„ჯეიმი გრემი თერთმეტი წლის ბიჭია, მშობლებთან ერთად უზრუნველად ცხოვრობს ჩინეთში, შანხაის მდიდრულ უბანში და პირადი მძღოლი დაატარებს კინოთეატრებში. მაგრამ 1941 წელს იაპონელები თავს ესხმიან ჩინეთს და იწყება საშინელი ომი. ქუჩის არეულობაში ხალხის ტალღა ჯეიმის გაიტაცებს და დედას დააშორებს. პატარა ბიჭი მარტოდმარტო აღმოჩნდება მრავალმილიონიან ქალაქში… შემდეგ კი ის სამ წელს ატარებს იაპონელების სამოქალაქო პირთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მეფობს შიმშილი, წყურვილი, სიკვდილი…“ – ასეთია ჯეიმს ბალარდის იმ რომანის სიუჟეტი, რომელიც “სულაკაურის გამომცემლობამ” ახლახან გამოსცა.
სერიაში „ლიტოდისეა“ ჯეიმს ბალარდის ორ რომანს იპოვით – „ცათამბჯენსა“ და „შეჯახებას“. თუმცა მზის იმპერია მათგან მკვეთრად განსხვავდება. აქ ვერ ნახავთ, როგორ იღვიძებს მრავალსართულიანი შენობის მაცხოვრებლებში პირველყოფილური ბუნება და როგორ გადაიქცევა ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიურობა დისტოპიურ კოშმარად, აქ ვერც ტელემეცნიერ ვონს შეხვდებით, რომლისთვისაც ავტოავარიებია სექსუალური სიამოვნების წყარო. ამჯერად ავტორი სხვაგვარად წარუდგება მკითხველს.
„მზის იმპერია“ სასტიკი, უკომპრომისო და ნატურალისტური მონათხრობია პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც ურთულეს გზას გადის და მაინც არ კარგავს ძალას, გადარჩეს და სხვებსაც დაეხმაროს. აქ სიკვდილი ისე ახლოსაა და იმდენად ხშირია, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის საზღვარი ბუნდოვანი ხდება. ამიტომ, ერთი მხრივ, ესაა კლასიკური სათავგადასავლო ამბავი, მეორე მხრივ კი, დაუვიწყარი და ემოციური ისტორიაა, 11 წლის ბიჭის პერსპექტივით დანახული ომის საშინელება.
როგორც თავად ავტორი ამბობდა, წიგნი მის გამოცდილებებს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩინეთში გატარებულ დროს ეფუძნება. რომანის მთელი კონტექსტი რეალურია, მაგრამ გამოგონილია ჯეიმის თავგადასავალი. ამიტომაც წიგნი ავტობიოგრაფიულად ვერ ჩაითვლება.
ჯეიმს ბალარდს გამოარჩევს უკომპრომისო, მკვეთრად გამოხატული სტილი, გამაოგნებელი ძალადობის სცენები, სარკაზმი. მას აქვს ყველაფერი ის, რაც პოსტმოდერნიზმსა და პოსტმოდერნისტ ავტორებს ახასიათებთ. ბალარდს განსაკუთრებით იზიდავდა სამეცნიერო ფანტასტიკა, როცა ჩინეთიდან ინგლისში (სადაც ის დაიბადა) დაბრუნდა, უნდოდა, რომ რევოლუციური ტექსტები დაეწერა. უნდოდა, ეცადა რაღაც ისეთი, რაც ბრიტანულ, ნატურალისტურ ლიტერატურას არასოდეს უცდია. მისი მიზანი წარმოსახვის მაქსიმალურად გამოყენებით სიმართლის თქმა იყო ადამიანების შესახებ. ასე შეიქმნა ნამდვილი „ტექნოლოგიური კოშმარები“, უკვე ხსენებული „შეჯახება“ და „ცათამბჯენი“. სექსი, ძალადობა, გაუცხოებული და სასტიკი ადამიანების ცხოვრების სურათები – სწორედ ეს გახლდათ თემები, რომლებიც მას, როგორც ავტორს, აინტერესებდა. აქედან გამომდინარე, მის შემოქმედებაში განსხვავებული ადგილი უჭირავს „მზის იმპერიას“, რომელიც გამოქვეყნებიდან მალევე იქცა მის კომერციულად ყველაზე წარმატებულ წიგნად.
„მზის იმპერია“ წარსულის ხელახალი გამოხმობაა და არა მითი უახლოესი მომავლის შესახებ. „ვაპირებდი, დამეწერა რომანი ჩინეთსა და ომზე, მაგრამ ყოველთვის გადავდებდი ხოლმე, რადგან ლიტერატურაში სხვა სასწრაფო საქმეები მქონდა. შემდეგ, ორი ან სამი წლის წინ, გავაცნობიერე, რომ თუ მალე არ დავწერდი ჩინეთზე წიგნს, მერე ვეღარასოდეს ვიზამდი ამას. ყველაფერთან ერთად, უჩინარდებოდა ჩემი მოგონებებიც. დიდი დრო გავიდა, 20 წელი ან მეტი…“ – ჰყვებოდა ბალარდი ინტერვიუში. აღნიშნავდა იმასაც, რომ დიდი დრო დასჭირდა ამ ამბების ჯერ დასავიწყებლად, შემდეგ კი – გასახსენებლად. საბოლოოდ კი “მზის იმპერია” მისთვის წარსულისგან განმათავისუფლებელ ტექსტად იქცა.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მწერალი-ფანტასტი და ფსიქოპათოლოგიური ტრილერების ავტორი აქაც შემზარავ სურათებს ხატავს: აცოცხლებს ქაოსის ქალაქს, სადაც საათის გამო, შესაძლოა, ხელი მოგაჭრან და მოგკლან მხოლოდ ფეხსაცმელების მითვისების მიზნით; ქალაქს, სადაც საჭმელი აღარაა, წყალი კი ქოლერითაა სავსე. აქ პრივილეგიები გაუჩინარებულია, ადამიანები კი სასტიკ, მოძალადე არსებებად გარდაიქმნებიან. დანგრეულმა ქალაქმა, შესაძლოა, მისი სხვა ტექსტებიდან აპოკალიფსური სურათები მოგვაგონოს, თუმცა, მათგან განსხვავებით, „მზის იმერია“, რომელიც 1984 წელს გამოიცა და ბუკერის მოკლე სიაშიც მოხვდა, ამ სიბნელეში ნათელსაც პოულობს. მთავარი გმირი სიყვარულის უნარს, ადამიანობას და საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებს, ფიქრობს მომავალზე, როცა მშობლებს შეხვდება და იმედსაც არ კარგავს.
აღსანიშნავია წიგნის ეკრანიზაციაც – 1987 წელს სტივენ სპილბერგმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ფილმში მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს.
„მზის იმპერია“ ქართულად ზაზა ჭილაძემ თარგმნა, წიგნის რედაქტორი კი ანა ჭაბაშვილია.
© არილი