ინტერვიუ

კოლსონ უაითჰედი – ჩემი ცხოვრების წიგნები

კითხვის პირველი მოგონება

დავაფასოთ ადრეული 70-იანი წლები, როცა რეპრეზენტაციის დანაკლისი იყო და ეზრა ჯეკ კიტსის თოვლიანი დღე და მისი გაგრძელება, სათვალეები. მაშინ საბავშვო წიგნებში ცოტანი იყვნენ შავკანიანი ბიჭები, განსაკუთრებით ნიუ-იორკის ზედა ნაწილში.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

პოპ-კულტურის ენციკლოპედიები მიყვარდა, თავისი შესავლებითა და პატარა ესეებით ფილმებსა და სერიალებზე, რომლებიც შეიძლება ერთ დღეს იქნებ ტელევიზორის ეკრანზეც ამომხტარიყო. მარკ სკოტ ზიკრის „ბინდის ზონის კომპანიონი“ იყო ერთი, ასევე მაიკლ ველდონის „ფილმის ფსიქოტრონიკული ენციკლოპედია“ – ეს უკანასკნელი გვთავაზობდა ისეთი ფილმების მტანჯველ შეჯამებებს, როგორებიცაა „სატანის სადისტები“ და „ხორცის მჭამელები“.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა დიდი პინჩონის ზაფხული გამოვიარე და გრავიტაციის ცისარტყელაში ჩავყვინთე. სისტემები, მეამბოხე ძალები, ალტერნატიული ისტორიები, ცოტა იმედი – ამაღელვებელია იმ ყველაფრის აღმოჩენა, რითაც სავსეა მისი სამყარო გვერდიდან გვერდამდე.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა

მეშვიდე კლასში, ინგლისურის გაკვეთილზე წავიკითხეთ რალფ ელისონის „უხილავი კაცის“ პირველი თავი და გავიფიქრე: აქ არის შავკანიანი ტიპი, რომელიც წერს. შეიძლება, ჩემნაირი შავკანიანი ტიპისთვისაც იყოს ადგილი სადმე. 12 წლის ვიყავი.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

ასევე მეშვიდე კლასში, სტივენ კინგის „კერი“ წავიკითხე და ვფიქრობდი, რომ მისი რომანები ძალიან კარგი იყო (მანამ ადამიანი-ობობას ავტორობა მინდოდა). მომწონდა ქრონოლოგიური ნახტომები, ახალი ამბების ჩანართები, ინტერვიუები და სამეცნიერო ტექსტები. რომანი უნდა იყოს უცნაური, ჭკვიანური ფორმის და ძალადობით სავსე.

ავტორი, რომელსაც დავუბრუნდი

ურსულა ლე გუინის ზღვამიწეთის ციკლის რომანებით ვისიამოვნე, მაგრამ 11 წლის ასაკში ვერაფერი გავუგე მის წიგნს „The Lathe of Heaven“. ნიკელის ბიჭებისთვის მოთხრობების ძებნისას დავუბრუნდი და, როგორც იქნა, შევძელი, გამეგო მისი არასრულყოფილი უტოპიები. გარდა ამისა, ამჟამად ძალიან კარგი რამე მგონია მისი ნაწერები დაოს შესახებ.

წიგნი, რომელსაც დავუბრუნდი

ასეთი რამ იშვიათად ხდება. თუმცა ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ იმდენად მდიდარია, რომ არ შემიძლია წინააღმდეგობის გაწევა. რამდენიმე თავს ვკითხულობ წელიწადში – რომ გავიხანგრძლივო კითხვის პროცესი.

წიგნი, რომელსაც ხელახლა აღარასოდეს წავიკითხავ

მოსწავლეობისას მომწონდა ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“. შეეფერება ჩემს ახლანდელ გემოვნებას? ალბათ, არა. ცნობისმოყვარე ვარ… მაგრამ არც ამდენად. წიგნის გადაკითხვა მხოლოდ იმის გასაგებად, ისევ მოგეწონება თუ არა, სულელური მგონია და არც საკმარისად მაინტერესებს, რომ ხელახლა წავიკითხო. მგონი, ვერასოდეს გავიგებ.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ამჟამად სამსახურისთვის ვკითხულობ ბევრ რამეს: კრიმინალების მოგონებები, ნიუ-იორკის ისტორიები. ტრეისი ქეი სმითის Wade in the Water კარგი ანტიდოტია: ბევრისმომცველი, თანამგრძნობი ტექსტი, სადაც ძალიან ცოტაა ძალადობა, ბევრი სხვა წიგნისგან განსხვავებით.

ჩემი კომფორტული საკითხავი

მაქს ბრუკსის „მსოფლიო ომი Z“. აპოკალიფსისას დიდხანს ვერ გავძლებდი, ამიტომ სასიამოვნოა უფრო უნარიანი ადამიანების შესახებ კითხვა.

© არილი

Facebook Comments Box