მთარგმნელი, პროფესორი ლევან ბერძენიშვილი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიამბობს:
კითხვის პირველი მოგონება
ჩემს საყვარელ მშობლებს ძალიან ვუმადლი, რომ ბედნიერი და უღრუბლო ბავშვობა მქონდა. პირველი ჩრდილი ამ ბედნიერებას მაშინ მიადგა, როდესაც დედაჩემმა ჩემს ლოგინში იპოვა წიგნი და პურის ნამცეცები. წიგნი გვარიანად დალაქავებული იყო, როგორც ჩანს, ცხიმიანი კერძებით. ასე რომ, ჩემი მკითხველად ჩამოყალიბების გარიჟრაჟზე კითხვისა და ჭამის სიამოვნება შეერწყა ერთმანეთს. ასეთი იყო ბუნებასა და კულტურას შორის არსებული მარადიული დაპირისპირების გადაწყვეტის ხერხი, რომელსაც მე მივაგენი. მხატვრულ წიგნს ხშირად ახლაც წამოწოლილი ვკითხულობ. კარგი წიგნი ახლაც ლოგინში ჭამისკენ მიბიძგებს და ბავშვობაში მაბრუნებს.
ბავშვობის საყვარელი წიგნი
„გრაფი მონტე-კრისტო“. ღალატი, უსამართლობა, პატიმრობა, თავისუფლება, სიმდიდრე და დახვეწილი, ხელოვნების რანგში აყვანილი შურისძიება. მარსელელი მეზღვაური ედმონდ დანტესი და მისი გემი „ფარაონი“. პატიოსანი მეზღვაური და მისი საცოლე მერსედესი. ედმონდს ყველაფერს ეცილებიან: მერსედესს ეცილება ფერნანი, ქალის ბიძაშვილი, ხოლო გემის კაპიტნობას ვინმე დანგლარი. ეს ორი მოცილე და მეზობელი, თერძი კადრუსი, ეს სამეული, „მარსელის ტროიკა“, დააბეზღებს ედმონდს, იმ დროში ყველაზე საშიშ რამეს, ბონაპარტისტობას დააბრალებენ. ძალიან მიყვარდა ეს წიგნი, რომელმაც დიუმას მსოფლიო სახელი და ისეთი სიმდიდრე მოუტანა, რომ მონტეკრისტოს სასახლე აიშენა და გრაფივით განცხრომაში ცხოვრებას მიეჩვია. ვოცნებობდი მონტეკრისტოობაზე, სიმდიდრესა და არარსებულ მტრებზე შურისძიებაზე. ამ ოცნებებიდან მხოლოდ ციხე ამიხდა…
წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა
ჩემი, როგორც მკითხველის, ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად: „ალუდა ქეთელაურის“ წაკითხვამდე და ამ მცირე, 600 სტრიქონიანი პოემის წაკითხვის შემდეგ. როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, რა შეიძლება მან აღმოაჩინოს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა ღლონტმა, აგვიხსნა, რა არის პლატონის მღვიმის მითოსი. ამ მითოსში დედამიწაზე ამოყვანილი და მღვიმეში დაბრუნებული ადამიანი მან დაგვიხატა როგორც ალუდა ქეთელაური, რომელმაც არა მხოლოდ აღმოაჩინა ახალი ჭეშმარიტება, არამედ იგი ცდილობს, მისი აღმოჩენა სხვებმაც გაიზიარონ… ჩემში ჩამოყალიბდა ალუდას კულტი, ვაჟა კი სამუდამოდ გახდა ჩემთვის არა ბუნების მესაიდუმლე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ზნეობის ავტორი, მომავლის ავტორი…
მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა
ალბერ კამიუ. მიტაცებდა ყველაფერი, რაც მან დაწერა, აბსოლუტურად ყველაფერი. ფრანგული ჩემი პირველი უცხო ენა იყო და კამიუთი გატაცება სკოლიდან რომ დამეწყო, არასოდეს არ დამთავრებულა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მისი შემოქმედებიდან რამე გამომრჩენოდა, რაც ფრანგულად არ მექნებოდა წაკითხული. ყველაფერს ვთარგმნიდი და ახლაც ვთარგმნი, მაგრამ არასოდეს არაფერი ამ მწერლისა არ გამომიქვეყნებია. დედამიწის ზურგზე მეორე ასეთი „ჩემი“ მწერალი არ არსებობს.
წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა
ჰემინგუეი. ნოველები. მეც ვწერდი ნოველებს. ერთის დასაწყისი მახსოვს: „გემის ჭვინტზე იდგა გოგონა…“ ოციოდე ნოველა რომ დამიგროვდა, დედას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მივეცი, როგორც ექსპერტს. განაჩენი სასტიკი იყო, მაგრამ მე იგი ვაღიარე და მას დავემორჩილე. არასოდეს არაფერი მხატვრული არ დამიწერია, თუმცა ავტობიოგრაფიულ წიგნში რაღაც-რაღაც მხატვრული გამეპარა, მაგრამ მაგ დროს ჩემი მთავარი ექსპერტი ამქვეყნად აღარ იყო.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები
ჰომეროსი, სოფოკლე, ტოლსტოი, დოსტოევსკი. როგორც რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორს, შედარებით თავისუფალი დრო მიჩნდება იანვარ-თებერვალსა და ივლის-აგვისტოში. ზამთარში ბერძნებს გადავიკითხავ ხოლმე და ზაფხულში – რუსებს. წლევანდელი ზაფხული, გასაგების მიზეზების გამო, „ჩემმა“ რუსებმა „ჩემსავე“ ბერძნებს დაუთმეს. ბერძნულ და ლათინურ ტექსტებს აუცილებლად ვკითხულობ ხოლმე წლის განმავლობაშიც, რადგან კარგად მომეხსენება, რომ სიმწრით ნასწავლმა კლასიკურმა ენებმა დავიწყება იცის.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები
„მამა გორიო“. ბალზაკის შედევრი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები, რადგან ყველაფერი – გეოგრაფია, პერსონაჟები, ცალკეული პასაჟები, პერ-ლაშეზის სასაფლაოს ის ადგილი, საიდანაც პარიზის ცენტრი კარგად მოჩანს, ფრანგი მეფე ლირის, მევერმიშელე გორიოს ტრაგედია, ვოტრენის საიდუმლოთი მოცული პიროვნება, ეჟენ რასტინიაკის კარგი ბიჭობა და მისი შემდეგი გადაგვარების დეტალები, სენის მარცხენა სანაპიროს უპირატესობანი, აჟუდა პინტუს სატრფიალო გემოვნება, მადამ ბოსეანის ტრაგედია, გობსეკის ხასიათი, მადამ ვოკეს უსაფუძვლომ პრეტენზიები, პანთეონის უბანი, – ყველაფერი ეს თითქმის ზეპირად ვიცი. „მამა გორიო“ წაკითხული მაქვს ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად და ქართულად. ნანახი მაქვს თითქმის ყველა ფილმი, სერიალი და ა.შ. საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდა თითქმის ჩვენებური (ახალციხელი მამა) შარლ აზნავურის მიერ შესრულებულ როლზე, უამრავი რამ მაქვს ამ რომანზე წაკითხული, დონალდ ადამსონის, ერიხ აუერბახის, პიერ ბარბერისის, დევიდ ბელოსის, პიტერ ბრუქსის, სომერსეტ მოემის წიგნები და სტატიები. გულდასმით ვასწავლი, როგორც პედაგოგი, მოკლედ, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რომ მომისაჯონ, ხელახლა ვეღარ წავიკითხავ.
წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე
ლორენს სტერნი, ორივე წიგნი, „ცხოვრება და შეხედულებანი ტრისტამ შენდისა, ჯენტლმენისა“ და „სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში“. ახლოსაც არ ვეკარებოდი, რადგან სულ მეგონა, რომ მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის კუთვნილება იყო, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ასეთი სახალისო და საყვარელი, ჭეშმარიტად „საჩემო“ ავტორი იშვიათად მოიძებნება. სხვათა შორის, ლორენს სტერნზე ვოლტერიდან „გავედი“.
პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ
ასეთი ვინმე არ არსებობს, მაგრამ ადრე მეჩვენებოდა, რომ ეს იყო „ჯადოსნური მთის“ პროტაგონისტი, ჰანს კასტორპი. ჯერ ერთი, შვიდი წელი. ჰანს კასტორპმა შვიდი წელი გაატარა შვეიცარიაში, დავოსის მახლობელ ბერგჰოფის სანატორიუმში. მე ოთხი წელი გავატარე პატიმრობის მოლოდინში და სამი – პატიმრობაში. პირველი ოთხი ჯოჯოხეთი იყო და მომდევნო სამი – სალხინებელი ანუ განსაწმენდელი. ჰანს კასტორპი „იჯდა“ ბერგჰოფში და მე – ბარაშევოში. მეორეც, უცხო ენები: ინგლისური და ფრანგული. იმასაც და მეც იზოლაციაში უამრავი მასწავლებელი გვყავდა. იყო აშკარა პარალელებიც: ლოდოვიკო სეტემბრინი და ჩემი ყოვლისმცოდნე გურუ, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, კარდუჩის მნემკვიდრე სეტემბრინივით დიდი ლიბერალი ვადიმ იანკოვი, „ჯადოსნური მთის“ ფსიქოანალიტიკოსი დოქტორი კროკოვსკი და ჩემი პირველი ფსიქოანალიტიკოსი ბორის მანილოვიჩი. ოღონდ მე ჩემი კლავდია შოშა არ მყოლია, თუმცა ჩემი რჩეულის გვარიც ასო შ-ზე იწყება.
ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს
ერნესტ ჰემინგუეი, განსაკუთრებით რომანები. ბავშვობასა და ახალგაზრდობის პირველ წლებში ჰემინგუეი ჩემი კერპი იყო. კედელზე მისი სურათი მეკიდა. ყველაფერი მომწონდა, ნოველებიდან დაწყებული (ამაში საყვედური არ მეთქმის), რომანებით დამთავრებული. საბჭოთა დროში მეოცე საუკუნის თითქმის ერთადერთი ხელმისაწვდომი უცხოელი ავტორი იყო. მგონი, ყველაფერი მაქვს წაკითხული, რაც დაუწერია. გაუცხოება დამეწყო, როგორც კი ფოლკნერის კითხვა დავიწყე. პირველი „ჰარი მორგანი“ ვერ ავიტანე, შემდეგ „განუყრელი დღესასწაული“, განსაკუთრებით, ფიცჯერალდთან დაკავშირებული ეპიზოდები და შემდეგ „კუნძულები ოკეანეში“. ნოველებს და „მოხუცსა და ზღვას“ არ ვერჩი, თუმცა ხელახლა წაკითხვა აღარ მომნდომებია.
წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე
ასეთი რამ არ არსებობს. თუ კითხვა დავიწყე, აუცილებლად დავასრულებ. ისეთი წიგნიც კი დამისრულებია, რომელსაც „სოფელი ღონიერია“ ერქვა. ბუნებრივია, ეს არ ეხება ამა თუ იმ კონკურსზე წარმოდგენილ წიგნებს, რომლებსაც სპეციალურად მოფიქრებული სქემის მიხედვით ვათვალიერებ, როგორც ჟიურის წევრი.
ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე
გენიალური მარიო ვარგას ლიოსას „დეიდა ხულია და ჯღაბნია“ და ჟან ჟიროდუს „ტროის ომი არ იქნება“ ინგლისური თარგმანი (ელექტრონული, ამაზონიდან).
წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ
ჰომეროსის „ოდისეა“. დაწყებული მაქვს თარგმანი. ათი წელია, ვფიქრობ, ბოლომდე ვთარგმნო თუ არა. თამაზ ჩხენკელისა და ზურაბ კიკნაძის მშვენიერი პროზაული თარგმანი არსებობს, მაგრამ სხვა პრინციპებზე აგებული ახალი პროზაული თარგმანი „არ აწყენს“.
წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი
ბევრი წიგნი, რომელიც მიყვარდა, ვთარგმნე: ჰომეროსის „ილიადა“, ვერგილიუსის „ენეიდა“, ბერძენი დრამატურგები (ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები, არისტოფანეს კომედიები – ყველაფერი ეს სრულად), ფრანგი დრამატურგები (რასინი, კორნელი, ჟიროდუ, ჟიდი, კოქტო, ანუი), პოეტები (ბოდლერი, აპოლინერი), მაგრამ მუდმივად გული მწყდება, რომ ვერასოდეს ვთარგმნი ჩემი ძველი და უცვლელი კერპის, ფრიდრიხ ნიცშეს წიგნებს. განსაკუთრებით მინდოდა მეთარგმნა „ტრაგედიის წარმოშობა მუსიკის სულიდან ანუ ელინობა და პესიმიზმი“. ამას და ზარათუშტრას აუცილებლად ვთარგმნიდი, გერმანული რომ მცოდნოდა.
წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ
არუნდატი როის „წვრილმანების ღმერთი“. ინდოელი მწერალი ქალის სრულიად მოულოდნელი შედევრი. ბუკერის პრემია. თამარ ჯაფარიძის უბრწყინვალესი თარგმანი. ლამაზი ქალი, მოდელი და მსახიობი რომ შეიძლება შესანიშნავი მწერალი იყოს, ქართულმა სინამდვილემაც დამიდასტურა.
© არილი