2004 წელს ტოკიოში ერთმანეთს შეხვდნენ იუკო ცუშიმა და ანი ერნო. თაობის ორმა გამორჩეულმა ფემინისტმა მწერალმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის დედობაზე, აბორტზე, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე, ქალების მდგომარეობაზე საფრანგეთსა და იაპონიაში.
გთავაზობთ ფრაგმენტს მათი ინტერვიუდან:
ცენზორის მზერა
ანი ერნო: მაინტერესებს, რას ფიქრობ ამის შესახებ: სულ მცირე საფრანგეთში მაინც, ქალები ახლა ყველაფრის შესახებ წერენ, მაგრამ, ამავე დროს, მათ მუდმივად უწევთ მეინსტრიმული საზოგადოების კრიტიკული მზერის ატანა – საზოგადოების, რომელიც მეტწილად მამაკაცებისგან შედგება. ეს კი მათ აფიქრებთ, რის შესახებ აქვთ წერის უფლება, რის შესახებ – არა და როგორ უნდა წერონ სხვადასხვა საკითხზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქალებს მამაკაცების ხედვა აქვთ ინტერნალიზებული. მაგალითად, როცა ისინი წერენ რომანტიკული ურთიერთობის ან სექსის შესახებ, ისინი ითვალისწინებენ კაცების პერსპექტივას, წერენ იმის მიხედვით, კაცებისთვის როგორი გამოცდილება იქნებოდა ეს სცენა. ვფიქრობ, ქალებმა საკუთარ გამოცდილებებზე უნდა წერონ, მხოლოდ ისე, როგორც ცხოვრობენ, სუბიექტურად.
1991 წლიდან ერთ პატარა, თავშესაქცევ ეპიზოდს გიამბობ: ფრანგი ავტორისგან, მიშელ ტურნიესგან ძალიან დამამცირებელი შენიშვნები მივიღე. ის მეკითხებოდა, შემეძლო თუ არა, შემეწყვიტა წერა ჰიგიენური საფენების, იატაკის წმენდისა და მსგავსი რაღაცების შესახებ.
იუკო ცუშიმა: სიტუაცია იაპონიაშიც მსგავსია. ამჟამად არ არსებობენ ლიტერატურის კრიტიკოსი ქალები, რომლებიც სრული გრაფიკით მუშაობენ ამ სფეროში. ხოლო თუ არიან, ისინი ნამდვილად იძულებულნი იქნებიან, რომ საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინონ. ასე რომ, ძირითადად, კრიტიკოსები კაცები არიან.
ანი ერნო: იცი, ერთხელ აბორტი გავიკეთე. მაშინ საფრანგეთში ჯერ კიდევ არალეგალური იყო. ახალგაზრდა ვიყავი. ამის შესახებ დავწერე წიგნი „ხდება“, რომლის იაპონური თარგმანი, მჯერა, რომ მალე გამოიცემა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, კონტრაცეპტივებისა და აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით უამრავ პროტესტსა და მოძრაობაში ვიყავი ჩართული, მაგრამ ოცდაათი წელი დამჭირდა, რომ იმაზე დამეწერა, რაც გამოვცადე – ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს რთული გამოცდილება იყო. მაგრამ, ამავე დროს, იმიტომაც, რომ ამ გამოცდილებამ სიკვდილთან პირისპირ შეხვედრა მაიძულა. საკუთარი თავის აღქმა ჩამომიყალიბა. რადგან ამ ყველაფერზე ჩემს ფიქრებს იდეალურად გამოხატავს, შენი წიგნიდან (O Dreams, O Light!) გამოვიყენე ფრაზა ჩემი რომანის ეპიგრაფად – „საინტერესოა, მეხსიერება არის თუ არა, მთლიანობაში, განპირობებული მხოლოდ შემდეგი გარემოებებით“.
რა არის „სიმართლე“ ლიტერატურაში
ანი ერნო: ვფიქრობ, ეს შეკითხვა ნამდვილად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ზოგიერთმა, შეიძლება, გულუბრყვილობად მიიჩნიოს, მაგრამ მე ყოველთვის სიმართლის აღმოსაჩენად ვწერდი. მგონია, რომ ლიტერატურის ღირებულება სიმართლისკენ სწრაფვაა და მჯერა, ეს არის ის, რაც დროის საზღვრებს სცდება.
როგორც ვთქვი, მგონია, რომ სიმართლე ისეთი რამაა, რასთანაც ვერასოდეს მიაღწევ. ის მუდმივად გაგირბის. ამიტომ მთავარი ის კი არაა, მისი დაჭერა და ფიქსირებულად გადმოცემა შეძლო, არამედ მთავარია იმ სიტყვების ძებნა, რომლებიც მაქსიმალურად მიუახლოვდებიან „არსებობის“ ნამდვილ ფორმას. მნიშვნელოვანი სიმართლესთან მიახლოების პროცესია, რადგან თუ იტყვი, რომ „ეს“ არის სიმართლე, უკვე შეცდომა იქნება. აქედან გამომდინარე, ვიღაცები, ალბათ, დაასკვნიან, რომ სიმართლე არ არსებობს ან მის დევნას აზრი არ აქვს, მაგრამ ისინი შეცდებიან.
იუკო ცუშიმა: გავიხსენებ მაგალითს ბოლო პერიოდიდან – კონკრეტულს, რადგან მჯერა, უფრო იოლი გასაგები იქნება. ცოტა ხნის წინ ჩემს სახლში მძარცველი შემოიჭრა. შუშის კარი გატეხა, მაგრამ როცა დამინახა, რომ შინ ვიყავი, გაიქცა. საბედნიეროდ, მხოლოდ კარი დაზიანდა. ხომ მეთანხმები, რომ ეს ტრივიალური, პერსონალური მოვლენაა?
იმავე დღეს გავიგე, რომ იაპონელმა მწერალმა ქალმა, ჩემზე ახალგაზრდამ, თავი მოიკლა. გამაოგნებელი იყო, რადგან ორივენი ერთ სფეროში ვმუშაობდით. ბოლოს კი – და ეს ისევ იმავე დღეს მოხდა – იაპონელი მოხალისეები, რომლებიც ერაყში მძევლებად აიყვანეს, გაათავისუფლეს. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ მძევლები დამნაშავეები იყვნენ, რადგან უგუნურად მოიქცნენ და იაპონიის მთავრობას ისინი არ უნდა გადაერჩინა.
და მერე დავფიქრდი, რით აიხსნება, რომ ეს სამი მოვლენა ერთსა და იმავე დღეს მოხდა? გავიფიქრე, რომ ეს, ალბათ, ახალი საქმის დაწყების ნიშანი იყო. ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს მარტივი შეკითხვით დაუკავშირდა: როგორ უნდა იცხოვროს მწერალმა ქალმა აქ და ახლა? როგორ და სად მიპოვის ეს პასუხი, წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ ის, რომ ეს სამი რამ ნამდვილად ერთდროულად მოხდა და ფაქტი, რომ არ შემიძლია ამ თანადროულობის მიღმა მნიშვნელობა არ ვეძებო, ვფიქრობ, ღრმადაა დაკავშირებული ლიტერატურის შექმნის პროცესთან.
ანი ერნო: სრულიად გასაგებია. მომხდარს არ უნდა ჰქონდეს წინასწარგანსაზღვრული მნიშვნელობა. მგონია, რომ ჩვენი საქმეა მათი მნიშვნელობების პოვნა წერის პროცესში.
იუკო ცუშიმა: სახლში მძარცველის შემოჭრას ან ასობით ადამიანის სიკვდილს ერაყში ყოველთვის თან ახლავს ფიქრი იმაზე, რა ვჭამო სადილისას. ადამიანს არ შეუძლია, მარტივად დისტანცირდეს ჭამისა და ძილის ყოველდღიური რიტმისგან.
ანი ერნო: საჭმლის მომზადება, საყიდლებზე სიარული – ეს ყველაფერი იზოლირებულ რეალობაში არ ხდება, არც მსოფლიოს დიდი მოვლენებისა და საქმეებისგან განსხვავებულ განზომილებაში.
ზოგადად რომ ვთქვათ, ალბათ, ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან ასეთი რამეების მიმართ. კაცებს ახასიათებთ საჯაროსა და პირადის განცალკევება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცალკევება, რეალურად, შესაძლებელი არაა.
© არილი