თანამედროვე ლიტერატურაში პოეზიასა და პროზას შორის ზღვარის შემცირება არა მხოლოდ პოეზიაში მიმდინარე ცვლილებების, არამედ პროზაში იმავე მიმართულებით არსებული ძვრების შედეგიცაა. მოდერნისტული პერიოდისათვის დამახასიათებელი ძველი სტრუქტურების რღვევისა და პოსტმოდერნული სინთეზურობის შედეგად პოეზიის მრავალფეროვნებაში ადგილი დაიმკვიდრა რადიკალურად არასენტიმენტალურმა, რითმის, რიტმის, მეტრისაგან დამოუკიდებელმა ლექსმა, ხოლო ტრადიციული სიუჟეტის და თხრობის სწორხაზოვნებისაგან თავისუფალ პროზაში, ხშირად გვხვდება რიტმისა და პოეტური სახეების ნაკადი. თუ მსგავსი ტენდენციების ძიებას უკან, XX საუკუნის დასაწყისამდე მივყვებით, საინტერესო აღმოჩენამდე მივალთ: იმ ნოვატორ თუ ექსპერიმენტალისტ პროზაიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა შემოქმედებაშიც პოეზიის ერთგვარი რეალიზაცია იგრძნობა, პროზაში სწორედ პოეზიიდან მოვიდა. ესენი იყვნენ ავტორები, რომლებმაც გაბატონებულ პოეტურ ფორმებთან უთანხმოების გამო გადაწყვიტეს პოეზიის მაგიერ ბედი პროზაში ეცადათ. შედეგად ჯოისისა და ფოლკნერის პროზა გაცილებით უფრო პოეტურია, ვიდრე ვთქვათ, ჰარდის და ლორენსის (ანუ იმ ავტორების, რომლებიც პოეზიაში სრულ თვითგამოვლენას აღწევდნენ) რომანები.
ჩვენი თეორიის მხარდასაჭერად თომას ვულფის შემთხვევაც გამოდგება. ხშირად მიიჩნევენ, რომ ვულფი უპირველესად პოეტი იყო, რომელიც ლექსის კონვენციურ ფორმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და თავისი გრძელი სტრიქონების ამ ფორმასთან შეუთავსებლობის გამო პროზად წერა არჩია. შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი ვულფის რიტმული, განმეორებადი სახეებითა და ემოციებით სავსე რომანების წინაშე მისი თანამედროვე გამომცემლების დაბნეულობისა.
1971 წელს, ვულფის გარდაცვალებიდან სამი ათეული წლის შემდეგ “Scribner”-მა გამოსცა წიგნი სათაურით: “ქვა, ფოთოლი, კარიბჭე – თომას ვულფი, ლექსები”. კრებული შეადგინა ჯონ ბარნსმა, ხოლო წინასიტყვაობაში ლუის უნტერმეიერი წერს: “სერჟანტმა ბარნსმა საგულდაგულოდ შეისწავლა ყოველივე, რაც ვულფის კალამს შეუქმნია და აღმოაჩინა, რომ მისი მრავალი თხზულება ღრმად რიტმული, ინტონაციურად გამართული ლექსია. ამის შედეგად გადააწყო, ერთმანეთს დააცილა გრძელი, გადაბმული სტრიქონები და დაარღვია ზღვარი პოეზიასა და პროზას შორის. ამდენად, ეს გამოცემა წარმოაჩენს იმ პოეტურ მუხტებს, რომლითაც სავსეა ვულფის “შინ მოიხედე, ანგელოზო”, “დროისა და მდინარის შესახებ” და უფრო გვიანდელი ნაწარმოებებიც. ეს გამოცემა ვულფს უბრუნებს პოეტთა რიცხვს, საიდანაც მან თავმდაბლად გამორიცხა საკუთარი თავი და რომელსაც იგი კანონიერად ეკუთვნის… შეიძლება პროტესტის გრძნობა აღძრას გამომცემლის მიერ უბრალო მანიპულაციებისა და ტიპოგრაფიული ხერხების მეშვეობით ტექსტის ფორმის შეცვლამ, მაგრამ ეს მცდელობა ლოგიკურად ემყარება ვულფის ენის თავისებურებას, წინადადების რიტმულობასა და ემოციათა ნაკადს”.
თავისთავად, მსგავსი მცდელობა სამართლიანად ჩაითვლება ვულფის ორიგინალურ სტილში იმავე სახის ჩარევად, როგორიც იყო თავის დროზე მისი თხზულებების შეკვეცილი ვარიანტების გამოცემა. მაგრამ, ვფიქრობთ, პოეზიასა და პროზას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით, ამერიკელი გამომცემლების მიერ შემოთავაზებული ეს ძველი ექსპერიმენტი ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.
მთარგმნელისაგან
ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა
ცეკვა
ნელა ცეკვავდნენ
იქ, საღამოს ნაცრისფერ შუქში,
ერთდროულად რომ მტკივნეულიც იყო, ლამაზიც,
როგორც სინათლე – წყლის სიღრმეში გაზავებული,
რომელსაც მკერდით მიაპობდა მთელი ცხოვრება,
როგორც ტრიტონი, დევნილი და გადაკარგული.
ცეკვის დროს,
ქალი, სასურველი თუმცა არ იყო,
მთელი სხეულით მიეკრა და
რაღაცას ნაზად ჩასჩურჩულებდა,
თხელ თითებში
ეჭირა მისი მხურვალე ხელი.
და ქალი, თუმცა სასურველი არ იყო მისთვის,
მორკალულ მკლავზე თავთავივით გადაიხარა,
როგორც მალამო, გამოწვდილი –
უამრავი სახეებიდან დაკარგული, ძვირფასი სახის ამოსაშლელად,
გასაყუჩებლად ტკივილისა, რომელსაც ერქვა –
ერთადერთი ქალის სახელი.
და მშვენიერი, მოლივლივე სილუეტები
ცდილობდნენ მისთვის მოეტანათ სიმშვიდე და თავდავიწყება,
მაგრამ მბრწყინავი აჩრდილებიც
ტკივილისა, სიამაყის და სიკვდილისა –
ავი ღიმილით ტრიალებდნენ,
კაცის ტანჯვას აელვარებდნენ.
მან ის დაკარგა, რადგან ქვეყნად ხეტიალისას
ყოველგვარი მონაპოვარი დანაკარგის დასაწყისია;
შეხვედრა უკვე განშორებაა;
მოლივლივე აჩრდილებიც თავს უქნევენ, ეთანხმებიან
მწუხარე ვარსკვლავებიც, ვნების გარეშე
მაღლა, ცაში გამოკიდულნი.
უკვდავი სიმთვრალე
უკვდავო სიმთვრალევ!
რა საზღაური უნდა მოგაგოთ,
რა სიმღერა უნდა დავჭექოთ,
როგორი ხოტბა უნდა შეგასხათ
იმისათვის, რომ მოგვანიჭე სიხარული, სიყვარული, თავდავიწყება
ჩვენ, ვისაც წილად გვხვდა სიჭაბუკე და შიმშილი ამერიკაში?!
ჩვენ ვართ ისე განწირულები, დაკარგულები, მარტოები – ამერიკაში.
გიგანტური, ველური ცა თავსზემოთ ელავს
და ჩვენთვის მას – კარი არა აქვს.
მაგრამ უკვდავო სიმთვრალევ,
ჩვენს სიჭაბუკეში შემოაღწიე,
როცა ჩვენი გულები თითქმის ამოჭამა უიმედობამ,
ჩვენი სულები შეშალა ძრწოლამ
და სირცხვილით დაიხარა ჩვენი თავები.
შენ მოხვედი გამარჯვებისთვის,
ველური რიტმით რომ ამოგევსო ჩვენი ცხოვრება,
რომ ჩამწყდარი ხმები ჭექით ამომსკდარიყო,
რომ დაგვენახა: ამ უთვისტომო, ხრიოკ მიწაზე,
ამ გიგანტურ, უკაცრიელ ზეცის ნაკადში,
უზარმაზარი ქალაქების სიმარტოვეში,
ბრბოს შეუწყვეტელ ნიაღვარში
სიჭაბუკე გაგვიძღვებოდა სიმდიდრისკენ, სახელისკენ, სიყვარულისკენ,
პოეზია სულებს სისწრაფეს მიანიჭებდა
და ვიბრძოლებდით, ვიბრძოლებდით,
ვიდრე სიცოცხლე ტრიუმფით არ გაბრწყინდებოდა.
და ჯადოქარო სიმთვრალევ,
რა ვქნათ, თუ ჩაიარა ათასმა წყალმა,
თმა გაგვცვივდა, დაგვიმძიმდა ყველა კიდური
და ძვალზე კანი დაგვეჭმუჭნა, ჩამოგვეკონკა…
შენ ხომ მუსიკით, პოეზიით მოხვედი ჩვენთან,
როცა ვიყავით ოცი წლისანი,
როცა ღამით, შინ მიმავალნი, ძილს ვუფრთხობდით
ბებერი მთვარით განათებულ ბოსტონის ქუჩებს;
და მეგობრების, ჩვენი მკვდარი ძმობილების შეძახილები
გაყუჩებულ მოედნებზე იყო ნამდვილი ჭექა-ქუხილი:
“შენ ხარ პოეტი და შენია მთელი სამყარო!”
და გამარჯვება, სიხარული, რწმენა, სინაზე
სისხლთან ერთად ძარღვებში გვენთო
და ასე, მთვრალი შეძახილებით
წინ მივიწევდით
და იგივე შეძახილი გვიბრუნდებოდა
მთვარიანი ბოსტონის ციდან
და სულ ეს იყო, რაც ვიცოდით:
ჩვენ ვიყავით მთვრალები და ოცი წლისანი
და ჩვენში ჩქეფდა პოეზიის ძალა
და ჩვენს წინ – მთელი სამყარო
დიდებისთვის გადაშლილიყო;
რადგან ვიყავით ჭაბუკები და მთვრალები
და უკვდავები!
იუჯინი 1
დასაძინებლად
მარტო დარჩა დარაბებით დახშულ ოთახში,
რომელშიც სხივი მაინც აღწევდა
და რაფაზე, იატაკზე გადადიოდა;
თვითონ კი იყო საიმედოდ გამოკეტილი
სევდაში და მარტოობაში.
თავის ცხოვრებას გადაავლო თვალი – უღრან ტყეს,
და იგრძნო: მუდამ სევდიანი იქნება ასე
გამომწყვდეული მრგვალ, პაწია თავისქალაში,
დატყვევებული მფეთქავსა და იდუმალ გულში;
მისი ცხოვრება გზად გაიფენს
მარტოობით სავსე სტრიქონებს.
დაკარგულია.
და იგრძნო, რომ ერთმანეთისთვის
უცხო არის მუდამ – ორი ადამიანი,
რომ ეს ორნი ვერასოდეს ვერ ახერხებენ
სიახლოვეს ერთმანეთისას;
რომ დედების ბნელ საშოებში ჩაკეტილები
ისე მოვდივართ, დედის სახეც კი არ გვინახავს;
და მივენდობით უცხო მკლავებს
და არსებობის სატუსაღო გვებღაუჭება;
და არასოდეს ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას
და სულ ერთია ვისი მკლავები გვეხვევა,
ვისი ბაგე გვკოცნის,
ვისი გული გვათბობს… არასდროს,
არასოდეს აღარ ვცდილობთ თავის დაღწევას.
ბენი 2, ჩემი აჩრდილი
მოულოდნელად ვგრძნობ: ჩემში ვიღაც ჩაკარგულა
და მე დაგეძებ
და გდევნი, გდევნი
ვიდრე არ შეწყვეტ – მშიერო, ჩემი თვალების დევნას.
მე უდაბნოში მომესმა შენი ფეხის ტყაპუნი,
შენი ჩრდილი დავინახე მკვდარ ქალაქებში,
შენი სიცილი წკრიალებდა ცოცხალ ქუჩებში,
მაგრამ ვერსად ვერ მოგიხელთე.
და ახლა, ჩემთვის ფოთოლიც არ იშლება ტყეში,
მთებზე აღარ დავეხეტები,
ქალაქებში კარს ვერ ვპოულობ;
მხოლოდ შიგნით, ჩემს არსებაში,
ჩემს სულში რომ კონტინენტია,
იქ მივაგენი დაკარგულ ენას,
დაკარგული ქვეყნის კარიბჭეს,
რომელშიც შესვლაც შემიძლია,
უცნაური მუსიკით ტკბობაც…
და იქაც ისევ, იმ სამყაროს ლაბირინთებშიც
შენ გდევნი, გდევნი მოჩვენებავ
ვიდრე – ო, ვიდრე…
ჩემი აჩრდილი ნუთუ შენ ხარ,
ბენ?
პასუხი ნუთუ ეს არის?
1. თომას ვულფის პროტოტიპი “შინ მოიხედე, ანგელოზოში”, რომელიც ავტორის ცხოვრების ადრეულ პერიოდს ემთხვევა.
2. ბენი – ვულფის ძამიკო – 10 წლის დაიღუპა.
(c) „არილი”