სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც პირველად 2008 წელს ჩატარდა.
კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე სტუდენტები აპლიკაციას ავსებენ და საკონკურსო მოთხრობას გზავნიან (თემა და ჟანრი შეუზღუდავია). მიღებული ტექსტებიდან ჟიური არჩევს ათ საუკეთესოს, რომელთა ავტორებიც კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადადიან და იმპროვიზაციულ ტურში იღებენ მონაწილეობას. იმპროვიზაციულ ტურში ჟიური განსაზღვრავს თემას, რომლის მიხედვითაც მონაწილეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში მოთხრობები უნდა შექმნან. სწორედ ამის შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი კი შემდეგ წელს ჟიურის წევრი ხდება.
„შემოდგომის ლეგენდის“ მონაწილეებისა თუ გამარჯვებულების ნაწილს მკითხველი უკვე კარგად იცნობს. სხვადასხვა დროს კონკურსში ივა ფეზუაშვილმა, ბექა ადამაშვილმა, დათო გორგილაძემ, ცოტნე ავსაჯანიშვილმა და გოდე გორგილაძემ გაიმარჯვეს. ხსენებული ავტორების წიგნები გამოცემულია, ზოგიერთი მათგანი კი სხვა კონკურსებისა თუ ლიტერატურული პრემიების ლაურეატიც არის.
წელს კონკურსში 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც საუკეთესო ათეული ბექა ადამაშვილმა, სალომე ბენიძემ და სალომე მხეიძემ შეარჩიეს. იმპროვიზაციული ტური Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ში გაიმართა. რჩეული კონკურსანტები 12 საათის განმავლობაში ქმნიდნენ ახალ ნაშრომებს, საკონკურსო თემა კი „მეზობელი“ იყო.
გამარჯვებული სამეული ჟიურის წევრებმა: მაკა ლდოკონენმა, დათო ტურაშვილმა, თეონა დოლენჯაშვილმა, არჩილ ქიქოძემ, რუსუდან რუხაძემ და წინა წლის გამარჯვებულმა, მარიამ ქავთარაძემ გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონია 20 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
წელს შემოდგომის ლეგენდის გამარჯვებულად თაკო წულაია დასახელდა („თამაში ორისთვის”). მეორე ადგილი ლუკა ჭყოიძეს ერგო („მოულოდნელი სტუმრობა“), მესამე კი – ანდრო ყირიმელს („ახეული შპალერი“). ტრადიციულად, გამოიცა ფინალურ ეტაპზე შექმნილი მოთხრობების კრებულიც.
არილი კონკურსის გამარჯვებულებს გაესაუბრა:
საიდან გაგიჩნდათ მოთხრობის სიუჟეტის იდეა, რეალობიდან არის ინსპირირებული თუ მთლიანად წარმოსახვის ნაყოფია?
თაკო წულაია: მართალია, სიუჟეტი თემის გამოცხადების შემდეგ მოვიფიქრე, მაგრამ კონკურსის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მყავდა პერსონაჟი, ნორა, განსაზღვრული ხასიათითა და ბიოგრაფიით. ძალიან მინდოდა, მის შესახებ დამეწერა და რადგან წერისას ყოველთვის პერსონაჟი მაინტერესებს და არა სიუჟეტი, ნორა მარტივად დავასახლე მთავარი გმირების მეზობლად და ჩემს იდეას მოვარგე (ან პირიქით, იდეა მოვარგე მას).
ინსპირაცია ყოველთვის რეალობაა, ოღონდ არ ვიცი, რა რეალობაა ეს, იმიტომ, რომ როცა ტექსტი იწერება, უკვე იმდენად სახეცვლილია, შეგრძნებების, ამბებისა თუ პერსონაჟების პირველწყაროს პოვნა თითქმის შეუძლებელია. თანაც წარმოსახვაც ერთგვარი რეალობაა, მხოლოდ ჩემი და არა სხვებთან გაზიარებული, მაგრამ მაინც რეალობა. ასე რომ, დიახ, არც ეს შემთხვევა უნდა იყოს გამონაკლისი. ნორას, ნოდარის და ნელის (და ყველა დანარჩენი პერსონაჟის) თვისებები გაბნეულია ვიღაცებში, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული არავინ მახსენდება ახლა და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიხსენებ.
რამდენად კომფორტულია თქვენთვის ამ ფორმატის კონკურსში მონაწილეობა, როცა წინასწარ გაქვთ მოცემული დავალება, რომელსაც უნდა გაართვათ თავი და რომლის პირობებიც უნდა დაიცვათ?
თაკო წულაია: სიმართლე რომ ვთქვა, ამ კონკურსში არაკომფორტული არა დავალება, არამედ ამ დავალების შესრულების პირობებია. ყოველგვარი ელექტრონული მოწყობილობის გარეშე (რაც თავისთავად გულისხმობს მუსიკის მოსმენაზე უარის თქმას), კალმით წერა ფურცელზე – ჩემთვის საერთოდ არაა კომფორტული და სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც სხვა დროს ვაკეთებ ხოლმე. დავალებას რაც შეეხება, პირიქით, საინტერესოა, არასდროს არის იმდენად კონკრეტული და ვიწრო, რომ თავი შეზღუდულად იგრძნო. ამიტომ ის, რაც ამ კონკურსში მომწონს, ზუსტად ესაა – იმპროვიზაციული ტური, რომელშიც საკუთარი იდეების პირისპირ რჩები 12 საათის განმავლობაში.
თქვენს მოთხრობაში პერსონაჟი იქცა მეზობლად. პირიქითაც ხომ არ მომხდარა? ფიქციურ „მეზობელს“ რეალური ადამიანების მახასიათებლები ხომ არ შეუძენია?
ლუკა ჭყოიძე: რასაკვირველია, მოთხრობის პერსონაჟის შექმნისას შთაგონება ნაცნობი ადამიანი, გაგონილი თუ ნანახი ამბავი გამხდარა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ წიგნის ყველა პერსონაჟს ჰყავს რეალური პროტოტიპი, უბრალოდ, ეს გმირები წიგნში გაცილებით იდეალურები ან პირიქით – ლიტოტესურები არიან. პირადად ჩემთვის, თუ ინსპირაცია რაიმე ავთენტურიდან მაინც არაა აღებული, ფიქციური პერსონაჟი ნაყალბევად მიმაჩნია.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე წინასწარ განსაზღვრული თემა „მეზობელი“ შთაგონების წყარო იყო თუ, პირიქით, დამაბრკოლებელი მითითება?
ლუკა ჭყოიძე: რაც შეეხება თემა „მეზობელს“, აქ ორი უკიდურესობა იჩენს თავს. უპირველესად ის, რომ ერთი შეხედვით, მარტივია, არაერთი ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს, ფართო არჩევანი გაქვს და მრავალი რამის შექმნა შეგიძლია, არ გზღუდავს, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, უმჯობესი იყოს უფრო კონკრეტულ და „ჩარჩოებში მოქცეულ“ თემაზე მოთხრობის შექმნა, რადგან „მეზობელი“ თუ მრავალ ასოციაციას აჩენს, ამასთანავე არანაკლები ცდომილებისთვისაც მზად უნდა იყო წერის პროცესში და თემაც შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს.
თქვენს მოთხრობას რამდენიმე მთხრობელი ჰყავს, რატომ შეარჩიეთ თხრობის ეს ფორმა და რას ჰყვებიან თქვენი პერსონაჟები?
ანდრო ყირიმელი: ჩემს მოთხრობაში, “ახეული შპალერი”, ამბავს სამი მთხრობელი ჰყავს. მათი მონათხრობი ამბავი ტექსტში ერთმანეთს ენაცვლება, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ნარატივი მულტიპერსპექტიული თხრობის ფორმითაა გადმოცემული.
მოგეხსენებათ, წლევანდელი “შემოდგომის ლეგენდის” იმპროვიზაციული ტურის თემა იყო – “მეზობელი”, შესაბამისად, ვიფიქრე, სიუჟეტი ბევრად უფრო საინტერესოდ განვითარდებოდა, თუ ტექსტს რამდენიმე მთხრობელი ეყოლებოდა.
მოთხრობის სამივე პერსონაჟი და, შესაბამისად, სამივე მთხრობელი ერთ კორპუსში გაზრდილი მეგობრები არიან, რომლებიც ბავშვობის შემდეგ ერთმანეთთან თითქოს გაუცხოებულებად გრძნობენ თავს, თუმცა პანდემიის დროს მომხდარი მოულოდნელი ამბავი მათ კვლავ გააერთიანებს და დააბრუნებს ძველ კორპუსში ერთი მნიშვნელოვანი რიტუალის შესასრულებლად.
როგორ ფიქრობთ, ამ კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებას ექნება შესამჩნევი გავლენა თქვენს შემოქმედებით განვითარებაზე?
ანდრო ყირიმელი: ვფიქრობ, რომ კი. კახეთში ჩატარებული იმპროვიზაციული ტური მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამ დღეების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, ჟიურის წევრებისგან, რომლებიც უკვე შემდგარი და გამოცდილი მწერლები არიან, მათი თითოეული აზრი, შენიშვნა თუ რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან საინტერესოა იმ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, ვისაც არა უბრალოდ უყვარს ლიტერატურა, არამედ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან ამ კონკურსის მონაწილეები. ჩვენ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს აზრებს, იდეებს და ვცდილობდით დავხმარებოდით ერთმანეთს. სწორედ ამ ყველაფერმა შექმნა წლევანდელი იმპროვიზაციული ტური, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
და ყველაზე მთავარი, “შემოდგომის ლეგენდამ” დამაფიქრა იმის შესახებ, რომ საინტერესო ამბები, ისტორიები ჩვენ ირგვლივაა, ჩვენ მეზობლად, მწერლის ფუნქცია კი ასეთ ისტორიებზე ჩასაფრება და მათი პროზად ქცევაა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ამ ამპლუაში ყოფნა ძალიან, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა.
© არილი