„რა ვქნა, ძმაო, ჩვენი ქალაქი ასეთია!“ – „ხათაბალა“, გაბრიელ სუნდუკიანი
ქალაქის კონვერტაცია რომ შეიძლებოდეს ადამიანად, XIX საუკუნის თბილისის კონვერტირება, ერთ-ერთ ვარიანტად, უთუოდ მოგვცემდა გაბრიელ სუნდუკიანს – მწერალსა და დრამატურგს, რომელმაც თბილისში დაბადებითა და გარდაცვალებით, თბილისში ცხოვრებითა და საქმიანობით, თბილისის სიყვარულითა და თბილისზე ზრუნვით, თბილისელებზე წერითა და თბილისის აღწერით – მთელი ქალაქი, მისი ყველა ფენა, ყველა ეროვნება, ყველა ხელობის ადამიანი, მთელი მისი აზიურ-ევროპული სიჭრელე დაიტია… რომელმაც ძველი თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი, სომხურ-ქართული კომპონენტები ისე დაუახლოვა ერთმანეთს, როგორც ვერავინ მანამდე.
რუსთაველის გამზირს უხდება ილიას და აკაკის ძეგლი, მაგრამ არანაკლებ მოუხდებოდა და არანაკლები შინაარსით აავსებდა ქალაქის ყოფას გაბრიელისა და აკაკის ერთად დგომაც. აკაკის სცენაზე უთამაშია სუნდუკიანის პიესაში (თერგდალეული მიხეილი „კიდევ ერთ მსხვერპლში“), მრავალი წელი გაუნელებლად უმეგობრია გაბრიელთან, არაერთხელ ხელკავითაც უსეირნიათ ქალაქის მთავარ გამზირზე და სულ ბოლოს მწარე ცრემლითაც დაუტირებია უფროსი მეგობარი, როცა 1912 წლის 16 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაცვლილა მშობლიურ თბილისში.
თუმცა, აკაკი წერეთლის გარდა, სუნდუკიანის პიესებში უთამაშიათ რაფიელ ერისთავს, ალექსანდრე ყაზბეგს, იოსებ ბაქრაძეს, ასიკო ცაგარელს, ნინო და ილია ნაკაშიძეებს, იოსებ გრიშაშვილს და ბევრ სხვას. ილიამ „ივერიაში“ დაბეჭდა „პეპო“. სუნდუკიანის სპექტაკლებზე რეცენზიები უწერიათ სერგი მესხს, კირილე ლორთქიფანიძეს, ანტონ ფურცელაძეს, ნიკო ნიკოლაძესა და პეტრე უმიკაშვილს.
გაბრიელ სუნდუკიანის კალმის მოსმა ქაღალდზე ყოველ ჯერზე აჩენდა თბილისს ისე, როგორც ბერძნულ მითოლოგიაში მიდიის მეფე მიდასი აქცევდა ოქროდ ყველაფერს, რასაც კი ხელით შეეხებოდა. შემთხვევით არ იყო, რომ ერთხელ კოტე ყიფიანმა უთხრა, თქვენ დრამატურგი კი არა, პოეტი ხართ, რომელიც არა რითმით, არამედ ჩვენი ცოცხალი მეტყველებით სწერთ და, რომელმაც ჩვენი ყოველდღიური უფერული მერკანტილური ცხოვრებიდან წამოაყენეთ თბილისის ისეთი ტიპები, რომლებიც არასოდეს არ გაჰქრებიანო. სერგეი მესხმაც, როცა სუნდუკიანის ყველაზე ცნობილი დადგმის, „პეპოს“ შესახებ წერდა („დროება“, 1875 წ. N137), აღფრთოვანებულმა შენიშნა, ყველა აქ გამოყვანილი პირები ჩვენი კარგი ნაცნობები არიან, იმათ ყოველ დღე, ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ ჩვენო.
მართლაც, რა გარემოშიც სუნდუკიანის ზამბახოვი, ოსეფა, ზიმზიმოვი, პეპო, კაკული, გიქო, ეფემია, ოსკან პეტროვიჩი, ისაია, გიორგი და მარგალიტა ცხოვრობენ, სწორედ ისაა ძველი ტფილისის ტოპოგრაფია, როგორაც ისინი ლაპარაკობენ, რაც მათ აცვიათ და რასაც ისინი გეახლებიან (ღარიბულ თუ მდიდრულ სუფრებზე), სწორედ ესაა ძველი თბილისის ყოფა და ყოველდღიურობა.
სუნდუკიანის პერსონაჟების აღწერა და მეტყველება მართლაც თვალსაჩინო წარმოდგენას იძლევა XIX საუკუნის თბილისზე, მის ტიპებსა და ლინგვისტურ ქსოვილზე – ერთგვარ თბილისურ ესპერანტოზე, რომლის გასაგებად, როგორც იოსებ გრიშაშვილი ამბობს, ქალაქში ცხოვრების გამოცდილება იყო საჭირო. „ამიტომაც, ერთხელ პეპოს თარგმნა სცადეს სომხურიდან სომხურად, ვინაიდან სუნდუკიანის ქალაქური დიალექტი ყველა სომეხს არ ესმისო.“
თბილისური ესპერანტო
1950 წელს, როცა გაბრიელ სუნდუკიანის 125 წლის იუბილე აღინიშნებოდა, თბილისში გამოიცა მწერლის პიესების კრებული, რომელსაც, წინათქმასთან და შენიშვნებთან ერთად, ლექსიკონიც დაურთო გამოცემის რედაქტორმა, იოსებ გრიშაშვილმა.
„გაბრიელ სუნდუკიანს, როგორც თბილისში დაბადებულს, ბევრი თავისებური გამოთქმა აქვს…“ – წერს ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემის ავტორი და ქალაქური ლექსიკონის შემდგენელი, რომლის დახმარების გარეშე ბევრი რამე გაუგებარი დარჩებოდა თანამედროვე მკითხველს.
როცა პეპო ამბობს, სანამ რასმე იტყვის, სიტყვებს აქლემის ლოხმასავით პირში ღეჭავსო, განა ბევრმა იცის, რომ ლოხმა რაჰათ-ლუხუმის მსგავსი ტკბილეულია, რომლის ლუკმაც კევივით იღეჭება? ანდა კაკულიმ რომ დაჯაჯული ლურჯი სუფრა გაშალოს, ზედ ყვითელი ჩალის კოვზები და რამტელსამე თეფში რომ დააწყოს, მერე ხელსახოციდან ამოღებულ დოშის ნაჭერზე, მოთალზე, მწვანილსა და ლავაშებზე რომ დაპატიჟოს და თან უთხრას, შახე ამ ალაბალუხსაო, განა ბევრი მიხვდება, „ალაბალუხი“ უმაღლესი ხარისხის დოშ-ზურგიელი და სამეფო თევზი რომ არის?
„ზაჰრუმალ!“ – მიაძახებდნენ ხოლმე ცუდის მთქმელს და ეს ზაჰრუმალი თურმე გველის შხამი ყოფილა და თუ ცუდის მთქმელი სიავეს არ დაიშლიდა, ვიღაც აუცილებლად დაემუქრებოდა, ისე გავხადო, რო სეფილის ბაიათი (ანუ დარდიანი ჰანგი) დავაძახოო… დღეს თუ ვინმეზე იტყვიან ლოთ-პაჟარნააო, მასზე კარგს არაფერს იფიქრებთ, მაგრამ სუნდუკიანის თბილისში ლოთი გულმართალი, ხელგაშლილი და პატიოსანი კაცია, ლოთიანად თქმაც სიმართლის თქმას ნიშნავს, პაჟარნის კი თავზეხელაღებულ, მხიარულ, დაუდგრომელ კაცზე იტყვიან.
ვისაც სუნდუკიანის დროინდელი თბილისური ესმის, უმალ მიხვდება, როგორ ადამიანზე ითქმის კოთხუნჯი (კუნძივით უშნო), კუპაჭია (დაბალი, მოლეული), მაიმახი (ფეხმრუდე), ლუპუსტაწი (უსირცხვილო), თავფქვილა (ქარაფშუტა), ჩაფლაჩუნა (ბეჩავი) და როგორზე – ჩათუქესანი, რომელიც თოკაწყვეტილი, უქნარა, მოქიფე და უჯავრელი კაცია, როგორიც გიჟმოზე და კაკული არიან, კარგ ღვინოს რომ სტაქნით არ დალევენ, მხოლოდ ჯამით, სმაში შიგ სახე რომ გამოჩნდეს ქრისტიანულათ…
მავან კუპეწზე (ვაჭარზე) ხალხი ამბობდა, ჰაშაქარიაო (უარის მთქმელი), რომელსაც ქვეყანა ალანთალანად (ძარცვა-გლეჯად) გაუხდიაო. ტფილისი ამ დროს სავსეა ლოტობაზებით (ლოტოს მოთამაშეებით), რომლებიც ერთად გროვდებიან ერთს ოთახში ისე, თითქოს ხოჯას აბანო იყოს. ცხადია, ყველას არ ჰქონდა ფოდრატის (იჯარის) საქმე აწყობილი, მაგრამ ყველას შეეძლო რიგის პურის (რიგ-რიგობით წვეულების) გამართვა და ტრეატრში სიარული, სადაც ბილეთის სასყიდლათ მისული ხალხი იმხელა რიგს აყენებდა, რომ იტყოდი, გელაქნური (სევანის კალმახი) მოსულაო. ახალგაზრდები ამასაც არ სჯერდებოდნენ და ჯერ მოსიო ჰანრისთან ფორტეპიანოზე თავს იხეთქავდნენ, მერე კი ერთი-ორი საათიც მადამას მიუჯდებოდნენ, რათა ეყბედათ: „კომან ვუ პორტევუ? მერსი მადამ, მერსი მუსიო, ილფე ბოტან, ილფე მოვეტან“, ხოლო უფროსებს ქოქოლა მიეყარათ, ეს მინდაოსა და ის მინდაოსგან, ზაჰლა წამივიდაო…
ტროტროზე (ტროტუარზე) მოდის, სირაჯხანის სუნით ყარს, ორთაჭალის ვირსაც არ აქვს მაგოდენა ყურები; ისეთი ჭკვიანია, ტელეგრაფის მავთული მაგის მოგონილია; მუცელი აქვს ალიხანას რუმბივით – ერთი სიტყვით, ნამდვილი „ფაშა და დროშაა“ (წარმოსადეგი ადამიანია) და თუ ტყუილს ვამბობდე და რამეს ვამატებდე ამ ფართრეტში (პორტრეტში), თორნეში დავიწვე.
სუნდუკიანის სამყაროს ტოპოგრაფია
როგორც მწერალმა და პუბლიცისტმა, ილია ზურაბიშვილმა შენიშნა, სუნდუკიანის გმირთა მოქმედების არემარე თბილისია, ქალაქის ფარგალს ისინი არ გასცილებიანო, და, მართლაც, სუნდუკიანის თითქმის ყველა პიესასა და მოთხრობაში („ჰამალის მასლაათების“ ციკლი) ტფილისია მთავარი პერსონაჟი, ქალაქი, რომლის „კლდე და მტკვარი ისევ ისინი არიან და ხალხი კი სხვა გამხდარა“.
არ დარჩენილა საქართველოში ადგილი, სადაც თეატრი იყო და სადაც სუნდუკიანის პიესები არ უთამაშიათ საყოველთაო მოწონებითა და აღფრთოვანებით, მაგრამ ყველაზე კარგად და გამორჩეულად, თურმე, თბილისელი მსახიობები თამაშობდნენ და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ თბილისში უკეთესი არტისტები იყვნენ. თუ სუფლიორის ორმოდან მაცქერალ იოსებ გრიშაშვილს დავუჯერებთ, სუნდუკიანს უმთავრესად თბილისის ცხოვრება აქვს აღწერილი, რაც ასეთი მშობლიური იყო თბილისელი მსახიობებისთვის.
1932 წელს ჟურნალ „დროშის“ მე-6 ნომერში გამოქვეყნდა ექიმ ნავასარდიანის, გაბრელის ახლო მეგობრის მოგონება, რომლის მიხედვითაც, მწერალი თავისი პიესების ტიპებს ქალაქის სინამდვილიდან იღებდა და „პეპოში“, „ხათაბალაში“ და სხვა პიესებშიც ნამდვილი ცხოვრება იყო ასახული.
„ერთხელ ამ ორმოცი წლის წინათ, მე და გაბრიელი ფეხით მივდიოდით მეტეხის ციხის ახლოს ბაყალხანაში. ამ დროს მან დაინახა ერთი ბაყლის სავაჭროს წინ მდგომი ყარაჩოღელის კოხტა ტანისამოსში გამოწყობილი ახოვანი ლამაზი ვაჟკაცი. მის დანახვაზე გაბრიელს სახე მხიარულად გადაეშალა და ღიმილით მითხრა: „ბაგრატ, აი ხედავ ამ კაცს, ეგ არის ჩემო პეპო, მე ეგა მყავს გამოყვანილი“. ეს კაცი იყო მეთევზე, რომელიც სუნდუკიანს ძალიან უყვარადა, ასე რომ ამ კაცს ერთ-ერთი თავისი ქალიშვილი მოანათვლინა. ამასთანავე ხანდისხან სახლშიც მიიპატიჟებდა ხოლმე“.
ამიტომაც არიან სუნდუკიანის პერსონაჟები დამაჯერებლები, თითქოს დარბაზში მსხდომი მაყურებლების კარგი ნაცნობები იყვნენ და როცა მსახიობები მურწების გამოწელვასა და მტკვარში ბადის გაშლაზე ლაპარაკობენ, თვითონაც იქ არიან, მტკვრის მღვრიე ტალღებში, პეტრეს მორევთან.
„ჰო, ჰო, ჰო! რა ბადეა! იმდენი ვესროლე და ისევ მთელია!.. ვესროდი თუ არა: ზმ, ზმ!.. გამოსდებდნენ, ფართხალით!.. ხალხს რომ ჭკუა ჰქონდეს, ამის მეტი ხელობა არ ექნებოდა… რომ ისვრი და მანამ გამოსწევ, გულს ტაკი-ტუკი გააქვს… ასე გეგონება სიცოცხლე და სიკვდილი ბეწვზედ ჰკიდიაო!.. მერე თუ ბნელი ღამეც არის, ასე გგონია, ვარსკვლავები გეჭიკჭიკებიან!.. და თუ ნათელი ღამეა, იტყვი, მთვარე თითქო თავზე, ფარვანასავით მადგაო, ლოთი!… ეშხშიაც რომ შედიხარ და ფეხებიც გისველდება და ერთბაშათ ისვრი… ოჰ, შენი კი ჭირიმე!..“ („პეპო“)
სუნდუკიანის პეპოს მსგავსად ბევრ თბილისელს არჩენდა მტკვარი, რომელიც, კაშხლებით ჩახერგვამდე და საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებამდე, სავსე იყო იხტიოფაუნით. ბევრ ზღვისპირა ქალაქს შეშურდებოდა ტფილისის თევზის ბაზრის მრავალფეროვნებისა. თბილისელებში განსაკუთრებულად კარგი გასავალი ჰქონდა ე.წ. ცოცხალს – ყოველგვარ ჟიჟმატ (პატარა) თევზს, რომელიც, დილით დაჭერილი, იმავე დღესვე თბილისელთა სუფრაზე ხვდებოდა. აკი პეპოც თაბახ მურწასთან ერთად, შინ ნავაჭრი 5 მანეთით ბრუნდება.
სუნდუკიანის თბილისში ადამიანებთან ერთად იცვლება ქალაქის იერსახე და ურთიერთობები, წვრილი ვაჭრობა და ხელოსნობა, მსხვილი სოვდაგრებისა და მეწარმეების ჩრდილში ექცევა.
„ჩემ ხელობაში ხეირი აღარ არის, ძმაო, ფაბრიკები და ზავოდები გამრავლდა და ჩემისთანების ოჯახი დაიქცა. სად არის უწინდელი დროება, რომ ყველასათვის თითით საჩვენებელი ოსტატი ვიყავი, ათ-თორმეტ ქარგალს ვინახავდი, თხუთმეტზე მეტი შეგირდი მყავდა. ეხლა კი კაცათაც აღარავინ მაგდებს“ („აბანოს ბოღჩა“) – ასეთები ძველ დროს, ბანიან სახლებსა და სანთურიან დარბაზებს მისტირიან.
„იჰ, ოსეფჯან! ძველ დარდებს ნუ ამიშლი. საოჯახო ტახტი იდგა ხოლმე, ზედ მთლად ერთიანათ ორხო ეფინა ხოლმე… დაღამდებოდა, ვეება მაშხალას შუაზედ ავანთებდით და ფარვანასავით ყმაწვილები გარს უვლიდით, ჩვენი ლამპაც ის იყო, ჩვენი ჭაღიც… მერე ტახტზედ ერთ წვერიდან მეორემდინ ლურჯ დარახტულ სუფრას გავშლიდით, შემოუსხდებოდით გარშემო ჟივილით, ხივილით: პაპა, მამა, ბიძა, დედა, ძალუები, ძმები, დები… მერიქიფე ღვინოს ჩამოაჩხრიალებდა და აზარფეშა თავიდან ბოლომდის უვლიდა… დარბაზის სანთური გვქონდა, რომ ოცდა ხუთ ფანჯარათ ღირდა…. გათენდებოდა, ცის სინათლე იქიდგან გვეწვეოდა და დაღამდებოდა, ვარსკვლავების ბრწყინვაც იქიდამ… მერე ყველას ლოგინებს ერთად გავშლიდით. შენმა მზემ და წული-წულის ვითამაშობდით. თუ მთვარეც იქნებოდა, ხომ ყველას ერთად გვინათებდა“ („დაქცეული ოჯახი“).
მაგრამ მერე ქალაქი განათლებაში შევიდა და გამოცვლილა. „აქ არ იყო, რომ ქოხები იდგა? შეხედე ახლა, სამ ეტაჟიანი სახლები გამოუჭიმავთ“ („დაქცეული ოჯახი“).
ეს „სამეტაჟიანი“ სახლები, ცხადია, ახალმა თბილისელებმა „გამოჭიმეს“. „მრავალთათვის ისინი სასიქადულონი არიან, ბევრნი შეჰნატრიან კიდევაც, რომ წინათ არა ებადათ-რა, და ახლა კი სამ ეტაჟიანი სახლები გადაუჭიმავთ, კალიასკები და კარეტები გაუმართავთ, მაგრამ ვისაც სინდისი და პატიოსნება აქვს, ის ზიზღით შესცქერის იმათ მოქმედებას…“ („კიდევ ერთი მსხვერპლი“).
სამეტაჟიანი (სამსართულიანი) სახლები ძველ თბილისში მთელი XIX საუკუნის განმავლობაში იშვიათობა იყო. 1933 წლისთვისაც კი თბილისში ძირითადად ერთსართულიანი (62% ) და ორსართულიანი (29%) სახლები იდგა. სამეტაჟიანებით, ძირითადად, სოლოლაკი, სუნდუკიანის მშობლიური უბანი იწონებდა თავს, უბანი, რომელიც ყველაფერს თავის თარგზე ცვლიდა.
„სახელი თალალა ჩვენს უბანს არ მოუხდება. მე შენ თალინკას დაგიძახებ, თუ დასჯერდები… თალინკა კარგია. სოლოლაკში სულ ინკები არიან: დარინკა, ვარინკა, ნადინკა, კატინკა, საშინკა, მაშინკა, ალმასინკა, ზურმუხტინკა და კიდევ რამდენიც გინდა სულ ინკა და ინკა“ („აბანოს ბოღჩა“).
სუნდუკიანის თბილისში, რომელიც არსებითად XIX საუკუნის 60-80-იანი წლების თბილისია, თავდახურული მანდილოსნები ახლადდაგებულ ქვაფენილებზე ფეხებს იმტვრევენ („ვაჰ, გენაცვა, ამ ქუჩის ქვებმა ხომ ფეხები დამამტვრიეს“), თუმცა ესეც მხოლოდ სოლოლაკსა და იშვიათ უბნებში, რადგან XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე თბილისის ქუჩების 35% მოუკირწყლავი იყო, ხოლო ასფალტი გზების მხოლოდ 1%-ს მოსავდა.
„ჰო, მეც ეგრე ვატყობ, რომ ჩვენი ქალაქის გარეგანი შეხედულება იცვლება. განათლებულ ქალაქებს ემსგავსება, – ამბობს სუნდუკიანის ერთ-ერთი პერსონაჟი, თერგდალეული გიორგი, – მაგრამ სიტყვა ის არის, რომ ხალხის სული განათლდეს და ამ მხრით, ძლიერ შორსა ვართ“.
„ამ ჩვენს ქალაქში, რომ ერთმანეთს არ ატყუებდნენ, შეუძლიან კაცს ერთი დღე იცოცხლოს? შეუძლია ერთი ფეხი გადადგას? რაც გინდა ხელობა სთქვი, რაც გინდა ვაჭრობა სთქვი – ერთი ისეთი ვინმეა, რომ მოუტყუებლათ მიჰყავდეს იოლათ თავისი საქმე? …ფქვილს ჰყიდულობ მეიდანში, რა გინდა, ძმაო, შიგ არ ურევია. გამომცხვარს ყიდულობ, წონაში ნაკლებს გაძლევენ… თუ გინდა ეს შენი გრანიცის საქონლის გამყიდველები, ვნახოთ ერთი, რომელი ვაჭრობს ალალ-მართლათ… ერთი გროშის კარაქს ექვს აბაზათ ჰყიდიან, პომადა არისო… რის პომადა, რის ფლავი, რის ჩლავი? სულ მოტყუება და მოტყუება“ („ხათაბალა“).
ასეთია თბილისი, მაგრამ ამის გამო, განა, ნაკლებად საყვარელია თბილისელებისთვის? გავიხსენოთ,რას მისტირის ჯოჯოხეთის ბანზე (!) მოხვედრილი ოსკან პეტროვიჩი:
„მაშ ჩვენს ქალაქს აღარა ვნახავ? პრაშჩაი თიფლის… აი, თურმე რა ყოფილა ჯოჯოხეთი… ახ, ჩემო მწვანე ორთაჭალავ!“ („ოსკან პეტროვიჩი ჯოჯოხეთში“).
ტფილისელი კლდიაშვილი
პეტრე უმიკაშვილმა, ფსევდონიმით „ანჩისხატის უბნელი“, 1877 წლის „ივერიის“ მე-15 ნომერში გამოაქვეყნა ფელეტონი „ქალაქის სცენებთაგანი – ხათაბალა“, რომელშიც გაბრიელ სუნდუკიანის პიესის „ხათაბალის“აფიშა ასე აღწერა: „ვხედამ, კედელს ერთი ვეებერთელა ქაღალდი აკრავს და ზედ ასეთი ვეებერთელა ასოები სწერია, რომ თითო ასო მოკრივე კალატოზიშვილის მუშტების ოდენა იქნება. წავიკითხე: და აი დასწყევლა ღმერთმა, ხათაბალა არ ეწერა?!“
„ხათაბალაში“ მდიდარ ტფილისელ ვაჭარ გერასიმ იაკულიჩ ზამბახოვს გასათხოვარი ქალი ჰყავს. ქონება და სიმდიდრე ვერ შველის ზამბახოვს ქალიშვილის გათხოვებაში, რადგან მისი მარგალიტა შეუხედავია. ზამბახოვი ცდილობს მარგალიტა მოტყუებით შერთოს ცოლად ახალგაზრდა და განათლებულ გიორგის, მაგრამ არაფერი გამოსდის. ზამბახოვი ყველაფერს ფულითა და ანგარიშით ზომავს, მისთვის მარგალიტაც ვაჭრობის საგანია („ქალის გათხოვებაც ერთი ხელობაა“), სასიძო კი – მუშტარი, რომელიც შეიძლება მოატყუო ან მოისყიდო („ფული ჭკუის იარაღია. ბევრს საქმეს რასაც კაცი სწავლით ვერ გააკეთებს, ფულით გააკეთებს“).
„ივერიის“ პუბლიკაციიდან 20 წლის შემდეგ, პეტრე უმიკაშვილი ბათუმის ბულვარში შეხვდა დავით კლდიაშვილს და, როგორც ეს უკანასკნელი იხსენებს თავის მემუარებში, საყვედური ჰკადრა სამანიშვილის ავტორს:
„მე შენ ხმას არ გცემ! – შემომიტია პეტრემ. – რიგიანი კაცი მეგონე, თურმე კი ზარმაცი, ამჩატებული, უხეირო ყოფილხარ… ასე მალე დაათავე სამანიშვილის მოგზაურობა!.. გადმოიყვანდი ქართლში, იქიდან კახეთში – რა სურათი იქნებოდა, რა იქნებოდა! შენ კი ასე მალე მოანახვიე დედინაცვალი“.
ცხადია, ქართლისა და კახეთის მსგავსად ასევე საინტერესო იქნებოდა „თბილისის სურათი“, მაგრამ, როგორც ვიცით, კლდიაშვილი არ გასცდა იმერეთის საზღვრებს და „თბილისის სურათზეც“ სუნდუკიანის (ასევე ასიკო ცაგარელის) პიესებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. სუნდუკიანისა და კლდიაშვილის პიესების თემატიკა თითქმის იდენტურია. ორივე მწერალი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ქორწინებისადმი, რომელიც, მათ მიერ აღწერილ სამყაროში, ყველაფერია, გარდა ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირისა. ვაჭრობა, მოგება-წაგება, სარგებელი, ვნებები, ანგარება, ქონებებისა და წოდებების დატოლება, მზითევი და მაჭანკალ-მარებლები (სუნდუკიანთან მოციქულები) – ყოველივე ამის გარეშე არც კლდიაშვილთან და არც სუნდუკიანთან ოჯახი არ იქმნება. ჭირვეულობენ სასიძოები, ჭირვეულობენ მშობლები, ჭირვეულობენ მოციქულები…
„კარგად იცოდე, რომ უფულოთ არავინ არავის ქალს არა თხოულობს“ („ხათაბალა“).
„ისინი ჩვენი საკადრისნი არიან? ვინ არიან ისინი, ვისი შვილები არიან?“
„ქასქანჯიელა იაგორას ხომ იცნობდი, უკანასკნელი სახლები გაყიდა ქალის მზითევისათვის და მერე მთელ თავის სიცოცხლეში ღარიბ-ღატაკად დარჩა… რომ მოკვდა სამარხი აღარ ჰქონდა, ღმერთმანი“.
„ახ, ღმერთო ეს რა რისხვაა, ქალი გაზარდე, ზედ იმდენი ფული დახარჯე, სწავლა მიეცი და ბოლოს ერთი ტომარა ფულიც აჰკიდე კისერზედ, რომ ეგება ვინმემ ხელი დაუჭიროს და ისე წაიყვანოს… ფუ, ჩვენ ნამუსსა“. („დაქცეული ოჯახი“)
„ლამაზი ცოლი და ფული… ორივე ერთად ჩემს ხელშია… ფული, ფული, სიტყვა ფულია!.. უფულო კაცი გროშად არ ღირს! რაც გინდა იწვალე, რაც გინდა იტანჯე, თუ ფული არ გაქვს, არავინ კაცად არ გაგდებს… კარგა მდიდრები ჩანან… ოღონდ ერთი, ჩემი თავი შევაყვარო, ერთი წურბელისოდენი შნო როგორ არ მაქვს: მივეკარ, გამოვწოწნე…“
„მანამ პირში სული მიდგია, მე იმას ნებას არ მივცემ უმზითვოთ ქალი შეირთოს“ („კიდევ ერთი მსხვერპლი“)
„საწყალი კაცი – ფულიან კაცს დაეძებს, ფულიანი კი – ლამაზსა. რჩება მხოლოდ ქალის გასინჯვა. გასათხოვარი ქალებისთვის ყველაზე მარჯვე ადგილი სიონია, ნორაშენი, ფეთხაინი, ხანდახან ვანქი, მეიდნის წმინდა გიორგი და კიდევ სხვა საყდრები, რომელიც უფრო ახლოა ქალისთვის. კაცი კი, დაე, ჯანი გავარდეს, ირბინოს თავის ბედის საძებნელად. შევლენ, ჩემო ბატონო, საყდარში ქალიცა და კაციც, და ცხარე ლოცვის დროს ერთმანეთს ხარბად შესცქერიან. ან თუ არა და ღვთისმშობლის წინ, სანთლის ანთების დროს, კაცი ერთბაშათ იდაყვს მოახვედრებს ქალსა, ისე, მითომ უცაბედათ და საქმე იქვე კეთდება ქალისაცა და ჩემიცა… თუ საყდარში ვერ მოხდა, ქუჩის კარები ხომ იქ არის და იქა. ან თუ არა და მუშტაიდი, სკაჩკები და სხვა ბევრი ადგილები. ვისაც სად მოუხდება… კლუბები, თეატრები, ბულვარები, და ბაღები ჩვენი ყაიდის ქალებისთვის არ არის? იქ მოსიარულე ქალები სხვები არიან – მოდნის ქალები არიან, თავიანთ საქმეს თვითონვე აკეთებენ და ჩემიანების პურსა სწყვეტენ“.
„თუ მოდის ქვრივები არიან, იმათთან მე საქმე არ მაქვს, და თუ ჩვენი ყაიდისა არიან, ავლაბარი მშვიდობით იყოს. სასაფლაო იქ არ არის? ორივეს მხრივ გადიან იქ, ვითომ თავიანთი მიცვალებულის სანახავად, მიცვალებულის სულიც ღმერთმა აცხონოს, იქ მაღლა შუამავლობს იმისათვის“ („აბანოს ბოღჩა“).
„მე ისეთი სიძე მინდა, რომ იმან მცეს პატივი და არ მე იმას. ჩემსავით ფულის მოგების გზა იცოდეს… მე შემინახოს… უფრო კარგი იქნება, რომ ვაჭარი იყოს და ფულები ჰქონდეს, რომ მეც დოვლათში ვგორაობდე“ („საღამოს ერთი ცხვირი“).
თბილისის ტიპები და მათი „ტანთ-საცმელი“
რთული ურთიერთობის, კონფლიქტების, ხასიათებისა და ტრაგიკომიკური დიალოგების გარდა, სუნდუკიანი დეტალურად აღწერს თავის პერსონაჟებს, არსებითად XIX საუკუნის ტფილისის ტიპებს: მსხვილ და წვრილ ვაჭრებს („კუპწებს“), კინტოებსა და ყარაჩოღელებს, ჩინოვნიკებსა და ხელოსნებს, მათ ცოლებსა და ქალიშვილებს (“მხარშავის ცოლი – მხარშავია, მწერალის ცოლი – მწერალია, ვაჭრის ცოლი – ვაჭარია, ერთად იგებენ, ერთად ჭამენ, ნაღველსაც შუაზედ იყოფენ, სიხარულსაც…”).
ყველა პიესას, მოქმედების ადგილის მითითებისა და მოქმედ პირთა ჩამონათვალის გარდა, წამძღვარებული აქვს „აღწერა მოქმედ პირთა და მათი ტანთ-საცმელისა“, რომელსაც მხატვრულთან ერთად, ერთგვარი ეთნოგრაფიული ღირებულებაც აქვს. მათი საშუალებით ზედმიწევნით ზუსტად შეიძლება XIX საუკუნის თბილისის ტიპების გაცოცხლება, მაგალითად ყველაზე ცნობილი პერსონაჟი პეპო ავიღოთ:
35 წლისაა, მოშავო და ლამაზის სახისა, მაღალი ტანისა, მაგარის აგებულებისა, მხარბეჭიანია; შავი მოკლე თმა აქვს წინ გადმოტანილი, მოკლე კიკინები, გაწვდილი წარბები და სუფთა ულვაშები, პირ-მოპარსულია, – ორი ხელი ტანისამოსი აქვს ნამდვილის ტფილისის ლოთისა: ერთი საშინაო და ერთი საგარეო. საშინაო: ჩითის და პირკალის პერანგი, მუქი ლურჯი დოშლუღი (გულის პირი), გარშემო შავ ყაითან მოვლებული, შავი ნაშურის ახალუხი, ლეკური შავი შალის ჩოხა მოურთავი, იმნაირივე შალის განეირი შალვარი, რომელსაც ტოტები შიგნიდან აქვს ჩამაგრებული საცვეთების წვივ-საკრავებში. შავი ყაფაღიანი წაღები, ვიწრო ვერცხლის ქამარი, ბატკნის ტყავის წითელი მაღალი ქუდი, რომლის წვერი ცოტათი ჩაკეცილია და წითელი ბამბის ხელ-მანდილი. საგარეო ტანისამოსი: აბრეშუმის წითელი დოშლუღი და შავი ახალუხი. ორივე ოქრომკერდის წვრილი ყაითნით გარს შემოვლებული, თითვთიკის ყვითელი ჩოხა, შავის განიერი ჩაფარიშით მორთული, იმავე ნაჭრის განიერი შალვარი, რომლის ტოტები ისევე აქვს გამარგერბული, როგორც საშინაო შალვარს, თეთრი ყაფაღიანი წაღები, მწვანე ყაიფანით შემოვლებული, შავი ბუხრის ქუდი, წვერ ჩაკეცილი, იმერული აბრეშუმის სარტყელი და ლურჯი ბამბის ხელ-მანდილი.
ანდა ვაჭარი ზამბახოვი: 60 წლის, შუა ტანისა, დარბაისული სახით და თეთრი თმებით, პირმოპარსულია, წარბები – სქელი, ულვაში – საშუალო. აცვია: შავი მაუდის ევროპული ტანთსაცმელი. გრძელი ჟილეტი, ცოტათი განიერი შარვალი, გრძელი და განიერი სერთუკი, ჰხურავს ძველი ყაიდის ქუდი – ფურაჟკა, არტყია აბრეშუმის შავი განიერი ყელსახვევი. ქუჩაში ატარებს მოკლე, სქელ ხელის ჯოხს და გრძელ, განიერ წამოსასხამს – პალტოს. აქვს – ვერცხლის ძველი ყაიდის სქელი საათი, წვრილი ლენტით შეკრული, ხმარობს მომწვანო აბრეშუმის ყვავილნარევ ხელსახოცს. ნაბიჯი – მტკიცე, ხმა – გავლენიანი. მოძრაობა და ლაპარაკის კილო – მძიმე.
ქეთევანი, ქვრივი დედაკაცი 52 წლის: ქართული ტანისამოსით. თავდახურულია, უბრალო ჩიქილა, მუქი, ყალამქრის თავსაკრავი, უშუბლისქინძისთავოდ, შავი აბრეშუმის მოსახვევი, მუქი იისფერი გულის პირი, შავი ხავერდის არშია შემოვლებული და უბრალო ქინძისთავი. მუქი მიხაკის ფერი აბრეშუმის კაბა და შავი ქირმანიშალის სარტყელი.
სუნდუკიანის თბილისის ქუჩებში უთუოდ ნახავდით ხელოსნის გაფაფრულ ცოლს, იასამნის გლასით (ტფილისურად აბრეშუმით) ჩაცმულს, შავ შაბაქა პლატოკით, კოხტა პერჩტკებით, გაჭიმულს, ატლასის ზონტიკით ხელში, რომელიც ისე მოდიოდა, რომ ჭკუა-გონებას გააყოლებდა მნახველი:
„სამ არშინ კუდს, შლეიფს ამბობენ, რაღაც ზახრუმალს, ათრევდა უკან. გულ-ღვიძლი დამეთუთქა, შენმა მზემ, რომ იმისთანა მშვენიერი კაბა დედამიწაზედ ისე ითხუპნებოდა, და რაც გინდა თან ხვეტავდა: ჩალა, ბალახი, მიწა… მიდიოდა და თან ტრო-ტროსა ჰგვიდა…“ („დაქცეული ოჯახი“).
გიორგი მისისიანცი 27 წლის შავთმიანი, მომხიბვლელი სახის ყმაწვილი იყო, რომელსაც „ტანთსაცმელი – სულ მთლად ევროპიული“, საუკეთესო გემოვნებით ჰქონდა შეკრებილი:
„ქუდი – ყოველთვის ცილინდრი. ქუჩაში ატარებს მოკლე პიჯაკს, ყვითელ ხელთათმანებს და წვრილ ხელის ჯოხს, შინ ხმარობს – ნაცრისფერ ხალათს (ჟაკეტი) წითელ ლენტ შემოვლებულს, ასევე შავ სერთუკს და ფრაკს. ქუჩაში ატარებს – პალტოს და ხელის ჯოხს“.
გიორგი ახალი, ნასწავლი თაობაა, თერგდალეულია („თქვენც მიდიხართ და იმ მუდრეგ თერგის წყალია თუ რაღაც, სვამთ და ხდებით წმინდა: ბონჟურ!..“)
ახალი თაობაა ფავრის პანსიონში გაზრდილი მარგალიტაც, მდიდარი ვაჭრის, ზამბახოვის („ხათაბალა“) ქალიშვილი, რომელსაც „გინდა ქართულად ელაპარაკე, გინდა რუსულათ. ფრანციცულიც ესმის, მაგრამ ჯერ გაბედვით არ შეუძლიან. პორტოპიანი ხომ რა, ასეთ პოლკებს და ვალცებს დაუკრავს შენმა მზემ, რომ ქეიფზე მოგიყვანს“.
ანდერძი, როგორც “მშვენიერი პოემა”
გაბრიელ სუნდუკიანის წინაპრები ხელოსნები იყვნენ, ზანდუკ-სკივრების (სუნდუკების) ოსტატები და მათი გვარიც აქედან წარმოშობილა. გაბრიელმა (მეზანდუკეანთ გაბომ) წინაპრების გზას გადაუხვია და ხარისხიანი განათლების (1838-1840 წლებში სწავლობდა კერძო პანსიონში, 1846 წელს დაასრულა თბილისის გიმნაზია, შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტი) და შთამბეჭდავი სამოხელეო კარიერის შემდეგ, პიესების წერა დაიწყო. „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“ (ვოდევილი ერთ მოქმედებად) რომ დაწერა, 40 წლამდე იყო, მალევე მოაყოლა „ოსკან პეტროვიჩი საიქიოს“ (ერთმოქმედებიანი კომედია), შემდეგ „ხათაბალა“ (კომედია ოთხ მოქმედებად), „ახალი დიოგენი“, „პეპო“ და ა.შ. ლამის სიცოცხლის ბოლომდე სულ ისეთები წერა თბილისზე, რომ მის ღირებულებას ვერცერთი სხვა სკივრის შიგთავსი ვერ გადაწონის, თუმცა სტილის, გულწრფელობის, ადამიანებსა და მშობლიურ ქალაქზე ზრუნვა-ფიქრის თვალსაზრისით, არაფერი შეედრება გაბრიელ სუნდუკიანის უკანასკნელ ტექსტს, გარდაცვალებამდე 8 თვით ადრე დაწერილ ანდერძს, რომელსაც იოსებ გრიშაშვილმა „მშვენიერი პოემა“ უწოდა:
„მშვიდობით, მე წავედი, იმისთანა ალაგას, საიდანაც რაც ქვეყანა არსებობს, არავინ დაბრუნებულა.
თქვენ კარგად იყავით, დიდი დღე გქონდეთ, ჯანსაღი იყავით, გულით მხიარული, სულით წყნარი.
თუ ვინმესთვის რაიმე დამიშავებია, ვთხოვ, მაპატიოს, ვისაც ჩემთვის დაუშავებია, მეც ვაპატიებ წმინდის გულით: სინდისმა არა ჰქენჯნოს არასოდეს მისი გული. ჩემი დაკრძალვის დროს არავითარი სამზადისი არ არის საჭირო… შავები არც ერთ ოთახში არ იყოს და თქვენც ჩემო აზიზო სოფიო, გულით საყვარელო შვილებო და შვილიშვილებო, თუ შავებს არ ჩაიცვამთ, ძლიერ კარგს იზამთ.
„ვენოკები“ (გვირგვინები) ერთიც არ იყოს არც სახლში, არც კარში, არც თქვენ შეუკვეთოთ, არც სხვისგან მიიღოთ, ადრევე შეატყობინეთ, რომ არავის ეწყინოს.
ჩემს დაკრძალვამდე სახლში არავითარი პანაშვიდი არ გადაიხადოთ! ჩემი სახლის მღვდელიც საკმარისია, რომ მომსვლელთათვის „მამაო ჩვენო“ სთქვას, როგორც ადრე მიღებული იყო. და თუ შორეულებს და უცხოებს არ ეწყინებათ, ნუ მოვლენ ყოველ წამს და ჩემს მეუღლესა და შვილებს ნუ ატირებენ ხელახლად.
დამავიწყდა თავის ადგილას მეთქვა, რომ გაზეთები არ გაავსოთ მრავალი და მახინჯი განცხადებებით და უადგილო სიტყვებით…
მახლას!
ჩემი სიკვდილის განცხადება დასწერეთ უბრალოთ და ჩემს ხარისხს ნუ გამოაცხადებთ.
„გაბრიელ სუნდუკიანც-ჰამალი გარდაიცვალა (დრო), დაკრძალვა მოხდება (დღე) დილის (საათი) განსვენებულის ბინიდან“ და სხვ.
ჩემი დამარხვის დღეს მხოლოდ ერთი მღვდელი, ჩემი სახლის ხუცესი გამიძღვეს წინ და ერთიც დიაკვანი…
ჩემი ნამსახურების ჯვრები და ჩინები არც ბალიშებზე და არც უბალიშოდ სრულებით არ იყოს.
ბალდახინი და ცერემონიები სრულებით არ იყოს: მეტადრე ცხენების თავზე ის ბუმბულის თაიგულები არამც და არამც არ იყოს, რომელსაც მე ჭიჭინაზე მოვყავდი. რვა მუშა და რვა კინტო მოიწვიეთ, რიგრიგად ჩიტივით გამაფრენენ. იქნება მათ შორის პეპოც აღმოჩნდეს; ეს ჩემს „პეპოსთვის“ დიდი პატივისცემა იქნება. დამმარხეთ, სადაც გსურთ. მე ვისურვებდი დედაჩემთან, მაგრამ იქ ადგილი არ არის, ამასთან დაკრძალულ ჩემს ბავშვების სამარეს არ შეეხოთ. ჩემს საფლავზე არავითარი ძეგლი არ არის საჭირო; ერთი დიდი ლოდი და ჩემი ჯანი!
ზედ ასე დააწერეთ:
გაბრიელ სუნდუკიანცი-ჰამმალ. დაიბადა 1825 წ. 29 ივნისს, გარდაიცვალა 191… წ-ს.
თუ გულით გსურთ ჩემზე ძეგლის დადგმა და ამის ღირსი ვარ, ეს ძეგლი ჩემს მაგიერ „პეპოს“ დაუდგით, სადაც მოსახდენი იქნება. მთელი სხეულით იდგეს კვარცხლბეკზე თავის ტანთსაცმლით, ქუდ-დახურული, ერთ ხელში არუთუნის ბარათი ეჭიროს, მეორე ხელით ბარათზე დაწერილს უჩვენებდეს. არუთინა კი ქუდ-მოხდილი და სერთუკით პირშავად გვერდით იდგეს. ქვეშ მიწერილი იყოს მხოლოდ პეპოს სიტყვები [ზიმზიმოვს რომ მიმართავს]:
„ეს მაგ მოსატეხ ხელით არ დაგიწერია?“
ძეგლი და კვარცხლბეკი თუჯისა იყოს ჩამოსხმული; ზედ არც ერთ ალაგას ჩემი სახელი არ იყოს. ჩემი სურვილი ის არის მხოლოდ, რომ ყველას გულში და გონებაში დღედაღამ გამაგრდეს ის აზრი, რომ სიტყვის გატეხა (ჰაშაქრობა) დიდად სასირცხვილო რამეა ადამიანისთვის და ვინც თავის ვალს არ იკისრებს, თავის მიერ მიცემულ სიტყვას არ შეასრულებს, თავის ხელმოწერილ ბარათზე უარს იტყვის, იგი კაცი არ არის, რაც უნდა მაღლა იდგეს კაცთა შორის.
ეხლა შევუდგეთ ჩემი ნათქვამის შესრულებას.
პეპოს ძეგლის დადგმა ჯერ ძალიან შორს არის; ამისათვის ახლავე არავინ შესწუხდეთ და უბრალოდ დრო არ დაჰკარგოთ. ჩემს დაკრძალვას, რაც ხარჯი მოუნდეს, ჩემი ვალია; ამის შესახებ ჩემი მეუღლე და შვილები იზრუნებენ იმ პაწია ქონებიდან, რასაც ვტოვებ მათთვის.
ქელეხ-მელეხი სრულებით საჭირო არ არის; იმ დღის საწყლების სადილის ფული მიეცეს სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას მათთვის დასარიგებლად…
მშვიდობით იყავით,
მშვიდობით, ჩემო ძვირფასო სოფიოჯან,
მშვიდობით, ძვირფასო შვილებო,
მშვიდობით, საყვარელო მეგობრებო,
მშვიდობით, საყვარელო ადამიანებო, რომელ ეროვნებისა, ტომის და სარწმუნოებისაც უნდა იყოთ,
მშვიდობით, ჩემო საყვარელო ქალაქო ტფილისო.
მშვიდობით, ჩემო საყვარელო და სათაყვანებელო ეროვნებავ, ღმერთმა შენს სამშობლოს გაღირსოს.
ყველას სიყვარული ჩემს გულში ღრმად ჩამარხული თან მიმაქვს, მშვიდობით იყავით.
გაბრიელ სუნდუკიანც-ჰამმალ. 14 აგვისტო, 1911 წ. ბორჯომი“.
P.S.
„სიკვდილის განცხადება“ მართლაც ისე უბრალო დაწერეს თბილისურმა გაზეთებმა, როგორც გაბრიელ სუნდუკიანის სურვილი იყო: „დრამატურგი გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანი გარდაიცვალა ტფილისში 16 მარტს, ღამის 10 საათზე“.
შემორჩენილია გაბრიელ სუნდუკიანის დაკრძალვის ამსახველი ფოტოც: გაჭრილი საფლავის ირგვლივ დგანან ის კინტოები, რომლებმაც, დრამატურგის ანდერძის თანახმად, განსვენებულის კუბო ასწიეს და სახლიდან სასაფლაომდე გააფრინეს.
გაბრიელ სუნდუკიანი დაკრძალულია თბილისში, ხოჯივანქის სომეხთა პანთეონში, სადაც მის საფლავს, ასევე ანდერძის შესაბამისად, მხოლოდ „ერთი დიდი ლოდი“ ადევს. გარდაცვალებიდან 110 წლის შემდეგ შეუსრულებელია ანდერძის მხოლოდ ერთი პუნქტი – პეპოს ძეგლი.
„პეპო – კინტოა, მეთევზე, მაგრამ უბრალო კინტო კი არა. ეს ისეთი კაცია, რომლის ტვინი მუშაობს, რომელიც კარგად აკვირდება ქვეყნის ბრუნვას, რომელსაც ესმის საზოგადოების წესები და დაწყობილებანი, – წერდა სერგი მესხი 1875 წლის „დროების“ 137-ე ნომერში, – კინტო და პრინციპები რომ მოთავსდებოდნენ ერთად, მე ვიტყოდი, რომ პეპო პრინციპებიანი კაცია-მეთქი“.
თვითონ გაბრიელ სუნდუკიანს რომ დავესესხოთ, „ბედმა გაშოროთ ზიმზიმოვები“, თორემ პეპოს მართლა არაფერი დაეწუნება, მით უფრო, რომ ქართულ სცენაზე ალბათ ყველაზე ხშირად და ხანგრძლივად ნათამაშები როლია და აღარც ლიტერატურული პერსონაჟისთვის ძეგლის დადგმა მოჩანს ისეთ ნოვატორობად, ანდერძის აღსრულებას რომ შეუშალოს ხელი.
© არილი