მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.
ამიტომაც იწყებს არილი ახალ რუბრიკას – ავტორის ფანჯრიდან.მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.
მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.
სანამ ამ ადგილებს შევესეოდით, აქ სათბურები იყო და თავისთავად, სასოფლო-სამეურნეო მიწები. მიწა ნამდვილად ნოყიერია, რამდენჯერაც ოთახის ყვავილების გადასარგავად გამოვიყენე, ყველამ იხარა. სათბურები აქა-იქ ისევ შემორჩა, რომელიღაცა წინა ცხოვრების კუნძულებივით. ერთი ასეთი კუნძული ჩემი ფანჯრიდანაც ჩანს. ჩემი მეზობელი კუნძულია.
დანარჩენი ხედი ახლად აშენებულ სახლებსა და ლელიანს მიაქვს. სათბური რომ კუნძულია, ამის შთაბეჭდილებას, მგონი, ეს ლელიანი მიქმნის. ქარის დროს განსაკუთრებით ლამაზია, ზღვასავით ღელავს. ლელიანს თან მოჰყვება შაშვი და ბეღურა, აქა-იქ ყვავი და ერთი დიდი, მახვილკუდა ფრინველი, რომელიც ფოტოს გადასაღებად ვერასოდეს მოვიხელთე. გუგლს მაინც ვკითხავდი, ვინაა. ერთხელ ოფოფიც მოფრინდა. ოფოფის ცნობა ნამდვილად შემიძლია და იმ ბავშვური სიხარულის თუ აღფრთოვანების ამოცნობაც, ამ პაწია ფრინველმა რომ მომიტანა.
შემორჩენილი სათბურების უმეტესობისგან განსხვავებით, “ჩემი კუნძული” მიტოვებული ნამდვილად არაა. რამდენჯერაც შევხედე, შიგნით მწვანედ ღვივის რაღაც. ალბათ, მწვანილი და ბოსტნეული. ეს სიმწვანეები მხოლოდ გზიდან ჩანს, ღობის გადაღმა. თითქმის ერთი წელია აქ ვცხოვრობ და სათბურის პატრონი მხოლოდ ერთხელ შემხვდა. ამას წინათ, ისიც შემთხვევით. მე ბავშვს ვასეირნებდი, ის თავის სათბურში შედიოდა, ზურგზე სარწყავმოკიდებული. სარწყავი უკრაინის დროშის ფერებში იყო და რატომღაც მომინდა გამომეცნო – თვითონ გადაღება, თუ ასეთი იყიდა. ამ სარწყავმა მომანდომა, სრულიად უცნობისთვის, გულიანი გამარჯობა მეთქვა. მანაც გულიანად მიპასუხა.
თვითონაც რაღაცნაირი კაცი იყო, კაცი-კუნძული, საკმაოდ ხანშიშესული, მაგრამ მედეგი, თბილი და უსაფრთხო – თავისი სათბურივით.
© არილი