ერთ ადრიან დილას ეფრაიმ ელიჰუ ტელეფონით დაუკავშირდა ფერწერის შემსწავლელ სტუდენტთა ლიგას. მან აცნობა მდივან ქალს, რომ შიშველი ნატურის დახატვა სურდა და ეძებდა გამოცდილ, დაახლოებით 30 წლის მოდელს. “შეგიძლიათ თუ არა, დამეხმაროთ?” – მორიდებით იკითხა მისტერ ელიჰუმ.
“თქვენი გვარი არ მეცნობა”, იყო პასუხი. “ადრე ხომ არ გქონიათ ჩვენთან საქმე? მართალია, ზოგი სტუდენტი მუშაობს მოდელად, მაგრამ მათ მხოლოდ ნაცნობ მხატვრებს ვუგზავნით ხოლმე”. მისტერ ელიჰუმ მიუგო, რომ უწინ არასოდეს დაკავშირებია ლიგას. ისიც დაუმატა, მოყვარული მხატვარი ვარ და ოდესღაც ამ ლიგაში ვსწავლობდიო.
“სტუდია თუ გაქვთ?”
“მაქვს დიდი, კარგად განათებული ოთახი. ახალგაზრდა არ გახლავართ”, საგანგებოდ აღნიშნა მისტერ ელიჰუმ, რათა მდივანს ეჭვი არ შეჰპარვოდა მისი თხოვნის სიწრფელეში და არ ეფიქოა, რომ მას ქვენა ზრახვები ამოძრავებდა. “მრავალი წლის შემდეგ კვლავ გამიჩნდა ხატვის სურვილი. მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ფერმწერისთვის შიშველი ნატურის ხატვის დაუფლება. პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ ხატვას სერიოზულად ვეკიდები. თუ საჭიროა, შემიძლია მოგაწოდოთ ცნობები ჩემი რეპუტაციის შესახებ”.
ის დაინტერესდა, რამდენს უხდიდნენ მოდელებს და მდივანმა, პაუზის შემდეგ, უპასუხა, “ექვს დოლარს საათში”.
მისტერ ელიჰუ სიამოვნებით დათანხმდა ამ თანხის გადახდაზე. მას სურდა, გაეგრძელებინა საუბარი, მაგრამ ქალმა მხარი არ აუბა, მხატვრის გვარი და მისამართი ჩაიწერა, შემდეგ კი აღუთქვა, რომ ზეგისთვის ვინმეს გაუგზავნიდა.
ეს იყო ოთხშაბათს. პარასკევს კი მხატვარს ესტუმრა მოდელი, რომელმაც წინასწარ ტელეფონით დააზუსტა სეანსის დრო. ცხრა საათს გადაცილებული იყო, როდესაც მან ზარი დარეკა და მასპინძელმა მაშინვე შემოუშვა ქალი. მისტერ ელიჰუს, სამოცდაათი წლის ჭაღარა ბერიკაცს, ცოტა არ იყოს, აღელვებდა ახალგაზრდა ქალის დახატვის პერსპექტივა.
დაახლოებით ოცდაშვიდი წლის, სადა გარეგნობის მოდელი მხოლოდ ლამაზი თვალებით იპყრობდა ყურადღებას. ლურჯი ლაბადა ეცვა, თუმცა გაზაფხულის უღრუბლო ამინდი იდგა. მან ოდნავ შეათვალიერა მხატვარი და თამამად შევიდა ოთახში.
“გამარჯობა”, თქვა მხატვარმა და ქალი საპასუხოდ მიესალმა.
“მშვენიერი გაზაფხულია”, შენიშნა ბერიკაცმა, რომელმაც არ იცოდა, რაზე დალაპარაკებოდა მოდელს, “ხები უკვე შეიფოთლა”.
“ტანსაცმელი სად გავიხადო?”, ჯიქურ იკითხა ქალმა.
მისტერ ელიჰუმ მისი სახელი იკითხა და გაიგო, რომ მოდელს მისის პერი ერქვა.
“შეგიძლიათ, სააბაზანოში გადაიცვათ, მისის პერი, ან, თუ გნებავთ, ჩემს ოთახში. იქ უფრო თბილა, ვიდრე სააბაზანოში”.
მისის პერიმ გულგრილად შენიშნა, რომ მისთვის სულ ერთი იყო, მაგრამ მაინც სააბაზანოში გადაცმა ერჩივნა.
“როგორც გინდათ”, გაუღიმა მისტერ ელიჰუმ.
“თქვენი ცოლი აქაა?”, დაინტერესდა სააბაზანოსკენ მიმავალი ქალი და ოთახს სწრაფად შეავლო თვალი.
“არა, ქვრივი ვარ”, მიუგო მხატვარმა, “ჩემი ქალიშვილი კი დიდი ხნის წინ ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას”.
ქალმა საუბარი შეაწყვეტინა და ბოდიშის მოხდით უთხრა, გადავიცვამ და ახლავე დავბრუნდებიო.
“ნუ იჩქარებთ”, უპასუხა მისტერ ელიჰუმ, რომელიც სიამოვნებით ელოდა სეანსის დასაწყისს და სურდა, გაეხანგრძლივებინა ეს მოლოდინი.
მისის პერი სააბაზანოში შევიდა, მალე შემობრუნდა და საბანაო ხალათი გაიხადა. ბერიკაცს თვალი მოსტაცა ქალის ნატიფმა მხრებმა. მოდელმა იკითხა, როგორი პოზა მივიღოო, მაგრამ მისტერ ელიჰუმ არაფერი უპასუხა. მან ფართო ფანჯრის მახლობლად დადგმული მაგიდის მომინანქრებულ ზედაპირზე საღებავების ორი ტუბის შიგთავსი დაასხა და მათ შერევას შეუდგა. უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ქალმა სიგარეტს მოუკიდა.
“იმედი მაქვს, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, თუ დროდადრო მოვწევ?”
“არაფერი, თუ ამას შესვენებისას გააკეთებთ”.
“ასეც ვაპირებდი”.
თვალებდახრილი მოხუცი დიდხანს ურევდა საღებავებს. მას არც კი შეუხედავს ქალისთვის, ისე სთხოვა, ფანჯარასთან მიდგმულ ყვითელ სავარძელში ჩამჯდარიყო. ფანჯრიდან მოჩანდა ეზო და ახლად შეფოთლილი ხეები.
“როგორ დავჯდე, ფეხები გადავაჯვარედინო?”
“როგორც გირჩევნიათ, ისე მოეწყვეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ”.
ქალი ოდნავ გაოცდა, მაგრამ მაინც ჩაჯდა სავარძელში და ფეხი ფეხზე გადაიდო. ლამაზი სხეული ჰქონდა.
“ასე კარგია?”
მისტერ ელიჰუმ თავი დაუქნია. “კარგია”, დაუდასტურა მან, “ძალიან კარგი”.
მხატვარმა საღებავთა ნაზავში ფუნჯი ამოუსვა, ბოლოს და ბოლოს თვალი შეავლო მოდელის შიშველ სხეულს და მუშაობას შეუდგა. ის დროდადრო უყურებდა ქალს, შემდეგ კი სწრაფად აცილებდა მზერას, თითქოს შიშობდა, ამით შეურაცხყოფა არ მივაყენოო. სახეზე განზრახ განურჩეველი გამომეტყველება გადაჰფენოდა. აშკარად დაუდევრად ხატავდა, მხოლოდ იშვიათად აცქერდებოდა მოდელს. ერთხელ, როდესაც ქალი შეტრიალდა და ხეები შეათვალიერა, ბერიკაცი წამიერად დააკვირდა მას – სურდა, გაეგო, რამ მიიპყრო მოდელის ყურადღება.
რამდენიმე ხნის შემდეგ მოდელი აწრიალდა. მას ეჩვენებოდა, რომ მისტერ ელიაჰუ ახირებულად იქცეოდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ქალს მოთმინების ფიალა აევსო და ის ელდანაკრავივით წამოხტა ყვითელი სავარძლიდან.
“რა მოხდა, დაიღალეთ?” იკითხა გაკვირვებულმა მოხუცმა.
“არა”, მიუგო მისის პერიმ, “მაგრამ, ღვთის გულისთვის, ამიხსენით, რას აკეთებთ. მგონი, ფერწერისა არაფერი გაგეგებათ”.
მისტერ ელიჰუმ ტილოს სწრაფად გადააფარა პირსახოცი და შეიშმუშნა. ისე დაიბნა, რომ ერთხანს ვერაფერი თქვა. შემდეგ ოდნავ ამოიოხრა და გამშრალი ტუჩები მოილოკა. ქალი მწყრალად უყურებდა და მოხუცს ისღა დარჩენოდა, ეღიარებინა, რომ ფერწერაში სულაც არ იყო დახელოვნებული. მან თავი იმით გაიმართლა, რომ ორიოდ დღის წინ ყოველივე მკაფიოდ აუხსნა ლიგის მდივანს. მისის პერი კვლავ მდუმარედ და რისხვით უმზერდა მას. მოხუცმა დარცხვენით მოუბოდიშა ქალს: “გევედრებით, მაპატიოთ, რომ ჩემთან მოგიყვანეთ. სჯობდა, კარგად გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები და მაშინ დროს არ დაგაკარგვინებდით. ალბათ, მზად არა ვარ, ვაკეთო ის, რაც მსურს”.
“სულაც არ მანაღვლებს, რამდენ ხანს უნდა გამოგეცადათ თავი”, გესლიანად მიაძახა მისის პერიმ. “განა მართლა დახატეთ ჩემი პორტრეტი? კარგად შევამჩნიე, რა ხარბად უყურებდით ჩემს შიშველ სხეულს. არ ვიცი, რა მიზნები გამოძრავებდათ, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ უმრავლესობას ფერწერასთან არაფერი აქვს საერთო”.
“წინდაუხედავად მოვიქეცი”, ამოიკვნესა მისტერ ელიჰუმ.
“მართლა ასეა”, ქილიკით დაუმოწმა ქალმა, კაბა გადაიცვა და წელზე ქამარი მაგრად მოიჭირა.
“მხატვარი ვარ”, განაგრძო მან, “და მოდელად იმიტომ ვმუშაობ, რომ ფული მჭირდება, მაგრამ სიყალბეს მაშინვე ვამჩნევ”.
“უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი”, წაილუღლუღა მისტერ ელიჰუმ, “კარგად რომ ამეხსნა სიტუაცია იმ ქალბატონისთვის”.
“ვნანობ, რომ ასე მოხდა”, დასძინა მან ჩახლეჩილი ხმით. “ქალები ყოველთვის მიზიდავდნენ, მაგრამ დაქვრივების შემდეგ არც ერთი მეგობარი ქალი არ მყოლია. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხატვას ხელახლა მოვკიდე ხელი. ნიჭიერებით არასოდეს გამოვირჩეოდი, ახლა კი საერთოდ დამვიწყნია ხატვა და არა მარტო ხატვა, არამედ – ქალის სხეულიც. არ მეგონა, რომ ასე ამაღელვებდით. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ”.
“შეწუხება ამინაზღაურდება”, მკვახედ მიუგო მისის პერიმ, “მაგრამ როგორ ამინაზღაურებთ შეურაცხყოფას?”
“არ მსურდა თქვენი შეურაცხყოფა”.
“მე ასე არ ვფიქრობ”, ჩაილაპარაკა ქალმა და წუთით დაფიქრდა, შემდეგ კი უეცრად მოითხოვა, რომ მისტერ ელიჰუს ტანთ გაეხადა.
“მე?” ჰკითხა გაოცებულმა ბერიკაცმა. “რისთვის?”
“უნდა დაგხატოთ. გაიხადეთ შარვალი და პერანგი”.
მისტერ ელიჰუმ გაუბედავად წაიხუმრა, სულ ახლახან მივატოვე თბილი საცვლის ტარებაო, მაგრამ ქალს არ გასცინებია.
მოხუცმა ნელ-ნელა გაიხადა ტანსაცმელი, თავისი სიშიშვლისა რცხვენოდა.
მისის პერიმ სწრაფად, ხელის მკვეთრი მოძრაობებით დახატა ბერიკაცის სხეული. როდესაც დაასრულა, შავი საღებავის ნაღვენთში ფუნჯი ამოუსვა და ნახატი ერთიანად გადაჯღაბნა.
შემკრთალი, ენაჩავარდნილი მისტერ ელიჰუ ხედავდა, როგორ ზიზღს იწვევდა ქალში, მაგრამ რიდით დუმდა.
ბოლოს მისის პერიმ ფუნჯი საქაღალდე კალათაში მოისროლა და სააბაზანოდან ლაბადა გამოიტანა. ამასობაში ბერიკაცმა გამოწერა ჩეკი დათქმულ თანხაზე. მისის პერიმ დაუდევრად ჩააგდო ჩეკი თავის დიდ ჩანთაში და კარი გაიჯახუნა.
მარტოდ დარჩენილმა მისტერ ელიჰუმ გაიფიქრა, რომ ქალი, თავისებურად, მომხიბვლელი იყო, თუმცა გრაცია აკლდა. შემდეგ, სასოწარკვეთილმა, ჰკითხა თავს, “ნუთუ ჩემს ცხოვრებაში მეტი აღარაფერი მოხდება? ნუთუ ეს ყველაფერია, რაც დამრჩენია?” თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ მარტოობისთვის იყო განწირული.
შემდეგ მან პირსახოცი მოაცილა ტილოს და შეეცადა, პორტრეტი დამატებითი შტრიხებით შეევსო, მაგრამ ქალის სახე უკვე დავიწყნოდა.
© “არილი”