ახალი ამბები

რუსი მწერლის, მიხაილ შიშკინის წერილი უცნობ უკრაინელს

The Guardian

“მათ ენა მოგვპარეს. ჩვენ გელაპარაკებით და გწერთ დიდი რუსული ლიტერატურის ენით. ახლა მთელი მსოფლიოსთვის რუსული მათი ენაა, ვინც უკრაინულ ქალაქებს ბომბავს და ბავშვებს კლავს; ომის დამნაშავეებისა და მკვლელების ენა. ისინი კაცობრიობის წინაშე ჩადიან დანაშაულს. მინდა, რომ მჯეროდეს, ყველა, ვინც დაგეგმა ან მონაწილეობა მიიღო ამ ომში, ვინც მას რაიმე ფორმით მხარი დაუჭირა, დაისჯება. მაგრამ როგორ უნდა დავსაჯოთ ადამიანები ენის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის?

როცა მამაჩემი 17 წლის იყო, ფრონტზე წავიდა ძმის გამო შურის საძიებლად. მისი ძმა გერმანელებმა მოკლეს. ომის შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მას სძულდა გერმანელები და ყველაფერი გერმანული. ვცდილობდი, ამეხსნა მისთვის: „მაგრამ, მამა, არსებობს დიდი გერმანული ლიტერატურა! გერმანული კი ლამაზი ენაა!“. ამ სიტყვებს არანაირი გავლენა არ ჰქონდა მასზე. რის თქმას შევძლებთ უკრაინელებისთვის ომის დასრულების შემდეგ, მათთვის, ვისი სახლებიც დაბომბეს და გაძარცვეს რუსებმა, ვისი ოჯახის წევრებიც დახოცეს? რომ დიდებული რუსული ლიტერატურა მშვენიერია? და რუსული ენაც ასეთი ლამაზია?

დიქტატორები და დიქტატურა ქმნის დამონებულ საზოგადოებას თუ დამონებული საზოგადოება ქმნის დიქტატორებს? უკრაინამ შეძლო ჯოჯოხეთური წრიდან თავის დაღწევა, ჩვენი საერთო, საზარელი, სისხლიანი წარსულისგან გაქცევა. ამის გამო ის რუსმა მოღალატეებმა შეიძულეს. თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინა რუსებისთვის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს, ამიტომაც არის პუტინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი თქვენი განადგურება.

რუსეთში არც დესტალინიზაცია გვქონია და არც ნიურნბერგის პროცესები საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისთვის. შედეგებს ვხედავთ – ახალი დიქტატურა. დიქტატურა კი, თავისი ბუნებით, შეუძლებელია, მტრების გარეშე არსებობდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ომიც.

თქვენ, უკრაინელები, არ დაეთანხმეთ პუტინის გეგმებს, არ დანებდით, ყვავილებით არ შეხვდით რუსულ ტანკებს. თქვენ არა მარტო თქვენს, არამედ მთელი კაცობრიობის თავისუფლებასა და ღირსებას იცავთ. შეუძლებელია, დამარცხდეთ, რადგან ომის ბედს ტანკებისა და რაკეტების რაოდენობა კი არ წყვეტს, არამედ თავისუფლების სიყვარულის ძალა. თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ, ხოლო ისინი, ვინც რუსი გენერლების კრიმინალურ ბრძანებებს ასრულებენ, მონები არიან.

ერთი წლის წინ, როცა რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებოდნენ, მთელ მსოფლიოს აინტერესებდა, რატომ არ იყო რუსეთში მასობრივი პროტესტი ომის წინააღმდეგ. მე ამას შიშით ვხსნი. სიჩუმე რუსების გადარჩენის სტრატეგიაა. ისინი, ვინც აპროტესტებდნენ, დააპატიმრეს. ასე, სიჩუმით გადარჩნენ რუსები წლების განმავლობაში. პუშკინმა რუსული ცხოვრების წესი ასახა თავის ისტორიულ დრამაში „ბორის გოდუნოვი“ და დაწერა – „ხალხი არის მდუმარე“. როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, ხალხმა „დუმილი გააგრძელა“. მაგრამ შემოდგომას დაიწყო მასობრივი მობილიზაცია და ეს უკვე ვეღარ ხსნის იმ ფაქტს, რომ ასობით ათასი რუსი მორჩილად წავიდა სასიკვდილოდ და უკრაინელების მოსაკლავად. ეს რაღაც სხვაა, უფრო ღრმა და მეტად საზარელი.

მხოლოდ ერთ ახსნას ვხედავ: დროს ჩამოვრჩით. 21-ე საუკუნეში თანამედროვე ადამიანი თვითონაა პასუხისმგებელი, გადაწყვიტოს, რა არის კარგი და რა – ცუდი. თუ ის დაინახავს, რომ მისი ქვეყანა და ხალხი საზიზღარ და სამარცხვინო ომს აწარმოებს, თავისი ხალხისა და ქვეყნის მოწინააღმდეგე გახდება. მაგრამ რუსების უმრავლესობა მენტალურად წარსულში ცხოვრობს, როცა ხალხი საკუთარ თავს ტომთან აიგივებდა. ჩვენი ტომი ყოველთვის მართალია, ხოლო დანარჩენები – ჩვენი მტრები არიან და უნდა გავანადგუროთ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი, ჩვენ არაფერს ვწყვეტთ, ჩვენი მმართველი/ხანი/მეფე გადაწყვეტს ყველაფერს ჩვენ ნაცვლად. ასე ფიქრობენ ისინი: თუ ჩვენი მტრები, ფაშისტები ნატოდან და უკრაინიდან, ჩვენს სამშობლოს დაესხმებიან თავს, ჩვენ მას დავიცავთ, როგორც ჩვენმა ბაბუებმა დაიცვეს იგი გერმანელი ფაშისტებისგან. პატრიოტიზმის მშვენიერი გრძნობა, სიყვარულის განცდა სამშობლოსადმი – დიქტატორების მიერ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მამაჩემი ფიქრობდა, რომ ჰიტლერის რეჟიმისგან იცავდა სამშობლოს, მაგრამ, ამავე დროს, ის სტალინის იმავე ფაშისტურ რეჟიმსაც იცავდა. რუსები დღეს ომში მიდიან, პუტინის პროპაგანდა კი უხსნის მათ, რომ სამშობლო უნდა დაიცვან ევროპული და ამერიკული ნაციზმისგან. რუსები ვერ აცნობიერებენ, რომ კრემლში მყოფი კრიმინალური ბანდის ძალაუფლებას იცავენ, იმ ბანდის, რომელმაც მძევლად აიყვანა მთელი ქვეყანა.

ერთადერთი გამოსავალი პუტინის რეჟიმის სამხედრო ძალით დამარცხებაა. დემოკრატიული ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინელებს ყველაფრით, რითაც შეუძლიათ და, პირველ ყოვლისა – იარაღით. ომის შემდეგ მთელი მსოფლიო უნდა დაგეხმაროთ დანგრეულის რეკონსტრუქციაში, რათა ქვეყანა თავიდან აშენდეს. ხოლო რუსეთი უნდა დარჩეს თავისი ეკონომიკისა და შეგნების ნანგრევებში. ჩემი ქვეყნის ხელახალი დაბადება მხოლოდ პუტინის რეჟიმის სრული განადგურებით იქნება შესაძლებელი. იმპერიის ამოკვეთაა საჭირო რუსებისთვის ისე, როგორც ავთვისებიანი სიმსივნის. ეს „ნულოვანი საათი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ჩემს ქვეყანას მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება, თუკი ტოტალურ მარცხს გამოივლის, როგორც ეს გერმანიაში მოხდა.

დიდება უკრაინას!

მიხაილი.

© არილი

Facebook Comments Box