Uncategorized,  ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი

მალხაზ ხარბედია – გიგი სულაკაური – თბილისი, ჩემი სოფელი

ამ სტატიის გმირი კიდევ ერთი მოხეტიალეა, ქალაქელი ყარიბი, გზებისა და ჯურღმულების მცოდნე გიგი სულაკაური, პოეტი, ვინც თბილისის ტექსტი, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებას და პირად გეოგრაფიას დაუკავშირა. კიდევ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ქართულ ლიტერატურას სხვა რამდენიმე ქალაქელი მოხეტიალეც ჰყავს, მაგ. შოთა ჩანტლაძე. ადრე მასზეც მქონდა წერილი. „ბაღი და ხეტიალი“ – ასე ერქვა, თუმცა გიგიზე წერისას მინდა სრულიად გავთავისუფლდე იმ ტექსტისგან და სხვა ხეტიალი, სხვა კავშირები დავინახო.  

გიგიც დახეტიალობს, ხეტიალი და დანარჩენი „სიგიჟეები“, როგორც წიგნის მიძღვნაში წერს, მასთანაც მთავარია. მაგრამ ეს მისი, გიგის სახეტიალო და საწერია. ზოგი მამის, არჩილ სულაკაურის ტექსტებსაც დაუკავშირებს მის ნაწერს, თავად გიგიც არაერთხელ ახსენებს მას, არაერთი პარალელის გავლებაც შეიძლება, მაგრამ ამჯერად ცდუნებას გავუძლებ და მხოლოდ გიგიზე დავწერ, რადგან არჩილ სულაკაურზე და მის ქალაქზე ცალკე სტატია მაქვს ჩაფიქრებული. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი მამა აქ აჩრდილივით გაიელვებს ერთი-ორჯერ.

გიგის ქალაქური ტექსტები, პირველ რიგში, მოძრაობის ტექსტებია. შეუძლებელია იყო მოხეტიალე და ადგილზე იდგე, არ იძვროდე. გიგი არაა ძეგლების პოეტი, ქალაქური მონუმენტურობის მეხოტბე, მასთან, უპირველეს ყოვლისა, გადაადგილებას, მიზნისკენ სვლას, ზანტ ან მკვეთრ მოძრაობებს ვხედავთ და შესაბამისი ზმნებიც ძალზე ხშირია. თავად ქალაქიც მოძრაობს, მასში, ბებერ ქალაქში კი სიცოცხლე მოძრაობს და მასთან ერთად პოეტი სადღაც მიემართება, იგი გზას ადგას, მას გზა უჭირავს, „როგორც ბებუთი“. იგი გვემშვიდობება და გვეუბნება, რომ წავიდა:

„ახლა ნება მაქვს, რომ იქ მივიდე

სადაც უკეთესს ანდა უარესს

სამყაროს მოვქსოვ ობობასავით და

იქ მარტო ვიმოძრავებ“

მას სიარულისას ხან მოუხარია (მიუხარია), ხანაც ნელი ნაბიჯით დადის, დაეხეტება მოჩვენებითი გულგრილობით. იგი გამოქცეული კატორღელიცაა, „საკუთარი ნაბიჯისა და სუნთქვის სიხშირეს“ აყოლილი და სახლიდან წამსვლელიც, რომელსაც ყვავის ერთად-ერთი რეჩიტატივი ჩაესმის: „აიბარგეთ, თქვენი წასვლის ჟამი დამდგარა!…“ იგი დადის, ქუჩას მიუყვება, მისი მიწა ასფალტია, რომელზეც დააბიჯებს, დაწანწალებს, ხშირად სრულიად ავტომატურადაც:

„არა მაქვს იმის დრო და თავი,

რომ ვიფიქრო სად ჩავუხვიო,

რომელი ქუჩა გადავჭრა

ან რომელ გუბეს გადავაბიჯო.

მე ჩემსას ვფიქრობ,

ჩემი სხეული თავისთვის მიდის,

ჯერჯერობით,

ნაცნობ ტრასებზე უშეცდომოდ,

კარგად მატარებს“.

იგი შეიძლება თბილისში მოულოდნელად შემოვიდეს ყველა კარიდან.

მოძრაობის კლასიკური ქალაქური ტექსტია „დევნა“, სადაც პოეტს ვიღაც უდგას კვალში: „ვიცი, რომ კვალში ჩამიდგები, / მდევ და ბოლომდე დამედევნები და / სივრცეებშიც თან გამომყვები… / მაგრამ არასდროს არ დაგნებდები, – / შენ წინ არასდროს დავეცემი და / შენც ვერასდროს ვერ მომიხელთებ… / და მერე ჩემზე გულაღრენილი, / გაჯავრებული / (რახან გავრბივარ, / არ გიჩერდები. არ გეჩოქები და / სიცოცხლესაც არ გევედრები) / საკუთარ თავს / (შენ ხომ ბევრი ხარ, ნაირ-ნაირი) / უხმოდ, ბოღმით ჩაეძიები…“ . და ის „მდევარი“ ამ ჩაძიების შემდეგ ხედავს, თუ რა მძიმე გზებით უვლია მის „ნადირს“, რათა თვალი აეხვია მისთვის, ბილიკები გადაეხლართა, გაქცეულიყო, ხელიდან დასხლტომოდა.

ბოლოს, ამდენი ხეტიალისა და წანწალის შემდეგ, შეიძლება „სამშობლოში“ შემოვიდეს პროტაგონისტი, „ნათრევი და მოწყურებული“. ხეტიალის ნაწილია ასეთი მოტივიც, „უცნობმა ქალმა შემიფარა, / დამამშვიდა და დამაპურა – / ძუძუ მაწოვა… და მე მოვკალი“.

აი ძირითადი ზმნები: მივარღვევ, გადავეყრები, წავიდე, გადავიარე, მივალ, გავივლი, მელოდება, მივემართები, გამოვეკიდო, „მივბარბაცებ, ზოგჯერ შევდგები“. მასთან ხან მიეშურებიან, მიემართებიან (როცა მიზანი არსებობს), ხანაც უაზროდ დადიან. ხშირად გვხვდება მეორე პირის ფორმებიც, მიმართვები, თხოვნები: დაგისხლტი, გაგეპარე, ჩაგივლია, შემიყვანე, დამეკარგე, დამეღუპე… ესეც ხომ მოძრაობაა, როცა ვიღაცას თავიდან იშორებ, მოძრაობა „მე“-სგან – საპირისპირო მიმართულებით.

სხვაგვარი მოძრაობაც არსებობს, მოძრაობა როგორც ყოფნა თუ თანაზიარობა, გარკვეულ წრეში ტრიალი. ხომ გაგიგიათ ასეთი ქალაქური გამოთქმა: „სად მოძრაობ, ვისთან მოძრაობ…“.

გიგი სულაკაურთან ცნებებიც და ადგილებიც კი მოძრაობენ, მთაწმინდა გარბის, თბილისს კი მტკვარი ნაფოტივით მიაქანებს. მის ერთ-ერთ მთავარ ქალაქურ ტექსტს „…გამოვედ“ ჰქვია, სადაც ასეთ სტრიქონებსაც ვხვდებით: „გავალ თბილისში – ჩემ სოფელში, – …“. ამ სოფელში წუთისოფელიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ, მთელი თანამდევი მნიშვნელობებით.

ლექსში „ხეტიალი“ მზე სიმხურვალისგან დამსკდარი კეცივით ამხია ქალაქს და შუადღისაგან დადუღებულ ქალაქის ხვატში ქართან, წვიმასთან შეგებებას ნატრობს პოეტი და თავს შეუძახებს: „ვიხეტიალოთ. / სულ ერთი არის: – / ქუჩის დღეები დათვლილია…“.

ამდენი ხეტიალის მიუხედავად, არსებობს მისი საპირისპირო ყოფიერებაც და სივრცე, სადაც ეს ყოფიერება განიფინება. ესაა ლოგინი და ლოგინის მსხვერპლი პოეტი, ლოგინი, როგორც ლაბირინთი, სადაც შეღწევაც რთულია და იქიდან თავის დაღწევაც: „იქ არც მზე არის და არც მთვარეა, / რომ გაანათოს სველი სიცხე / ერთმანეთში ჩახლართული / ლაბირინთის უჰაერო დერეფნებისა…“. მეტიც, იქ არც ძილია, ესაა უადგილობა და იმის შეგრძნება, რომ იქ არ მოხვდა, სადაც უნდოდა პოეტს, „სადაც კარგ ბილიკს მიყავს ხოლმე / ადამიანი…“.

რამდენიმე ინტერტექსტი

გიგის ქალაქი/თბილისი ხანდახან იტერტექსტუალურ კავშირებსაც ამყარებს. ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ ფარულად მასში სხვა, წინამორბედი ავტორების სტრიქონებიც ამოანათებენ ხოლმე, ერთი მხრივ, კლასიკური, ქალაქური ტექსტისთვის მოსალოდნელი იმპულსები, მეორე მხრივ, სრულიად სახელდახელო, მაგრამ ზუსტი ბმები. კრებულ „ხეტიალში“ (საქართველოს ბიოგრაფიული ცენტრი, 2011) პირველივე ლექსში გვხდება სტრიქონები, „ეს ყორანი კი ვეღარ პოულობს / თავის მადათოვს…“, ალუზიას გალაკტიონის ცნობილ ლექსზე „თეთრი პელიკანი“.

გალაკტიონთან დაკავშირებული ქალაქური ინტერტექსტები კიდევ არაერთხელ გვხდება გიგი სულაკაურთან. მაგ. ლექსში „ივლისი-Horror“, აქ ზემოთ დამოწმებული სიტუაცია გვხვდება, სადაც მთაწმინდა გარბის, თავად ლექსი კი მთაწმინდის ქედზე დაკვირვებით იწყება, რომელიც ოდნავ ქანაობს. მთაწმინდა გიგის ბავშვობისდროინდელი უბანია, საიდანაც მისი ოჯახი საბურთალოზე გადავიდა საცხოვრებლად და ლექსშიც საბურთალოზე გადააქვს მზერა პოეტს: „სპორტის სასახლის აუზიდან / ნელა, ზმორებით ამოდიან / გადაღლილი, გატანჯული / ლოთები და მანიაკები – / მთელი ღამე წყლის ქვეშ ეძინათ“. მათ ზაფხულის მზე ესალმებათ და ამას მოსდევს გალაკტიონის ცნობილი სტრიქონები ლექსიდან „შიში“: „მზე ჩავა, ამოვა, ყოველთვის შავია…“. გიგი სულაკაური გალაკტიონის სიტყვებს მყისიერად ადასტურებს: „მართლდება ჩემი დიდი ხნის ეჭვი: – / ჩავა, ამოვა, მართლა შავია!..“. იქვე გვხვდებიან ტოქსიკომანი ბავშვებიც, რომლებიც „იზლაზნებიან, იქექებიან, / პირველ სიგარეტს ეწევიან…“. უბინაო ბავშვები გალაკტიონის კიდევ ერთი მოტივია, მისი ფოტოც კი არსებობს, გამურულ უბინაო ბავშვებთან გადაღებული. ასევე გაგახსენებთ მის ლექსებს, „უბინაო ბავშვები“, „ბავშვები კაფეში“ და სხვ. უბინაო ბავშვები და გალაკტიონის ქალაქური სიმბოლო, ყორანი, ერთად გვხვდება მის ლექსში „ყორანის ცრემლები“. გალაკტიონის ქუჩის დიდრონი თვალებიც ხანდახან ბავშვის თვალებია. და, როგორც წესი, ბავშვები ბაღებს უკავშირდება. ბაღის კონტექსტშია მოხსენიებული. გიგისთანაც ბავშვების ხსენების შემდეგ, მაშინვე ვკითხულობთ: „ნელ-ნელა ყველა იკრიბება / დოლიძის ბაღში“.

ივლისი გალაკტიონთან თბილისს ერითმება, ხანაც იგულისხმება. ასეა გიგისთანაც: „წვიმა ივლისის / ივლის ასე / გრილ ნიაღვრებად…“.

ლექსში Foxtrot ქალაქური თოვლი გვხვდება, ლურჯიც, იისფერიც „მაინც რატომღაც მიხაროდა / წყალწყალა თოვლი – / ალბათ მახსოვდა, / რომ იმ წიგნში ჩაკეტილი ბიჭების დროს / თოვლი იყო ცისფერი და გენიალური, / იყო ლურჯიც, იისფერიც, / ირიბიცა და ალმაცერიც. / მტირალა კლდესაც მტკნარი ცრემლი / ჯადოსნურად ეყინებოდა…“. „წიგნში ჩაკეტილი ბიჭები“ ქართველი რომანტიკოსები არიან, უფრო ზუსტად კი ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი მემკვიდრე, გალაკტიონ ტაბიძე, ვისი კიდევ ერთი მოტივიც გვხდება ლექსში „ნახატი“: „არ იფიქრო, ჩემო გოგონა, / „ერთ მშვენიერ დღეს“ / სხვა აწმყოში, სხვა დროსა ან / განსხვავებულმა გამოიღვიძო“. ეს სხვა დროში გამოღვიძებაც ბავშვებს უკავშირდება გალაკტიონთან. სხვათა შორის, გიგი სულაკაურის ლექსს, „თბილისი“ ეპიგრაფი აქვს, სადაც  ვკითხულობთ: „ჩვენთან გამოღვიძება თავისუფლებაში ნიშნავს ახალი გზის დასაწყისის დასასრულს დასაწყისშივე…“.

გალაკტიონის ინტონაციებს და ლექსიკას ვხვდებით ლექსში „ვიდრე“: „მაგრამ ჯანდაბას, / ბევრჯერ დაათოვს / წყალს და ნაპირებს / და გაუქმებულ ხეებს და / გაუქმებულ ხეების იქით / დაათოვს ცასაც…“.

ბავშვები და თოვლი, გალაკტიონის სემანტიკით, კიდევ ერთგან გვხვდება. „ძლივს შეველიეთ ეზოს / ბავშვები…/ მაგრამ ჩემში / დარჩა ძველი ნაფეხურები“, ასე იწყება ლექსი, ხოლო შემდეგ პოეტი „სხვადასხვა მხარეს გაეშურება“ და თოვლის გამოხმობას იწყებს, „რომ დილამდე / თქვენს ნაფეხურებს / ძველი თოვლივით გადავახურო“. შდრ. გალაკტიონის: „სარკმლიდან ვუცქერ, თუ თეთრი თოვლი / მთა-ბარს როგორ რთავს და ათანაბრებს, / სული ეშვება მოგონებაში, / სიყმაწვილისას ვიგონებ ზღაპრებს“.

ამ ზღაპრებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით.

გიგი სულაკაურს ერთი უცნაური ქალაქური ლექსი აქვს, „ვერეს ჭალაში დედაკაცი“, რომელიც შექსპირის „ჰამლეტის“ ინტერტექსტია: „მამა მოკლეს, / ძმა აქ არ არი…“. ეს სტრიქონები ცხადად განიმარტება მომდევნო ლექსში „ოფელია“, სადაც იგი სიტყვა-სიტყვით მეორდება.

ასევე ინტერტექსტად უნდა მივიჩნიოთ მამის, არჩილ სულაკაურის აჩრდილის რამდენიმე გაელვებაც მის ლექსებში. ერთ მის ქალაქურ ტექსტს მისი სიტყვები აქვს ეპიგრაფად: „…მოდის, მოცელავს… სხვა არაფერი…“. ლექსში წამსვლელების ფინალი კი მთლიანად მამის სახეზეა აგებული და ერთგვარ მემკვიდრეობით, გენეტიკურ ქალაქურ პოეტიკაზეცაა მინიშნება: „მამა, / მომხედე შენი ქვეყნიდან, / გამომიწოდე დილა / ხელივით, / თორემ უკვე მთელი ღამეა / აქა ვდგავარ, – / შენ ფანჯარასთან, / ახლა უკვე ჩემ ფანჯარასთან და / კი არ ვხედავ, / ნადირის მსგავსად სხეულით ვგრძნობ / ამ ქალაქის ნაცნობ კიდეებს, / რომელიც მუდამ იდუმალია / ისევე, / როგორც მძინარე ქალი და / რომელსაც ალბათ უკვე ვეღარ გაუმხელ, / რომ ამ დილით, / შვილის ნაცვლად / შვილის ფიტული შერჩება ხელში…“.

კიდევ ერთი პირდაპირი მაგალითია ლექსი „უძღები შვილი“, სადაც ათი ათასი უძღები შვილის დაბრუნების ფონზე, პროტაგონისტი პირიქით, მიდის, მიემგზავრება და ტოვებს სურვილს: „დე, იხმაუროს მამის სახლში / ჩემმა ბავშვობამ, – / ვით ნიჟარაში მოქცეულმა ოკეანემ.“ ბოლოსკენ ვკითხულობთ, „გზაზე დამდგარმა / მამისეულ სახლს / არ მოხედო, / ჯობს შენი კეფა დაამახსოვრდეს უმცროს დაიკოს, ვიდრე თვალები.“. სახლსმოხედვაზე გამახსენდა, გიგი სულაკაურს, როგორც მახსოვს, ტომას ვულფის პროზაც უყვარდა.

ქალაქის სახეები

გიგი სულაკაურის ქალაქში, პოეზიაშიც და პროზაშიც, რეალური ადამიანები და ცხოველები მოძრაობენ. აქ ბევრი სხვადასხვა საგანია, მრავალი მოგონება და ხილვებიც კი. ამოსავალი წერტილი ქალაქის ჭვრეტისთვის, როგორც ხშირად ხდება ასეთ დროს, უსაქმურობაც შეიძლება იყოს, „მშვენიერი უსაქმურობა“. ერთ ლექსში ამ უსაქმურობაში მოიაზრებს პოეტი „ყველა სიგიჟისა და ოცნების გემო“-ს და შემოჰყავს თავისი ქალაქის ბინადრებიც: მკაცრი მამრები, საბედისწერო დედაკაცები, ავი მზერებით და ავი მუსაიფებით. ბავშვები, საგნები… ბოლოს ამბობს: „მომეცი ძალა, / ყოვლისშემძლე უსაქმურობავ, / აივნიდან სივრცეებში გადავაბიჯო, / ესღა დამრჩა სანახავი და სანუგეშო, / სხვა ყველაფერი, მგონი უკვე / გადაყრილი მაქვს…“.

აქ შეხვდებით თბილისურ ტიპებს, სახელებს – „ქირურგი“, ბესო, აფონია, ტატუ-გელა… ბინძურებს, სუნიანებს, „კვირეების მატიანე სიფათებზე, / შარვლებზე და / გულისპირებზე…“. ახსენებენ აფციაურს, რომელიც ისევ „სროკზეა“, მაგრამ მათ ჭიქებს და სიგარეტებს თითქოს არც მოშორებია, მათში არსებობს. გამოჩნდება მარი, გახუნებული მაიკით, „მისი სახის ყოველი ნაკვთი შეშლილია, / გაქცეული, მოლაპარაკე.“ იწყება ქალაქური საუზმე, 5 კაცი, 5 ქლიავი, ბევრი „პრიმა“, ძალიან იშვიათად ფილტრიანი, ისიც მარისთვის. ჩხუბიც ატყდება, ერთი მეორეს ცხვირს უპობს მუშტით, შერიგება კი სპირტით ხდება, სპირტის კისრებით. ქალაქის მზე უკვე აცხუნებს, ზემოდან დაჰყურებს სპორტის სასახლის აუზიდან ამოსულ ლოთ რაინდებს, ოჟიოს ქუჩის რაინდებს, „ფიზკულტურელ“ რაინდებს, საბურთალოს კამელოტელებს. იქვეა მაღაზია „მორკინალი“. შემდეგ ლუდი „ბოლნისის“ დრო მოდის და კაფე „მწვანესი“. მზე გადადის, გადამთვრალი მზე, საკუთარი სიმხურვალით გაოცებული, ეზოს კუთხეში კი ჩოჩქოლია, სისხლიც იღვრება, რომელშიც ლამპიონები იხედებიან, „მართას მანქანა დაჯახებია. / „საბრალო გოგო, კიდევ კარგი, გადარჩა!“ / <…> ყველა ხე უკვე ჩამქრალია, გაშავებული, / მაგრამ ანთია ყველა ფანარი. / განათებულა დომინოს კლასიც – ტკაცა-ტკუცი ლუდის თანხლებით.“. დგება თბილისური საქციელის დროც, როცა სადარბაზოში მძინარე ვიღაც ბიჭს პოულობენ. გათიშულია, ვერ ცნობენ: „გაგეკითხათ, უჯიგროებო, / ასე უნდა გადააბიჯოთ?!“. ბიჭისახლში აჰყავთ, ბოლოს კი „ეზოს სიღრმეში ორი ალქაჯი / მიაწყდა მიწას, – მიაწყდა მთვარეს..“, მთვარეს, რომელიც ამოწმებს პოეტს, სულ დაეცა თუ ჯერ კიდევ შერჩა რამე ადამიანის.

აქვეა „კაფე თბილისიც“: „ნაცნობი კაფე, უცნობი კეფა. / ოთხკუთხა ანფასი. ბოლო ნაფაზი. / შემწვარი კარტოფილი. დახრილი პროფილი. / უკაცო ქალები. თითქმის ჩამქრალები. / უქალო კაცები. მღვრიე ,ზარმაცები. / ხმელი უცხოელი. რაღაცას მოელის. / ღვინო და ყავა.”დალიე, წავა…” / ორმაგი ფარდები. „აქ გადავარდები….” / მწვანე კედლები. „შენ მე რას მედრები…“ / ჩუმი დიალოგი. „შენ მიდი, ალოკე…“ / შავი როიალი, ბარბაცი, ბორიალი. / გვერდითაც მთვრალები. შუშის თვალებით. / გარსონი ლევონი. ქამელევონი. / სახემოცინარი. ცხოვრება წინ არი…“. დღეს ამ სტილისტიკაში არაერთი პოეტი მუშაობს, ზოგი საკმაოდ წარმატებულად და ამომწურავადაც.

ლექსში „ნიშანი“ სიცხე და ქარებია ქალაქის მთავარი ნიშნები, მკვრივი მტვერი, მდინარის ნაპირები, კვესი „კრიკეტი“, „არაყი „ტრიუმფი“, / გაურკვეველი წარმომავლობის ამერიკული / სიგარეტები, / ქალაქი თბილისი. თრიალეთის ქედი. / მთა არსენალის…“ და უცებ, ზღვა შავი. ნახსენებია კოსტავას, შროშის, საბურთალოს, გოგებაშვილის ქუჩები და ფიქრის გორა: „საქართველოში ყველა გორა ფიქრისაა“, შენიშნავს პოეტი. ქომაგი, გიგიშა, გოგიას ნივა და ალიკას მერსედესი, სასტუმრო ივერია, და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მთვარე, როგორც გამოსავალი: „კიდევ რამდენჯერ დავიყმუვლო, / კიდევ რამდენჯერ შევალეწო / ეს ნაღველი, ირონია და მარტოობა / ამ საწყალ მთვარეს, / მთვარის მეტი ხომ ამ ღამეში / აღარავინ მყავს…“.

სხვა სახელები და ტოპონიმებიც ჩამოვთვალოთ: ხერხეულიძეების სახლი, ვალოდას დუქანი, ბულდოგას გასტრონომი, თაღები, ბუჯის სახლი, გიგის სახლი, კოსტავას და პეკინის ქუჩები, ლილის სახლი (ძალიან უყვარდა). მეგობრების, შეყვარებულების, უცნობების, ნაცნობების სახლები, აუზი, „სპაილას“ გასტრონომი, ოჟიოს ქუჩა, პლეხანოვი, კიევის ქუჩა, გაგარინის მოედნის ზედა ჯურღმულები, კარუსელის ქუჩა, რუსთაველის თეატრი, დოლიძის ქუჩის კუთხე, თბილისის ვაგზალში, ავტოკართან, სპარტაკასთან სალუდეში, ტრისტანას დუქანი, ელდარას სარდაფი, პირამიდა (ოღონდ ეს ზღვაზეა, ალბათ ბათუმში).

ზემოთ რამდენიმე სახლი ვახსენე, კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული სახლები. გიგი სულაკაური თავის მარშრუტებს ასე ადგენს, ძვირფასი ადამიანების, მეგობრების სახლების მიხედვით. და საერთოდაც, მისთვის „სახლი“ ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, „სახლი“ და „უბანი“. ისინი ამოსავალი წერტილებიც არიან და მიზანსაც წარმოადგენენ, გადის სახლიდან, უბნიდან და მიემართება სხვა სახლებისკენ და სხვა უბნებისკენ. ამასწინათ გიგის მეუღლეს, რუსუდან სულაკაურს ვთხოვე რამდენიმე კითხვაზე პასუხი და ამ თემაზე ასეთი რამ მომწერა. უცვლელად მოვიყვან ტექსტს: სტუდენტობისას უფრო უნივერსიტეტის მიდამოებში მხვდებოდა ხოლმე. იქვე ცხოვრობდა გიგის უახლოესი მეგობარი ბიძინა ხერხეულიძე. მერე მე და გიგი საბურთალოს ქუჩაზე გადავედით, და მისი ძირითადი მარშრუტი საბურთალოს ქუჩიდან, ბახტრიონის ქუჩის და ბუკიას ბაღის გავლით, კოსტავას ქუჩამდე იყო, სადაც მისი მშობლები და ძმა ცხოვრობდნენ. ბოლო წლებში ჩვენც კოსტავას ქუჩაზე გადავედით და გიგი ბავშვობის ადგილებს დაუბრუნდა: ოჟიოს ქუჩა, ფიზკულტურის ქუჩა, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზო. ხშირად ნახავდით იქვე სახლთან მდებარე მწვანე კაფეში. არ ვიცი ასე ჰქვია, თუ „მწვანე კაფე“ გიგის დარქმეულია. ძალიან უყვარდა ეზოები: კეკელიძეზე ხერხეულიძეების ეზო, კოსტავას და საბურთალოს ქუჩის ეზოებიც. ეზოს ყველა ბიჭი (ჩვენი შვილების ტოლები, ცოტა უფროსები და უმცროსებიც) მასთან მეგობრობდა. გვყავდა ძაღლი „ზანზიბარი“. ეზოში ძირითადად გიგის ჩაჰყავდა და მასთან ერთად მოივლიდა ხოლმე ახლო-მახლო ქუჩებს და ეზოებს“.

მეგობრების ეზოების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება რუსუდან სულაკაურის მცირე ინტერვიუდან:

„წითელი პარტიზანების“ (იგივე ხვიჩიას ქუჩა) – იქ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მეგობარი გიგიშა მუსხელიშვილი, პეკინის და მიცკევიჩის ქუჩები (ანდრო ალექსიძე, გია თოდუა – ესენიც ბავშვობის მეგობრები). მისსავე ეზოში ცხოვრობდა ასევე ბავშვობიდან – ნიკა ლოლაძე.  მცხეთის ქუჩა, სადაც ბიძინა ხერხეულიძე უკვე საკუთარი ოჯახით ცხოვრობდა, მერე რუსთაველზე. შროშის ქუჩა (გოგა ლაჭყეპიანი), ნუცუბიძის ქუჩა (მამუკა სალუქვაძე და ნიკა მჭედლიშვილი), ისევ პეკინის ქუჩა (ვახო მამალაძე), ბახტრიონის ქუჩა ( აქ ჩემი მშობლები და ჩემი ძმა სოსო ტვილდიანი ცხოვრობდნენ). ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო კაფე „თბილისი“. იქ ხან მამასთან ერთად დაინახავდით, ხან მამამისთან და მის მეგობრებთან ერთად, ხანაც გიგის და ოტია პაჭკორიას“.

ერთგან თბილისი ნაქარი და ნაწვიმარია, მთვარე კი უკვე მამად წარმოუდგება (ეს სწორედ ის ზემოთ დამოწმებული ლექსია, რომელსაც მამის, არჩილ სულაკაურის სტრიქონი უძღვის ეპიგრაფად) და მისი ვალის გასტუმრებას სთხოვს. ისევ ჩნდება ლოგინი, „ლოგინის შიშის ვერგადალახვა“. მამასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ პაპაც, სამსონ სულაკაური, რომელიც მისი ერთი მოთხრობის გმირიცაა. იგი გადასახლებიდან ბრუნდება და შემდეგ შვილიშვილს განსაკუთრებული სიყვარულით უკავშირდება. თავის თავსაც ხედავდა შეიძლება მასში. პაპასთან ურთიერთობაში ჩნდება მის ცხოვრებაში ერთ-ერთი პირველი ქალაქური ადგილი, „მუშტაიდის ბაღი“. „ეს ადგილი მის მოგონებებში პაპამისს, სამსონ სულაკაურს ეკუთვნოდა. გადასახლებიდან დაბრუნებულ კაცს სახლში ორი რძალი და სამი შვილიშვილი დახვდა. გაუცხოებული ადამიანი როგორც ჩანს თავშესაფარს ბავშვების სამყაროში ეძებდა. დილით შემოვიდოდაო, იგონებდა ჩემი დედამთილი, აბა ჩააცვით ბავშვებსო. და ჩვენც სასწრაფოდ ვაცმევდით, რომ არ გადაეფიქრებინაო. და მთელი დღით მიჰყავდა გიგი, ლაშა (გიგის ძმა) და დათო (გიგის ბიძაშვილი). მაშინდელი უამრავი ფოტოც გვაქვს გიგის ფოტოსაცავში“ (რუსუდან სულაკაურთან ინტერვიუდან).    

გიგი სულაკაურთან დიდი ქალაქის სხვა ნიშნებია: ეკლესიის პატარა ეზო, მკვდარი ჩიტი წვიმის გუბეში, ნეონის შუქი, მძაფრი სიცივე, ელექტრონის ხმა, ელექტრო-სევდა, „გაუზრდელი ახალგაზრდები“, დაძაბული ძაღლი შიშველ ხეებთან, მისი თვალები, სასოწარკეთის ორი ნაპერწკალი შიშის ბუდეში.

ზემოთ ცხოველები ვახსენე, მათი მოძრაობა, ქცევები. მის ერთ ლექსშია „ძაღლები ხეებს ისევ ისე, / ფეხის აწევით ესალმებიან…“, ხოლო ლექსში „ვერეს ჭალაში დედაკაცი“ წითელთვალება სპილენძისფერი ძაღლი გვხვდება, ტრასა, მარშრუტი, ბილიკები, ქოფაკების შეკრება, სადაც თავიანთ ძაღლურ ისტორიებს ყვებიან, არკვევენ სხვადასხვა ძუკნისა და ხვადის ამბავს, ტერიტორიებს არჩევენ, გადახედავენ, ხელახლა იყოფენ, და აგრძელებენ ცხოვრების ერთად-ერთ სწორ გზას, წანწალს, სავსეს ხიფათით, ან იღბლიანს. ეს სპილენძის ძაღლი მჭვრეტელია, თავად პოეტივით, აკვირდება მარტოქალს ღამის ხეებთან, ვერეს ჭალაში, უყურებს როგორ ეკვრის ქალი სველ და ცივ ტოტებს, უსმენს მონოლოგს, „ისინი ხომ ერთი წამით შეხვდნენ / ერთმანეთს, / ველური ძაღლი და / ქერა, ქერა, უცნაური დედაკაცი – / ერთმანეთი / სამუდამოდ რომ დაეკარგათ…“ შემდეგ ამ ძაღლის/ავტორის თვალით ვხედავთ ქალს, მის ტანისამოსს, გარეგნობას, ყველაფერს. იგივე ხაზის გამგრძელებელია კიდევ ერთ ძაღლი, ამჯერად შინაური ძაღლი, ზანზიბარი, რომელიც ზემოთაც ვახსენე და ვისაც ავტორი მიმართავს: „ვინ ვინ არის საქართველოში – შენ – გიგი თუ მე – ზანზიბარი.“[1]

პოეტი ქალაქურ წესებზეც ახერხებს საუბარს, სადაც გზის დათმობა, მოფერება, წესების დაცვით ლაპარაკი, გინება, სინდისის ქენჯნა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ „ყველაფერი მაინც კიდიათ / ძვლებით, კუნთებით / და ათასი, / ათიათასი სხვა ღირსებით შემკულ / ფეხებზე…“. ფინალში ისევ მთვარეს ვხედავთ, მთვარის, დღეების და სიგარეტის უმიზნო წუწნას.

ხანდახან პეიზაჟებსაც ვარჩევთ, ხედებს, სადაც ქალაქის ტრადიციული თუ ახალი სახე ჩანს: „მხოლოდ წვიმა ჩანს, ჩვენი სახლები, / სველი თუნუქით გადახურული…“. ნაწვიმარ თბილისზე სიტყვები ახსენდება, რომელიც, ჰგონია, რომ მხოლოდ მისთვისაა წარწერილი: „გეყო… მშვიდობით!…“, სიტყვები, რომელსაც ყველგან კითხულობს, მთელს ქალაქში, ქალაქში, სადაც ქუჩები ღიაა ღამეული ამბებისათვის. ქუჩები, რომლებიც ყოველთვის გადარჩებიან, „როგორც ყოველთვის გადარჩა ქუჩა, / იმასაც სხვისი სახელი ჰქვია“.

ქალაქის ხედებში ერთხელ წითელი პლედი გაიბერება აივანზე და მარტოხელა ქალის ვნებებს ამზეურებს, ზოგჯერ კი ხეზე შერჩენილ ძველ ძონძს ხედავ, მაგნიტოფონის ფირის აბურდულ გორგალს და ცელოფნის პარკებს. წარსული მოგონებებიც უცნაურად ამოტივტივდება ხოლმე მის ლექსებში. ერთგან წერს, რომ მის ძველ ეზოს დაემსგავსა მთაწმინდაზე, „რომელსაც ერთხელ, / ბავშვობაში, / წვიმების შემდეგ, / მოხეტიალე მუსიკოსმა დაუტოვა / უჩვეულო, / თავისებური მელოდია. / დავემსგავსე. / ოღონდ მე ახლა / აკვიატებულ სევდას ვღიღინებ…“.

ზამთარში ბებერი ლოთები გაყინულ გასტრონომებთან დგანან, მოისმის ჩახლეწილი დიალოგები, ლოთურ ლოცვებად რომ იღვრებიან, ამიტომ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისეთი ურბანული მდგომარეობაც, როგორიცაა ქალაქური ნადიმი, ერთი-ერთზე სმა, საყვარელ ქალთან ერთად სმა, კაფეები, დუქნები, სარდაფები, რესტორნები, მარტო სმა, ლოთობა, ნაბახუსევი. გიგისთან ნაბახუსევი, შეიძლება ითქვას, წმინდად ურბანული მდგომარეობაა, რადგან ვთქვათ სადმე ლიკანში ან ბორჯომში, ან ზღვისპირა კურორტზე ეს ნასმურევობა სულ სხვანაირად აღიქმება და ისე არ ივსება შინაარსით, როგორც ქალაქში, მის ფართო ქუჩებში თუ ჯურღმულებში. სხვათა შორის, ნაბახუსევი, როგორც ურბანული მდგომარეობა, ცოტათი მწველი ირონიითაც შეგვიძლია გავიგოთ, ისე, როგორც თავად გიგი იტყოდა რომელიმე ლექსში ან მოთხრობაში.

გიგისთან ქალის ურბანულ სახეებსაც ვხვდებით, პროზაშიც და პოეზიაშიც, ზოგიერთ ლექსს კი ანტიკური პოეზიის ცნობილ ნიმუშებთანაც კი გადავყავართ, რომელიმე კატულუსის ან ოვიდიუსის „არაკორექტულ“ ლექსებთან. აი ერთი მაგალითი: „შენ, / მოგზაურო, / კარგი გიქნია, / ჩვენს ქალაქში / რომ შემოსულხარ. / ეს ქალაქი ერთად ერთია / მთელს მსოფლიოში – / გაუთხოვარი და სევდიანი / ქალებით სავსე. / მართალი გითხრა, / მათ კდებაში / ეჭვი არავის ეპარება. / და შეიძლება ამიტომაც / საკუთარ თეძოებზე ამხედრებულნი, / ასაფეთქებელ ნაღმებივით დატენილ / მკერდებს დაატარებენ. / და ზოგიერთი მათგანი / დილიდან შუაღამემდე / მთელი საუკუნით იკარგება“.

ქალაქის ყოფით კულტურას გიგი დეტალებში ამუშავებს. მაგ. ლექსი, „გარაჟი ჩემს ძველ სახლთან“ და მისი ეპიგრაფი, „გარაჟთან არსებული პროზაული საპარიკმახეროს პოეზია“. გვხვდება სტომატოლოგიც და ბევრი სხვა. ასეთი დეტალები კარგად გრძნობენ თავს სხვა ქალაქურ ადგილებთან, დუქნებთან და კაფეებთან ერთად. ისევ ზაალ სამადაშვილის ერთ ჩანაწერს გავიხსენებ: სეირან – გიგის მეზობელი სტომატოლოგი, სომეხი, რომელსაც პარიკმახერი რობერტა, ისიც სომეხი, ურჩევს, – გაყიდე რა, ეგ ოროთახიანი, შეეშვი რა, ამ საბურთალოს, გადადი ჩემსავით თემქაში, ფულიც დაგრჩება და რამე… სეირანა სტომატოლოგობით თავს ვერ ირჩენს, ბორმანქანით ხან რას ჩარხავს, ხან რას. ამას წინათ კასტანეტები შეუკვეთა ვიღაცამ… თემქაში ვინ შეუკვეთავს კასტანეტებს?.. ამიტომაც ვერ ელევა საბურთალოს.“

ქალაქური ტექსტია ლექსი „ჩემდა სახსოვრად“, სადაც პოეტი პატარა, ციცქნა ეზოში ბებერ თუთას და სარეცხს ხედავს და „პერანგებს თავიანთი ამხანაგებით – / გაყინულებს ქანდაკებებად… / ასე გახევდა, გაიყინა და გადაიქცა / ჩვენი ბავშვობაც ქანდაკებებად…“. შემდეგ ომია, ახალი წლის ღამე, „მკაცრი ბიჭები ისევ ისვრიან, – / ახლა გაძლების დილემაა / და შიშია უსასოობის…“.

გაყინვა და გაქვავება სხვაგანაც გვხვდება, მაგ. ლექსში „ხეები“: „დაძაბულები / (როგორც ბრმები / ბნელში…) მოგონებებში / (როგორც ქარვაში / მწერები…) /გაქვავებულან / ის ხეები, / იქ რომ დარჩნენ, /ძველ სიცოცხლეში…“.

„მე ამ საღამოს / სხვისი თვალებით შევხედავ / თბილისს. / და ეს იქნება ჩემი სასჯელი…“, წერს ერთგან პოეტი.

გიგი სულაკაურის ქალაქური ტექსტის ერთ-ერთი გასაღები მინდა დავიმოწმო, პატარა ლექსი, რომელიც ურბანული პოეზიის გარკვეულ ტრადიციაშიც ჯდება და ძალზე პირადის შესახებაც გვეუბნება:

„ასე,

ქუჩიდან გამოქცეული,

ძალიან ადრე

ან იქნებ გვიან,

შინ ვბრუნდებოდი,

რომ მეპოვა

სხვების სახეებს

დამსგავსებული

ჩემივე სახე.“

დაბოლოს, ლექს „თბილისს“ გავიხსენებ, რომელიც შეიძლება ითქვას, ასრულებს გიგი სულაკაურის პოეზიის სრულ კრებულს. აქ ბევრ რამე ვხვდებით, პირველ რიგში კი ომს, თვითმკვლელობებს, ჩიხებსა და მთავარ ქუჩებს, და იმას, რომ „ქუჩაში უკვე / გასაკვირი და მოულოდნელი / არაფერია“.

კიდევ უფრო დატვირთულია დეტალებით გიგი სულაკაურის ქალაქური პროზა. აქაც, როგორც რეალობაში, ავტობუსი იგვიანებს, ლიფტი იჭედება, ასპარეზზე გამოდიან თბილისელი ბრექიანი ბიძები, რომელთაც ვერ გაურკვევიათ, ბრექმეისტერები არიან თუ ბრექმეიკერები.

მოთხრობა „თამაში რევოლვერით“, ასე იწყება, „ვისხედით და ვსვამდით. მე და ვიღაც კაცი ვისხედით“. კაფე ცარიელია, იაფფასიანი, უბნის კაფეა. ფანჯრიდან მოჩანს მეყვავილე მარუსა, რომელიც ძალიან მკაფიოდ ჩანს რუხ ფონზე, ქუჩა სველია, რაც კიდევ უფრო ამკვეთრებს სახლების და გამვლელების გამოსახულებას, მოსაღამოებულზე კი, კაფეში შუქის ანთებისას, თითქოს უფრო ბნელდება. შუქს კაფეს დიასახლისი ანთებს, მანანა, რომელიც საუკეთესო აჭარულ ხაჭაპურს აცხობს, ავტორს ასეთი ბათუმშიც კი არ გაუსინჯავს. შემოდის წყვილი, იწყება სიტყვების თამაში: კაფე „ისანი“ – ცისანა – კესანე – სოსანი – ნისანი. ახსენდებათ ვიღაც თემქელი თუ ნახალოვკელი ბიჭებიც, იქნებ ელიელებიც იყვნენ. მოგონებები ისევ საკუთარ უბანს უბრუნდება, თბილისში თოვლია, თოვლია ბუკიას ბაღშიც, ციგებით სრიალი, გუნდაობა, კახელების მარანი მყრალი ჭაჭით, „ნისიები არ გაიცემა“ (არადა ეს აბრა იმის მაუწყებელია, რომ გაიცემა ნისიები), გულისრევა („აბაროტი“), ბახტრიონელები ჟღალი სითხით, „კანიაჩნი სპირტით“, „ნელა დალიე, აპრობირებულია ძმაო“, დოპინგია, ლაღიძემდე ერთი ამოსუნთქვით მიდის, ჯერ შეუსვენებლად, ხერხეულიძეების სახლამდე, მერე უნივერსიტეტის ბაღშიც ბუკიას სიტუაცია ხვდება, თოვლი და გართობა. მოხეტიალე ასეთ რაღაცეებს ფიქრობს: „მეჩვენებოდა, რომ ჩამოვედი ჩემ ქალაქში, შორიდან, რაღაც საშინელი ჯურღმულიდან გამოვაღწიე, პირველად ვარ აქ, როგორც სიზმარში, ისე ვმოძრაობდი და ვუყურებდი ყველაფერს…“. შემდეგ მოგონებები, ვალოდას ჯიხური, ჯაჯგური, „ჩემთან ავიდეთ“, დანჯღრეული მოსკვიჩი, ვიღაც გაუპარსავი „როჟები“, ბეწვის პალტოებით და უშანკებით, უიშვიათესი ეგზემპლარები. ჩხუბი, სილის აწვნა, ტკაცანი ისეთი, ხმა ნუცუბიძის პლატოზეც გაიგეს, ბულდოგას გასტრონომი და მთავარი საზრუნავი და საოცნებო, იმდენი საჭმელი და ნაირნაირი სასმელი დაგროვდეს, რომ მთელს უბანს ეყოს, ყველა დანაყრდეს და დათვრეს. ახალი წელი მოდის. მთხრობელი ამ საერთო სუფრიდან იპარება, ერთ ბოთლ თელიანს, ერთ მუკუზანს და ერთ „შამპანურს“ გამოიყოლებს და ვალოდიასთან, დოლიძის ზედა ჯურღმულებში მიდის. ვალოდია თბილისელი რუსია, „ვაენნი გარადოკში“ მუშაობს, დარაჯია. მთხრობელი შიგადაშიგ ახსენებს გიგის, ეს რა თქმა უნდა თავად გიგი სულაკაურია, ავტორი.

მოთხრობა „ყვავები და ყაყაჩოებიც“ ნაბახუსევით იწყება. კოსტავას და პეკინის ქუჩების გადაჭრა, ურთულესი ამოცანა, ეჩვენება, რომ ბუკიას სკვერი აღარ არსებობს, მის ნაცვლად ყაყაჩოს მინდორია გაშლილი, ბოლოში ლილის სახლი, მისი ოთახი მძაფრი სურნელით, ასირიული, სხვა რჯულის სუნი, რომელიც ჩვენს ბინებში არანაირად არ ჩერდება. შადრევანში ენდროს ნახარშისფერი წყალი ასხია, შადრევნის ბაგეზე ორი უბნელი ლოთია ჩამომჯდარი… შემდეგ „სპაილას“ გასტრონომი, კუთხის მაგიდა და ნატურმორტი პლასტმასის ჭიქებით, არყით, წვენით და ერთი ცალი ბროწეულით. გიგაური იშხანას მოკვლის ამბავს ყვება, უბნის დამაწიოკებლის, „აბიჟნიკი“ იშხანას მოკვლის ამბავს. არ უნდოდა მოეკლა, მაგრამ შემოაკვდა, შემდეგ კი ნაგვის ბუნკერში შეაგდო გვამი: „თურმე მთელი უბანი ფანჯრებსაა მომდგარი და გვიყურებენ, სეირს უყურებენ ის ვირიშვილები… მერე უცებ ვიღაც კაცმა გახარებულმა გადმომძახა, მოკალი ეგ ძაღლიშვილიო? ავიხედე და ეს ამდენი ხალხი რო დავინახე, კინაღამ დავიცენტრე, თანაც ლამის ტაში დაეკრათ ბოზიშვილებს, რამე რო იყოს ბისზე გამომიძახებდნენ ბიჭო…ნიშნის მოგებით იღიმებოდნენ, კმაყოფილები იყვნენ, იშხანა აღარ ეყოლებოდათ უბანში, მშვიდად დაიძინებდნენ, ისეირნებდნენ და ფულიც შერჩებოდათ ჯიბეზე, არავინ შეაწერდა… ხალხის უგულობამ გადამრია, ბიჭო და დავუძახე, ჩამოეთრიეთ თქვე პედერასტებო, ეგრე ადვილი და სახალისოა ჩხუბის ყურება, სიკვდილი ნახეთ და რამ გაგახარათ, ჩამოეთრიეთ სეირს აქ განახებთ, თქვენი უჯიშო დედა მოვტყან-მეთქი…“.

ქარიანი თბილისი გიგის პროზის საყვარელი თემაა, ერთ-ერთ მოთხრობას ასეც ჰქვია, „ნაბიჯები ნასესხებში“, რომელსაც მალე დავუბრუნდები, ახლა კი ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო მოთხრობიდან „ყვავები და ყაყაჩოები“. ავტორი ქარიან დღეს აღწერს, ის და მისი ძმა ფანჯრიდან იხედებიან, ქარს აკვირდებიან, მასთან ერთად საგანთა ქროლასაც – „ცელოფნის პარკები, ფერადი ბუშტები და ხმელი ფოთლები, ადამიანები და პრეზერვატივები, მანქანები, სტადიონები და ქუჩები, გარაჟები, ძაღლები და კატები… ამ დროს ყვავიც გამოჩნდა, ქარის საწინააღმდეგოდ მიფრინავდა. ოფლად იღვრებოდა, ფრთებს ნელა, მძიმედ, დიდი გაჭირვებით იქნევდა და მაინც მიფრინავდა. ეტყობა, გადაუდებელი საქმე ჰქონდა, თორემ იმ გრიგალსა და გაუსაძლისში თავს ასე არ გაწირავდა, არ გაწვალდებოდა და გაისარჯებოდა. ჩვენი ფანჯრიდან ხუთიოდე მეტრით თუ იქნებოდა დაშორებული.

– ნეტავ, სად ჯანდაბაში მიფრინავს ეს დეგენერატი?! – იკითხა ჩემმა ძმამ.

ორივეს გაგვეცინა და ყვავმაც სწორედ მაშინ მოიხედა. ბედკრულს ისეთი სევდა, ნაღველი, ტკივილი და კაეშანი ედგა თვალებში, მისი საცოდაობით ქვაც დადნებოდა.

თითქმის მთელი წუთი იქნია ფრთები ჩვენი ფანჯრის წინ, თანაც ირიბულად გვიყურებდა, უფრო სწორად, შიგ სულში ჩაგვყურებდა. ბოლოს ძალიან მაგრად გაუჭირდა, ერთი ამოიოხრა და შემოგვყრანტალა:

– კარგია, არა, თბილ ბინაში ყოფნა, თქვენი დედა მოვტყან! – მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ქარი მოერია, წაიღო და ერთ წამში გადაკარგა.“

„ნაბიჯები ნასესხებში“ ორმაგი დატვირთვისაა, მასში ნასესხები დღეებიც იგულისხმება და რეალური ვალიც, რომელიც მოთხრობის მთავარი თემაა. მოთხრობა ამ საშინელი, მაზალო დღეების და საშინელი ქალაქის აღწერით იწყება, რომელიც „თვითონ ირჩევს ადამიანებს და მერე თავის რჩეულებს ფქვავს, პრესავს, აქუცმაცებს, შებოლავს და საბოლოოდ დაფასოებულებს გულში იხუტებს. თუმცა ეს ყველა იმ ბებერი და ბოროტი ქალაქის თვისებაა, სადაც ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ასაკთან ერთად სიბრძნეს იძენენ. ასეა, ამას მათი ცხოვრება ქვია“.

ბოლოსდაბოლოს, ეს ქარი ჩადგება და ქალაქს სიგრილეს დაუტოვებს. ქალაქში რაღაცნაირი უცნაური იდილიაა, მარჯანიშვილის და უზნაძის კუთხეში ჭაღარა ბიჭები გამოდიან სიტყვით, თბილისელი ქეშები, ყვარლის მოსაწევი და ა.შ. მთხრობელი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან შეჩერდება, მტკვარს გახედავს, დარდობს, „სახლი როგორ გავყიდო, ამის დედა ვატირე…“ (ზემოთაც ვახსენე სახლის გაყიდვა). ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწევს თავის ეზოს, „ალიხონიან, მურაიან, გაგიკიან და ალმერიან ეზოს“ და აქ იწყება გიგი სულაკაურის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ქალაქური პროსოდია, რომელიც ამ ეზოს სურნელით იწყება და ერთმანეთის ბინებში გულგრილი ცნობისმოყვარეობით „მზირველი“ და „ჭირისუფალი“ მეზობლებით გრძელდება. ავტორი აღწერს აივანს, თბილისურ ტიპებს, პიტალოს, მიტოს, გაგიკას, სამ „ფურიას“ – ჟენიას, ილონას და ნინას, თავზე წყლის გადმოსხმების, ბურთის დაჭრის და გრძელი, ლურჯი ენების სავსავის დიდოსტატებს.

ეზო ფენებადაა განაწილებული, პირველი სართული – მესამე კლასი, მეორე სართული – პირველი კლასი, ბავშვობის ეროტიკული მოგონებები, ბებერი თუთა, როლანდა, ხანძარი, ელდარას დუქანი. ჩნდებიან ადგილობრივი ძაღლებიც, ვაჟა და მარგო, ჟანგისფერი და თეთრი. ფინალში ყველაფერი აღიგავება: „სახლი, რომელიც გემს მაგონებდა, აღარ არის, წყალმა წაიღო. ყველა და ყველაფერი წაიღო წყალმა – ალექსანდრე, მაგული, ოქრო… ჩვენი ატლანტიდა – მადათოვი, თბილისი მთელი.

წყალმა არც მე დამინდო, არც შენ დაგინდობს და არც – არავის, ასეთია მისი ბუნება…“.

ამ უბანზე ბევრს წერდა არჩილ სულაკაური, გიგისთვის კი ეს ღრმა ბავშვობის მოგონებაა. შემდეგ სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად და აქ უკვე მივადექით მოთხრობას, „იქ, სადაც გველოდებიან…“, რომელიც ასე იწყება: „საბურთალოს უბანში 60-იანი წლების დასაწყისში გადმოვედით. მთაწმინდის ვიწრო, დაკიდებული ქუჩებისა და ძველებური ეზოების შემდეგ ისეთი სივრცეები და მასშტაბები გადაიშალა ჩემ წინ, რომ სიხარულით ჭკუაზე აღარ ვიყავი. ყველაზე მეტად სახლის უკან გაშლილმა მოედნებმა მომაჯადოვეს“[2]. ქალაქში მშენებლობებია, აშენებენ „ხრუშჩოვკებს“, სამინისტროებს, ტრესტებს, საავადმყოფოებს, კომუნიზმს, შენდება სასტუმრო „აჭარაც“ და მოთხრობის ამბებიც მის სიახლოვეს ვითარდება: ბავშვური ორთაბრძოლები, ნორჩი გლადიატორები, ცხვირის, ხელის და თითების მოტეხვები, ასირიელი ალიბეგას დახლი, ზუსტად იქ, სადაც ახლა „აჭარის“ შესასვლელია. 20 კაპიკად ფინიკის ბრიკეტის მოზრდილი ნაჭერი, ალიბეგას „ზაპოები“, მისი ქალიშვილი ლილი, მთხრობლის პირველი სიყვარული, რომელიც მამასთან ერთად აჭარის აშენებისთანავე გაუჩინარდება. ამ მოთხრობაში თბილისური შემოდგომის ლურჯი დილაც თენდება, მთხრობელიც ცოტა წამოიზრდება და უკვე დიდ ბიჭებთან ერთად დგას დოლიძის კუთხეში, უხარია და ეამაყება. ჩნდება ვოვა, პერსონაჟი, ვისაც „ყველაზე კარგად ესმის ქუჩაში „უაზროდ“ თუ „აზრიანად“ ყოფნის ყველა კანონი“. იწყება ხეტიალი, საუბრები წიგნებზე, დიალექტიკაზე და „ხეტიალის აბსურდზე“ (ვოვას ტერმინია). კიდევ ერთი გამოთქმის ავტორია ვოვა, როცა ეკითხებიან „სად მიდიხარ?“, პასუხობს, „მივდივარ იქ, სადაც მელოდებიან…“.

აქვე ზოგიერთ თბილისურ წესსაც ვეცნობით, მაგ. სახლში შესვლისას ფეხზე არ უნდა გაიხადო და ა.შ. გვხვდებიან პირველი ტაქსისტი ქალებიც, ხითხითა და კაკანები, რომლებიც თავიანთ „რკინის რაშებს“ დააქროლებენ. შევდივართ სპარტაკას დუქანშიც, ვისაც შეკვეთაც არ სჭირდება, „ორნი იყავით, ორი კაცისას მოგიტანდა, რამდენიმე – ბევრისას. მოსატანიც იმდენი არაფერი იყო – ლუდი, არაყი ან ლიმონათი, სოსისი, მდოგვი, რუხი პური“. ამ დუქანზე კიდევ აგრძელებს ავტორი საუბარს, მე კი ზაალ სამადაშვილის კიდევ ერთ ფრაგმენტს მოვიხმობ: „”სერ” მებუფეტე იყო. უფრო ჩვენებურად და თბილისურად – დახლიდარი, გნებავთ მედუქნე. მუშაობდა “ლოკომოტივის” სტადიონის სასადილოში, რომლის ვიტრინიდან სამთავრობო ლოჟის საიმედოდ დაგმანული კარი და კუს ტბის ფერდობები მოჩანდა. სამზარეულოში თვითონ ტრიალებდა, თავად ამზადებდა კერძებს. თვალების ვიწრო ჭრილით და დაბერილი ქუთუთოებით გორდონ ბენქსს ჰგავდა, სერ ალფ რემზის საფეხბურთო ნაკრების მეკარეს. შევიდოდით მის სამფლობელოში და მივესალმებოდით,- გამარჯობა, სერ! მოგვესალმებოდა,- გაგიმარჯოთ, ახალგაზრდა სენიორებო! სანამ დავსხდებოდით, გვკითხავდა,- რას ინებებთ? რას შემოგვთავაზებთ? – ავყვებოდით ჩვენ. გვაქვს ოლიმპიური “საერო” და ნეკნები მეკლენბურგულად. შევუკვეთავდით. ცოტა ხანში გაგვაგონებდა,- პელე, გაუშვი მეორე ლიანდაგზე ნეკნები და “საერო”. პელე – სამოცს გადაცილებული, ბრინჯაოსფერი ქურთი ქალი – თან დამლაგებელი იყო, თან ოფიციანტი“.

კიდევ ერთ დუქანს გავიხსენებ, ტრისტანას დუქანს (მოთხრობას ასეც ჰქვია, „ტრისტანას დუქნის მცირე ისტორია“). დევნილია ტრისტანა, ლტოლვილს რომ ეძახდნენ მაშინ, თუმცა ლტოლვილს მაინცდამაინც არა ჰგავს, კილოც და იერიც ქალაქური აქვს. ირონიით იმეორებს გამოთქმას „თბილისელი ბიჭები“, „მე თუ აქაური არა ვარ რა, ცუდი ვარ?!“. ტრისტანას უბრალო ხალხი უყვარს, „ტყლარჭი“ კიარა, ნისიაშიც კარგი ბიჭია და აღიზიანებს უცნაური მოინტელექტუალო ძველი ბიჭები, ლოთი იმპრესიონისტები წიგნებიდან ამოკრეფილი ფრაზებითა და ცინიზმით: „გავითიშეთ როგორც მარიაკები ნაცნობ პორტში“, „მე ყოველთვის მიყვარდა თქვენში ავრელიუსი მარკუს…“ და მსგავსი გამოთქმები. დაინახავენ დუქნის ღია კარიდან Volvo-ს სამ კრიალა ავტობუსს და ამბობენ: „ნახე, ბიჭო, აქედან ხალხი ფერად ქაღალდებში გახვეულ კანფეტებსა ჰგავს“, „ჰო, ოღონდ მოძრავ კამფეტებს, ერთი სული აქვთ როდის ჩაუვარდებიან life-ს საახალწლო ხახაში“. ასეთები „ბომჟს“ არაფრით გაიკარებენ, ცხვირს უბზუებენ, დუქანში ცხვირშემოყოფილ ძაღლს კი აუცილებლად მოუხმობენ, დაუყვავებენ, „მოდი ცუგო, ერთი ჭიქა დაგვილიე“. შემდეგ დუქანში საბერძნეთში მიმავალი თბილისელი ბერძენიც შემოვა ხაჭაპურზე, რომელიც თვითირონიულად პასუხობს ერთ-ერთის შეკითხვას: „ჩემისთანა ბერძნული ყველა თბილისელმა იცის“.

დაახლოებით ასეთივე დუქანში თუ სარდაფში კვდება რაფიკა. უცებ მოკვდება, სკამზე, იქვე გაიყინება, სადაც იჯდა. შემდეგ ქარი დაუბერავს, დუქანში ჭადრის ფოთოლი შემოფრინდება, სახეზე აეფარება მიცვალებულს და ზედვე შერჩება: „სახეზე ფოთოლაფარებული მოკვდა ეგ ჩემისა, მე რა უნდა მექნა, ძმაო…“. რაფიკა კიდევ ერთი მკვეთრი ქალაქური სახეა გიგი სულაკაურის ტექსტებში, რაფიკა, ვინც თავის შვილს, უნანიკას კაშნეს შეწერებას ასწავლის, ასევე ასწავლის ქუჩაში მოძრაობის წესებს, კაშნეები კი გროვდება და გროვდება, „რად უნდოდა ამდენი კაშნე, ყიდდა თუ ფეხსაცმელებს იპრიალებდა, ნაღდად არ ვიცი“. რაფიკა – ჩაცუცქული, ტუქსავს მის წინ მდგარ ორ თავჩაქინდრულ ვირგლას და თან დანის წვერით ფრჩხილებს ისუფთავებს.

თბილისს ხილვებსა და სიზმრებშიც ვხედავთ. მაგ. მოთხრობაში „უბრალო ამბავი“ ხელით იზომება მთაწმინდის ქედი. სამი მტკაველი გამოდის, 75 სანტიმეტრი, და ვინც ზომავს, აინტერესებს, „სერიოზულ მასშტაბში“ რამდენი გამოვა.

რეალური ქალაქი და ოცნების ტალღები

რამდენადაც რეალურია გიგი სულაკაურის ქალაქური ტექსტები, იმდენად ძლიერი ნაკადით შემოდის მასთან ოცნების, ერთგვარი ყმაწვილური რომანტიზმის თემა. როგორც ვნახეთ, ქალაქი ძალიან კონკრეტულია გიგისთან, სახელებით, საგნებით, ქცევებით, თუმცა ქალაქი მასთან ყოველთვის ცხადი რეალიებით არაა დატვირთული, ხანდახან ოცნებაც იკავებს გარკვეულ ადგილს, ოცნება სხვა ქალაქებსა თუ სხვა ადგილებზე. ეს რეალური ქალაქი, თბილისი, შეიძლება პოეტური ბუნდოვანებით, მძაფრი წარმოსახვითა და ბნელი სახეებით ხასიათდებოდეს, მაგრამ სწორედ ამიტომ ლაღი ფანტაზიის მოთხოვნილებასაც აჩენს, წარმოსახვით სივრცეს მონიშნავს ამ ფანტაზიისთვის. მეტიც, მასთან ამ ორი საწყისის, რეალური ქალაქის მძაფრი სახეებისა და ფანტაზიის ერთგვარი დაპირისპირება, კონტრასტი განსაზღვრავს ბევრ რამეს.

ასე უპირისპირდება ქალაქს მთა და ზღვა, თბილისს კი საპორტო თუ სხვა საოცნებო ქალაქები. გიგი სულაკაურს ძალიან უყვარს საპორტო ქალაქები, დიდი ნავსადგომებით, სადღაც სამხრეთის ზღვაში. საოცნებო ქალაქები, სადაც არასდროს უცხოვრია, მაგრამ ენატრება.იგი ქალაქურ ტექსტებში ხშირად ახსენებს ზღვებს, იალქნიან შხუნებსა და კარაველებს, როგორც რაღაც ალტერნატივას. თავის ეზოს ზღვას ადარებს, მოქანავე სტიქიას, ეზოში მოთამაშე ბავშვებს კი დელფინებს. მისთვის დღეებიც ზღვებშია ჩაკარგული, ეპიგრაფად იმოწმებს ხოსე ერედიას სიტყვებს: „ზღვის ქვეშ მზე არი“ და ზღვიდან დანახულ ნაპირსაც აღწერს: „ჩემს ზევით ახლა ზღვის ქალაქია, / ფსკერიდან ვუმზერ ქალაქის მუცელს…“.

იგი ახსენებს ზღვის ხმაურს, ფიქრებს, რომლებიც ზღვასავით ხმაურობენ თავის ქალაში, ითვლის ნაოჭებს ზღვის შუბლზე, წარმოიდგენს დალეწილ ხომალდს, აფეთქებულ, ჩაყვინთულ ნავსადგურებს, შავ დუქანს გამოკეტილ ნავსაყუდელთან, წვიმაში ცეკვას ზღვის წინაშე, წვიმის ბადეში გახვეული ზღვის ფრინველების თვლემას.

ლექსი „წერილი“ ბოთლში ჩადებულ წერილს ჰგავს, სადაც წერილის ავტორი ძალიან შორიდან იწერება, იგი მინდვრების და მთების გადაღმაა, სამხრეთის ცის ქვეშ სურს მშვიდად გამოიძინოს – ღია ზღვა, სანაპიროს სინათლეები, ნიჟარები, მარადიული ქალწულების ნელი დუდუნი.

ასეთი სხვა, რეალური ქალაქებიდან ყველაზე მეტად გაგრა უყვარდა. როდესაც რუსუდან სულაკაურს ვკითხე ასეთ ქალაქებზე, მიპასუხა: „ულაპარაკოდ გაგრა. ამ ქალაქთან იყო დაკავშირებული მისი სიყმაწვილის და უკვე ზრდასრული გიგი სულაკაურის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. გაგრაშიც ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. იქ ჯერ მამასთან ერთად დადიოდა, მერე მამასთან და ძმასთან ერთად, მერე უკვე ჩვენც. და ეს ქალაქი მეც ძალიან შემაყვარა. ბოლოს გაგრაში ადრეულ გაზაფხულზე ვიყავით გიგი, მე და ჩვენი უფროსი შვილი გიორგი. არასეზონზეც კი ეს ქალაქი უმშვენიერესია და ასეთად დარჩა მის ნატკენ გულში და მეხსიერებაში“. თუმცა იყო ლიტერატურული ან ისეთი ქალაქები, სადაც არასდროს ყოფილა: „დიდად არ ამჟღავნებდა წიგნებით აღმოჩენილი რომელიმე ქალაქის მონახულების სურვილს“ (ზაალ სამადაშვილი). ცხადია, ზღვის გამო იყო მისი საყვარელი მწერალი ჰერმან მელვილი, ვისი „მობი დიკიც“ თურმე ლამის ზეპირად იცოდა.

„მობი დიკი“ ვახსენე და იმასაც ვიტყვი, რომ ხშირად ეს ოცნება და რომანტიკა წიგნისმიერია, ბავშვობაში ან მერე ამოკითხული – ადიხანჯალა, „ძუ ლომი – რიტა უსტინოვიჩი, / ბადრ-ალ-ბუდური უალადინოდ, / მარჯანა ალი ბაბას გარეშე, / ისააკის გოგო რებეკა, / გრაფ მონტე კრისტო, / მუშკეტერები, / დევიდ კოპერფილდ (ოღონდ არა ჯადოქარი), / პირატთა მთელი ბუდე „ჭოგრიტი“, / ჯონ სილვერის მეთაურობით, / ბრილიანტების გამტაცებლები, / ობლობით დაზრდილი / ბადრი და უსუპ და ამირანი და / დევთა რისხვა – გმირი ცამცუმი, / თვით ჩხუბისთავი კაპიტანიც / იქ მოვიდა, – გამოკეტილ ნავსაყუდელთან და / დღე ვერაფრით გადაარჩინეს… / მე ვინც მასწავლა, – / არასოდეს არ დავიღალო, / დაღლილი იყო და / იმ დაღლის ფასიც იცოდა…“. ერთ ლექსში მელმოტიც შემოჰყავს, მსოფლიო ლიტერატურის მთავარი მოხეტიალე.

ამ ხეტიალისა და გადაკარგვის წრეში ექცევა ხორხე ლუის ბორხესიც, ყელის გამოჭრებით, სახრჩობელებით, სისხლით გამტყვრალი ხომალდებით, ოქროს ძიებით, ზღვებზე წანწალითა და გაუთავებელი აბორდაჟებით, უბნისა და ქვეყნის ძაღლებით, შარაზე დამდგარი ბრმა ავაზაკით.

ლექსში „კარუსელის ქუჩა“, ეს დაპირისპირება, ერთი მხრივ ქალაქი და მეორე მხრივ ზღვა, მთა, ოცნება, წარსულისა და მომავლის დაპირისპირებაცაა და სიბრმავის თემა აქაც ჩნდება. პოეტს აგონდება ბავშვობის საყვარელი წიგნები, მერე კვლავ რომ გადაიკითხა (დიახ, მე მგონი ნამდვილად ესაა მისი ოცნების, ზღაპრის ერთ-ერთი გასაღები) და ლექსს ასე ასრულებს: „უცნაური ის იქნებოდა, / მომავალი რომ დამენახა – / მოხუცი ბავშვი / მზეს უყურებს / დაბრმავებული“. შესაბამისად, მასთან მომავალი დახუჭულ თვალებს, ვერდანახვას, სიბრმავესაც აღნიშნავს.

ოცნებაში შეიძლება სახლიდან, კედლის ფარდაგის დახმარებითაც შეაღწიო, სადაც ირმების მყვირალობა და ოქროსფერი შემოდგომაა ამოქარგული. ქალაქში ომია, ის კი ბუხარში წარმოსახვით ცეცხლს ანთებს და ინგლისის სამეფო ბაღზე საუბრობს, პრინცებზე და დედოფლის ბრწყინვალებაზე. ქალაქში მანათობელი ტყვიები დაფრინავენ, მთაწმინდას და არსენალის მთას ანათებენ, თუმცა უცებ მზერა ვარსკვლავებზე გადადის და პოეტიც სხვაგან აღმოჩნდება: მინიატურაში, მირაჟებში, სადაც ჩიტებს გაუშვებს, „წინ მათ ზამთარი ელოდებათ, – / როგორც ჩვენი გადასატანი და საერთო, / უსასრულო, გრძელი ოცნება…“. იგი ცდილობს უკეთეს სინამდვილეში გაემგზავროს, ცდილობს ბინა ახლებურად გადაწეროს ბუხრით, წიგნებით, ცეცხლით, სითბოთი. ახალი სამფლობელო შექმნას.

გიგი ცდილობს მიატოვოს თავისი ქალაქის ზამთრის ქუჩები და ღრუბელზე წამოწვეს, „მერე რა, რომ ვარსკვლავები / ისუსხებიან“ და შემდეგ მიემართება გაზაფხულის ბაღებისკენ. ერთ ლექსში ოცნება მარსამდეც კი აღწევს, ესიზმრება ამ პლანეტის გადამხმარი მდელო, სადაც სიკვდილის შემდეგ ჩვენი სულები დაქრიან. იქვეა წყალი და ჩათვლემილი ხომალდები, რომლებიც მარსის სისხლიან მზეზე მღერიან.

ამ ოცნებებს თავისი ატრიბუტებიც აქვს და საკუთარი პერსონაჟები ჰყავს. მაგ. დანა, ხან ჯიბეში, ხანაც ხელში, ხანაც ხელიდან – ხელში. ჩნდება კითხვა, საიდან მოდის ეს დანა, ცხოვრებიდან? რომელიმე პოეტიდან, მაგ ლორკადან? ამგვარ გადახვევებში დიდი ადგილი უკავიათ ქალებს, შესაძლოა საბედისწერო ქალებსაც. აქაა პორტის კახპას აკიდებული დასპირტული მეზღვაური, გვხდება სიგარეტი (თამბაქო), რევოლვერი, ალესილი ნაჯახები, გასროლილი ვაზნა, გადაჭრილი თოკი და წამლის კოლოფები, ბებერი პარიზი, თამბაქოს ბოლში გამოყვანილი ლაპარაკი, ტრაბახი, ინტელექტი, უცხო სიბრძნე, ბრმა სევდა. ჩნდებიან ცხენები, გრძნეული და ბებერი მეფეები, მათი ასულები. სხვა ლექსში მეფე დარბეულ და გაძარცულ ქალაქს გაჰყურებს, ამ უცხო ქალაქში კი ძაღლები დაწანწალებენ. ჩანან მკვლელები ბალიშის ქვეშ ამოდებული პისტოლეტებით. სხვათა შორის, გიგი სულაკაურთან პროზაშიც გვხვდება იარაღი, ერთ მოთხრობაში მთელ სახლში პისტოლეტის სუნი დგება, სასმელსაც და საჭმელსაც კი მისი გემო აქვს.

ეს კონკრეტული გმირები და პერსონაჟები მეტაფორად იქცევიან, რომელიც ერთი ან ორი ლექსიკური ერთეულით გამოიხატება, ბიჭები, ძმები და ა.შ…. ეს ბიჭები და ძმები მთელს მის შემოქმედებას გასდევს და მეგობრებს აღნიშნავს, მეგობრების მეგობრებს, ადამიანებს, ვინც იყვნენ და აღარ არიან, ან არიან და უბრალოდ არსებობენ. ზემოთ მეგობრების სახლები ჩამოვთვალე და არსებობს მეგობრების სხვა სახლებიც, სიკვდილის შემდეგ სადაც ბინადრობენ: „ვერაზე, დიდუბეში, / საბურთალოზე / გამაგრებულან საფლავები / ძმების სახლები…“. იგი ახსენებს ბიჭებს, რომლებიც დააკლდნენ ბიჭებს, და ზოგადადაც ეს ქალაქი მისთვის ძმების ხსოვნის ადგილია, აქ მათი ძვლებია დანერგილი, აქ მათი ქვის საბნებია წარწერებით, თუმცა იგი ხანდახან თავის სიზმრებშიც ვერ პოულობს ამ ბიჭებს.

ლექსი „ძველი ნავი“ თითქოს ანტიქალაქის სიტუაციას აღწერს, სანაპიროზე შავი ქვებივით დალაგებულ შავ ძაღლებს, ძველ ნავს, ზღვას, თევზებს, ძველ ნავში ძილს, ზღვაში ჩამავალ სპილენძის ნატეხს, ქარს, ზღვისპირა დუქანში მსმელებს, ძველ კიდობანს. დაბოლოს, ქალაქს სტკივა გვიანი ხმები, ქვიშას კი უჭირავს ნაფეხურები. რა არის ეს? წარსული? რაღაცის კვალი? მოგონება?

ქართლის ველებიც, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ძალიან ახლოსაა თბილისთან, ამ რაღაცა ზღვისმაგვარ, წარმოსახვით სივრცეს ქმნის, მას თავისუფლება ქართლის ქარებმა ასწავლეს, მათ მიაჩვიეს. „სევდას მოაქვს / უცხო მინდვრების და ტყეების, / მდინარეების უცხო სურნელი.“ კიდევ უფრო ხშირად ახსენებს გიგი სულაკაური მთებს, ზღვასავით საოცნებო მთებს. ერთგან იმასაც ამბობს, რომ ბავშვობიდან, უფრო ადრეც, დაბადებამდე უყვარდა მთები.

უცხო ქალაქები თითქოს ერთმანეთში აერთიანებს ქალაქისა და ოცნების, ან სხვაობის თემას. მაგ. ავიღოთ გიგის ერთგვარი ბოპ-პროსოდია, სახელად Foxtrot, რომელიც უცხო ქალაქზეა. ლექსში თავიდანვე ჩნდება თოვლი, რომელიც უკვე იშვიათობაა თბილისში, მაგრამ სხვა ქალაქში ჩვეულებრივი ამბავია[3]. ამ ლექსში ბარათაშვილის ხიდიცაა ნახსენები და მწვანე, მტირალა კლდე (ციციანოვის აღმართი), მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ უცხო ქალაქში გრძნობს თავს,  „უცხო კაცი – უცხო ქალაქში“, სველი თოვლი, ქუჩის შუქები, რუსული წიგნის მაღაზიის ვიტრინა, ვიტრინიდან დანახული წიგნი „გრუზინსკიე რომანტიკი“, იმ უცხო ქალაქის უცხო რესტორანი, უცხო მენიუ და სასმელი, „სლივოვიცა“, უცხო ქალაქის ძაღლები, რომლებიც უცხო ენაზე ყეფენ და სხვ.

ლექს „პატარა ქალაქშიც“, რა თქმა უნდა სხვა, უცხო ქალაქი იგულისხმება და არა თბილისი, თუმცა რეალიები ხანდახან მაინც თბილისური რჩება: ვიწრო დუქანი და ლოთები, ხიდი, ხმაური, თუმცა ეს ხმაური მაინც დაბისაა და არა ქალაქის, რიყეც პატარა მდინარისაა და არა მტკვრის. იგივე შეიძლება ითქვას „ზღვისპირა ქალაქზეც“, შავი ხალივით ყავახანაზე, ცარიელ ქალაქზე, რომელიც სველი შუბლით ეხლება ზღვის ნაპირებს. გრძელი წვიმები, მაგნოლიის ასტრალური მწარე სურნელი და ზღვის ხმაური.

ასეთ პატარა ქალაქში ჩასულ პოეტს ბაქანზე სადალაქო ხვდება, როგორც ნათესავი. თბილისში ასეთს ვერ ნახავ. ეს უცხო ქალაქი მარტივი, ძველი, ბნელი ქალაქია, სადაც ყველაფერი რატომღაც ყვითელია. აქაც ახსენებს თბილისს და თბილისურს. მაგ. ძველ თბილისურ ამბავს, ქალაქში მოარულ წერილს“, „12 წლის ბიჭმა იხილა ღმერთი“. ამ სხვა ქალაქში ნათურები ბჟუტავენ, ძლივს ანათებენ, შემაწუხებლად ინავლებიან, „კი არ ანათებს, ფერს უცვლის ოთახს, – / <…> ასეთ შუქზე იბადებიან / ოთახის ფარულ, ბნელ კუთხეებში / გაურკვეველი წარმოშობის ჩრდილები / და მაჯლაჯუნები“. გვხვდება ხელოვნური ქვის ქალაქიც, სწორედ აქ დაეხეტება იგი მოჩვენებითი გულგრილობით: ზამთრის ყალბი სითბო, პორტატიული ცისქვეშეთი, ქარისკენ ზურგშექცევით მდგარი ხეები, რომელსაც დანახშირებულ ღერებს ადარებს, ასანთის ღერებს.

და ბოლოს, გიგის გრძელი ლექსი მინდა გავიხსენო, „მთვრალი პოლიფემე ოდისევსს არეულად ესაუბრება“, სადაც ოდისევსი, შეიძლება ითქვას ქალაქურ კულტურას განასახიერებს, მოლიფემე კი იმ უცხო, ოცნების სამყაროს. მისი თვალსაწიერია დანისლული მწვერვალები, წყაროები, იალაღები და ხურუშიანი სატირები, მისი კუნძული იდიოტების სამოთხეა და როგორც დავინახავთ, ამ რომანტიკული, ოცნების სამყაროსგან დიდი საფრთხეა მოსალოდნელი, მან შეიძლება მეომრები შეგიჭამოს და შემდეგ შენივე მაღალი კულტურის მთავარი ნაყოფი, ღვინო დააყოლოს ზედ. მის ტვინში მუქი, ავი ხნულებია, უკუნი სუფევს, სიბნელეა, იქ ყველაფერი უჩინარდება, ოდისევსი კი მოხეტიალეა, ესაა მისი მთავარი ნიშანი, იგი მშფოთვარე გულის პატრონია და მის წანწალს „სიცოცხლე ქვია, / მსხვერპლის გაღება, / მარადიული რწევა წყალზე და / უძლურების ფანატიკური შემოტევები…“.

მტკვარი, ისევ მოძრაობა

ზემოხსენებული „რწევა წყალზე“ ზღვის საკუთრებაა, ზღვაზე მოგზაურობის. ქალაქში კი გიგი სულაკაურს მტკვარი ჰყავდა, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა, ხშირად პირად მითოლოგიაშიც იხმობდა, ან რაიმე ამბის მოყოლისას მტკვარს პერსონაჟად აქცევდა. ეს მდინარე მოძრაობის კიდევ ერთი აგენტია გიგი სულაკაურის ტექსტებში, მაგ. ლექსში „ნაფოტის ცურვა“: „მტკვარი თბილისს ნაფოტივით მიაქანებდა ქვევით, ზღვისაკენ, უცხო ზღვისაკენ…“. ზღვის ხმიანობა ყოველთვის მოისმის გიგი სულაკაურის ლექსებში, ან უხმოდ დგას, არსებობს, მყოფობს, თუმცა ეს უფრო სხვა ზღვებს ან სულაც დასავლეთის ზღვას შეეხება, შავ ზღვას. ეს „უცხო ზღვა“ კი ქალაქთანაა კავშირში და თითქოს განცალკევებით დგას იმ ოცნების ზღვებისგან. ამ ზღვაში მტკვარი ჩაედინება, ქალაქგამოვლილი. ამ მოქანავე „ნაფოტ-სახლშია“ თავად ავტორიც, გამოკეტილი, როგორც საკანში და ისიც ეშვება დიდი, უცხო ზღვისკენ: „გარედან ამას / ვინმე ცურვას დაარქმევდა, / მაგრამ ჩემთვის / უბრალოდ ერქვა, – / მიახლოება მონატრებასთან. / გუმანით უკვე ვგრძნობდი კიდეც / უცხო წყლებს და /უთოვლო დროს და / უცნობ ბაღებს და / გაუვალ ლაბირინთში ჩასაფრებულ, / მომლოდინე, / უკვდავებისგან დაღლილ მინოტავრს…“.

მტკვარი „მორევიანი მწვანეა“ და მხართეძოზეა წამოწოლილი. ეს მწვანე კიდევ არაერთხელ შეგვხვდება მდინარის აღწერისას, იგი ერთგვარ აკვიატებადაც კი იქცევა. მტკვარი ყველაფერს იღებს და სადღაც მიერეკება, თანავარსკვლავედიც კი შეუძლია თხის ჯოგივით გადენოს, თუმცა ხანდახან პოეტი მტკვარში ჩახედვასაც ახერხებს და საკუთარი იერის დანახვასაც.

გავიხსენოთ გიგის კლასიკური ლექსი, „ანტიქაშმირი“: „ამ ღამით მტკვარი უფრო ცივია, / ვიდრე ყინულზე დაღვრილი მთვარე, თანაც მწვანეა – ადამიანთა ბოღმასავით – / წყალთან ერთად ბოღმას და ნაღველს მიაგორებს კასპიისკენ…“.

ლექსში, „ქუჩის ბიჭების გასაგონად“ ქუჩის ბიჭებთან მოძრაობის სირთულეს ვხვდებით, მოძრაობას იმ მეორე გაგებით, ზემოთ რომ დავწერე, „ძნელი ყოფილა კარს მიღმა ყოფნა, / ქუჩის ბიჭებთან მოძრაობა, / მდინარის დევნა, – ზღვამდე მიყავხარ…“. აქაც ისევ კასპიის ზღვაა, რომელზეც როგორც ჭიპლარით, მიბმულია ეს უცნაური ბებერი ქალაქი.

კიდევ ერთი ლექსი: „მე ვარ გოლიათი / და მე ვარ მკვდარი. / ე.ი. მკვდარი გოლიათი ვარ. / ჩემი ნარჩენი გდია მდინარეში, / რომელსაც ჰქვია მტკვარი“. გოლიათი უხერხულად წევს, თავით ქვიშას ეხება, ფეხები წყალში აქვს ჩაყრილი, ცალი თვალი არა აქვს, ჩიტმა წაიღო. იქნებ ეს ის ცალთვალა პოლიფემეა რომელიც უკვე შეგვხვდა სხვა ლექსში? აპრილია. ქათქათებს რიყე და მისი კბილები, წევს ეს გოლიათი მარტო და წყალდიდობას ელოდება, რომელიც ამ მდინარის ნაპირიდან ზღვისკენ გააქანებს: „როდემდე უნდა ვეგდო რიყეზე, / მე ხომ მკვდარი გოლიათი ვარ, / ჩემი ადგილი არის ზღვის ფსკერზე, / სისხლისმსმელი თევზების ბაღში…“.

მტკვრის თემაში ნარცისის მითის გადააზრებასაც ვხედავთ, საკმაოდ გართულებულადაც:

მე ჩავიხედე მდინარეში / და დავინახე ქალაქი, / მდინარეში რომ იხედებოდა. / კიდევ დავინახე ღრუბელი, – / იხედებოდა ქალაქში / და მდინარეში. / ზაფხულის / დაჟინებული მზე კი / იხედებოდა ღრუბელშიც, / ქალაქშიც და / (რა თქმა უნდა) / მდინარეშიც… / ასე ვიხედებოდით ოთხივენი / მდინარეში / და რადგან წყალი გვირეკლავდა – / ვერ გავიგეთ / სად იხედებოდა თვითონ მდინარე, / ხოლო მე: – / ვინ იხედებოდა ჩემში“.

მტკვრის მოძრაობას ერთი-ორგან თავად ქალაქის უძრაობა უპირისპირდება: „ჩამომჯდარი მტკვარზე / თბილისი…“. ხანდახან კი თავად მწვანე მტკვარიც უძრავია, გაყინულია და მასზე მარტოხელა მგზავრი დააბიჯებს, ქარში, მდინარის დუმილში. და ვინ იცის, იქნებ კაფე „მწვანეც“ შეიძლება მტკვრის ფილიალია ხმელეთზე, ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებდა ქალაქში გამოსული გიგი სულაკაური. ადგილი, სადაც შეიძლება სულები და აჩრდილებიც სახლობდნენ.

ბოლოს ყოველთვის უძრაობა მოდის, თუმცა ამ უძრაობაში უზარმაზარი ინერცია და დაგროვილი ენერგია იყრის თავს. როგორც გიგის მეგობრები ამბობენ, ბოლოს იგი იმდენს აღარ დახეტიალობდა, მხოლოდ თავის უბანს ურტყამდა წრეებს. იშვიათად გაზრდიდა მარშრუტებს, ისიც წუწუნით, ტანჯვით. სამაგიეროდ მის ლექსებში და მოთხრობებში გაფანტული ქალაქური გეოგრაფია დღესაც ზუსტად ამოანათებს მისი ძველი მოძრაობის ტრაექტორიას, სახელებს, განცდებს, ფიქრებს. პირქუშად კი ჟღერს, მაგრამ წარსულის სიარული, ხეტიალი და მისი თანამდევი ფიქრები ავტორის დღევანდელ უძრაობაშიც არ წყდება. ეს ფიქრები სიკვდილის შემდეგაც ახურებენ გონებას. ავტორი აღარაა, მაგრამ მოძრაობა დარჩა. იგი არ გადაშენდება, როგორც მამია გადაშენდა, და არც მეორე მამია გამოჩნდება, უფროსი მამია, რომელსაც შესჩივლებს: „მე გადავშენდი, ბატონო მამია…“. იგი არც ნამქერში და ღამის ყინვაში გაუჩინარდება, არამედ ივლის, ფურცლიდან ფურცელზე გადავა, წიგნიდან წიგნში იმოძრავებს ძველი და მშფოთვარე გულით. საბოლოო უძრაობა არ ნიშნავს, რომ ბოლოს სიმშვიდე მოვა. ჩრდილი ყოველთვის დარჩება და არ დაგვავიწყდეს, რომ შფოთვა და მოუსვენრობა ჩრდილებსაც ახასიათებთ:

„ჩრდილიღა დავრჩი და ამასაც

აქა ვტოვებ

ამ უცნაურ, ბებერ ქალაქში –

ჩრდილების სადგურს არ მოადგა

მატარებელი“.


[1] ზაალ სამადაშვილს აქვს ერთ მცირე ტექსტში, „გიგის მაგიდა“, სადაც იგი გიგი სულკაურის ხელით შეჭედილ მაგიდაზე ამოკაწრულ სიტყვებს განმარტავს. ამ პატარა ლექსიკონის ერთ-ერთი სიტყვაა “ბაზბაზი”, „ძაღლ “ზანზიბარის” მოსაფერებელ სახელთაგან ერთ-ერთი. “ზანზიბარი” მსხვილი, მოკლეფეხება, ჟღალბეწვიანი ხვადია. გიგის მის შესახებ დაწერილი აქვს ნოველა “ბოლანდიური ნაგაზი”“.

[2] რუსუდან სულაკაურთან ინტერვიუდან: ბუნებრივია, სხვა სივრცეები გამოჩნდებოდა. მანამდე „საქანელას ქუჩაზე“ ცხოვრობდნენ, თვითონ გიგი „კარუსელის ქუჩას“ ეძახდა. საბურთალო კი იმ დროს განაშენიანებული არ იყო და მოზარდისთვის ბევრი საინტერესო კუთხე-კუნჭული იქნებოდა – მშენებლობები, სადაც ბიჭები დაძვრებოდნენ და ჩუმად სიგარეტსაც ეწეოდნენ. გიგის ბავშვობის მეგობრებიც ამავე უბნიდან არიან“.

[3] გიგის ყმაწვილკაცობაში ერთი ძმაკაცი ჰყავდა, ვისთან ერთადაც წესად ჰქონია, როცა მოთოვდა, ღამით, გაღმა ნაპირზე, ჩუღურეთი-სვანეთის უბნისკენ, ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო დადიოდნენ, დათოვლილი, მიჩუმებული თბილისური ეზოების სანახავად.

© არილი

Facebook Comments Box