პოეზია

ბოკო ჭიღლაძე – ლექსები

               

 

 

*  *  *

თუ ჟანგბადს ინებებ,
ჰაერის მეტი დიდ დიღომში
არაფერია,
სწორი არჩევნის გაკეთება
ცოტა საჩოთიროა,
მერე ტვინს იჭყლეტ
იქნებ მასზე სწორიც
არსებობდაო,
აი, მცდარ გზას
კიდევ უმარტივესად ირჩევ,
რადგან განსაკუთრებული
უნარი გაქვს,
ცუდსა და უფრო ცუდს
შორის უფრო ცუდი
დაისაკუთრო,
ნიჭია და თან ისეთი,
ოცსაათიან
ძებნას მნიშვნელობით
უთანაბრდება.

 

*  *  *

როცა ჭავჭავაძის გამზირზე ნაბიჯაჩქარებული,

თავს იკატუნებ, თითქოს სადმე მიგეჩქარება,

ისე კი, მისდევ და უთანაბრდები

მუსიკით იდენტობაგაძლიერებულ გოგოს,

უნდა არსებობდეს დამკვირვებელი,

ვინც დარწმუნებით იტყვის,

თქვენ უეჭველად ერთად იქნებით,

თქვენ უეჭველად ერთად უნდა იყოთ.

 

*  *  *

ნინა ჩხეტიას

პირველი კურსიდან ვიცნობ,

ეს ნაცნობობაც პირობითია,

პირისპირ შეტოვებულს

სხვა გზას არ გვიტოვებს,

ისე კი ხალხში მისი მზერა

ერთხელაც არ გამკარებია,

როცა ვერთვებით ლექციაზე

რამდენიმე ჯგუფი,

მის მოზომილ და ტკბილ ხმას

შეუძლია სულ მცირე ორი წუთი

მაჩუქოს საქვეყნო ბედნიერების

და ვის მოვპარავ იმ წამებს,

არ მეკითხება,

ყველა ფოტოში მისი სახე

უჩვეულო სიკაშკაშეს მოუცავს,

ვკეცავ ლეპტოპს ,

საწოლში ვწვები,

სიზმარში ხალხი და

მისი მზერა

ასე მაწუხებს,

გავაბიჯებთ სხვა შენობისკენ,

ჩრდილს სადაც ვნახავთ

გადავეხვევით ერთმანეთს და

სიცხეში ვკოცნით,

გაუჩერებლივ,

ისე სველია,

ისე სველია,

ისე სველია,

მისი ორივე ბაგე,

ზმანება ასეთი ცხადი

მე არ მინახავს,

ახალგამოღვიძებული ვიხსენებ დღეს,

როცა უნივერსიტეტის გრძელ დერეფანში

საგამოცდო ღელვით გატანჯული

ჩვენი სხეულები

ერთმანეთს მხურვალებით გვერდს უვლიდა.

 

*  *  *

იქნებ ის რაც მავსებს,
ცარიელსაც მტოვებს
როგორმე უნდა შევძლო
და სარკეს ყოველ დილით
სახე მოვაშორო,
რადგან ასე დღის შედეგებს
წინასწარვე ვხედავ,
რამდენ ხანს ძლებს
შეკეთებული ნივთი?
შემკეთებელი რა დრომდე ცოცხლობს?
არ შეგეშინდეს,
რომელიმე დღეს ეს
პასუხიც აირეკლება.

 

*  *  *

ვხედავ შორიდან როგორ

მოქრის ეგ სილამაზე,

როგორ ევლება

მუხათგვერდის ნაძვნარს,

მდელოებს და სხვისი

ფანჯრებიდან არეკლილი

როგორ შემოდის ჩემში,

მზეს უდარაჯე,

რომ საღამომდე დამრეც

სხივებს თან ჩამოჰყვეს

აპრილის სითბო

და გამიხსენე.

 

*  *  *

აზროვნებას და განსჯას

წინ უსწრებს წამი,

როცა ფიქრობ , რომ ამის გაფიქრება

ფიქრადაც არ ღირს,

და შენ წყვეტ ყოველივეს,

რადგან მოზაიკა წარმოსახვაში აწყობილია,

თვითგამორკვევას სჭირდება სათანადო პირობები,

კერძოდ,

ტვალეტის ქაღალდი,

სარეცხი ფხვნილი (ავტომატის)

დაუთოებული ტანსაცმელი,

სავსე მაცივარი,

ზაფხულში სიგრილე,

ზამთარში სითბო,

კვირაში ერთხელ შესაყოფი ადგილი,

ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე,

და ბოლოს ,

ტექნიკა თვითგამოსაჩეკად,

ღამის საათებში,
როცა გაშტერებული,

შენი გონება
მომდევნო დღის პროგრამას ტვირთავს,

დაუშვებელია მცირე ხმაურიც კი,

და ეს პროტესტი სირუკაზე კიდია

მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებ სტუდენტს,

კერძოდ, Toyota Camry-ს მფლობელ ბექას,

რომელსაც გოგონები სახლში წყვილ-წყვილად აჰყავს,

იმ იმედით, რომ ოდესღაც

დილით სამნი გაიღვიძებენ.

 

*  *  *

და მე ვაგრძელებ ცხოვრებას

იმ წერტილამდე,
სადაც მეგობრები ვსხედვართ

სასმისით ხელში,

ვიხსენებთ გარდასულ ამბებს,

ყველაზე ნაკლებს მიიღებდა

ჩვენს შორის ერთი,

და მასთან ერთად

რიგრიგობით ამბების თხრობა

მომეჩვენება დიდ სიბოროტედ,

ხელს ხელზე ვართმევთ,

ვეხვევით ნასვამს,

ნაბიჯარეულს ვატანთ სიყვარულს,

ის კი ოთახში, რომელიმე ცხოველთან ერთად

დაყუდებული ფიქრობს სიკვდილზე,

მერე კი წმენდს შორეული ნათესავის

ნაჩუქარ იარაღს,

და ამიტომაც მე ვაგრძელებ ცხოვრებას,

ამ წერტილამდე,

დღეს კი ვქმნი ამბავს,

ოღონდ წინასწარ ამ ამბავზე ნუ მკითხავთ რამეს,

„ შეიყვარე , რაც გულს გირევს,

და მალევე თავს აგირევს“

გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფიქრებს როგორ ანდობ?

ყოფილა კი გაგეფიქროს და სიზუსტით აგხდენოდეს?

შეიძლება შეიწოვო მისი სითხე,

შიეძლება ენაც აღარ დაგეღალოს,

შეიძლება, რომ უამბო ყველაფერი,

შეიძლება ერთადაც კი აგეტიროთ,

და ამიტომაც გავაგრძელებ ცხოვრებას,

იმ წერტილამდე და შევქმნი ამბებს.

 

*  *  *

რა ხდება მაშინ,

როცა ერთად ყოფნა

შეუძლებელია

და ამას ემატება

ცალ-ცალკე ყოფნის

შეუძლებლობაც,

წინასწარ ვერაფერს ვხვდები,

მაგრამ ის კოცნა

პირველად მივამსგავსე

ბოლოს,

ახლა,

როცა გემოს ვერ გრძნობ,

კვლავინდებურად გთავაზობ კოცნას,

მძულს ყველა კითხვა,

ისინი ასე დაჟინებით

ითხოვენ თვითგამორკვევას,

ანალიზს და შეფასებას,

რაღაც აუცილებლად თვითკმარი

უნდა იყოს და

აგრძელებდეს არსებობას

დაუსრულებლად,

ჩემი ნაწილაკივით,

რომელსაც შენი სხეული

უცხოდ აღიქვამს,

დღემდე მჯერა,

როცა გასვლას ითხოვდი,

სულის მოთქმა გჭირდებოდა

და სხვა მიზეზი არ არსებობდა.

 

*  *  *

აუტანლობის ჟამს შენი სახე

დაუფარავია,

თავდაცვითი საშუალება

კი გამოუყენებელი,

შეიძლება ერთი და იგივე

აკეთო ხშირად,

მაგალითად,

ათჯერ ან ასჯერ,

რათა დარწმუნდე რომ,

ბედნიერების მიმართ რეზისტენტული

არ ხარ,

მეათე ცდაზე

მის ტუჩებს სიტკბოც შეეპარება,

დიალოგი გაცდება ზოგად თემებს,

დრო,

როცა ის უარს იტყვის,

გულისამაჩუყებელი ისტორიის

მოყოლაზე,

მიხვდება,

ნუგეში, თავის ქნევა

და შიგადაშიგ კრუტუნი,

მოსმენის და ემპათიის

ყველაზე ცუდი გამოვლინებაა,

კარგი პარტნიორი კარგია,

მაგრამ მოსაწყენი,

რა იქნებოდა მაშინ,

თუ გეგმებს დაალაგებდი,

რა თქმა უნდა, იფიქრებდი

გადატვირთვაზე,

რათა ყველაფერი

ხელახლა აგერია,

მაგრამ ხშირად ერთხელ ცხოვრება

დასალაგებლად

მეტად მოკლეა,

ასარევად კი მეტად დიდი.

 

*  *  *

სხვა დადის,

დადის კი არა ძუნძულებს,

ძუნძულებს კი არა დარბის,

დარბის კი არა მიქრის,

მიქრის კი არა მიფრინავს,

მიფრინავს კი არა ტელეპორტირდება,

ტელეპორტირდება კი არა ყველგანაა,
ხომ ხედავ,
ისევ გამხნევებ.

 

*   *   *

სიგარეტის ჩაწვამდე

შეგიძლია

მოუსმინო ხუთწუთიან

ლექციას,
იფიქრო დღეზე,
როცა მშობლებს დაიტირებ,

კიტჩურ საზღვრებთან აკანკალებულს

შეგიძლია ყვავილებს წყალი დაუსხა,

დაურეკო მივიწყებულ მეგობარს,

წინასწარგანსაზღვრულობის გარეშე,

სიგარეტის წუთები მოახმარო

საყვარელი გოგოს ტუჩებს,

სალივაცია ხუთწუთიან კოცნასაც
უძლებს,
არც ლოგინის გასწორებას უნდა

სჭირდებოდეს მეტი დრო,

არა, ეს ზედმეტად გროტესკულია,

ასე მცირე ხანში

ცხოვრების დანგრევას და

აწყობას ნუ მოინდომებ,

ისე კი ამ ორს

იმ სიძლიერით არაფერი უხდება,

როგორც სიგარეტი,

მხოლოდ ჭიქა წყლის დალევას

ნუ დაიზარებ,

პირის სიმშრალე ფილოსოფიის

დიდი შეურაცხყოფაა.

   *  *  *

ფანჯრიდან ვუმზერ აივანზე

დაყუდებულ შუახნის კაცს,

სიგარეტის ყოველ მოქაჩვაზე

უფრო და უფრო იხრება წელში,

ვერ ამჩნევს  შავ კანეკორსოს,

ამავე ფერის გერმანულ ნაგაზს

კუდში რომ დასდევს,

ვერ ამჩნევს მოედანზე

მორბენალ ბავშვებს,

ერთი მეორეს

მოკრივე მამით რომ ემუქრება,

სხვა მეზობელი ყოველივეს

თვალს რომ შეავლებს,

მომდევნო დღემდე

ეს ამბები ეყოფა ვიცი,

მაგრამ ჩვენ კაცს

მოძრაობა უფრო ასუსტებს,

სიცოცხლის შეჩერება ერთის გამო?

მთელი ამბის ასე არევა?

ამიტომ ხვალ,

ზეგ, თუ მაზეგ,

ის გადმოხტება.

 

*   *   *

უფრო და უფრო გირთულდება

იმ საქმის კეთება,

რასაც ყველა თავს ასე

მარტივად ართმევს,

შემოკრიბე ხალხი,

ვისაც ერთხელ მაინც

უნახიხარ ალაპარაკებული,

და ათქმევინე ყველაფერი

რაც შენზე იციან,

გამოურკვეველი მზერით

უღიმი და საპასუხოდ

სიტყვის ჩაკვეხებასაც ვეღარ ახერხებ,

შემოიკრიბე ყველა უცხო,

ვისაც მხოლოდ თვალი მოუკრავს

მაგ სხეულისთვის,

ივარაუდონ,

იმსჯელონ,

თავი იმტვრიონ,

იდავონ ბევრი,

სანამ ერთი მეორეს

შემთხვევით არ შეურაცხყოფს,

თითომ ოცი სლაიდი მაინც,

ნუ მისცემ შენიშვნებს,

ბოლო სლაიდი განწირულია,

“გმადლობთ ყურადღებისთვის”

შეაჯამებ და იტყვი,

მე ამათგან არც ერთი არ ვარ,

გამოიქეცი და გარეთ დატოვებულ,

ამდენ ნაცნობს, ალაპარაკებული რომ გნახეს,

შეატოვე ამდენი უცხო,

შიგადაშიგ შეათვალიერე ხოლმე,

დაუდგი ხის მაგიდები,

ოთხი სკამით,

ჯვარედინი სიმპათიებით,

სახეახურებულებს გადაუღე ფოტო,

შემდეგ დაკვირვებით აარჩიე ერთი,

და დაუბრუნდი საწყისს,

ხომ შეიძლება ყველა ამბავი,

ერთი ამბისთვის წამოიწყო,

შენ თუ ფიქრობ,

საერთოდ არ ვფიქრობ,

შენ თუ ჩემზე ფიქრობ,

საერთოდ არ ვფიქრობ,

თუ არ შეიცოდებ მის ყველა სატრფოს,

თავიდან აიცილებ ემპათიას და

კოლექტიურ გლოვას,

ერთდროულად ამოშვებულ ღმუილს

გავფანტავდი ბედნიერთა თავზე,

გააზიარე,

გააზიარე,

მის უჩვეულოდ დიდ მკერდს,

შეიძლება შესწევს ძალა,

დააწყნაროს ტრაკგამომწვარი .

შენი უმწეო შვილი,

გააგრძელე.

 

*   *   *

ჭრიჭინებიან ღამეს სოფლად დავრჩით,
და ასე ვიგრძენით
ჩვენი მარტო ყოფნა,
ვინ თქვა რომ მხოლოდ სიჩუმე გამოხატავს,
როგორ ჭექს მისი ხმა და როგორ კვდება
ყველა სურვილი ჭიქებში ღამით,
ზემოთ, ტყის პირას,
გაუშლიათ მეზობლებს სუფრა,
ერთი კაცი კი ხან საშაა, ხან დავითი
ხან კი ირაკლი,
ვხარხარებდით და მათ სიმთვრალეს
ვიგდებდით მასხრად,
როცა ბოლოს თქვეს,
სხვათა გასაგონად,
საშას რქმევია დაღუპული ძმის სახელები,
სმა გავაგრძელეთ, რომ როგორმე
დაგვძინებოდა,
ჭაღს ვერც სიმთვრალეში მოვაშორე თვალი,
გაფორმებული იხვის ჭუკით,
საბჭოური მოხაზულობით,
ღამის სამზე დაიმსხვრა,
შეუჩვეველი იყო ნათებას,
ვერ დავრჩებოდი,
აუტანლად მეჩვენა ღამე,
ერთი დავტოვეთ,
ტკბილ ძილს ეღირსა
თუ დაკეტა ყველა ფანჯარა,
იქ ისევ საშა, დავითი და ირაკლი სვამდნენ,
წამოვედით და
ორმა გავიყავით მოწყენილობა.

© არილი

Facebook Comments Box