“ენდი უორჰოლის ფილოსოფია” (რომანი), მთარგმნელი თამარ სუბელიანი, “სულაკაურის გამომცემლობა”, 2018.
ეს წიგნი ორჯერ ვიყიდე. თავდაპირველად, მისი შეძენიდან რამდენიმე დღეში ჩემს მეგობარს, დათო ჩიხლაძეს დაბადების დღე ჰქონდა. რომ დავფიქრდი, რა მეჩუქებინა, გულმა მითხრა, რომ ყველაზე მეტად ეს წიგნი მოუხდებოდა. და არც ჩამეხედა შიგ, ისე წავუღე. მერე ტაქსიში რომ ვისხედით, იუბილარი საჩუქარს ათვალიერებდა, ნახე, ნახე, რაებს ამბობსო, – ბუტბუტებდა გახალისებული და შიგადაშიგ რაღაც ფრაზებს მიკითხავდა. მეორედ მაისში, წიგნის ფესტივალზე ვიყიდე. უთვალავი წიგნის ერთდროულად დანახვა, ალბათ, როგორც ყველას, მეც ძალიან მაბნევს. მეკარგება ობიექტური აღქმა იმისა, ამჟამად რა უფრო მჭირდება თუ მინდა. გარეგნული ეფექტები და ემოციური ფაქტორები ამ დროს მეტისმეტად მოქმედებს. მაგრამ რაღაც მომენტში გამომცემლობათა ულევი პროდუქციით გარშემორტყმული და გზაკვალარეული გავჩერდი და საკუთარ თავს ჩავძახე: “დაფიქრდი, შოთა! შეიძლება შენ ახლა სულ ვერ ხედავ ამ წიგნს, მაგრამ გინდა მისი ყიდვა. გაიხსენე!” და რამდენიმე წამში გონებაში ენდი უორჰოლის სახე ამომიტივტივდა. ჰოდა, შევედი მეც “სულაკაურის გამომცემლობაში”, მოვძებნე ეს გაჩუქებული წიგნი და თავიდან შევიძინე.
და მიუხედავად ასეთი მიზანმიმართულობისა, “ენდი უორჰოლის ფილოსოფია” ჩემი თვალსაწიერიდან კვლავ გაქრა, რადგან სახლში ახალმოტანილს ჩემმა ერთ-ერთმა გოგონამ დაავლო ხელი და გზაში საკითხავად ჩანთაში ჩაიტენა. უკვე თითქმის აღარც მახსოვდა იგი, რამდენიმე დღის წინ მაგიდაზე კვლავ გაჩენილს, თავისი წითელი გარეკანით ჩემი ყურადღება ისევ რომ არ მიეპყრო.
და აი, ახლა, როგორც იქნა, ვკითხულობ ამ წიგნს და ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.
აი, უბრალოდ ასე. და იმიტომ, რომ ამ კმაყოფილების ძალას ეს უნიკალური არტისტი მაძლევს თავისი გაურკვეველი ჟანრის თხზულებით, ჩემი გოგონა კი მოხითხითეს თუ სულელურად გაღიმებულს რომ მხედავს ამ წიგნით ხელში, მიდასტურებს: ჰო, მეც სულ ეგრე მეცინებოდა, როცა ვკითხულობდი…
მაგრამ არ შეხვიდეთ შეცდომაში: ეს არაა ჩვეულებრივი, თუნდაც ძალიან კარგი იუმორისტული წიგნი. ეს წიგნი ძალიან სხვა რამაა და ის იუმორიც, რომელიც მასშია, ძალიან სხვა სიღრმეებიდანაა წამოსული. იგი ცხოვრების მთავარ შემადგენელ ნაწილებზე, ფენომენებსა თუ კრიტერიუმებზეა და ასევეა დაყოფილი თავებად: სიყვარული, სილამაზე, სახელგანთქმულობა, მუშაობა, დრო, სიკვდილი, ეკონომიკა, ატმოსფერო, წარმატება, ხელოვნება და ა.შ. ესაა ფიქრები ამ საკითხებზე, ხშირად მეტისმეტად უცნაური და პარადოქსული, ხშირად ძალიან წრფელი და თანაც გარეგნულად უკიდურესად მიამიტური და სასაცილო. ეს ენდი უორჰოლის სტრატეგიაა – ასეთი მიდგომით, აზროვნების ასეთი სხარტი სტილით და აქედან შექმნილი განწყობით უცნაური ეფექტი მოახდინოს – ურცხვად გადახსნას თემა და მგრძნობიარე გახადოს მკითხველი მის მიმართ, შეუქმნას ილუზია, რომ მსგავსი განცდები – ანუ რაღაც პირველადი, პრიმიტიული განცდები, აკვიატებები, კომპლექსები, ნევროზები – მასშიც ტრიალებს…
ენდი უორჰოლისთვის ნებისმიერ “მარადიულ საკითხთან” მიმართება ასეთი ემოციების ნაკრებია. ამ ემოციებიდან იშიფრება მისთვის საუკეთესოდ სიყვარულის თუ სილამაზის, შრომის თუ წარმატების, დროის თუ ხელოვნების ფენომენი. აქედან ჩნდება ხედვის ის ახალი, ნოვატორული კუთხეებიც, რომლებითაცაა საერთოდ გამორჩეული მისი მრავალფეროვანი შემოქმედება. ადამიანური სისუსტეებისა და ბრიყვული აღქმების ზღვარზე ძევს მისთვის ის მთავარი, რაც ასე რთულადაა ხოლმე მოსახელთებელი, და ეს თუ მოახერხე რამენაირად და მოიხელთე, უცებ რაღაც გადატრიალება ხდება შენში, ცნობიერება იხსნება, მზერა გამჭოლი ხდება, ყველაფერს სულიერების უცნაური მადლი ედება.
ეს ყველაფერი კი უორჰოლთან კომიკურობიდანაა ამოზრდილი, ვინაიდან საგანთა არსი მისთვის კომიკურია და თანამედროვე თუ ჰიპერთანამედროვე ხედვაც მისთვის აქედან იბადება. და არა მხოლოდ მისთვის. ამ სიტუაციების აღწერისას იგი ბოლომდე გითრევს და გაიძულებს, ინტერაქტიული გახდე, გაჰყვე ამ სასაცილო ფიქრებს და უცებ საკუთარ ლიანდაგზეც გადახვიდე, შენებური კონსტრუქციების თუ სისტემის აწყობა დაიწყო, შენებურად დაინახო ის სამყაროსეული დინამიკა, რომელიც კომიკურ აზრებს თანდათანობით გენიალურ ხედვად გარდაქმნის ხოლმე.
თუ წიგნის სტრუქტურაზე ვილაპარაკებთ, იგი საკმაოდ მარტივია. “ენდი უორჰოლის ფილოსოფიის” თავები ორი ტიპისაა. ავტორი ან მონოლოგის რეჟიმში ლაპარაკობს რომელიმე ფენომენზე, ანდა დიალოგის. დიალოგისთვის მას ჰყავს მეგობარი ინიციალით ბ. ეს ბ ერთი ადამიანია არაა. სხვადასხვაგან სხვადასხვა ბ-ები ჩნდებიან, თავიანთი ხასიათებით, ახირებებით, ინტერესებით. ყოველი ბ კონკრეტულ მომენტში კარგ პარტნიორობას უწევს ე-ს, ანუ ენდის, და თავისი ქცევებით თუ მოსაზრებებით ეხმარება თემის გახსნაში (თუ გადახსნაში). თითქმის ყოველ თავს ეპიგრაფადაც ე-ს და ბ-ს დიალოგის ფრაგმენტი უძღვის წინ ან რომელიმე მათგანის ფრაზა. ერთი სიტყვით, ამ წიგნში არის საკმაოდ ბევრი ბ, ერთი ე, და კიდევ უთვალავი ნივთი. და თუ ამ ნივთებს შორის რომელიმეს გამორჩევას მოვისურვებთ, ეს, ალბათ, იქნება დიქტოფონი, რომელზეც ენდი, როგორც თავად ამბობს, “დაქორწინებულია”. დაქორწინებული კი იმიტომაა, რომ მისთვის ეს სამყაროს შემეცნების ყველაზე უტყუარი გზაა: იწერდეს იმას, თუ რას ლაპარაკობენ ადამიანები. და მერე შლიდეს. იწერდეს და შლიდეს, იწერდეს და შლიდეს… რადგან ის tabula rasa-ს ეტრფის, უყვარს ცარიელ დაფაზე ჭეშმარიტებების წერა და ასეც სწამს, რომ უნდა იყოს. წაშლა მთავარი იმპულსია მისთვის. როცა რაღაც იშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწეროს, დაიხატოს, გაკეთდეს… ამიტომაა რომ მას უყვარს ცარიელი სივრცეები, ყოველგვარი ზედმეტის თავიდან მოშორება, გარემოს სისუფთავე.
როდესაც ენდი უორჰოლი მთელი ამ ზემოთაღწერილი საკუთარი “ფილოსოფიის” ამუშავებას იწყებს, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გელაპარაკება იგი. მას შეუძლია გიყვებოდეს, თუ როგორ მიდის ბ-სთან ერთად საცვლებისა და წინდების შესაძენად, მაგრამ ეს გამძაფრებული აღქმების და სიხარულის სამყარო იქნება, როდესაც ყოფითი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტაყოფითი ხდება, რაღაც ახალ განზომილებებს იძენს, ადამიანის ბუნებაში ღრმად გახედებს. მას შეუძლია 30 გვერდის განმავლობაში აღწერდეს, ტელეფონზე ჩამოკიდებული მორიგი ბ ისტერიულად როგორ უყვება იმის შესახებ, თუ როგორ წმენდს ის მტვერს, ყრის ნაგავს და იბანს ტანს, მაგრამ ეს ტრანსში გასვლასავით იყოს, ეს ადამიანის ხასიათის კიდევ ერთ ამოცნობას, მის ინტიმურ და ფსიქიკურ სამყაროსთან ძალიან ახლოს მისვლას წარმოადგენდეს.
თუკი ჟანრულად მაინც განვმარტავთ, “ენდი უორჰოლის ფილოსოფია” ავტობიოგრაფიული წიგნია, და ამ მხრივაც სანიმუშო, რადგან ხელოვანს ასე დაუფარავად გამოჰქონდეს სააშკარაოზე თავისი სისუსტეები, მანიები, შიშები და მერე ამ ყველაფერს ისეთ მატერიად ხარშავდეს, რომელიც კონცეპტუალური და სამყაროს აღქმის მოდელის მომცემია, მე მგონია, რომ ძალიან დიდი იშვიათობაა. და ამიტომ, ეს წიგნი დაზოგვითაა წასაკითხი. უკან მიბრუნებებით. პაუზებით. რადგან, დამიჯერეთ, ამ პაუზებს შორის თქვენი გონება განათდება ხოლმე და “ჭეშმარიტების მომენტს” იგრძნობთ. და თანაც სიხარულით გულში, პირზე ღიმილით. და ამიტომ ღირს მისი ორჯერ შეძენა. იქნებ სამჯერაც. მთავარია, რამდენჯერაც არ უნდა გააჩუქოთ იგი ან დაგეკარგოთ, ბოლოს მაინც ჩაიგდოთ ხელში და წაიკითხოთ.
© არილი