენ. და ბოლოს… ბოლოს დავნებდი. ჰოდა აი კედის თავი ჩემს მკერდზე ედო, მე სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯრიდან ნესტიან, ბურუსიან სივრცეს გავყურებდი. გარეთ ციოდა, ჩვენ თბილად ვიყავით. ტელეფონები გავთიშე. ალბათ გასკდნენ რეკვით. გამორიცხული არ იყო მოსულიყვნენ სახლში. კარს არ გავუღებდი. მგონი ეშმასთან გარიგება დასრულდა, ჰოდა მე და კედის ახლა პურს არსობისას აღარავინ გვიწილადებდა. კი მაგრამ მეგობრები?

    3

    აგერ უკვე 45 წლის ვხდები და ხელშესახები არაფერი მახსენდება. უკვე 7 წელია მე და კედი აღარ ვერთობით, ჰოდა სამაგიეროდ მშვიდად ვცხოვრობთ. მე დილაობით აღარ მეზარება სამსახურში წასვლა, იმიტომ რომ საუზმეს კედი აკეთებს, აღარც საღამოს ვფიქრობ რითი ვიყიდო არაყი, იმიტომ რომ კედი ისედაც მაძლევს, აღარც დილის 6 საათზე ვიღვიძებ, იმიტომ, რომ კედი აღარსად აღარ მიდის, აღარც ციფრებს ვითვლი, იმიტომ რომ აღარ ვარ ჩიფ ექაუნთენთ, აღარც ჭერს აღარ ვუყურებ, იმიტომ, რომ ჩემს სახლში აღარ ვცხოვრობ და ამ ნაქირავების ჭერი არაფერს მახსენებს, აღარც მეზობლების მიკითხვ-მოკითხვაში მეკარგება დრო, იმიტომ, რომ არც ერთს არ ვიცნობ და აშ. და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ამას. სამაგიეროდ… კვლავ აკაკუნებენ, მე ისევ მივდივარ კარის გასაღებად და აი თავისი გიგანტური ნაბიჯებით შემოიჭრება ტერი დევისი და….
    – კედიიიიიიიიიიიიიი. ყავა გამიკეთე რა.
    – ააააჰ, შაბათია დღეს? – ტერი დეივის ჩემი მეგობარია, არ შეიმჩნიოთ.
    – გიოოო, მიდი რა. – აჰა, უცბად გადმომილოცა ყავის მოდუღება კედიმ.
    – კედ, მეზარება. – სულაც არ მინდა ეხლა ყავის მომზადება.
    – მაშინ იცოდე პირდაპირ შიშველი ავდგები და ისე გავაკეთებ ყავას – გამომძახა. დიდი ამბავი ეხლა.
    – ოოო, შენც ეხლა არ უნახიხარ შიშველი რა.

    ტერი ჩვენს დიალოგზე როგორც ყოველთვის გულიანად ხარხარებს და მხარზე ხელის დატყაპუნებით ცდილობს… ნუ არ ვიცი რას ცდილობს რომ მაგრძნობინოს.
    – უუუ, აი სწორედ ამიტომ მიყვარს თქვენთან მოსვლა – მეუბნება და თან ისევ მხარზე ხელს მიტყაპუნებს.
    – ჰო, ნუ ვერ მივხვდი, რატომ, მაგრამ მაინც მადლობა.
    – ჰოდა მოკლედ მე კარგი ახალი ამბები მაქვს თქვენთვის.
    – მაინც?
    – ე.ი. გუშინ ბირჟაზე შევიძინე… – და ტერი იწყებს, როგორც ყოველთვის, ძალზედ მოსაწყენ მონოლოგს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შედეგების შესახებ და მე ვცდილობ ამ გაქნილმა მაკლერმა რამე არ მომატყუოს. ბოლოსდაბოლოს კედი უდუღებს ყავას ტერის და ასე შიშველი გვიჯდება წინ. მსჯის მგონი. თუმცა ტერი პატიოსანი კაცია და მოვალეობების შესრულების დროს უსქესო, ნაცრისფერი მაკლერია. ანუ ყველაფერი რიგზეა.
    მერე მე ვჯდები მანქანაში და მივდივარ ”როგორც ყოველთვის სიტუაცია”-ში.

    4
    საკმაოდ დიდი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ 7 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემში. უბრალოდ მე ბიოლოგიურად დავეშვი დაღმართზე. ერთ 45-ს კიდევ გავქაჩავ? რთული წარმოსადგენია, მაგრამ… მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ გარკვეულ ასაკამდე საერთოდ არ მიფიქრია სიკვდილზე, ალბათ ესე 30 წლამდე ჩემი დილა იწყებოდა ოცნებით ვარდისფერ მომავალზე, ანდა უკეთეს შემთხვევაში ოცნებით იმ დღის ლამაზ დასასრულზე, რომელიც ეს-ესაა თენდებოდა. 30 წლის შემდეგ, უფრო სწორად, იმ დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში მამაჩემს უკანასკნელად მოვწმინდე სპერმა დახეთქილი ყვერებიდან და რამდენიმე დღეში მიწაც დავაყარე… იმას ვამბობდი, რომ იმ წუთიდან, სველი ხელსაწმენდით ყვერი რომ გავუსუფთავე, ჩემი ყოველი დილა სიკვდილზე ფიქრით იწყება, მოდი არ გავაფილოსოფოსოთ.
    იმ დილას ჩემმა მდივანმა მეც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა და მე რაღაც ვიხუმრე ტრადიციულად. ჰო ტრადიცია მაქვს ასეთი, მხოლოდ ღმერთზე ვხუმრობ და ეს ყოველთვის მკრეხელობად ინათლება. ჰოდა ელენას, რატომღაც ასე ერქვა ჩემს მდივანს, ამოასხა და მკითხა:
    – რატომ ხუმრობ ყოველთვის ღმერთზე?
    – ჰმ, რთულ კითხვას მისვამ.
    – არა, ეს უბრალოდ ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს.
    მე დამავიწყდა იმის თქმა, რომ ელენა პროფესიით იურისტია. არა, უფროსწორად, იმ დროს, როცა ეს მოხდა, იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ჰოდა აი ეს ფრაზა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. ვინაიდან არსებობს დედამიწაზე სამი სქესი: კაცები, ქალები და იურისტი ქალები. სხვა ვერავინ გეტყვის ასეთ ფრაზას: “ეს ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს”. წარმოვიდგინოთ რას მეტყოდა ჩემი ფიზიკის მასწავლებელი. ის აუცილებლად დაიწყებდა მოვლენათა იმ დაუსრულებელი სიის ჩამოთვლას, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ იარსებებდა და დააბოლოვებდა ნიუტონის ცნობილი ფრაზით, რომ “პლანეტების მზის გარშემო ორბიტაზე ბრუნვა, მხოლოდ მზის მიზიდულობის შედეგი რომ იყოს, მაშინ ყველა პლანეტა ერთ მშვენიერ დღეს მზეს დაენარცხებოდა”-ო და ბოლოს აუცილებლად დააბოლოვებდა, რომ ჩემნაირი ღვთისპირიდან გადავარდნილი, ურჯულო, მკრეხელი ადამიანი მეორე არ დადის ცისქვეშეთში, იმიტომ, რომ ყოველთვის ვხუმრობ მხოლოდდამხოლოდ ღმერთზე და ვერაფრით დავიმახსოვრე, რომ… და ერთ-ერთ ჩემს მიერ ვერ თუ არ ათვისებულ თეორიასაც ჩემი უსჯულოების დამამტკიცებელ საბუთად მოიშველიებდა. თუმცა მე რა თქმა უნდა ვერაფრით გავარკვევდი რა უფრო მეტად განსაზღვრავდა ჩემს ურჯულოებას, ის, რომ ღმერთზე ვხუმრობდი, თუ ის, რომ რომელიღაც თეორია, სათანადოდ არ თუ ვერ შევისწავლე. მოკლედ ალბათ მიხვდით, რომ ასეთი ვარიანტები პროფესიების მიხედვით შემიძლია უსასრულოდ ჩამოგითვალოთ. რა მოხდებოდა ელენა რომ… მაგრამ ვაღიარებ მოსაწყენი იქნება. ამიტომ მე ელენას გადავწყვიტე ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვქცეოდი მარტივად და ვუპასუხე:
    – ელენა, ღმერთი ჩემთვის იმდენად ამოუცნობია, იმდენად ბუნდოვანი და იმდენად გაუგებარი, რომ მის შესახებ მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ლაპარაკი.
    გაგიკვირდებათ და ეს მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი აღმოჩნდა, თუმცა მაინც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა.
    ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, მე ვიტყოდი, იმაზე უფრო განსაკუთრებულიც კი, ვიდრე კედის მოულოდნელი შემოვარდნა ჩემს ბინაში დილის 8 თუ ცხრა საათზე და შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება ერთად გვეცხოვრა. საქმე ეხებოდა ჩემს ერთ მეგობარს, რომელმაც… რომელმაც ადრეულ ახალგაზრდობაში, ასე 18-19 წლის ასაკში საკუთარი თავი დაარწმუნა წერის ნიჭი მაქვსო და მას შემდეგ აღარც თვითონ მოისვენა და აღარც საზოგადოება მოასვენა, სანამ ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ ჟურნალში რომელიღაც ცნობილმა ტიპმა კარგი რეცენზია არ გამოუცხო. ამ რეცენზიის ფასი ვიცოდი რაც იყო, თუმცა მოდით დავანებოთ თავი ამჯერად ამას. იქნებ მერე მივუბრუნდე კიდეც ამ თემას და მოგიყვეთ, მაგრამ ეხლა სხვა რამის მოყოლას ვაპირებდი. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ეს ჩემი მწერალი მეგობარი მომადგა სამსახურში და… და მე ძალიან აღელვებული, აცქმუტებული და როგორ ვთქვათ, აღგზნებული მომეჩვენა.
    – გიოოო, რაღაც საქმე მაქვს რა შენთან და საღამოს სამსახურის მერე შეგიძლია შემომიარო სახლში?
    მე ვიფიქრე საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვას ვეღარ აკონტროლებდა და ჩემი როგორც ფინანსისტის რჩევები ჭირდებოდა. კი გავიფიქრე, ამას რა აიტანს-მეთქი, მაგრამ მაინც დავთანხმდი.
    ჯოშუა უცნაური ადამიანი არ იყო (მგონი ვერ ვიკავებ თავს მისი აღწერის ცდუნებისგან), პირიქით, ის ძალიან ძალიან ჩვეულებრივი და სტანდარტული ტიპი იყო, თუმცა მწერლის სტერეოტიპში კარგად იჯდა, შეიძლება სხვებზე კარგადაც, ამიტომ ხანდახან დემონსტრაციულად ჩქმეტდა ტრაკზე უცნობ მანდილოსნებს. რამდენჯერმე ამ უცნობი მანდილოსნების დაკუნთულმა ბოიფრენდებმა, საპასუხო რეაქციაც მისცეს, ხანდახან… მოკლედ ხანდახან ის განზრახ აკეთებდა ისეთ რამეებს, რომ ხაზი გაესვა საკუთარი განსაკუთრებულობისათვის. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ იმ საღამოს მაინც რაღაც უფრო ბუნებრივად უცნაური მომეჩვენა. ჰო, რა თქმა უნდა აზრი არ ჰქონდა ჩემთან რაიმე განსაკუთრებულის თამაშს, მე ხომ მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. მერე ალბათ არ დამეზარება და გაგიმხელთ როგორც მაგრამ… მაგრამ აი ეხლა დავფიქრდი და ღირს კი საერთოდ ამის მოყოლა? ჰო ნუ რა ვიცი.
    მოკლედ როგორც მამაჩემი იტყოდა (მაგრამ ზუსტად არ მახსოვს ამას ამბობდა ხოლმე თუ არა), ბევრი რომ არ გავატრაკოთ, ჯოშუამ გამიმხილა, რომ ახალი რომანის წერა დაიწყო და მისი მთავარი გმირი უნდა ყოფილიყო გეი. მერე?…
    – მერე ის, რომ ვერ ვახერხებ. ვერაფრით ვერ ვახერხებ, იმიტომ კი არა, რომ წერა არ შემიძლია…
    – არც მიფიქრია ეგ მერწმუნე…
    – უბრალოდ მე არ ვარ გეი და ჰომოფობიური გამომდის. ჰოდა ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს…
    კი მივხვდი მაგრამ გამიჭირდა დაჯერება და ამიტომ უფრო ვკითხე
    – რა?
    – რა და მე უნდა მივიღო გეის შეგრძნება. უნდა გამოვცადო.
    – რა უნდა გამოსცადო შენ შიგ ხომ არ გაქვს?
    – არა, არა, ხელოვნება უპირველეს ყოვლისა. მე მზად ვარ გავიღო მსხვერპლი, ჰოდა შენი დახმარება მჭირდება.
    – მე რაღა შუაში ვარ შე ყლეო. მე რა პიდარასტი ვარ თუ?
    – არა, მე არ გთხოვ, რომ სექსი და რაღაც, ერთადერთი რამ მინდა, მინეტს გაგიკეთებ რა.
    მე რა თქმა უნდა ისტერიკა დამემართა და… და მოკლედ მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც დავთანხმდი. თვალები დავხუჭე და… მოკლედ ყველაზე საშინელი ის კი არ იყო, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, თან მამაკაცი მიკეთებდა მინეტს, უბრალოდ… უბრალოდ მე მომიწია იმის აღიარება, რომ ჯოშუამ ამ საქმეს კედიზე უკეთ გაართვა თავი.

    5

    ბავშვობაში ვთვლიდი, რომ არ გამიმართლა, ჩემს ოჯახში ბევრი ექიმები რომ იყვნენ. მე მხოლოდ მე-11 კლასში შევიცვალე გადაწყვეტილება და ჩემი ტვინი ფინანსებისკენ გადაიხარა. ამჯერად არ მოგიყვებით, რატომ გადავიფიქრე ნეირო ქირურგიის შესწავლა და დავინტერესდი ფინანსებით, თუმცა ჩემმა დამ რომ გაიგო სიგარეტს ვეწეოდი, ცხარე ცრემლით იტირა, ხოლო შემდეგ დაიწყო პერიოდული ლექციების ჩატარება სიგარეტის მავნებლობის შესახებ. პირველი ღერის მოწევიდან რამდენიმე თვეში მე უკვე ვიცოდი, რომ მოწევა იწვევს რვა სახეობის სიმსივნეს, ასევე უამრავ სხვა დაავადებას, გულსისხძართვა დაავადებს, აუარესებს სუნთქვას, სისხლის მიმოქცევას, რითაც აფერხებს ტვინში ჟანგბადის მიწოდებას, რაც ხელს უშლის აზროვნებას, უზმოზე სისტემატურმა მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წყლული, ასევე აყვითლებს და აფუჭებს კბილებს და ა.შ. და ა.შ. ალბათ მიხვდით, რომ ჩემი და ექიმია. ამ ყველაფერმა რომ ვერ ”მიშველა”, შემდეგ ვიზუალური მასალის ათვისებაზე გადავედით და მე ძალიან მალე დეტალურად შევისწავლე ფოტომასალა მწეველი და არამწეველი ადამიანების ფილტვების გამოსახულებით, ასევე გულისამრევი ვიდეოკლიპები და ამანაც რომ არ გაჭრა, საქმეში რელიგია ჩაერთო. ამის საშუალებით უკვე შევიმეცნე, რომ თამბაქოს მოხმარება ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებმა აბორიგენმა ინდიელებმა დაიწყეს. ასევე სრულად გავაცნობიერე, რომ თამბაქოს სატანური ”ფესვები” აქვს და საშვილიშვილოდ დავიმახსოვრე, რომ რელიგიური თვალსაზრისით ის ”ეშმაკის საკმეველია”. ნუ, რაღა თქმა უნდა, ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ლოგიკურიცაა, მე ხომ ღმერთზე მხოლოდ ხუმრობით შემეძლო ლაპარაკი, ეკლესიაზე კი დამცინავად.
    მოწევა 15 წლისამ დავიწყე. თავიდან ნახევარ კოლოფს ვეწეოდი, შემდეგ წელს ერთ კოლოფზე ავედი. მწეველობის მეხუთე წელს კი მიხაროდა დღის ბოლომდე მხოლოდ ოთხ კოლოფს თუ მოვწევდი და მეხუთის გახსნა არ მომიწევდა. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვყვები, რომ… არა, ეს მოდი თანმიმდევრულად მოვყვეთ.
    მოკლედ, ჩემი ცხოვრების 47-ე წლის ერთ მშვენიერ დილით, ზურგის არეში წვა ვიგრძენი და ხველებამ შემაწუხა. რამდენიმე დღე ყურადღება არ მიმიქცევია ამ ამბისთვის. მწეველთა უმრავლესობა ხომ დილაობით ცუდ გემოს პირში და ხველას უჩივის, მაგრამ სამი დღე რომ გაგრძელდა ეს უსიამოვნო გრძნობა ფილტვებში, ერთ დილით ავდექი და გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი. გზიდანვე დავითარსე. ე.ი. ჩემდა ჭირად ჩავრთე რადიო, სადაც სასაცილო ამბებს გადმოსცემდნენ, თუ კურიოზულ შემთხვევებს თუ რაღაც ასეთს. ჰოდა ერთ-ერთი მორიგი ისტორია ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის. მე ხომ ხშირად მომდის სახლში ჯარიმის ქვითრები პოლიციიდან და აი რადიოს ვუსმენ და იქ ყვებიან ასეთ რამეს: ”ერთი ინგლისელი მძღოლი ავტომატურმა რადარმა დარღვევის დროს გამოიჭირა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან პოლიციისგან ფოსტით 40 გირვანქა სტერლინგის საჯარიმო ქვითარი და თავისი მანქანის ფოტოსურათი მიიღო. ნაცვლად იმისა, ჯარიმა გადაეხადა, პოლიციას გაუგზავნა ფოტო, რომელზეც 40 გირვანქა სტერლინგი იყო გამოსახული. გავიდა რამდენიმე დღე და მძღოლმა ისევ მიიღო კონვერტი პოლიციიდან, ამჯერად მასში ხელბორკილების ფოტოსურათი იდო. ამ ფოტოს დიდი ზემოქმედების ძალა აღმოაჩნდა, – დამრღვევმა…” მე მეტი ვეღარ გავიგე, იმიტომ რომ ახარხარებულმა ჩემი მანქანის ”პარპრეზი” გავდორბლე და პირდაპირ გაზეთების ჯიხურში გავერჭე. იმ დღეს ექიმთან ვეღარ მივედი და მეორე დილით როგორც იქნა მივაღწიე.
    დაახლოვებით სამი საათი მიკვლიეს, მსინჯეს. მოკლედ, გასაყიდი საქონელივით მათვალიერეს შიგნიდან, გარედან, უსმინეს სუნთქვას, გულის მუშაობას, მოკლედ სრული გამოკვლევა ჩამიტარეს და რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარეს. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გამეგო რა მჭირდა? ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ სახლში ტელეფონი აწკრიალდა. კედიმ უპასუხა, ცოტა ხანს ილაპარაკა, რაღაც ოფიციალურად, ჰოდა მეორე დღეს ექიმთან წასვლა რომ დავაპირე, ცოცხალი თავით არ გამიშვა. უნდა გამოგყვე გინდა თუ არაო. ნუ ამან ცოტა გამაბრაზა, მაგრამ 10 წელიწადში ერთხელ ცოლი თუ რაც ჰქვია, რომ აგიხირდება, გაგებით უნდა შეხვდე ამ ამბავს, ბოლოსდაბოლოს იქნებ მენსტურაცია დაეწყო. მოკლედ, წავედით ექიმთან, იმათ იქ რაღაც მასკარადი გააჩალიჩეს, ექიმი ჯერ მე მელაპარაკა, მერე კედი გაიყვანა გვერდით და მე უკვე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო მთლად კარგად.
    უკან რომ ვბრუნდებოდით, კედი ტინგიცობდა, ჰოდა მივხვდი რა, რომ მიმალავდა და ისე, რომ მისკენ აღარც გამიხედია, პირდაპირ ვკითხე:
    – ფილტვის კიბო მაქვს ჰო კედ?
    – ღმერთო ჩემო რა სულელი ხარ – მოკვდა სიცილით. მანქანა გავაჩერე, თავი რულზე დავდე და აღარ შემიხედია ისე ვუთხარი.
    – კარგი რა კედ, ჰო იცი რომ იდიოტი არ ვარ. რამდენი დამრჩა? – კედიმ თავზე დამიწყო მოფერება, თმაში მისი თითები დასრიალებდნენ და მე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მგონი იმ წუთას ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარდა და… და ალბათ ვნანობდი ყველა იმ წყენას, რაც ოდესმე მისთვის მიმიყენებია.
    – გიო, სისულელეა გიო. – ხმაში ცრემლი შეეპარა. მერე თავზე მისი ლოყა ვიგრძენი და ცრემლები, რომლებიც ჩემს თმებში იკარგებოდა.
    – კარგი რა, არ არის საჭირო, ბოლოსდაბოლოს, ოდესმე ხომ მაინც მოხდებოდა – ვუთხარი და ჩემდაუნებურად მეც ცრემლი შემეპარა. მაგრამ იმიტომ არა, რომ კიბო მქონდა, არა, უბრალოდ რატომღაც კედი მეცოდებოდა.
    – გიო…. – აქ უკვე ნერვებმა უმტყუნა და ვეღარ გააგრძელა, გაუშვა ბოლომდე ცრემლები და ისინი უკვე ჩემს თმებს ჩამოუყვნენ ქვევით და ვხედავდი როგორ იკარგებოდნენ სადღაც ქვემოთ.
    – რამდენი ხანი დამრჩა კედ? – ხმა გავიმყარე.
    – ორი თვე – და მოუმატა ტირილს. მე თავი ავწიე, ის გადაიწია ისევ და ახლა უკვე საკუთარ ხელებში ტიროდა. მანქანა დავქოქე და სახლში წავედით. გზაში ვაწყნარებდი. თან რაღაცნაირად მეცინებოდა, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.
    რაღაცნაირად ყველაფერი შეიცვალა. მე და კედი ისე ვისხედით სახლში თითქოს ვიღაც უკვე გარდაიცვალა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საკუთარ პანაშვიდზე ვიყავი. ნერვები მომეშალა.
    – კედ, სისულელეა ხო იცი. ეს არაფერს ნიშნავს. ოდესმე ეს მაინც მოხდებოდა.
    – ვიცი. – ცივად მიპასუხა, თუმცა ისევ ეტირებოდა ვხვდებოდი.
    – კედ იცი, მე სულ არ ვღელავ, რაც იქნება იქნება.
    – ……………. – დუმილი.
    – კედ, ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ერთმანეთს ამდენი ლამაზი წუთი ვაჩუქეთ, და რაღაა სანერვიულო. ისღა დაგვრჩენია ღმერთს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რაც გვქონდა – საკუთარი სენტიმენტალობა მაოცებდა და თან მეცინებოდა, მაინც ვუანგარიშე ”ამდენი ლამაზი წუთი”.
    – ………….. – დუმილი.
    – კედ, აწიე ეხლა თავი და გაიცინე რამენაირად. ხო იცი ვერ ვიტან ესე რომ ხარ მოწყენილი.
    – ………….. – დუმილი.
    – კედ, გთხოვ რა, გაიღიმე და მელაპარაკე, არ შეიძლება რა ესე, ბოლო ორ თვეს მოწყენილობაში და გლოვაში ხომ არ გავატარებთ. – ჰოდა აქ მე ძალიან უცნაური რამ ჩავიდინე…

    მოკლედ კედი საღამომდე მაინც ვერ გავაცინე, მგონი ძალიან ვუყვარდი მართლა. აი მე კი ვტინგიცობდი და ვტინგიცობდი, რამენაირად ხასიათზე მინდოდა მომეყვანა და ბოლოს ჩემდაუნებურად წამომცდა: ”საოცარი ადამიანი ხარ კედ, შეგიძლია ყველაფერი საშენოდ შეატრიალო. აი ეხლაც, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მე კი არა, შენ გქონდეს კიბო”. ამანღა უშველა და ბოლოს, როგორც იქნა, გამხიარულდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ჩემი კიბოს მიუხედავად, უკანასკნელ ორ თვეს ისე გავატარებდით, თითქოს არაფერი მომხდარა და ბოლომდე გავერთობოდით.

    6

    ჰოდა ესეა რა, ეხლა რომ ვფიქრობ, დიდად ვერ შემცვალა იმ ამბავმა, ორი თვეღა რომ დამრჩა სიცოცხლე. ცოტა მეტად ფილოსოფიური აზრები გამიჩნდა. ისე სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა. მე და კედიმ გადავწყვიტეთ არავის გავუმხილოთ ეს ამბავი. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ მეტასტაზები არ დამაგდებს. არ მინდა ხალხმა ისე დამიწყოს ყურება, როგორც… როგორც რა ვიცი, ცოცხალ მიცვალებულს. ესე იციან ხოლმე. საერთოდაც მე არ შევცვლილვარ, მაგრამ კიდევ ერთი ახალი ამბავი მოხდა მაინცდამაინც ეხლა. კედიმ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა. ჰოდა რა ვიცი როგორ მოხდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით ბავშვისგან, ჰოდა მაინცდამაინც ეხლა… ყოველშემთხვევაში არ ღირს ამაზე წუწუნი. მე ალბათ ვეღარ მოვასწრებ ბავშვის ნახვას. არც მინდა, ესე ჯობს იმისთვისაც და ჩემთვისაც. რო ვნახავ უფრო გამიჭირდება. ეხლა სასაცილოა, მაგრამ ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მინდა რომ იმ მომენტში… ჰო რა, ბოლოს, მინდა რომ გულიანად გავიცინო. ყოველთვის მჯეროდა რო… ჰო აი მაშინ მოხდა რა, მამაჩემი რო წავიდა, იმ დღეს ეკლესიაში წავედი. დიდხანს ვიდექი რა ჩუმად, ჩემთვის, ჰოდა ესე ჟრუანტელი მივლიდა რა ტანში. ბავშვობიდან ესე ვარ, ვერ შევდივარ ეკლესიაში, ხალხი როცაა. ნერვები მეშლება რაღაცნაირად. ჰოდა ვიდექი რა, სათვალე არ მომიხსნია, მეტირებოდა და არ მინდოდა შემთხვევით ვინმე შემოსულიყო და რო დავენახე შემრცხვებოდა ვიცი და ნერვებიც მომეშლებოდა. არც მახსოვს რა რას ვეუბნებოდი და ერთი რამ კი მახსოვს, ვთხოვე რო მაშინ მომკალი როცა ამისთვის მზად ვიქნები-მეთქი. ჰოდა მზად ყოფნა როგორ გესმისო. არა ესე არ უთქვამს, ღმერთთან ლაპარაკი სად შემიძლია, უბრალოდ თავში მე თვითონ დამარტყა რას ვგულისხმობ-მეთქი. ჰოდა აი ბოლო მომენტში გაცინებას რო შევძლებ და არაფერს არ ვინანებ, მაშინ ვიქნები-მეთქი მზად. ჰოდა უფრო მაგრად დამიარა ჟრუანტელმა, თვალები დავხუჭე და მოკლედ რელიგიურ ექსტაზში ვიყავი გადაშვებული თავფეხიანად და უცბად არ ვიცი საიდან, ვიღაცა მეძგერა. გაქანებული ნევროზი მქონდა, ეგღა მეკლდა, არიქა მე ვთქვი ეგ არის და ღვთისშმობელი გადმოვიდა ხატიდან უნდა მომისამძიმროს მამის გარდაცვალება-მეთქი (რა ვქნა ვერ ვეშვები ხუმრობას), ჰოდა რა ღვთისმშობელი რის ღვთისმშობელი, ვიღაც თავშალშემოხვეული ქალი დამხვდა წინ და კიოდა: ”როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება, როგორ არ გრცხვენია. შენ იცი სად ხარ? ღმერთის როგორ არ გეშინია…” ჰოდა ვიფიქრე უნებურად რამე ხო არ ვიხუმრე და მაგიტო ხო არ მეჩხუბება-მეთქი და ვკითხე რა დავაშავე ქალბატონო ასეთი-მეთქი. ამაზე უფრო გადაირია ის დალოცვილი თითქოს პირდაპირ ეკლესიაში ჟიმაობა შემეთავაზებინოს, ამოალაგა ხმის იოგები ზემოთ და ნახევარი წლის ნახველი ამოიღო რამის ფილტვებიდან, ”სათვალე, სათვალე მოიხსენი უწმინდურო.” ჰოდა ესე გამოვვარდი რა და იმის მერე ეკლესიას სულ შიშით ვუვლი გვერდს, სუ მგონია, რომ შევალ თუ არა, ის ქალი ისევ დამეტაკება უწმინდუროს ძახილით.

    ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ… რომ არ ვიყავი მზად, ვგრძნობდი. რა ვიცი აბა, ვერ გავიღიმებდი, სულ არ მეღიმებოდა, ჰოდა რაღაცნაირად შემერყა რა… აი ის შემერყა, რწმენას თუ რაღაცას რო ეძახიან. მე ერთი უბრალო ფინანსისტი კაცი ვარ. ჯოშუასგან განსხვავებით, არც მწერალი ვარ და არც ტერი დევისივით ვოცნებობ მილიარდის მოხსნაზე. ჩემთვის ვარ რა, ერთი ეგაა, ღმერთზე ვხუმრობ ხოლმე, მეტი არაფერი, ისიც იმიტომ კი არა, რომ არ მწამს, ან ვამცირებ, უბრალოდ სხვანაირად ხუმრობა არ გამომდის და თან რაღაცნაირად ჩემთვის ეგ ცნება იმდენად დიდი და ამოუცნობია, რომ სხვანაირად არ შემიძლია რა. ფინანსისტი ვარ, ალბათ ამის ბრალია. უნდა ვიანგარიშო, რამე კონკრეტულ ჯამამდე უნდა მივიდე, ჰოდა ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა. ღმერთზე რომ მელაპარაკებოდნენ, ვერ მივდიოდი რამე კონკრეტულ ხელშესახებ პასუხამდე. ყოველთვის აბსტრაქტული იყო რა. ჰოდა სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა მეხუმრა. ხო ხვდებით არა. ხოდა ამ თქვენ ღმერთს კიდევ სულ არ აღმოაჩნდა იუმორის გრძნობა. ადგა და ამკიდა ფილტვის კიბო. არადა მე კიდე მაგრად მჯეროდა, რომ მაშინ წამიყვანდა, როცა მზად ვიქნებოდი. რა აზრი აქვს წუწუნს.
    ესე გავაფილოსოფოსე რა. ალბათ რო ზიხარ და ელოდები სიკვდილს, სხვა გამოსავალი აღარ გრჩება. პიზდეცში მიდის ტვინი. ჰოდა უცბად მივხვდი, რო ყველაფერი ისე უნდა გამეგრძელებინა, ვითომ არაფერი, ფილოსოფიასაც უნდა შევშვებოდი და იმასაც, რა მოხდებოდა, რომ… არაფერი არ მოხდებოდა, ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, როგორც არის. ალბათ. მესმის რო სისულელეა და ესე არ არის, მაგრამ ეხლა გვიანია იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, რომ… ჰოდა იმას ვამბობდი, მივხვდი-მეთქი, რო ეს ორი თვე შეიძლებოდა გამომეყენებინა მოსამზადებლად და ბოლო მომენტში იქნებ მომეხერხებინა გაღიმება, ჰოდა დავიწყე ფიქრი, ოღონდ არაფილოსოფიურად. ისე უბრალოდ, ჩემთვის, თან იმის შეგრძნება არ მტოვებდა, თითქოს ეს ყველაფერი მე კი არა, ვინმე ჩემთვის კარგად ნაცნობ ტიპს შემთხვეოდა.
    ჰოდა ერთი დილაცაა და ხველამ გამაღვიძა. ჰოდა სისუსტე ვიგრძენი და საწოლიდან ვეღარ წამოვწიე წელი. კედისაც გაეღვიძა. რა იყო, ცუდად ხარო? ჰო-მეთქი. თვალებში შევატყე შეეშინდა. მკერდზე თავი დამადო და გაიტრუნა. მგონი გულისცემას უსმენდა.
    – გეშინია? – ისე ვკითხე, უბრალოდ.
    – ……………….. – დუმილი.
    – კედ, რამდენიმე დღეა ვფიქრობ, მგონი ჯობს, რომ მე ძველ ბინაში გადავიდე საცხოვრებლად. მაინც ერთი თვეც აღარ დარჩა. – არადა მოვატყუე, იმ წამს მომივიდა თავში ეს იდეა. ნეტა რატო მოვატყუე, ალბათ იმიტომ რომ შემეცოდა.
    – ………………… – დუმილი.
    – ჰო, კედ ასე ჯობს. რა საჭიროა ამას უყურო?! ტყუილად დაიტანჯები. მე ამ ამბავს მტკივნეულად მაინც არ განვიცდი.
    ჰოდა დამთავრებული არ მქონდა სიტყვები, რომ ჯერ ორი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, შემდეგ კიდევ მკერდზე მომეკრა და… და დამასველა ცრემლებით. მე თავზე ვეფერებოდი.
    მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადავედი ჩემს ძველ ბინაში და მეტი დროც მქონდა მოვმზადებულიყავი ბოლო მომენტისთვის. გადავწყვიტე ფარხმალი არ დამეყარა და თუ ღმერთმა არ შეასრულა პირობა, მე შემესრულებინა. აი ნახე ღმერთო როგორი სიტყვის კაცი ვარ-მეთქი. და დავიწყე და რა დავიწყე.
    ჩემი გაუჩინარება კედიმ მივლინებით ახსნა, სამსახურში კი კუთვნილი შვებულება გამოვიყენე. კედი დღეში სამჯერ მოდიოდა, მოქონდა საჭმელი, პრესა, რომელსაც რატომღაც ინტერესით ვეცნობოდი, კიდევ რაღაც რაღაცეები. ტელეფონი გამორთული მქონდა. თან ახალი ამბები მოჰქონდა ტერიზე, ჯოშუაზე და ვიღაც ვიღაცეებზე. მოკლედ დრო გარბოდა და გადამწყვეტი საათიც ნელ-ნელა ახლოვდებოდა. ფილტვებში წვა მატულობდა, ხველაც, კიდევ სისუსტეც. ჰოდა მე კიდევ ვამზადებდი თავს. და აი…

    7

    გიომ ერთ დილით თავი მზად იგრძნო. სიხარულისგან საწოლში ხტუნვა დაიწყო. თვალები ზეშთაგონებით აღაპყრო ზეცად და თქვა; ”მზად ვარ, წამიყვანე უფალო”. წაყვანის რა მოგახსენოთ და ტელეფონი აწკრიალდა. დახედა, კედი ურეკავდა. უპასუხა. კედი შეშლილივით იყო, თან იცინოდა თან ტიროდა და…
    – გიო გიო, არ ყოფილა კიბო, ეს არ ყოფილა კიბო.
    – რა არ ყოფილა გამაგებინე, დალაგდი ცოტა.
    – გიო, ეხლა ექიმმა დამირეკა, გიკითხა, მე ვუთხარი მივლინებაშია-მეთქი. ჰოდა მითხრა, რომ შეგვეშალა, ანალიზის პასუხი შეგვეშალა, თქვენს მეუღლეს უბრალო ფილტვების ანთება აქვს, თუმცა სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ბევრი დრო დავკარგეთო. გესმის გიო? შენ არ მოკვდები გიო, შენ იცოცხლებ…
    ფილტვგამომპალმა ფინანსისტმა ტელეფონი დაახეთქა იატაკზე და აღრიალდა. ღმერთოოოო, შე ყველაზე იდიოტო ხუმარა. რამდენი მაწვალე და სულ ტყუილად? ჰა? ღრიალებდა. გაცოფდა. მერე დაწყნარდა. მერე ახარხარდა. მერე ძველი სამართებელი აიღო, ცივად შევიდა აბაზანაში, თბილი წყლით გაავსო და სამართებლიანად ჩაწვა შიგნით…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – ზღვის გაუჩინარება

    დღე პირველი

    როგორც ყოველთვის, დასასვენებლად ზღვაზე წავედით. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მორიგი ზაფხული იყო. ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა. ღამე კლუბში შევედით. მე არ ვცეკვავ. მაგიდაზე მეძინა, შიგადაშიგ შემოთავაზებულ ვისკის ვწრუპავდი. მგონი ”სისხლიანი მერიც” მივირთვი. არ მიყვარს კოქტეილები. ჩემი თავი მაღიზიანებდა. ხალხი ცეკვავდა. ჩემთვის ჩანაწერებს ვაკეთებდი. რამდენჯერმე მართლა კარგი მიქსი გააკეთა დიჯეიმ. მეგობრები მორიგეობით გამოდიოდნენ ერთ რიტმზე მროკავი მასიდან, ჯდებოდნენ, სვამდნენ და კიდევ და კიდევ მეპატიჟებოდნენ საცეკვაო მოედანზე. მე კვლავ ვუარობდი. ვიცოდი, რომ სადღაც ამ მასის სიღრმეში ჩემი ცოლი ცეკვავდა, მაგრამ ცდუნებას ვუძლებდი. უფრო სწორად, მასაში გათქვეფის შიში, მასთან ცეკვის სურვილზე მეტი იყო, ამიტომ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი ავმდგარიყავი მაგიდიდან, რომელსაც ჩასვლისთანავე ისე ჩავაფრინდი, როგორც აღელვებულ ზღვაში დასახრჩობად განწირული ადამიანი სამაშველო რგოლს. მერიდებოდა მეგობრების. ვგრძნობდი რა სასაცილო ვიყავი, თავზე ჩამოკვეხებული ქუდით, მოწყენილი სიფათით, ხელში ბლოკნოტითა და კალმით, ხანდახან მაგიდაზე რომ მაყვინთავებდა. ერთხელ მართლა საფუძვლიანად წავუძინე, დაცვამ გამაღვიძა, თუ გეძინება სახლში წადიო. ეტყობა სახელს ვუტეხდი იქაურობას. ყველაფერს ის მერჩია, ზღვაზე ჩავსულიყავი და ზღვის ტალღების მშვიდი დგაფუნისთვის მესმინა. სუნთქვას ავაყოლებდი და ტკბილად მაინც დამეძინებოდა. გამთენიისას, როგორც იქნა დამთავრდა ცეკვა და სახლში წავედით. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ, მე კი აღარ მეძინებოდა. ერთი ვიფიქრე, ჩავალ-მეთქი სანაპიროზე, მაგრამ მივხვდი, მარტოობა უარესი იყო. ისევ თვალგახელილი წოლა ვამჯობინე. ვეხუტებოდი, თითქოს მეშინოდა ჩვენ შორის კედელი არ აღმართულიყო. ზეწარი გადავიხადე და სიბნელეში საკუთარი სხეულის კონტურებს ვაკვირდებოდი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი ჩემ თავს ვუთხარი. კოლოფში კიდევ იყო ოთხი ღერი. ორი მოვწიე. მეორე ორი დილისთვის შემოვინახე. ბოლოს ძილმა დამძალა.

    დღე მეორე ან მერამდენიღაცე

    ცურვა არ ვიცი, 9 წელია ზღვაზე დავდივარ, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე. მკერდამდე შევდივარ, მერე ფეხებს ვკეცავ და ვცდილობ თავიც დავისველო. შიგადაშიგ წყალიც მეყლაპება. მიყვარს ზღვა, ოღონდ მაშინებს. ფეხქვეშ მიწას უნდა ვგრძნობდე. გოგოები მზეზე იხრუკებიან. წყლიდან არ ამოვდივარ. კეთილგონიერება მიბიძგებს მოვუწოდო სახლში წასვლისკენ, მაგრამ არავინ მისმენს. ისევ მკერდამდე წყალში ვდგევარ. ვცდილობ არ დავიხრჩო. მშია, მაგრამ შევჭამ თუ არა 15 წუთში ისევ მომშივდება, ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზღვაზე სულ ასე მემართება. შემიძლია 15 წუთში ერთხელ ვჭამო და მაინც სულ მშია. სახლში ვბრუნდებით. შხაპის შემდეგ ვიძინებ. მეგობრები კარტს თამაშობენ. მე ოთახში ვწევარ, თითქოს მეძინება, მაგრამ ვერც ვიძინებ. მარტო ვარ, არადა მეშინია. საღამოს ისევ კლუბში მივდივართ. დაცვა საგულდაგულოდ მჩხრეკს. ქუდს მახდევინებენ. ხელში მოგრძო საგანი მოხვდა, კალამი ამოვიღე. ჩამიშვეს. კვლავ მაგიდასთან ვზივარ. იგივე სურათი, ისევ მარტოობას ვგრძნობ და მოვიწყინე.

    დღე მესამე ან მერამდენიღაცე

    კვლავ პლაჟზე ვართ, კვლავ მკერდამდე წყალში ვდგევარ, გოგოები ისევ იწვებიან. საღამოს კონცერტზე მივდივართ. ცუდად გავხდი, გული მჩხვლეტს, ჰაერი არ მყოფნის და თავი მეთიშება. სახლში გვიწევს დაბრუნება. ჩემი ცოლი გაიბუტა, ჩემი ავადმყოფობის გამო პლაჟზე ვეღარ გავათენებთ როგორც დავგეგმეთ. საშინელებაა ასე ყოფნა. ღამე უნებურად ვტირივარ. ის მეხუტება და მირიგდება. ალბათ ვეცოდები, თუმცა ეს უარესად მხდის. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი, საკუთარ თავს ვეუბნები და ვიძინებ. მგონი ამის მეც აღარ მჯერა.

    დღე მეოთხე ან მერამდენიღაცე

    ღამე გაწვიმდა. კონცერტზე მაინც წავედით. ისევ ცუდად გავხდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. სულ რომ მოვმკვდარიყავი, პლაჟზე უნდა გამეთენებინა, პირობა მივეცი საკუთარ თავს. ღამე კარვებით ჩამოსულ ხალხთან ერთად გავათიეთ. შეგვცივდა. ბოლოს როგორც იქნა ვიშოვეთ ტრანსპორტი და დავბრუნდით სახლში. ტკბილად მეძინა, მაგრამ სამსახურიდან დამირეკეს. ვეღარ დავიძინე. მარტო დავბოდიალობდი ეზოში.

    დღე მეხუთე ან მერამდენიღაცე

    ფული პრაქტიკულად გაგვითავდა. წვიმიანი ამინდები აუყვა ერთმანეთს. მთელ დღეს სახლში ვატარებდით. მზეს ველოდებოდით, მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ჯდომა აუტანელი იყო. ბანკომატთან გასვლა მოვიმიზეზე, ფულს ველოდები-მეთქი, თუმცა კარგად ვიცოდი 25 თეთრის მეტი ანგარიშზე არაფერი იქნებოდა. ხალხი მაშტერდებოდა, ვიგრძენი უცხოპლანეტელივით გამოვიყურებოდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. სამი კვარტალი გავიარე და მართლა ბანკომატთან აღმოვჩნდი. გადასარევად ვიცოდი არაფერი მებადა, მაგრამ საკუთარი ტყუილი დავიჯერე. გულისფანცქალით ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეკრანზე თანხა, მაგრამ იქ კვლავ 25 თეთრი იყო. გამეცინა, ეს ხომ ისედაც ვიცოდი. ცოტა გავნაწყენდი ღმერთზე, ამდენი უსარგებლო სასწაული ხდება, რატომ არ შეიძლება პატარა ფინანსური სასწაული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? ვიცი, ეს არასოდეს მოხდება. ისევ მშიოდა. გარშემო რესტორნებს მიჰქონდა იქაურობა. ისეთი საშინელი მუსიკა იყო ჩართული ყველგან, ფული რომც მქონოდა, იქ მაინც ვერ შევჭამდი. სახლში დავბრუნდი. მოწყენილობა გამეფებულიყო. შიმშილზე მეტად უსიგარეტობა მაწუხებდა.

    დღე მეექვსე ან მერამდენიღაცე

    რატომღაც მზიანი დღე გათენდა. შეიძლება სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ ესეც სასწაულად ჩაგვეთვალა. სასტუმროს ფული აღარ გვქონდა. პლაჟზე უნდა დაგვეძინა. ცოტა რომანტიულად შევხედეთ ამ საკითხს მე და ჩემმა ცოლმა და მზე რომ ჩაესვენა ჰორიზონტზე, პირსახოცები პირდაპირ პლაჟზე გავშალეთ. სექსის წამოწყებაც ვცადეთ ორჯერ, მაგრამ ორჯერვე თავზე წამოგვადგნენ. მესამედ უბრალოდ აღარ ამიდგა. რაღას ვიზამდით, პლაჟზე სექსის შესაძლებლობა მომდევნო წლამდე აღარ გვექნებოდა, თუმცა ამაზე არ მიდარდია. მერე რა თუ მომავალ წელს მე შეიძლება სხვა ცოლი მყოლოდა, მას კი ახალი ქმარი. დავიძინეთ.

    დღე მეშვიდე ან მერამდენიღაცე

    დღე მეშვიდე უჩვეულოდ გათენდა. არა, მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველასთვის, ვინც ამ დროს ცოცხალი იყო და ჰქონდა მოვლენათა სწორი ან თუნდაც არასწორი, მაგრამ რაიმენაირი აღქმის უნარი. მოდით სუბიექტურ განცდებს აღარ აღვწერ და უბრალოდ გეტყვით, რომ დილით ზღვა აღარ დაგვხვდა იქ, სადაც მანამდე იყო. აი ასე, თვალი გავახილეთ და ზღვის ადგილას დავინახეთ ქვიშითა და კენჭებით აღსავსე დიდი ღრმული, რომელიც ჩვენგან ათიოდე მეტრში იწყებოდა და სადღაც სხვა ქვეყანაში მთავრდებოდა. მეცნიერებმა დიდხანს იკვლიეს საკითხი. უამრავი ვერსია არსებობდა, მაგრამ ვერც ერთის დამტკიცება ვერ მოხერხდა. საქმე იმაში იყო, რომ წყლის დონეს არც ერთ ზღვასა თუ ოკეანეში არ მოუმატია, აორთქლება გამორიცხული იყო, რადგან ფსკერზე ვერანაირი მინერალი ვერ იპოვეს, რაც აორთქლების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა, არც ატმოსფერული ნალექების რაოდენობას მოუმატია მკვეთრად. მიწაში გაჟონვაც არ დადასტურდა. ბოლოს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეცნიერება უძლური იყო აეხსნა ეს მოვლენა. მათ ყველა საჭირო მონაცემი დააკონსერვეს, რაც შეიძლება მომავლის მკვლევარებს გამოსდგომოდათ. ბურთი და მოედანი სასულიერო პირებს დარჩათ, რომლებიც ერთდროულად ორ რამეს ამტკიცებდნენ: რომ ეს იყო უფლის სასწაული და რომ ზღვა ამერიკელებმა და სოროსმა მოიპარეს. და მაინც ყველაზე მოგებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტელიტა დარჩა, რომლებმაც შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ზღვა მთავრობამ ამერიკელებს და სოროსს მიჰყიდა. შედეგად პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დახვრიტეს, ხალხს კი კვლავ ჯეროდა უფლის სასწაულის, ამერიკელების და ჯორჯ სოროსის. მე და ჩემი ცოლი კი უკვე მესამედ ვაკეთებდით… რემონტს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მიშელ უელბეკის “პლატფორმა” ქართულად


    AUDIO

    ცოტა ხნის წინ, თანამედროვეობის ყველაზე დაუმორჩილებელი მწერლის, მიშელ უელბეკის წიგნების ქართულ თაროს კიდევ ერთი გამოცემა შეემატა. ჟორჟ ეკიზაშვილის მიერ თარგმნილი “ბრძოლის ველის განვრცობისა” და “ელემენტარული ნაწილაკების” შემდეგ, “ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით” მწერლის სკანდალურად ცნობილი წიგნი, “პლატფორმა” გამოვიდა. წიგნი ირმა ტაველიძემ თარგმნა.
    [მუსიკა] ეს მიშელ უელბეკის ხმაა, ფრაგმენტი სიმღერიდან, რომელიც მის 2000 წელს გამოსულ ალბომშია შესული. ტრადიციული ფრანგული შანსონური რეჩიტაცია, კლასიკური თემები, შეგემებული უელბეკის ცხარე საკმაზით. მიშელ უელბეკი ამ ალბომზე და რომან “პლატფორმაზე” ერთდროულად მუშაობდა. ეს მის შემოქედებაში ალბათ უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო, როცა იგი ლამის წინასწარმეტყველად მოგვევლინა, 11 სექტემბრის ნიუ-იორკული ჯოჯოხეთის პროფეტად.
    წიგნმა, შეიძლება ითქვას, ახალი, XXI საუკუნე დაიწყო და იგი დასავლური საზოგადოების ერთგვარ დიაგნოზს წარმოადგენს, და შესაბამისად “პლატფორმა” ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს. წიგნის მთარგმნელი, მწერალი ირმა ტაველიძე გვეუბნება: “წიგნი მნიშვნელოვანი იქნება ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, ჩემი აზრით და ვფიქრობ ასევე ყველაზე კარგი წიგნი, რაც უელბეკს დაუწერია. საინტერესოა, რადგან ძალიან პირდაპირი და გულწრფელი წიგნია, ავტორი ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და იმას, თუ რა იქნება აქტუალური, რაზე წამოეგება საზოგადოება”.
    მთავარი გმირი ფრანგია, 40 წლის ჩინოვნიკი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი, აი ისეთი ტიპია, შვებულების დროს თავი ახალგაზრდად რომ მოაქვს ხოლმე. იგი მამის გარდაცვალების შემდეგ მოზრდილ მემკვიდრეობას მიიღებს და მაშინვე აღმოსავლეთში გაემგზავრება დასასვენებლად. მიშელი (ასე ჰქვია პერსონაჟს) ვერ იტანს არაბებს, ჩინელებს, ადამიანების უფლებებზე განუწყვეტლივ ლაყბობას, საბაზრო ეკონომიკას, ეკოლოგებს, ამერიკელებს, ბავშვებს. ხანდახან ჯგუფ “Radiohead”-ის მაისურით გვევლინება, საერთოდ კი ორად-ორი პიჯაკი აბადია და რამდენიმე ათეული წიგნი. იგი ვერ იხსენებს თუ როგორი იყო თხუთმეტი, ოცი ან ოცდაათი წლისა და საერთოდაც, ადამიანური უნიკალობის იდეა მხოლოდ მაღალფარდოვან სისულელედ მიაჩნია.
    მთელი ცხოვრება უხერხულად გრძნობდა თავს, სათქმელი არაფერი ჰქონდა, საუბრის გაბმაც კი არ შეეძლო და არც ცეკვა იცოდა, ამიტომაც გალოთდა. ალკოჰოლი მას ამხნევებდა და ეხმარებოდა. მიშელს ქათმის დაკვლაც კი არ შეუძლია, სამაგიეროდ სიამოვნებით დაახლიდა რომელიმე მაზალო ტიპს ტყვიას. რომანის ბოლოსკენ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იგი საერთოდ ყველანაირ სურვილს კარგავს, გული ერევა ინტელექტუალურ საუბრებზე, უქრება სამყაროს ახსნისა თუ შეცნობის სურვილი, გაურბის ადამიანებს.
    ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ერთი შეხედვით ფრანგული ეკზისტენციალური თაიგულია, თუმცა რომანის გაცნობის შემდეგ სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩება მკითხველს. ესაა სიამოვნების, სიცოცხლის მაძიებელი კაცის ისტორია, რომელიც თავით ეშვება ვნებებში, ოღონდაც მიაკვლიოს იმ ნამდვილს, რასაც მხოლოდ სექსით თუ შეიგრძნობს დასავლელი ადამიანი. ეს წიგნი ერთი მხრივ ანტიდასავლურიცაა და ანტიისლამურიც. ამგვარი სიმწვავის გამო მწერალს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
    უელბეკი ნარცისიზმით შეპყრობილ ევროპელებს (ან ზოგადად, დასავლელებს) გულისხმობს, რომლებიც წარმატების კულტის მსახურებაში არიან დანთქმულნი და საკუთარი ერთად-ერთობითა და განუმეორელობით გატაცებულები ერთმანეთთან დაწოლასაც ვეღარ ახერხებენ, სექსი კვდება, ვნება ქრება ადამიანებს შორის. სხვისთვის სიამოვნების მინიჭება, სიამოვნების უანგაროდ გაღება, საკუთარი სხეულის დათმობა ევროპელებს აღარ შეუძლიათ და რომანის ბოლოს დასკვნასავით ჟღერს: “ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. საიმედოს ვერაფერს ვიტყვი. დასავლეთის მიმართ სიძულვილს არ განვიცდი, უბრალოდ, უზარმაზარ ზიზღს ვგრძნობ. ერთი კი ვიცი: ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ”.
    მთავარი გმირი გაკვირვებულია, “ნეტა ვის მოუვიდა თავში, რომ საფრანგეთი გარყვნილებისა და თავისუფალი სიყვარულის ქვეყნად გამოეცხადებინათო”, მისი აზრით, ამ ქვეყანაში ყოველთვის საშინელი მოწყენილობა და ბიუროკრატიზმი მეფობდა.
    “პლატფორმა” ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა, ამბავი მოპოვებული და დაკარგული სამოთხის შესახებ, ნამდვილ სიყვარულზე, რომელსაც ტერორისტული აქტი ასრულებს. მანამდე კი შეყვარებული წყვილი სექს-ტურიზმის აყვავებაზე ოცნებობს, ცდილობენ დასავლეთს ის შესთავაზონ, რაც მან დაკარგა. როგორც ერთი რეცენზენტი წერდა: “მდიდარ დასავლეთს დიდი ფული აქვს, სამაგიეროდ ღარიბ სამხრეთს და აღმოსავლეთს არა აქვს “გაუცხოების” კატეგორია, ფსიქოანალიზი და ფემინიზმი”.
    უელბეკის ნაწერები უცნაური იუმორით ხასიათდება. მაგალითად, რომანში ერთი ეპიზოდია, როდესაც სექს-ტურისტული გეგმების განხილვისას სლოგანის მოფიქრებას ცდილობენ და უეცრად მთხრობელს ბოდლერის სტრიქონები ახსენდება: “ნელსურნელებით აქოთებული შიშველ-ტიტველი მონების გუნდი…”. ცხადია სლოგანს არ დაამტკიცებენ პოლიტკორექტულობის გამო.
    ირმა ტაველიძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ “პლატფორმაში” დაკვირვებული მკითხველი ადვილად გაარჩევს უელბეკი “როდის თამაშობს ან როდის არის ნაკლებად სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და განსაკუთრებით ამ რომანის, “პლატფორმის” პირველ ნაწილში ეს კარგად იგრძნობა. და თვითონაც ამბობს შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ როდესაც ჩემთან მოვიდნენ გერმანელი ჟურნალისტები და შეკითხვები დამისვეს, მივხვდი, რომ მე თურმე სერიოზულიც ვყოფილვარო. აქ ყველაფერი ბოლომდე სერიოზულიც არ არის, როცა იგი ამბობს, რომ ბავშვები სძულს, როცა ჩინელებზე ლაპარაკობს, ეს უფრო საზოგადოების აგდებისთვის ხდება და ვფიქრობ, რომ ეს გამართლებულია”.
    უელბეკის პროზის კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა პორნოგრაფიისა და სენტიმენტალიზმის შეზავება, რომელსაც ხშირად მეცნიერული კომენტარებიც ახლავს ხოლმე თან. კლასიკური დასავლურ რომანში ეს ნიშნები ყოველთვის იყო, თუმცა უელბეკთან ამ შეხამებებმა ზღვარს მიაღწია. თუკი “ელემენტარულ ნაწილაკებში” მწერალი ბიოლოგიას მიმართავდა, აქ იგი უფრო სოციალური მეცნიერებებით ერთობა და ერთ მონაკვეთში სულაც დეტალურად გვიხასიათებს სხვადასხვა მოდელს. იგი ყველა ფრუსტრაციას სოციოლოგიური მიზეზებით ხსნის და რომანის მთელი მეორე ნაწილი, არსებითად სექსუალური ცხოვრების ოპტიმიზაციის სამოქმედო პროგრამად იქცევა.
    ამის მიუხედავად, უელბეკის ნაწარმოები არაფერს აგებს მხატვრული თვალსაზრისით, პირიქით იგი თანამედროვე რომანის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო გზას გვაჩვენებს.

    © tavisupleba.org

  • კრიტიკა,  რეცენზია

    სიტყვის დეგუსტაცია

    ნონა კუპრეიშვილი
    სიტყვის დეგუსტაცია

    სოსო ტაბუცაძის ახალგამოცემულმა წიგნმა (ს. ტაბუცაძე “უბრალო დამატება”, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა თბ.: 2009) თავი იმდენად ადვილად წამაკითხა, რომ სერიოზულზე მსუბუქად სასაუბროდ განმაწყო. თუმცა ეს სიმსუბუქე მოჩვენებითი რომ იქნებოდა, იმთავითვე უნდა მეფიქრა, რადგან ჩვენს ავტორს კრიტიკოსის, მხატვრული ინტერპრეტატორის ფუნქცია (თვითონ იტყოდა, რეფლექსია) სიტყვასთან სრულიად განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან, სიტყვის ალღოიანობასთან აქვს შერწყმული. ეს კი მკითხველ-გამომხმარეურებლისგან, სულ ცოტა, გარკვეულ წინდახედულებას მოითხოვს.
    ასედაც გავიცანი ბატონი სოსო არც თუ ისე შორეულ ახალგაზრდობაში: მუდმივად და ენერგიულად (აჯობებდა – დაუცხრომლად) ლიტერატურაზე მოსაუბრედ, აზრთან კარგად მორგებული სიტყვის უმალ აღმომჩენად და შემფასებლად, საუბრის დროს კი იმავე სიტყვის დამგემოვნებლად, ღვინის გამოცდილი დეგუსტატორივით, ძუნწი მიმიკით რომ ანიშნებს კოლეგებს: სწორედ ის არის ეს დალოცვილი, ჩვენ რომ ვიცითო. ცხადია, აქედან ყველაფერი მხატვრულ პროზისკენ უნდა დაძრულიყო და ასეც მოხდა. თუმცა ეს ჩვენზე, მისდამი კეთილად განწყობილ ახლობლებზე, უფრო ადრე მისივე წერილის ერთ-ერთ გმირს, რაჭველ გლეხს, სერგო იობაშვილს, შეუმჩნევია, როდესაც მრავალძლის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში კალამმომარჯვებული და მხარზე ფოტოაპარატგადა­კიდებული ახალგაზრდისათვის უკითხავს: “რას შვრები ბიჭუნა, კიდე იწერ ამბებსო?”
    მაშ, იყო პროზაც, იყო “პენ-მარათონის” პრემიაც, მაგრამ ლიტერატურული ბაცილის გამავრცელებლად, გნებავთ, გადამტანად, დაბადებულ ადამიანს კიდევ ერთი ვნება აქვს: ქადაგება ესთეტიკური სახეებით, რაც ქართული და მსოფლიო მწერლობის საუკეთესო ნიმუშებზე ფიქრისაკენ მოწოდებას გულისხმობს. ლიტერატურა ხომ, როგორც თვითონ წერს ჩინელი ნობელიანტი მწერლის, გაო სინძიანისადმი მიძღვნილ წერილში, “ერთი ადამიანის ბიბლიაა”. ჰოდა, სადაც ბიბლიაა, იქ სჯულის მეცნიერებისა და ქადაგების გარეშე არაფერი გამოვა.
    რაში შეიძლება უპირველესად გამჟღავნდეს დღევანდელი საშუალო თაობის კრიტიკოსის პროფესიონალიზმის ხარისხი? ალბათ, იმაში, რომ ლიტერატურისადმი ყოვლისმომცველი მოწიწების ნაცვლად მისდამი ფხიზელ, შესაძლოა, ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს; ერთ კულტურულ არეალში მხატვრულ-ესთეტიკური ფორმების ამოწურვას საყოველთაო კრახად არ აღიქვამს; ახალი სააზროვნო სივრცის გარღვევის თუ ათვისების აუცილებლობისა სჯერა, რადგან იცის, რომ მხოლოდ ამგვარი პიროვნული პასუხისმგებლობით, საკუთარ თავთან ერთი-ერთზე დარჩენითაა შესაძლებელი შინაგანი თავისუფლების მიღწევა. გარდა ამისა, იმასაც ხვდება, რომ არჩევანი არა “დეპოში ჩარჩენილ მწერალთა კავშირსა” და “დეპოუნახავ ახალი თაობის ლიტერატორებს შორის” არსებობს (ეს საკმაოდ მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა), არამედ იდეოლოგიების სამსახურში მდგარ და ამგვარ სამსახურს განრიდებულ მხატვრულ აზროვნებას შორის; თვითონაც რწმუნდება და ჩვენც გვარწმუნებს, რომ “მეტაფიზიკური უღლის” მოშორება ნიცშეანური “ზეკაცის”, ბახტინის “კარნავალის” თუ ჰაიზინგასეული “თამაშის” თეორიების მორჩილებამ არ უნდა ჩაანაცვლოს. და ბოლოს, პრაქტიკულად გვიდასტურებს, და სააზროვნოდაც გვიტოვებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იქნებ სწორედ “თამაშსა” და “სერიოზულობას” შორის გადის ის ოქროს ზღვარი, რომელმაც უნდა შემოაბრუნოს მწერლობისა და, ჩვენს შემთხვევაში, კრიტიკისაგან განზე გამდგარი და ღრმად დაეჭვებული დღევანდელი მკითხველი. ასეა თუ ისე, სოსო ტაბუცაძე ამ პრობლემატიკით “დანაღმულ ველს” ჭოგრიტით (ჭოგრიტი კი, როგორც მოგეხსენებათ, “ოთარაანთ ქვრივის” არჩილისათვის სწავლა-განათლების სიმბოლოა) შეიარაღებული გასცქერის და როგორ იქნება, ყველაზე არსებითი თვალთახედვიდან გამოეპაროს.
    თავისი ღრმა და სერიოზული ფიქრი ქართული კრიტიკის შესახებ სოსო ტაბუცაძემ გურამ ბენაშვილისადმი მიძღვნილ ესსეში “კრიტიკა, როგორც მედიტაცია” (2003 წ.) გაამჟღავნა. იგი ფაქტიურად დაეთანხმა თავის თანამოკალმეებს (თეიმურაზ დოიაშვილს, ლევან ბრეგაძეს, მანანა კვაჭანტირაძეს), როდესაც განაცხადა: არავითარი ცენზორი, არავითარი შინამოსამსახურე, მით უფრო, “ზედნაშენი პროზისა და პოეზიისა”, როგორც ეს კარგა ხანს გვეგონა – კრიტიკა ლიტერატურული დისკურსის გამოვლენაა, ხოლო გურამ ასათიანის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, სულაც თანაშემოქმედებაა; “იგი ლიტერატურის ანარეკლი არის და არც არის”. მართალია, ეს უკანასკნელი აზრი ტაბუცაძისეული “ხელიდან გასხლტომის” ჩვეული ხერხითაა მოწოდებული, სურათი მაინც ნათელია. ჩვენი ავტორი ბატონი გურამისთვის პულსაციური ცნებების “მედიტაციისა” და “არაბესკების” მნიშვნელობათა მოჩხრეკით (სიტყვის ტრფიალს თვალი მუდმივად ათასგვარი ლექსიკონებისაკენ გაურბის) აზრის ლოგიკური მდინარეების სათავეში ექცევა და იქ შემდგარი, გარკვევით გვიხსნის: ის, რასაც ეს კონკრეტული კრიტიკოსი აკეთებს, კრიტიკული პროზაა. მასში “წვნადი მოძრავი მეტაფორები” წაკითხული და სათანადოდ აღქმული სხვისი ტექსტის გამო საკუთარი სიტყვისქმნადობის პროცესშია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხატვრული ტექსტის “მეტაფიზიკური სივრცე” არა “სპეკულაციური აზროვნების ხარჯზეა” გაფართოებული, არამედ “იმ ენერგეტიკული ველის აქცენტირებით, რომელსაც თავად ტექსტი ქმნის”… ამ წერილმა მაშინ ყველაზე მკაცრი და შეუვალი ლიტერატორების მოწონება დაიმსახურა.
    პრინციპით: რაც გააზრებულია – ის დაძლეულია, წიგნში საკმაოდ ვრცელი კულტურული დიაპაზონია წარმოდგენილი. მაგრამ, მადლობა ღმერთს, იგი არ ეკუთვნის ინტელექტუალის იმ ტიპს, რომელიც “ოცნებობს, განგსტერი იყოს და ძალადობის გზით იბატონოს ადამიანებზე” (ასეთებიც მრავლად გვინახავს). ჩემი აზრით, ერთი შეხედვით ამ საკმაოდ ჭრელ, მრავალფეროვან მასალას, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებათა გამოა შექმნილი, შემდგომ კონცეპტუალურად თავმოყრილი და ფაქიზი სკურპულოზურობით თავებადაც დანაწილებული, ერთი ნიშანდობლივი რამ აერთიანებს: იწერება კრიტიკული ანალიზი-ხედვა გიორგი ლეონიძის განსაცვიფრებელი “მეცამეტე საუკუნის” თუ პატრიკ ზიუსკინდის ცნობილი “კონტრაბასის” ან ზაზა ბურჭულაძის ურთიერთგამომრიცხავი გრძნობების აღმძვრელი, მკითხველთა დიდი ნაწილის მიერ კი დესტრუქციულად მიჩნეული “წერილი დედას” შესახებ, იმდენად მნიშვნელოვანი არც არის, რადგან უპასუხისმგებლო დითირამბებს ვერსად წააწყდებით, “ძველიც” და “ახალიც” ახლებურად იკითხება ანუ წიგნის ავტორი ინტერპრეტაციის იმდენად განსხვავებულ შესაძლებლობებს წარმოგვიდგენს, რომ, სულო ცოდვილო, ლამისაა ზოგან ამ ინტერპრეტაციის ფორმით უფრო მოიხიბლო, ვიდრე თავად ტექსტით. ასეთ მიდგომას, ვფიქრობ, გარკვეული სითამამე სჭირდება, რომელიც სტეროტიპებისა და კლიშეების მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობს და ლიტერატურული ნორმებისა და ფასეულობებისადმი ორიენტირების გაფართოებას ემხრობა. სოსო ტაბუცაძის ლიტერატურულ არეალში მოძრაობის სწორედ ასეთი პრინციპია რეალიზებული.
    დღევანდელ ვითარებაში გასაგებ მიზეზთა გამო განსაკუთრებით სასურველია არსებობდეს დიდი ტოლერანტობა წერის სხვადასხვა ტიპებისა და მოდელებისადმი (მაგ., ასე იქცევა თეიმურაზ დოიაშვილი, რომელმაც სწორედ ეს მიდგომა გაამჟღავნა თავისი “გალაკტიონოლოგიის” შედგენისას, ან როსტომ ჩხეიძე და მალხაზ ხარბედია. ისინიც ამ მეთოდით ცდილობენ კულტურულ-ლიტერატურული პროცესის აღდგენასა და გამთლიანებას). ვიცი, რომ სოსო ტაბუცაძე ამ მოსაზრებას ზოგადად იზიარებს, თუმცა თვითონ ახალი სტილისტიკისაკენ, ფორმის თვალსაზრისით კი მოკლე და ტევადი ტექსტის დინამიკისკენ იხრება. გაზეთ “კალმასობაში” დაწყებული “სვეტებით”, რაც მოგვიანებით “24 საათის” ლიტერატურულ დამატებაში მცირე ფორმის რეცენზიებით გაგრძელდა, ერთი მხრივ, ევროპაში დიდი ხნის წინ აპრობირებული რეცენზირების პრაქტიკას ამკვიდრებს, მეორე მხრივ კი, მეთოდოლოგიურ-თეორიული წაფენით “60-იანელთა უხვსიტყვაობას” (გერმანელი სლავისტის ბირგიტ მენცელის დეფინიციაა) უპირისპირდება. წარმოგვიდგენს რა არაერთ ნიმუშს სხარტი, საქმიანი და ზუსტი წერისა, ჩვენი ავტორი, უნებლიეთ ინტელექტუალური სივრცის “თავისუფალი” ნიშის სოციალიზაციის პროცესსაც უერთდება. “ემოციური გასიტყვება ვანო ამირხანაშვილის წიგნად აკინძულ მხატვრულ-დოკუმენტურ ჩანაწერებთან “თეთრი ჯვრის ხეობა”,” რომელიც 2002 წელს გაზეთ “კალმასობაში” დაიბეჭდა, თვალნათელი ნიმუშია იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება კრიტიკის ამ ჟანრში.
    რუბრიკით “სუეტნი საგაზეთონი”, წიგნში მოცემულია “ქართული სოციალური კლიმატის კონცეპტუალიზაციის ირონიული” და არც მთლად ირონიული ცდები. პირველ რიგში, ესაა ტონუსისმომცემი “ქრთამწაღებულნი” (2002 წ.), გარდა ამისა, მწარედ დამაფიქრებელი “ინტელიგენტ-ინტელექტუალთა ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” (2003 წ.), და ბოლოს, ჩემივე სოხუმური წარმომავლობის გამო პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი “იდეოლოგიური კატაკომბების აჩრდილები” (2005 წ.), რომელიც პირველად ზურაბ კიკნაძის სარედაქციო კრებულში “საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” დაიბეჭდა. ამ მასალაში სოსო ტაბუცაძე არა მარტო როგორც ლიტერატორი, არამედ ჩვენი მრავალწახნაგოვანი სოციუმის წევრი, ჩვენივე თვითცნობიერების გამოახალგაზრდავების, გათანადროულების ტენდენციის ქომაგად გვევლინება: “…რაღაცა კი ნამდვილად გავიდა, მაგრამ ქართული თვითცნობიერება ისევ ძველ რეჟიმში მუშაობს და კვლავაც მითოლოგიზებით და მითოსის წარმოქმნით არის დაკავებული”. ორიგინალური აზრი ნამდვილად არ არის. იგი ჩვენს “პოტომაკდალეულებს” (ვაშინგტონში ჩამომავალი მდინარეაო – გვიხსნიან) ეკუთვნის. ყველა მათგანი მეტ-ნაკლები ინტენსივობით იღვწის მის პრაქტიკაში განსახორციელებლად, რაც მავანთა გაღიზიანებასაც იწვევს, მაგრამ ასე თუ ვიმსჯელებთ, არც “თერგდალებულების” მოსწონდა რაიმე ჩვენს ბრწყინვალე თავადაზნაურობას, რომელიც თვალსა და ხელს შუა, მიუხედავად საბჭოურ-რუსული ჩანაცვლების ოპერაციებისა, “ჩვენს ძველ და მუდამ ჩვენთანა მყოფელ ინტელიგენციად” იქცა. სწორედ სიტყვის ასეთ ხვეულებში იმალება არც თუ უსაფუძვლო სევდა. ძნელია არ დაეთანხმო წერილის ავტორს. ქართული საზოგადოების “ნარცისისტული ინდივიდუალიზმისა” და “რეპრესიული კოლექტივიზმის” გამოვლინების არსებობაში, რასაც მრავალმხრივ გახლეჩილი (თუ “გაჩეჩილი”) საქართველოს ურთიერთსაპირისპირო მხარეს მდგარი სუბიექტები ავლენენ. ერთი რამ ცხადია: “თუ რამე გადმოჰყვათ ახალ ინტელექტუალებს ძველი ინტელიგენციისაგან, ესაა სამოქალაო სიზარმაცე და “შინაგანი ემიგრაციით” ნეტარება”… დამეთანხმებით, ალბათ, ცოცხალი აზრია, რომელსაც, მჯერა, თანდათან ქვის ლოდს დამიზნებული წყლის წვეთის ძალა მიეცემა.
    ამავე წერილში ერთ ძალზე საგულისხმო და ნაადრევად მოძველებული სქემაა წარმოდგენილი, გია ნოდიას თავის წერილში – “ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები საქართველოში: პარადიგმის ცვლა?” – რომ წარმოუდგენია. მასში, “ძველი ინტელიგენციის ტიპურ ინსტიტუტებთან, ტრადიციულ აკადემიურ დაწესებულებებთან, შემოქმედებით კავშირებთან, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ ჟურნალ-გაზეთებთან, დოტაციურ ხელფასებთან და რუსულ ენასთან” მიჯაჭვულობაა ასახული; მაშინ, როდესაც იქვე “ახლები” თურმე არასამთავრობო ორგანიზაციებსა, ახალ საბაზო პრინციპებზე დამყარებულ მედიასთან და ინგლისურ ენასთან” არიან ასოცირებულნი. იმას, რომ ვერანაირი სქემა ვერ იქნება უნივერსალური, მით უფრო, როდესაც საქმე საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს ეხება, თავად სოსო ტაბუცაძის, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, წიგნების ტრადიციულ კითხვასა და კომპიუტერომანიას, რუსულსა და ინგლისურს შორის გაბმული ლიტერატორის პირადი მაგალითიც ადასტურებს.
    “ლიტერატურულ სექტას”, რომლის წევრებიც ლიტერატურის წვდომას, მხატვრული ტექსტის “კოდირება-დეკოდირებას”, მასზე რეფლექსირებას, “წიგნებიდან წიგნის კეთების” ტკბილ-მწარე გამოცდილებათა შეძენას პრაქტიკულად მთელ თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან, ვფიქრობ, სჭირდებოდათ, “უბრალო დამატებით”, როგორც კონტრაბანდული საქონლით, შემოპარებული მაჟორული განწყობილება. ამ წიგნმა ეს უდავოდ შეძლო. თუმცა, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკაში ვაპირებდი მის შეტანას და საამისოდ სათანადო ფურცლის გამოწერა მჭირდებოდა, კარისკაცმა სოსო ტაბუცაძის ოპუსების კრებული რატომღაც საგულდაგულოდ შეათვალიერა. დაინახა თუ არა ცარიელი მაგიდა (გარეკანი გურამ წიბახაშვილის მიერაა გაფორმებული), განსაკუთრებით კი უცნობი კაცის დაძაბულად მომზირალი თვალი, იკითხა: “რისი უბრალო დამატებაა ეს?” ვერაფერს იტყვი, უტყუარი ალღოთი იგრძნო, რომ საქმე საეჭვო კაცის მიერ დაწერილ საეჭვო წიგნთან ჰქონდა.

    2009 წ. ქობულეთი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    მარიამ წიკლაური – ლექსები

    ოქროს თევზი

    ეი, მეთევზევ, სცადე ერთხელაც,
    იქნებ, დღეს მაინც ამოვყვე ბადეს.
    რა იცი, ეგებ ოქროს თევზი ვარ,
    გცდის იღბალი და ფეხდაფეხ დაგდევს.
    მიდი, უფრო შორს ისროლე ბადე,
    ნაპირთან ახლოს არ მიყვარს ცურვა.
    ნატვრის წამია! ახლა დამიჭერ!
    მელი და გულში კიდევაც გძულვარ.
    იცი, რად მიღირს, მეფურ სურვილებს,
    ჩემი ძალა და ნება ვაკმარო?
    ეი, მეთევზევ, ერთხელაც სცადე,
    ფეხქვეშ გაგიგო ეგებ სამყარო.
    მაგრამ გაშინებს სიღრმე და ვიცი,
    ლუკმა იშოვო – ბევრია ეგეც!
    გაუტეხელი ფიცივითა ვართ –
    ერთმანეთს დღემდე ვერაფრით ვერგეთ.
    წყევლაა – მსურდეს, ეგ სიღატაკე
    გიქციო ხელში ჯადოსნურ კვერთხად,
    შენ კი კოჭამდე წყალში იდგე და
    ერთი სამეფო სურვილიც ვერ თქვა.
    მე სასახლეებს ოქროთი ვავსებ,
    ვახშმად რომ გექცე, სადა მცალია?!
    შედი, მეთევზევ, შედი თამამად,
    სადაც უფსკერო ლურჯი წყალია.
    ისროლე ბადე! ღმერთს ასე უნდა,
    ნატვრა გასწავლო, სანამ ვარ ახლოს.
    ოქროს თევზი ვარ! ოქროს თევზი ვარ,
    არ შეცდე, ხელი არაფრით მახლო!
    ბადეს თავადვე ავცდები დღესაც,
    ყველას ვუსხლტები ხელიდან მარჯვედ,
    რადგან ღვთის თვალი ზღვის სიღრმეშიაც
    ასი ათასი თევზიდან მარჩევს.
    ან იქნებ მე ვარ… მე – მებადური,
    შენს მოხელთებას თავად ვაპირებ
    და ჩემთვის შენ ხარ ის ოქროს თევზი,
    ბადით ხელში რომ ველი ნაპირზე?

    დედები ადრე დგებიან დილით

    დედები ადრე დგებიან დილით.
    ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს,
    რომ გაამართლონ უსიზმრო ძილი,
    დაღლილ თვალებს რომ ვერაფრით აგნებს.
    დედები ადრე დგებიან დილით,
    აღებენ ცას და ორპირში დგანან,
    ანიავებენ დასაფქვავ ტკივილს
    და მოჩვენებებს მიჰგვანან თავად.
    დედებმა ზუსტად იციან ისიც,
    რომ მარტოობა დააქვთ მუცლებით,
    და არ აჩენენ ქმარ-შვილის შიშით
    და სიკვდილამდე უხმოდ უძლებენ.
    თეთრი იის რძე დასდით კერტიდან,
    საბრალო დედებს ცრემლებიც რძის სდით,
    ცეცხლი გადმოდის მათი მკერდიდან
    ტკივილებისგან გულები მისდით.
    დედებს ყველაზე მეტად სწამთ ღმერთის,
    ყველაზე მეტი ცოდვების გამოც.
    ფსალმუნებივით კითხულობს ქმარი
    იმათი თბილი სხეულის კანონს.
    არც ასაკი აქვთ წლებით მოფენილთ,
    შემოიხვევენ გრიგალს ლოდივით,
    ზედ დაიდგამენ სახლის ობელისკს,
    უღალატობით შუბლს იბლონდავენ.
    დედის ფიქრების გაფოთლავს სურო
    სამყაროს, მაგრამ არ იცის არვინ,
    რატომ დგებიან დედები ადრე
    და ლექსებს წერენ ჩუმად და მალვით.
    დედები ადრე დგებიან დილით.
    სიყვარულის და ომის ბატონებს
    არ უყვართ ხოლმე დედების ძილი,
    როგორც სიმშვიდე – ვნების ფანტომებს.
    ბედნიერების ალღო აქვთ მაინც,
    ძელქვებად დგანან სამყაროს ბაღში
    და სიკვდილამდე ელიან რაინდს,
    ვისგანაც სურთ, რომ გაუჩნდეთ ბავშვი.
    და იქცნენ დედად, ბოლოსდაბოლოს,
    და დაილიოს მდინარეც ზღვასთან.
    რად ეჩვენებათ დედებს, რომ მათი
    ბედნიერება დარჩა სულ სხვასთან?
    ნაბიჯს თამამად ადგამენ მაინც,
    ზოგი ზეცაში ფრენასაც ბედავს.
    კაცს ეგონება, ღმერთს უთანხმებენ
    ცხად-სიზმრის ყველა წვრილმანს და დეტალს.
    დედები ადრე დგებიან დილით,
    ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს.
    დედობისათვის არც ახსოვთ, თითქოს,
    თავისი თავი რა უცებ დათმეს.
    აფათურებენ დაძარღვულ ხელებს,
    რომ მიაკვლიონ გულს თავის თავში.
    საკუთარ თვალთა ნათელზე წერენ
    ბნელშიც, გრიგალშიც, ომებშიც, დარშიც..

    მე კი ვეკიდე ჩემსავე სულზე

    გაწვიმდა…
    ბოლოს იჭექა კიდეც.
    ელვამ სინათლით ამივსო თვალი.
    ჩემსავით შეცდა ეს შემოდგომა
    და გაზაფხული ეგონა თავი…
    წვიმდა და წვიმის ნაცნობი სუნი
    ავსებდა ფიქრებს,
    ოთახებს,
    ქუჩებს
    გრგვინვით გალობდა თითქოსო გუნდი,
    მე კი საბრალოდ ვაღებდი ტუჩებს
    და ხმა, რომლითაც შენთვის მინდოდა,
    მეთქვა, რაც მითხრა შენს გამო გულმა,
    ყელიდან არც კი ამომდიოდა,
    რადგან ჩემამდეც ათასჯერ თქმულა…
    წვიმდა ტირილით.
    და შემოდგომას
    თავი ეგონა ზაფხულზე მძლავრი.
    მე კი ვეკიდე ჩემსავე სულზე,
    როგორც ქავისკარს – მოჭრილი მკლავი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  ხსოვნა

    თეა თოფურია – ორი ჭილაძე

    ოთარ ჭილაძეს პირადად არ ვიცნობდი, სხვა თაობა იყო. ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლეოდა, ბოლო დროს – თითქმის აღარ, შესაბამისად, მისი ხასიათი არ ვიცი, მაგრამ როდესაც მის წიგნებს ვკითხულობდი, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი პესიმისტია ან პირიქით, ძალიან მამაცი, რადგან შეუძლია რეალობას პირდაპირ შეხედოს, დეტალურად აღწეროს, შეულამაზებლად წინ დაგიდოს და ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ გააგრძელოს ცხოვრება, რადგან ცხოვრება ასეთია, ცუდიც და გაგრძელებადიც. მე ყველაფერს ვერც ვკითხულობდი, გამბედაობა არ მყოფნიდა.
    ყველა მწერალს გარკვეული ხასიათის პერსონაჟები ჰყავს, ჭილაძის თემა ბედისგან დაჩაგრული და რაღაცნირად საცოდავი ადამიანები იყვნენ. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ოთარ ჭილაძე ძალიან გავს რეზო ინანიშვილს, არა თავისი წერის მანერით, არამედ, განწყობით, ორივეს უყვარდა და ეცოდებოდა ადამიანები და მუდმივად ამაზე წერდნენ, ადამიანური ცხოვრების უსაშველო სევდაზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭილაძის ყველა წიგნი ამ უსაშველობიდან გამოსავალის ძიება იყო – რომელსაც ვერ პოულობდა და მის ძებნაში წიგნს წიგნზე წერდა. ოთარ ჭილაძე ბოლომდე ასეთი დარჩა, მოუშორებელი სევდით.
    თუმცა არსებობდა კიდევ ერთი ჭილაძე, პოეტი და არა პროზაიკოსი. მის პოეზიაში არასოდეს არ იყო სიმძიმე. სწორედ პოეზიაში დარჩა ის მუხტი, რომელიც მის პროზას არა აქვს, თითქოსდა სხვა ადამიანმა დაწერაო. ჭილაძის ლექსები იმდენად მართალი და მარტივად გადმოცემულია, რომ ყველა თაობისთვის მისაღები ხდება. იმ სიტყვებს, იმ ფრაზებს, რომელიც ამ ლექსებში ყველა თაობის ადამიანები ამბობენ.
    და ის რეალობაც, რომელიც ჭილაძის პროზაშია, ისევ ყველა დროის რეალობაა, რადგან ჭილაძე წერდა ადამიანის ისეთ მთავარ თვისებებზე, რომელიც ყველა თაობას ახასიათებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – მურთაზა და ჩემი დაკარგული ვაჟიშვილობა

    – შენი დედის დუმები… – დაიღრიალა “კაპოტში” წელამდე ჩამძვრალმა მურთაზამ. არადა გიორგი ქვია ამ ჩემისას და მურთაზას რატომ ეძახიან არ ვიცი. ყოველთვის ტაოტით არის მოთხვრილი, წელზევით 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე შიშველია, ოღონდ ამას რომ მიხვდე, რამდენჯერმე უნდა ნახო. ისეთი დაბანჯგვლულია გეგონება ჯემპრი აცვიაო. ერთხელ თუ შეცდი და მურთაზასთან მოიყვანე მანქანა გასაკეთებლად, მერე სხვასთან ვეღარ წახვალ. ესეა რა. მართლა ესეა. წახვალ სხვაგან და “რული” მაინც მაგის “პროფილაქტიკისკენ” გაგექცევა. ესეა და მომკალი თუ გინდა. თავი ამოწია და მეუბნება:
    – როგორ “საპოჟნიკივით” ვიგინები არა?
    პასუხად მხოლოდ გავიცინე. აბა რა უნდა მეთქვა. ბავშვობაში მიმქონდა ხოლმე ფეხსაცმელები გასაკეთებლად (“გაჭირვების წლებში”). ჰოდა ის კაცი კიდევ მუნჯი იყო და არც იგინებოდა, არც ლაპარაკობდა, მარტო იღიმებოდა და საქმეს რომ მორჩებოდა, თითებით მარტო თანხას მაჩვენებდა. ერთი ხის “ბუტკა” ჰქონდა და იქ იჯდა სულ, ყოველ დღე დილის 9-დან საღამოს 6-მდე შაბათ კვირის გარდა. კედელზე მარტო სტალინის სურათი, 1950-ში გაცემული სერტიფიკატი თუ ლიცენზია და საბრინას დიდი პლაკატი ეკიდა. ეგ იყო და ეგ. 14-ის რომ გავხდი მაშინ მოკვდა და იმის მერე აღარც “საპოჟნიკი” მინახავს და ფეხსაცმლის ლანჩიც პირს აუშვებს თუ არა ზურიკოსთან მივარბენინებ.
    ზურიკო კიდე პატარა ინვალიდი ბიჭია. დამინახავს თუ არა, რაც არ უნდა შორს იყოს, დამეწევა და მეტყვის: “გამარჯობა ვახო”. ჰოდა სანამ გამარჯობასვე არ დაუბრუნებ, ჩაიხვევს და აღარ მოგშორდება. საწყალს, ეტყობა ჰგონია, რომ ვერ გესმის, არც მოგეშვება სანამ არ უპასუხებ, “გამარჯობა ზურიკო”. მერე გაწითლდება და აუცილებლად გთხოვს ძველ ფეხსაცმელს, ჰოდა თუ ძალიან შია, კიდევ უფრო გაწითლდება და ხურდასაც გთხოვს. მოკლედ, ჩემი შელახული და ხანდახან უბრალოდ მობეზრებული ფეხსაცმელების უმრავლესობას მერე ზურიკო უთავებს ხელს.
    – აჰა, ვსო, ამის მერე შენი ფეხი აღარ ვნახო აქ! – მითხრა მურთაზამ და ტრადიციისამებრ ტილოთი შეიწმინდა ხელები. თან კმაყოფილი სახით დაეპატრონა ჩემს უკანასკნელ 50 ლარიანს და მორიგ მანქანაში ჩაძვრა თავფეხიანად. მურთაზა იმ ქალის საყვარელია, 15 წლის ასაკში რომ “გამრყვნა”. ეხლაც არ მესმის ამასთან როგორ წვება, მაგრამ ის მიმტკიცებდა, ჩემთან რომ მოდის, არც ტაოტიანია და არც ბენზინის სუნად ყარსო. მომკალი და არ მჯერა, მაგრამ გინდაც დავიჯერო, ბანჯგვლებს რაღას უზამ? მაინც არ მესმის ქალების და რა ვქნა. ჰოდა მურთაზა ყოველთვის იმას ყვება ყველა კლიენტთან ვინ, სად და როგორ გაჟიმა. თან ისე ხატოვნად ყვება, წერა რომ იცოდეს, ალბათ პორნოლიტერატურის მეფედ აღიარებდნენ. არადა მე ზუსტად ვიცი, რომ მურთაზას ძალიან პატარა პენისი აქვს და მარტო ორ ქალთან წევს – ცოლთან და საყვარელთან. ეს ორიც ძალიან ძვირი უჯდება, პრაქტიკულად მთელი ქალაქის მანქანების შეკეთება. ზატო ფანტაზია აქვს, შეგშურდება. კაცების უმრავლესობა ესეა, რაც უფრო პატარა აბია და რაც უფრო ცოტასთან წევს, მით უფრო მეტი აქვს “მოსაყოლი”. საქართველოა რა. სად გაექცევი. ისე მგონია ხოლმე ქართველებმა “კარგი სუფრა” და “სტუმარ-მასპინძლობა” მარტო იმიტომ ვიცით, რომ ღვინოში ჩაძირულებმა საკუთარი ნაკლოვანებები დავივიწყოთ და რამდენიმე საათით მაინც დავიჯეროთ, რომ მართლა ყველაზე მაგრები ვართ.

    ჰო, ნუ რაც არ უნდა იყოს, მე ალბათ ვერასოდეს მივხვდები იმ დღეს რატომ გადავუხვიე იმ ქუჩაზე, სადაც 9 წლის წინ, 15 წლის ასაკში, წვიმიან და ქარიან ღამეს, 40 წლის კარგად შენახულმა ქალმა ვაჟიშვილობა წამართვა. მგონი უბრალოდ “რული” გამექცა. რა მინდოდა მურთაზას საყვარელთან? ან რა საქმე მქონდა? აბა მე რა ვიცი.
    მაშინდელივით დავრეკე ზარი და მაშინდელივითი სააბაზანო ხალათში ჩაცმულმა ქალმა გამიღო კარი. განსხვავება ის იყო, რომ ის უკვე 49-ის იყო, მე კი – 24-ის. კიდევ ის, რომ მას საერთოდ აღარ სურდა ჟიმაობა, მე კი არც მაშინ მივსულვარ მაგ მიზნით და არც ახლა. მოკლედ გააღო და მკითხა:
    – რისთვის მოხვედი?
    – შემომიშვებ?
    საპასუხოდ ხალათი გაიხსნა. მაშინაც ესე ქნა, ოღონდ მაშინ მე დაბნეული ვიდექი და არ მითხოვია შემომიშვი-მეთქი, თვითონ დამითრია. შევედი.
    – შეიკარი რა.
    – რატომ აღარ მოგწონს ჩემი ტანი? ძუძუები მომეფლაშა ხო?
    – შეიკარი! – ახლა უკვე მკაცრად ვუთხარი. შეიკრა. რო ეკითხა რა გინდაო, არ ვიცი რას ვუპასუხებდი. არც ის ვიცოდი საერთოდ რატომ მივედი.
    – ყავას დალევ?
    – კი – მოკლედ ვუპასუხე. დაადგა ჩაიდანი. მე არ გავყევი სამზარეულოში.
    – ნინ, მურთაზი მოვა? – ზუსტად ისე გავძახე როგორც ცხრა წლის წინ, როცა შემიყვარდა და როცა მეგონა, რომ შეიძლებოდა ერთად გვეცხოვრა.
    – არა, აღარასოდეს აღარ მოვა.
    გავშრი. ეხლა მივხვდი რატომაც იყო ასე.
    – ნინ!
    – ჰო!
    – კარგი არაფერი.
    – გინდა? – ისევ გაიხსნა ხალათი.
    – არა ნინ, აღარ მინდა.
    – მაშინ გინდოდა – მითხრა და ცრემლები წასკდა.
    – ნინ, ეგ 9 წლის წინ იყო – იდიოტობა ვთქვი, მაშინვე მივხვდი. აღარაფერი უთქვამს. სამზარეულოში ჩაიდანი კიოდა. მე სკამზე ვიჯექი ძველ, გახუნებულ, მრგვალ მაგიდასთან, ის კიდევ იატაკზე ჩახვეტილიყო, სახე ხელებში ჩაემალა და უხმოდ ტიროდა. მე კიდევ მინდოდა მეთქვა რაღაც. მაგრამ არ შემეძლო. გარეთ გამოვვარდი, მანქანაში ჩავჯექი და უმისამართოდ წავედი. ალბათ “რული” მურთაზას “პროფილაქტიკისკენ” გამექცეოდა და ალბათ მაგიტოც ჩავჯექი მანქანაში, მაგრამ არ გამოვიდა. ისევ გაფუჭდა.
    არადა მისთვის მინდოდა მეთქვა: “ნინ, შენ არ იყავი ბოზი, არც ეხლა ხარ და არც არასოდეს ყოფილხარ. შენ უბრალოდ მართლა გიყვარდა ყველა ვისთანაც იყავი. შენ მეც გიყვარდი და მურთაზას მარტო იმიტომ უწვებოდი, რომ ჩემთვის მერე რაღაცეები გეყიდა, კიდევ იმიტომ, რომ სკოლას რო ვაცდენდი, შენთან მოვსულიყავი და შენ სითბო, საჭმელი და დასალევი დაგეხვედრებინა. კიდევ იმიტომ, რომ ყოველ დილა ჩემთვის სიგარეტის ფული მოგეცა, რომ სხვებივით ბუჩქის ძირას ჭაჭის არაყი კი არა “ნემიროვი” დამელია, თანაც შენტან სახლში. კიდევ იმიტომ, რომ დაბადების დღეზე სხვებივით მეგობრებისთვის ჭიქები კი არა, ის მიმეტანა, რაც მართლა გულით უნდოდათ. ჰო ნინ, ესე იყო, ვიცი. მაგრამ მაინც ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჰოდა ნინ, დღეს მურთაზა ჩემს მანქანას რომ აკეთებდა, მიყვებოდა როგორ გჟიმავდა, მიყვებოდა ნინ და ის არ იცოდა, რომ მის პატარა პენისზე ჩვენ 9 წლის წინ ვღადაობდით. ჰოდა ნინ, მე მინდოდა რო მურთაზა მომეკლა. ნინ, შენ ბოზი არ ხარ, არც ყოფილხარ არასოდეს. უბრალოდ ეს ბოზები შენ გეძახდნენ მეძავს. ვინ უფრო დიდი ბოზია ნინ, მურთაზა თუ შენ? იმას ცოლი ყავდა და შენთან დადიოდა, შენ კიდევ არავინ არ გყავდა, სულ არავინ და მარტო იმიტომ ხარ ბოზი, რომ სხვებივით გშიოდა და გციოდა? ნინ, არ იყო რა ცუდად. მე მართლა მიყვარდი, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელი იყო…”
    მერე მე მურთაზასთან მაინც გამექცა “რული”. ხელიც გამექცა და ორი კვირა იწვა რეანიმაციაში, თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, თუ როგორცაა. მერე ყველას ეგონა რო იმიტომ ვცემე, რო მანქანა არ გამიკეთა კარგად. თვითონაც ესე ეგონა. მერე მკითხა კიდეც სასამართლოში: “კარგი ჰო, მანქანა სპეციალურად გაგიკეთე ცუდად, რო მალე გაფუჭებულიყო და ისევ ჩემთან მოსულიყავი, მაგრამ მაგის გამო მოსაკლავად გამიმეტეო?” რა უნდა მეთქვა, რას გაიგებდა, მურთაზა იყო რა, ბანჯგვლიანი, ტაოტიანი და ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ლოგინშიც ბენზინის სუნად ყარდა. ან რა მაგის ბრალია რო ესეთია. მაშინ, ნინს რო ვასაფლავებდი მარტოდმარტო, მაშინ მაინც რო მოსულიყო და ერთი ცრემლი გადმოეგდო, არაფერს ვეტყოდი, ზუსტად ვიცი, არაფერს. ისიც ვიცი რო უაზრობა იყო მაგის ცემაც, მურთაზაა რა, მაინც ვერ გაიგებს, მურთაზად მოკვდება!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – ეგზისტენციალური მეტამორფოზები

    სისულელეების ლაპარაკზე დროს არ ვხარჯავო, გავიცანი თუ არა მაშინვე ეს თქვა. ყოველშემთხვევაში იმ საღამოს მიწისქვეშა გადასასვლელიდან პირდაპირ მამაჩემის ორ სართულიან აპარტამენტებში რომ მივიჩქაროდით, მასთან ლაპარაკისას მხოლოდ ეს დამამახსოვრდა. მე მაკლერი ვიყავი იმ დროს, ეხლაც ჩვეულებრივი ტიპი ვარ, ალბათ შვილი თუ ოდესმე მეყოლება, სტანდარტულ ბიოგრაფიაში დაწერს – მამა: მოსამსახურე, და თუ დედა ეყოლება, ისიც სავარაუდოდ ასე ჩაიწერება – დედა: დიასახლისი. რაში მაინტერესებს ახლა ჩემი შვილის ბიოგრაფია, სულ ფეხებზე არ მკიდია? მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც დღემდე მიაჩნია რომ დავალებულია ჩემგან, რაკიღა თვითმკვლელობა გადავაფიქრებინე, მთხოვა ნათელი მომეფინა კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი უკანასკნელი ყველაზე უცნაური მოვლენისთვის, რომელმაც ათასობით ადამიანი დატოვა ზოგი ცხვირის, ზოგი თვალის, ზოგი ხელის, ზოგიც სასქესო ორგანოს გარეშე. ეს იყო ალბათ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი, უცნაური და ამოუხსნელი კატასტროფა, რომელიც დღემდე ვერ აუხსნიათ ფართო მასებისთვის, ის კი არა, ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც პიკეტირებენ უცხვიროდ, უხელოდ, უთვალოდ და ვინ მოთვლის კიდევ სხეულის რომელი ნაწილის გარეშე დარჩენილი ადამიანები. ეგ კი არა, რომელიღაც ქვეყანაში რევოლუციაც მოუწყეს მთავრობას გინდა თუ არა პლასტიკური ოპერაციის ფული დაგვირიგეთო. ბოდიშს გიხდით თუ ოდნავ არეულად ვლაპარაკობ, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ პირველად ხდება ნაწერში რაღაცის დალაგებით მოყოლა რომ გადავწყვიტე.
    მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ძალიან მთვრალი, დაღლილი და გასაცოდავებული, ერთ ჩემნაირს გადავაწყდი მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელმაც ჯვარედინი შარდვისას გამიმხილა სახლი არ მაქვსო. სად მქონდა ტვინი, ჰოდა წავიყვანე სახლში, ჩემთან. კიდევ კარგი მამაჩემს არასოდეს შეპარვია ჩემს ორიენტაციაში ეჭვი, ამიტომ არ გაჰკვირვებია, დილით ოთახში ნაბახუსევი, თმაგაბურძგნული და არც თუ ისე სასიამოვნო სუნის მქონე მამაკაცი რომ დაინახა. მოკლედ, მეორე დღესაც ჩემთან დავტოვე, ისე მქვიაო მითხრა, ზრდილობის გამო ვკითხე, თორემ რა ტრაკში შავ ქვად ვიჩრიდი მაგის სახელს. ჰოდა საღამოს კიდევ დასალევად რომ ჩავსხედით, ატყდა მე ღმერთი ვარო. ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. არადა არ უნდა ყოფილიყო ძალიან მთვრალი, მაგრამ რას გაიგებ, ზოგს ერთი ჭიქა ჰყოფნის, ზოგს ერთი ბოთლიც არა. ვიფიქრე სუსტი პარტნიორი შემხვდა-მეთქი, მაგრამ დაეჭვება რომ შემატყო, მითხრა: აი ნახე, მე იმდენად შემაწუხა თქვენმა წუწუნმა გადავწყვიტე დილიდან ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, სხეულის ნებისმიერი ნაწილი უმტკივნეულოდ და ძალიან მარტივად მოიხსნას და მის ნაცვლად სხვა დაიყენოს, ანდა სულაც ითხოვოს მეგობრისგან როგორც ტანსაცმელი. რატომღაც, ამდენი ხანია ადამიანებს თავი ჩემზე ჭკვიანი ჰგონიათ, ჰოდა აჰა, ვაძლევ იმას, რაც უნდათ, იქნებ მაშინ მაინც სცენ პატივი ჩემს გადაწყვეტილებებსო. მე არ შევიმჩნიე, ეხლა მთვრალი კაცი რას არ იტყვის, არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა უგონოდ რომ დავმთვრალვარ და მაგალითად, ბანკეტზე ისტორიის 84 წლის მასწავლებელს სიყვარულიც ავუხსენი, მკერდის ზომაც შევუქე და აბაზანაშიც ვუპირებდი წაყვანას, მაგრამ ვიღაც მადლიანმა კლასელმა, თავზე ბოთლი გადამამტვრია და გადავრჩით, მეც და ჩემი ისტორიის მასწავლებელიც. მოკლედ რაც არ უნდა უცნაურად მომჩვენებოდა ეს ამბავი, და რისთვისაც არ უნდა დამებრალებინა, ფაქტი იყო, რომ დილით ერთი ჩემი მეგობარი მომადგა და სიამაყით მიჩვენა თავისი ახალი ცხვირი.
    მართლა ვამბობ, არაფერი მიფიქრია, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემს უცნობ სტუმარს აღარასოდეს გაუმეორებია ღმერთი ვარო, სმაც აკრძალა და ვიყავით ასე, მარიხუანას ვაბოლებდით შიგადაშიგ. მოკლედ ვუსაქმურობდით. კუთვნილი შვებულების გამოყენების არც თუ ისე სახარბიელო ვარიანტი იყო, მაგრამ ასე მოხდა და სიმართლე ვთქვა მსიამოვნებდა კიდეც ჩემს ოთახში უცნობ კაცთან ერთად ჯდომა და შიგადაშიგ ცხვირ, თვალ, ხელ და ფეხ გამოცვლილი ხალხის ყურება. სამყარო შეიშალა, ერთ დილით ლანა ამომადგა, ნახე ჟანას ლურჯი თვალები ვეთხოვეო. ჩემმა მეორე მეგობარმა ვიღაცისგან პენისი ითხოვა. მოკლედ გადარეული დარბოდა ხალხი, მეც ვცადე ერთხელ, გამოვტყდები და ცხვირი მოვიხსენი, მაინტერესებდა რა შეგრძნება იყო, საერთოდ უმტკივნეულო იყო, დაახლოვებით ისეთი, დიდი ხნის ხმარების შემდეგ ბეჭედს რომ წაიძრობ ხელიდან. მოკლედ ფაქტი იყო და აღარაფერი ეშველებოდა, ყველაფრის მოხსნა და დაყენება შეგეძლო სხეულზე ისე, როგორც გინდოდა. სამი დღის შემდეგ ხმა გავარდა, მეორადი ორგანოების ბაზრობა გაიხსნაო. გაჭირვებულ ხალხს ეშველა, მიდიოდნენ და აბარებდნენ ცხვირს, თითს, თვალს, ყველაზე ძვირად მამაკაცის დიდი სასქესო ორგანოები ფასობდა თურმე. ჩემი გაჭირვებული მეზობლების ერთმა ხუთკაციანმა ოჯახმა ორი ხელი დაიტოვა ხუთ კაცზე, დანარჩენი კი გაყიდა. ორი ხელიც გვყოფნისო, მიმტკიცებდა რობერტა ძია. ერთ დილით ჯორჯიც ამომადგა და თითები მათხოვეო მთხოვა. ვიღაც ტრაკშიპეროგარჭმულ გოგოს ხვდებოდა თურმე და იმას კიდე გართულება ჰქონია ლამაზ თითებზე. ერთადერთი რამ მება ლამაზი – თითები იყო, აბა მაგას როგორ ვათხოვებდი, მგონი საშვილიშვილოდ ვაწყენინე, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ვერანაირად ჩავებმებოდი ამ სიგიჟეში.
    და მაინც, ყველაზე ძალიან ტატო შემეცოდა. ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. საკუთარი მაღალრეიტინგული პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ჰქონდა და ამბობდნენ, კარგი ხელი აქვსო. ერთ დღეს ეს ყველასგან დაფასებული და წარმატებული ქირურგი ამომადგა, ხელში საკუთარ ყურს ათამაშებდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა. დავიღუპე, რაღა მეშველება, ხალხი ისე იცვლის ორგანოებს, რაღა საჭირო ვარო მე. გადავწყვიტე თავი უნდა მოვიკლა, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებასო. საცოდავი შესახედავი იყო. არც მენახა ასეთ მდგომარეობაში. ის კი არა, მაშინაც არ ყოფილა ასეთი საცოდავი, თავის ცოლს რომელიღაც დანასისხლად გადაკიდებულ კოლეგა ქირურგთან რომ შეასწრო, რომელიღაც კონფერენციიდან მოულოდნელად ნაადრევად ჩამოსულმა. მე და ჩემმა ახალმა მეგობარმა ძვლივს გადავაფიქრებინეთ. გარდა ამისა, იმ ყოჩაღმა, ვისზეც სამართლიანად ვფიქრობდი ამ ყველაფრის თავი და თავი უნდა ყოფილიყო, რჩევებიც მისცა, ერთი კვირა მოიცადე, რაც შეიძლება მეტი ორგანო იყიდე და ცოტა ხანში ათასჯერ მეტად წარმატებული იქნები, ვიდრე აქამდე იყავიო. მოკლედ, რატომღაც დაგვიჯერა, შეიძლება იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ ეხალისებოდა თავისი გაძაღლებული ცხოვრების დათმობა. ყური თავის ადგილას დაიყენა და თვალის ტრიალს მოჰყვა თითებში, ისე წავიდა. მოკლედ, ერთი კვირა გაგრძელდა სადღაც ეს სიგიჟე და ბოლოს იმ მართლა ღმერთს თუ ღმერთობის კანდიდატს მობეზრდა ეს ყველაფერი და ჰაშიშისგან გაგუდულმა მითხრა, ხვალ ამ ყველაფერს დავამთავრებ და წავალო.
    გული არ დამწყვეტია, დილით მართლა ამომადგა ატირებული ჟანა, ლანას ჩემი ლურჯი თვალები ვათხოვე ერთი კვირის წინ და ვეღარ იხსნის რო დამიბრუნოსო. ერთი ჩემი მეგობარი გახარებული მიყვებოდა როგორ ითხოვა ვიღაცისგან 22 სანტიმეტრიანი პენისი და როგორ ვეღარ უბრუნებდა. სამაგიეროდ ქალაქში გაჩნდა უცხვირო, უთვალო, უხელო, უფეხო ადამიანების არმია, ზოგსაც აშკარად სხვისი ჰქონდა ყველაფერი. ერთი კაცი შემხვდა, საერთოდაც ზანგის ხელები ეყენა. დილით ის ჩემი ახალი მეგობარი საწოლში ვეღარ ვიპოვე, ბარათი დაეტოვებინა. ნამდვილად პირადი იყო და თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მის შინაარსს, მაგრამ ხელმოწერის ნაცვლად ეწერა: ”მარად შენი ღმერთი”. ასე იყო ეს ამბავი. მეორადი ორგანოების ბაზრობა დაიხურა, ტატო კი იმაზე ბევრად მდიდარი იყო, ვიდრე უწინ. მე კვლავ ძველი საქმიანობა განვაგრძე და ძალიან მსიამოვნებდა, როცა ჩემი ახურებული უფროსის ორ განახევრებულ ძუძუს ვუყურებდი. დისთვის უთხოვებია და შერჩა ასე. სამი ზომით პატარები. მართალია უფრო გაანჩხლებული იყო, მაგრამ მე მაინც კმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან იმით მაინც ვაჯობე, ყველაფერი საკუთარი რომ მება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“