3 მარტს კენძაბურო ოე, იაპონელი ნობელიანტი მწერალი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა გამომცემელმა ორშაბათს გაავრცელა, კონკრეტულ მიზეზსა და გარდაცვალების ადგილზე კი არაფერი უთქვამს.
ჰენრი მილერმა ერთხელ ოე დოსტოევსკის შეადარა იმედისა და სასოწარკვეთის გამოხატვის მასშტაბურობით, ნობელიანტმა კაზუო იშიგურომ იგი აღწერა, როგორც „ნამდვილად ზუსტი, მოკრძალებული, გამაოგნებლად გახსნილი და გულწრფელი“ ავტორი, მისი მთარგმნელი ჯონ ნათანი კი განსაკუთრებით აფასებდა იმას, რომ კენძაბურომ შექმნა საკუთარი ენა, ფოლკნერისა და რამდენიმე იაპონელი მწერლის მსგავსად.
კენძაბურო 1935 წელს დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში და ბავშვობიდანვე ისმენდა ზღაპრებს დედისა და ბებიისგან, რასაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა მასზე. როცა 1944 წელს მამამისი მეორე მსოფლიო ომს ემსხვერპლა, ოეს განათლებაზე ზრუნვა დედამისმა დაიწყო. მისი წყალობით წაიკითხა ოემ ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი, ნილსის თავგადასავალი… ეს წიგნები, მათი დიდი მნიშვნელობის გამო, ოემ 1994 წელს, ნობელის პრემიის მიღებისასაც ახსენა (ნობელის პრემია მას გადაეცა „წარმოსახვითი სამყაროს შექმნისთვის, სადაც რეალურისა და გამონაგონის სინთეზი ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას“).
ოეზე ძალიან იმოქმედა მსოფლიო ომმაც, ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვამ. „რომ არა 1945 წლის და შემდგომი წლების გამოცდილებები, მწერალი არ გავხდებოდი“ – ამბობდა ის მოგვიანებით.
მან ტექსტების გამოქვეყნება 1957 წელს დაიწყო, ერთ წელიწადში კი მისმა რომანმა, რომელიც იაპონელი ბავშვისა და ფერადკანიანი ამერიკელის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს, აკუტაგავას პრიზი მიიღო. ამ დროს იგი 23 წლის იყო. მისი პირველი რომანიც მალევე, 1958 წელს გამოქვეყნდა.
ოე პოლიტიკურად და სოციალურად ძალიან აქტიური ადამიანი იყო. 1961 წელს ჟან-პოლ სარტრისთან და სიმონ დე ბოვუართან ერთად ალჟირის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაშიც მონაწილეობდა. ის მალევე იქცა ახალი თაობის საკულტო მწერლად, რადგან იგი აჟღერებდა მათ ბრაზს ქვეყნის მმართველების მიმართ. 2007 წელს The Paris Review-სთან საუბრისას კენძაბურომ აღნიშნა, რომ საკუთარი თავი ანარქისტად მიაჩნდა: „ერთხელ კურტ ვონეგუტმა თქვა, რომ აგნოსტიკოსია, რომელიც იესო ქრისტეს პატივს სცემს. მე ანარქისტი ვარ, რომელსაც უყვარს დემოკრატია“.
ოეზე დიდი იყო ამერიკული და ფრანგული ლიტერატურის გავლენა. იგი იაპონელი კონსერვატორების სამიზნედ იქცა იმპერატორის კრიტიკის გამო, აკრიტიკებდნენ იმიტომაც, რომ იაპონიას პათეტიკურად და დამცირებულად წარმოაჩენდა თავის ისტორიებში. 1961 წელს გამოაქვეყნა რომანი „ჩვიდმეტი“, რომელიც იაპონიის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის მკვლელობით იყო ინსპირირებული, რის გამოც იგი სასიკვდილო მუქარებს იღებდა, შემდეგ კი, უნივერსიტეტში ლექციის მიმდინარეობისას, თავს დაესხნენ.
ადრეულ 1990-იან წლებში მან განაცხადა, რომ მხატვრული ლიტერატურის წერას წყვეტდა, თუმცა ნობელის პრემიის მიღებამ აზრი შეაცვლევინა. წერა გააგრძელა და მისი უკანასკნელი წიგნი 2013 წელს გამოიცა. ოეს არასოდეს შეუწყვეტია ომისა და ატომური იარაღის წინააღმდეგ თავისი პოზიციის გამოხატვა და სიცოცხლის ბოლომდე პაციფისტად დარჩა.
„მე არ ვცნობ არანაირ ავტორიტეტს, არანაირ ღირებულებას, რომელიც დემოკრატიაზე მაღლა დგას“ – თქვა მან მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა კულტურის ორდენის მიღებაზე, იმიტომ, რომ ამ ჯილდოს იმპერატორი გასცემდა.
ოეს ცხოვრების განსაკუთრებით რთული მონაკვეთი 1963 წელს დაიწყო. როცა მისი პირველი შვილი დაიბადა, ექიმებმა უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე მისი ვაჟი მოკვდებოდა, ხოლო თუ ოპერაციას გაუკეთებდნენ, ეს სერიოზულ გონებრივ შეფერხებებს გამოიწვევდა. თავდაპირველად, ოეს გაქცევა მოუნდა და ასეც მოიქცა: როცა მისი ახალდაბადებული შვილი საავადმყოფოში იწვა, ის დათანხმდა ჟურნალისტის შეთავაზებას კონფერენციის ჩატარებაზე. „ჩემი შვილისგან გავრბოდი. მრცხვენია იმ დღეების გახსენება“ – ამბობდა The New Yorker-თან მოგვიანებით, 1995 წელს.
ოე ხშირად აღნიშნავდა, რომ წერისას მხოლოდ იაპონელ მკითხველებზე ფიქრობდა, თუმცა მისმა რომანებმა საერთაშორისო მკითხველების ყურადღება არაერთხელ მიიპყრო. განსაკუთრებით მისმა ესეების კრებულმა „ჰიროსიმული ჩანაწერები“, სადაც ატომური ბომბის მძიმე შედეგებზე წერს. ამ ჩანაწერებში იგი ჰყვება ადამიანებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავისუფლად ეცხოვრათ და დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილებები. ის შეხვდა ქალს, რომელმაც გადაწყვიტა, გაეჩინა ბავშვები, მიუხედავად დიდი რისკისა, რომ მათ ლეიკემია განუვითარდებოდათ და მალევე დაიხოცებოდნენ. შეხვდა სხვა უამრავ ჩუმ გმირს, რომლებმაც თავი არ მოიკლეს, მიუხედავად ყველაფრისა. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ერთ-ერთმა ექიმმა დატოვა, რომელიც ჰოსპიტლის დირექტორი იყო ჰიროსიმაში და თავადაც გადაურჩა ამ ამბებს. აღფრთოვანებული იყო ექიმებით, რომლებიც ისე ცდილობდნენ ადამიანების განკურნებას, რომ არაფერი იცოდნენ რადიაციით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის შესახებ. ამ ამბებმა ათქმევინა ოეს: „შემრცხვა, რომ არაფერი გავაკეთე ჩემი შვილისთვის – შვილისთვის, რომელიც ჩუმი იყო და საკუთარი ტკივილის გამოხატვა არ შეეძლო. არაფრის გაკეთება არ შეეძლო საკუთარი თავისთვის“.
ამის შემდეგ იგი ტოკიოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ ქირურგიულ ჩარევას დათანხმებოდა. შვილს ჰიკარი დაარქვა, რაც იაპონურად სინათლეს ნიშნავს. ჰიკარიმ ცხოვრება განაგრძო, მუდმივი მკურნალობითა და მეთვალყურეობით. მისი გონებრივი განვითარება შეფერხებულია და უჭირს საუბარიც, მაგრამ მან იპოვა გამოხატვის სხვა ფორმა – მუსიკა. ხოლო კენძაბურო ოემ სცადა, რომ მისთვის მიეცა „ხმა“ და შექმნა არაერთი პერსონაჟი, რომლებიც მისი შვილითაა შთაგონებული.
© არილი