2022 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა ანი ერნოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წერდა პერსონალურ გამოცდილებებზე და თავის ცხოვრებას ლიტერატურად აქცევდა. მისი შემოქმედება მოიაზრება ნაწილად ავტოფიქციისა, რომელიც ლიტერატურაში განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა.
ავტოფიქციური ტექსტი შეიძლება გავიგოთ, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ავტორის ცხოვრების რეალურ მოვლენებს ასახავს, მაგრამ ფიქციისთვის დამახასიათებელი თავისუფლებითაც სარგებლობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტოფიქცია ავტობიოგრაფიულისა და ფიქციურის კომბინაციაა.
კამათობენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, ავტოფიქცია ჟანრად ჩაითვალოს. ამბობენ, რომ ეს უფრო წერის სტრატეგიაა ან მიდგომა. უფრო შორსაც მიდიან და ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტი აუცილებლად პერსონალური გამოცდილებებიდან გამომდინარეობს, ამიტომაც ავტოფიქციურობა ყველა მათგანის მახასიათებელია.
ავტოფიქციის წარმოშობა
ყველასთვის კარგად ცნობილი ავტორები – კოლეტი, მარსელ პრუსტი და ჯეკ კერუარკი ავტობიოგრაფიულისა და გამოგონილის კომბინაციას იყენებდნენ წერისას, მაგრამ მათი ტექსტები მოხსენიებული იყო როგორც რომანები და მათ დასახასიათებლად ტერმინი „ავტოფიქცია“ არავის გამოუყენებია.
ტერმინი ავტოფიქცია პირველად ფრანგულ რომანში „ვაჟი“ ჩნდება, რომელიც 1977 წელს გამოქვეყნდა. რომანის ავტორი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და აკადემიკოსი სერჟ დუბროვსკია. დუბროვსკი ავტოფიქციას განსაზღვრავს როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელშიც ავტორს, მთხრობელსა და პროტაგონისტს ერთი სახელი ჰქვიათ, მაგრამ ეს საზიარო იდენტობა აუცილებლად „სანდო“ არაა.
ავტოფიქცია, ჩვეულებრივ, ექსპლიციტურად შეიცავს ავტობიოგრაფიულ ამბებს, მაგრამ ბუნდოვანია საზღვრები გამოგონილსა და სიმართლეს შორის. ამიტომაც, ჟანრი ექსპერიმენტულია. იგი სუბიექტურობის კომპლექსურობისა და შეუსაბამობების კვლევისკენ ისწრაფვის და მიზნად არ ისახავს ცხოვრების ზუსტ, ფაქტობრივ ასახვას.
ბოლო პერიოდში, ავტოფიქცია ფოკუსირდა ადამიანზე, ისევე როგორც უფრო ფართო ჯგუფებსა და იდენტობებზე სოციუმში. 1990-იან და ადრეულ 2000-იანებში ფრანგმა ქალმა ავტორებმა ავტოფიქცია გამოიყენეს ინტიმურ საკითხებზე საწერად – გენდერი, სექსუალობა, სხეულთან დაკავშირებული გამოცდილებები, კვებითი აშლილობა და სხვ. მათი შემოქმედების ძირითად თემებად იქცა. ამ ტექსტებმა დაარღვიეს ტაბუ და მნიშვნელოვანი დისკუსიები წამოიწყეს.
მიუხედავად იმისა, რომ გენდერთან, რასასთან და სოციალურ კლასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან პერსონალურია, ძნელია მათი მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილებების საზღვრებში მოქცევა. ამიტომაც ავტოფიქცია შეიძლება უფრო ფართო სოციალური სტრუქტურების არეკვლის საშუალებადაც მივიჩნიოთ.
მაგალითად, უკვე ხსენებული ერნო უარს ამბობს ავტოფიქციის იარლიყზე, რადგან იგი ცდილობს, რომ საკუთარი თავის ნაცვლად კოლექტიურ „ჩვენ“-ზე ფოკუსირდეს. მისი ტექსტები ასახავს იმას, თუ რა მიაჩნდა სიმართლედ, როგორ აღიქვამდა რეალობას, მაგრამ მისი „მე“ არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის იდენტობის გამომხატველი, ის ტრანსპერსონალურია. ამიტომაც მისი ისტორიები (მაგალითად, ერნო ჰყვება არალეგალურ აბორტზე ადრეულ 60-იან წლებში და სირთულეზე, რომელსაც ასეთ დროს ქალი აწყდება) მთელი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს აშუქებს, მთელი თაობის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას.
კიდევ ერთი მწერალი, რომლის ავტოფიქციური ტექსტები განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, კარლ უვე კნაუსგორია – მისი 6 ნაწილიანი, 3600 გვერდიანი
„ულმობელი გულწრფელობა“ ბესტსელერად და ლიტერატურულ სენსაციად იქცა ნორვეგიაში და მის ფარგლებს გარეთ. “Virkelighetslitteratur“ ნორვეგიული სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს იმ სტილს, რომლითაც „ჩემი ბრძოლაა“ დაწერილი.
მას შემდეგ, რაც „ჩემი ბრძოლა“ გამოქვეყნდა, კამათობდნენ, რამდენად ეთიკურია რეალური, ცოცხალი ადამიანების ნამდვილი სახელების გამოყენება ტექსტში, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც მცირე საზოგადოებებია და ადამიანების დიდი ნაწილი ერთმანეთს იცნობს (შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ კნაუსგორის ბიძამ ცუდად მიიღო ის, თუ როგორ აღწერა კნაუსგორმა მამამისის სიკვდილი და თავისი სახელის შეცვლაც ითხოვა წიგნში).
ზოგჯერ ავტოფიქციურ წიგნებს დიალოგიც კი აქვთ ერთმანეთთან. კვლავ კნაუსგორის მაგალითით განვაგრძოთ: მან „სეზონური კვარტეტი“ გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მისმა მეორე ცოლმა, თავადაც წარმატებულმა მწერალმა ლინდა კნაუსგორმა, გამოსცა წიგნი „ოქტომბრის ბავშვები“, რომელიც ერთგვარი პასუხი იყო კნაუსგორის მიერ „გაზაფხულსა“ და „ზაფხულში“ აღწერილი მოვლენებისა. კარლმა „ზაფხულში“ დაწერა, რომ ისინი დაშორებაზე შეთანხმდნენ, ხოლო ლინდა თავის წიგნში ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო.
ასეთი „დიალოგი“ წიგნებს შორის მხოლოდ ნორვეგიაში არ შემდგარა. საფრანგეთში ავტოფიქციურმა წიგნმა პასუხიც წიგნის სახით მიიღო – 2018 წელს ფრანგმა ედუარდ ლუიმ გამოაქვეყნა წიგნი „ვინ მოკლა მამაჩემი“, სადაც ფრანგული პოლიტიკური ელიტის რამდენიმე წარმომადგენელი დაასახელა, რომლებმაც, მისი მტკიცებით, ირიბად გამოიწვიეს მამამისის სიკვდილი სოციალური სერვისების დემონტაჟით. პოლიტიკოსმა მარტინ ჰირშმა (ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც დაადანაშაულეს), ამის შემდეგ გამოაქვეყნა რომანი, სახელწოდებით – „როგორ მოვკალი მამამისი“.
ეთიკურობის შესახებ მსჯელობის, ასეთი წინააღმდეგობებისა თუ კონფლიქტების მიუხედავად, ავტოფიქცია უკვე განუყოფელი ნაწილია ლიტერატურის და მის მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ ნობელის ბოლო ლაურეატი ლიტერატურის დარგში სწორედ ავტოფიქციური წიგნების ავტორი ანი ერნოა.
© არილი