რეცენზია

პატრიკ ზიუსკინდი, ”სუნამო”

ანდრო ბუაჩიძე

გენიალური პარფიუმერი

პატრიკ ზიუსკინდი, სუნამო, ამბავი ერთი მკვლელისა (რომანი). მთარგმნელები ნატალია ნადირაშვილი და ეკა რაისნერი. რედაქტორები ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე. თბ. “დიოგენე”, 2006.

პატრიკ ზიუსკინდს შეეძლო დაეწერა ტრაქტატი სუნებზე და სუნამოებზე ან პირველად მასალაზე, რომლითაც ესა თუ ის სურნელი მზადდება. შესაძლებელია თავიდან მწერალს სწორედ ყნოსვითი შეგრძნებების ფენომენი აინტერესებდა და ამით დაედო კიდეც დასაბამი მის საკმაოდ ვრცელ ნაწარმოებს. ზიუსკინდი ალბათ ფიქრობდა, რომ “სუნების წარმავალი სამყარო” მძლავრად ზემოქმედებდა დროში და სივცრეში ადამიანებზე და არა მხოლოდ მათ ინდივიდუალურ ქმედითუნარიანობას განსაზღვრავდა, არამედ სოციალურ ძვრებსაც იწვევდა. მწერლის გონებაში წარმოშობილმა ამ აზრმა მერე უკვე წარმოსახვაში გადაინაცვლა და ნაწარმოების მხატვრულობაც ამან განაპირობა.

ზიუსკინდმა აბსტრაქტული დროითი პანორამა წარმოისახა და მერე დაიწყო დაკონკრეტება – მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი, “გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქა”, მარკიზ დე სადი, სენ-ჟიუსტი, ფუკე, ბონაპარტი და სხვები. აქვე დაიბადა მისი გმირი – ჟან ბატისტ გრენუი, ყველა დროის ყველაზე დიდი პარფიუმერი, რომლის სახელიც მხოლოდ იმიტომ არ შემორჩა დღევანდელობას, რომ “სუნების წარმავალ სამყაროს ეკუთვნოდა.”

თავისთავად ყნოსვით აღქმული სამყაროს წარმოდგენა ორიგინალურია და საინტერესო, მაგრამ ამ ინტერესს ამძაფრებს გრენუის გროტესკის ზღვარზე დახატული სახე. ზიუსკინდმა ყნოსვით აღქმული სამყაროს იდეა ერთ პიროვნებაში გაასაგნა. მხატვრულ-ლიტერატურული პირობითობაც დროით შემოისაზღვრა და მარკიზ დე სადის ეპოქაში შეგვიძღვა. ნაწარმოებში რეალურ-ფაქტობრივი რეალიებიც არის და პირობითიც. ეს ორი კომპონენტია გაერთიანებული გრენუის სახეშიც. ეს სახე უმთავრესია ამ რომანში. ზიუსკინდი მოგვითხრობს მთავარი გმირის თავგადასავალს, სხვადასხვა სიტუაციებში ახვედრებს მას და ცდილობს განსხვავებული რაკურსით დაგვანახოს მისი უჩვეულობა თუ უცნაურობა.

მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ყნოსვითი მომენტების გამძაფრება და გამუდმებული ხაზგასმა ერთგვარად წინასწარ გამიზნულია და რაციონალური, მაგრამ აზრს ანეიტრალებს თვითონ გრენუის სახე, რომელიც ირაციონალურია და ცოცხალი, პარადოქსული და პლასტიური, უცნაურიც და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამაჯერებლად ხელშესახებიც. მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ავტორმა ეს სახე უკიდურესად გაფაქიზებული რეცეპტორებით შეიგრძნო. ასეთი პლასტიური, კონტურებმორღვეული, რეალობის და არარეალობის მიჯნაზე მოძრავი პერსონაჟის შექმნა მხოლოდ უაღრესად დახვეწილი ინტუიციის მხატვარს შეეძლო. კლასიკურ ანალოგად სმერდიაკოვი მესახება დოსტოევსკის “კარამაზოვებიდან.” ამ დახვეწილი ინტუიციით შექმნილ პერსონაჟს თავისი ადგილი აქვს რომანის მხატვრულ-მსოფლმხედველობრივ სტრუქტურაში.

ის ავანტიურისტია, ვინაიდან ანგარებიანია. მისი გენიალური ყნოსვა და სუნამოების თუ სუნების შექმნის ხელოვნება ერთ მშვენიერ დღეს მისივე ფარული მიზნების მიღწევის საშუალებად იქცევა. ეს მიზანი ადამიანების დამორჩილება და მათზე ზემოქმედების მოხდენაა. გრენუი სუნებით მანიპულირებს, სუნი ისეთი მანიპულატორია, რომელიც ყველგან აღწევს და რომელსაც ვერაფერი ეღობება წინ.

ჟან ბატისტ გრენუი უცნაური არსებაა. მას არა აქვს საკუთარი სუნი, არა აქვს საკუთარი აურა. ის ბავშვობაშივე აითვალისწუნა აღმზრდელმა ქალმა, რადგან უსუნო არსებად მიიჩნია. ასეც იყო, მოგვიანებით გრენუიმ ხელოვნურად შექმნა თავისივე სუნი. გრენუის არ უყვარს ფიქრი. ის არ აზროვნებს, მისი “ტვინი” ყნოსვით შეგრძნებაშია მოცემული. და დროდადრო ამ ყნოსვით შეგრძნებასთან ერთად იბადება მისივე აზრები.

გრენუი ასეთი განსჯებით და მედიტაციებით არ ცხოვრობს, ეს ფრაზა იშვიათი გამონაკლისია და იმ კაცის მოულოდნელი თვითრეფლექსიის ნაყოფია, რომელიც გულუბრყვილოა და ნაგვიანევად გამოაქვს დასკვნა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის უფრო მოქმედების კაცია და გადაწყვეტილებებს თითქოს ინსტიქტურად იღებს და მიმართულებასაც ინსტინქტურად იცვლის. გრენუი სოციალური არსებაა და ამავე დროს ასოციალურიცაა. ის, ვთქვათ, ბალდინისთან (ისევე როგორც სხვებთან) ურთიერთობას ფრთხილად ამყარებს, ტკიპას სიფრთხილით ეკვრის მას, მოთმინებით წოვს სისხლს. გრენუი გენიოსია, და ამავე დროს, მუდმივი შეგირდი. ეს “ვითომ შეგირდი” მასწავლებლების გაოცებას და გაოგნებას იწვევს. რატომ არის გრენუი შეგირდი? ერთი მხრივ იმიტომ, რომ პარფიუმერისთვის საჭირო ელემენტარულ ჩვევებს სწავლობს და მეორეც იმიტომ, რომ ის მუდმივად მალავს თავის გენიალურ ყნოსვას და, აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს. დამალვა ეშმაკური ხრიკია და ამიტომაც უფრო ადამიანურია, ვიდრე ცხოველური. ეს დამალვა ბოროტმოქმედ ადამიანებს ახასიათებთ, ისინი ქრებიან საზოგადოების თვალთახედვიდან, რათა მერე ისევ გამოჩნდნენ და თავიანთი ბინძური საქმეები აღასრულონ. ასეა გრენუიც. ის ფარულად, მანიაკისათვის დამახასიათებელი ეშმაკობის მოშველიებით კლავს ულამაზეს ქალიშვილებს, რათა მათგან უმშვენიერესი სუნამოები დაამზადოს. გრენუი არ არის სექსუალური მანიაკი, იგი გრძნობს ადამიანებზე ზემოქმედების ძალას და ალბათ რამდენადმე ტკბება კიდეც, მაგრამ ღმერთკაცობას მაინც არ მოინდომებს, რადგან საკუთარ სუნს ვერ გრძნობს, ის მართლაც უსუნოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სიდიადის მიუხედავად, ადექვატური კმაყოფილების გრძნობა არ ეუფლება. გრენუიმ არ იცის, რა აზრი აქვს ადამიანების მონუსხვის მისივე გენიალურ უნარს, თუკი საკუთარი სიძლიერის შეგრძნება არ ექნება, იგი თანდათან ჰკარგავს არსებობის აზრს და ცხოვრებასაც თვითგანადგურებით ამთავრებს.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box

One Comment

  • jason

    ამ წამს მოვრჩი ამ წიგნის კითხვას და მაშინვე გუგლეში დავიწყე იმ გენიალური ავტორის ძებნა რომელმაც ეს შესანიშნავი რამ დაწერა. გაოგნებული ვარ და თან ემოციებსაც ვერ ვიკავებ, მართლაც ვთვლი რომ გრენუი იღბლიაანი გენიოსია !