პოეზია

დიანა ანფიმიადი – ახალი ლექსები

სიმართლე

ერთხელ ვიღაცამ ლექსი თქვა

და გაქრა მთელი საიდუმლო.

ფოთლები ჩაქრა,

ხურმის ფარნები ჩაიწვა,

გაიფანტა ქინქლების ნაპერწკლები.

დამთავრდა ჯადოქრობა,

ყველაფერი გამარტივდა,

აწი მაგიას ვინ დაუჯერებს,

ლექსმა გამოთქვა შემოდგომის

სწორი ვერსია,

შესაქმისეული კი არა,

ნამდვილი, ნამდვილზე ნამდვილი –

გრამატიკული და სტილისტური შეცდომების გარეშე.

ღმერთს სხვა არაფერი დარჩა,

მოაგროვა ყვითელი და წითელი ფოთლების

ყველაზე ბანალური თაიგული.

ყველაფერი ერთ წამში ამოხსნილი იყო.

როცა ვიღაცამ ლექსი თქვა:

„ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს“…

დაბადების მოწმობა

შეიძლება ჩემი შეყვარებულის ნეკნიდან ვიშვი,

ისეთი მოფერება იცის, არაფერია გამორიცხული.

იქნებ გავჩნდი მამაჩემის თავის ტკივილიდან,

ზუსტად ვერაფერს ვიტყვი,

ღმერთი რომ მოკვდა, ბავშვი ვიყავი.

ზღვის ქაფიდან? აბა, რა ვიცი,

შავ ზღვას, რომლის ნაპირთანაც დგას ჩემი სახლი,

შავი ქაფი და უამრავი ცრემლი მოჰყვება

და დელფინებიც მოცურავენ დროგამოშვებით.

აბა, რა ვიცი, როგორ გავჩნდი,

რომელი ვაშლი გაიყვეს დედაჩემმა და მამაჩემმა,

რომელი ცომის ტიკინა გამოაცხვეს,

რომელი ყვავილის ბუტკოდან ამოვედი,

რომელ ხის ნაფოტს ჩაბერეს სუნთქვა

რომელი სიტყვა ითქვა და რომელ მარცვალს მოვყევი,

არაფერი ვიცი დაზუსტებით,

და ალბათ ამიტომაც ვწერ ლექსებს

და რამე ზუსტად რომ მცოდნოდა,

აღარ დავწერდი.

ყოველ შემთხვევაში,

მე ასე ვფიქრობ.

ეჭვიანობა

მაინც ვინ ჩამყურებს, როცა მძინავს,

თითქოს მოჭედილი სარკე ვიყო,

ჩამყურებს და ირგებს ჩემს საყურეებს,

იპრანჭება, იღიმის,

ჩამყურებს, მკითხულობს,

სიზმრები მანამ მიაქვს, სანამ დავწერდე,

თავისას ეძებს ჩემს ნაკვთებში,

შეშუპებულ ქუთუთოებში,

ახლართულ თმაში,

მოსწონს ჩემი საღამურის ატლასი.

ვინაა ასეთი ნაცნობი თუ უხილავი,

რომ ჩემი ძაღლიც კი არ უყეფს,

საბნის ქვეშ, ჩემს ფეხებთან მოკრული,

თავის ძაღლურ ძილში ჩანთქმული,

ვინც ჩამყურებს დახუჭულ თვალებში,

ეჭვიანად, თითქოს სიზმრების გამოცნობას ცდილობს,

სიზმრების ხმამაღლა წაკითხვას,

შენი სახელის პოვნას, შენი სუნის აღმოჩენას.

მაინც ვინ არის,

ვინც ჩემამდე გაგაჩინა,

მაგრამ ვერ გაგზარდა,

ვისაც ჩემამდე ეძმე,

მაგრამ დაეკარგე,

ვინც ჩემამდე შეგიყვარა,

მაგრამ ვერ შეგიტკბო.

ვისაც ჩემამდე მოუკვდი,

მაგრამ ვერ დაგიტირა.

ვინც პურისათვის თოვლს გიცრიდა,

ზეწარს და დამდნარ თოვლს გიცვლიდა,

ვინც მანამ გიცნო, სანამ გნახავდა,

ვისაც შენს ძილთან შემოაღამდა,

ვინც შენი დახსნა სცადა ძილიდან,

და სანამ ძილს არ მოიხდიდი,

მანამ გივლიდა,

გასწავლა ყველა ქადაგება, ყველა იგავი,

ვინც ჩემს შეხედვას გამოასწრო ჩემი გულიდან

და ბევრად უფრო ადრე გნახა,

ვიდრე იყავი.

შეხვედრა

მოვდივარ შენთან

ჩემზე უფრო ლამაზი

ჩემზე უფრო კარგი

ჩემზე უფრო მაღალი

ჩემზე უფრო მსუბუქი

ჩემზე უფრო ჭკვიანი

ჩემზე უფრო მაშრიყ-მაღრიბის დედოფალი

ჩემზე უფრო ბედნიერი სამშობლოს შვილი.

მოვდივარ შენთან

ჩემზე უფრო კარგი ლექსებით

ჩემზე უფრო ტკბილი კოცნით

მოვაჩხრიალებ ქვაში ჩაკირული ვარდის სამაჯურებს

და ვარდის ფურცლების კაბებს მოვაფრიალებ.

მოვდივარ შენთან

ყოველთვის უფრო ადრე, ვიდრე სინამდვილეში,

და წასვლის მერე დიდხანს, დიდხანს ვრჩები,

უფრო დიდხანს, ვიდრე მოვდივარ.

სამშობლო

შენი ხმა მიყვარს

და შენი ხმის ორივე ნაპირი,

ხავსი, ლელიანი, ლელქაში,

ნაპირზე წუწაობენ ბავშვები,

წყალში გაიბრწყინა გველთევზამ,

ნესტმა ჩაიბუდა უთხოვარის მერქანში,

შენი ხმა მიყვარს, ხან ყელზე დოლაბი,

რომელიც შენს თვალებში მძირავს,

ხან კიდევ მსუბუქი სიზმარი,

რომელიც შენს თვალებში მძინავს –

მდინარეს დაყოლილი დუმფარის ფოთოლი –

საკურთხეველი ბაყაყების წირვისთვის.

შენი ხმა მიყვარს,

ამ ხმაში კოლხეთის დაბლობი,

რომელიც ზოგჯერ შრება

და ისევ ივსება ხმებით,

შენი ხმა მიყვარს

ფსკერზე ქალაქები, სოფლები,

საღამოები, განაპირა შეხვედრები,

წყნარ ამინდებში

სამრეკლოების ცასთან შეხებები.

შენი ხმა მიყვარს,

რომელიც გზასავით ვერ დავკეცე,

ბოლო სურვილივით არასდროს დაილია,

გისმენ მატარებლით მგზავრობასავით,

გაჩერებები, სადგურები, მინდვრები,

ადამიანები, ქუჩის ძაღლები,

ფანჯრიდან ჩემი და შენი ქვეყნის

ფანტასმაგორიული გალერეა.

რედაქტირება

წარმოვიდგინე, რომ მშობიარობას გადავყევი,

რას არ წარმოიდგენს ქალი

თუ მოწყენისთვის მოიცლის,

მოკლედ, მშობიარობისას მოვკვდი,

ცოცხალს გამიჭრეს

და მკვდარს გამიკერეს მუცელი.

სადღაც იზრდება ჩემი ბავშვი,

არც წერა-კითხვა ასწავლეს,

არც ცხვირის ცხვირსახოცით მოხოცვა,

პირდაპირ, მაჯაზე იხოცავს

როცა სრუტუნებს ან შიმშილისგან ტირის,

სახელოებზე ლოკოკინას ნაკვალევია,

ნაკვალევია თვალებთანაც

აშაშრული, ჭუჭყიანი.

ფრჩხილები ისეთი შავი აქვს,

თითქოს დედის საფლავი თხარა.

წარმოვიდგინე, რომ მშობიარობისას მოვკვდი,

ექიმები დაფეთდნენ,

ზოგი გულის ამუშავებას ცდილობს,

ზოგი ინიშნავს, გული როდის გავაჩერე

ვიღაც კი ყვირის:

– დაარედაქტირე ტექსტი,

დაარედააქტირე!

© არილი

Facebook Comments Box