თარგმანი

საიდან დავიწყოთ – ტონი მორისონი

ბერნის მაკფედენი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ტონი მორისონის შემოქმედების გზამკვლევს გვთავაზობს:

საწყისი წერტილი

ტონი მორისონი ყველაზე ცნობილი თავისი 11 რომანის გამოა, მაგრამ მისმა მოთხრობამ „რეჩიტატივი“ ხელახლა მიიპყრო ყურადღება მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ წიგნად გამოიცა.

პირველად 1983 წელს გამოქვეყნდა: აფრიკელ-ამერიკელი ქალების ანთოლოგიაში, რომლის რედაქტორიც ამირი ბარაკა იყო. 96 გვერდიანი ზღაპარი მოგვითხრობს ამბავს 8 წლის გოგონების, ტვილისა და რობერტას შესახებ, რომელთაგანაც ერთი თეთრკანიანია, მეორე კი შავკანიანი.

ბრწყინვალეა ის, რომ ამბავი რასის შესახებაა, მაგრამ მორისონი ამას ექსპლიციტურად არასოდეს მოიხსენიებს. რეალურად, ჩვენ არ გვეუბნება, რომელია თეთრკანიანი და რომელი – შავკანიანი, ინტუიციით უნდა მივხვდეთ, მათი ქცევიდან, მოქმედებებიდან და რეაქციებიდან გამომდინარე.

„რეჩიტატივი“ენის გამოყენების მორისონის სამარკო ნიშნისა და მრავალშრიანი, ლირიკული ნარატიული სტილის კომპაქტური შესავალია.

მორისონი მას ექსპერიმენტს ეძახდა. მე გენიალურს ვეძახი.

წიგნის კლუბის რჩეული

მორისონის ბევრ რომანს შეგვიძლია რთული ვუწოდოთ. სიმართლე, ჩემი აზრით, ისაა, რომ კრიტიკოსები და მკითხველი საზოგადოება მათ ასეთად მიიჩნევს იმიტომ, რომ მორისონი პროფესიონალია სხვადასხვა ლიტერატურული ტექნიკით ჟონგლიორობაში და იშვიათად უშვებს მეტაფორულ ბურთს.

„სულა“, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ჩახლართული წიგნია მორისონის კატალოგში და იდეალური რომანია მათთვის, ვინც, შესაძლოა, მანამ მისი სხვა ტექსტები რთულად წაიკითხა. ესაა კომპლექსური და ძალიან დამაჯერებელი ამბავი ორი მეგობრის, სულასა და ნელის შესახებ. ორივენი ძალიან დამაინტრიგებელი, სრულიად შემდგარი პერსონაჟები არიან. „სულა“ უფრო „ადვილად“ საკითხავად არის დანახული,  ვიდრე, მაგალითად, „საყვარელი“, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ და ვიფიქროთ, რომ „სულას“ აკლია კომპლექსურობა, შრეები და მიმზიდველი ენა, რომელსაც მორისონის სხვა წიგნებში ვპოულობთ – აქ არის უამრავი რამ, რაზეც მეგობრების ჯგუფმა შეიძლება იმსჯელოს და იფიქროს.

ყველაზე აქტუალური

HBO“-ის სერიალის, „დარაჯების“ ყურადღების ცენტრშია ტალსას რასის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 1921 წელს, როცა გაბრაზებულმა თეთრკანიანმა ბრბომ გრინვუდი დაანგრია – ქალაქის აყვავებული რაიონი, რომელსაც ისინი შავ უოლ-სტრითს ეძახდნენ. ბომბებმა მიწასთან გაასწორა სახლები და ბიზნესები, უდანაშაულო შავკანიან ხალხს კი ქუჩებში ცოფიანი ძაღლებივით ესროდნენ.

დარაჯებამდე ათწლეულებით ადრე ტონი მორისონმა დაწერა „სამოთხე“, მესამე რომანი ტრილოგიაში, რომელიც „საყვარელსა“ და „ჯაზს“ მოიცავს. რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ რუბში ვითარდება, ოკლაჰომაში. ეს ქალაქი ყოფილი მონების მიერაა დაარსებული. აქ კონსერვატიულ საზოგადოებას ემუქრება ქალების ჯგუფი, რომელიც ქალაქის განაპირას არის დაბინავებული.

ძალაუფლებისა და მათი ცხოვრების წესის დამოუკიდებლად მოაზროვნე, ნონკონფორმისტი ქალებისგან დასაცავად, ცხრა მამაკაცი ლიდერი ერთიანდება.

ეს რომანი 1998 წელს გამოქვეყნდა. „სამოთხე“ მორისონის პირველი რომანია 1993 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღების შემდეგ და ნამდვილად ღირდა ლოდინად.

ჩვეულებისამებრ, მორისონი ხარკს უხდის თავისი პერსონაჟების წარმომავლობას. რომანში მკითხველს 1891-ში, რუბის დაარსების პერიოდში აბრუნებს და ნელ-ნელა მიუძღვება აწმყოსკენ – 1972 წლისკენ. ეს აქცევს ამბავს ძლევამოსილად, რეალისტურად და შემდგარად.

„სამოთხეში“, ყველაფერთან ერთად, არის ერთ-ერთი საუკეთესო წინადადება მათ შორის, რაც მორისონის ნოველებში შეგვხვედრია: „პირველად თეთრ გოგონას ესროლეს. დრო დანარჩენებისთვის რომ დაეთმოთ“.

როგორც „რეჩიტატივში“, მორისონი არასოდეს ამჟღავნებს, რომელია თეთრკანიანი გოგონა ამბავში. უპასუხო შეკითხვები კი ინარჩუნებს საკამათო თემას – მაშინ, როცა მრავალი მკითხველი ცდილობდა მიხვედრას, მორისონმა თავად თქვა, რომ „მხოლოდ ერთი მათგანი იყო მართალი“.

ის, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

მორისონის მეცხრე რომანია „წყალობა“, რომლის მოქმედება 1680-იან წლებში მიმდინარეობს, როცა მონობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იყო. ის ფოკუსირებულია ფლორენსზე, ახალგაზრდა, განათლებულ მონაზე, რომელიც ვალის გადასახდელად გაყიდეს. ფლორენსი დამსხვრეულია დედასთან განშორების გამო და თავის ახალ ცხოვრებაში გამუდმებით ცდილობს ღია და მტკივნეული ჭრილობის შევსებას.

„საყვარელთან“ შედარებით ნაკლებად კითხვად „წყალობას“ ბევრი საერთო აქვს მორისონის ყველაზე ცნობილ წიგნთან: მწერალი აქაც იკვლევს ძალიან რთულ და ხშირად მისტიკურ კავშირებს, რომლებიც დედასა და ქალიშვილს შორის არსებობს. ესაა ნამდვილად ბრწყინვალე ამბავი, რომელიც უფრო ცნობილი უნდა იყოს.

თუ მხოლოდ ერთს წაიკითხავთ

მორისონის პირველი რომანში „ყველაზე ცისფერი თვალი“, პეკოლა პატარა, ფერადკანიანი გოგონაა, რომელსაც თავისი სიშავის ორმოდან ამოსვლა და სამყაროს ცისფერი თვალებით დანახვა უნდა.

ეს სასტიკი და ჩამთრევი ამბავი იკვლევს ბევრ რამეს, მაგრამ, უმეტესწილად, საუბრობს ჩაგვრაზე, მორჩილებასა და შავკანიან ქალებზე სექსუალურ ძალადობაზე.

ამბავი დიდი დეპრესიის ამერიკაში მიმდინარეობს, მაგრამ თხრობითი ხაზი, ინცესტის თემა, რასიზმი და საკუთარი თავის სიძულვილი ნებისმიერი ეპოქისთვისაა მართებული. რომანი უნიკალური ნიმუშია ლიტერატურის, იმიტომ, რომ ერთდროულად ზედროული და დროსთან შესაფერისი.

კლასიკა

მორისონის ხმისა და გამორჩეული სტილის შესახებ ბევრმა სწორედ პულიცერის ჯილდოს მფლობელი რომანიდან შეიტყო.

რომანში „საყვარელი“ პროტაგონისტი სითე შვილებთან ერთად გაურბის მონობას. მისი ყოფილი მეპატრონე მისდევს და როცა სეთი მას თავისი სახლის გზაზე ამჩნევს, გადაწყვეტს, რომ მოკლას შვილები, რათა ხელახლა დატყვევებისგან გადაარჩინოს.

მხოლოდ ერთი შვილი – საყვარელი – კვდება მისი მიყენებული ზიანისგან. წლების შემდეგ კი იგი ბრუნდება, როგორც მოჩვენება და დედა სიგიჟემდე მიჰყავს.

რომანი მეტაფორა და ფიზიკური მანიფესტაციაა ფიზიკური, მენტალური და ემოციური საშინელებისა, რომლითაც დამონებული ადამიანები იტანჯებოდნენ.

მორისონის არაერთი წიგნი შეიძლება მივიჩნიოთ შედევრად, მაგრამ ეს წიგნი ამ მიზეზითაა ცნობილი: ის ყველამ უნდა წაიკითხოს. 

© არილი

Facebook Comments Box