პოეზია

მამუკა ლეკიაშვილი – ლექსები

ლექსების ციკლის მეორე ნაწილი

5.

კონტინენტი

ამპუტაცია, ამპუტაცია, ამპუტაცია!

როცა ადამიანს თავისი სხეულის რომელიმე

კიდური ეზედმეტება და მისი მოშორება

და ამპუტაცია სურს,

მის ასეთ მდგომარეობას

ეწოდება „აპოტემნოფილია“

და ეს მიიჩნევა ავადმყოფურ მდგომარეობად

და ტვინში არსებული სხეულის სქემის დეფექტად,

ოღონდ

პირდაპირი თუ არა,

გადატანითი მნიშვნელობით მაინც

ამპუტაციის

მოთხოვნილება საკმაოდ ხშირად

შეუჩნდება ხოლმე ადამიანს,

რომლის სიჯანსაღეში

ეჭვიც კი არავის ეპარება,

არც თვითონ.

და ადამიანს ყველაფერი თავისნაირი ჰგონია

და მას ჰგონია, რომ

სამყაროს მბრძანებელი დრო

ჰგავს ადამიანს,

ზედმეტად თუ არა,

საეჭვოდ მაინც ჰგავს.

ოღონდ ყოველთვის კი არ ცდება ადამიანი

და ადამიანს ჰგონია,

რომ დროც მასავით,

ადამიანივით, ორ ფეხზე შემდგარი

დადის

და რომ დროის ერთი ფეხია წარსული,

ხოლო მეორე ფეხია

მომავალი

და ამ ორ ფეხს შორის მდებარეობს

ეს აწმყო,

რომელიც დროის სასქესო ორგანოა

და ხან ისეთია,

რომ ფეხებს შორის

ანუ წარსულსა და მომავალს შორის

დროს ჰკიდია და ხან სიყვარულის

აგზნებული კომპასის ისრად

თრთის,

ან ის მღვიმეა, მღვიმე,

უბრალო მღვიმე,

ხან სასიყვარულოდ დამწიფებული

და ნოტიო მღვიმეა,

რომელიც ზოგჯერ,

როცა შემთხვევა ან ოჯახი და ტრადიცია

და თავისი როლის ვითომ სრულფასოვნად შესრულების

მოთხოვნილება აიძულებს,

მშობიარობს,

მშობიარობს თავის ბუნებრივ სიბინძურეში

ჩაძირული.

კი, აწმყო დროის სასქესო ორგანოა

და ის ჩვენ გვაჩენს და ის ჩვენ გვბადებს

და არამარტო ჩვენ,

მთელ ამ სამყაროსაც ეგ თან ჩასახავს

და თან ბადებს.

კი, ზოგჯერ არ ცდება ადამიანი,

ზოგჯერ არ ეშლება ადამიანს,

და დროს მართლა ორი ფეხი აქვს

და აწმყო მისი სასქესო ორგანოა ხოლმე

და ნუ გავაცდენთ,

მოდი, ნუ გავაცდენთ მას ნურც

სამყაროს ჩასახვასა და დაბადებაზე,

ნურც ჩვენს ჩასახვასა და დაბადებაზე.

მე და შენ რაც გვჭირს,

ეგ არის დროის ორი კიდურის,

მისი ორივე ფეხის,

წარსულისა და მომავლის,

მოკვეთის,

ამპუტაციის სურვილი,

რომელსაც თუ ავისრულებდით,

ჩვენ დავრჩებოდით

გულახდილ

და, უფრო მეტიც,

გულწრფელ

აწმყოში, რომელსაც

აღარ ევალება არც განაყოფიერება

და არც ჩასახვა და დაბადება

ამ ჩვენი სამყაროსი ან ჩვენი

და არც არაფრის.

წარსულისა და მომავლის ამპუტაციის სურვილს

და მოთხოვნილებას დაერქმეოდა

კი „ტემპორალური აპოტემნოფილია“.

დრო გაიხადე,

დრო გავიხადოთ,

და ეს სამყარო მისი

დაბადებისას დაღვრილ წყლებსაც წაუღია.

წარსული იმას სჭირდება,

ვისაც სიცოცხლის ეშინია

და მომავალი იმას სჭირდება,

ვისაც სიკვდილის ეშინია

და ამ საღამოს ვიყიდე

გადამწიფებული შავი ქლიავი,

რომელსაც ყიდიან სასაცილოდ იაფად,

რადგან არ იციან,

რომ ეგეთი ქლიავი თუ კარგად ჩააცივე,

არაფერი სჯობია მისი გემოს გასინჯვას.

დროს მართლა ორი ფეხი აქვს,

წარსული და მომავალი,

და მათი მოკვეთის, ამპუტაციის შემდეგ,

ის რაც მათ შორის იყო

და რასაც მისთვის გზასაცდენილი ბიოლოგიის

და გარყვნილი ტრადიციის მიერ

დაკისრებულ

ფუნქციასა და მოვალეობას

თუ მოვაშორებთ,

ჩვენ დავბრუნდებით აწმყოში

და ჩვენ დავიბრუნებთ აწმყოს

და ან შევხვდებით მასში ერთმანეთს,

ან არ შევხვდებით,

რადგან ვრცელია აწმყო და

იგი არის მთელი კონტინენტი,

რომელზეც იზრდება უთვალავი

ხეხილი

და მათ შორის მრავალია ისეთიც,

რომლის შესახებ

ჩვენ აქ წარმოდგენაც არ გვაქვს.

6.

მაშინ

ვართ

მე

და

შენ

ორნი,

როცა

დანარჩენებისგან

გამოგვაცალკევებს

მსგავსი

განსხვავება

და

იქ

ვართ

მე

და

შენ

ორნი,

სადაც

ერთმანეთთან

შეგვყრის

განსხვავებული

მსგავსება.

7.

აუცილებელი უაზრობა

სახიფათოა გულახდილობა,

გულწრფელობა კი უფრო მეტად

და შენ რადგან ბრიყვი და რეგვენი არ ხარ,

ამიტომ იცი,

რომ პოეზია შეიძლება უფრო მეტს მოიცავდეს,

გულისხმობდეს და ავალებდეს,

კარგი, უბრალოდ ურჩევდეს პოეტს,

ვიდრე შენ წარმოგიდგენია

და ამიტომ არ დასვამ მდაბიო კითხვას:

– საერთოდ არ მესმის,

ეს რატომ არის პოეზია და ლექსი?!

ერთ კარგ კაცს ვიცნობდი,

რომელიც რადგან ტაქტიანი იყო,

ამიტომ ყოველთვის ალბათ ვერ იყო გულახდილი,

თუმცა გულწრფელი იყო

და იმ გულწრფელ ადამიანს

ქოხიდან რაღაც გაურკვეველი ხმები მოესმა,

ხმები, რომლებიც იმაზე მეტყველებდა,

რომ ქოხში ვიღაც იყო

და ის ვიღაც ან ვიღაცები

შეიძლება ჩასაფრებული მტრები ყოფილიყვნენ

და მან ქოხის ღია ფანჯარაში –

ზაფხული იყო და ფანჯარაც ღია იქნებოდა –

და მან იმ ღია ფანჯარაში ხელყუმბარა

შეაგდო, შეისროლა

და იქ მოხუცი, ღრმად მოხუცი

ცოლ-ქმარი მოკვდა.

სამაგიეროდ,

ერთ უფროს, ასაკში შესულ კაცს შევხვდი,

სამხედროს, რომელიც

იმით ამაყობდა,

რომ თვრამეტი წლის ბიჭი დახვრიტა

სანაპიროზე.

ეგ მწყემსი იყოო და საქონელს

ხან აქეთ გადმორეკავდა

და ხან იქით მიერეკებოდა

და ჩვენი ამბავი იქით მიჰქონდაო

და მზვერავი იყოო,

და დავიჭირეთო და

ეს რა ღონიერი ტყვიები მქონიაო,

აღტაცებული იყო.

როცა დავხვრიტე და გულის ჯიბიდან საბუთი

ამოვუღე,

იმ საბუთში გარჭობილი იყო

იმ ბიჭის ნეკნების

ნემსებივით ანატკეჩებიო,

და ამაყობდა

დახვრეტით და თავისი ტყვიების ღონით,

ან იქნებ თავს ირწმუნებდა,

რომ ამაყობდა.

ყველაფერი რომ აუცილებლად უაზრობაა,

ეს ხომ ცხადია,

ოღონდ ეს იმას კი არ გულისხმობს

და იმას კი არ ნიშნავს,

რომ ამიტომ არაფერი არ უნდა აკეთო.

უნდა აკეთო,

უნდა აკეთო აუცილებელი უაზრობა,

აუცილებელი უაზრობა

კი თითქმის პოეზიის განსაზღვრებაა

და არამარტო პოეზიის.

აუცილებლად უაზრობაში

აუცილებელი უაზრობის კეთება

ღირს და მეტი

ალბათ

არც არაფრის.

8.

კონტეინერს

ინგლისურად კითხვა კი შემიძლია,

ოღონდ ინგლისური წესიერად არ მისწავლია

და ამიტომ

კითხვის დროსაც მიწევს ხოლმე შეჩერება,

რადგან ზოგჯერ რაღაც კარგად არ მესმის.

დაღლილს უფრო მემართება ხოლმე ასე,

თუმცა მაინც.

და ეგ რაღაცით კარგია,

კარგია,

რომ ინგლისურის არც ისე კარგად ცოდნა

შეჩერებისკენ და უკან მიბრუნებისკენ მიბიძგებს,

რომ უკეთ გავიგო,

რომ გავიგო სათუო ფრაზა.

გული თუ ძალიან არ გაგიწყალე,

ჩემო ერთადერთო მკითხველო,

თავი თუ არ მოგაბეზრე

და ყელშიც თუ ჯერ არ ამოგივიდა

ჩემი ლექსების კითხვა ან მოსმენა,

მინდა, განვმარტო,

კიდევ ერთხელ ავხსნა,

რომ პოეზია უნდა იყოს

რამდენადმე მაინც უცხო ენა,

რომელიც მის მკითხველს ან მსმენელს,

რეციპიენტს,

შეჩერებისკენ უბიძგებს ისე,

როგორც არც ისე კარგად ნასწავლ

უცხო ენას სჩვევია.

ამიტომაა, რომ ქართული პოეზია

ნაგავია,

ოღონდ ამ ნაგავს არ ეკუთვნის

არც რუსთველის პოემა

და არც ვაჟა-ფშაველას ორი პოემა

და არც ის ერთი ძველთაძველი ლექსი

და არც ის სიკვდილის და სიყვარულის

საქებად ნათქვამი თარგმანი.

როგორც ყველა პრიმიტიული არსება,

ქართველიც ითხოვს,

რომ სრულებით გასაგები იყოს მისთვის ყველაფერი,

რასაც მას ეტყვიან ან წააკითხებენ

და ამიტომ თანხმდება რელიგიასაც.

პოეზია ცუდად თუ არა,

არც ისე კარგად ნასწავლ ენაზე უნდა

მეტყველებდეს,

რადგან ასე გახშირდა ეს უცნაური სიტყვა –

ინფორმაცია.

თუმცა კაცმა არ იცის,

თუ ზუსტად რას ნიშნავს

ინფორმაცია.

თუმცა კაცს გააჩნია, არა?

ინფორმაცია არის ის, რაც

მიგითითებს შენს შეცდომაზე,

ან უფრო დანდობით რომ ვთქვა,

შეგამჩნევინებს შენს შეცდომას

ანუ იმას, რომ რაღაც გეგონა

და არ უნდა გგონებოდა.

ქართველებს და საერთოდაც

პრიმიტიულ არსებებს

არ უყვართ,

როცა შეცდომაზე მიუთითებენ,

როცა მათ თავიანთ შეცდომას შეამჩნევინებენ,

ამიტომ ურჩევნიათ,

რომ ნაგავი პოეზია ჰქონდეთ.

იმ უბედური ადამიანებისთვის ხომ მოგიკრავს თვალი,

ისინი თბილისში ხომ შეგიმჩნევია,

ქუჩების გასწვრივ გამოდგმულ

ნაგვის კონტეინერებში რომ ქექავენ ნაგავს

რამე საკბილოს ან რამე ჯვალოს საპოვნელად.

ქართველიც ეგ არის,

ნაგვის კონტეინერიდან ნაგვის კონტეინერთან

მოხეტიალე

და მის ერთ ნაგვის კონტეინერს აწერია

„ქართული პოეზია“ და მეორეს აწერია

„საქართველოს ისტორია“

და მესამეს მოკლედ აწერია „ღმერთი“

და სხვებსაც ნახავ ამგვარ წარწერებიანს.

შენი სხეულის დანახვა

ან შეხება,

როცა ჩრდილზე უფრო შიშველი ხარ

ან შენი სახის დანახვა,

ან მისი ნაკვთების

ფრთხილად შეხება ყოველთვის,

როცა ეგ შეიძლება მოხდეს ხოლმე,

მე მიმითითებს,

ან უფრო კორექტულად რომ ითქვას,

შემამჩნევინებს,

რომ მე ვცდებოდი

და რომ შენი მკერდის კერტი თუმცა ორია,

არცერთი არ მეორდება.

თავისი სიკვდილი ვერავის ვერაფერს

ვერასოდეს ვერ ასწავლის,

აი, ის თავისებური რამე კი,

რომელსაც ჰქვია

წყვილის შემცველი სახელი

„სიყვარული“,

ადამიანს ასწავლის,

რომ შეცდა,

რომ ეშლებოდა,

რომ არ იცოდა,

რომ ვერ გრძნობდა,

ვერ ხედავდა

და არ ესმოდა.

შენ ქალი ხარ

და შენი მესამე,

ეგ კენტად დაცურებული თვალი

სიხარულის და სიცილის ცრემლებს

როცა ღვრის,

მე მეჩვენება,

რომ შენ გიყვარვარ.

გამაგებინე,

ვცდები?

თუ სიკვდილს

ვკითხო?

თუმცა მაგას

რა უნდა ვკითხო,

მაგან საერთოდ რა იცის?!

9.

სტუმარ-მასპინძელი

– ყოველი ჩრდილის ტანი არის რომელიმე

შუქის ყავარჯენი.

ოღონდ ის ზის და სიგარეტს ეწევა

და ყავას სვამს და თავისას განაგრძობს:

– ყველა ჩრდილის ტერფი,

რომელიც რამეზე ან დადგმულია,

ან მისრიალებს,

არის დაწყებული ორმო.

ყველა ჩრდილი არის დაწყებული და იქვე მიგდებული,

მიტოვებული ორმო,

თავთხელი ორმო

და არის ორმოს პროფანაცია!

ამას ამბობს და მხრით მანიშნებს,

რომ მეტი უნდა გამანდოს.

– მეც რაღაც ეგეთი ვარ,

ნახევრად დავრდომილი და ნახევრად შემძლე

და ვნანობ პირველ შეცდომას,

რომელიც დავუშვი,

როცა

არ დავაკვირდი ჩემს ერთადერთ ნიჭს

და არ შევნიშნე,

საზიზღარი სიტყვაა ეს „მოწოდება“,

ამიტომ უნდა ვთქვა evocation.

და მერე ყველაფერი ლოგიკურად მიჰყვა

იმ პირველ უყურადღებობას,

პირველ შეცდომას,

როცა მე გამომრჩა,

რომ უკვე მაშინ,

როცა გაცილებით დაბალი ვიყავი,

მე მიზიდავდა,

მხიბლავდა,

მართლა მითრევდა მიწის თხრა,

არა, არა, იმისთვის კი არა,

რომ რამე ვითომ დამეთესა

და მიწათმოქმედი მგონებოდა თავი.

ორმოს თხრა მათრობდა მანამდე,

ვიდრე ღვინით სიმთვრალეს პირველად გამაცნობდა

ჩემზე ორჯერ უფროსი ქალი,

რომელსაც უსასრულოდ მაღალი ბარძაყი ჰქონდა

და კი, შევცდი, რომ არ გავიზარდე მღვრიე ცხოველად,

მღვრიე და კვადრიპედალურ,

ოთხფეხ ცხოველად,

რომელსაც ოთხი კიდურის,

ოთხი ფეხის მაგივრად

ექნებოდა

ბარი, ძალაყინი, წერაქვი და ნიჩაბი.

ვერც ვერავინ ვერაფერს უცნაურს ვერ შემატყობდა,

რადგან ვიშოვიდი საჩემო სამუშაოს

და გასამრჯელოც არ მომაკლდებოდა,

და იმდენს მაინც ვიშოვიდი,

რომ ჩემი ფულით მეყიდა ხოლმე

აი, ესენი!

და მან სიგარეტი და ყავის ჭიქა ერთდროულად

ერთმანეთს ჰაერში შეახვედრა,

რომ დამენახა,

რას გულისხმობდა.

– კი, მესაფლავედ ვიმუშავებდი

და ამოვთხრიდი ორმოებს

და ამოსათხრელი ორმოები

არ შემომაკლდებოდა,

რაკი ქალაქში ვცხოვრობ.

კი, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი,

უკვე მაშინ, ნახევარ საუკუნეზე

მეტი ხნის წინ უნდა შემემჩნია,

რა იყო ჩემი საქმე

და რომელი იყო ჩემი მეათე მუზა,

რომლისთვისაც უნდა დამეგდო დამჯერი ყური.

მაშინ, ზაფხულის სოფელში,

აგარაკზე ვახერხებდი ხოლმე მიწის თხრას

სადმე, ეზოს კუთხეში

და ის ხდებოდა,

რომ ძალა კი მალე მეცლებოდა,

ოღონდ ის ჩემი ღონე,

მე რაც მაკლდებოდა,

ავსებდა სიცარიელეს,

სიცარიელეს ანუ ორმოს.

თუმცა ალბათ გადავრჩი,

რომ მესაფლავე არ გამოვედი, რადგან

საფლავი მაინც რაღაცნაირად

წასაბილწად განწირული ორმოა,

რადგან იმის მაგივრად,

რომ ის ძალ-ღონით სავსე სიცარიელე იყოს,

ორმოში დებენ მკვდარ ადამიანს.

მკვდარი ადამიანი

კი ცოცხალზეც კი

უფრო თუ არა,

არანაკლებ ცარიელია.

ეს რომ თქვა, წამოდგა,

ყავის დაცლილი ჭიქა გასარეცხად მე დამიტოვა,

თვითონ მოუკიდა ახალ სიგარეტს,

თავისი ჩრდილი კედელს გადაატარა

და წავიდა.

ის სტუმარი იყო

და მე მასპინძლად დავრჩი

და მე არ მითქვამს მისთვის,

რომ ერთ-ერთ კედელზე

ვინახავ ჩრდილს, რომელიც,

 მალე ან ოდესმე მაინც

რომ უნდა მოვიდეს,

იმ ქალის ტანის და

ტერფების იქნება.

© არილი

Facebook Comments Box